მთავარი,სიახლეები

„დედა და ჩვილი ძლივს გადავარჩინეთ“ – ექიმი ხულოში სამშობიარო სერვისის გაუქმებაზე

26.07.2023 •
„დედა და ჩვილი ძლივს გადავარჩინეთ“ – ექიმი ხულოში სამშობიარო სერვისის გაუქმებაზე

მაღალმთიან აჭარაში არ არის ხელმისაწვდომი გინეკოლოგიური სერვისები, რაც გართულებებისა და მძიმე შემთხვევების საფუძველი ხდება – ამბობს ბათუმელი მეან-გინეკოლოგი, რომელსაც ხულოდან ჩამოყვანილი ახალნამშობიარევი ქალისა და ჩვილის სიცოცხლისთვის მოუხდა ბრძოლა.

ახალგაზრდა ქალი კლინიკა „მედინაში“ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. როგორც კლინიკის ექიმი, ინდირა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კლინიკაში შეყვანისას ქალისა და ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო.

ბათუმში ხულოდან ჩამოყვანილი 20 წლის ახალნამშობიარები ქალის და მისი შვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„ორსული ქალი მთაში იყო, როდესაც ნაადრევი ტკივილი დაეწყო, ჩავიდა ხულოს კლინიკაში და რადგან იქ ადგილზე არ შეუძლიათ ორსული ქალის მიღება, გადმოამისამართეს ბათუმში. ქალმა კატასტროფის ბრიგადის მანქანაში იმშობიარა, თუმცა პლაცენტა იყო ამძვრალი. ამის გამო ქალს მუცელი სისხლით ჰქონდა გავსებული.

ორი ლიტრი სისხლი ჰქონდა ჩაღვრილი და, ბუნებრივია, მისი და ბავშვის სიცოცხლე იდგა რისკის ქვეშ.

ამჯერად დიდი ძალისხმევის შედეგად მოვახერხეთ ქალისა და ახალშობილის გადარჩენა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ზამთარი რომ ყოფილიყო და ვერ ჩამოესწრო სასწრაფოს, მაშინ რა მოხდებოდა? ახლა გაგვიმართლა, მაგრამ ყოველთვის ასე არ მოხდება“, – გვეუბნება ექიმი.

მისი თქმით, ამ დროისთვის დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ და შესაძლოა, კვირის ბოლოს გაწერონ კიდეც.

როგორც ინდირა ბოლქვაძე ამბობს, გუშინ კიდევ იყო შემთხვევა, როცა სავარაუდოდ მოწამლული ფეხმძიმე ქალი მიიყვანეს კლინიკაში.

„ეპიგასტრიუმის არეში ჰქონდა ტკივილი, მოიწამლა და რადგან ადგილზე ვერ აღმოუჩინეს სათანადო დახმარება, იძულებული გახდა, ორი დღის შემდეგ ჩამოსულიყო ბათუმში. როგორ შეიძლება ადეკვატური დახმარება ვერ აღმოეჩინათ მისთვის ხულოში?

მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია, როცა გართულებულ მდგომარეობაში შემოჰყავთ ხოლმე მშობიარეები და შემდეგ ჩვენ, ექიმებს, ისე, რომ არც კი ვიცით ორსული ქალის ანამნეზი, გვიწევს გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწრაფად.

ქედა, შუახევი და ხულო – სამი მუნიციპალიტეტი სამეანო განყოფილების გარეშეა დარჩენილი და ორსულ ქალებს არ შეუძლიათ მივიდნენ თავიანთ მუნიციპალიტეტში კლინიკაში და იმშობიარონ.

მეც ხულოდან ვარ წარმოშობით, დედაჩემმა ათი შვილი გააჩინა ხულოს კლინიკაში წლების წინ და დღეს როგორ შეიძლება, რომ სამეანო განყოფილება არ არსებობდეს ამხელა რეგიონში, სადაც ისევ მაღალია შობადობა.

რატომ არ უნდა შეეძლოთ ორსულ ქალებს ადგილზე მიიღონ სამედიცინო მომსახურება, დროულად მიმართონ ექიმს და ადგილზე ჩაიტარონ როგორც გეგმური გამოკვლევები, იმშობიარონ კიდეც და ბათუმში არ უწევდეთ ჩამოსვლა.

ქალაქში რომ უჭირდათ საკეისროს გაკეთება, მაშინ აკეთებდნენ ხულოს კლინიკაში ამ ოპერაციას ექიმები და დღეს ეს ყველაფერი აღარ არსებობს, რატომ?!

მინიმუმ, ყველა მორიგეობაზე სამი ქალი მაინც შემოდის სოფლიდან და ამ სამიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ასე თუ გაგრძელდა, ძალიან ცუდი იქნება“, – ამბობს ინდირა ბოლქვაძე.

ექიმის თქმით, ხულოში არ არის კადრების პრობლემა, უბრალოდ არ არსებობს ხელისუფლების ნება, რომ მთაში, ადგილზე გაუმჯობესდეს ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხელმისაწვდომი გახდეს ორსული ქალებისთვის აუცილებელი სერვისები.

„სპეციალისტები არიან ხულოში და ბევრი სპეციალისტი დაუსაქმებელია. მოიყვანონ და გამართონ სამეანო განყოფილება. ვფიქრობ, ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა და მოითხოვოს პირობების გაუმჯობესება“, – ამბობს ექიმი. 

მეან-გინეკოლოგ ინდირა ბოლქვაძის თქმით, თუ სახელმწიფოს შობადობა, ქალის ჯანმრთელობა და დემოგრაფიის გაუმჯობესება აინტერესებს, ამ საკითხზე უნდა იზრუნოს.

„20-25 წლის ქალებზეა აქ საუბარი, მათ არათუ მშობიარობის შესაძლებლობას არ აძლევს სახელმწიფო მათ რაიონებში, არც რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს არავინ. მაგალითად, ამ ქალს, რომელმაც ჩვენთან იმშობიარა, სახლში 11 თვის ბავშვი ჰყავს კიდევ.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხითაც უნდა ჰქონდეთ ქალებს ინფორმაცია, მაგალითად ის, რომ არ შეიძლება 11 თვეში ხელმეორედ დაფეხმძიმება და მეორე ორსულობა მოგვიანებით უნდა დაიგეგმოს.

საჭიროა კონტრაცეფცია, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და მთაში არ მიუწვდებათ ხელი ადამიანებს, სახელმწიფო პროგრამები უნდა იყოს ამაზე და რა პრობლემაა, რომ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს კონტრაცეპტივები სახელმწიფომ დაურიგოს.

ის, რაც ხდება, საშინელებაა. ხულოდან რომ ორსული ქალი ბათუმში ჩამოვიდეს ვიზიტზე, ეს ხომ ფინანსებთან არის დაკავშირებული. რვა ვიზიტი კი არის უფასო, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. რაიონში რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, იქ აიყვანდა ექიმს, იქ ჩაიტარებდა გამოკვლევებს და იმშობიარებდა კიდეც.

როგორმე უნდა გამოსწორდეს ეს მდგომარეობა. ეს თუ არ მოგვარდება, ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი“, – გვეუბნება ინდირა ბოლქვაძე.

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების კლინიკებს „ევექსი“ მართავს. „ბათუმელებმა“ კომპანიას ჰკითხა, რა იყო კონკრეტული მიზეზები, რის გამოც დაიხურა სამეანო განყოფილებები, მაგალითად, შუახევსა და ხულოში?

„ევექსის“ რეგიონული კლინიკების წარმომადგენელი გიორგი ამბროლიანი ამბობს, რომ ხულოში და მსგავსი ტიპის მაღალმთიან რეგიონში სამეანო განყოფილების გახსნა შეუძლებელია.

„საქართველოს კანონმდებლობით არსებობს სამი დონის სამშობიარო. პირველი დონის სამშობიაროს მხოლოდ ფიზიოლოგიური მშობიარობის მიღების უფლება აქვს, მეორე და მესამე დონის სამშობიაროები კი ხულოში და მსგავსი ტიპის პერიფერიებში, როგორიცაა, მაგალითად ამბროლაური, ონი და სხვა ვერ შეიქმნება, ეს გამორიცხულია“, – ამბობს გიორგი ამბროლიანი.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად სახელმწიფომ მიიღო და საკეისრო კვეთა რომ გააკეთოს კლინიკამ, ამისთვის ცალკე რეგულაცია არსებობს.

„საკეისროს რადგან აკეთებ, ესე იგი, არსებობს მოლოდინი, რომ შეიძლება რაიმე გართულდეს და დაგჭირდეს რეანიმაცია. ბავშვთა რეანიმაცია საქართველოში არის სულ სამი და ხულოში ბავშვთა რეანიმაციას ვერ განავითარებენ, ესეც გამორიცხულია, რადგან სულ 15 ბავშვთა რეანიმატოლოგი გვყავს ქვეყანაში.

სწორედ ამიტომ დავაყენეთ ჩვენ საკითხი ხულოში სამშობიაროს გაუქმებაზე. როცა თვეში 1-2 მშობიარობა გაქვს, ეს არის გაცილებით დიდი რისკი, რადგან ექიმისთვის ეს ითვლება პრაქტიკის და კვალიფიკაციის ნაკლებობად.

ამიტომ დავნერგეთ ორსულთა პატრონაჟის პროგრამა (ანტენატალური მეთვალყურეობა), რომელიც ითვალისწინებს ორსულობის სწორად დაგეგმვას, მეთვალყურეობას 9 თვემდე და შემდეგ შესაბამის კლინიკაში გადამისამართებას სამშობიაროდ.

აი, ეს კომპონენტი შეგვიძლია უფრო გავაუმჯობესოთ, მაგრამ სამშობიაროს ვერ გავაკეთებთ“, – გვეუბნება ის.

გიორგი ამბროლიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ორსულობა რთულდება და საჭიროა გადაუდებელი დახმარება, ორსული ქალი კატასტროფის მანქანას გადაჰყავს შესაბამის კლინიკაში.

„სწორედ ამ მიზნით დავაყენეთ ერთ-ერთი საუკეთესო, მაღალი გამავლობის კატასტროფის მანქანა კლინიკის ეზოში, ყველანაირი აღჭურვით. ფაქტობრივად, ბორბლებზე მოსიარულე რეანიმაციაა.

ის ქალიც, რომელიც გუშინ გადაიყვანეს კლინიკაში, ემერჯენსოლოგმა მიიღო. ის ისედაც ბათუმში იმყოფებოდა აღრიცხვაზე. ნაადრევ მშობიარობასთან გვქონდა საქმე და ისედაც ვერ მიიღებდა ხულოს კლინიკა ასეთ მშობიარეს.

ეს არ არის ჩვენი მოგონილი პრაქტიკა, მსოფლიო პრაქტიკაა ასეთი, რა ჯობია და როგორ უნდა დაიგეგმოს.

ჩვენი მიდგომაა ორსულების აღრიცხვაზე აყვანა და მთლიანი პატრონაჟის გაწევა. ეს პროგრამა არსებობს, მოქმედებს და ვერც შეწყდება“, – ამბობს გიორგი ამბროლიანი.

მისი თქმით, ხულოში წლის განმავლობაში მინიმუმ 65-70 მშობიარობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შობადობა შემცირებულია და ასეთ პირობებში სამშობიაროს გახსნა მიზანშეწონილი არ არის.

„არ შეიძლება ქირურგმა თვეში 1 ოპერაცია გააკეთოს და კარგი ქირურგი იყოს. ამიტომ ურჩევნიათ ორსულებსაც, რომ პატრონაჟი ადგილზე მიიღონ და იმშობიარონ უფრო გამოცდილ ექიმთან, მაღალი დონის კლინიკაში.

თუ ამბობენ, რომ წლების წინ არსებობდა მუნიციპალიტეტებში სამეანოები, მაშინ სრულიად სხვა სისტემა იყო და შობადობაც ბევრად მაღალი იყო რაიონებში“, – გვითხრა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: