მთავარი,სიახლეები

პოლიციელები არავის დაუსჯია – კაცის დაკავების საქმე ბათუმში, როცა მისი ვინაობა არ იცოდნენ

26.07.2023 • 4997
პოლიციელები არავის დაუსჯია – კაცის დაკავების საქმე ბათუმში, როცა მისი ვინაობა არ იცოდნენ

სამართალდამცავმა უწყებებმა რეაგირების გარეშე დატოვეს შემთხვევა ბათუმში, როცა პოლიციელებმა დააკავეს კაცი, ვისი ვინაობაც არ იცოდნენ.

ეს ამბავი ბათუმში 2023 წლის 18 ივნისს მოხდა – ბათუმში, ჭავჭავაძის და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა კაცი დააკავეს. გაირკვა, რომ პოლიციელებს სხვა პირი უნდა დაეკავებინათ. დაკავება ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ბათუმელებს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ ამ შემთხვევაზე გამოძიება არ დაუწყიათ, პროკურატურაში კი, ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. დაიწყო თუ არა მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ იმისთვის, რომ სამართალდამცველი პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს? – ეს შეკითხვა შსს-ს პრესცენტრში უპასუხოდ დატოვოს.

„მოკვლევაც არ დაუწყიათ. მოკვლევა რომ დაეწყოთ, მე დამიკავშირდებოდნენ და გამოითხოვდენ, პირველ რიგში, ვიდეოჩანაწერს, კანონით ასეა. ასევე, გამომკითხავდნენ მე და ადამიანს, რომელიც უკანონოდ დააკავეს… ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მხოლოდ ჟურნალისტებმა დამირეკეს და სახალხო დამცველმა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი თემურ ქავშბაია.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს პოლიციელების მხრიდან უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაა და გამოძიება აუცილებლად უნდა დაწყებულიყო.

„პირველ რიგში, გენერალურ ინსპექციას უნდა დაეწყო მოკვლევა. თუ დაინახავდა ინსპექცია დანაშაულის ნიშნებს, უნდა გადაეცა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის.

მე და თქვენ უკანონოდ, თუნდაც რამდენიმე წუთით რომ შევუზღუდოთ ვინმეს გადადგილება, ან თავისუფლება, სასამართლოს შეუძლია მოგვისაჯოს 7 წელი. თანაც, მნიშვნელოვანია და ეს ვიდეოდა ჩანს, რომ პოლიციელებს ჰქონდა მოსამართლის განჩინება, მაგრამ არ დაუდგენიათ, ვის აკავებდნენ. ადამიანი დააკავო და შემდეგ არკვიო, ვინ არის, რა თქმა უნდა, უკანონო დაკავებაა.

სასჯელაღსრულების სამსახური ვერ აჩერებს, მაგალითად, პატიმარს ციხეში დამატებით ერთი საათით და ღამის 2 საათზეც ათავისუფლებს, როცა ვადა იწურება. წინასწარი დაკავების იზოლატორშიც ასეა – ვერ დატოვებ ადამიანს იზოლატორში საფუძვლის გარეშე. პირს დაკავების დროს უნდა უთხრა განჩინების ნომერი, ვინ გამოსცა ეს განჩინება, რა მუხლით აკავებ.

ფაქტია, რომ ეს სახელმწიფო პოლიციურ სისტემად იქცა,“ – ამბობს თემურ ქავშბაია და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, ამ შემთხვევაში მოსამართლის განჩინება პირის დაკავებაზე კონკრეტული, ძებნილი პირის მიმართ იყო გამოცემული, რომელიც ასევე ადვოკატ თემურ ქავშბაიასთან უნდა მისულიყო საადვოკატო ბიუროში.

„ეს აჩვენებს იმასაც, რომ უსმენენ ადვოკატსაც და პირის კონსულტაცია ადვოკატთან არ არის დაცული. ადვოკატთან კომუნიკაცია უნდა იყოს დაცული,“ – დასძინა ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ.

საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, იურისტი თამარ წულუკიძეც მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაზე გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა დაეწყო.

„ეს შემთხვევა შეიცავს დანაშაულის სავარაუდო ნიშნებს, მაგალითად, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი. მსგავსი ფაქტები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. გვაქვს უწყებები, რომლებსაც კანონი ავალებს ადეკვატურად რეაგირებას.

გენერალურმა ინსპექციამაც უნდა შეისწავლოს ეს შემთხვევა: რამდენად სწორად ახორციელებს ამა თუ იმ ქმედებას სამართალდამცავი უწყების თანამშრომელი,“ – ამბობს თამარ წულუკიძე.

———————————-

ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ 2023 წლის 18 ივნისს გაავრცელა, ჩანს, რომ ღამით, ქუჩაში პოლიციელები მოქალაქეს აკავებენ ხელბორკილის გარეშე, ადვოკატი პოლიციელებს ეცნობა, რომ ის ადვოკატია და ითხოვს კითხვაზე პასუხს: „აკავებთ თუ რას აკეთებთ? ვის აკავებთ?“ – ადვოკატს პოლიციელები ვერ პასუხობენ.

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ნუ მიშლი ხელს“, – ისმის ჩანაწერში პოლიციელის ხმა, იგი მოქალაქეს ხელკავს უკეთებს და მიმართავს: „მობრძანდით, დაჯექი მანქანაში.„ჩანაწერში ისმის ადვოკატის მოთხოვნაც: „დადგენილება მომეცი დაკავების შესახებ“, ერთ-ერთი პოლიციელი კი, მიმართავს პირს, ვისაც აკავებენ: „სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული ხართ“.

„ვის აკავებთ განჩინების საფუძველზე?“ – კითხულობს ამჯერად ადვოკატი. პოლიციელებს განჩინება არ აქვთ. „თქვენ პროვოკაციულ კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ,“ – ამბობს პოლიციელი და ისევ არ ეუბნება ადვოკატს, ვის აკავებს.

„რა დავაშავე, მითხარით, აგერაა ადვოკატი,“ – ამბობს პირი, რომელსაც პოლიციელები აკავებენ.

„გამომძიებელი მოვა და განჩინებას გაგაცნობთ,“ – ვიდეოჩანაწერში ისმის პოლიციელის ეს ვერსიაც.

„თქვენ იმყოფებით ნასვამ მდგომარეობაში და ძალიან გთხოვთ, დამშვიდდეთ,“ – ადვოკატის თავიდან მოშორებას ამ გზითაც ცდილობს პოლიციელი.

„რა იცით, რომ ნასვამი ვარ?“ – კითხულობს ადვოკატი.

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ნუ გვიშლით ხელს“, – იმეორებს პოლიციელი. ადვოკატს პოლიციელები ასევე სთხოვენ, შეწყვიტოს ვიდეოს გადაღება.

„გამითიშე, რად გინდა ბიჯო ლაივი“, – ამბობს პოლიციელი, რომელიც მოგვიანებით უერთდება დიალოგს და დანარჩენ პოლიციელებს მიმართავს: „ეს არაა მაგი“. ადვოკატ თემურ ქავშბაიას თქმით, ეს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი, ბაჩო ხაჟომიაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: