მთავარი,სიახლეები

„ქართული ოცნება“ გვთავაზობს რუსეთს, მასკარადულ ჩოხაში – რატომ ვირჩევთ ევროპას

26.07.2023 • 1305
„ქართული ოცნება“ გვთავაზობს რუსეთს, მასკარადულ ჩოხაში – რატომ ვირჩევთ ევროპას

„ჩვენ ვართ ევროპა“, „შინ, ევროპისკენ“ – ეს სიტყვები ბოლო დროა ყველა ასაკის ადამიანისგან გვესმის საქართველოში.

რატომ მიაჩნიათ მოქალაქეებს, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობა და ევროპული ღირებულებები თანხვედრაშია, რატომ ვამბობთ – „შინ, ევროპისკენ“?

„ბათუმელები“ ამ თემაზე იმ ახალგაზრდებს ესაუბრა, რომლებიც ბოლო დროა აქციებზე იცავენ ამ იდეას და ამბობენ, რომ არ მისცემენ რუსეთს უფლებას, კალაპოტი შეუცვალოს ქვეყნის ევროპულ კურსს.

„ჩვენ ვართ ევროპა“ – საქართველოს მოქალაქეები რუსთაველზე

ლიზა კახაბერიძე სტუდენტია. ამბობს, რომ მისთვის ევროპა არის სივრცე, სადაც უფრო მეტად იქნება დაცული, როგორც ქართული, ეროვნული იდენტობა, ასევე მოქალაქეების თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი.

„ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის, ევროპა ასოცირდება თავისუფლებასთან, სამართლიანობასთან, თანასწორობასთან, განსხვავებულის მიმღებლობასთან. ეს არის სივრცე, სადაც არ არის უცხო პატივისცემა, მხარდაჭერა და სოლიდარობა. ეს თვისებები ასევე წარმოადგენს ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძველსაც, მე ასე ვფიქრობ. ამიტომ არის ჩვენი ადგილი ევროკავშირში,“ – გვითხრა ლიზამ.

ის ამბობს, რომ მისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის, აზრის გამოხატვის თავისუფლება.

„არ მინდა მეშინოდეს, რომ ვიღაც მოვა და ამის გამო ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას მომაყენებს ან ემოციურ ზიანს მომიტანს.

ჩემთვის სამშობლოს სიყვარული არ არის მხოლოდ გულზე მჯიღის ცემა და სადღეგრძელო სუფრაზე. ამით არ განვსაზღვრავ ჩემს იდენტობას. ქართველობა, პირველ რიგში, ნიშნავს თავისუფლებისკენ სწრაფვას და ჩვენ სუვერენიტეტს“ – ამბობს ლიზა.

ლიზა კახაბერიძე

ივერი შაინიძე ამჟამად გერმანიაში სწავლობს თავისუფალ უნივერსიტეტში და ბერლინის კოპერნიკის ასოციაციის სტიპენდიატია.

„ახლა გერმანიაში ვარ და როგორც ქართველი, ვერანაირ გაუცხოებას ვერ ვგრძნობ. პირიქით, ეს არის სახლი, სადაც თავს ვგრძნობ კომფორტულად და სადაც აუცილებლად უნდა ვიყოთ.

ქუჩაშიც ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპისთვის კულტურული მრავალფეროვნება, ყველა ადამიანი საკუთარი იდენტობით არის წარმოდგენილი. რუსთაველს რატომ ვსწავლობთ, რომელიც ამბობს „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“, ევროპა არის ამ მრავალფეროვანი კულტურების, განსხვავებული ადამიანების ჰარმონიული თანაცხოვრება და არც საქართველოსთვის არის ეს უცხო.

მე, პირადად, ვერც კი წარმომიდგენია ერთფეროვან გარემოში ცხოვრება, სადაც ყველას შეიძლება ერთნაირი აზრი ჰქონდეს, ერთნაირად ეცვას, ერთნაირად ფიქრობდეს“, – გვეუბნება ივერი.

მისი აზრით, მიუხედავად გეოგრაფიული სიახლოვისა და მრავალწლიანი იძულებითი თანაცხოვრებისა, საქართველოს არ აქვს საერთო ღირებულებები რუსეთთან.

„ვერც ეს ყბადაღებული ერთმორწმუნეობა გამოდის, რადგან ეს „ერთმორწმუნე“ გიპყრობს, გკლავს. ანწუხელიძე აწამა, ოთხოზორია ჩვენსავე მიწაზე მოგვიკლა, ამიტომ ეს „ერთმორწმუნეობაც“ არაფერს ნიშნავს.

ჩვენი საერთო იდეა და ეროვნული იდენტობა არის ის, რომ თავისუფალ საქართველოში თანასწორად, კონფლიქტების გარეშე ვცხოვრობდეთ ქრისტიანებიც, მუსლიმებიც, ათეისტებიც და ყველა ადამიანი. ეს არის ევროპელობა და ვფიქრობ, ქართული იდენტობა“, – ამბობს ივერი.

ივერი შაინიძე

„ჩემთვის ევროპა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სივრცე შესაძლებლობებისთვის. მე, როგორც ახალგაზრდას, სტუდენტს, არც კი ვიცი, ოდესმე მომეცემოდა თუ არა იმის შანსი, რომ ბერლინის უნივერსიტეტში მესწავლა სრულიად უფასოდ.

ევროპამ იმდენი თანხა დახარჯა ჩემზე, ერთ სტუდენტზე, რომლის ნახევარიც კი არ დაუხარჯავს ჩემს სახელმწიფოს ჩემზე, მის მოქალაქეზე.

რომ არა ევროკავშირის გრანტები, რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებები, ვერც წარმოვიდგენდი მიმეღო ხარისხიანი განათლება, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის მინდა გამოვიყენო.

არა მარტო სტუდენტები ვიღებთ ამ სარგებელს, გადავხედოთ, რამდენი სოფლის პროგრამა, რამდენი ბიზნესი დაგვიფინანსეს და ფეხზე დააყენეს ჩვენს ქვეყანაში“ – ამბობს ივერი.

ნიკა თურმანიძე

ნიკა თურმანიძე ბათუმელი სტუდენტია. იგი მიიჩნევს, რომ ევროპულ ოჯახში საქართველო ბევრად უფრო დაცული იქნება, ვიდრე „იმ სახელმწიფოს გვერდით, რომელსაც მხოლოდ იმპერიალისტური აზრი ამოძრავებს“.

მისი თქმით, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად ევროპა არის შესაძლებლობა, ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ განათლება წამყვან უნივერსიტეტებში და ასევე, ქართულ უნივერსიტეტებშიც მოვიწვიოთ უცხოელი პროფესორები ცოდნის გაზიარების მიზნით.

„გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელისთვის, ამიტომ არ ემუქრება განსხვავებულ კულტურებს საფრთხე ევროპულ ოჯახში.

განათლებასთან ერთად მათგან ვსწავლობთ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო, მოქალაქე და ის პრინციპები, რაზეც შეთანხმდა ევროპელი ხალხი, იქნება ეს ინფორმაციის თავისუფლება, დემოკრატიული ღირებულებები თუ სხვა.

ევროპულ საზოგადოებას თავისთავში აქვს აღიარებული, რომ ხალხია სახელმწიფოში ყველაფრის წარმმართველი და მიხარია, რომ ახალ თაობაში ეს ღირებულებები ძლიერდება. ევროკავშირში მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი უფლებები და ასოცირების შეთანხმებაც სწორედ ამ პრინციპების დაცვას ითვალისწინებს.

12-პუნქტიანი გეგმაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ძლიერი სახელმწიფო გვქონდეს, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, რადგან, თუ სასამართლო არ გვექნება, არც ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში და არც ადამიანის უფლებები იქნება დაცული. თუ ეს ყველაფერი არ გვექნება, დავკარგავთ რეალურ თავისუფლებას და თავისუფლებადაკარგულ ერს მომავალი არ აქვს“, – მიიჩნევს ნიკა.

მათე ცენტერაძეც ბათუმელი სტუდენტია. იგი სამართალს სწავლობს და მიიჩნევს, რომ ევროპელობა, პირველ რიგში, თავისუფლებას და ადამიანის უფლებების დაცვას ნიშნავს.

„ამას მოჰყვება ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.

ზოგადად, ქართველები თავისუფლებისმოყვარე ერი ვართ, ამიტომ შეუძლებელია, ჩვენი იდენტობა და ღირებულებები შორს იდგეს ამისგან.

მგონია, რომ რუსული ნარატივები, თითქოს ჩვენი ევროპელობა თავსმოხვეულია, ვერ იმუშავებს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ და ყოველთვის დაუჭერენ მხარს სამართლიან და მრავალფეროვან გარემოს საქართველოში“, – ამბობს მათე.

ქეთი პაქსაძე

ქეთი პაქსაძეც მიიჩნევს, რომ განვითარებისა და ქვეყნის სწორი სვლისთვის აუცილებელია საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი იყოს.

„მე, პირადად, ვიდექი ბათუმში აქციებზე, სადაც გამოვხატავდით მოქალაქეები ჩვენს ევროპულ არჩევანს, რადგან მიმაჩნია, რომ რაც ახალგაზრდებს გვჭირდება, მოგვცემს ევროპა: ეს არის – ხარისხიანი განათლება, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები.

სტუდენტი ვიქნები, საჯარო მოხელე თუ სხვა, მე არ უნდა მეშინოდეს ჩემი აზრის ღიად გამოხატვის და არ უნდა მდევნიდნენ ამის გამო. მინდა, მქონდეს თავისუფალი სასამართლო და მე, როგორც მოქალაქე, ვიყო დაცული“, – გვითხრა ქეთიმ.

მისი აზრით, მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქართულ საზოგადოებას გაცილებით მეტი საერთო აქვს ევროპასთან, ვიდრე რუსეთთან. „აგვისტოს ომიც საკმარისია იმის დასტურად, რომ რუსეთი არის იმპერიალისტი და ჩვენ მის გვერდით, როგორც სახელმწიფო, ვერ ვიარსებებთ“ – გვითხრა ქეთიმ.

პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით, ხშირად კითხვას – რატომ არის საქართველო ევროპა, არასწორად პასუხობენ, რადგან უფრო მეტად აქცენტს აკეთებენ ქართული კულტურის სიძველეზე, დღევანდელი ევროპა კი არის კონკრეტული ფასეულობების სისტემა, მათ შორის, პოლიტიკური ფასეულობების, სადაც პირველ ადგილზე დგას დემოკრატია და ადამიანის, როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა.

პუბლიცისტის თქმით, თუ ჩვენ გვინდა საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, ყველა მოქალაქე იყოს თანასწორი კანონის წინაშე, ერთნაირად ჰქონდეთ ადამიანებს განვითარების შესაძლებლობები და ვცხოვრობდეთ ღირსეულად, „მაშინ ევროპა არის ჩვენი არა მარტო ერთადერთი არჩევანი, არამედ ერთადერთი გზა“.

მისი თქმით, ამაზე თანხმდებოდა ყველა თაობა.

„მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა მთავრობებს შორის, არასდროს, არც ერთ მთავრობას არ ჰქონია განსხვავებული პოზიცია, როგორი უნდა ყოფილიყო საქართველო.

ერთადერთი მთავრობა, რომელიც ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ძირს უთხრის მოსვლის დღიდან, არის „ქართული ოცნება“, მაგრამ ვერ გამოთხარა ეს ძირი, როგორც ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან მუხლჩაუხრელად მუშაობს და ცდილობს ეს საფუძველი რამენაირად შეარყიოს.

ამ აქციებმაც გვაჩვენა, რომ შემდეგი თაობაც აბსოლუტურად იზიარებს იმ აზრს, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა.

ევროპული არა იმიტომ, რომ „ზეზვა და მზია“ გვყავს, არა იმიტომ, რომ ქრისტიანული ქვეყანა ვართ და ასე შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, კონკრეტული პოლიტიკური და საზოგადოებრივი წესრიგის და მომავლისთვის და არა რუსეთთან, რომელთანაც საერთო არ გვაქვს“, – ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.

zaali

ზაალ ანდრონიკაშვილი

მისი თქმით, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს აგურ-აგურ ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, „ქართული ოცნება“ კი ცდილობს ეროვნული იდენტობის შესახებ დაამახინჯოს ჩვენი წარმოდგენები.

„პრემიერ-მინისტრად დასაქმებული ღარიბაშვილი გერმანიაში, ტურიზმის ფესტივალზე როცა გამოდიოდა, ამბობდა, რომ ევროპა არის ქართველების არჩევანი და ჩვენ საუკუნეებია ვიბრძვით და ბოლო სისხლის წვეთს დაღვრის ქართველი ამისთვისო. შიგნით რომ შემობრუნდება, ლაპარაკობს სრულიად სხვა რაღაცას, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთი ოლიგარქის პარტია და ანგარიშვალდებულია არა ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც ერთადერთი ის ანაღვლებს, როგორ შეინახოს ფული კარგ პირობებში.

ამიტომ ეს ღირებულებები, რაზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ამათთვის სრულიად მიუღებელია, რადგან რუსი ოლიგარქი ივანიშვილი შეიძლება ხარობდეს მხოლოდ ავტოკრატიული რეჟიმების პირობებში და სწორედ ეს განაპირობებს მათ სიახლოვეს რუსეთთან“, – ამბობს ზაალი.

რატომ ნიშნავს ქართული იდენტობა ევროპელობასაც? – ზაალ ანდრონიკაშვილი შეკითხვას ასე პასუხობს:

„შევხედოთ, რას ამბობდა ილია ჭავჭავაძე, რას ამბობდა ივანე ჯავახიშვილი. ეს არის ხალხი, ვისაც ჩვენ ვეყრდნობით ქართველობის განმარტებაში. ეს განმარტება მოდის თერგდალეულებიდან, 1860-იანი წლებიდან. მაგალითად, ილიასთვის ქართველობა ნიშნავდა ტრადიციული ქართველობის მოდერნიზაციას, მის განახლებას და მის დაახლოებას ევროპასთან.

ილიას ოპონენტი სოცდემოკრატებისთვისაც კი სრულიად გასაგები იყო აზრი, რომ მთავარი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაა, რისი საშუალებაც არ მოგვცა ბოლშევიკურმა რუსეთმა 1921 წელს.

ეს იდეა, ილიას მემკვიდრეობა, ჩვენამდე მოიტანა ივანე ჯავახიშვილმა, მეცნიერებისა და ხელოვანთა, მწერალთა თაობამ, რომელთა დიდი ნაწილი 1937 წელს დახვრიტეს. გაანადგურა ისევ და ისევ რეჟიმმა, მაგრამ ეს იყო ის იდეა, რომ საქართველო არის იმავე ღირებულებებზე მდგომი ქვეყანა, რა ღირებულებებზეც დგას, ვთქვათ, დღევანდელი ევროპა“, – ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.

„შინ ევროპისკენ“ – საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე თბილისში.

ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ საქართველოს ევროპული გზის მანიფესტია და ამაზე მეტყველებს რუსი ჩინოვნიკისა და გლეხი „ლელთ ღუნიას“ შეპირისპირებაც.

„იგივე „ლელთ ღუნია“ როცა ეუბნება მგზავრს, იგივე ილიას, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“, ეს არის საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობის პირდაპირი მანიფესტი. რუსი აფიცერი კი, ეს არის ყალბი კულტურა, რომელსაც საქართველო გაურბის და ამის საპირწონედ არის დანახული ევროპული კულტურა და სხვათა შორის, უპირისპირდება იმ არგუმენტებს, რა არგუმენტებითაც ჩვენ დღეს გვიპირისპირდებიან „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები, როცა „მშვიდობაზე“ გველაპარაკებიან.

მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაპირისპირებაში „ლელთ ღუნია“ ერთმნიშვნელოვნად დგას დამოუკიდებლობის მხარეს, როცა ამბობს – „რაის ვაქნევ ცარიელ მშვიდობას“.

და ეს ფორმულა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე პოულობს მგზავრის წერილებში, პირდაპირ ურტყამს ამ პროპაგანდისტებს, ვინც დღეს რუსული მონობის სანაცვლოდ გვთავაზობს „მშვიდობას“, – ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.

მისი თქმით, „მგზავრის წერილებში“ ილიას ევროპული ჩაცმულობა არის გზავნილი თანამედროვე საქართველოსთვის.

„ლელთ ღუნია ეუბნება მგზავრს, ქართული ტანსაცმელი არ გაცვია და ვერ გიცანი, ქართველი იყავი თუ არაო. ილია კი ეუბნება, რომ მთავარი მაინც გულია.

აი, ამ ფორმულას გვთავაზობს ილია, – ქართული გული ევროპულ ტანსაცმელში. „ქართული ოცნება“ კი გვთავაზობს რუსულ გულს, მასკარადულ ჩოხაში.

ეს არის პრინციპული განსხვავება“ – ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.

ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით, აშშ-ს, ევროპისა და რუსეთის ერთ სიბრტყეზე დაყენება და განხილვა სამშობლოს ღალატია.

„რუსეთი 200-წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტერია. 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა წაართვა საქართველოს დამოუკიდებლობა და დღესაც კი, ჩვენი სუვერენიტეტის პირობებში, ყველაფერს აკეთებს, შეაჩეროს ევროპისკენ ჩვენი მოძრაობა.

ამ ფონზე, აშშ და ევროკავშირი ჩვენი ყველაზე ერთგული პარტნიორები არიან და ის, რომ საქართველო გადარჩა თუნდაც 2008 წელს, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების დამსახურებაა. ამიტომ იმის თქმა, რომ რუსეთი და აშშ ჩვენთვის ერთი და იგივეა, რომ თურმე ორივეს ჩვენი დამონება უნდა, არის პირდაპირი ღალატი, უნამუსობასთან ერთად“, – ამბობს პუბლიცისტი და დასძენს, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები განცხადებებს ყოველთვის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით აკეთებენ და მხარში უდგანან ჩვენს ქვეყანას როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად.

„ამიტომ, ზურაბ ჟვანიას მიერ 1999 წელს წარმოთქმული სიტყვები – „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, ნიშნავს, რომ ჩვენ და ევროპას გვაქვს ერთი საფუძველი და ერთი მსოფლმხედველობა. ეს არის ადამიანის, მოქალაქის თავისუფლება, რომელიც აღჭურვილია უფლებებით და ასეთი მოქალაქეების ერთობლიობას ეკუთვნის სახელმწიფო, რომელიც არის დემოკრატიული და ასეთივე ხალხის მიერ მართული.

აი, ასეთი მარტივი რაღაცაა ის, რაც გვაერთიანებს ჩვენ და დღევანდელ ევროპას“, – ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: