PSP-ში შავი პარასკევის კვირეული დღეს, 16 ნოემბერს დაიწყო. რითაა გამორჩეული წლევანდელი მადლიერების კვირეული და რომელ ბრენდებზე გავრცელდება ფასდაკლება? – ამ საკითხზე პსპ-ეს მარკეტინგის მენეჯერს, სალომე პატარაიას ვესაუბრეთ.
სალომე, როდის იწყება და როდემდე გაგრძელდება მადლიერების კვირეული?
პსპ-ში შავი პარასკევის კვირეული დღეს დავიწყეთ და 26 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რა სიახლეებია წინა წლებში გამართულ კვირეულთან შედარებით?
წელს 50%-იანი ფასდაკლება გვექნება 70-მდე ბრენდის ყველა პროდუქტზე. 30 და 40-პროცენტიანი ფასდაკლება გვექნება შერჩეულ ბრენდებზე.
50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება მომხმარებლის საყვარელ ბრენდებზე, როგორც კანის მოვლის, ისე თმის, სხეულის, საკვებ დანამატებზე და დეკორატიულ კოსმეტიკაზე.
ამ აქციის ფარგლებში წელს მომხმარებლებს პირველად ვთავაზობთ 30-ლარიან ქეშბექს 150 და მეტი ლარის შენაძენზე. ამ ქეშბექს ჩვენს ქსელში პირველიდან თხუთმეტ დეკემბრამდე გამოიყენებთ.
ბათუმში რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
შავი პარასკევის ფასდაკლებების ფარგლებში ბათუმში, ასევე ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და თბილისში შერჩეულ ფილიალებში 100+ლარიან შენაძენზე მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს მსუბუქ, ყოველდღიურ მაკიაჟს. ამისათვის გორგილაძის ქუჩა #73 – ში უნდა მოხვიდეთ, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.
ასევე, ფასდაკლებული ბრენდების 100+ ლარიან შენაძენზე, საჩუქრად გვაქვს PSP-ს ჩანთა – სამგზავრო ზომის პროდუქტებით.
პსპ გამორჩეულია პრემიუმ კლასის პროდუქტებით. თუმცა ბიუჯეტური ბრენდების ხარისხიანი პროდუქტებიც გაქვთ. ვრცელდება თუ არა მათზე ფასდაკლება?
ჩვენს ქსელში წარმოდგენილია სხვადასხვა ბიუჯეტის შესაბამისი ბრენდები და პროდუქტები. მომხმარებლები ადვილად აარჩევენ სასურველ პროდუქტს. ამაში მათ ჩვენი პროფესიონალი ფარმაცევტებიც დაეხმარებიან.
PSP-ში შავი პარასკევის კვირეული დაიწყო
განაახლე თავის მოვლის რუტინა და იშოპინგე ნახევარ ფასად. 16-დან 26 ნოემბრის ჩათვლით ისარგებლე 50%-იანი ფასდაკლებით და დამატებით 150-ლარიან და მეტ შენაძენზე მიიღე 30-ლარიანი ქეშბექი, რომლის გამოყენებასაც შეძლებ პირველიდან 15 დეკემბრამდე.
შავი პარასკევის ფასდაკლებების ფარგლებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შერჩეულ ფილიალებში 100+ ლარიან შენაძენზე საჩუქრად ყოველდღიური მაკიაჟი. ასევე, ფასდაკლებული ბრენდების 100+ ლარიან შენაძენზე საჩუქრად PSP-ს ჩანთა – სამგზავრო ზომის პროდუქტებით.
50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება მომხმარებლის საყვარელ ბრენდებზე: როგორც კანის მოვლის, ისე თმის, სხეულის, პირის ღრუს მოვლის საშუალებებსა და დეკორატიულ კოსმეტიკაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 315 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
ტანკი – 5 388 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 10 121 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 7 683 ერთეული [+36]
MLRS – 892 ერთეული [+8]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 585 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 689 ერთეული [+14]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 563 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 10 060 ერთეული [+40]
სპეცტექნიკა – 1 084 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
536 თვითმფრინავი
254 ვერტმფრენი
8 960 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
13 426 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 184 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 121 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
15 312 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა.
ის შეეხო საჯარო სკოლებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების საკითხსაც.
მინისტრის თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ, განათლების მინისტრმა მასწავლებლებს წარუდგინა ხელფასის გაანგარიშების ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებული იქნება საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.
„2024-2025 სასწავლო წელს, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, გაიზრდება 500 ლარით და 1 900 ლარს გადააჭარბებს.
ეს არის ერთ წელიწადში ხელფასის დაახლოებით 35%-იანი ზრდა, რის შემდეგაც მასწავლებლის ანაზღაურება გარკვეულწილად გაუთანაბრდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს.
გარდა მასწავლებლების ხელფასისა, 2024 წელს გაიზრდება სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურების ხელფასებიც“, – ამბობს ფინანსთა მინისტრი.
არც განათლების მინისტრს, არც პრემიერს და არც ფინანსთა მინისტრს, არ დაუკონკრეტებიათ, რას ემატება ეს 500 ლარი, სტატუსს თუ საბაზისო ხელფასს.
ზემოთ ხსენებულ პირებს არც იმაზე უსაუბრიათ, გაეზრდებათ თუ არა იმ პედაგოგებსაც ხელფასები, ვინც სრულ განაკვეთზე არ არის დასაქმებული?
მმართველი პარტია, თუ წინა გამოცდილებას დავაკვირდებით, ყველა წინასაარჩევნო წელს აანონსებდა მასწავლებლების ხელფასების მატებას და ყოველთვის მსგავს კითხვის ნიშნებს ტოვებდა.
ხელისუფლება, ჯერ კიდევ მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის დროს ირწმუნებოდა, რომ პედაგოგის საშუალო ხელფასს 2022 წლისთვის 1500 ლარისთვის უნდა მიეღწია.
2023 წელს კი ხელისუფლება პედაგოგებს საშუალო ხელფასის 1900 ლარამდე გაზრდას ჰპირდება და ისიც მხოლოდ ნაწილს – პედაგოგების განცხადებით, საქართველოს საჯარო სკოლებში სრულ განაკვეთზე მასწავლებლების ნაწილია დასაქმებული, ნაწილი კი 7-8 და უფრო ნაკლებ საათზე მუშაობს.
ჯერ კიდევ 2020 წელს, როცა სამინისტრომ სტატუსზე დანამატი გაზარდა, პედაგოგების საკმაოდ დიდი ჯგუფი, გაზრდილ ხელფასს მაინც ვერ იღებდა, რადგან სამინისტროს დათქმა იყო, რომ გაზრდილ ხელფასს მხოლოდ ის პედაგოგები მიიღებდნენ, ვისაც სულ ცოტა 15 საათი მაინც ჰქონდა.
პედაგოგები მაშინაც სწერდნენ სამინისტროს, რომ ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული იყო და მათი შრომითი უფლებები ირღვეოდა.
ქობულეთის მერია ახალ ორგანიზაციას, შპს „ქობულეთის სტადიონს“ აფუძნებს. გადაწყვეტილების თაობაზე მერმა საკრებულოს მიმართა და შესაბამისი პროცედურის დასაწყებად თანხმობა მოითხოვა. საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ საკითხი უკვე განიხილა და სხდომაზე გასატანად მოამზადა.
ახალი ორგანიზაციის დაფინანსებას მომავალი წლის ქობულეთის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.
მერის მოადგილის, დავით ვერულიძის ინფორმაციით, ჯერ არ არის დაზუსტებული, რამდენი ვაკანსია იქნება ახალ ორგანიზაციაში და როგორ შეარჩევენ როგორც ხელმძღვანელ პირებს, ასევე ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს – კონკურსით, თუ უკონკურსოდ.
„როდესაც ორგანიზაციას აფუძნებს აღმასრულებელი ორგანო, თანხმობა უნდა მიიღოს წარმომადგენლობითი ორგანოდან. როგორც კი მივიღებთ თანხმობას, მაშინვე დავიწყებთ ამ დეტალებზე აქტიურ მუშაობას. თუმცა, ბუნებრივია, რაღაც მონახაზი გვაქვს… თეორიულად ხომ არის იმის შანსი, რომ საკრებულომ მხარი არ დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას. ბიუჯეტსა და საშტატო ერთეულების რაოდენობაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ.“
როცა მერის მოადგილე ამბობს, რომ არსებობს თეორიული შანსი, საკრებულომ უარი თქვას, ეს მართლაც თეორიული შანსია, რადგან პრაქტიკას თუ გადავხედავთ, საკრებულოს მერიის წინადადებაზე უარი მაშინაც კი არ უთქვამს, როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მოსახლეობა საკრებულოს სხდომაზევე აპროტესტებდა.
არათუ უარი არ უთქვამს, მისი განხილვა არც კი გადაუდია, მიუხედავად იმისა, რომ საკითხის განსახილველად მეტი დროის გამოყოფას მოსახლეობასთან ერთად საკრებულოს ოპოზიციაც ითხოვდა.
მერის მოადგილის ვარაუდით, 10 დეკემბრისთვის, როცა მერიამ საკრებულოს დაზუსტებული ბიუჯეტი უნდა წარუდგინოს, გადაწყვეტილი იქნება როგორც ორგანიზაციის დაფუძნების, ასევე მისი დარეგისტრირების ბიუროკრატიული საკითხები.
დავით ვერულიძემ ვერ დაგვიზუსტა, იმ მონახაზის მიხედვით, რომელიც მერიას უკვე აქვს, როგორც თავად ამბობს, ორგანიზაციის დაფუძნება კონკურსის წესით იგეგმება თუ არა:
„კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ვაზუსტებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, შერჩევისას კვალიფიკაციას დიდი ყურადღება მიექცევა, რადგან სტადიონს, რომელიც ამ ორგანიზაციამ უნდა მართოს, სპეციფიკური მოვლა სჭირდება“.
„რატომ იღებ, მერიიდან ხარ?“ – მეკითხება კაცი, რომელმაც გორგასლის ქუჩაზე, მესამე სკოლასთან ახლოს, ავტომანქანა ზებრა-გადასასვლელზე გააჩერა. როცა გაიგო, რომ მერიიდან არ ვიყავი და ფოტოები რეპორტაჟის მოსამზადებლად მინდოდა, თავად დაიწყო კითხვების დასმა.
„ადგილი რომ არ არის, მაგაზე წერ?… ამდენი სახლი რომ აშენდა და ეზო არ აქვს, ყველა ქუჩაში რომ აჩერებს მანქანას, მაგაზე წერ? – წამოდი, აბა, მაპოვნინე ადგილი და გავაჩერებ, სურათს რომ იღებ, მასე არ შეიძლება.“
თითქმის ყველა ავტომანქანის მფლობელი, რომელიც ხედავს, რომ წესების დარღვევით გაჩერებულ მის ავტომანქანას ფოტოს უღებენ, მიიჩნევს, რომ „ასე არ შეიძლება“ და თავს პარკინგისთვის გამოყოფილი ადგილების ნაკლებობით იმართლებს.
ბათუმის ქუჩებში, არამხოლოდ ცენტრალურ ნაწილში, ავტომანქანები გზის ორივე მხარეს ორ რიგად არის ჩამწკრივებული – ქუჩის კიდესთან, სადაც პარკინგის ადგილებია და ტროტუარზე.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, თითქმის მთელ პერიმეტრზე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ტროტუარები ავტომანქანებს აქვთ ათვისებული.
ავტომანქანებს ხშირად ქუჩის ერთი ან ორივე მხრიდან ჩახერგილი აქვთ ზებრა-გადასასვლელებიც, რაც განსაკუთრებით პრობლემურია მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ან ეტლით გადაადგილების დროს. მძღოლების თქმით, პრობლემური და საფრთხის შემცველია ისიც, როცა ზებრა-გადასასვლელის ნაწილი დიდ ჯიპს აქვს დაკავებული და ადამიანი ამ ავტომანქანის შემოვლით იწყებს გადასვლას:
„ამ დროს არ ჩანს ის, მით უმეტეს, თუ არ არის მაღალი და საშუალო ტანის ადამიანი ან ბავშვია. მოდიხარ და უცებ ჩნდება, ამიტომ ზებრაზე სულ უნდა შეანელონ, მაგრამ ყველა ასე არ იქცევა.“
ლერმონტოვის და გორგასლის კვეთა
მოქალაქეები აპროტესტებენ იმასაც, რომ მერია ისე ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომ ქმნის მჭიდრო განაშენიანებას. შესაბამისად, ქალაქში პარკინგის ადგილებს თანდათან ამცირებს. მით უფრო, რომ სახელმწიფო უწყებებს ავტომანქანების გასაჩერებლად თავიანთი სამსახურების წინ ადგილი სხვებისთვის შეზღუდული აქვთ.
გარემოს დაცვის სააგენტოს წინ ადგილი დაკავებულია თანამშრომლობისთვის, ასეა სხვა უწყებებთანაც.ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა
ნებისმიერ ქუჩაზე შეხვდებით თვითნებურად დაკავებულ პარკინგის ადგილებსაც. როცა კონკრეტული ადგილიდან დილით მფლობელს ავტომანქანა გაჰყავს, იქ რაიმე ნივთს ან ამკრძალავ ნიშანს ტოვებს იმის სადემონსტრაციოდ, რომ აქ ავტომანქანა არავინ უნდა გააჩეროს. ასეთ ადგილებს მთელი დღის განმავლობაში ვერავინ იყენებს.
„ადგილი არ არის და რა ვქნათ“– ამ არგუმენტით ბათუმში უკვე მერიის თანამშრომლებიც ამართლებენ პარკინგის წესების დარღვევას. ისინიც აჩერებენ ავტომანქანებს ტროტუარებზე, ველობილიკებზე, ავტობუსის გაჩერების ადგილებზე.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ავტომანქანა ტროტუარზე
რეპორტაჟის მომზადებისას ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს ორ ქუჩაზე შევხვდით. ისინი ახალი აპარატებით აფიქსირებდნენ დარღვევებს. ოფიციალური კომენტარი მათთან ვერ ჩავწერეთ, რადგან „ამისთვის უფროსთან შეთანხმებაა საჭირო“. პირად საუბარში კი გვითხრეს, რომ დაჯარიმებისას მოქალაქეების ნაწილი აგრესიას გამოხატავს, რაც მათ სამუშაოს ართულებს.
ახალი აპარატებით, რომლებიც ინსპექციამ ბოლო პერიოდში შეიძინა, ადგილზე შესაძლებელია დარღვევის ფოტოფიქსაცია და ჯარიმის გამოწერა.
ერთი მხრივ, მერია აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, მეორე მხრივ კი, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს.
ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობისთვის კომპანიები საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს თითქმის სრულად ითვისებენ, პარკინგისთვის ადგილი ძირითადად ე.წ. ნულ სართულზე [მიწისქვეშა სართული] აქვთ გათვალისწინებული, ეზოს სივრცეში კი ძირითადად მცირე, მაქსიმუმ ოცამდე ავტომანქანის ადგილს ტოვებენ.
ეზოს სივრცეში დატოვებული ადგილები უფასო პარკინგია, მიწისქვეშა სართულზე პარკინგისთვის გათვალისწინებულ სივრცეში კი ერთი ავტომანქანის ადგილის ღირებულება 10-12 ათასი დოლარია.
ამ კომპლექსების მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქში პარკინგის ადგილების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება. თუმცა ეს არ არის და არც მომავალში იქნება მშენებლის პრობლემა, რომელიც მერიისგან განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს [კ2] ითხოვს და იღებს კიდეც.
კოეფიციენტი განაშენიანების ფართობის მიხედვით გამოითვლება, თუმცა მარტივად რომ ავხსნათ, ეს კონკრეტულ ზონაში დადგენილი პარამეტრების გადამეტებას, შედეგად კი მაქსიმალურად მაღალი შენობის მშენებლობას გულისხმობს – ასე მშენებელი იღებს მეტ გასაყიდ ფართობს და მეტ მოგებას.
„დავავალდებულოთ, რომ პარკინგის ადგილი არ გაყიდოს, ასეთი პირობით მივცეთ თანხმობა კოეფიციენტის გაზრდაზე“, – ეს იდეა საკრებულოს გასულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გააჟღერა. ეს იდეა იდეად დარჩა, რადგან გადაწყვეტილებას საკრებულოში „ოცნების“ უმრავლესობა იღებს.
რიკოთზე, იმ ადგილის გასამაგრებლად, რის გამოც ჯერ გზა ჩაკეტეს, შემდეგ კი მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იყო დაწესებული, 64 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებების“ ჩატარებაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63 908 792 ლარია.
სატენდერო განაცხადს თან ახლავს 2023 წელს მომზადებული საინჟინრო საპროექტო ანგარიში და ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები.
პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს.
ამასთან, ის ვალდებულია „სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით.“
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 13 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.
რიკოთზე მოძრაობა 2023 წლის 30 მარტს აიკრძალა. მიზეზად გზების დეპარტამენტმა „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, არსებულ საავტომობილო გზასთან სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროება“ დაასახელა. მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე გადაერთო.
გზის ჩაკეტვიდან დაახლოებით 2 კვირაში გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რიკოთზე პრობლემური იყო ორი მონაკვეთი – გზის 114-ე და 149-ე კილომეტრი.
„149-ე კილომეტრთან არაფერი ჩამოსულა, მაგრამ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ბზარები გაჩნდა. ამიტომ დავკეტეთ, შევისწავლეთ, მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები, გადმოვწიეთ გზა, ე.წ. დამაგროვებელი, გავაკეთეთ ბუფერული ზონა, რაიმეს ჩამოსვლის შემთხვევაში საფრთხე რომ არ შექმნილიყო, და უკვე შემდგომ გავხსენით მოძრაობა“, – განაცხადა მაშინ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა.
„ბათუმელები“ ახალ ტენდერთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს დღესაც დაუკავშირდა.
გვაინტერესებდა, რატომ გახდა საჭირო ცალკე 63,9 მილიონი ლარის გამოყოფა ბიუჯეტიდან და ტენდერის გამოცხადება, როცა რიკოთზე ახალი ავტობანის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს? უნდა ყოფილიყო თუ არა შესწავლილი ფერდობი თავის დროზე და სხვა საკითხები, თუმცა დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ინფორმაცია წერილობით, ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ.
„149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა. ეს არის ძველ გზასთან 200 მეტრში [ძველ გვირაბთან ახლოს]. დეპარტამენტის თანამშრომლებმა თავად აღმოაჩინეს აქ პრობლემები და ამიტომ იყო შეზღუდული მოძრაობა გაზაფხულზე.
შემდეგ მონიტორინგმა მოგვცა საშუალება, მოძრაობის გარკვეული რეჟიმი დაგვეწესებინა. რაც შეეხება ტენდერს, ეს ალბათ არის კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროება და ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოითხოვოთ“, – გვითხრეს დღეს, 2023 წლის 15 ნოემბერს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
აღსანიშნავია, რომ რიკოთზე, იგივე 149-ე კილომეტრზე პრობლემა გასულ, 2022 წელსაც შეიქმნა და მოძრაობაც ჩაიკეტა. მაშინ „მიწა-კლდის შვავის“ ჩამოსვლა დეპარტამენტმა „ახალი ავტობანის მშენებლობას“ დაუკავშირა.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე [ახალი ავტობანის მშენებლობის ფარგლებში] ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“ – ეწერა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 9 ივნისის განცხადებაში.
„მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლა დაფიქსირდა წვიმის სეზონზე 2023 წლის გაზაფხულის დასაწყისში. წაცურების და ჩამოშლის ტენდენცია ასევე ადვილად შეინიშნება ფერდობზე ბზარების გამრავლებით. ბზარებზე დაკვირვება იწარმოებს ფერდობის მთელ ზედაპირზე, რომელიც გავრცელდა ფერდობზე ზემოთ მაგისტრალის საბაზო ღერძიდან დაახლოებით 200 მ მანძილზე…
GPS-ის ფუნქციით აღჭურვილი ფოტოკამერის საშუალებით ტერიტორიის შეფასების საწყის ეტაპზე დაფიქსირდა და აღიბეჭდა თითოეული ბზარი, რომლებიც ზუსტად იქნა გამოკვლეული ბუნებრივი რელიეფის ტოპოგრაფიული გამოკვლევის დროს. მეწყრის ხელახალი გააქტიურებული ნაწილის ფართობი მოდის დაახლოებით 150 მ სიგანის არეალში მოკლე ხეობებს შორის. დაკვირვებული ახალი ბზარები მეორდება და მიჰყვება ძველი მეწყრის ისტორიული ბზარების/დეფორმაციების განლაგებას.
ფერდობზე დაკვირვებული ბზარების სიგანის, ორიენტაციის, მასშტაბისა და ინტენსივობის გათვალისწინებით ვასკვნით, რომ ძველი მეწყრის მთლიანი ტანი ამ მონაკვეთზე ხელახლა გააქტიურდა…“ – აღნიშნულია საინჟინრო საპროექტო ანგარიშში.
ბზარი პოტენციურ მეწყერზე /რიკოთი, გზის 149-ე კილომეტრთან/ ფოტო ტენდერიდან
2023 წლის 13 მარტს რიკოთზე ავტობანის მშენებლობისას ფერდის ზედაპირი უბისა-შორაპნის მონაკვეთზეც ჩამოიშალა. გზების დეპარტამენტში მომხდარი მეწყრულ პროცესებს დაუკავშირეს, თუმცა აღნიშნეს, რომ როგორც პროექტის დაწყებამდე, ასევე მისი მიმდინარეობისას, ყველა საჭირო კვლევა უწყებამ ჩაატარა.
რაც შეეხება 13 მარტის ინციდენტს, გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.
მოგვიანებით, დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ „რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო“.
რიკოთზე 28 ოქტომბერს მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა. ხევი-შორაპნის 4-ზოლიანი მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს.
გზის ამ მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ „რიკოთის მონაკვეთის პროექტირებისას ჩატარდა მასშტაბური გეოლოგიური სამუშაოები. პროექტირების დროს კონსტრუქციული და ფერდების მდგრადობის გაანგარიშებები გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი მარაგით…“
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის 16 ნოემბრიდანაც უფასო იქნება.
უფასო ვაქცინაციის ვადა დღეს, 15 ნოემბერს უნდა ამოწურულიყო, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, უფასო ვაქცინაცია გაგრძელდა.
როდემდე იქნება გრიპზე უფასოდ აცრა შესაძლებელი, უცნობია. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.
NCDC-ის ადრინდელი განცხადებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით არის შესაძლებელი. უწყების ცნობით, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და სრულად უფასოა.
„ქობულეთის სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და აქციების დაწყებას აანონსებენ.
განცხადებაში, რომელიც კლინიკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ზაალ მიქელაძე, რომელიც ამ ეტაპზე „ხალხის ძალაშია“, პირად გავლენებს იყენებს კლინიკის დასაზიანებლად.
„პირადი ინტერესების გამო კლინიკას დაადო ყადაღა, რის შედეგადაც შეგვეზღუდა საბანკო ანგარიშებზე წვდომა, კლინიკა ვერ აგრძელებს სრულყოფილად მუშაობას, თანამშრომლებზე ხელფასის გაცემას და მოსალოდნელია შეწყდეს სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირება.
ჩვენ ვაკმაყოფილებთ სახელმწიფო სტანდარტებს, ჩვენ ვემსახურებით ქობულეთის მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნებით, ჩვენ მიმდინარე პერიოდში ვმუშაობთ ISO სტანდარტის მინიჭებაზე, 2025 წლიდან კი კლინიკა მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას.
ვფიქრობთ, რომ პირდაპირ კორუფციას აქვს ადგილი. ის თავის თანამდებობას იყენებს ბოროტად და სასამართლოს ძალით სურს მიიღოს კლინიკიდან დივიდენდი – 300 000 ლარი, რაც ღიად აქვს მითითებული სარჩელში. ის ხომ ერთ-ერთი აქციონერია!
აქვე აღვნიშნავთ, რომ კლინიკა უახლოეს მომავალში არ განიხილავდა დივიდენდის განაწილებას აქციონერებზე, ვინაიდან ჯანდაცვის და რეგულირების მოთხოვნებს ვასრულებთ, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული! (გაკეთდა კლინიკის სრული რემონტი სტანდარტების შესაბამისად, განახლდა და შეიცვალა სამედიცინო აპარატურა და ინვენტარი.)
სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრის 190 თანამშრომელი და ქობულეთის მოსახლეობა ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ „ძველმა საავადმყოფომ“ ისევ გააგრძელოს ფუნქციონირება,“ – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქობულეთის სამედიცინო ცენტრი“ 2013 წლის 25 იანვარს დაფუძნებული სააქციო საზოგადოებაა. სამედიცინო ცენტრს 21 აქციონერი ჰყავს. აქციონერთა შორისაა საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძეც. ზაალ მიქელაძე დეპუტატობამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იყო.
„ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ როდესაც მინისტრი გახდა, აქციები, რომელსაც კლინიკაში ის ფლობდა, შვილს, მარი მიქელაძეს გადაუფორმა.
„ეს არის ფინანსურ-სამართლებრივი დავა, რომელიც ვიღაცამ პოლიტიკურ სივრცეში გადმოიტანა. მესმის, რატომაც, ასეთ დროს ადმინისტრაცია უფრო ადვილად გაძვრება თემიდან, თუ თემაში ფარად იყენებს ექიმს და მედდას,“ – ასე ეხმაურება ზაალ მიქელაძე „ბათუმელებთან“ „ქობულეთის სამედიცინო ცენტრის“ განცხადებას.
ზაალ მიქელაძის თქმით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრობამდე წლების განმავლობაში ის მუშაობდა კლინიკაში, რომლის აქციონერიც იყო. მიქელაძე ამბობს, რომ აქციების ფლობის მიუხედავად, არასოდეს მიუღია დივიდენდი.
„როგორც იმ კლინიკიდან თქვენ არ მიგიღიათ ლარი, ისე არ მიმიღია მე არც მინისტრობამდე და არც შემდეგ, მიუხედავად იმდენი შრომისა და ჯაფისა. არსებობს ასეთი წესი – მოგება დივიდენდის სახით უნდა განაწილდეს. მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მქონდა – მთავარია ექიმები, მედდები მუშაობდნენ, ხელფასს იღებდნენ და არ ვკითხულობდი არც მე ამ თემას.
თუმცა მინისტრობის შემდეგ მე ეს ყველაფერი გადავულოცე ჩემს შვილს. მხოლოდ ერთხელ ვიყავი მაგ კლინიკაში. ყველა კლინიკაში დავდიოდი მაგ კლინიკის გარდა, რომ ვინმეს ეს თემა არ გამოეყენებინა – საკუთარ კლინიკაში დადის და იქ რაღაცას აკეთებსო.
როცა აღმოჩნდა, რომ კლინიკას ჰქონდა 100-ათასიანი მოგება, 200 – 500-ათასიანი, ჩემს შვილს ვუხსნიდი, რომ ეს თანხები კლინიკას სჭირდება ინვესტიციისთვის, განახლებისთვის და ა.შ. არ მოგვითხოვია დივიდენდი.
კოვიდის დროს კლინიკამ მუშაობა დაასრულა, როგორც მაქვს ინფორმაცია, სადღაც 3 400 000 ლარით,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კლინიკა მნიშვნელოვან მოგებაზე გავიდა, გადაწყვიტეს დივიდენდი მოეთხოვათ.
„ჩემმა შვილმა მკითხა – გასაგებია, ამ 3 მილიონ-ნახევრიდან დივიდენდის 5%-ს არ მაძლევენ, მაგრამ მეორე მხრივ, ამხელა თანხის მოგების გამო ჩვენ რამე პასუხისმგებლობა ხომ არ გვეკისრება, როგორც აქციონერებსო? სად მიდის ეს თანხაო?
მე ვუთხარი, არც შენ ხარ იურისტი, არც მე, ამიტომ ყველაზე ადვილი გზაა ადვოკატი, რომელიც ამ თემაში ჩახედულია, გადაეცი ადვოკატს და ის გაარკვევს ყველაფერს-მეთქი. შენ ხელი არაფერს მოაწერო, როგორც აქციონერმა. ეს ახალი ამბავი არაა, ორი წლის ისტორიაა, რაც ადვოკატები ამ თემას იკვლევენ.
სასამართლო არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და ახლა მიუღია გადაწყვეტილება: შედეგად რაღაც ნაწილი ამ თანხისა დაუყადაღა კლინიკას.
იმდენად პოლიტიკური აქცენტი აინტერესებს ვიღაცას, რომ ჩემს შვილს მიადგნენ, რომელიც 5.75 %-ს ფლობს. იქ სხვა აქციონერიც რომ ედავება, რომელიც 12%-ს ფლობს და კუთვნილ დივიდენდს ითხოვს, ეგ ამბავი დამალეს. რატომღაც მე მომაბეს ეს ყველაფერი.
რადგან მე პოლიტიკაში ვარ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ „ამიტანონ სათაურში“. ამ დროს მე რა შუაში ვარ? მინისტრობის დროსაც კი არ დავდიოდი მანდ. წინასაარჩევნოდაც კი არ მივსულვარ, როცა ყველა ადამიანის ხმა გჭირდება. აბა, ჰკითხე ერთხელაც თუ ვყოფილვარ. ვერ გეტყვიან ამას,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.
ზაალ მიქელაძე ირწმუნება, რომ სამედიცინო ცენტრს შეუძლია გასცეს ხელფასები, ყადაღის მიუხედავად.
„ექიმებისა და მედდებისთვის ხელფასის არ მიცემა დარღვევაა. თუ ასე გააგრძელებენ, სხვა სამსახურებსაც მივმართავ, რადგან არსებობს მინისტრის ბრძანება საათობრივი ხელფასის შესახებ, რომელსაც ვერავინ ვერ დაუბლოკავს და მათ შორის ვერც სასამართლო. მე ვისაც სჭირდებოდა ეს ინფორმაცია, მივაწოდე.
ერთი თვით მთლიანად გაუჩერეს თანხების მოძრაობა, მესმის, მაგრამ იმავდროულად სასამართლომ თქვა, რომ გონივრულია პროცენტის დაყადაღება. მინიმუმ 40% სჭირდება სახელფასოს, სადღაც 20% სჭირდება მედიკამენტს, 10% სჭირდება სხვა სახარჯ მასალას და ა.შ. ამ ნაწილს არ შეეხო.
ეს გადაწყვეტილება აქვს კლინიკას და ალბათ უმალავენ თანამშრომლებს. ალბათ 20-30%-ია დაყადაღებული. ესაა მოგების ნაწილის დაყადაღება და ეს ასე არასწორად გაიტანეს თანამშრომლებში,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ქობულეთის სამედიცინო ცენტრს“ დამატებით კითხვებზე პასუხების მისაღებად. კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ დღეს დაგეგმილია აქციონერთა კრება, სადაც მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილება და კლინიკის წარმომადგენლები კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.
სააგენტოს ცნობით 16 ნოემბერს, დღის ბოლოდან, 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა – ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) და თოვა მაღალმთიან რეგიონებში.
სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება სააგენტო.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, ცვლილება შედის №7 და №7ა სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებაში.
კერძოდ, 16 ნოემბრიდან №7 სამარშრუტო ხაზი მოძრაობას დაიწყებს ხახულისა და შარაშიძის ქუჩის კვეთიდან ვარშანიძის, სულაბერიძის, ბარათაშვილის, რუსთაველის, აბუსერიძის ქუჩების გავლით აღმაშენებლის ქუჩამდე და უკუმიმართულებით, 15-წუთიანი ინტერვალით, ხოლო №7ა სამარშრუტო ხაზს სრულიად ჩაანაცვლებს №7 სამარშრუტო ხაზი.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, ცვლილების მიზეზი ხახულის ქუჩის საგზაო–სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ამავე მიზეზით, 29 სექტემბრიდან №ავტობუსი შემდეგი მარშრუტით მოძრაობდა – ვარშანიძის – გენერალ ასლან აბაშიძის – შარტავას – ბაგრატიონის – აღმაშენებლის – ტაბიძის – რურუას – აღმაშენებლის ქუჩები; ხოლო №7ა – აღმაშენებლის – ლეონიძის – გენერალ ასლან აბაშიძის – ვარშანიძის ქუჩებით.
10 ნოემბერს, ხახულის ქუჩაზე მცხოვრებმა პირებმა აქცია გამართეს და ქუჩა გადაკეტეს. ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას ითხოვდნენ შემოვლით გზაზე. თუმცა, „ავტოტრანსპორტის“ მონაცემებით №7 ავტობუსი ვარშანიძის ქუჩიდან მხოლოდ ხახულისა და შარაშიძის ქუჩების კვეთამდე მივა.
ომის შესწავლის ინსტიტუტის [ISW] ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ცდილობს, ბრძოლის ველზე დაიბრუნოს ინიციატივა.
14 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, ამ მიზნისთვის, აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთი რამდენიმე შეტევით ოპერაციას ატარებს, თუმცა არაა ნათელი, რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობები, ვინაიდან უკრაინა თავადაც ატარებს ამგვარ ოპერაციებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კიევში, თავის მხრივ, ფრონტზე არსებულ ვითარებას აფასებენ, როგორც რთულს, თუმცა კონტროლირებადს.
უახლოეს პერიოდში რუსეთის მიერ ინიციატივის დაბრუნებას ექსპერტები არ მოელიან. მათი აზრით, რუსულ მხარეს არ აქვს საკმარისი ძალები და ერთ ადგილას შეტევისთვის, მეორე მონაკვეთიდან თავდაცვითი ძალების გაყვანა მოუწევს.
ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ უკრაინა ტაქტიკურ დონეზე აღწევს წარმატებებს, ხოლო რუსეთი არაერთი მიმართულებით გადავიდა შეტევაში, როგორც სამხრეთის, ასევე აღმოსავლეთის ფრონტზე და ზოგ მონაკვეთზე წინაც წაიწია.
ანგარიშში აღნიშნულია უკრაინის დასავლელი პარტნიორების დახმარების ახალი პაკეტების შესახებაც. კერძოდ, გერმანიის მთავრობამ 13 ნოემბერს განაცხადა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელშიც შედის 10 „ლეოპარდის“ ტანკი, 14 ყველგანმავალი, 206 სატრანსპორტო საშუალება და ჭურვები. ასევე, ISW-ის ანგარიშში, Reuters-ის 12 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიცია თანახმაა გაზარდოს გერმანიის სამხედრო დახმარება მომავალ წელს 8 მილიარდ ევრომდე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 314 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820]
ტანკი – 5 377 ერთეული [+15]
ჯავშანტექნიკა – 10 104 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 7 647 ერთეული [+58]
MLRS – 884 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 582 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 323 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 675 ერთეული [+26]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 562 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 10 020 ერთეული [+47]
სპეცტექნიკა – 1 083 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
535 თვითმფრინავი
254 ვერტმფრენი
8 934 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
13 396 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 184 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 105 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
15 273 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
სულ რაღაც 5 წუთი და რამდენიმე წამი დასჭირდა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულ ვიტალი ზოიძესთან საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად. ამ სხდომას დღეს, 2023 წლის 14 ნოემბერს დავესწარით, თუმცა სასამართლოებში ასობით ასეთი საქმეა, 5 წუთში რომ სრულდება.
მოსამართლეებამდე მისული საქმეების დაახლოებით 70 % საქართველოში საპროცესო შეთანხმებით სრულდება – როცა ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს და პროკურორი მასთან, სასამართლო განხილვის გარეშე, სასჯელზე თანხმდება. უფლებადამცველების შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ბოლო დროს საპროცესო შეთანხმებების გაფორმებისას იკვეთება, ეს სასამართლოს ფორმალური ჩართულობაა.
„სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, რამდენად სამართლიანად შედგა საპროცესო შეთანხმება მხარეებს შორის, 5 და 10 წუთში კი, ამის გარკვევა პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – გვიყვება, საია-ს ანალიტიკოსი, თამარ ბოჭორიშვილი და ნათქვამის დასტურად საია-ს მონიტორინგის დროს მიმდინარე წელს დაფიქსირებული ორი შემთხვევა მოჰყავს.
„მოსამართლის მხრიდან საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე ორი ბრალდებული წინასწარ გადახდილი ჯარიმის ქვითრით გამოცხადდა სასამართლოში. ეს აჩვენებს სასამართლოს როლს,“ – დასძენს იურისტი.
კიდევ ერთი დეტალი: ბოლო პერიოდში იზრდება იმ ჯარიმების რაოდენობა, რასაც ადამიანები საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს სასჯელის სახით იხდიან.
რა გაარკვია მოსამართლემ 5 წუთში „შსს-ს ყოფილი თანამშრომლის საქმეზე“, ვიდრე მას საპროცესო შეთანხმებას დაუმტკიცებდა?
ვიტალი ზოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. მას გამოძიება ნასვამ მდგომარეობაში ავარიის ჩადენას ედავებოდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შსს-ს თანამშრომელი 2023 წლის 14 ივნისს ზებრა გადასასვლელზე ორ ქვეითს დაეჯახა. მეორე დაშავებული გამოჯანმრთელდა. პროკურორი პაატა ცეცხლაძის თქმით, დაზარალებული დაეთანხმა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.
ვიტალი ზოიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე.
საპროცესო შეთანხმებით კი, მსჯავრდებული ციხეში მხოლოდ წელიწად-ნახევარს გაატარებს. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ვიტალი ზოიძეს 4 წლით და 6 თვით შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით და 6 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდით, დანარჩენი 3 წელი კი, პირობითი მსჯავრია.
ვიტალი ზოიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხშირად წარმოადგენდა შსს-ს, მაგალითად, საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების ადმინისტრაციული დაკავების დროს. ვიტალი ზოიძე შსს-ს წარმოადგენდა „24 ოპოზიციონერის საქმეზეც“, როცა დეპუტატებსაც კი, პოლიციელებმა კარვები დაუშალეს, ჩამოართვეს, დააკავეს, შემდეგ კი უმტკიცებდნენ, რომ კანონი დაარღვიეს.
ბრალდებულ ვიტალი ზოიძის სასამართლო სხდომა, რომელიც 5 წუთს გაგრძელდა
„ადასტურებთ, რომ ნამდვილად ამაზე იყო შეთანხმება თქვენსა და ბრალდების მხარეს შორის?“ – გისოსებს მიღმა მყოფ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს მიმართა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ.
„დიახ“ – მაშინვე და ხმამაღლა მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა.
მოსამართლემ ბრალდებულს უფლებები გააცნო და კიდევ ერთხელ იკითხა:
„საბოლოო პასუხი რომ დააფიქსიროთ, ბატონო ვიტალი, დაამტკიცოს სასამართლომ საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილი პირობით, თუ არ დაამტკიცოს?“ – იკითხა მოსამართლემ.
„დაამტკიცოს,“ – ისევ პაუზის გარეშე მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს, რომლის საბოლოო გადაწყვეტილებასაც ბრალდებულის ახლობლებით სავსე დარბაზში არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.
„მორჩა, შემდეგ ახალ წელს სახლში იქნება,“ – გაისმა ახლობლების ხმა, ვიდრე მოსამართლე დარბაზს დატოვებდა.
ადვოკატი: „საპროცესო შეთანხმებებზე დიდი კორუფციული წრე ტრიალებს“
„აჭარის პროკურატურაში საპროცესო შეთანხმებებზე დიდი კორუფციული წრე ტრიალებს,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურა შერჩევით აფორმებს საპროცესო შეთანხმებებს.
ზაზა პაპიძე
ადვოკატი ასევე მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს. ზაზა პაპიძემ ანალოგიური შინაარსის პოსტი 27 სექტემბერს ფეისბუქშიც გამოაქვეყნა.
„ორ დღეში დამიკავშირდნენ გენპროკურატურიდან და გამომკითხეს, დაიწყო მოკვლევა, მაგრამ შემდეგ რა რეაგირება მოჰყვა, არ ვიცი,“ – ამბობს ზაზა პაპიძე „ბათუმელებთან“.
ადვოკატს არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება კორუფციაზე, თუმცა გვაჩვენა ერთ-ერთი ბოლო საქმე, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა.
„პროკურატურა რატომ აკეთებს ყოფილ პროკურორებთან საპროცესო შეთანხმებებს და არ აკეთებს ჩვეულებრივ შემთხვევებში? აჭარის პროკურატურა არ არის ვინმეს ფულის საკეთებელი შპს. კორუფციული გარიგებებით მიმდინარეობს მოქალაქეების გატყავება, არაერთი მოქალაქე იყო ჩემთან უკვე მოსული, რომლებმაც მითხრეს, რომ თუ უნდათ საქმის დალაგება, მაშინ კონკრეტულ პიროვნებებთან, ყოფილ პროკურორებთან უნდა მივიდნენ და გადაიხადონ საკმაოდ სოლიდური თანხა, რის შემდეგაც მათ საპროცესო შეთანხმების საქმეს დაულაგებენ პროკურატურასთან, აჭარის პროკურატურაში ადეიშვილის დროინდელი სქემა ტრიალებს,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
უნდა გაუფორმდეს საპროცესო პედოფილებს?
კანონის მიხედვით, ბრალის აღიარების მიუხედავად, პროკურორი არაა ვალდებული, ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმოს. არც მოსამართლეა ვალდებული, საპროცესო შეთანხმება დაამტკიცოს.
თუმცა პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევა, როცა პედოფილიაში, კონკრეტულად კი, 12 წლის ბავშვთან სქესობრივ კავშირში ბრალდებულ კაცს საპროცესო შეთანხმება 2021 წელს დაუმტკიცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ.
ამ საქმის შესახებ „ბათუმელები“ 2023 წლის ივნისში წერდა. ამ საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბავშვზე სექსუალურ მოძალადეს არცერთი დღე არ გაუტარებია ციხეში.
„შეიძლება კანონით შეზღუდვები დავაწესოთ, როგორც, მაგალითად, არის განრიდებაზე პირობა, რომ წამების საქმეებს ეს არ ეხება.
საკანონმდებლო ცვლილებებამდე კი, მნიშვნელოვანია პრაქტიკა მიმდინარეობდეს სწორი მიმართულებით და ამ სამართლებრივ ნორმას არ იყენებდნენ ბავშვებისთვის საზიანოდ,“ – მიიჩნევს ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი.
ეს ორგანიზაცია სხვა უფლებადამცავ ორგანიზაციებთან სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც წლებია ითხოვს ცვლილებებს კანონში, მათ შორის, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კუთხით.
პარლამენტი კი ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად ვერ იცლის.
ანა თავხელიძე
„მაგალითად, ჩვენი მოთხოვნაა, რომ მთლიანად შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია. ჩვენ რასაც ვეძახით ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს კანონის ენაზე, ეს წარმოადგენს გაუპატიურებას,“ – გვიყვება ანა თავხელიძე და 12 წლის გოგოს საქმეს იხსენებს, სადაც ასევე მოძალადეს ბრალის წარუდგინეს სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად. ეს მუხლი გულისხმობს „სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.
იურისტი განმარტავს, რომ დაზარალებული ბავშვის თანხმობა, რასაც ეს მუხლი მოიაზრებს, ვერ იქნება ნამდვილი, ვინაიდან საქმე ეხება 16 წლამდე ბავშვს.
„ამ შემთხვევაში თანხმობის ნამდვილობას გამორიცხავს ასაკი, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არის 16 წელი. 16 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ გაცემული თანხმობა არ შეიძლება იყოს ნამდვილი… თანხმობის არარსებობა უნდა გახდეს დამამძიმებელი გარემოება და საპროცესო შეთანხმების გამოყენება არ უნდა მოხდეს ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეებში.
თავისი არსით საპროცესო შეთანხმება გულისხმობს საშეღავათო ზომის გამოყენებას, პასუხისმგებლობის შემსუბუქებას. ეს ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, როგორც წამახალისებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასჯელის სახით არ იყენებენ თავისუფლების აღკვეთას და გამოყენებულია პირობითი მსჯავრი. ფაქტობრივად დაუსჯელი რჩება მოძალადე,“ – წუხს ანა თავხელიძე.
„სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაცრი მიდგომა მსგავსი შემთხვევების მიმართ“ – ეს საია-ს ანალიტიკოსმა, თამარ ბოჭორიშვილმა გვითხრა. მისი აზრით, შესაძლოა, კანონში ამ კონკრეტულ შემთხვევებზე რეგულირება არ გვქონდეს, მაგრამ პროკურატურამ და მოსამართლეებმაც მკაცრი მიდგომა გვაჩვენონ.
„როგორც ვიცით, პროკურატურას აქვს შიდა გაიდლაინები, რეგულაციები, მაგალითად, საპროცესოს არასდროს აფორმებენ განზრახ მკვლელობის საქმეებზე, ასევე გაუპატიურებაზე, ეს არ არის კანონში გაწერილი, მაგრამ თითქმის სავალდებულო ხასიათი აქვს პროკურორებისთვის,“ – შენიშნავს თამარ ბოჭორიშვილი.
კანონის თანახმად, ვიდრე მოსამართლე საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, იგი უნდა დარწმუნდეს, რომ
„ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს…“
ჯარიმა წელს საშუალოდ 4746 ლარამდე გაიზარდა – კიდევ რა გამოჩნდა საიას მონიტორინგით?
ჯარიმა, რომელსაც საპროცესო შეთანხმების დროს სასჯელის სახით ხშირად აკისრებენ მსჯავრდებულს, 2023 წელს საშუალოდ 4746 ლარამდე გაიზარდა, გასულ წელს კი, ეს მაჩვენებელი 3451 ლარი იყო.
ეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დაანგარიშებული ციფრებია. საიას 2023 წლის სასამართლო მონიტორინგის ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ანალიტიკოსი წინასწარ რამდენიმე მიგნებას ექსკლუზიურად გვიზიარებს.
ანალიტიკოს თამარ ბოჭორიშვილს ეს მაჩვენებელი წინა ხელისუფლების მმართველობაში ყოფნის დროს ბოლო წლებს ახსენებს, როცა გაჩნდა განცდა, რომ საპროცესო შეთანხმებით და ჯარიმის გადახდით თავისუფლების ყიდვაა შესაძლებელი, ან „საპროცესოებით ბიუჯეტს ავსებენ“.
თამარ ბოჭორიშვილი
გაიზარდა საპროცესო შეთანხმებების გაფორმების მაჩვენებელიც. საია-ს ანგარიშების მიხედვით, თუ 2020 წელს სასამართლოში შესული საქმეების 63 % დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, 2021 წელს ეს ციფრი 64 %-მდე გაიზარდა, 2022 წელს – 68 %-მდე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, 2023 წლის სექტემბერში, მაგალითად, სასამართლომდე მისულ საქმეებში 74 % [1013 პირი] საპროცესო შეთანხმებით დასრულდა [არსებითი განხილვით კი, დასრულდა საქმეების 26%].
2023 წლის აგვისტოში საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 890 პირის საქმე [78 %], ივლისში – 1082 პირის საქმე [72 %].
„გამოდის, რომ საქმეების 70 პროცენტი სრულდება საპროცესო შეთანხმებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქ იყოს ადეკვატური სამართალწარმოება.
ხშირად პირიქით ხდება: ნოტარიულად აღიქვამენ სასამართლოს, რომ შეთანხმებას ყველა ვარიანტში დაამტკიცებს. ჩვენ რომ 2 შემთხვევას ვაფიქსირებთ, როცა წინასწარ გადახდილ ქვითრით მიდიან მოსამართლეებთან, ეს აჩვენებს იმას, პრაქტიკაში რამდენად გავრცელებულია ასეთი მიდგომა,“ – ამბობს თამარ ბოჭორიშვილი და გვიყვება იმასაც, რომ ამ ორ შემთხვევაში მხარეებმა საია-ს მონიტორი ვერ ამოიცნეს და სასამართლოს შემოსვლამდე მიმართა ადვოკატმა პროკურორს, ჯარიმა ნამდვილად გადაიხადა უკვე ბრალდებულმა, თუ გინდათ, ქვითარს თქვენც დაგიტოვებთო.
საია მონიტორინგს მხოლოდ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის სასამართლოებში აწარმოებს. თამარ ბოჭორიშვილის თქმით, ამ დრომდე, 2023 წელს მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოსამართლემ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარი თქვა.
„მაინც ინდივიდუალურ მოსამართლეზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მოსამართლე ინტერესდება კონკრეტული გარემოებებით და 5 წუთში ვერ ასრულებს საპროცესო შეთანხმების განხილვას. ამ შემთხვევებში ბრალდებულებმა თქვეს, რომ ისინი არ აღიარებდნენ წარდგენილ ბრალს…“ – აღნიშნა თამარ ბოჭორიშვილმა „ბათუმელებთან“.
საია-ს დაკვირვებით, ყველაზე ხშირად საპროცესო შეთანხმება ფორმდება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, ასევე ნარკოდანაშაულსა და მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე.
„ეს არ არის მხოლოდ ის, რომ სწრაფად დასრულდეს მართლმსაჯულება. ის, რაზეც შეთანხმდნენ მხარეები, სასამართლომ უნდა გასწიოს კონტროლი,“ – დასძინა საიას ანალიტიკოსმა, თამარ ბოჭორიშვილმა.
___
მთავარი ფოტო: ბრალდებულ ვიტალი ზოიძის სასამართლო სხდომა
___
„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.
დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა დაიწყო „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა. საქმე სააპელაციოს უზენაესმა სასამართლომ დაუბრუნა.
„მხარეებმა წარმოვადგინეთ ახსნა-განმარტებები, დეკემბერში იქნება შემდეგი სხდომა, სადაც გადავალთ კითხვებზე და პაექრობაზე. დიდი შანსია, რომ მალე დასრულდეს განხილვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ცენტრის“ TDI იურისტი, შოთა თუთბერიძე. ეს ორგანიზაცია და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ.
შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ უზენაეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და დისკრიმინაციის ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია აქამდე მიღებული გადაწყვეტილება დაიცვას, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად ექცევა.
„უზენაეს სასამართლოს დისკრიმინაცია არ გამოურიცხავს… მან გარკვეული პროცედურული მითითებები მისცა სააპელაციო სასამართლოს ესენი განიხილე დისკრიმინაციის ნაწილში. უზენაეს სასამართლოს რომ საბოლოოდ გადაეწყვიტა საკითხი და ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, სააპელაციოს საქმეს აღარ დააბრუნებდა და თავად მიიღებდა გადაწყვეტილებას.
უზენაესმა სასამართლომ გარკვეულ გარემოებებზე ყურადღება გაამახვილა და დისკრიმინაციის ნაწილში უთხრა სააპელაციოს, რომ დისკრიმინაცია, როგორც შენ შეფუთე და გამომიგზავნე, ასე შეიძლება არ იყოსო.
ჩვენი პოზიციაა ისევ ის, რომ ბათუმის მერია დისკრიმინაციულად უდგება მუსლიმ თემს და ამ მოტივით ამბობს უარს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. ჩემი აზრით, ბათუმის მერიის მიზანია დროის გაწელვა. ჩემივე აზრია, რომ ეს საკითხი მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში არ წყდება და გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის, ძალოვან უწყებებში.
იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო არ გახდება მანიპულაციის ობიექტი, თუმცა ეს გამოჩნდება საკმაოდ მალე,“ – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ „ბათუმელებთან“.
„ახალი მეჩეთის საქმეზე“ მუსლიმი თემი სამართალს მე-6 წელია ელის – მუსლიმებმა სასამართლოს პირველად 2017 წელს მიმართეს.
ორწლიანი პაუზის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა და თან მიუთითა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია იმ სამართლებრივი ლოგიკით, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა.
საქმე ბათუმში ახალი მეჩეთს აშენებას ეხება – მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, მუსლიმებს საკუთარ მიწაზე მეჩეთის აშენების უფლებას წლებია არ აძლევენ. მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წელს დაადასტურა, მან უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს ზონალური შეთანხმების მიღებაზე უარი უთხრეს, თუმცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დაავალდებულა ბათუმის მერია მშენებლობის შესაბამისი ნებართვის გაეცა.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება სრულად გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა სასამართლომ კი, ნაცვლად იმისა, რომ ბათუმის მერიისთვის, დისკრიმინაციული მიდგომის დადგენის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის გაცემა დაევალებინა, პირიქით, იმაზე იმსჯელა, რატომ შეიძლება არ გვქონდეს საქმე დისკრიმინაციასთან, როცა ბათუმში ახალი ეკლესიები შენდება, მუსლიმ თემს კი, ახალი მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევენ.
უზენაესმა სასამართლომ ბათუმის მერიის არგუმენტი გაიზიარა: ბათუმში, უშუალოდ მე-6 ზონაში, სადაც მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აგება სურს, ეკლესიის აშენებაზე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია.
„…საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საცხოვრებელ ზონა 6-ში და განსაკუთრებით, სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ, გაცემული აქვს საკულტო ნაგებობების – მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა და სამშენებლო პირობების დამტკიცება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია განსხვავებულ მოპყრობას.
ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო განმეორებით ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არ გაცემულა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ქალაქ ბათუმში, საცხოვრებელ ზონა 6-ში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობის დაშვებისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეუძლებელია განსხვავებულ მოპყრობაზე ხაზგასმა იმ პირობებში, როდესაც ანალოგიური მოთხოვნა არსებითად თანასწორი სუბიექტის მხრიდან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით არ წარდგენილა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა ძირითადად დაეფუძნა იმ არგუმენტს, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ არის აშენებული მართლმადიდებლური ტაძრები, რის საპირწონედაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ „ბ…ს“ არ აძლევს თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის უფლებას. სააპელაციო სასამართლომ ა(ა)იპ „ბ…ს“ „კომპარატორად“ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნია,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
ბათუმის მერიის არგუმენტი უზენაეს სასამართლოში ასევე ის იყო, რომ მსგავს შემთხვევებზე ბათუმის მერიის ზონალური კომისია მსჯელობს, რასაც შემდეგ მერი ეყრდნობა.
„…კასატორი საკასაციო საჩივარში განიხილავს თითოეულ დასახელებულ გარემოებას და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლების ზონის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი განეკუთვნება ე.წ. საძილე ადგილებს, სადაც კერძო ინტერესს წარმოადგენს მშვიდ გარემოში ყოფნის უფლება. შესაბამისად, ასეთ ზონაში არ უნდა იქნეს ისეთი ფუნქციის ობიექტი დაშვებული, რომელიც დისონანს შეიტანს ფუნქციებს შორის და დაარღვევს სამეზობლო თმენის პრინციპს.
ხოლო საკულტო ნაგებობა, თავისი შინაარსით – ფუნქციური დანიშნულებით, წარმოადგენს ისეთ ობიექტს, რომელიც უნდა იყოს მკაცრად იზოლირებული გარემოსაგან, რადგან მას გააჩნია „თავისი ცხოვრების წესი“ – საკულტო ნაგებობა არის ხალხმრავალი ადგილი [განსაკუთრებით დღესასწაულებზე], რელიგიური რიტუალები კი, არღვევს სიმყუდროვეს,. შესაბამისად, მისი განთავსება უნდა მოხდეს ისეთ ადგილას, რომ დაცული იქნეს ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები – „იცხოვრონ მშვიდ და საცხოვრებელ გარემოსთან შესაბამის გარემოში, არ მოუწიოთ ყოველდღიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა“.
მუსლიმი თემის ინტერესების დამცველები [„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“] აღნიშნავდნენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონი არასწორად განმარტა, როცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიჩნია, რომ „სასამართლო ვერ შეზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას“.
„…დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებული იყოს ადამიანის ძირითადი უფლებების დასარღვევად, პირების მიმართ თვითნებური, სუბიექტური, დისკრიმინაციული მოპყრობისთვის. ამის დაშვება დისკრეციული უფლებამოსილების დანიშნულებას გამოაცლიდა არსს.
სწორედ ამიტომ არ არსებობს აბსოლუტური დისკრეცია და როცა ცხადია ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას განზრახ არ ახორციელებს კანონიერების პრინციპის საფუძველზე და მისი ამ განზრახვის ცვლილების ყველა რესურსი ამოწურულია, ამ დროს სასამართლოსგან დისკრეციის არშეზღუდვა სამართლიან სასამართლო განხილვაზე უარის ტოლფასიც შეიძლება იყოს,“ – მიწერეს მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.
`უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მთელ რიგ სადავო და ურთიერთწინააღმდეგობრივ დასაბუთებასა და ინტერპრეტაციას შეიცავს მნიშვნელოვან უფლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებზე. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განმარტებები დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მანკიერ პრაქტიკას ამკვიდრებს არამხოლოდ ბათუმში მუსლიმი თემის უფლებების, არამედ ზოგადად თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის კუთხით,“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ დღეს, 14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
„უზენაესმა სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ტერიტორიის გარშემო 7 უნებართვოდ აშენებული მართლმადიდებლური ტაძრის არსებობას. მისი თქმით, ბათუმის მერია შეზღუდული იყო ზემოქმედება მოეხდინა მართლმადიდებლური ტაძრების უნებართვო მშენებლობებზე, რადგან სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლი სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედ და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.
მიგვაჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციური შეთანხმების მეშვიდე მუხლი არსებითად არასწორად განმარტა. აღნიშნული ჩანაწერი თავისი არსით ეხება ამ შეთანხმების დადების დროისთვის არსებულ მართლმადიდებლურ ისტორიულ ქონებას და არა რელიგიური გაერთიანების მიერ მომავალში შეძენილი ან აშენებულ რელიგიურ ნაგებობებს,“ – წერია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ შეფასებაში.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ქუთაისში „ტექნოპარკის [ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის] გარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის პროექტირება-მშენებლობის შესყიდვაზე [Design-Build მეთოდით]“ ტენდერი 2 მილიონი ლარით გამოაცხადა.
თავდაპირველად ქუთაისში პარლამენტის შენობის აგებაზე 73 757 930 ლარი დაიხარჯა.
„ქალაქ ქუთაისში ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობა აშენდა 2010-2012 წლებში. აღნიშნულ შენობას არ გააჩნია შენობასთან მისასვლელი კაპიტალური საავტომობილო გზა, ავტომობილების საპარკინგე ადგილები; არსებული გზა გრუნტის საფარიანია და ცუდ მდგომარეობაშია. მოსაწყობია ტერიტორიის გარე განათება და სანიაღვრე სისტემა. მოუწესრიგებელია ადმინისტრაციული შენობის გარე პერიმეტრზე ტერიტორია“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.
ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა ჯერ უნდა დააპროექტოს და შემდეგ შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო, კერძოდ:
„ადმინისტრაციულ შენობასთან მისასვლელი რკ/ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა [სიგრძე დაახლოებით 370 მეტრი, დაზუსტდეს ადგილზე], 40 საპარკინგე ადგილით.
ადმინისტრაციული შენობის გარე პერიმეტრის [ტერიტორიის] გარე განათების მოწყობა.
სარეკრეაციო [სასეირნო სივრცის] მოწყობა.
ადმინისტრაციულ შენობაში 3 არსებული შესასვლელის რეაბილიტაცია [მათ შორის 1 შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსი] და 1 ახალი შესასვლელის მოწყობა შშმ პირთათვის განკუთვნილი პანდუსის გათვალისწინებით.
ტერიტორიის მომიჯნავედ გამავალ მიწის არხზე ფუნდამენტის მოწყობა თავისი ლითონის მოაჯირით [სტანდარტების დაცვით].“
„სარეკრეაციო სივრცეში უნდა მოეწყოს ბუნებრივი ბალახის რულონური საფარი, უნდა შემუშავდეს მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სარწყავი სისტემის პროექტი; საჭიროების შესაბამისად მოეწყოს სასმელი წყლის სოკოები; უნდა შეიქმნას ბილიკების ქსელი, ენერგოდამზოგველი განათება [განათების პროექტი ასევე უნდა შეთანხმდეს შესაბამის უწყებასთან], განლაგდეს სკამები და ურნები ვიზიტორებისთვის“, – აღნიშნულია სატენდერო განცხადებაში.
ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა / ფოტო არქივიდან
პროექტირებისა და მშენებლობის განხორციელების ვადები ტენდერის მიხედვით:
„პროექტირებისა და მშენებლობის საერთო ხანგრძლივობა, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების ჩათვლით შეადგენს – არაუმეტეს 190 დღეს;
პროექტირების საერთო ხანგრძლივობა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან – არაუმეტეს 110 დღეს,
სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადაა, პროექტირების ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემდეგ, სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის მიერ ინფორმაციის მიწოდებიდან არაუმეტეს 80 კალენდარულ დღე;
დამკვეთი იტოვებს უფლებას საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისათვის სამუშაოების განხორციელების საერთო ვადაში, გასცეს შენიშვნები და დასკვნები წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე.“
ქუთაისში 160 509 კვადრატული მეტრი ტერიტორია და მასზე განთავსებული ყოფილი პარლამენტის შენობა დღეს სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ საკუთრებაშია.
პარლამენტის შენობის მშენებლობის მოტივით, 2009 წლის დეკემბერში ქუთაისში მერაბ ბერძენიშვილის ძეგლის – „დიდების მემორიალის“ დემონტაჟი დაიწყო და ის იმავე წლის 19 დეკემბერს ააფეთქეს, რასაც დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა.
ქუთაისში მემორიალის აფეთქებიდან ერთი წლის თავზე მოსკოვში დიდების მემორიალის ანალოგი გაიხსნა, სახელწოდებით – „ჩვენ ერთად ვიყავით ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისი იყო. თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება თავიდანვე აცხადებდა, რომ პარლამენტს თბილისში წაიღებდნენ [„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა].
ქუთაისი / აღლუმი / ფოტო არქივიდან
უკვე 2014 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საკომიტეტო მუშაობა თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში გადაიტანა. შედეგად, ქუთაისში პარლამენტის სასახლე თვის განმავლობაში, ჯამში, 6 დღე ფუნქციონირებდა.
2017 წლიდან პარლამენტის ადგილსამყოფელი კვლავ თბილისია, ქუთაისის შენობა კი, უფუნქციოდ დარჩა.
„მარტო თეთრი ცარცით და შავი დაფით კონკურენტუნარიან ბავშვებს ვერ გავზრდით. საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია“ – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ნანა გელაშვილი, რომელიც ხაშურის მესამე საჯარო სკოლაში ასწავლის.
ნანა გელაშვილი ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამის ფარგლებში აშშ-ში იმყოფებოდა და ჩრდილოეთ კარონილის გრინსბოროს უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამა გაიარა. მას ასევე შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა უცხოელი კოლეგების პროფესიულ გამოცდილებას და კარიერული განვითარების გზებს. „ბათუმელებთან“ საუბარში ის გვიყვება რა განასხვავებს ქართულ სკოლებს ამერიკულისგან და რა გამოწვევებზე წინაშე დგანან ქართველი პედაგოგები.
ქალბატონო ნანა, როგორია გაკვეთილები ამერიკულ სკოლაში, რით განსხვავდება ჩვენ საჯარო სკოლებში ჩატარებული გაკვეთილებისგან?
აშშ-გან განსხვავებით, ქართველ მოსწავლეებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სწავლის ყველა საფეხურზე სავალდებულო საგნებთან ერთად მათთვის სასურველი საგნებიც აირჩიონ.
წიგნების ნაცვლად მოსწავლეებს ქრომბუქები აქვთ, რომელშიც ელექტრონული წიგნებია ჩატვირთული. კლასები ციფრული ტექნიკითაა აღჭურვილი და საგაკვეთილო პროცესს საინტერესოს და ეფექტურს ხდის.
ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენს საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. განსაკუთრებით რეგიონის სკოლებში გვაქვს მოძველებული რესურსები, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის უნარები განუვითარო მოსწავლეებს.
სწრაფი გლობალიზაციის პირობებში, მარტო თეთრი ცარცით და შავი დაფით ვერ შევძლებთ კონკურენტუნარიანი თაობების აღზრდას. ეს წარმოუდგენელია.
სრულიად განსხვავებული გარემო გხვდება აშშ-ის სკოლებში.
მეც მინდა მქონდეს კარგად აღჭურვილი საკლასო ოთახი, სადაც თავისუფლად შეძლებენ მოსწავლეები ციფრულ დაფასთან მუშაობას, მეც მინდა მოვასმენინო აუდიო მასალები გაკვეთილზე, გავუშვა ვიდეო… მაქვს სკოლაში პროექტორი, მაგრამ ამ პროექტორს ვიზიარებთ მთელი სკოლა, ეს არის წარმოუდგენელი.
მეთოდოლოგიური სიახლე რა იყო თქვენთვის?
თანამედროვე მიდგომები და მეთოდოლოგია ჩემთვის არ არის სიახლე, მაგრამ რესურსები, რომლებსაც მასწავლებლები ფლობდნენ აშშ-ს სკოლებში, ჩემთვის ხელმიუწვდომელია. სამწუხაროდ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და არა მარტო ჩემთვის.
პრობლემაა ისიც, რომ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინგლისურ ენას კვირაში ორი საათი ეთმობა მე-8 კლასის ზემოთ, რაც სრულიად არასაკმარისია.
არასწორად მიმაჩნია ეს გათვლა. ინგლისურს, როგორც საერთაშორისო ენას, მეტი საათი უნდა ეთმობოდეს. მაგალითად, აშშ-ში გაძლიერებულად სწავლობენ ესპანურ ენას. 5 საათი ეთმობა კვირაში, ჩვენთან კი ორი საათია. აბსურდია, ნამდვილად.
ეს ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ ბავშვებს კერძო ცენტრებში ან რეპეტიტორებთან უწევთ სიარული?
დიახ, რა თქმა უნდა.
ჩვენთან პრობლემაა ასევე მრავალრიცხოვანი კლასები, სადაც 30 მოსწავლე ირიცხება და 45 წუთში ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ მოსწავლესთან მუშაობა.
ამერიკის სკოლებში 20-25 ბავშვია კლასში და გარდა ამისა, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ გაძლიერებულად ისწავლონ ის საგნები, რომელსაც აირჩევენ.
მაგალითად, თუ ბავშვს სამომავლოდ ტექნიკურ სფეროში სურს ცოდნის ამაღლება, მას დამატებით შეუძლია ფიზიკა-მათემატიკის და ქიმიის არჩევა.
როგორ ფიქრობთ, „ჰაისქულის“ მოდელი გაამართლებდა ჩვენს სისტემაში?
ჩემი აზრით კი. იმიტომ, რომ ბავშვს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს თუ რა პროფესია აირჩიოს მომავალში და რომელ ფაკულტეტზე ისწავლოს, თუ მივცემთ საშუალებას, რომ იმ კონკრეტულ საგნებში მოემზადოს, რაც მას სჭირდება უმაღლესში სწავლის დროს, ეს იქნება გამართლებული. ცალკე ფულის გადახდაც აღარ მოუწევთ რეპეტიტორში.
შეფასების სისტემაც განსხვავებულია ჩვენგან, რადგან ქართულ სკოლებში ქულები ყოველდღიურად იწერება, ამერიკულში კი კრედიტებს წერენ მასწავლებლები და შესაბამისად, მოსწავლე დაგროვილი კრედიტების საფუძველზე იღებს ქულას. უმაღლესი ქულების დაგროვების შემთხვევაში კი მოსწავლეს ხსნიან გამოცდიდან.
შესაბამისად, ბავშვები კარგად სწავლობენ, რომ წლის ბოლოს გამოცდა აღარ დაენიშნოთ.
რამდენი საათია ბავშვი სკოლაში და რა სერვისებს იღებს?
სწავლა იწყებოდა ცხრაზე და მთავრდებოდა 16:25 საათზე. შუალედში, 12:00 საათზე იწყებოდა ლანჩი. კარგი კვება აქვთ მოსწავლეებს შეთავაზებული, რომელიც საკმარისია, რომ დანაყრდნენ. სადღაც ნახევარი საათის შემდეგ ისევ გრძელდება საგაკვეთილო პროცესები.
მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე მინდა გკითხოთ. ვიცით, რომ ჩვენთან სქემა განსაზღვრავს პედაგოგის კარიერულ წინსვლას და ხელფასსაც. ამერიკაში რა გზას გადის მასწავლებელი, როგორია მისი შრომის ანაზღაურება და რა მოეთხოვება იქ კარგ მასწავლებელს?
აშშ-შიც ოთხი საფეხურით განისაზღვრება მასწავლებლის კარიერული წინსვლა. მასწავლებელი აბარებს ყველა საფეხურის გამოცდას, გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი, მაგრამ მასწავლებელს სტატუსი მუდმივად უნარჩუნდება.
მასწავლებლები იქაც გადიან ტრენინგებს, თვითშეფასების საფუძველზე ახდენს თავიანთი საჭიროებების კვლევას და ამის მიხედვით გეგმავენ, რომელ ტრენინგს გაივლიან, რა აკლიათ და რა უნარების განვითარება სჭირდებათ.
ჩვენთან გააუქმეს თვითშეფასება, როგორ ვიცი და როგორ ფიქრობთ, სწორი იყო ეს?
ჩვენთან ძალიან ვრცელი იყო თვითშეფასების კითხვარი, შესაძლებელი იყო უფრო ლაკონურად დაწერილიყო და რეალურ საჭიროებებზე ყოფილიყო გათვლილი.
ჩვენთან ყველაფერი ძალიან ცვალებადია და ეს ხშირი ცვალებადობა, ეს გაუთავებელი რეფორმები, ძალიან გვღლის.
გამოცდა ჩავაბარე, შემდეგ დავაგროვე კრედიტები და ამის საფუძველზე მომენიჭა სტატუსი. ახლა ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი გაუქმდეს. აი, ეს იწვევს გადაღლას.
ეს კომპლექსური დავალებებიც კიდევ არაფრის მომცემია…
თქვენს ბევრ კოლეგას მოსწონს, შემოქმედებითობას ავითარებსო. თქვენ არ ეთანხმებით?
ბავშვები ვერ მუშაობენ, ფიზიკურად არ არის რესურსი. „მოამზადე პოსტერი“ რომ მიწერია დავალებაში, ბავშვს ხომ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ იყიდოს ეს ფურცელი და შესაბამისი ნივთები, რომ წარმოადგინოს პოსტერი, არა?!
კლასში, სადაც 25 მოსწავლიდან 12 სოციალურად დაუცველია, ძალიან მიჭირს ასეთი დავალებების მიცემა მოსწავლისთვის, რომელიც მართლა კომპლექსურ და მრავალფეროვან შრომას მოითხოვს.
ვიდეო რგოლის, პოსტერის და პრეზენტაციების საშუალება რეალურად არ არის კლასში.
ხელისუფლება, რომ იძახის „ამდენი სკოლა გავარემონტე“, „ამდენი აღვჭურვე“ – ეს პოპულიზმია თუ რატომ ვერ ისახება სკოლებზე?
რა თქმა უნდა, პოპულიზმია, რადგან პირობები არ აქვთ მოსწავლეებს სკოლაში. არც სოციალურად დაუცველებისთვის, არც სსსმ ბავშვებისთვის არ არის შესაბამისი პირობები შექმნილი, ძნელია მასწავლებლისთვის ასეთ სიტუაციაში მუშაობა.
სამომავლოდ, აქტიურად ვაპირებ ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, უკვე დავგეგმე რაღაც აქტივობები და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი წაადგება ჩემს მოსწავლეებს, ჩემს თემს და კარგ შედეგსაც დავდებთ.
ჩვენთან ბაზისური ხელფასი, როგორც ვიცით, ძალიან დაბალია და სტატუსის მიხედვით ეზრდება ანაზღაურება პედაგოგს. ამ პრინციპზე დგას აშშ-შიც სისტემაც?
ანაზღაურება იქაც მასწავლებლის მიღწევებზეა დამოკიდებული, ასევე – სტაჟზე. მაგრამ როცა მასწავლებელი გამოცდას ჩააბარებს და მიიღებს ლიცენზიას, შემდეგ უნარჩუნდება მას ეს სტატუსი. ჩვენთან კი მუდმივად გიწევს რაღაცის მტკიცება.
რაც შეეხება ანაზღაურებას, ზოგადად ხელფასის საკითხი კონფიდენციალურია, მაგრამ იმდენად გულახდილები იყვნენ მასწავლებლები საუბარში, ერთ-ერთმა, დაახლოებით 56 ათასი დოლარი მაქვს საშუალო წლიური შემოსავალიო – მითხრა.
მეც ვფიქრობ, რომ პედაგოგის ხელფასი უნდა გაიზარდოს. მინიმუმ 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს მასწავლებლის შემოსავალი.
იყოს გამოცდები, მივესალმები, მაგრამ ეს გაუთავებელი რეფორმები ძალიან დამღლელია. სულ რაღაც ცვლილების მოლოდინში ვართ – „ამან არ გაამართლა, ახლა ასე ვცადოთ“. შემოაქვთ სიახლეები, რომელიც ჯერ კიდევ არ არის კარგად გამოკვლეული, რაც იწვევს მუდმივ სტრესში ყოფნას. ერთ რაღაცაზე უნდა შეჯერდეს ყველა.
ასევე, აუცილებელია სკოლების აღჭურვა, რომ თანამედროვე გაკვეთილები ვატაროთ. დღეს, სასკოლო ოთახებში არსებული რესურსები მისახედია.
ჩემი აზრით, თუკი მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, არ იქნება მასწავლებლის სტატუსის ხშირი ცვლილება და მასწავლებლის მუშაობის ხარისხი შეფასდება მოსწავლეთა შედეგებით, ოლიმპიადებში, კონკურსებში, გაცვლით პროგრამებში წარმატებებით, ვფიქრობ, კარგი იქნება.
ჩემი რამდენიმე მოსწავლე ახლაც „ფლექსის“ პროგრამით იმყოფება აშშ-ში, ბევრი წარმატებული მოსწავლე მყავს და ვფიქრობ, ესეც კარგია მოტივაციაა პედაგოგისთვის.
„სტატისტიკის თანახმად, 55 წლის ზემოთ ასაკის მქონე ქალები უფრო მეტი მიდის ემიგრაციაში, ვიდრე ამავე ასაკის კაცები.
ვფიქრობ ამას ორი მიზეზი აქვს: საქართველოში 55 წლის შემდგომ ქალების აუნაზღაურებელი ზრუნვითი საქმიანობა და პასუხისმგებლობები იზრდება, რის გამოც ისინი წყდებიან შრომით ბაზარს; ამ ასაკში ქალებისთვის რთულია ისეთი სამუშაოს პოვნა, სადაც ღირსეული ანაზღაურება ექნებათ. ამიტომ ისინი გამოსავალს ემიგრაციაში ხედავენ, ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერა რომ გააგრძელონ,“ – ამბობს განვითარების საკითხების მკვლევარი მეკო ჩაჩავა.
ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წელს ქვეყანა 80 351 მოქალაქემ დატოვა, 2022 წელს ემიგრანტთა რიცხოვნობა კი 125 269 კაცი იყო.
სპეციალისტები ელოდებიან, რომ 2023 წლის მონაცემი გასულ წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი იქნება.
რატომ მიდიან ემიგრაციაში საქართველოდან და რა შედეგი ექნება ამას ქვეყნის ეკონომიკაზე
ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა მიგრაციის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია.
სამუშაო ადგილების არ არსებობა, ან არსებულ სამუშაოებზე დაბალი ანაზღაურება და არასათანადო შრომის პირობები არის ის ფაქტორი, რაც ასევე ბიძგს აძლევს მოქალაქეებს „უკეთესი ცხოვრება“ სხვაგან ეძებონ.
რას მოუტანს საქართველოს შრომისუნარიანი მოქალაქეების ქვეყნიდან გადინება? – ეს კითხვა განვითარების საკითხების მკვლევარს, მეკო ჩაჩავას დავუსვით. ის ემიგრანტი ქალების შრომის საკითხებს იკვლევს.
„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კვალიფიციური კადრის გადინება, აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ინოვაციების დანერგვას. ასევე, არაკვალიფიციური მშრომელების ემიგრაციაც, შეიძლება ნაკლებად უარყოფითად, თუმცა მაინც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპზე.
ბოლო პერიოდში სარესტორნო სექტორი საუბრობს, რომ მასობრივად გადის მათი კადრები საზღვარგარეთ და უჭირთ კვალიფიციური კადრების ნახვა,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.
მკვლევრის თქმით, დაბალანაზღაურებად სექტორში ხარჯები იზრდება შემოსავლების არაპროპორციულად, მოსახლეობას კი ძალიან უჭირს იმ შემოსავლებით ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის.
„ასეთი ოჯახებისთვის მიგრაციაში წასვლა ჩანს, როგორც გამოსავალი. თან ბოლო პერიოდში ადვილი გახდა წასვლა უვიზო მიმოსვლის თუ იაფი ფრენების გამო. ასევე დიდ როლს თამაშობს სოციალური კავშირები.
ამასთან, რაც უფრო იზრდება მოთხოვნა ე.წ. განვითარებადი ქვეყნებიდან დაბალანაზღაურებად კადრებზე, მით უფრო იზრდება მიგრაციის ტემპი. საქართველოში, განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად სექტორში მომუშავე ადამიანებს, რომ მიიღონ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება,“ – ხსნის მეკო ჩაჩავა.
მეკო ჩაჩავა, განვითარების საკითხების მკვლევარი
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი, ნათია კვიციანი კი მიგრაციაზე საუბრისას აქცენტს დემოგრაფიული სურათის შეცვლის საშიშროებაზე აკეთებს.
ის ამბობს, რომ საქართველოში შემოსულ იმიგრანტთა ოდენობა მზარდია და ბევრად აღემატება დაბრუნებულ მიგრანტთა რიცხვს.
„შეიძლება დღეს მაინცა და მაინც არა, მაგრამ მცირე ხანში ალბათ გვექნება ცვლილებები ქვეყნის დემოგრაფიულ შემადგენლობაში. თუ ასეთი ინტენსივობით გაგრძელდა ემიგრაცია და სხვადასხვა კატაკლიზმებით გამოწვეული იმიგრაცია.
მზარდი იმიგრაცია უკავშირდება როგორც უკრაინის ომს, ისე წინა აზიაში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება გაზარდოს. ამიტომ თავისთავად დგება საკითხი, დემოგრაფიული სურათი როგორ შეიცვლება საქართველოში,“ – ამბობს ნათია კვიციანი.
მეკო ჩაჩავა ასევე საუბრობს შრომითი მიგრაციის დადებით და უარყოფით გავლენაზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ისე დემოგრაფიაზე.
„ბოლო მონაცემებით, 2022 წელს გზავნილებმა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 9 % შეადგინა. წინა წლებს თუ შევადარებთ, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 5 % იყო. გზავნილების მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა კოვიდის დროს, მაშინ, როდესაც საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დრამატულად შემცირდა.
ფულადი გზავნილები ექსპორტის შემდეგ უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყარო გახდა ქვეყანაში. ეს მიანიშნებს ემიგრანტების როლზე ქვეყნის ეკონომიკისთვის, უცხოური ვალუტის შემოდინებისთვის და ცალკეული შინამეურნეობების ეკონომიკური გადარჩენისთვის თუ პირობების გაუმჯობესებისათვის,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.
მკვლევრის თქმით, ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი იხარჯება პირველად საჭიროებებზე, როგორიც არის საკვები, კომუნალური გადასახადები, ტანსაცმელი და, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს შინამეურნეობების მდგრადობას.
2016 წლის მონაცემებით, ემიგრანტთა მხოლოდ 7% ახერხებს დანაზოგის გაკეთებას, უძრავი ქონების შეძენას ან ბიზნესის აწყობას. დანაზოგის ვერ გაკეთება კი ახანგრძლივებს ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს.
„მიჩნეულია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის ემიგრაცია, რომელსაც განათლების მაღალი დონე აქვს და ადამიანური კაპიტალის უფრო მაღალი მახასიათებლები, შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს.
დაბალი კვალიფიკაციის მქონე მშრომელების ემიგრაცია, ნაკლებ გავლენას მოახდენს ამ თვალსაზრისით.
რთულია იმაზე საუბარი, რა სახის ემიგრაციით ხასიათდება ამ შემთხვევაში საქართველო – მაღალკვალიფიციური კადრების გადინება ხდება უფრო თუ დაბალკვალიფიციურის. მეტ-ნაკლებად თანაბრად არის გადანაწილებული,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.
უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში საქართველოში მიგრაციული სალდო დადებითი ერთადერთხელ იყო – 2020 წელს, როცა ქვეყანაში 15 732 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე წავიდა.
საქართველოს მიგრაციის 2021 წლის პროფილის დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის მაჩვენებელზე დიდი გავლენა იქონია „COVID19-ის პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა გადაადგილების შეზღუდვებმა“.
რა ევალება სახელმწიფოს და როგორ შეიძლება შეჩერდეს მიგრაციის ტემპი
ყველა, ვინც მიგრაციის მიზეზებს სწავლობს, ამბობს, რომ აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სამუშაო ადგილები, სადაც მოქალაქეები ღირსეულ შრომით ანაზღაურებას მიიღებენ.
„ღირსეული ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მისცემს შესაძლებლობას ადგილობრივებს, რომ აქ დასაქმდნენ. პირველ რიგში, ეს იქნება ყველაზე რეალური რამ, რამაც შეიძლება მიგრაციის პროცესი შეანელოს, რადგანაც წასვლის ძირითადი მიზეზი კვლავ არის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.
მეკო ჩაჩავა ფიქრობს, რომ მიგრაცია მხოლოდ უარყოფით კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. რადგან გარდა ფულადი გზავნილებისა, ემიგრაციაში წასულებმა შეიძლება აიმაღლონ კვალიფიკაცია. შემდგომ უკვე ამ კადრების სწორად გამოყენება კი იქნება ქვეყნის ამოცანა.
„აუცილებელია ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის სწორი დაგეგმვა და მისი მართვა. მიგრაციის პოტენციალის სრული გამოყენება დადებითად აისახებოდა ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ განვითარებაზეც.
ამიტომაა მნიშვნელოვანი ქვეყანას სწორი პოლიტიკა ჰქონდეს და ხელი შეუწყოს მიგრანტების პოტენციალის გამოყენებას ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისათვის.
ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რიგი ნაბიჯები გადადგმულია. არსებობს საკოორდინაციო საბჭოები, პოლიტიკის დოკუმენტები. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმისათვის გადაიდგას რეალურ შედეგებზე გათვლილი ნაბიჯები,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.
ბათუმში, გორგასლის #59/61- ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში, ბელეტაჟებს ანგრევენ. აქ ბელეტაჟების ნაცვლად 19 სართულიანი მრავალბინიანი კორპუსი უნდა ააშენონ, მათ შორის ერთი – მიწისქვედა სართულით.
მშენებლობას შპს „თაუერ ჯგუფი გორგასალი“ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში გეგმავს.
კომპანიის 67 პროცენტი ეკუთვნის „ოცნების“ ერთგულ მხარდამჭერს, სულიკო ჭყონიას.
2016 წლიდან დღემდე სულიკო ჭყონიამ „ოცნებას“ სოლიდური თანხა ექვსჯერ შესწირა, ერთხელაც – „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. ჯამში მისი შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 250 000 ლარია.
ბოლოს სულიკო ჭყონიამ „ოცნებას“ ოთხი დღის წინ, 2023 წლის 10 ნოემბერს, 60 000 ლარი შესწირა.
ბათუმი. გორგასლის 59ბათუმში ბელეტაჟებს ანგრევენ
კომპანიამ გორგასლის #59/61-ში მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო, შესაბამის ბრძანებას ხელი მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 8 სექტემბერს მოაწერა. ბრძანებაში მითითებულია, რომ მერი დაეყრდნო სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც „ავარიული სახლების პროგრამაში“ ერთგვარი მაკონტროლებლის ფუნქციის მიზნით დაამატეს.
კანონის ახალი ვერსიის თანახმად, მერი ვალდებული იყო შეექმნა სათათბირო საბჭო, რომელთანაც ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებულ სამშენებლო პროექტებს, მათთვის K2 კოეფიციენტის გაზრდის ან სხვა ცვლილებების დაშვების შესაძლებლობას განიხილავდა.
წესის თანახმად, მერი დადებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუ სათათბირო საბჭო დადებით რეკომენდაციას გასცემს. ამ საბჭოს შექმნის წესი საკრებულომ პროტესტის ფონზე დაამტკიცა, რადგან საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ შეიყვანეს.
მერის გადაწყვეტილებით, სათათბირო საბჭოს მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა რამიშვილი ხელმძღვანელობს.
ამ საბჭოს წევრები არიან: ზაურ ახვლედიანი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; ნუგზარ ძნელაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი; ნათია ბურძგლა – მერიის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის სპეციალისტი; ზვიად ბურჭულაძე – არქიტექტორთა კავშირის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, შპს „თაურ ჯგუფი გორგასალმა“ ავარიული სახლების პროგრამით დაშვებული შეღავათების შესაბამისად K2 კოეფიციენტის 12,5-მდე გაზრდა, განაშენიანების კოეფიციენტის K1=0,7-მდე და გამწვანების კოეფიციენტის 0,1-მდე შემცირება მოითხოვა.
დოკუმენტების მიხედვით, 19-სართულიანი კორპუსის მთლიანი სამშენებლო მოცულობა 28 000 კვ.მეტრია. მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 17 600 კვ. მეტრი იქნება.
აქ ნაჩვენებია ფართობების გადანაწილება ფუნქციური დატვირთვის მიხედვით.
სამშენებლო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, გორგასლის #61-ში ერთსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კომპანია მერიას წერს, რომ ძეგლი შეისყიდა და მის აღდგენას გეგმავს.
სპეციალისტები წერენ, რომ ეს ერთსართულიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ეკლექტური რენესანსისთვის სახასიათო ფასადებით გამოირჩევა:
„ორი ქუჩის კვეთაზე განთავსებული ერთსართულიანი სახლი 1905 წელს არის აშენებული. შენობა ბათუმური საცხოვრებელი სახლის საინტერესო ნიმუშია. ის თავისი მასშტაბითა და ეკლექტური რენესანსისთვის სახასიათო ფასადებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორი ქუჩის როგორც სივრცითი ორგანიზების, ისე არქიტექტურული სახის შექმნაში. დატვირთვის თვალსაზრისით შენობის მდებარეობა მოხერხებულია, თუმცა პრობლემურია ავტოსადგომის მოწყობა“.
აქ 19-სართულიანი კორპუსი უნდა ააშენონ
ნებართვის მისაღებად კომპანიამ მერიას წარუდგინა ოფიციალური ინფორმაცია, რომ სააგენტო უახლოეს მომავალში არ გეგმავს ამ შენობის რესტავრაციას და შეუძლია ეს საქმე თავად შეასრულოს:
„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, სააგენტოსთან შეთანხმებით და სანებართვო საბუთით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ჩასატარებელი ადაპტაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებაზე“, – წერს სამშენებლო კომპანია მერიას.
სააგენტოს წერილი, რომელიც კომპანიამ მერიას წარუდგინა
ამ დროისთვის არ ვიცით, რაზე შეუთანხმდა კომპანია სააგენტოს: სრული რეაბილიტაცია იგეგმება, თუ რესტავრაციის პროექტი ამჯერადაც მხოლოდ ფასადის შენარჩუნებას გულისხმობს – ეს ტენდენცია ბათუმში ბოლო წლებში დაამკვიდრეს.
კომპანიამ მერიას ოფიციალურად აცნობა ასევე, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული სახლების მდგრადობა შეისწავლა და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მათი აღდგენა რთული და არარენტაბელური იქნებოდა.
სამშენებლო მიწის ნაკვეთირენდერი
დოკუმენტების მიხედვით, ახალი კორპუსი მრავალფუნქციურია და აქ როგორც საცხოვრებელ ბინებს, ასევე აპარტამენტებს მოაწყობენ. შენობას ექნება 2 მაღალი კომერციული სართული, მე-16 სართულის ჩათვლით საცხოვრებელი, ხოლო უფრო მაღალ სართულებზე აპარტამენტები. ბოლო სართულზე პენტჰაუსის მოწყობას გეგმავენ.
შენობის სიმაღლე 70 მეტრი იქნება.
კომპანიის ეკონომიკური გათვლა
კომპანიამ მერიას სამშენებლო პროექტის ეკონომიკური დასაბუთებაც წარუდგინა – გათვლები 2022 წელს დოლარშია მომზადებული. ამ გათვლების მიხედვით, კომპანია კორპუსის რეალიზაციის შემდეგ 3-მილიონიან მოგებას ვარაუდობს. იმის გათვალისწინებით, რომ სარეალიზაციო ფასების გრაფაში, უძრავი ქონების გასული წლის ფასებთან შედარებით, გაცილებით დაბალი ფასები მიუთითა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სინამდვილეში მოგება გასამმაგდება.
ცხადია, გასათვალისწინებელია ბაზარზე სამშენებლო მასალების ფასების გაძვირებაც.
კომპანიის ინფორმაციით, 1 კვ.მეტრი ფართობის მშენებლობა დღგ-ს გარეშე 210 დოლარი უჯდება. ჯამში კი, მშენებლობის ხარჯი 5 მილიონ 797 260 დოლარია. კომპანიამ ასევე მიუთითა, რომ 2 მილიონი დოლარი უჯდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებისთვის გადასაცემი ფართობი და მათი იჯარის ხარჯები.
კომპანიას მითითებული აქვს, რომ აქ 1 კვ.მეტრის სარეალიზაციო ფასი 700 დოლარია. ეს არარეალური ფასია იმ ადგილისთვის, სადაც მშენებლობას გეგმავენ.
ამონარიდი მერიაში წარდგენილი დოკუმენტიდან
„თაუერ ჯგუფი გორგასალი“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა, დირექტორი და 33 პროცენტის მფლობელი ირაკლი ემირიძეა. კომპანიის 67 პროცენტს კი სულიკო ჭყონია ფლობს.
2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საქართველოში იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა წლიურმა შემოსავალმა ჯამურად 100 ათას ლარს გადააჭარბა, 4 037-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით.
შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წელს 16 188 პირმა წარადგინა დეკლარაცია, რომელთა შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტი იყო; 2023 წელს კი, ამ შემოსავლის მქონე 20 225-მა პირმა წარადგინა დეკლარაცია.
ამავე მონაცემებით, გაზრდილია იმ პირთა რაოდენობაც, რომელთა შემოსავალმა წლის განმავლობაში 40 ათასიდან 100 ათასამდე ლარი შეადგინა [2022 წელს ასეთი შემოსავლის მქონე 51 581-მა პირმა წარადგინა დეკლარაცია, 2023 წელს კი – 62 811-მა პირმა.]
რაც შეეხება იმ პირებს, რომელთა შემოსავალი 40 ათას ლარზე ნაკლებია, მათი რაოდენობა 10 695-ით არის შემცირებული.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, „ინფორმაცია მომზადებულია 2022-2023 წწ. საგადასახადო პერიოდზე წარმოდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით“.
2023 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურში ქონების გადასახადის დეკლარაცია 366 706-მა პირმა წარადგინა. დარიცხულმა ქონების გადასახადმა კი 84 489 056 ლარი შეადგინა.
„ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ: საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ.
წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს.
ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია.
საგადასახადო ორგანო ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში პროგრამულ დარიცხვას ახორციელებს პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში.“ – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.
ბათუმში, მე-13 საჯარო სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე, ათამდე ქართველი მოსწავლე, 3 უკრაინელ მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვებს, როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის მშობელი ამბობს, სახეზე აღენიშნებათ დალურჯებები.
შემთხვევა ბათუმში, 9 ნოემბერს, პარასკევ დღეს მოხდა, დაახლოებით 15:30 წუთზე, სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე.
„ჩემი შვილი სამ თანაკლასელთან ერთად სკოლიდან მოდიოდა, როცა ავტობუსის გაჩერებაზე ერთი მოზარდი მიუახლოვდა და სიგარეტი სთხოვა. როცა უთხრეს, რომ სიგარეტი არ ჰქონდათ, შემდეგ ფული მოსთხოვეს. ბავშვებს არც ფული ჰქონდათ და ვერ მისცეს.
ამის შემდეგ ის ბიჭი წავიდა და მოიყვანა სხვა ბიჭები, დაახლოებით ათამდე იყვნენ და ჩვენ ბავშვებს ცემა დაუწყეს.
ერთს ძალიან შეეშინდა და ავტომანქანების უკან დაიმალა, 12-13 წლის ბავშვებია ნაცემი, ჩემს შვილსაც სახეში ურტყეს და დანარჩენებსაც – ყურის არეში აქვთ დაზიანებები. მეოთხე დღეა სტკივა სახის მარჯვენა მხარე და აქვს დალურჯებებიც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთი-ერთი დაშავებული უკრაინელი ბავშვის მშობელი ლილია ლისენკო.
როგორც მშობელი ამბობს, ინციდენტის შემდეგ მათ სკოლის დირექტორი დაუკავშირდა და იმავე დღეს განცხადებით მიმართეს პოლიციის განყოფილებას.
„პოლიციას ჩვენება მივეცით, როგორც დაზარალებულმა ბავშვებმა, ასევე ყველა მშობელმა. დაგვპირდნენ, რომ ორშაბათს დაგვიკავშირდებოდნენ და საქმის მსვლელობის შესახებ მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას, თუმცა არავინ დაგვკავშირებია.
დირექტორი ამბობს, რომ ეს არ არის მარტივი პრობლემა, მანდატური კი საქმეში არ ჩარეულა.
ჩხუბის მეორე დღეს, ჩემს შვილს კიდევ დახვდა ერთი მოზარდი, მოსთხოვა სიგარეტი და ისევ წაეძიძგილავა. ჩემი შვილი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, ამიტომ აღარ აპირებს სკოლაში სიარულს. ის მოზარდები სულ იქ არიან“, – გვეუბნება დაზარალებული ბავშვის დედა.
„ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს როგორც მე-20, ასევე მე-13 საჯარო სკოლების დირექტორებს.
რაც შეეხება შს სამინისტროს, როგორც „ბათუმელებს“ ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს, არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ ძალადობას.
ბათუმში 900-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი სწავლობს. ისინი საქართველოში 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. ლტოლვილი ბავშვებისთვის უკრაინული სექტორები ბათუმის მე-20 და მე-13 საჯარო სკოლებში გაიხსნა. დაზარალებული ბავშვებიც ამ სკოლებში სწავლობენ.
გთავაზობთ ინტერვიუს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ დირექტორთან ნინო მახაშვილთან
ნინო მახაშვილი
რა არის „კლუბი სინერგია“?
ნინო მახაშვილი: „კლუბი სინერგია“ – ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისი, რომელიც დაახლოებით ოთხ წელიწად-ნახევრის წინ შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ამჯერადაც კლუბი ისევ ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. პროექტი, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, მიმართულია დანაშაულისა და ადიქციის პრევენციისკენ. აი, ამ ფარგლებში მუშაობს „კლუბი სინერგია“, რადგანაც ვიცით, რომ ადიქტური ქცევები თითქმის მუდმივად გადაჯაჭვულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.
ეს არის უფასო სერვისი ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის პრობლემები აქვთ. ეს ნიშნავს, რომ 14-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანები – მოზარდები და „ახალგაზრდა უფროსები“ იღებენ მაღალკვალიფიციურ დახმარებას – ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისს, როდესაც აქვთ, ვთქვათ, ისეთი მცირე პრობლემა (თუმცაღა სერიოზული), როგორიცაა უძილობა ან ისეთი რთული პრობლემა, როგორიცაა დეპრესიული მდგომარება, რომელიც, მაგალითად, გართულებულია პოსტტრავმული სტრესული აშლილობით.
ბავშვთა და მოზარდთა ასაკი უაღრესად მოწყვლადი ასაკია. ჩვენ ვიცით, რომ 24 წლამდე ჩვენი (ფსიქიკური ჯანმრთელობის) აშლილობების 2/3-ზე მეტი უკვე ჩამოყალიბებულია. ანუ 24 წლამდე თუ ჩაერევი, მართვის სადავეები შენ გიპყრია, არ ახანგრძლივებ, არ აქრონიკულებ მდგომარეობას. ამიტომაც ავირჩიეთ ეს ასაკი.
სერვისი არის პრევენციული, რომელიც ცდილობს ნაადრევად ჩაერიოს და შეაჩეროს, შეარბილოს პრობლემის მიმდინარეობა. ამავე დროს, სერვისს შეუძლია გაუწიოს დახმარება იმ ადამიანებს, რომელთაც უკვე გარკვეულად პრობლემური მდგომარეობა აქვთ. პრევენციულ-ინტერვენციულ სერვისს ვეძახით ასეთ სერვისს და „კლუბი სინერგია“ სწორედ ამ პარადიგმაზე დგას.
„კლუბი სინერგიას“ გუნდი
ნინო მახაშვილი: ვინ არიან ადამიანები, ვინც აქ მუშაობენ? – ესენი არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. რადგან ჩვენ ბიოფსიქოსოციალურ მიდგომას მივყვებით, აქ გვყავს ექიმი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, მათ შორის ფსიქოტრავმატოლოგები, გვყავს სოციალური მუშაკები, ადიქტოლოგები.
აქ არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები და ასევე, სპეციალისტები სხვა უნივერსიტეტებიდან. ყველა მათგანი 2018 წლიდან ინტენსიური ტრენინგების „სუბიექტია“, ჩვენ ეს ტრენინგები ადგილობრივი ექსპერტების დახმარებითაც ჩაგვიტარებია, მაგრამ უმეტესად გერმანელი და ბრიტანელი ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტები წრთვნიან მათ. ფაქტობრივად, სერვისი დგას ევროპულ სტანდარტებზე. ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ ამოიცნონ და მართონ ის პრობლემები, რითაც ჩვენთან მოდიან ახალგაზრდები.
გარდა იმისა, რომ ვცდილობთ ვიმუშაოთ მაღალი სტანდარტებითა და ევროპული მეთოდოლოგიით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენივე პერსონალის კეთილდღეობაზე და ეს ხდება სუპერვიზიებისა და ინტერვიზიების მეშვეობით: ეს არის გამოცდილი ექპერტების მიერ რთული შემთხვევების გარჩევა გუნდშიც და ინდივიდუალურადაც. გუნდის სუპერვიზიის შემთხვევაში, გუნდის წევრებიც ჩართულები არიან განხილვაში და ეცნობიან, როგორ შეიძლება გართულებული მდგომარეობის მართვა, ხოლო ინდივიდუალური შეხვედრისას – მიდის მუშაობა არა მხოლოდ კლიენტის, არამედ თავად თერაპისტის პრობლემებზეც, რადგანაც, როდესაც ესეთ რთულ ემოციურ და ქცევით მდგომარეობასთან გაქვს საქმე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტიც პროფესიული გადაწვის წინაშე შეიძლება დადგეს.
მუდმივად ვზრუნავთ მეთოდოლოგიის დახვეწაზე, ეს არის ძალიან ცოცხალი სამსახური, ბევრი ახალგაზრდით, მოწადინებული, მოტივირებული ადამიანებით. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესის ნაწილი ვარ.
კლუბი სინერგია
სერვისის უპირატესობა
ნინო მახაშვილი: „კლუბი სინერგიას“ საშუალო კურსი 12-კვირიანია, თუმცა არის მდგომარეობები, რიმლებიც 2-3 სესიაში ამოიწურება და ახალგაზრდა სერვისიდან მიდის; არის მდგომარეობები, რომლებსაც გაცილებით ხანგრძლივი თერაპია სჭირდება. სერვისის ეფექტურობის განსაზღვრისთვის ვაფასებთ ადამიანების მდგომარეობას, როდესაც შემოდიან და როდესაც გადიან სერვისიდან. მივყვებით სამი თვის განმავლობაში და ვაფასებთ დინამიკას.
ჩვენი კონსულტანტები და თერაპევტები მუშაობენ ინდივიდუალურად და ჯგუფურადაც. „კლუბი სინერგია“ დაფუძნებულია მეთოდოლოგიაზე, რასაც ჰქვია შემთხვევების მართვა, როდესაც მთელი გუნდი ახალგაზრდა ადამიანის პრობლემებისა და საჭიროებების მოგვარებაზე ზრუნავს.
ჯგუფური თერაპიები ტარდება ე.წ. ტრანსდიაგნოსტიკური მიდგომით, რაც გულისხმობს არა დიაგნოზზე ორიენტირებულ მიდგომას, არამედ აქცენტი კეთდება იმ პროცესებზე, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს გასდევს, მაგალითად, ემოციური დისრეგულაცია, ბრაზის მართვა, ინტერპერსონალური სირთულეები. ანუ „კლუბ სინერგიას“ აქვს სოციალური კომპეტენციის ჯგუფური შეხვედრები და ბევრი სხვა შეხვედრა, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ, ის უნარ-ჩვევები აითვისონ, რაშიც პრობლემა აქვთ, გაივარჯიშონ და შემდეგ ცხოვრებაში გამოიყენონ.
კლუბის კონცეფცია
ნინო მახაშვილი: ჩვენი კლუბი იმის გამო, რომ უფასო სერვისია და ამასთან, ვფიქრობ, დიდი პოპულარულობით სარგებლობს, სამწუხაროდ, დიდი მოცდის რიგით ხასიათდება. ამჟამად, მაგალითად, 200-ზე მეტი ადამიანი ელოდება სერვისში ჩართვას.
ჩვენ გვაქვს ორი ოფისი – სინერგია თბილისი და სინერგია ბათუმი. ორივე ოფისი იმისთვის, რომ შევამციროთ სტიგმა და უფრო „შინაურული’ გავხადოთ გარემო, ოჯახის ტიპის ბინაში მდებარეობს. ეს არის ჩვენი კონცეფცია – არ გვქონდეს კლინიკა, არ გვეცვას ხალათი; გვინდა, ადამიანი შემოდიოდეს და ბარიერი არ იგრძნოს სერვისის მიღების დროს. აქ მოზარდს შეუძლია ითამაშოს, ჩაი დალიოს, თავის პრობლემაზე ისაუბროს. მან იცის, რომ სერვისი ანონომურია. ერთადერთი პირობა, რასაც ჩვენ მომხმარებელს, ბენეფიციარს, კლიენტს, პაციენტს ვუყენებთ, არის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ამ დოკუმენტში აღწერილია, რას ვთავაზობთ, რამდენ სესიას, როგორ ვიცავთ კონფიდენციალობას, მათი პასუხისმგებლობა რა არის და ა.შ. ყველა მომხმარებელი კოდირებულია სისტემაში, ანონიმურობა დაცულია, ვერავინ ნახავს მათ სახელსა და გვარს.
ჩვენ ვთავაზობოთ სერვისს არა მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც, ძალიან ხშირია მშობლების ან და-ძმის ჩართვა; მოდიან ოჯახის წევრები, მეგობრებიც კი. ახლა, მაგალითად, ახალი ჯგუფი შევქმენით, როდესაც ჩვენმა კლიენტმა თავისი მეგობრები მოიყვანა.
„დაბალი ზღურბლი“ – ასეთი სერვისი გვაქვს, ანუ სერვისი ზედმეტი ბარიერების გარეშე. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ, რადგან ვმუშაობთ პრევენციაზე, ანუ ჩარევაზე, რომ პრობლემები არ განვითარდეს, დამძიმდეს და გახანგრძლივდეს; გვაქვს ფეისბუქგვერდი, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერ რეკომენდაციებს გავცემთ, გვაქვს საინფორმაციო კამპანიები, სკრინინგ-პროგრამები. ცნობიერების დონეს ვზრდით, ვცდილობთ, რომ საზოგადოებისთვის ვიყოთ ინტერაქტიულები და გახსნილები.
„კლუბი სინერგიას“ სამიზნე ჯგუფები და მომართვიანობა
ნინო მახაშვილი: ჩვენ გვაქვს მომხმარებელთა მონაცემთა ბაზა, რომელსაც მუდმივად ვაანალიზებთ. ანალიზი აჩვენებს, რომ 40%-ზე მეტი არის თვითდინებით მოსული. ანუ თვითმომართვიანობა ძალიან მაღალია. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა თაობამ რაღაცნაირად იცის ან აინტერესებს საკუთარი თავის შეცნობა. ასე მგონია, ამაზე მაღალი მისია არც არსებობს.
თუმცაღა, ჩვენ გვყავს მოზარდები, რომლებიც გამოგზავნილნი არიან განრიდებისა და პრობაციის პროგრამით, გვყავს მოზარდები, რომლებსაც „სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს“ ვეძახით – ეს არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო სახლების მოზარდები, ასევე გვყავს დევნილი მოზარდები, ანუ ე.წ „რისკის ჯგუფის“ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც პრევენციული ხასიათის ჩარევები ძალიან ადგებათ და ვხედავთ კიდევაც, რომ ეფექტურია. როდესაც ვაანალიზებთ მონაცემებს – არა მარტო კლინიკურ სიმპომატოლოგიას, არამედ ამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცხოვრებით კმაყოფილებას, ვხედავთ აშკარა გაუმჯობესებას. ანუ სახეზეა სიმპტომების კლებასთან ერთად თვითკმაყოფილებისა და თვითრეალიზაციის გაუმჯობესება.
მნიშვნელოვანია, რომ „კლუბი სინერგიას“ მანდატის შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალგაზრდებს, ვისაც აქვთ დეპრესიული სიმპტომატიკა, ან შფოთვითი აშლილობა, ადიქტური ქცევები, დანაკარგი, ტრავმა ან ადაპტაციის სირთულეები. არ ვმუშაობთ ახალგაზრდებთან ფსიქოტური ეპიზოდებით, ან ადამიანებთან ნეიროგანვითარების დარღვევებით, ვთქვათ, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან.
კვლავ გავიმეორებ, რომ ჩვენ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობების მართვასთან ერთად, ვახორციელებთ პრევენციულ პროგრამებსაც. საქართველოში მოზარდთა პრევენციული სერვისები არ არსებობს და ამ მხრივ, ვფიქრობ, უნიკალურები ვართ.
ვერ ვიტყვი, რომ სკოლები გვიკავშირდებიან. მოგეხსენებათ, სკოლებს აქვთ ფსიქოლოგიური სერვისი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქოლგის ქვეშ არის. ეს ფანტასტიურია იმიტომ, რომ ბავშვთა და მოზარდთა სერვისები ქვეყანაში უაღრესად მცირე რაოდენობითაა, ფრაგმენტირებულია.
ასე რომ, სკოლებიდან ოფიციალური მომართვიანობა ნაკლებია, მაგრამ ჩვენ თავად ვცდილობთ შესვლას და მუშაობას როგორც მოსწავლეებთან, ასევე მასწავლებლებთან. მაგალითად, ძალიან ბევრი მუშაობა გავწიეთ ზემო აჭარის სკოლებში და ეს იყო ძალიან მადლიანი საქმე. ვცდილობთ მცხეთა-მთიანეთის სკოლებში შესვლას და იქ სატრენინგო ჯგუფური მუშაობის წარმართვას იმისთვის, რომ ბავშვებს მიეცეთ ცხოვრების განმავლობაში აუცილებელი უნარები, მაგალითად, პრობლემის გადაჭრის ჩვევები, მედეგობის გაზრდის უნარები და სხვ.
მინდა ვთქვა, რომ ბევრი წინწასული ქვეყანა აუცილებელ ექსტრაკურიკულუმურ აქტივობებად სახავს ემოციის რეგულაციისა და კონფლიქტის მართვის სწავლებას. ჩვენთვის ეს ჯერ კიდევ ფუფუნებაა და ვცდილობთ, ამ პროექტის ფარგლებში, მივაწოდოთ ქართველ მოქალაქეებს ეს უნარ-ჩვევები. ამისთვის დიდი მადლობა ევროკავშირს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ რუსეთთან ომის შემდეგი წელი გადამწყვეტი იქნება.
„ახლოვდება გარდამტეხი მომენტი ომში. შემდეგი წელი იქნება გადამწყვეტი“, – აცხადებს ერმაკი, რომელსაც უკრაინული მედია ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად მიიჩნევს.
როგორც ერმაკი ამბობს, უკრაინის კონტრიერიში გრძელდება, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის, გამარჯვებას როგორ მიაღწიოს. დასავლელ პარტნიორებს ერმაკი მოუწოდებს, დამატებითი სანქციები დაუწესონ რუსეთს, უკრაინას კი მეტი შეიარაღება მიაწოდონ.
ფრონტზე ამჟამინდელ ვითარებაზე ამერიკელ კოლეგას ესაუბრაუკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი. მან აღნიშნა, რომ ავდიივკას, კუპიანსკის და მარინკას მიმართულებებზე რთული, თუმცა კონტროლირებადი სიტუაციაა.
ზალუჟნიმ ცოტა ხნის წინ „ეკონომისტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ ომი ამჟამად ჩიხშია შესული და სერიოზული წინსვლისთვის არც ერთ მხარეს საკმარისი რესურსები და შესაძლებლობა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 18 პირი დააკავა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 18 პირი დააკავეს თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში.
შს სამინისტროს ცნობით, ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1970 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „იავა“), 1994 წელს დაბადებული გ.დ., 1978 წელს დაბადებული ი.ა. (მეტსახელად „კოტო“), 1960 წელს დაბადებული გ.ნ..
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ნ.გ. (მეტსახელად „ლოპე“), 1985 წელს დაბადებული ბ.გ., 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1996 წელს დაბადებული ლ.შ., 1960 წელს დაბადებული შ.თ. (მეტსახელად „ხასიკო“).
„კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული პ.შ., 1970 წელს დაბადებული მ.თ., 1992 წელს დაბადებული ლ.თ., 1978 წელს დაბადებული რ.ა., 1974 წელს დაბადებული ვ.ხ. (მეტსახელად „ბულალა“), 1973 წელს დაბადებული მ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ.ც.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და „კანონიერი ქურდების“: რუსლან გეგეჭკორის, თენგიზ ხოფერიას, ჯეირან კინწურაშვილის, რევაზ მორჩილაძისა (მეტსახელად „პიტკინა“) და პაატა ბაქრაძის დავალებით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.
„ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „კანონიერი ქურდების“ მითითებებს, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, ფული, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“ – იუწყება შსს.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
___________
ფოტოზე: სპეცოპერაციის ამსახველი კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 2.7 მილიონი არარეზიდენტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 19.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ტურისტთა უდიდესი ნაწილი, 42.5 პროცენტი, 31-50 ასაკის მოგზაური იყო.
„აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.3 მილიონი შეადგინა, რაც 21.0 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე,“ – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
საქსტატის განმარტების თანახმად, ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 571.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი (498.9 ათასი) 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი (339.0 ათასი) 12.9%-იანი წილით.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ვიზიტისას ვიზიტორებმა 4.8 მილიარდი ლარის ხარჯი გაწიეს, რაც 7.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 11.3 პროცენტით შემცირდა და 2 105.8 ლარი შეადგინა.
საფრანგეთის სენატმა 200 ხმით 136-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც შესაძლოა შეიზღუდოს სახელმწიფო ჯანდაცვაზე არალეგალი მიგრანტების ხელმისაწვდომობა.
კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანია გაუქმდეს სახელმწიფო სამედიცინო დახმარება, რაც არალეგალ მიგრანტებს ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.
მედიის ცნობით, თავიდან აღნიშნულ კანონპროექტს მხარს მხოლოდ საფრანგეთის კონსერვატიული პარტია უჭერდა, დებატები მიმდინარეობდა მემარჯვენეებს შორისაც, ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი, ოლერენ რუსო, ამ შეთავაზების წინააღმდეგ გამოვიდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარ დარმენენის განცხადებით, ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მექანიზმისთვის საფრანგეთი 1.14 მილიარდ ევროს ხარჯავს ყოველწლიურად. მინისტრის შეფასებით, ეს ეკონომიკურად არამდგრადი მოცემულობაა.
კანონპროექტი შეიცავს სხვა ისეთ ცვლილებებსაც, როგორიცაა: ფრანგული ენის მინიმალური ცოდნა ბინადრობის უფლების მისაღებად, ოჯახის გაერთიანების წესების გამკაცრება და არალეგალი მიგრანტების დაბრუნება მათი წარმოშობის ქვეყანაში.
კანონპროექტს აკრიტიკებს გაეროს ბავშვთა ფონდი – UNICEF-ი. ორგანიზაციის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით არასრულწლოვანების, ბავშვების გაძევება და მათი დაცვის შესუსტება ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას, რომლის ხელმომწერიც საფრანგეთია.
კანონპროექტის ბევრ მოწინააღმდეგეს მიაჩნია, რომ ოჯახების გაყოფა და თავშესაფრის მაძიებელთა შეზღუდვა ვერ მოაგვარებს საფრანგეთის სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემებს.
კანონპროექტს, რომელშიც შესწორებები უნდა შევიდეს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა დეკემბერში განიხილავს.
ამავე დროს, france24-ის ცნობით, ფრანგი ექიმები აცხადებენ, რომ „არ დაემორჩილებიან“ კანონპროექტს, რომელიც ართმევს უსაბუთო მიგრანტებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას.
კერძოდ, france24-ის ინფორმაციით, შაბათს, 11 ნოემბერს, ჯანდაცვის დაახლოებით 3 500-მა მუშაკმა ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც პირობა დადეს, რომ „გააგრძელებენ უსაბუთო პაციენტების უფასოდ მკურნალობას მათი საჭიროებიდან გამომდინარე, ჰიპოკრატეს ფიცის შესაბამისად“.
ომის შესწავლის ინსტიტუტის [ISW] 13 ნოემბრის შეფასებით, რუსულმა ძალებმა ავდიივკას მიმართულებით წინსვლა მოახერხეს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 10 ნოემბრის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსული ძალები ქალაქ სტეპოვეს აღმოსავლეთ მისადგომებთან მივიდნენ. ეს ქალაქი ავდიივკასგან ჩრდილოეთით, სამი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
ორგანიზაციის ანალიტიკოსთა შეფასებით, სწორედ ავდიივკას მიმართულებაა ახლა პრიორიტეტი რუსული სამხედრო ხელმძღვანელობისთვის. ამავე დროს, ანგარიშში მოყვანილია უკრაინული გენერალური შტაბის ცნობები რუსული ძალების არაერთ წარუმატებელ იერიშზე ავდიივკას მიმართულებაზე.
ავდიივკა აღმოსავლეთის ფრონტზე ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ქალაქია. ბრიტანეთის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ავდიივკას აღებისთვის გადადგმული ნაბიჯები, თავისი მასშტაბით, რუსეთის ყველაზე დიდი შეტევითი ოპერაციაა, სულ მცირე, 2023 წლის იანვრის შემდეგ. მათი შეფასებით, უკრაინის მიერ ამ პუნქტის კონტროლი წინ უდგას რუსეთის მიზანს, დაიკავოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები.
„ბიბისის“ სამხედრო კორესპონდენტის, პალევ აქსიონოვის თქმით, ავდიივკის აღება ფრონტის ხაზს დონეცკიდან მოშორებით გადაწევდა [რუსული „ტვ-ცენტრი“ აღნიშნავს, რომ ავდიივკის სიმაღლეებიდან დონეცკზე დარტყმაა შესაძლებელი] და ამასთან ერთად, აღარ იქნებოდა ფრონტის ამ მონაკვეთზე შეჭრილი რუსეთის თავდაცვითი ხაზის სიღრმეში. სხვა ყველაფერთან ერთად, დიდ თავდასხმას უკრაინის ყურადღება გადააქვს ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან – აღნიშნავს აქსიონოვი.
ISW-ის ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ამინდის გაუარესებას გავლენა აქვს საბრძოლო მოქმედებების ხასიათსა და ინტენსივობაზე, თუმცა ამინდი ამ ეტაპზე ოპერაციების ჩატარებას სრულიად შეუძლებელს ვერ ხდის.
უკრაინის სახმელეთო ძალების პრესსპიკერი ვოლოდიმირ ფიტიო ამბობს, რომ წვიმის შედეგად ატალახებულ ნიადაგზე სახმელეთო მანევრების ჩატარება გართულებულია. უკრაინის სამხრეთის ოპერატიული ხელმძღვანელობის სპიკერი კი აღნიშნავს, რომ რუსული ავიაცია ნაკლებად აქტიურობს სწორედ ამინდის გაუარესების გამო.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ამინდის გაუარესება ხელს შეუშლის და შეანელებს მხარეთა ოპერაციებს, მაგრამ სრულიად ვერ შეაჩერებს საბრძოლო მოქმედებებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ევროკავშირი ვერ მოახერხებს თავისი დანაპირების შესრულებას და უკრაინისთვის 2024 წლის მარტამდე მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემას, იტყობინება„ევროპეისკა პრავდა“.
კულებას თქმით, „ბლუმბერგის“ სტატია მილიონი ჭურვის ვერგადაცემაზე სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ეს გამოწვეულია არა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური ნების ნაკლებობით, არამედ ბლოკის წევრთა თავდაცვითი წარმოების ცუდი მდგომარეობით და „ძალიან ბევრი ბიუროკრატიით“.
უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს პრობლემების მოსაგვარებლად და ხაზი გაუსვა, რომ კიევი, მართალია, აფასებს ბრიუსელის მხარდაჭერას, მაგრამ მაინც შეეცდება, დააჩქაროს მოკავშირე. „იმიტომ, რომ თვალწინაა უკრაინელი ქვეითი და მას ჭურვები სჭირდება“, – ამბობს იგი.
ოქტომბრის ბოლოსთვის, ლიეტუვის საგარეო უწყების ცნობით, ევროკავშირმა 300 ათასი ჭურვი გადასცა უკრაინას. მილიონი ჭურვის ერთი წლის განმავლობაში გადაცემის პირობა ევროკავშირმა 2023 წლის მარტში დადო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ნოემბრის 21 საათიდან 15 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით ზოგან წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 18 – 23 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 16-17 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი.
შეუთავსე შენი კომპეტენცია დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს და შეიძინე ახალი თეორიული და პრაქტიკული უნარები!
სასწავლებელში „გოლდენ სიი“ ახალი ნაკადის მიღება იწყება და ის თავის 50-მდე პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, შენი კარიერული წინსვლისთვის, გთავაზობს ცოდნისა და უნარების განვითარებას შემდეგ მიმართულებებზე:
დღეს, 14 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბათუმში სპეცოპერაციას ატარებენ. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი.
სპეცოპერაცია გრძელდება. შსს სპეცოპერაციას აჭარის რეგიონში ატარებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 313 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
ტანკი – 5 362 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 10 086 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 7 589 ერთეული [+20]
MLRS – 882 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 580 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 649 ერთეული [+15]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 561 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 973 ერთეული [+24]
სპეცტექნიკა – 1 081 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
534 თვითმფრინავი
254 ვერტმფრენი
8 904 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
13 392 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 184 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 084 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
15 253 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლებში კარგად ახსოვთ ის დრო, როცა ბათუმში წასვლა-წამოსვლისას აუცილებლად თან უნდა ჰქონოდათ პასპორტი – წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც მუნიციპალიტეტს დატოვებდნენ და ვერც სახლში დაბრუნდებოდნენ. ბლოკპოსტებზე, რომლებიც ქედასა და ხელვაჩაურში იყო, მგზავრობით დატვირთულ ავტობუსში რუსი ჯარისკაცები ადიოდნენ და ყველას პასპორტს ამოწმებდნენ.
ეს მოგონებებია საბჭოთა დროის აჭარაზე, როცა ქედის, ხულოს, ხელვაჩაურისა თუ შუახევის რომელიმე სოფელში გამართულ ქორწილში ბათუმიდან რომ დაგეპატიჟებინა ნათესავები, სპეციალური საშვების გამოწერა იყო საჭირო.
რა ხდებოდა ამ ბლოკპოსტებზე და ვის შეეძლო მისი გავლა თავისუფლად? როგორ მართავდა ოჯახი დაკრძალვას თუ ქორწილს? რესპონდენტებს, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, კარგად ახსოვთ ეს პერიოდი – მათ თავადაც უწევდათ ბლოკპოსტების გავლა.
55 წლის ასმათ სამნიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს. მას კარგად ახსოვს, როგორ ამოწმებდნენ ბლოკპოსტზე ყველას საბუთებს რუსი ჯარისკაცები.
„ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, რაც დამრჩა მეხსიერებაში, იმას აღვწერ. ავტობუსის მგზავრების შესამოწმებელი ადგილი ცალკე იყო, მანქანით მიმავლებისა და ფეხით მიმავლების – ცალ-ცალკე.
რუსი ჯარისკაცები ყველას პასპორტს ამოწმებდნენ.
პასპორტს ვადა გასული არ უნდა ჰქონოდა, სხვისი პასპორტით არ უნდა გაგევლო. იყო საგუშაგოც, მაღლობზე, სადაც ერთი ჯარისკაცი იდგა და იქიდან აკონტროლებდა ტერიტორიას. ზუსტად ვერ ვიტყვი დროს, არ ვიცი, 6 საათის ცვლით იყვნენ თუ 9-საათიანი, თუმცა ნამდვილად იცვლებოდნენ.
ესენი იყვნენ ჩვეულებრივი [საბჭოთა] ფორმიანი ჯარისკაცები, ვინც იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მათი სამხედრო ბაზა ქედაში იყო. ჯარში მსახურობდნენ და თან ბლოკპოსტებს აკონტროლებდნენ.
არც ერთი არ იყო ქართველი, ყველა რუსი იყო. ბავშვობაში სულ მეშინოდა მათი, რადგან იარაღით იყვნენ.
ვინც ბათუმში იყო ჩაწერილი, სპეციალური საშვები უნდა ჰქონოდა პასპორტთან ერთად, ქედის ბლოკპოსტები რომ გამოევლო. ვინც ქედაში, შუახევში, ხულოში იყო ჩაწერილი, მას განსაკუთრებული საშვი არ სჭირდებოდა, პირდაპირ პასპორტით შემოდიოდა მუნიციპალიტეტში, მაგრამ თუ პასპორტი დაავიწყდებოდა ან სხვისი პასპორტით შეეცდებოდა გასვლას, მას აუცილებლად გააბრუნებდნენ უკან. მახსოვს შემთხვევები, თუ როგორ გააბრუნეს ხალხი უკან და არ გაატარეს ბლოკპოსტზე.
თხოვნა, ადგილზე მოლაპარაკება ან რაიმე მსგავსი დაუშვებელი იყო. ამ სამხედროებს უფლება არ ჰქონდათ ჩვენთან საუბრის. უბრალოდ, ამოვიდოდა მანქანაში, მიაწოდებდი პასპორტს, გადაშლიდა, შეგიმოწმებდა. დააკვირდებოდა პასპორტის სურათს, ნამდვილად შენ თუ იყავი, პასპორტის ვადას შეამოწმებდა და მორჩა“, – გვიყვება ასმათ სამნიძე.
მას ქედაში მოწყობილი ორი ბლოკპოსტი ახსოვს, ერთი – აჭარისწყლის ჰესთან, მეორე კი – მახუნცეთთან ახლოს.
მისი თქმით, თუ სოფელში ქორწილი ან დაკრძალვა იყო და სტუმრები სხვა რეგიონიდან ან თუნდაც ბათუმიდან უნდა ასულიყვნენ, საჭირო იყო თითოეულ მათგანს ჰქონოდა საშვი.
„მაშინ საბჭოს ეძახდნენ. საბჭოსთვის უნდა მიგემართა და საბჭო მოგცემდა ამ საშვს. სტუმრის მიღება უფრო რთული იყო. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და აღარ იყო ეს გამშვები პუნქტები, მაშინ დაიწყო ხალხმა ერთმანეთთან მიმოსვლა და აქტიური სტუმრიანობა“.
ნახსენები გამშვები პუნქტები ასმათისთვისაც გამხდარა შეფერხების მიზეზი. როგორც იხსენებს, სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში, უნივერსიტეტში ჩააბარა და რაღაც დროის განმავლობაში მისი პირადობის მოწმობისა და სხვა საბუთების უნივერსიტეტში დატოვება მოუწია.
„ჩამოვედი ბათუმში და ვერაფრით ავდიოდი სოფელში. 10 დღე დეიდაჩემთან მომიწია დარჩენა, ბათუმში.
მაშინ ტელეფონები არ იყო და წარმოიდგინეთ, რა რთული იყო შეგეტყობინებინა ოჯახისთვის, სად იყავი. როგორც იქნა, ბოლოს გავაგებინე ჩემებს. დედაჩემი ავიდა ქედაში, მაშინ მილიცია იყო, იქ საბუთი გააკეთებინა, ჩამომიტანეს ის საბუთი და მერე ამოვედი სახლში.
საშინელება იყო, მაგრამ ვერანაირ პროტესტს ვერ გამოხატავდი“, – გვეუბნება ასმათი.
ასმათ სამნიძე
„მთიანი აჭარის მოსახლეობა გაწამებული იყო ამ ბლოკპოსტების გამო“, – გვეუბნება 70 წლის ჯემალ ზოიძე, შუახევის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის დირექტორი და „განსაკუთრებულ“ შემთხვევებში მოწყობილ დროებით ბლოკპოსტზე გვიყვება.
„მარეთის ხეობაში, უჩამბის ხიდთან ხშირად მართავდნენ მესამე „გამშვებ პუნქტს“ განსაკუთრებულ შემთხვევებში. არ ვიცი, რა განსაკუთრებული შემთხვევები ჰქონდათ, მაგრამ დროებით ბლოკპოსტებს ნამდვილად აწყობდნენ იქ. მოსახლეობამ ხშირად არ იცოდა ამ დროებითი ბლოკპოსტის შესახებ და მოუმზადებელი მიდიოდნენ.
საბჭოთა კავშირში და მაშინდელ [მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები] მოქალაქეების პასპორტებში შტამპი იყო ჩარტყმული, რომელსაც სპეციალური კოდი ჰქონდა მინიჭებული. მსგავსი პასპორტი ვისაც ჰქონდა, მას თავისუფლად შეეძლო გადაადგილება ქედაში, შუახევში, ხულოში, მაგრამ ამ პასპორტის მფლობელს არ ჰქონდა საშუალება, გასულიყო სარფში, მაგალითად.
ჩვენი ხეობის მცხოვრებთ შეეძლოთ შესულიყვნენ ჯავახეთშიც. იქაც იყო ასეთი ბლოკპოსტები, თუ სწორად მახსოვს, აწყურთან ახლოს, მაგრამ საზღვართან უფრო ახლოს მისვლის შემთხვევაში განსაკუთრებული საშვი დასჭირდებოდა.
ქალაქის მოსახლეობას არ შეეძლო მხოლოდ პასპორტის ქონის შემთხვევაში ქედაში ან სხვა მუნიციპალიტეტებში შემოსულიყო. ამ შემთხვევაში მათ სპეციალური საშვები სჭირდებოდათ.
ბლოკპოსტები იყო საზაფხულო საძოვრებზეც, სადაც ჩვენ დავდიოდით. ელექტრონული ღობე, ეკლიანი მავთულით ჰქონდათ ტერიტორია შემოსაზღვრული და ამ ღობის შიგნით უნდა შესულიყო მოსახლეობა, თუ ზაფხულის საძოვრებზე, სამთო საძოვრებზე პირუტყვის შეყვანა უნდოდა. შესვლა და გამოსვლა აქაც სპეციალური საშვების საშუალებით ხდებოდა“, – იხსენებს ჯემალ ზოიძე.
მისი თქმით, ბლოკპოსტზე გაჩერებულ ტრანსპორტს დეტალურად ამოწმებდნენ სამხედროები. ფრთხილობდნენ, არ გაპარულიყო ან დამალულიყო მგზავრი და ხშირად, მანქანის საბარგულსაც ხსნიდნენ და იხედებოდნენ შიგნით.
ჯემალ ზოიძის თქმით, საშვებს უშიშროების სამსახური პასპორტის საფუძველზე გასცემდა ამა თუ იმ მოქალაქეზე, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა გარკვეული ვადით შესულიყო იმ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ პასპორტის საფუძველზე არ შეეძლო შესვლა.
„ადგილზე მოლაპარაკება შეუძლებელი იყო. თუ, მაგალითად, ვინმე მაღალჩინოსანი იყო და პასუხისმგებლობას აიღებდა, რომ მგზავრი მასთან მიდიოდა სტუმრად, ხშირად ხდებოდა ასეთი რაღაც, რომ შეიძლება გაეტარებინათ მოქალაქე, მაგრამ ინიშნავდნენ ვადას და იმ პერიოდში თუ არ დაბრუნდებოდა პირი უკან, იმ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობა დადგებოდა, ვინც ამ პირს ბლოკპოსტის გავლაში დაეხმარა“, – იხსენებს ჯემალ ზოიძე.
ჯემალ ზოიძე
მისი თქმით, დაკრძალვებზე წასვლას ძირითადად ვერ ახერხებდნენ, რადგან მოკლე დროში არ ამზადებდნენ საშვებს.
„თუ ქორწილი იყო დაგეგმილი, წინასწარ უშიშროების სამსახურს მიმართავდნენ და უშიშროების სამსახური გასცემდა დროებით მოწმობას. შეიძლება ჯგუფური მოწმობაც გაეცათ. მაგალითად, სახელობითი სიის საფუძველზე. პასუხისმგებელი პირი ჩაიწერებოდა და ის პიროვნება იყო პასუხისმგებელი ამ ადამიანების გადაადგილებაზე.
ამ თანხმობას გარკვეული დრო სჭირდებოდა, ალბათ უშიშროების სამსახური სწავლობდა იმ პიროვნებებს, თუ ვინ იყვნენ, ვისთან მიდიოდნენ. ამ ყველაფერს შეისწავლიდნენ და მერე იძლეოდნენ საშვებს. ეს გარკვეული დრო შეიძლება ყოფილიყო 3 დღე, ერთი კვირა ან 10 დღე“, – გვითხრა ჯემალ ზოიძემ.
მისი თქმით, სკოლის მოსწავლეები შესაძლოა გაეტარებინათ ბლოკპოსტებზე მოსწავლის ბილეთის არქონის შემთხვევაში, თუ გამოუჩნდებოდა ნაცნობი, ახლობელი და დაემოწმებოდა.
„ეს მდგომარეობა არავის სიამოვნებდა, მაგრამ ხალხი დაშინებული იყო და ხმას ვერავინ იღებდა საერთოდ, იმიტომ, რომ გააციმბირებდნენ ან გადაასახლებდნენ“.
ამ პერიოდზე გვიყვება 73 წლის ჟუჟუნა დიდმანიძეც, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც დაახლოებით 50 წელი მუშაობდა სკოლაში. ის ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში გაიზარდა და დაქორწინების შემდეგ სოფელ კირნათში გადავიდა საცხოვრებლად.
„არ ვიცი აჭარაში კიდევ სად იყო ეს პუნქტები, მაგრამ მე რომ მარადიდში ვცხოვრობდი, მაშინ აჭარისწყალზე იყო. ასევე იყო მაჭახლისპირშიც. ამ ორ ადგილზე ხშირად მიწევდა მოძრაობა და მქონდა შეხება.
მაშინ საბჭოთა პასპორტები იყო, რისი არ ქონის შემთხვევაშიც დაგაბრუნებდნენ. ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა. ძალიან ძნელი იყო სტუმრის მიღება და ა.შ.
ავტობუსში ამოდიოდნენ და სინჯავდნენ ყველას პასპორტს. სხვა ტრანსპორტშიც ასე აკეთებდნენ, რა მანქანა იყო, აზრი არ ჰქონდა.
მოსწავლეებს მოსწავლის ბილეთი უნდა ჰქონოდათ. მაშინ იყო ბილეთები, სკოლა ურიგებდა მოსწავლეებს“, – გვეუბნება ჟუჟუნა.
ის პირები, რომლებიც მოქალაქეებს ბლოკპოსტებზე ხვდებოდნენ, ჟუჟუნასაც სამხედრო ფორმაში ახსოვს.
„სტუმარი სოფელში ვერ შემოვიდოდა, თუ სოფლის გამგეობიდან რაიმე დასტური არ გექნებოდა. ე.წ. საშვები, მაშინ სოფლის საბჭოს ვეძახდით, იქ კეთდებოდა. მერე ეს ცნობა უნდა მიგეტანა „გამოსაშვებ პუნქტზე“ და ასე დახმარებოდი სტუმარს გამოსვლაში.
საბჭოს თავისი ბეჭედი და წესი ჰქონდა ამ ცნობის გაცემის. ცნობა ადასტურებდა, რომ სტუმარი ნამდვილად ამა თუ იმ ოჯახის ნათესავი, მეგობარი იყო.
ძალიან ჭირდა დაკრძალვაზე, ქორწილებში შეკრებაც. იმავე სოფლებში ქორწინდებოდნენ, ძირითადად ასე იყო, მაგრამ სხვა სოფლებიდანაც მოდიოდნენ რძლები, რა თქმა უნდა. სოფლის თავკაცები ჩადგებოდნენ, შედგებოდა სია, მათზე აკეთებდნენ საშვებს და ასე იხდიდნენ ქორწილებს, თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო.
ასე იყო ყველა შეკრებაზე. ვერც დაკრძალვაზე წახვიდოდი საშვის გარეშე. არავის შემოუშვებდნენ სოფელში.
ყველა მიჩვეული ვიყავით, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყო საუბარი მაგის შესახებ – რა საჭიროა? რატომაა და ა.შ.
ზუსტად არ მახსოვს, როდის შემოიღეს ამ სახის შემოწმებები, გაუქმებით კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.
ჩემთვის და ყველასთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო ეს. ახლა რომ გადიხარ სახლიდან, შეიძლება პასპორტი საერთოდ არ გაიყოლო, მაშინ უკან დაბრუნება მოგიწევდა აუცილებლად, თუ პირადობა არ გქონდა“, – იხსენებს ჟუჟუნა.
„ეს ბლოკპოსტები სპეციალურად მოწყობილი ფსიქოლოგიური ბარიერები იყო. როგორც მერაბ კოსტავამ უწოდა – „საქართველოს ერთიანობის ქედზე მოწყობილი გილიოტინა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ისტორიკოსი უჩა ოქროპირიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორია-არქეოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
„საბჭოთა პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები და სურვილები სრულიად იგნორირებული იყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია ფაქტობრივად ორად იყო გაყოფილი ამ ბლოკპოსტების გამო – ბლოკპოსტებამდე და ბლოკპოსტებს შემდეგ“, – გვეუბნება უჩა ოქროპირიძე.
მისი თქმით, იქმნებოდა განცდა, თითქოს ბლოკპოსტებს მიღმა „სხვა ხალხი“ ცხოვრობდა:
„ზემო აჭარაში ნამყოფიც არ ვიყავი, სანამ სტუდენტობა არ დავასრულე, რადგან სპეციალური საშვი მჭირდებოდა. საბჭოთა კავშირი ამ ხელოვნური ბარიერით, ბლოკპოსტების საშუალებით ცდილობდა მოსახლეობის გაყოფას.
მე, მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ სხვა ხალხი ცხოვრობდა მაღალმთიან აჭარაში. რომ ჩამოდიოდნენ კი ვხვდებოდით ერთმანეთს, ვლაპარაკობდით, მაგრამ „სპეციფიკური“ ხალხი მეგონა ცხოვრობდა იქ, ვისი ჩვენგან გაყოფაც ამ ბლოკპოსტებით საჭირო იყო.
ასეთი ბლოკპოსტები კიდევ იყო, მაგალითად, აწყურის რაიონში, ახალციხეში. მესხეთში შესვლა აწყურის პოსტით შეიძლებოდა მხოლოდ საშვების საფუძველზე.
სანაპირო ზოლშიც ასე იყო. როდესაც სარფში პირველად გავედი დაკრძალვაზე, თურქეთისკენ გახედვასაც გვიშლიდნენ ადგილობრივები, ისე ჰყავდათ დაშინებული. „იქით გახედვა არ შეიძლებაო – დაგვდევდნენ“ – იხსენებს ისტორიკოსი.
უჩა ოქროპირიძის თქმით, ეს ბლოკპოსტები აჭარაში საბჭოთა წყობისთანავე გაჩნდა და დასრულდა მისი დასრულებისთანავე, 1991 წელს, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
ტურიზმში დასაქმებულ ყველა ტურისტულ გიდს მოუწევს რეგისტრაცია ეკონომიკურ რეესტრში. ალპური გიდების სერტიფიცირება იქნება სავალდებულო, კულტურული გიდების სერტიფიცირება კი ნებაყოფლობითი – ეს არის ცვლილებების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ტურიზმის შესახებ ახალი კანონით არის დაგეგმილი.
სექტორში მომუშავეები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმების და მათი ჩართულობის გარეშე ხდება. თუმცა ამ არგუმენტებს არ იზიარებენ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერები.
ნატა კვაჭანტირაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელია. ის 10 ნოემბერს ვრცელი პრეზენტაციით წარსდგა ბათუმში გამართულ ტურიზმის ფესტივალ – „ტურისტერზე“ და ტურიზმის ახალი კანონის შესახებ ისაუბრა.
კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას, ნატა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ყოველგვარი რეგულაციის უგულებელყოფამ ჩამოაყალიბა ტურიზმის განვითარების მანკიერი მხარე, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ხელს უშლის საქართველოს ტურიზმის სექტორის პოზიციონირებას.
კერძოდ, ამჟამად სექტორში ხარისხის მართვის აუცილებლობა არ არსებობს და გვაქვს ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა აღურიცხავი ტურისტული მომსახურების ხარჯზე.
„მეორე კომპონენტი განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, როდესაც პანდემიის დროს კომპენსაციის მოთხოვნით უამრავი არარეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი გამოჩნდა, რომელთაც საკუთარი საქმიანობის დადასტურება არ შეეძლოთ,“ – თქვა ნატა კვაჭანტირაძემ.
ცვლილებების მხარდამჭერთა თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საკანონმდებლო დაახლოებას. შესაბამისად, სავალდებულო გახდა ტურისტული საქმიანობის მიმართულებით არსებული დირექტივების ინტეგრირება ეროვნულ კანონმდებლობაში.
„ეს კანონი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბიზნესები, რომლებიც ორიენტირებულები არიან იყვნენ მდგრადები და წარმატებულები, ტურიზმის კანონის საშუალებით, შეძლებენ უფრო მეტად ორიენტირებულები იყვნენ მომხმარებელზე და ბიზნესის სწორ მართვაზე.
სწორედ ამას გვკარნახობს ევროდირექტივა, რომლის ფონზეც მოხდა ადაპტირება იმ ახალი რეგულაციების, რომლებიც მომავალში იქნება მიღებული“, – თქვა ნატა კვაჭანტირაძემ თავის გამოსვლაში ტურიზმის ფესტივალ „ტურისტერზე“.
როგორ შეეხება ახალი კანონი ტურისტულ გიდებს, ვკითხეთ ნატა კვაჭანტირაძეს ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ.
„ორი ტიპის მიმართულება დარეგულირდება კანონით – ეს არის ალპური გამყოლი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სერტიფიცირებული იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ მომხმარებლის უფლებები. ალპური გიდი ემსახურება საფრთხის შემცველ მიმართულებას, როგორიცაა გადაადგილება მთაში, ტყეში, ალპურ ზონაში. გიდი, რომელიც ემსახურება ასეთი მიმართულებით მომხმარებელს, უნდა იყოს აუცილებლად სერტიფიცირებული. იცნობდეს ყველა იმ მარშრუტს, სადაც ატარებს მომხმარებელს, იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
მეორე ნაწილი შეეხება კულტურულ გიდებს. იმ შემთხვევაში, თუ გიდი კომპანიაშია დასაქმებულია, არ არის სავალდებულო იყოს სერტიფიცირებული.
ზოგადად, კულტურული გიდის სერტიფიცირება არის ნებაყოფლობითი, მაგრამ იმისთვის, რომ ეკონომიკურ რეესტრში მოხვდეს, გიდი უნდა იყოს ბეიჯით წარმოდგენილი. ბეიჯის არსებობა კი იმის დამადასტურებელია, რომ ის არის კულტურული გიდი.
როგორც კულტურულ გიდს, მას ექნება უფლება უფასოდ შევიდეს მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და ისარგებლოს სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული ყველა ბენეფიტით, რაც შეიძლება ეკონომიკური რეესტრში აღრიცხულ გიდს ჰქონდეს,“ – განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
ნატა კვაჭანტირაძე
კითხვაზე, ეკონომიკურ რეესტრში აღრიცხვა რატომ არის აუცილებელი და რა სარგებლობას მოუტანს ეს გიდს, ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი პასუხობს:
„კოვიდის პერიოდში, როდესაც გიდებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარების საკითხი დადგა, აღმოჩნდა, რომ აღურიცხავი გიდები არსებობდნენ, რომლებიც ვერ ადასტურებდნენ, რომ იყვნენ გიდები, ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული.
ეკონომიკური რეესტრი მისცემს თვითდასაქმებულებს იმის საშუალებას, რომ იყოს აღრიცხული, როგორც ეკონომიკური ჭრილში მომუშავე ინდივიდი, რომელიც მიიღებს გარკვეულ სარგებელს სახელმწიფოსგან, იმ ბენეფიტებს რაც მომავალში იქნება დაშვებული მსგავსი ტიპის საქმიანობისთვის,“ – თქვა ნატა კვაჭანტირაძემ.
ტურისტული სერვისის, Budget Friendly Tours Georgia-იას ელჩი, იოსებ სვიანიძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბეიჯის გამცემი ორგანოს კომპეტენციას.
„ბეიჯის გამცემის კომპეტენციას არ ვეთანხმები. ესაა ჩემი მთავარი შენიშვნა. სტრუქტურა, რომელიც გასცემს ბეიჯს, ჩემი აზრით, თვითონ არ აქვს ნდობა და კომპეტენცია, რომ ის სწორად გასცემს ამ სერტიფიკატს.
კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ ამასაც – „კერძო სექტორს ვესაუბრები“. მგონია კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელს შეკრებენ და ამბობენ – „ვესაუბრებით“. მაგრამ „ეს კერძო სექტორი“ რამდენად სწორადაა შერჩეული, ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშაა.
რაც შეიძლება ნაკლები რეგულაცია სჭირდება ტურიზმის სფეროს: მომხმარებელი თვითონ დაარეგულირებს, რომელი იმსახურებს ბაზარზე ყოფნას და რომელი არ იმსახურებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იოსებ სვიანიძემ მას შემდეგ, რაც „ტურისტერზე“ ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლის გამოსვლას მოუსმინა.
სულ სხვა საკითხი ადარდებს აჭარაში მომუშავე ტურისტული კომპანია „იოტა ტურის“ ხელმძღვანელს, იოლანტა კეს-ოღლის და ტურისტული კომპანია „არგო“ ტურის მენეჯერს, ზაურ ჩხაიძეს.
რეგიონში მოქმედი ორი დიდი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუკი ახალ კანონს მიღებენ, აუცილებელია ამ კანონში განსაზღვრული იყოს, ვის შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდობის გაწევა. რადგან საქართველოს მოქალაქე გიდებს არც ევროპაში და არც თურქეთში, დიდ ტურისტულ ობიექტებზე არ აქვთ საშუალება გიდობა გაწიონ.
„ჩვენ ვართ ორიენტირებული ხარისხზე. ხარისხი რას ნიშნავს? – კარგი ტრანსპორტირება, კარგი კულტურული გიდის მომსახურება.
ვერც ევროპაში, ვერც თურქეთში ქართველი გიდი გიდობას ლეგალურად ვერ წევს. მაგალითად, კაბადოკიის ტურს ქართველი გიდი ვერ ჩაატარებს. თურქ გიდს ვუხდით ფულს. ვერც ევროპაში. ვფიქრობ, ასე უნდა იყოს აქაც.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ გიდობას ვინც გასწევს, ის იყოს საქართველოს მოქალაქე და სერტიფიცირებული. ეს სერტიფიცირებაც სხვანაირად უნდა იყოს. უნდა ისწავლონ სპეციალურად ამ განხრით. ევროპაში სამი-ოთხი წელი სწავლობენ, მერე იღებენ სერტიფიკატს ან ლიცენზიას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ტურისტული კომპანია „იოტა ტურის“ წარმომადგენელმა.
„კრიტიკა ყოველ რეფორმას ახლავს თან. შესაბამისად, ბიზნესის ნებისმიერი კითხვა ვალიდურია და გასაგები, რადგანაც პროცესში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მიმართულების ასოციაცია იყო ჯგუფებში წარმოდგენილი, მუშა პროცესში ინფორმაციის მიღმა დარჩა ძალიან ბევრი ბიზნეს-სუბიექტი,“ – ნაწილობრივ იზიარებს სექტორიდან წამოსულ კრიტიკას ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი ნატა კვაჭანტირაძე.
მისი თქმით, ტურიზმის შესახებ ახალი კანონის მიღება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
თამარ გვარიშვილი ესტონეთში, ტალინში, იურიდიული კომპანია Lex Law Office-ის იურისტია. ტალინში ვილნიუსიდან მოხვდა, სადაც Mykolas Romeris უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე ევროპისა და საერთაშორისო ბიზნეს სამართალს სწავლობდა.
თამარის კარიერული და საგანმანათლებლო გზა ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“ დაიწყო.
„როცა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მივედი, ვიცოდი, რომ ჟურნალისტობას არ ვაპირებდი. მაგრამ ეს ორგანიზაცია ბევრ რამეში დამეხმარა. აქ მიღებული ცოდნა მადგება მთელი ცხოვრების და კარიერის განმავლობაში. ამასთან, ძალიან შეცვალა ჩემი პიროვნება.
თუ მანამდე ვიყავი მორცხვი, სწავლაზე ორიენტირებული ბავშვი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ საშუალება მომეცა, რომ ჩემი კრეატიულობა გამომევლინა. რესურსები გვქონდა, ტრენინგები გვიტარდებოდა, გვასწავლიდნენ, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა იმ თემებზე, რაც გვაინტერესებდა,“ – ასე იხსენებს თამარ გვარიშვილი იმ პერიოდს, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მოხვდა.
სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ განმეორებით მივიდა სტაჟირებაზე.
„სტუდენტობის დროს ვმუშაობდი უმცირესობების ინტეგრაციაზე აჭარის რეგიონში. მაგ პროექტის დახმარებით ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი.
ცოდნა, კონტაქტები და ადამიანები, პირველ რიგში ეს მომცა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“. ყოველ დღე, სკოლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეობა იყო და არანაირი ვალდებულება არ მქონდა მისვლის, აუცილებლად მივდიოდი ორგანიზაციის ოფისში, იმისთვის, რომ ჩემ თანატოლებთან ერთად რაღაცები დამეგეგმა.
ჩემთვის ყველაზე გამორჩეული იყო თანატოლგანმანათლებლობა. ჯერ გვიტარდებოდა ტრენინგები დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე. მერე ჩვენ თვითონ ვამუშავებდით იგივე თემას, ვამზადებდით პრეზენტაციებს და მივდიოდით მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ამ ცოდნის გასავრცელებლად ჩვენივე თანატოლებთან.
თანატოლგანმანათლებლად ყოფნა დამეხმარა უნივერსიტეტშიც. მხოლოდ სკოლაში გაკვეთილის მოყოლა არაა საკმარისია იმისთვის, გამოიმუშაო უნარი და გამბედაობა, რომ გააკეთო პრეზენტაციები უნივერსიტეტში დიდი აუდიტორიის წინაშე.
მნიშვნელოვან რესურსებზე გვქონდა წვდომა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“. პირველ რიგში ეს იყო ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მოამზადო სიუჟეტი, დაგეგმო ტრენინგი, ლექცია და ა.შ.
ყველაფრის გადასაღებად, ჩასაწერად, დასამონტაჟებლად სტუდია გვქონდა, სადაც გადაცემებს ვწერდით. ამ ყველაფერზე აბსოლუტურად შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ჰქონდათ ახალგაზრდებს.
გარდა ხელმისაწვდომობისა, გვასწავლიდნენ როგორ უნდა გამოგვეყენებინა ესა თუ ის ხელსაწყო – ხმის ჩამწერი მოწყობილობა თუ კამერა.
ამ ორგანიზაციაში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის. გავიუმჯობესე საჯაროდ გამოსვლის, კომუნიკაციის და საქმის დაგეგმვის უნარები.
და ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფასოდაა ხელმისაწვდომი, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია არამარტო ბათუმელი, არამედ აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მუშაობა არ შემოიფარგლება ბათუმით მხოლოდ,“ – ამბობს თამარ გვარიშვილი.
თამარის თქმით, ის გამოცდილება, რაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მიიღო, შეუფასებელია. რადგან ორგანიზაციამ მის როგორც კარიერულ, ისე პიროვნულ უნარების ჩამოყალიბებაზე მოახდინა ზეგავლენა.
„უფრო გამბედავი და უფრო თავდაჯერებული გავხდი. პროფესიის არჩევაშიც ჰქონდა ძალიან დიდი წვლილი. იმიტომ, რომ ჩვენ ბევრს ვლაპარაკობდით მაშინ ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე. ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებდით. პროფესიას რომ ვირჩევდი, თავი მზად ვიგრძენი სამართლის სასწავლად, – ვთვლიდი, რომ რაღაც ცოდნა მქონდა უკვე ამ სფეროში, რაც შემეძლო კიდევ უფრო განმევითარებინა.
ზოგჯერ ვფიქრობ, შეიძლება ეს ორგანიზაცია რომ არა, პროფესიაც კი არ ამერჩია ის, რაც ახლა მაქვს. უნარებს რაც შეეხება, ხანდახან თუ არასამართლებრივი დავალებებიც მაქვს ხოლმე სამსახურში, რაღაც პრეზენტაციებთან დაკავშირებით, ვიდეოს მომზადებასთან დაკავშირებით და ა.შ. არის ეგეთი სიტუაციებიც, მაშინ ძალიან მადგება კიდევ ერთხელ მანდ მიღებული გამოცდილება.
იმდენად ბუნებრივად არის ჩემში ეს ცოდნა, ზოგჯერ ვერც ვიაზრებ ხოლმე, რომ სინამდვილეში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“ მიღებული გამოცდილებაა,“ – ამბობს თამარ გვარიშვილი.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ შესახებ
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი უკვე 22 წლისაა.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იყო პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარაში, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა დააფუძნეს 2001 წლის 20 ოქტომბერს.
ორგანიზაციამ ოფიციალური რეგისტრაცია ბათუმის სასამართლოში 2001 წლის 20 ნოემბერს გაიარა.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით მოეწყო საპროტესტო მსვლელობა აჭარის ტელევიზიაში არსებული ცენზურის წინააღმდეგ. 2009 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მთელ ქვეყანაში, ვინც მედიასფეროში არსებული ცენზურა გააპროტესტა.
აჭარის რევოლუციის დროს ორგანიზაცია მასპინძლობდა უცხოური (ნიუ-იორკ თაიმსის, ბი-ბი-სის, ფრანს-პრესის, კომერსანტის, დოიჩე ველეს) და საქართველოს ნაციონალურ საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტებს და მათ მუშაობის პროცესში ეხმარებოდა.
დაფუძნების მომენტიდან „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ სხვადასხვა პროექტის განხორციელების პარალელურად ჩაატარა არაერთი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის, გამართა მრგვალი მაგიდა და კონფერენციები. ორგანიზაცია ახორციელებდა და ახორციელებს თავის საქმიანობას შემდეგი მიმართულებით.
ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლება და დაოსტატება;
სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა;
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს, როგორც მათი ინფორმირების, ასევე უფლებების დაცვის კუთხით.
ორგანიზაციას დღემდე 60-მდე პროექტი აქვს განხორციელებული.
ორსულობის დროს წონის მატება ნორმად მიიჩნევა, მაგრამ დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, არ მოხდეს წონის ჭარბი მატება. ორსულობის დროს ჭარბი წონის მატებამ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, შეიძლება მკვეთრად გაზარდოს გესტაციური [ორსულობის დროს განვითარებული] დიაბეტის რისკი და მასთან დაკავშირებული გართულებების განვითარება.
ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგს, თეონა გოგიტიძეს ესაუბრა.
ქალბატონო თეონა, რა საფრთხის შემცველია ჭარბი წონის მატება ორსულობის დროს?
ზოგადად მაღალი შაქრისა და არაკონტროლირებადი ნახშირწყლოვანი ცვლის რისკები ორსულობის დროს მოიცავს არტერიული წნევის მატებას [ჰიპერტენზია], ნაყოფის წონაში ზრდასა და ნაადრევ მომწიფებას [მაკროსომია], შეიძლება იყოს ნაყოფის სხვა დარღვევები, მაგალითად კარდიომიოპათია; შეიძლება მოხდეს ახალშობილის სისხლში შაქრის ვარდნა – ნეონატალურ ჰიპოგლიკემია ეწოდება ამ მდგომარეობას; შეძლება მოხდეს ორსულობის გართულება პრეეკლამპსიით [მაღალი წნევით მიმდინარე], ასევე, შეიძლება განვითარდეს ჭარბწყლიანობა.
რაც უფრო მეტია წონა და ორსულობის დროს მატება წონაში, მით უფრო მეტია ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის რისკი. საქმე ის არის, რომ ორსულობის დროს, 20 კვირის შემდეგ, განსაკუთრებით მეორე ტრიმესტრში, პლაცენტა გამოყოფს ჰორმონებს, რომელიც ამატებს სისხლში ინსულინის დონეს; როცა ინსულინი იმატებს სისხლში, ორსულებს თითქმის იგივე კლინიკური სურათი აქვთ, როგორიც არის ჩვეულებრივი ინსულინრეზისტენტობის დროს.
ინსულინრეზისტენტობა იწვევს ჭარბი წონისკენ მიდრეკილებას და ნახშირწყლოვანი ცვლის კიდევ უფრო მეტად დარღვევას, ანუ ერთგვარი მანკიერი წრე იკვრება.
თუ ქალის სისხლში გლუკოზის დონე უზმოდ იმატებს 95-ზე მეტს და ჭამიდან ორი საათის შემდეგ 120-ზე მეტს, მაშინ შაქრის მატება უკვე გადის პლაცენტარულ ბარიერს და მოქმედებს ბავშვის კუჭქვეშა ჯირკვალზე.
Cleveland Clinic: გესტაციური დიაბეტი ზრდის თქვენი ბავშვის სუნთქვის პრობლემების, სიმსუქნისა და დიაბეტის რისკს. ამ დროს უფრო ხშირია ნაადრევი მშობიარობაც.
როგორი უნდა იყოს ჯანსაღი წონის მატება ორსულობის დროს?
თუ ორსულობა დადგა ნორმალური წონის ფონზე, ანუ სხეულის მასის ინდექსი (სმი) ორსულობამდე იყო ნორმალური – 25 და ნაკლები, მაშინ ორსულობაში უფრო მეტი წონის მატება შეიძლება – მაგალითად, მთელი ორსულობის განმავლობაში, საერთო ჯამში დასაშვებია დაახლოებით 14 კილოგრამამდე წონის მატება. ასეთი მატება არ ითვლება ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის რისკ-ფაქტორად.
თუ ორსულობა დადგა მაღალი სმი-ს ფონზე და არის გაცხიმოვნება, მაშინ მთელი ორსულობის განმავლობაში საერთო წონის მატება არ უნდა აღემატებოდეს 7 კილოგრამს.
თუ არ არის ნორმალური სმი და არ არის გაცხიმოვნება [ანუ არის უბრალოდ ჭარბი წონა, გაცხიმოვნების გარეშე], მაშინ სადღაც 11 კილომდე დასაშვებია მატება.
Cleveland Clinic: პირველ ტრიმესტრში, როგორც წესი, წონის მხრივ დიდი ცვლილებები არ არის. ორსულობის დროს მიღებული წონის უმეტესი ნაწილი მეორე და მესამე ტრიმესტრზე მოდის. ზოგადად, ამ პერიოდში კვირაში დაახლოებით 400 გრ წონის მატებაა.
ორსულის კვების რაციონი ვისი პრეროგატივაა, როდის ერთვება ენდოკრინოლოგი?
ზოგადად ჯანსაღ რაციონზე კონსულტაციას სწევს მეანი, თუმცა როცა გარკვეული სირთულეებია, მათ შორის წონის კლება, მატება ან მაგალითად, თუ ორსულთან არის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა ნებისმიერი ტიპის [დიაბეტი ტიპი ორის ფონზე დაორსულება ან სხვა სახის ნახშირწყლოვანი დარღვევა, განვითარებული ორსულობის დროს], მაშინ ერთვება ენდოკრინოლოგი.
როგორი უნდა იყოს კვება წონის მატების დროს, ან როცა პაციენტს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის რისკი აქვს?
რეკომენდაციები ამ დროს ასეთია:
უნდა მიირთვათ ცოტ-ცოტა და ხშირად. მიირთვით საუზმე, სადილი და ვახშამი, ვახშამი არაუგვიანეს საღამოს 7 საათისა. ძირითად კვებას შორის უნდა იყოს პატარ-პატარა წახემსებები, რომ გამოვიდეს ხშირი და პატარა ულუფებით კვება.
არ შეიძლება ან უნდა შეიზღუდოს ის პროდუქტები, რასაც აქვს მაღალი გლიკემიური ინდექსი ანუ შეიცავენ მარტივ ნახშირწყლებს და რომლებსაც აქვთ უნარი წამოწიონ შაქრის დონე სისხლში.
ცხადია, არ შეიძლება გაზირებული ტკბილი სასმელები, ჩვეულებრივი რაფინირებული შაქარი შეზღუდული მინიმუმამდე.
არ არის რეკომენდებული გამომშრალი ხილი, ჩირის სახით. ასევე:
საკონდიტრო ნაწარმი: ნამცხვარი, ორცხობილა, ვაფლი – ანუ რაშიც არის ფქვილი, შაქარი და ცხიმიც ერთად.
შემდეგ მოდის ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ნახშირწყლებს რთული სახით და არ არიან მაღალი გლიკემიური ინდექსის მატარებლები. მაგალითად მარცვლოვნებიდან არ არის რეკომენდებული ბრინჯი და მანანის ბურღული. რეკომენდებულია: წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ისიც ძალიან დიდი რაოდენობით არა, დაახლოებით 4-5 სუფრის კოვზი ერთ მიღებაზე.
რძის პროდუქტები შეიძლება, მაგრამ არა ცხიმიანი. სასურველია უფრო რაფინირებული, დაბალპროცენტიანი ხაჭო, რძე თუ ყველი.
თხილი, მზესუმზირა და ნიგოზი დიდი რაოდენობით არ შეიძლება, რადგან 100 გრამი ეს პროდუქტი 500 კილოკალორიის შემცველია, რაც საკმაოდ მაღალია და ზედმეტი კალორიულობაც შეიძლება გახდეს შაქრის მომატების მიზეზი.
კვერცხი კვირაში მაქსიმუმ სამჯერაა რეკომენდებული მოხარშული სახით ან ძალიან მცირე ცხიმში მომზადებული.
ბათუმში, ასევე ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში 11 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ხუთი ტენდერი აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 31 მილიონ 972 ათას 52 ლარია.
ტენდერები პრეისკურანტითაა გამოცხადებული და Design-Build მეთოდით საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, შემდეგ კი ამ დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.
ამ ტენდერების ფარგლებში დაგეგმილია:
ბათუმში – N3, N12 და N26, N23 და N29 საბავშვო ბაღების
ხულოში – სოფელ ხიხაძირის და სოფელ ოქრუაშვილების ბაღების
შუახევში – სოფელ ბარათაულის და სოფელ ბუთურაულის ბაღების
ქედაში – სოფელ ქვედა მახუნცეთის (აწჰესი) ბაღის
ხელვაჩაურში – სოფელ ქედქედის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.
13 710 410 ლარით არის გამოცხადებული ტენდერი ბათუმის N3, N12 და N26 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციაზე. წინადადებების მიღება იწყება 2023 წლის 17 ნოემბერს და მთავრდება 20 ნოემბერს. სამივე ბაღის შემთხვევაში პროექტირება და რეკონსტრუქციის სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.
7 196 500 ლარით არის გამოცხადებული ტენდერი ბათუმის N23 და N29 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციაზე. ამ შემთხვევაშიც წინადადებების მიღება დაიწყება 2023 წლის 17 ნოემბერს და დამთავრდება 20 ნოემბერს. სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში უნდა დასრულდეს.
3 157 705 ლარია გათვალისწინებული ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების – ხიხაძირისა და ოქრუაშვილების საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციისთვის. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 14 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა დასრულდეს.
3 342 387 ლარითაა გამოცხადებული ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბარათაულის და ბუთურაულის ბაგა-ბაღების რეკონსტრუქციაზე. წინადადებების მიღება აქაც 2023 წლის 14 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება. სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა დასრულდეს.
4 565 050 ლარია გათვალისწინებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საბავშვო ბაღის და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის (აწჰესი) საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციაზე. ტენდერში წინადადებების მიღება დაწყებულია და 2023 წლის 16 ნოემბერს დასრულდება. ამ შემთხვევაში სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.
ამავე თემაზე
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფერიის, მახინჯაურისა და ორთაბათუმის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე, რისთვისაც მთლიანობაში 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 15 ნოემბერს დასრულდება: