მთავარი,სიახლეები

რამდენად საშიშ ნივთიერებებს გადაიტანენ ტერმინალიდან – ქიმიკოსები VS მოწინააღმდეგეები

17.01.2019 • 4120
რამდენად საშიშ ნივთიერებებს გადაიტანენ ტერმინალიდან – ქიმიკოსები VS მოწინააღმდეგეები

„უსაფრთხოებას სად იცავენ? – იქ, სადაც საფრთხეა და რატომ უნდა შევიქმნათ საფრთხე ბათუმის მოსახლეობამ? გვარწმუნებენ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება, მაგრამ ჩვენ არც ერთი უსაფრთხოების ზომა საქართველოში ჯერ დაცული არ გვინახავს“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს. სპეციალისტებისა და ხელისუფლების შეფასების მიუხედავად, რომ ბათუმის ახალი ტერმინალი ყველა სტანდარტით აშენდება, ეს ჯგუფი 20 იანვარს საპროტესტო აქციას მაინც გეგმავს, ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ.

აზოტის მინერალური სასუქები: კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები. ფოსფატის სასუქები: მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი. ნედლეული: ოგირდი; გრანულირებული გოგირდი; არაგრანულირებული გოგირდი ან კოშტისებრი გოგირდი ბიგ-ბეგებში; ფოსფორიტები – ეს იმ ტვირთების ჩამონათვალია, რომელთა გადატანაც ბათუმის პორტთან გაფორმებული ხელშეკრულებით დასაშვები იქნება იმ ტერმინალიდან, რომელიც პორტში უნდა აშენდეს.

„ყველა ჩამოთვლილთაგანი არის სასუქი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გასანოყიერებლად და მცენარის საკვებად. მე არა ვარ გადაზიდვების სპეციალისტი, მაგრამ შემიძლია აღვნიშნო, რომ ნებისმიერი სასუქის გადაზიდვა შესაძლებელია, თუ დაცული იქნება შეფუთვის, შენახვის და გადაზიდვის პირობები, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტები“, – ამბობს ნინო კიკნაძე, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქიმიკოსი.

მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიურ საშუალებათა რეგისტრაციისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის, დავით სარჯველაძის თქმით, ზემოთ აღნიშნულ სასუქებზე კონკრეტულად რომ ისაუბრო, საჭიროა იცოდე მათი ზუსტი სახელწოდება, სავაჭრო დასახელება, თითოეულის შემცველობა და ა.შ. სწორედ ამ ნიშანთვისებების მიხედვით შეიძლება ითქვას, თუ რომელი სასუქის შემოტანაა დაშვებული საქართველოში და რომლის არა. ამასთან, საქართველოში სასუქების შემოტანას, ტრანსპორტირებას თუ შენახვას შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები არეგულირებს, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული.

ერთ-ერთი ასეთი რეგლამენტის მიხედვით: „განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ამონიუმის გვარჯილის [იგივე ამონიუმის ნიტრატი, ამონიუმის სულფატი – ავტ.], როგორც ფეთქებადი ნივთიერების, შენახვა. იგი უნდა ინახებოდეს სხვა სასუქებისაგან განცალკავებულად, ხანძრის გამომწვევ ყველა ფაქტორისაგან იზოლირებულად. სასუქების სათავსოს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ხაძარსაწინააღმდეგო ინვენტარი, ხოლო მომუშავე პირებს პირადი ჰიგიენის და პირველადი დახმარების საშუალებები“.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე თევზაძე მიიჩნევს, რომ ტერმინალში ამ ნივთიერებების დასაწყობებით ბათუმი ტექნოგენური კატასტროფის მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნება: „ამის საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის ნივთიერებები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია გადაადგილდება ჩვენი პორტის საშუალებით. მთავრობა ამბობს, რომ საფრთხის შემცველი ნივთიერებები არ არის ბათუმის პორტში, თუმცა უკვე არსებობს ეს ნივთიერებები აქ. ახლა უკვე გაიზრდება ამ ტვირთების რაოდენობა, გაიზრდება საფრთხეები. ეს ნივთიერებები, მაგალითად, ამონიუმის ნიტრატი მიიჩნევა იგივე ტროტილად მისი ფეთქებადი თვისებიდან გამომდინარე… არის კარბამიდზე მოთხოვნა, რომელიც არის შედარებით უსაფრთხო, მაგრამ ვერავინ გააკონტროლებს. სახელმწიფოს არ მივყვებით ტყუილში, რომ აქ მხოლოდ კარბამიდი დასაწყობდება, ესეც დამღუპველი იქნება ტურისტული ბაზრისთვის, ესეც კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. რადიაქტიული იქნება, ორგანული იქნება, რაშიც ფულს გადაიხდიან, იმას გადაიტანს ეს კომპანია“.

პორტი, როგორც ქალაქის შემადგენელი ნაწილი, როგორც ალექსანდრე თევზაძე ამბობს, უნდა დარჩეს, თუმცა, მისი აზრით, სასურველია ბათუმი გარდაიქმნას მწვანე, ეკოლოგიური ტურისტული მიმართულების ქალაქად: „ჩვენ არ შეიძლება ორივე გზას დავადგეთ – ტურიზმიც განვავითაროთ და ქიმიური ინდუსტრიაც ერთ ქალაქში. ეს ერთმანეთს უშლის ხელს. ამიტომ, ჩვენ გვაინტერესებს, რომელ გზაზე გვაყენებს მთავრობა, მაგრამ ეს უკვე გარკვეულია და ამას ვეწინააღმდეგებით. ვაპროტესტებთ არა პორტს და გადაზიდვებს, არამედ იმ გზას, რომელზეც უკვე დაგვაყენეს“.

ბათუმის პორტიდან მთელი არსებობის განმავლობაში ნავთობი გადააქვთ. შესაბამისად, ალექსანდრე თევზაძეს ვკითხეთ, ნავთობის გადაზიდვა უფრო საშიშია თუ სასუქების? მისი აზრით, „ყველაზე დიდი შეცდომაა შევადაროთ ნავთობი და ამონიუმის ნიტრატი“.

„ამონიუმის გვარჯილას [იგივე ამონიუმის ნიტრატის] დეტონირება წარმოუდგენელია ცეცხლის წყაროს გარეშე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“  სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიურ საშუალებათა რეგისტრაციისა და კონტროლის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა დავით სარჯველაძემ: „ამონიუმის გვარჯილას აწარმოებს „რუსთავის აზოტი“ და გადის კიდეც ექსპორტზე, ბათუმშიც არის მაღაზიები, სადაც ამ სასუქს ერთი წელი და მეტი ხნითაც კი ინახავენ. მზის სხივების ზემოქმედებითაც არ ფეთქდება. მთავარია, ცეცხლის წყაროსთან არ იყოს ახლოს. ზოგადად, ამონიუმის გვარჯილას თუ ნებისმიერ სასუქს ახლავს თავისი ინსტრუქცია/წესი შენახვის, ტრანსპორტირების და გამოყენების, რაც მკაცრად უნდა იქნას დაცული და ამ შემთხვევაში ის სრულიად უსაფრთხოა“.

„უბრალოდ, საშიში არის ძალიან… შარდოვანას [იგივე კარბამიდი – ავტ.] გავიტანთ და უსაფრთხოაო. კი, მაგრამ, სუნი აქვს მაგას, ქალაქს რაღაც ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს. სამუშაო ადგილები არ არის, არაფერი არ არის, უბრალო მოქალაქეები ტურისტული ბიზნესით ირჩენენ თავს. ქალაქი რომ აყროლდება ამ შარდოვანას სუნით ვინ შემოვა? გვეუბნებიან, რომ დავიცავთ უსაფრთხოების ზომებსო მაგრამ იაპონიაში ვერ იცავენ ამ ზომებს ბოლომდე და ბათუმში რას დაიცავენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ მერაბ ბლადაძემ, რომელიც დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და აქამდეც მონაწილეობდა ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციაში. მერაბ ბლადაძე მალე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდება „პატრიოტთა ალიანსიდან“ – ის ამ ორგანოში ჩაანაცვლებს ზაზა ოქუაშვილს, რომელსაც უფლებამოსილებას უახლეს მომავალში შეუწყვეტს უმაღლესი საბჭო.

„ხელისუფლებამ ამას წინათ ჩაატარა პრეზენტაცია აბსოლუტურად ჩუმად და მე ხელისუფლებას ვურჩევდი, უფრო მეტად გამოვიდნენ ხალხთან დიალოგში და არა ვიღაცის დაკვეთები შეასრულონ. ახლა კიდევ ამბობენ, ვიღაცის დაკვეთით მოქმედებს ეს ჯგუფიო, ყველაფერი არის სიცრუე და უბრალოდ გულსატკენია, როცა დაკვეთა კი არა, ბათუმელების ჯანმრთელობაზე და გადარჩენაზეა საუბარი. 2 მილიონი დოლარი რომ მიიღოს პორტმა წელიწადში, ამისთვის ამხელა კატასტროფის წინაშე დადგეს უნდა ქალაქი და დავთმოთ უნდა იმისთვის, რომ ყაზახმა და ვიღაც ქართველმა ბიზნესმენებმა, ვისაც აქვს ინტერესი, ფული იშოვოს?“ – აცხადებს მერაბ ბლადაძე. – „ჩემი პირადი აზრია, რომ სადაც 20 მილიონს დებენ, დაამატონ 100 ათასი – 200 ათასი დოლარი და მოაშორონ პორტს ეს ტერმინალი. ბიზნესის წინააღმდეგი კი არ ვართ“.

ალექსანდრე თევზაძეს ვკითხეთ – რაში ხედავს გამოსავალს. „რაში ვხედავ გამოსავალს ახლა ვერ გეტყვით. 20 იანვარს გავარკვევთ ალბათ“, – გვითხრა მან.

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კი ირწმუნებიან, რომ ეს არ არის გამოუვალი მდგომარეობა, რადგან ახალი ტერმინალით მხოლოდ უსაფრთხო ტვირთების გადატანა იქნება დასაშვები.

ლაშა კომახიძის მოსაზრებას გაეცანით აქ.

ბათუმის მერი: ბათუმის პორტში საშიში ნივთიერებების ადგილი არ არის

თორინკე რიჟვაძის განმარტებას გაეცანით აქ.

მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის ხელშეკრულება 1 კაცის პროტესტის ფონზე გაფორმდა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: