მთავარი,სიახლეები

მოქალაქეები ბათუმში რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

27.07.2023
მოქალაქეები ბათუმში რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

დღეს, 27 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან შემოსულ საკრუიზო გემთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

„ბათუმელები“ აქციის რამდენიმე ინიციატორს ესაუბრა, ერთ-ერთი თაზო მახარაძეა.

მისი თქმით, რუსეთიდან გემი არც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს და არც მანამდე არ უნდა შემოსულიყო საქართველოში, რადგან რუსეთი ოკუპანტია.

„ველოდებით ადამიანებს და ვაპირებთ საპროტესტო პერფორმანსს.

რა თქმა უნდა, ეს გემი არ უნდა შემოსულიყო ბათუმში, რადგან რუსეთთან ჩვენ ვერ გვექნება ვერანაირი მეგობრული ურთიერთობა მისი ბუნებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, ამ გემის შემოსვლის მიზანი არის ჩვენი ევროკავშირისა და ნატოსგან დაშორება.

ის, რაც ამ პროცესებს შეაჩერებს, არის ამ ხელისუფლების ცვლილება“, – ამბობს თაზო მახარაძე.

აქციის კიდევ ერთი ინიციატორი, ცოტნე მირცხულავა მიიჩნევს, რომ საკრუიზო გემზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების კომენტარები აჩვენებს, რომ ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს იურისდიქციასა და სუვერენიტეტს.

„ჩვენი პროტესტი გამოიწვია ამ გემზე მყოფი ხალხის განცხადებებმა, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამბობენ, რომ ჩვენ თურმე ვართ საბჭოთა კავშირის რეჟიმის დაქვემდებარებაში. ჩვენ არ გვაქვს თურმე უფლებები და ჩვენ ვართ რუსეთის ნაწილი.

ჩვენ, ჩვენი თაობა არ ვაპირებთ ეს ქვეყანა, ეს ქალაქი და ჩვენი სამომავლო გეგმები დავუკავშიროთ რუსეთსა და იმ ბოროტების იმპერიას, რომელსაც არათუ სხვა ქვეყნისთვის, რუსეთისთვისაც კი არ მოუტანია სიკეთე“, – ამბობს ცოტნე.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს, მას პასუხს გასცემენ.

„ყველას კარგად გვახსოვს მარტის აქციები, თუ რამდენად ძვირად დაუჯდა ხელისუფლებას ქართველ ხალხთან თამაში და ჩვენი ინტერესების არ გათვალისწინება და ხელის შეშლა.

როგორც გაიწვიეს რუსული კანონი და როგორც მოუწიათ საზოგადოების დიდ ნაწილთან უკან დახევა, ვფიქრობ, ისევ მოუწევთ უკან დახევა ამ საკითხზეც, რადგან არავინ აპირებს რუსეთში ცხოვრებას, რუსეთიზაციას არავინ შეეგუება და დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არსებობს ხალხი, ვინც შეეწირება იმას, რომ ეს ქვეყანა იყოს პროდასავლური და იდგეს დასავლურ რელსებზე“, – ამბობს ცოტნე მირცხულავა.

რუსეთიდან, კერძოდ სოჭიდან, საკრუიზო გემი დღეს, 27 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა ბათუმში.

„მთავარი არხისთვის“ მიცემულ კომენტარებში რამდენიმე რუსი ტურისტი ამბობს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, ერთ-ერთი მათგანი კი ღიად აცხადებს, რომ დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, თუმცა საქართველოში საზღვარზე შემოსვლა მაინც უპრობლემოდ მოახერხა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: