ბათუმში, კერძო ბინებისა და პატარა სასტუმროების მფლობელები დამსვენებლების ნაკლებობაზე ჩივიან. მათი თქმით, გასულ წელთან შედარებით, ბევრად იაფია დღიურად გასაქირავებელი ბინები, თუმცა ტურისტების რაოდენობა მაინც ნაკლებია.
მაგალითად, საბა დობორჯგინიძე ბინას ზღვასთან ახლოს, ხიმშიაშვილის ქუჩაზე აქირავებს დღიურად. გასულ წელს, სეზონზე 150 ლარად ქირავდებოდა მისი ბინა, წელს კი, როგორც გვეუბნება, 90 ლარშიც უჭირს გაქირავება. ამ ბინაში 3 ადამიანის განთავსება შეიძლება.
„ძალიან შემცირებულია ტურისტების ნაკადი. ამას ემატება ის, რომ ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ზღვა დაბინძურებულია და ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ტურისტების რაოდენობაზე. უფრო მეტად შიდა ტურისტის ნაკლებობაა, თორემ უცხოელები მეტ-ნაკლებად არიან“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, გასულ წელს ყველაზე ხშირად ქართველ დამსვენებლებზე აქირავებდა ბინას, რუსეთის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ ჰყოლია.
„მე ზღვის ამბავს ვუკავშირებ დამსვენებლების შემცირებას, რადგან ინფრასტრუქტურა იგივეა, რაც შარშან იყო და სხვა არ ვიცი“, – ამბობს საბა დობორჯგინიძე.
გიორგი შალიკაძეც ამავე უბანში აქირავებს ბინას დღიურად. საკუთარი ბინების გარდა სხვისი ბინების გაქირავებაზეც მუშაობს. მისი თქმით, წელს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონია.
„რვაწლიანი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ წელს ყველაზე ცუდი სეზონია, რადგან ბინების ფასიც ძალიან დაბალია და არც დამსვენებელია ბევრი.
თუ შარშან 180 ლარად ქირავდებოდა ბინა, სადაც სამი ადამიანი შეიძლება მოთავსდეს, წელს 119 ლარი ღირს, მაგრამ დამსვენებელი მაინც არ არის.
ყველა თვეში ვაკეთებ ანალიზს, რომელი ქვეყნიდან რამდენი დამსვენებელი მყავდა და 90 პროცენტი იყო რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეები. სავარაუდოდ, უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია ტურისტების შემცირება, რადგან უკრაინის ომი რუსეთზეც ისახება, ხალხს აღარ აქვს ალბათ ფული“, – გვეუბნება გიორგი.
მისი თქმით, არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდან შემოსული ტურისტები უფრო ძვირადღირებულ სასტუმროებში ჩერდებიან და არ არიან ყოველდღიური ბინების მომხმარებლები.
„ასეთი ტურისტი ჩვენთან არ შემოდის.
ის რუსებიც, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოში იცხოვრებს, ყიდულობენ ბინებს და აღარ ქირაობენ. თავიანთი არხები გააკეთეს სოციალურ ქსელებში და ახლა თვითონ აქირავებენ. ბუნებრივია, ესეც აისახა კონკურენციაზე“, – გვეუბნება გიორგი.
მისი თქმით, ზოგადად შემცირებულია დღიურ ბინაზე მოთხოვნა, რადგან დღიურად უფრო ძვირის გადახდა უწევს ტურისტს, ვიდრე თვიურად.
„დღიურად, ათ დღეში რამდენის გადახდაც უწევს, იმ ფასად გარეუბანში (400-500$) შეუძლია იქირაოს სტუდიოს ტიპის ბინა თვიურად.
დიდი პრობლემაა ისიც, რომ რუსებმა ძალიან ბევრი ბინა იყიდეს და ახლა თვითონ აქირავებენ. აქაც როცა მოდიან, 2-3 დღის შემდეგ მეუბნებიან – ხომ არ იცი ისეთი ბინა, თვიურად რომ ვიქირაო? აღარ უნდათ ყოველდღიური ბინები“, – ამბობს გიორგი შალიკაძე.
გიორგის თქმით, შარშან ამ დროს იმდენად დიდი იყო ნაკადი და გაძვირდა ბინის ფასები, რომ ბინის მფლობელებმა უარი თქვეს მაკლერების მომსახურებაზე და თავად აქირავებდნენ.
„თუმცა რამდენიმე თვეში შეწყდა ეს ნაკადი და ახლა ძალიან უჭირთ უკვე გაქირავება. მეც აღარ მიღირს მაღალ ფასად სხვისი ბინის აღება. ასეთი მდგომარეობა გვაქვს“, – გვეუბნება ის.
რაც შეეხება შიდა ტურიზმს, გიორგი ამბობს, რომ ქართველი ტურისტები ისედაც 20 ივლისის შემდეგ იწყებენ ბათუმში შემოსვლას. ახლა ნაკლებია დამსვენებელი.
„ფასებიც გაბერილია ყველაფერზე და ადამიანს, რომელსაც 1000 ლარი აქვს ხელფასი, აქ ერთი კვირის დასვენებაშიც კი ვერ ეყოფა და ცხადია, ესეც პრობლემაა“, – ამბობს გიორგი.
დამსვენებლების შემცირებაზე საუბრობს მერი მაღლაფერიძეც. „ნამდვილად შემცირებულია ტურისტების ნაკადი. მე „ორბშიც“ მაქვს ბინა და იქ, მაგალითად, მოთხოვნა იყო უფრო უცხოელებიდან, მაგრამ თუ შარშან 200 ლარს იხდიდნენ დღეში, ახლა 120-130 ლარია და მაინც არ არის ტურისტი.
მოლოდინი გვქონდა, რომ ივნის-ივლისში აიწევდა ფასები, მაგრამ პირიქით მოხდა“, – ამბობს მერი.
სხვა მეპატრონეების მსგავსად, მერი საუბრობს პრობლემაზე, რომელიც უცხოელების მიერ საქართველოში ბინების შეძენას უკავშირდება. „შარშან სლავი დამსვენებლები მყავდა ბევრი, მერე შეიძინეს უძრავი ქონება და აღარ სჭირდებათ ჩვენგან ქირაობა.
ამას დაემატა პანიკა ზღვის ხარისხთან დაკავშირებით და ამანაც შეამცირა შიდა ტურისტი. ძალიან ბევრი თავს იკავებს ბათუმში ჩამოსვლაზე, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ბავშვები ჰყავს, რადგან არ ენდობიან ზღვის წყლის ხარისხს“, – გვეუბნება მერი მაღლაფერიძე.
„ბათუმელები“ ბათუმში ჰოსტელებისა და პატარა სასტუმროების მფლობელებსაც გაესაუბრა.
სასტუმრო „ძველი ბათუმის“ მეპატრონე გოჩა მესხიც ტურისტების ნაკადის შემცირებაზე ჩივის.
ის 100 ლარად აქირავებს ნომერს, თუმცა ამბობს, რომ ფასის მიუხედავად, დამსვენებელი ნაკლებია.
„რუსი დამსვენებელიც შემცირებულია და ქართველიც.
შარშან მყავდა დამსვენებლები ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, არაბული ქვეყნებიდან ნაკლებად, მაგრამ წელს ძალიან ცოტაა.
არ ვიცი, რა არის მიზეზი, ალბათ ის, რომ ფული აღარ აქვთ ადამიანებს“, – გვეუბნება ის.
„ჰოსტელ ინ“ ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძის ქუჩაზეა. შესაბამისად, ზღვასთან ახლოს, თუმცა მისი მეპატრონის, ანდრო კაკაბაძის თქმით, წელს ბათუმში ტურიზმი ვერ მუშაობს.
„არ შემიცვლია ფასები, წელსაც იგივე მაქვს, რაც შარშან მქონდა, თუმცა ხალხი ცოტაა.
ივნისმა უფრო კარგად იმუშავა, ვიდრე ივლისმა.
ახლაც უმეტესობა რუსეთიდანაა, არიან ევროპის ქვეყნებიდანაც, მაგრამ ცოტა. შარშან ამ დროს 70 პროცენტი იყო შევსებული, წელს 30 პროცენტია.
ზოგადად, ძალიან სიძვირეა ბათუმში, თბილისიდან კვიპროსში მიფრინავენ ადამიანები და აქ არ ჩამოდიან, რადგან გაცილებით იაფი უჯდებათ, ვიდრე აქ.
არ ვართ ჩვენ ის ქვეყანა, რომ ასე ძვირი იყოს ყველაფერი, არც მომსახურეების სფერო გვაქვს გაუმჯობესებული და საზღვაო ქვეყნები კონკურენციას გვიწევენ.
თბილისელები ზღვის ფაქტორის გამო არ ჩამოდიან, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამბობს ზღვა უსაფრთხოაო. მაინც აქვთ ადამიანებს შიში“, – გვეუბნება ანდრო კაკაბაძე.
მამუკა თურმანიძე „ჰილტოპ ბათუმის“ მეპატრონეა და ისიც პრობლემებზე საუბრობს.
„შარშანდელი მაისისა და ივნისის თვეებთან შედარებით, წელს შემცირებულია ტურისტული ნაკადები, 50 პროცენტით ნაკლებია ტურისტი. ივლისშიც აშკარად ნაკლები მაჩვენებლები გვაქვს. ზოგადად, ყველა ქვეყნიდან გვაქვს ტურისტების კლება.
რომელ ბაზარზეც მუშაობს საქართველო ზოგადად, თითქმის ყველა ქვეყნიდან შემცირებულია დამსვენებელი.
ისრაელზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩვენ არ გვყავს ამ ქვეყნიდან დამსვენებლები, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან შემცირებულია. მთელი მაის-ივნისი ფაქტობრივად ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ 15%-ით შემცირებულია ფასები“, – ამბობს მამუკა თურმანიძე.
მის კოტეჯში, როგორც მამუკა ამბობს, ფასები 200 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე აღწევს, თუმცა დამსვენებელი მაინც არ მატულობს.
მამუკა თურმანიძე იმედოვნებს, რომ აგვისტო და შემოდგომა (სექტემბერ-ოქტომბერი) შესაძლოა უკეთესი იყოს. „თუმცა ტენდენცია არის ტურისტების კლებისკენ“, – გვეუბნება ის.
მისი თქმით, საქართველოს ზღვის კურორტებს დიდ კონკურენციას უწევს თურქეთი, ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში შემოფრენა ბევრად ძვირი უჯდება ტურისტს, ვიდრე თურქეთის გავლით. ამიტომ ტურისტულ სექტორს გადასახედი აქვს არა მარტო ფასები და მომსახურება, ქვეყანამ უნდა შეცვალოს პოლიტიკა და გააუმჯობესოს როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა.