მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონით იზრდება – როგორ გადანაწილდება თანხა

18.07.2023 •
ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონით იზრდება – როგორ გადანაწილდება თანხა

ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონი ლარით იზრდება – მერიამ შესაბამისი ცვლილების პროექტი დასამტკიცებლად ბათუმის საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.

მერიის ინფორმაციით, ნამატი თანხიდან 20 მილიონი ლარი აჭარის მთავრობის ტრანსფერია, მათ შორის: 5 მილიონ 700 000 ლარი – სპეციალური, ხოლო 14 მილიონ 300 000 ლარი კაპიტალური ტრანსფერია.

გარდა ამისა, ქალაქის სხვა შემოსავლების მაჩვენებელი 3 მილიონ 200 000 ლარით იზრდება. ეს თანხა ძირითადად მუნიციპალიტეტის მიერ ბანკში განთავსებულ ფულად სახსრებზე დარიცხული სარგებელია.

საკრებულოში წარდგენილი ცვლილების პროექტის მიხედვით, მერია ახალ ღონისძიებებს დაამატებს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ზოგ შემთხვევაში კი უკვე დაწყებული და მიმდინარე, მრავალწლიანი პროექტის ხარჯების გაზრდას გეგმავს.

1 მილიონ 450 000 ლარით იზრდება გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობის სამუშაოების დაფინანსება.

მილიონი ლარი გაითვალისწინეს ბათუმში, ევგენი მიქელაძისა და მ. ჯავახიშვილის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოების დასაწყებად – ეს პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს და პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ 560 077 ლარია.

1 მილიონი ლარით იზრდება ბათუმში, მამია ვარშანიძის და ხახულის ქუჩების [ალ.სულაბერიძისა და მ. ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან ფრ. ხალვაშის გამზირამდე] კეთილმოწყობის სამუშაოები.

2 მილიონი ლარით გაიზრდება გიორგი ლეონიძის ქუჩის მოწყობის დაფინანსება. იგივე თანხა ემატება სულაბერიძისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩების კვეთიდან ალ. პუშკინის ქუჩამდე, ალ. პუშკინის ქუჩიდან იმედაშვილის ქუჩამდე და იმედაშვილის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე რეაბილიტაციის სამუშაოების ბიუჯეტს. ეს მრავალწლიანი პროექტია და 2026 წელს უნდა დასრულდეს.

500 000 ლარი გაითვალისწინეს პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე გზაგამყოფ სივრცეში სამ საკადასტრო ერთეულზე სკვერის მოსაწყობად. ეს ნაკვეთები საავტომობილო სკვერის გამყოფ ზოლშია და კარგად გამწვანებული სივრცეა, თუმცა მოსაწესრიგებელი.

რაც შეეხება სოციალურ ნაწილს, მერია 399 800 ლარით ზრდის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსებას. კერძოდ, იზრდება ბავშვებისთვის გათვალისწინებული გაკვეთილების რაოდენობა.

1 მილიონ 105 700 ლარით გაიზრდება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება. მერია ამ გადაწყვეტილებას მგზავრთა ნაკადის ზრდის გათვალისწინებით ხსნის.

მერიის ინფორმაციით მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის უფლება აქვთ ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარებს, ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარებს, შშმ პირებს, შშმ სტატუსის ბავშვებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს და სკოლების მანდატურებს, საბავშვო ბაღების და ბიბლიოთეკების თანამშრომლებს, პროფესიული კოლეჯის – Black sea-ს თანამშრომლებს, სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასაკით პენსიონერებს, მარტოხელა მშობლებს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა აჭარის რეგიონული ცენტრის ბენეფიციარებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: