გურჯაანში კაცმა 36 წლის მეზობელი მოკლა, ბრალდებული დააკავეს – შსს

გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. ინფორმაცია შსს -მდღეს, 7 მაისს გაავრცელა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გურჯაანში, „წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა მეზობელი – 1990 წელს დაბადებული ა.მ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალდებული 36 წლისაა. მას განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მოსამართლე ბიულეტენების გაჟონვის საქმეზე: შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ამბობს, რომ მის მიერ განხილული საარჩევნო დავის საქმეზე გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, თუმცა დღემდე გამოძიება არ დაწყებულა.

საქმე ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნების მიხედვით გაყალბებულია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხმების ფარულობის დარღვევა იყო. არჩევნების შემდეგ „გაჟონილი ბიულეტენების“ საქმით რამდენიმე სასამართლოს ერთდროულად მიმართა საიამ, თუმცა სარჩელი მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა.

დღეს, 7 მაისს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ განცხადება გაავრცელა:

„საზოგადოებრივი ინტერესისა და საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით ვადასტურებ, რომ წარსულში ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

არსებული ინფორმაცია, დადგენილი წესით, დეტალურად ვაცნობე საქართველოს გენერალურ პროკურორს, რათა დაუყოვნებლივ დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება. თუმცა, დღემდე არ არის ცნობილი გამოძიების დაწყების ან სხვა სამართლებრივი პროცედურების თაობაზე.

ზემოაღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა წარმოშვას საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და საკითხის პოლიტიზაციას, რაც პირდაპირ აზიანებს სამართლის უზენაესობის პრინციპს და საზოგადოებრივ ნდობას.

ყველასთვის ცნობილი და გასაგები უნდა იყოს, რომ საარჩევნო პროცესი წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს, ხოლო სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს მისი სამართლებრივი სიწმინდე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება ეფუძნება მხოლოდ კანონს და სამართალს. ამასთან, ვემსახურები იმას, რომ ყველა პროცესში მაქსიმალურად დაცული იყოს სასამართლოს მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ავტორიტეტი“, – აღნიშნულია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ვლადიმერ ხუჭუა ის ერთადერთი მოსამართლეა საქართველოში, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. 
  • 2025 წლის ბოლო მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უარი თქვა „ოცნების“ რეჟიმის პირობებში მიღებული რამდენიმე ახალი სამართლებრივი ნორმის გამოყენებაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება, რომელიც მიიჩნევს, რომ „ოცნების“ მმართველობის დროს შეცვლილი კანონი ანტიკონსტიტუციურია, საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვის გარეშე დატოვა.

„გვჭირდება შეკრება ერთ მაგიდასთან“ – ბათუმში დღეს, 7 მაისს დისკუსია გაიმართება

დღეს, 7 მაისს, ბათუმში ფილმს აჩვენებენ და დისკუსია გაიმართება დამოუკიდებლობის თემაზე. ამ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

„ისტორიულად, ქართველები სუფრასთან ვიკრიბებოდით და ვმსჯელობდით ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე. ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მძიმე დროს, დღესაც გვჭირდება შეკრება ერთ მაგიდასთან, ერთმანეთის მოსმენა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა.

ამიტომ, 26 მაისამდე საქართველოს შემოვივლით და ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუსმენთ სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში. ვიწყებთ ბათუმით – 7 მაისს, 20:00-ზე, ჩვენს თანამოქალაქეებს სწორედ აქ შევხვდებით.

სადაც წავალთ, დროშასაც დავდგამთ, როგორც ჩვენი ერთიანობის სიმბოლოს – ჩვენ ხომ ერთი ხალხი ვართ და ერთი საქართველო გვაქვს.“ – აღნიშნულია მოძრაობის „ერთი ხალხი – ერთი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დისკუსია და ფილმის ჩვენება „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში“ გაიმართება დღეს, 7 მაისს. მისამართი: გიორგი ბრწყინვალეს 49.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 338 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 918 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 24 521 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 41 539 ერთეული [+61]
  • MLRS – 1 776 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 365 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 277 912 ერთეული [+1 851]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 336 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 94 545 ერთეული [+233]
  • სპეცტექნიკა – 4 172 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 585 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთში უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა ნავთობის მსხვილმა ქარხანამ – მედია

კიევი: გამოვლენილია რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელშიც ქართველებიც შედიოდნენ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გასულ წელს გმირთა ხეივანზე 25 მილიონი დაიხარჯა, წელს რეაბილიტაცია დასჭირდა

ბათუმის გმირთა ხეივანში ხარაჩოები და სხვა სამუშაო ინსტრუმენტები ისევ დაგხვდებათ.

აღდგენის სამუშაოები დაუწყიათ, თუმცა როდის დასრულდება, არ ვიცით და არც ის ვიცით, ეს სამუშაოები ხარვეზების სრულ განახლებას ითვალისწინებს, თუ მხოლოდ იმ ადგილებს შეაკეთებენ, საიდანაც კომერციულ ობიექტებში წყალი ჩადის.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, განახლებისთვის შეწუხებას არავინ აპირებდა, საფეხმავლო ხიდების ქვეშ განთავსებული კომერციული ობიექტების მოიჯარეებს ამ ფართობებში წყლის ჩასვლა რომ არ გაეპროტესტებინათ.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბათუმის მერიამ მოახერხა და ხეივანში მოწყობილი ფართობები საიჯარო წესით გაასხვისა. ზოგ შემთხვევაში მაღალ ფასადაც. სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ კი, მოიჯარეები გამოწვევის წინაშე დადგნენ – წვიმის დროს წყალი ჩავიდა და ყველაფერი გააფუჭა.

გმირთა ხეივანი
გმირთა ხეივანი

გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მოწყობის პროექტი 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე დაიწყო და 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ დასრულდა. დაიხარჯა 25 მილიონი ლარი. პროექტის პომპეზურად გახსნიდან მალევე, 2025 წლის ზაფხულში, ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა. ხარვეზის გამოსწორებაზე ამ დრომდე არავის უზრუნია.

ადგილზე თითქმის იგივე ვითარება დაგვხვდა, რაც 2025 წელს იყო, უარესიც – წყლის გაჟონვის გამო კედლები ისეა დაზიანებული, რთული დასაჯერებელია, რომ პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდა. ამის შესახებ დეტალურად ნახეთ „ბათუმელების“  გასული წლის მასალა:

  გმირთა ხეივანი, რომლის მოწყობაზე 25 მილიონი დაიხარჯა, მწყობრიდან გამოსულია

ისევ დაკეტილია შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები და ბათუმში არავინ იცის საერთოდ იყო თუ არა ეს ლიფტები ჩართული სარგებლობისთვის. ამის შესახებ ვკითხეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ბათუმში შშმ პირების უფლებების დაცვაზე ზრუნავენ. მათი თქმით, ამ ლიფტებით არასდროს უსარგებლიათ: „არც კი დაგვიტესტავს“.

შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტები გმირთა ხეივანში ისევ არ მუშაობს – გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონი დაიხარჯა

საინტერესოა, რომ  ხეივნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული კადრები არაერთხელ გაავრცელეს, ისევე როგორც მისი პომპეზურად გახსნის კადრები. ლიფტების თუნდაც სატესტო რეჟიმში ჩართვა არც ამ კადრებში ფიქსირდება.

საპირფარეშოები ჩაკეტილია, კედლებზე რიგ შემთხვევაში ხავსია მოდებული, კომერციულ ფართობებში კი წყლის გუბეები დგას.

კომერციული ფართობი გმირთა ხეივანში, ფოტო გადაღებულია შუშიდან
კომერციული ფართობი გმირთა ხეივანში, ფოტო გადაღებულია შუშიდან
კომერციული ფართობი გმირთა ხეივანში, ფოტო გადაღებულია შუშიდან
კომერციული ფართობი გმირთა ხეივანში, ფოტო გადაღებულია შუშიდან

ამ დროისთვის აღდგენილია მხოლოდ ერთ-ერთი ხიდის დაზიანებული ნაწილი, ჩართულია შადრევანიც.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შემსყიდველ უწყებაში – მუნიციპალური განვითარების ფონდში კითხვებს არ უპასუხეს: „მოგვწერეთ, გამოითხოვეთ ინფორმაცია.“

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მუნიციპალური განვითარების ფონდში კითხვებს არ უპასუხეს, ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვნის შემთხვევაში კი მაქსიმალურ ვადას იყენებენ და მაინც არასრულ პასუხებს აგზავნიან.

ეს ის უწყებაა, რომლის ყოფილი უფროსი, დავით ტაბიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. ისიც ახლდა ირაკლი კობახიძეს გმირთა ხეივნის გახსნის ცერემონიალზე 2024 წლის არჩევნებამდე. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 300 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს.

ამ პრეზენტაციას ესწრებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ქარსელაძეც.

გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ირაკლი ქარსელაძის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო.

გამოძიების ფარგლებში გაჩხრიკეს დაკავებული კობა გაბუნიას, ირაკლი ქარსელაძისა და სხვა პირების სახლები – 20 სხვადასხვა ობიექტზე.

ირაკლი ქარსელაძის შემცვლელის, რევაზ სოხაძის ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემურია, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. ამის შესახებ მან გასულ წელს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

გმირთა ხეივანში დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ „საგარანტიო პერიოდში ხარვეზებს და ვანდალიზმის შედეგად მიყენებულ ზიანს ასწორებს მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტრაქტორი კომპანია.“

გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო ხიდების მოწყობის პროექტის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2021 წელს შეისყიდა.

პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 7 მილიონ 315 132 ლარი დაიხარჯა, მეორე ეტაპის სამუშაოებზე კი ხელშეკრულება 16,5 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული, თუმცა ეს თანხა 18 096 153 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა პროექტის საბოლოო ღირებულებაც და საბოლოდ 25,4 მილიონ ლარს მიაღწია.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „საბა კონსტრაქშენმა“ შეასრულა.

სამუშაოები დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამთავრობო პროგრამის – „განვითარებული რეგიონები“ ფარგლებში.

„ოცნების“ მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, შადრევნები, ველოსადგომები, დამონტაჟდა სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათები.

ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ხიდებზე განთავსდა ლიფტები.

„ეს ადასტურებს, რომ რუსეთი უძლურია“ – რას აჩვენებს აჟიოტაჟი რუსულ მედიაში სომხეთის ევროპულ სამიტზე

„ეს უძლურების ნიშანი უფრო არის, ვიდრე ძალის, როდესაც რუსეთი მედიით ასეთ განცხადებებს აკეთებს. სხვა ვეღარაფერს დიდად ვეღარ აკეთებენ,“ – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ტუმასიანი. მას რუსულ მედიაში სომხეთის ევროპულ სამიტებზე ატეხილ აჟიოტაჟზე ვესაუბრეთ.

„დასავლეთის კავკასიური ცირკი“, მაგალითად, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „რაშა თუდეი“ – რას აჩვენებს რუსეთის რეაქცია ფაშინიანის წარმატებულ სვლებზე ევროკავშირისკენ?

„თუ რუსეთის გუბერნიის სტატუსი არ გაგაჩნია, შენ ანტირუსულ საქმიანობას ეწევი, ეს არის დღევანდელი კრემლის ლოგიკა. კრემლი არ ეგუება არც მეგობარს, არც მოკავშირეს, არც მეზობელს. კრემლისთვის არსებობს მხოლოდ სრული მორჩილება და სომხეთმა ეს კარგად ნახა – რუსეთი დამოუკიდებლობის დღიდან პრაქტიკულად სომხურ სახელმწიფოებრიობას ებრძოდა და მიიყვანა იმ კატასტროფამდე, სადაც მიიყვანა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთს რჩება მხოლოდ ორი გავლენის სფერო: ბელარუსი და საქართველო,“ – გვიყვება გიორგი ტუმასიანი.

„ბათუმელებმა“ გიორგი ტუმასიანთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და პოლიტიკური ინიციატივის „ჯერ საქართველო“ წევრი:

  • ბატონო გიორგი, რუსულ მედიაში აქტიურად ეხმაურებიან ევროპის ლიდერების მიერ ერევანში გაკეთებულ განცხადებებს. „დასავლეთის კავკასიური ცირკი“, მაგალითად, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „რაშა თუდეი“, თქვენთვის რას აჩვენებს ეს აქტიურობა? 

რუსეთის სახელმწიფო მედიამ და პროპაგანდისტებმა სომხეთში მიმდინარე პროცესს დიდი ყურადღება დაუთმეს, ასევე დიმიტრი მედვედევმა, რომელიც ხშირად აფასებს ხოლმე ასეთ აქტებს არაფორმალურად. ვნახეთ, რომ მან რუსოფობი უწოდა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, ზელენსკისთან ინგლისურად საუბრის გამო. მარგარიტა სიმონიანი კი, საუბრობს რუსი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე სომხეთში. ესეც საგულისხმოა.

რუსულ მედიაში ძირითადი აქცენტები იყო წინასაარჩევნო კამპანიაზე და იმაზე, რომ აი, ფაშინიანს ეხმარებიან. საუბარია, ძირითადად, ნეგატიურ კონტექსტში, მათ შორის, მაკრონის ვიზიტზე – მუქარანარევი, შეურაცხმყოფელი.

ვხვდებით რუსეთის მედიაში ასევე საქართველოს მაგალითის შეხსენებას, რომ აგერ საქართველომ თავის დროზე რა გააკეთეს და ახლა სწორ გზას დაუბრუნდა. ახლა სომხეთი იმავეს იმეორებსო.

  • ეს ისტერიკაა, როცა არაფრის შეცვლა არ შეუძლია რუსეთს და კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაში, თუ ჩანს, რომ რუსეთი აქტიურდება სომხეთში წინასაარჩევნოდ? 

რუსული მედია არის რუსეთის სახელმწიფო სისტემის გაგრძელება. ეს არ არის ცალკე სფერო. სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია საკითხის მოგვარება, მედიით წივილ-კივილის ატეხა არ უნდა სჭირდებოდეს.

ეს პრაქტიკულად ადასტურებს, რომ რუსეთი უძლურია და მხოლოდ შეუძლია ისეთი მუქარები გააჟღეროს, რომელიც რეალურად საკმაოდ მავნეა თავად რუსეთის გავლენებისთვის, მაგალითად, თუ ეკონომიკურ სანქციებს გამოიყენებს, ამას ექნება უზარმაზარი ანტირუსული რეაქცია საზოგადოებაში.

ეს უძლურების ნიშანი უფროა, ვიდრე ძალის, როდესაც რუსეთი მედიით ასეთ განცხადებებს აკეთებს. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ღიად გამოხატავენ კმაყოფილებას საქართველოში შედეგებით. შესაბამისად, მოქალაქეები საქართველოში უნდა დაფიქრდნენ ამაზე: რას ნიშნავს, როცა რუსეთი კმაყოფილია ჩვენი რეალობით?

გიორგი ტუმასიანი
  • რუსული მედიის ერთ-ერთი მთავარი აქცენტია ის, რომ „მოძმე სომხეთში“ ანტირუსულ კურსს აძლიერებს ევროპა. „შეკრებამ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს და მის სტუმრებს პოლიტიკური პოზირების შესაძლებლობა მისცა, ასევე ყურადღება გადაიტანეს იმ გლობალური კრიზისიდან, რომელშიც ისინი ჩაეფლნენ“ – ეს ციტატაა „რაშა თუდეიზე“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში. როგორ მუშაობს ამჯერად რუსული პროპაგანდა? 

რუსები წინასაარჩევნოდ ცდილობენ ფაშინიანისგან მტრის ხატი შექმნან, აჩვენონ, რომ ის დასავლეთის აგენტია და ეს კავშირი ნეგატიურ კონტექსტში აჩვენონ. ასევეა სპეკულაციები აზერბაიჯანთან დაკავშირებით, შერიგების პროცესზე.

  • როგორ მუშაობს რუსეთის პროპაგანდისტული გზავნილები სომხეთში, თქვენ რას გვეტყვით? 

რუსული მედიის ნაწილი შეზღუდულია სომხეთში, იგივე იუთუბარხები, რომელიც საკმაოდ პოპულარულია სომხეთში…

სომხეთში რუსული პროპაგანდას მაინც ძირითადად აწარმოებენ სომხური გვარის მქონე ადამიანები, მაგალითად, მარგარიტა სიმონიანი, არამ გაბრიელიანოვი, მიკა ბადალიანი… ახლახან მიკა ბადალიანი წერდა, სომხეთი მეორე ფრონტს ხსნის რუსეთის წინააღმდეგ და ომი არ ასცდებაო. გაუგებარია: ჯერ პირველი ფრონტი რომელია და ვისთან? სომხეთს რუსეთთან საზღვარი არ აქვს, აზერბაიჯანთან ომი არ იგეგმება, პირიქით, ყველაფერი კარგადაა. რუსეთი აპირებს ომის გაჩაღებას სომხეთის წინააღმდეგ?

მოკლედ, სომხური გვარის მქონე ადამიანების მეშვეობით ცდილობენ, ფეისბუქში, თუ ტელეგრამში აუდიტორიაზე იმუშაონ.

ოპოზიციონერმა სამველ კარაპეტიანმა, მაგალითად, თქვა ისიც, რომ ბათუმი სააკაშვილის მმართველობის გამო გახდა თურქულ-აზერბაიჯანული ქალაქი. ეს მაგალითი მოიყვანეს იმის საჩვენებლად, თითქოს, აი, რა შედეგი მოჰყვება ფაშინიანის პოლიტიკას. თუ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, ლარსზე რიგები აღარ იქნებაო – ესეც თქვა და სამიტი გეოპოლიტიკურ ბალანსს არღვევს რეგიონშიო: აშკარად იგულისხმა, რომ რუსეთის და ირანის ინტერესების წინააღმდეგია ეს ყველაფერი.

  • რუსი პროპაგანდისტები ერევნის ევროპულ სამიტზე საუბრის დროს ხშირად მიუთითებენ, რომ გიუმრიში, სადაც გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ჩასული, რუსული ბაზაა ამ დრომდე. ამით ცდილობს რუსეთი, რომ შეაშინოს სომხეთი პროვოკაციის მოწყობით, თუ ეს, უბრალოდ, რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია?

დაშინებაც ჰიბრიდული ომის ნაწილია. პროვოკაციის მოწყობაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა.

გუშინდელი ღონისძიება გიუმრიში კიდევ ერთი დასტურია, რომ ის არანაირი განსაკუთრებული ქალაქი არ არის – სხვანაირი სომხები იქ არ ცხოვრობენ, შესაბამისად, ნებისმიერი სპეკულაცია ამ კუთხით მხოლოდ მანიპულაციაა.

ასევე ვფიქრობ, რომ სომხეთის ხელისუფლება სათანადო ყურადღებას აქცევს რუსულ სამხედრო ობიექტებს. ვიცით – რუსეთს შეუძლია ჩაატაროს ე.წ. სამხედრო ოპერაცია იმისთვის, რომ დაიცვას რუსი მოქალაქეები.

  • ფიქრობთ, რომ რეალურია პროვოკაციის საფრთხე სომხეთში, აქვს ამაზე მკაფიო პასუხი სომხეთის მთავრობას? 

სომხეთში მუშაობენ პრევენციაზე, რომელიც საჯარო ვერ იქნება. ვფიქრობ, სომხეთის ხელისუფლება მიმართავს სათანადო ხერხებს, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი პროვოკაცია. ბოლო პერიოდია სომხეთი არ მიესალმება სომხეთში რუსული ძალების როტაციის ან მათი რაოდენობის გაზრდას.

საჭიროებას ვეღარ ხედავს სომხეთი, რომ რუსი სამხედროების რაოდენობა რაიმე ფორმით გაიზარდოს.

  • რუსულ მედიაში ასევე ახსენებენ ფრაზებს, რომ სომხეთში საქმე გვაქვს „ანტირუსულ ავანტიურასთან“, „სომხეთი მოძმე ხალხია, რომელსაც რუსეთისთვის არასოდეს უღალატია,“ მაგრამ „ურსულები სომხეთში ჩავიდნენ ფაშინიანის მხარდასაჭერად, რომელმაც ღიად ანტირუსული კურსი აირჩია“… რას აკეთებს ფაშინიანი რეალურად – რამაც გააღიზიანა რუსეთი? 

ეს არის სუვერენიტეტი და მრავალვექტორული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, რომელიც მეტწილად პროდასავლურია – ადამიანის უფლებების კონტექსტში, დემოკრატიაში სომხეთის ხედვა ემთხვევა ევროპის და ამერიკის ხედვას. ეს არ არის ანტირუსული პოლიტიკა და ფაშინიანს ეს არაერთხელ უთქვამს.

ეს რეაქციები კიდევ ერთი დასტურია, რომ თუ რუსეთის გუბერნიის სტატუსი არ გაგაჩნია, ანტირუსულ საქმიანობას ეწევი. ეს არის დღევანდელი კრემლის ლოგიკა. კრემლი არ ეგუება არც მეგობარს, არც მოკავშირეს, არც მეზობელს. კრემლისთვის არსებობს მხოლოდ სრული მორჩილება და სომხეთმა ეს კარგად ნახა – რუსეთი, პრაქტიკულად, დამოუკიდებლობის დღიდან სომხურ სახელმწიფოებრიობას ებრძოდა და მიიყვანა იმ კატასტროფამდე, სადაც მიიყვანა. მიიყვანა, მათ შორის, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ კატასტროფამდე.

რუსეთი იგივე შეცდომებს იმეორებს და სომხეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისკენ ნაბიჯებს მიიჩნევს ანტირუსულ ნაბიჯებად. ამ ლოგიკით გამოდის, რომ სომხეთის სახელმწიფოს არსებობა ანტირუსულია. მათი აგენტები პირდაპირ ამბობენ, რომ უნდა შევიდეთ რუსეთის შემადგენლობაში.

  • ორნიშნა ციფრსაც არ აღწევს ფაშინიანის რეიტინგიო, ამასაც ხშირად აღნიშნავენ რუსულ მედიაში. 

ეს სრული სიცრუეა და მანიპულაცია. ფაშინიანს 60 %-ის ფარგლებში აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა და ამას IRI-ის ბოლო კვლევაც აჩვენებს.

  • რუსული მედია სომხებს ახსენებს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას, სომხურ კონიაკს ევროკავშირის ქვეყნებში ვერ გაყიდით და რეცესია გექნებათო… 

რუსეთს, როგორც ევრაზიული კავშირის წევრს, არ აქვს უფლება, სომხეთს აკრძალვები დაუწესოს, მაგრამ სავარაუდოდ ამას მაინც გააკეთებს.

რუსი ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი ღიად იმუქრება სწორედ ეკონომიკური ომით რუსეთთან: თუ ვიქნებით ხელისუფლებაში პრობლემები არ იქნება ზემო ლარსზეო. ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემის წყარო და მისი მოგვარებაც ერთი და იგივე ადგილია.

სომხეთის საზოგადოებას ესმის, რომ ეს არის ფასი, რომლის გადახდა უწევთ და პირდაპირ გეტყვით, რომ ელოდებიან თურქეთთან საზღვრის გახსნის, რადგან საქართველოს იმედი არა აქვთ. იციან, რომ საქართველოში პრორუსული ხელისუფლებაა, რომელიც ერთ წელზე მეტია ხელოვნურად პრობლემებს უქმნის სომხეთის ეკონომიკას და მანამდე უკვე ფრანგული იარაღის ტრანზიტის მიმართულებითაც აკრძალვა დააწესა…

თავის დროზე ქართული ღვინოც არსად იყიდებოდა დიდად, ვიდრე რუსეთმა არ აკრძალა. მერე უფრო მეტი ძალისხმევა ვნახეთ დასავლეთისკენ, ასე რომ, სომხეთიც გააჩენს ახალ კავშირებს. ეკონომიკური დივერსიფიკაცია სომხეთისთვის სტრატეგიული ამოცანაა.

  • კიდევ რა რესურსი აქვს რუსეთს იმისთვის, რომ სომხეთს ევროინტეგრაციაში ხელი შეუშალოს? 

ძირითადი მაინც ეკონომიკური ბერკეტებია, ასევე, შიდა აგენტურის მეშვეობით წინასაარჩევნოდ მუშაობენ. რუსეთის სამხედრო ბაზა, რა თქმა უნდა, პროვოკაციის შესაძლო წყაროა. კიბერთავდასხმები არ არის გამორიცხული.

ხვალ დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია სომხეთში. ეს ერთი თვე იქნება ყველაზე ცხელი. ყველაფერს ამ თვეში ველოდებით. არჩევნების დღეს კი, ერთ-ერთ სცენარად, მაგალითად, სავარაუდოდ, განიხილება კიბერთავდასხმა.

  • თქვენი აზრით, რუსეთი კარგავს სამხრეთ კავკასიაში თავის გავლენას? 

მნიშვნელოვნად კარგავს. ეს არჩევნები კი უკვე საბოლოოდ განსაზღვრავს ბევრ რამეს სომხეთში. აზერბაიჯანიც ასევე სომხეთზეა დამოკიდებული მნიშვნელოვნად. სომხეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია გადიან რუსეთის გავლენიდან. ასევე, გასულია რუსული გავლენიდან მოლდოვა და უკრაინა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთს რჩება მხოლოდ ორი გავლენის სფერო: ბელარუსი და საქართველო. ჩვენ ვნახეთ, რომ ტიხანოვსკაიაც [ბელარუსიელი აქტივისტი] იყო ამ სამიტზე ერევანში, მაგრამ ვიცით, რა რეალობაცაა შექმნილი ბელარუსში. ამიტომაც, საქართველოში საზოგადოების სიფხიზლე, რეალობის სწორად აღქმა და, რა თქმა უნდა, ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რატომ აკრიტიკებს „ოცნება“ ევროკავშირის ელჩს? – ინტერვიუ

„კოორდინირებული შეტევაა ევროკავშირის ელჩზე. სტრატეგიულად ორი ძირითადი ილეთია გამოყენებული: ვითომ, რას წარმოადგენს ასეთს ეს ელჩი, რა უფლებით ლაპარაკობს ასე და თუ ჩვენზე, მთავრობაზე, რაღაცას ამბობს, ესე იგი საქართველოს უბედავს.

ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩი პრაქტიკულად არის ძალიან დიდი ძალა – ისინი აშშ-ს და ევროკავშირის სახელით ლაპარაკობენ“, – ამბობს პოლიტოლოგი, ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი.

რატომ ესხმის თავს „ოცნება“ რეგულარულად საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კახა გოგოლიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო კახა, „ოცნების“ მთავრობა და პარლამენტი ერთმანეთის მიყოლებით თავს ესხმიან ევროკავშირის ელჩს, ბოლოს ისიც თქვეს, ვინ არის ევროკავშირის ელჩი, რომ ვერ დავიბაროთო. რას ემსახურება ამ ტონით ელჩზე საუბარი?

დაძაბული არიან, იციან, რომ სათქმელი ძალიან ბევრია.

ჯერ ერთი, არ ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს. საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, აქვს აღებული გარკვეული ვალდებულებები – უნდა შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები და, ასევე, ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული ვალდებულებები.

თუ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ვალდებულებები პოლიტიკური ხასიათისაა, ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ინსტიტუციური ხასიათის ვალდებულებებია.

გასაგებია, როცა არ ასრულებ დავალებებს, ისე იქცევი, მაგალითად, როგორც სკოლის მოწაფე, რომელიც, რაც უფრო ცუდად სწავლობს, მით უფრო მეტად აბრალებს ყველაფერს მასწავლებელს, ცდილობს მის დისკრედიტაციას.

ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ საქართველოში სწორედ ასეთი ამბავი ხდება.

ელჩი არის ევროკავშირის წარმომადგენელი. თუ საქართველო რაღაცას არღვევს – გნებავთ ევროპულ კონვენციებს, ადამიანის უფლებებს ან დემოკრატიულ პრინციპებს, ეს უნდა დააფიქსიროს და მოახსენოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის ინსტიტუტებს.

ელჩი არის სწორედ ის პერსონა, რომელიც დგას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც უტიფრად ამტკიცებს, გინდა თუ არა, ჩვენ ყველაზე კარგები, ყველაზე ძლიერები ვართო.

ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ევროკავშირის დისკრედიტაციას და არა მარტო ევროკავშირის წარმომადგენლის, ელჩის, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისას, იმ ქვეყნებისას, რომლებიც ყველაზე აქტიურები არიან და შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით საუბრობენ.

კახა გოგოლაშვილი

რას ემსახურება, ვისზეა ეს კრიტიკა გათვლილი? – თავისთავად, ევროკავშირში ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს. ეს კრიტიკა ძირითადად გამიზნულია ადგილობრივი მოხმარებისთვის საქართველოში, გათვლილია სეგმენტზე, რომელსაც არ აქვს ზუსტი წარმოდგენა, ან საკმარისი განათლება, ან ინტერესი, რომ იცოდეს სიმართლე.

არ უნდა იფიქროს ამ ხალხმა, რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაცას მართლა არასწორად აკეთებს ევროკავშირთან. ამის ისეთ ჭრილში წარმოაჩენენ, თითქოს ევროკავშირის მოთხოვნებს მთლიანად ვასრულებთ, მაგრამ ევროკავშირის მმართველობაში – ევროკომისიაში, ევროკავშირის საბჭოში, ევროპარლამენტში არის ცუდი ხალხი.

ალბათ საერთაშორისო დონეზე ეს არ არის სერიოზული, მაგრამ ქვეყნის შიგნით რაღაც მიზანს აღწევენ.

ეს ისწავლეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისგან, მათ შორის რუსეთისგან, სადაც პუტინი ქვეყნის შიგნით ზუსტად ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს, მაგრამ მას მსოფლიოში არავინ ეთანხმება. თუმცა ამ პროპაგანდის მოსახლეობის ნაწილი იზიარებს.

  • ანუ, ისევ ცდილობენ ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ მათ უნდათ ევროპა, მაგრამ ცუდი ხალხი მოვიდა მმართველობაში და ამიტომ არ გამოდის ინტეგრაცია?

დარწმუნება არ არის ზუსტი სიტყვა. ეს დარწმუნებაც არ აინტერესებთ, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია ამაში ვინმე დაარწმუნო. როგორ შეიძლება ყველა ცუდი იყოს?!

დარწმუნებას სჭირდება რაღაც ლოგიკა, თანმიმდევრულობა, არგუმენტები, მაგრამ ესენი არგუმენტებს არ მიმართავენ. არის ინსტრუქციები, რომელსაც აწვდიან თავის ამომრჩეველს, რომ ევროკავშირში არიან ცუდები და როცა შეიცვლებიან, მაშინ შევალთ ევროკავშირში.

ისეთი საუბარიც მესმის, რომ თითქოს ევროკავშირი ადგას დეგრადაციის გზას და იქ კარგი ხალხი არასდროს მოვა, სულ უფრო უკან წავა მისი საქმე, როგორც ეკონომიკურად ისე პოლიტიკურად, ანუ ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს ხალხი იმ აზრს, რომ შეიძლება საერთოდ არ გვაწყობდეს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა. გვაწყობს ვაჭრობა, მაგრამ არა გაწევრიანება, რადგან რაღაც ვალდებულებებს გვაკისრებენ, რომელიც ჩვენს ხასიათში არ შედის.

  •  ამის ნაწილი იყო როცა იძახდნენ, ვინ არის ასეთი ევროკავშირის ელჩი რომ ვერ დავიბაროთ? – არაერთმა გააკეთა „ოცნებიდან“ ამ შინაარსის განცხადება ერთმანეთის მიყოლებით.

დიახ, კოორდინირებული შეტევაა ელჩზე. სტრატეგიულად ორი ძირითადი ილეთია გამოყენებული: რატომ გვიბედავს ამდენს და თუ ჩვენ მთავრობაზე რაღაცას ამბობს, ესე იგი საქართველოს უბედავს. დისკრედიტაცია ხდება მისი მნიშვნელობის.

ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩი პრაქტიკულად ძალიან დიდი ძალაა – ისინი ამერიკის და ევროკავშირის სახელით ლაპარაკობენ. ეს ორი უდიდესი დიპლომატიური პოზიციაა, რაც საქართველოში შეიძლება არსებობდეს. ამერიკამ საერთოდ გაიწვია, როგორც ხედავთ, თავისი ელჩი.

თითქოს, რასაც ლაპარაკობს ელჩი ჰერჩინსკი, ყველაფერი ძალიან აღმაშფოთებელია. მაგრამ მე ასეთი ვერაფერი ვიპოვე – ვერცერთი ნათქვამი ან უკულტურო, ან აღმაშფოთებელი, ან უსამართლო, საქართველოს მიმართ კი არა, იმ ხელისუფლების მიმართაც, რომელიც ნახევრად არის აღიარებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. აი, მათ მიმართაც უპატივისცემლობა არ გამოუვლენია არასდროს.

ბოლოს, რაზეც ძალიან აღშფოთდა ყველა ერთად ელჩ ჰერჩინსკიზე, იყო ის, რომ საქართველოსთვის ორი გზა არისო – ან ნათელი მომავალი, ან შეიძლება დაუბრუნდეს ბნელ პერიოდსო. დემოკრატიის უკუსვლა ხომ ხდება, ამას გაუსვა ელჩმა ხაზი.

„ოცნების“ წარმომადგენლები კი, როცა ყველა ერთად და ერთი შემართებით ლაპარაკობს, ეს, უბრალოდ, ილეთია პროპაგანდაში.

მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიძლება მოხვდეს ამ ჰიპნოზის ქვეშ, როცა ერთი და იმავე რაღაცას იმეორებს არა ერთი კაცი, არამედ მეორე, მესამე, მეოთხე… ჰალსტუხიანი ხალხი გამოდის, ზოგი პარლამენტში, აღშფოთებული სახეებით ლაპარაკობენ, ვითომ მართლა ძალიან შეწუხდნენ იმის გამო, რომ ასეთი უსამართლო რაღაცები მოხდა. ამას ჰქვია დაგეგმილი საინფორმაციო შეტევა.

ეს საინფორმაციო-პოლიტიკური შეტევა ემსახურება იმას, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში გააჩინონ სკეფსისი ევროკავშირის მიმართ. მაგრამ ბევრია განათლებული – ხალხი კითხულობს, მოგზაურობს, ხედავენ როგორი ცხოვრებაა, ადამიანებზე როგორ ზრუნავენ, როგორ იცავენ მის უფლებებს.

ეს სჭირდებათ იმათთვის, ვინც „ოცნებას“ აძლევს ხმას, მათზე ზეგავლენისთვის.

არა მგონია, თუნდაც „ოცნებაში“ ბევრი იყოს ისეთი, ვისაც არ უნდოდა ევროკავშირი. უბრალოდ, „ოცნებაში“ ძალიან ხისტი იერარქიაა – ზემოდან რა სიგნალიც მოდის, ისე უნდა ილაპარაკოს ყველამ. დისციპლინის ნებისმიერ დამრღვევს კი სამაგალითოდ სჯიან.

მეორე მხრივ არის პრივილეგიებიც – მაღალი ხელფასები დაუნიშნეს, როგორც პარლამენტის წევრებს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომუშავე ხალხს. ხელფასების გარდა „ოცნების“ მხარდამჭერს ყოველთვის აქვს მეტი შესაძლებლობა – ტენდერი იქნება თუ სამუშაოს ეძებს, მისთვის უფრო გახსნილია ნებისმიერი სახელმწიფო უწყება.

მე არ ვიტყოდი, რომ ამ ხალხს არ უნდა საქართველო იხილოს ევროკავშირში, მაგრამ მათ ურჩევნიათ დღევანდელი კვერცხი, ხვალინდელი ქათამს – დღეს მათ აქვთ ხელფასი, შემოსავალი, პრივილეგიები და მათ ეუბნებიან, რომ ხვალ არ ვიცი შენ სად გავარდები, ამიტომ მოდი, რასაც გეტყვი ის შეასრულე.

ვიღაცას აწყობს „ოცნების“ელიტაში, რომ საქართველო არ გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგან ეს ნიშნავს კანონის უზენაესობას ყველასთვის. ეს არ აწყობთ პრივილეგირებულ წრეებს საქართველოში. მათ ურჩევნიათ კანონი იყოს სხვებისთვის.

თუმცა, არ მგონია, რომ „ქართული ოცნების“ მთლიანი შემადგენლობა, ისინიც კი, ვინც პარლამენტში შეიძლება ძალიან აქტიურად გამოდიან და ისე იქცევიან თითქოს საკუთარ აზრებს აფრქვევენ… მგონია, რომ მათი უმეტესობა მაინც მისცემდა ხმას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

  • ახლა კობახიძე 2024 წლის ნოემბერში, გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ამბობს – მე ეს არ მითქვამს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავწევრიანდეთო. ეს რას ნიშნავს?

ძველ საბერძნეთში იყო რიტორიკულ ფილოსოფიური მიმდინარეობა – სოფისტიკა. ჭეშმარიტებას სოფისტი არასდროს არ ეძებდა. ეს კარგად არის პლატონის დიალოგებში აღწერილი. მთავარი იყო ნებისმიერ დავაში არგუმენტებით მოეგო. ეძებდა ისეთი ტიპის არგუმენტებს, რომელზეც მოწინააღმდეგე პასუხებს ვერ პოულობდა, ყოველ შემთხვევაში – სწრაფად.

საბოლოო ჯამში, სოფისტი აუცილებლად გამოვლინდება, თუ მეცნიერულად ვიღაც დაჯდება და ყველაფერს გაანალიზებს – მის ნათქვამში სად არის ტყუილი, სად არის გადახვევა, სად არის გამოყენებული ილეთები. კობახიძის საუბარი და არა მარტო მისი, სოფისტების სკოლას მაგონებს. ისინი ცდილობენ ყოველგვარი ჭეშმარიტების იგნორირებით ამტკიცონ რაღაც.

ნებისმიერი იდეა, რომელიც ძალიან არადამაჯერებელია, ცდილობენ დამაჯერებლად წარმოაჩინონ. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სჯერა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ აქვთ გათვლა მოსახლეობის დიდ ნაწილზე, მათ აქვთ გათვლა მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც მათი მხარდამჭერია.

კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ 2028 წლამდე უარს ვამბობთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე. შემდე თქვა – არანაირ პირობებს არ მივიღებთ 2028 წლამდეო. როცა კანდიდატის სტატუსს იღებს ქვეყანა, ეს სტატუსი არის როგორც, მაგალითად, უნივერსიტეტში მიღება – ჩაბარების შემდეგ უნდა ისწავლო და ჩააბარო გამოცდები ყოველ სემესტრში, სხვადასხვა საგანში, სხვადასხვა მიმართულებით. ზუსტად ასეა.

როცა ევროკავშირი გეუბნება, რომ რეფორმები გაქვს გასატარებელი და შენ ამას ატარებ, მოლაპარაკებების დროს თუ თქვეს, რომ ეს არასწორად გააკეთე, შენ უნდა დაუმტკიცო, რომ სწორად გააკეთე. ანუ მოლაპარაკება პრაქტიკულად კონსულტაციების პროცესია. მოლაპარაკების ყველა თავი სრულდება იმით, რომ მიდიან შეთანხმებამდე და ქვეყანას გადმოაქვს ევროკავშირის ნორმები თავის კანონმდებლობაში, ანუ მუშაობს, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

თუ ამ პროცესზე უარს ამბობ, ეს ნიშნავს, რომ უარს ამბობ ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ადამიანს როცა მიიღებენ სასწავლებელში და ის 2028 წლამდე უარს ამბობს ყველანაირი გამოცდის ჩაბარებაზე, რეფერატების და სხვადასხვა სახის დავალების შესრულებაზე, რა ჰქვია ამას – გაგრიცხავენ, ხომ?!

შეიძლება არც გაგრიცხონ, მაგრამ არც გადაგიყვანონ ერთი კურსიდან მეორეზე. ამ შემთხვევაში ვაჩერებთ სწავლას თუ ვაგრძელებთ? – არ ვაბარებთ არცერთ გამოცდას, არ დავდივართ პრაქტიკულ გაკვეთილებზე, ლექციებზე და ამ დროს ვამბობთ რომ არა, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას.

ხშირად გამიგია ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ ასოცირების შეთანხმება არ შეგვიჩერებია და ასოცირების შეთანხმება ხომ ევროინტეგრაციაა?! კი, ასოცირების შეთანხმება არის ევროინტეგრაციის გარკვეული ფორმა და ჩვენ იქ ვართ გაყინული. მაგრამ ასოცირების შეთანხმების ნორმებსაც ვარღვევთ. ის, რაც გააკეთა კობახიძემ, ამას ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება.

დიახ, კობახიძემ ზუსტად ეს გააკეთა. ამას წყალი არ გაუვა.

  • შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ოცნების“ მთავრობა თავად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკავშირმა თვითონ გადადგას უფრო ხისტი ნაბიჯები და გაწყვიტოს ჩვენთან ურთიერთობა?

მგონი მოსწონთ აზერბაიჯანის მდგომარეობა, მაგალითად, თანამშრომლობა ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებზე. უნდათ ერთმმართველი, ავტორიტარული მოდელის განვითარება საქართველოში. ეს შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციასთან და პროცესი ჩერდება მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზეც კი.

„ოცნებას“ უნდა, რომ საქართველო დარჩეს ავტორიტარულ სახელმწიფოდ, ამიტომ იღებენ ამდენ კანონს, რის მიხედვითაც ადამიანს არ აქვს ხმის ამოღების, არც ფეისბუქპოსტის დაწერის უფლება.

ამას ჰქვია ლეგალური ავტორიტარიზმი, რის ჩამოყალიბებაც სურთ, მაგრამ ეს შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან.

ეკონომიკური ურთიერთობა შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ არ გამოვა ინტეგრაცია, ანუ ჩვენ ევროკავშირში ვერ მოვახერხებთ ვერც გაწევრიანებას და ვერც სხვანაირად დაახლოებას.

მაგრამ არც ერთ ქვეყანაში, რომელმაც ევროინტეგრაციაზე უარი თქვა, მაგალითად, აზერბაიჯანში ან ბელარუსში, 80 – 85% არ იყო ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი. ბელარუსში მაქსიმუმ იყო 40-45%, აზერბაიჯანში, ალბათ, 20% იყო მოსახლეობის, ჩვენთან კი 85 პროცენტს უნდა ევროკავშირში გავწევრიანდეთ. ამიტომ, ამათთვის უფრო რთული ამოცანაა შესასრულებელი.

ამათ შეიძლება საერთოდ გააჩერონ ეს საკითხი, მაგრამ ისე უნდა მოახერხონ, რომ ხალხმა თვითონ თქვას უარი – უნდა გაიზარდოს ამ ადამიანების რაოდენობა. ამიტომაც შეჰყავთ შეცდომაში – ისე, როგორც ბავშვს ატყუებს. ფილმი იყო „თოლია“, ვითომ ემზადებოდა გმირი, კონსერვატორიაში უნდოდა ჩაბარება, სინამდვილეში კი შეყვარებულთან დადიოდა. ზუსტად ასეა.

ანუ მოსახლეობას უნდა უთხრან, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ გავწევრიანდეთ და როცა საქართველო ჩაიჭრება გამოცდაზე, ევროკომისიას აბრალებენ ან მის ელჩს. პრინციპში მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მოქმედებენ – ნელ-ნელა აჩვევენ, რომ ევროკავშირი ცუდია, არაფერი კარგი იქ არ მოგველის.

მე არა მგონია წარმატებით დასრულდეს მათი ეს მცდელობა.

  • ზელენსკიმ ერევანში ხელი ჩამოართვა მის დასანქცირებულ კობახიძეს. ეს რას ნიშნავს? 

დიახ, ხელის ჩამორთმევა ევროპული, კულტურული ჟესტია. ხელს ართმევენ ერთმანეთს ირანის და ისრაელის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე რომ სხდებიან. ეტიკეტია, რომელსაც ყველა ასრულებს დიპლომატიურ ველზე. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან რთული საქმეს მოკიდეს ხელი.

ბევრი მთავრობა იყო ისეთი, რომელსაც არ სურდა რეფორმების გატარება. ბევრი ქვეყნის მაგალითია… უნგრეთს სულ ახლახან ჰყავდა ისეთი მთავრობა, რომელიც ევროკავშირს ანგრევდა შიგნიდან – ეს მაგალითები არსებობს, მაგრამ ვერცერთი წარმატებით ვერ დასრულდა და ყველა დანებდა.

საქართველოში უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირში გაწევრიანებას. მსგავსი მხარდაჭერა არ ჰქონდა არც ერთ სხვა ქვეყანაში – ბალტიის ქვეყნებში იყო 90%-მდე, მაგრამ ბალკანეთში არცერთ ქვეყანაში არ არის ამხელა მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს საკითხი დაუმარცხებელია საბოლოო ჯამში, ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან რთულ ამოცანას მოჰკიდეს ხელი თანაც არ აქვთ კარგი გეგმა – არ იციან როგორ მოიქცნენ, იბნევიან, უხერხულობა ექმნებათ.

[კობახიძე] ბრაზობს, ასეთ შეხვედრებზე თუ არ ეპატიჟებიან, მაგრამ თუ დაპატიჟეს, იქ უხერხულად გრძნობს თავს. არავის მასთან საქმეზე ლაპარაკი არ უნდა. მაქსიმუმ ხელი ჩამოართვან. იმიტომ კი არა, რომ სძულთ, უბრალოდ არ იციან რაზე ელაპარაკონ.

რაზე მეტყველებს ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან კიდევ ერთი პირის დაკავება – ინტერვიუ

„უფრო გაგვიკვირდა ის, რომ გიორგი უძილაური გამოაცხადეს დასავლეთის ჯაშუშად, ვიდრე ის, რომ დასავლეთის ჯაშუშობისთვის ვინმე დაიჭირეს. ჯაშუშის დაანონსებული დაკავება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“- ამბობს „ბათუმელებთან“ თეონა აქუბარდია, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.

რაზე მეტყველებს ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან კიდევ ერთი პირის დაკავება? – ამ თემაზე ვესაუბრეთ თეონა აქუბარდიას.

თეონა აქუბარდია
  • ქალბატონო თეონა, გუშინ დააკავეს გიორგი უძილაური, ივანიშვილის ბანკის, „ქართუს” ყოფილი პიარმენეჯერი, რომელიც დაკავებამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. რაზე მეტყველებს გიორგი უძილაურის შემთხვევა, რატომ ხდება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს ერთგულებას ეფიცებოდნენ, ციხეში არიან? როგორ ფიქრობთ, რა პროცესები მიდის ივანიშვილის კარზე რეალურად?

„დასავლეთის ჯაშუშს“ რომ გამოავლენდა სუსი, ამის შესახებ ჯერ კიდევ მამუკა მდინარაძემ დააანონსა „იმედის“ არხზე მას შემდეგ, რაც ის გადააყენეს სუს-ის უფროსობიდან.

უფრო ადრე დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელზეც თქვეს, რომ რუსეთისთვის ჯაშუშობდაო და აქაც იგივე მეთოდი გამოიყენეს, – ჯერ პროპაგანდისტულმა მედიამ თქვა, რომ რუსეთის ჯაშუში იყო დაკავებული და შემდეგ დაადასტურა იგივე მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ ისიც თქვა, რომ სალაპარაკო აღარ ექნება იმ ხალხს, ვინც ამბობდა, რომ 14 წლის მანძილზე “ქართულ ოცნებას” არ დაუკავებია რუსეთის არც ერთი ჯაშუშიო და რომ სხვა ქვეყნის ჯაშუშებსაც დაიჭერენ.

ანონსი ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით – ასეთი პრაქტიკა არ მახსენდება სხვა ქვეყნებში, მაგრამ „ქართული ოცნების” პირობებში სრულიად ლოგიკური იყო, რადგან სუს-ის ანგარიშებში პირდაპირ ხდება დასავლეთის დემონიზირება, სადაც წერია, რომ თურმე დასავლეთი გვებრძვის დეზინფორმაციით.

2016 წელს რუსეთი იყო ოფიციალურად აღიარებული ჰიბრიდული ომის საფრთხედ და ახლა უკვე გვიყვებიან, რომ ეს საფრთხე არის დასავლეთი, რაც სუს-ის პარტიის ინტერესებში ჩაყენების მაჩვენებელია.

რაც შეეხება თავად უძილაურის ფაქტს, უფრო გაგვიკვირდა ის, რომ უძილაური გამოაცხადეს დასავლეთის ჯაშუშად, ვიდრე ის, რომ მოსალოდნელი იყო ვინმეს დაჭერა დასავლეთის ჯაშუშობისთვის.

  • რა იცით მის შესახებ, როგორ ფიქრობთ, რატომ გახვიეს ამ ამბავში?

უძილაურს ვიცნობ და ის 2012 წლამდე აქტიურად იყო საჯარო სივრცეში. მას თავისი, პირადი განწყობები ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა, მანამდეც არ მალავდა ამ ნეგატიურ განწყობებს.

თუმცა ბოლო წლებში ის არავის გახსენებია და საჯაროდ მისი სახელითა და გვარით რაიმე ტიპის აქტივობები ბოლო პერიოდში არ ხდებოდა. ის, რომ ფინანსთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში მუშაობდა, შემდგომ გავიგეთ. რატომ დააკავეს და მით უმეტეს ამ ბრალდებით, ეს არის აქ ალბათ უფრო საინტერესო.

თუ გადავხედავთ ტენდენციას, რაც თავისიანებთან ბრძოლაში გამოხატა ივანიშვილმა – ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ბაჩიაშვილის დაჭერით, გარკვეულწილად ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც „ქართული ოცნების“ შიგნით აჩვენებს დაპირისპირებებს.

ამ ფორმით დაკავება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მით უმეტეს – დაანონსებული დაკავება. ერთია ის, რომ დასავლეთის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს (რომელი ქვეყნის, აღარ ამბობს პროპაგანდისტული მედია) და არა, მაგალითად, რუსეთის.

მით უმეტეს ის შინაარსი, რომელიც სუს-ის განცხადებაში იყო, მძაფრსიუჟეტიან ტრილერს მოაგონებდა ბევრს, რომ – „შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით“ და ასე შემდეგ. სერიოზული ჯაშუშური ჟანრის ფილმის შინაარსი გადმოსცა სუს-მა. მაგრამ ამავდროულად, ფაქტია ის, რომ კაცი, რომელიც ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსი იყო, რომელიც მასთან ერთად საჯაროდ ჩნდებოდა, ციხეში გაუშვეს.

  • ამით რას ამბობს ივანიშვილი, რომ ჯაშუშები ჰყავს გარემოცვაში?

როგორც ჩანს, ჰყოლია ჯაშუშებიც, ისევე როგორც აღნიშნავდა, რომ „დიფ სთეითის“ ზარის შედეგად დანიშნა თურმე გახარია პრემიერ-მინისტრად. ახლა აღმოჩნდა, რომ კაცი, რომელიც მხრებზე ჰყავდა შესმული, თურმე დასავლეთის ჯაშუშია და როგორც ჩანს, დიდი ხანია ჰქონდათ გადაწყვეტილი მისი დაკავება. კორუფციის ბრალდებით ალბათ არ გამოუვიდათ და მოიგონეს ჯაშუშობა.

  • ლილუაშვილის, გომელაურის, ღარიბაშვილის ან ფარცხალაძის შემთხვევაში საქმე ეხებოდა ფულს და ძალაუფლებას. უძილაური რის გამო შეიძლება აღმოჩენილიყო სამიზნე?

არ ვიცი რა ჰქონდათ უძილაურთან გასაყოფი, მაგრამ ითქვა, რომ მას საკუთარი ნაცნობობა და გავლენები ჰქონდა გამოყენებული. 2017 წელს რა გავლენები შეიძლება ჰქონოდა უძილაურს, არ ვიცი.

ფარცხალაძეს რაც შეეხება, ის დასავლეთის მიერ იყო სანქცირებული და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში როცა ამხილა აშშ-მ, „ოცნება“ პირიქით, გადაეფარა მას და ეროვნული ბანკის ბრძანებით ფულის გატანის და ქონების შვილზე გადაფორმების შესაძლებლობაც მისცეს.

ამიტომ სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ სუს-ი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით მოქმედებს, ან ის, რომ აქ დასავლეთი მუშაობს სპეცსამსახურებით საქართველო რომ დააზიანოს, არ ვფიქრობ, რომ ადეკვატურია ამ ვითარებაში. ვფიქრობ, უფრო შიდა საკითხებს უკავშირდება.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ როცა პირველად თქვეს, რუსეთის აგენტი დავიჭირეთო, ეს კაცი აღმოჩნდა ახალგორელი და მას გამოექომაგა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი და არა რუსეთის სპეცსამსახური. თან, ორი გაგვექცაო, რომ თქვეს, საინტერესოა იმ ორთან დაკავშირებით რას შვრებიან.

ფაქტია, რომ შიდა პრობლემა მიაბეს ანტიდასავლურ განწყობებს. ანტიდასავლური განწყობების სოუსით დააკავეს უძილაური. რა თქმა უნდა, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამაზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სასამართლო, რომელსაც არ აქვს ნდობა და დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მეორე, მოგვიანებით გაირკვევა ალბათ და უფრო მეტი ინფორმაცია იქნება რა და როგორ.

„ოცნების“ პროპაგანდისტის მოროშკინას პოსტიც იყო ტენდენციის მაჩვენებელი, რომ ივანიშვილი თავის ერთგულ პირებს ციხეში უშვებს სხვადასხვა ბრალდებით და ეს პრობლემად არის დანახული მათ მხარდამჭერებში. მეორეა ის, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის გასუფთავების და ირაკლი კობახიძეზე ბრალის აკიდების მცდელობას.

თუ იმ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილს სამ წელზე მეტი ხნით პრემიერ-მინისტრი არ გაუჩერებია, არსებობს ამასთან დაკავშირებით ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს ასე მოხდება. მაშინ როცა „ქართუს“ პრესსამსახურის ყოფილ უფროსს აჭერინებს, ისევე როგორც ყოფილ პრემიერს, სუს-ის ყოფილ უფროსსა და ბაჩიაშვილს, რომელიც მისი ერთგული კაცი იყო და მას შემდეგ გაუშვა ციხიდან, რაც წილები დაიბრუნა – ეს ყველაფერი აჩვენებს შიდა პრობლემებს „ქართულ ოცნებაში“.

  • რა ტიპის გარემოცვა ჰყავს ივანიშვილს ამ სურათის მიხედვით?

ორი რამ არის საგულისხმო: ერთი ტენდენცია არის ის, რომ ის არ ენდობა არავის და ამის მაჩვენებელია ციხეში მისი ყოფილი ერთგული პირების ხილვა, იქნება ეს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი თუ ახლა უკვე უძილაური.

თუ პირველ შემთხვევაში ფულის საკითხი იყო, აქ არ ვიცით რა საკითხია და მეორე – მისი შეთქმულების თეორიები, რომ “გლობალური ომის პარტია”, “დიფ სტეიტი” და დასავლეთი უპირისპირდება მას და თურმე ახლა მისივე საჯარო მოხელე „დაშიფრული ტექნოლოგიებით“ ინფორმაციას გადასცემდა დასავლეთს.

ანტიდასავლური ფობიები ივანიშვილს აქვს, რადგან მისი წინასაარჩევნო კამპანია და განცხადებები, რომ რუსეთი არ იყო დამნაშავე აგვისტოს ომში და სხვები აქეზებდნენ საქართველოს ომში ჩართვას, ესეც ამის ნაწილია. საგანგაშოა ის, რომ საუბრობენ დასავლეთის „ჯაშუშებზე“ მაშინ როცა რუსეთის ჯაშუშებით უნდა იყოს ქვეყანა სავსე, რუსეთიდან გაზრდილი მიგრაციის ფონზე და ოკუპაციის პირობებში.

ამ შემთხვევაში, უძილაურის დაკავებაც ტენდენციის მაჩვენებელია. მიუხედავად კობახიძის ერევანში ჩასეირნებისა, „დასავლეთი რომ მტერია“ – ამ ხაზს აძლიერებს უძილაურის დაკავება.

იგივე ბოჭორიშვილის განცხადება, რომ პოლარიზაციას საქართველოში ევროკავშირი თესავს და არა „ქართული ოცნება“ – ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ რუსული გავლენები მყარია საქართველოზე. ამაზე მეტყველებს სუს-ის ანგარიშიც, სადაც წერია, რომ თურმე დასავლეთი გვებრძვის დეზინფორმაციით და არა რუსეთი.

ვფიქრობ, ამ ტიპის დაკავება არ იქნება ბოლო, რადგან გვახსოვს ხომ, ოპოზიციის ლიდერების დაკავების საქმეში იყო საბოტაჟის და მტრული საქმიანობის გატარების მუხლები, თუმცა, ჩემი განცდით, ეს ნამდვილად არ აჩვენებს ივანიშვილის ხელისუფლების სიძლიერეს, პირიქით, სისუსტეს აჩვენებს, უბრალოდ, მეორე უბედურებაა ის, რომ ამის ალტერნატივა და პოლიტიკური პოზიციონირება არ ხდება შიდა დონეზე.

„აი, რა გაუკეთა ქართულმა ოცნებამ მზიას“ – ნობელიატი მარია რესა მზია ამაღლობელის შესახებ

მარია რესა, ნობელიატი ჟურნალისტი, ავტორი წიგნისა – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“.

მარია რესამ მზია ამაღლობელის შესახებ ქალაქ ლონდონში ისაუბრა. ის დიდი ბრიტანეთის დედაქალაში მზიას პატიმრობასთან დაკავშირებით გუშინ გამართულ შეხვედრაზე მომხსენებელი იყო.

___

„მზია [ამაღლობელი] მხოლოდ 2 წლით არ არის ციხეში იმის გამო, რაც მან გააკეთა, არამედ…

ახლა აღვწერ, თუ რა არის ეს ყველაფერი იმის მიხედვით, რაც ჩვენ დოკუმენტურად დავადასტურეთ ყველა ქვეყანაში, მათ შორის დასავლურ დემოკრატიებშიც.

ბრძოლის მოგების გზა გადის ნარატიულ ომზე. ის იმ ამბებშია, რომლებსაც ჰყვებით. და როდესაც საჯარო ინფორმაციული ეკოსისტემა ისეა გახრწნილი, რომ ტყუილი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ფაქტები, სწორედ იქ იწყება ყველაფერი.

ამიტომ, ჩვენ ამას ვუწოდეთ „დეკონსტრუქციის მოდელი“. დემოკრატიის დეკონსტრუქცია. სამი ეტაპი:

  1. ნარატიული ომი არის პირველი ეტაპი, რომელსაც მივყავართ მეორე ეტაპამდე, რაც არის:
  1. ინსტიტუტების დაშლა, რასაც მივყავართ მესამე ეტაპამდე, რომელიც ამ პანელზე ყველამ ვიცით:
  2. სტრატეგიული კორუფცია ან კლეპტოკრატია.

მზიას შემთხვევაში, მე რეალურად გადავხედე ამ ყველაფერს. ონლაინ ძალადობა ჟურნალისტების დეჰუმანიზაციისთვის, განსაკუთრებით ქალი ჟურნალისტების. ტყუილები თესავს ნარატივს. მზიას შემთხვევაში: „უცხოეთის აგენტი, უცხოეთის აგენტი“. თუ ტყუილს მილიონჯერ იტყვი, ის ფაქტად იქცევა. „ის ოპოზიციის სასარგებლოდ მოქმედებს, ის დამნაშავეა“.

ჩემს შემთხვევაშიც იგივე იყო [ფილიპინებში]. იცით, არსებობდა ჰეშთეგი #დააკავეთმარიარესა. ეს დათესეს ჩემ რეალურ დაკავებამდე ორი წლით ადრე. ეს ამზადებს ნიადაგს. აი, რა გაუკეთა პრემიერ-მინისტრმა და „ქართულმა ოცნებამ” მზიას. მათ მოწამლეს საზოგადოებრივი აზრი მანამ, სანამ ის სასამართლო დარბაზში შევიდოდა, რათა როდესაც „სამართლებრივი ომი“ დაიწყებოდა, ნიადაგი მომზადებული ყოფილიყო. ეს სასუქივით იყო.

ინსტიტუციურ დაშლაზე რომ ვისაუბროთ, ავიღოთ „აგენტების კანონი“. „ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღება ყალბი საგადასახადო მოთხოვნების გამო.

მე ხუთი ბრალდება მქონდა გადასახადებისგან თავის არიდებაზე, რომლებიც ახლა მოვიგეთ, მაგრამ… იცით, დუტერტე [ფილიპინელი დიქტატორი] ხელისუფლებაში 2016 წელს მოვიდა. როდის მოვიგეთ ისინი? ბოლო საქმე სადღაც ორი თვის წინ. ხომ ხვდებით? ეს არის ერთი ათწლეული სასამართლოში.

ბრალდებების გადაკვალიფიცირება ბოლო წუთს, როგორც ახლახან მოისმინეთ. [კლუნების ფონდის] Trial Watch-ის სიტყვებია: „[მზია ამაღლობელი] თავის დაცვის ყოველგვარი შინაარსიანი შესაძლებლობის გარეშე“.

შუშის ყუთი, სამედიცინო მკურნალობაზე უარის თქმა, როდესაც მისი მხედველობა უარესდება. გასულ თვეში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმა, რადგან ის – და ეს პირდაპირი ციტატაა – „არ ნანობს“. რას არ ნანობს? ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს თეატრია. ჩვენ ეს ვნახეთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ეს გამიზნულია ყველა იმ ჟურნალისტის დასაშინებლად, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს თბილისსა და ბათუმში.

და მესამე ეტაპი: კლეპტოკრატია. ძალაუფლებისა და ფულის ხელში ჩაგდება იმათ მიერ, ვინც უკვე გახრწნა ინსტიტუტები. მათ არ დაუწყიათ მზიათი, მათ დაიწყეს პროტესტებით, კანონებით, ტყუილებით.

და აი, რატომ არის მზია მნიშვნელოვანი. ჟურნალისტები დემოკრატიის იმუნური სისტემაა. ჩვენ კი თავდასხმის ქვეშ ვართ. ახლახან ვამბობდი, ხანდახან ისეთი შეგრძნებაა – რადგან ჩვენი ბიზნეს მოდელიც თავდასხმის ქვეშაა – რომ თითქოს „მოსიარულე მკვდრები“ ვართ, ზომბებივით. როცა თავს გვესხმიან, თქვენ იცით მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა, არა? უმეტესობა ღაზაში. ახლა მხოლოდ ღაზაში, რეალურად, სიტუაცია შეიცვალა… აშშ-ის სამოქალაქო ომამდეც რომ დაბრუნდეთ და ყველა კონფლიქტი აიღოთ, ამჯერად მაინც უფრო მეტი ჟურნალისტია მოკლული, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს.

ნება მომეცით დავუბრუნდე მას. როდესაც ამ ქალს სვამთ ციხეში, პირველ ქალ ჟურნალისტს, რომელიც 1991 წლის შემდეგ დააპატიმრეს, ეს ეუბნება ყველა ჟურნალისტს: „ან თვითცენზურას მიმართავთ, ან აქ აღმოჩნდებით“. აი, რის გაკეთებას ცდილობდნენ ფილიპინებშიც და ეს არის მიზეზი, რის გამოც ბრძოლა არ შემიწყვეტია.

და როდესაც ჟურნალისტს თავიდან იცილებთ, რადგან შიში რეალურია, თქვენ უკვე მოხსენით წინააღმდეგობა, დეზინფორმაცია თავისუფლად მიედინება და ნარატიული ომი ძალას იკრებს. ასე რომ, მე ისევ აქ ვბრუნდები: თქვენ გჭირდებათ ფაქტები. რადგან ფაქტების გარეშე არ არსებობს სიმართლე. სიმართლის გარეშე არ არსებობს ნდობა. ამ სამის გარეშე ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ვერანაირ პრობლემას ვერ გადაჭრით.

ვერ გექნებათ ჟურნალისტიკა? ვერ გექნებათ დემოკრატია.

სწორედ ამიტომ უშვებიან ამას მზიას და ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ. და მე ძალიან მიხარია, რომ ამას ვაკეთებთ“.

სარფის საზღვრიდან 500 მეტრში, თურქულ მხარეს, ფერდობი ჩამოიშალა

თურქული მედიის ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრში, ფერდობიდან უზარმაზარი ლოდები ჩამოცვივდა და მაგისტრალის ერთი ზოლი ჩახერგა.

მედიის თანახმად, დიდი ზომის ლოდი დაეჯახა სატვირთო ავტომანქანას, რომელიც დაზიანდა, თუმცა  დაშავებულები არ არიან.

მედიის ინფორმაციით, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებენ, „ამ ტერიტორიაზე შესაძლოა მეწყრის შემდგომი ჩამოწოლის რისკი კვლავ შენარჩუნდეს“, შესაბამისად, მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

შესაბამისი სამსახური მაგისტრალის გაწმენდაზე მუშაობს.

ბათუმში 8 მაისს მარში გაიმართება – „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“

8 მაისს ბათუმში, 19:00 საათზე, მოქალაქეები მარშს აანონსებენ – „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის!“

მარში დაიწყება ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ სინდისის პატიმრების დედებიც.

„ქართული სახელმწიფოსთვის კრიტიკულ პერიოდში თითოეული ჩვენგანის სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას და სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად საზოგადოებრივ კონსოლიდირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

გავაგონოთ ხმა რეჟიმის მიერ დატყვევებულ ჩვენს თანამებრძოლებს, საქართველოს ქალაქებში ვერავინ ჩაახშობს ხალხის შეძახილს – თავისუფლება სინდისის პატიმრებს!

2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ ,,ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებას  ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები მოჰყვა.

საზოგადოებრივი პროტესტის ერთ-ერთ ძირითად ეპიცენტრად კი ბათუმი იქცა, სადაც საქართველოს პროევროპული კურსის მხარდასაჭერად აქციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

სამოქალაქო წინააღმდეგობის და ჩვენი ბრძოლის მთავარ განსახიერებას სინდისის პატიმრები წარმოადგენენ, რომლების ღირსების, პრინციპულობის და გაუტეხელობის სიმბოლოდ იქცნენ.

8 მაისს ბათუმში გამართულ მარშზე კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა რეჟიმის პატიმრების მიმართ და მოვითხოვოთ მათი გათავისუფლება“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მარშის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

„ოცნების“ პარლამენტარის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებით 10 მლნ ლარი მიიღო – TI

„ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახი გამდიდრებას განაგრძობს. მისი შვილის კომპანიამ, სახელმწიფო ტენდერებით 10 მლნ ლარი მოიგო“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI] კვლევაში, რომელიც დღეს, 6 მაისს გამოქვეყნდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, გიორგი ჯაფარიძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ, შპს „ექსპერტ ჰაუსმა“ 2018 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებით, 10 446 411 ლარი მიიღო.

„ამ ხნის განმავლობაში მან 24 ტენდერში გაიმარჯვა და 8 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. ბოლო, 990 000 ლარის ღირებულების ტენდერი კომპანიამ მესტიის მუნიციპალიტეტისგან 2026 წლის აპრილში მიიღო“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ შპს „ექსპერტ ჰაუსის“ ძირითადი საქმიანობაა ზედამხედველობა გაუწიოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ასევე სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებულ  ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს.

„სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული რომელიმე კომპანია მოიგებს სამშენებლო ტენდერს და მის მიერ გაწეული სამუშაოს კეთილსინდისიერებას შეამოწმებს და დაუდასტურებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტს გიორგი ჯაფარიძის კომპანია “ექსპერტ ჰაუსი“ – წერს „გამჭვირვალობა საქართველო“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „ექსპერტ ჰაუსი“ 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, გიორგი ჯაფარიძე მის 43% წილს ფლობს, 5% წილის მფლობელია მურად ჯობავა, 20% წილს ირაკლი ქელბაქიანი ფლობს, 32% წილის მფლობელი და დირექტორი კი კახაბერ გამისონიაა.

აღსანიშნავია, რომ „ექსპერტ ჰაუსის” 43% წილს წარსულში ვიქტორ ჯაფარიძის უფროსი ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე ფლობდა, რომელმაც ეს წილი თავის ძმას 2023 წლის მარტში 300,000 ლარად მიჰყიდა.

„ექსპერტ ჰაუსთან“ დაკავშირებული პირები ფიქსირდებიან პოლიტიკურ შემწირველებს შორისაც: კახაბერ გამისონიამ 2014 წელს 15,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას”, მურად ჯობავამ კი 2014-2017 წლებში 47,000 ლარი შესწირა ამავე პარტიას“- ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები და „ექსპერტ ჰაუსის“ პირდაპირი კავშირები „ქართულ ოცნებასთან“ აჩენს ეჭვებს სახელმწიფო შესყიდვებში მისი ჩართულობის კანონიერებასთან დაკავშირებით, „რაც მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს“.

__________________________

ფოტო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაასაღა ჯამში 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ასი ცალი 100-დოლარიანი ყალბი კუპიურა და 350 ევროს ოდენობის ყალბი ფული. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 337 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 918 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 515 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 41 478 ერთეული [+92]
  • MLRS – 1 775 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 363 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 276 061 ერთეული [+2 031]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 332 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 94 312 ერთეული [+282]
  • სპეცტექნიკა – 4 170 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 585 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთში უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა ნავთობის მსხვილმა ქარხანამ – მედია

კიევი: გამოვლენილია რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელშიც ქართველებიც შედიოდნენ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გახარია: საქართველო, საზიანო პოლიტიკის შედეგად, სომხეთმა ჩაანაცვლა

გიორგი გახარია X-ზე [ყოფილი ტვიტერი] ეხმიანება სომხეთში გამართულ სამიტს და „ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებს.

გახარია წერს, რომ სამხრეთ კავკასიის ლიდერი ქვეყანა, საქართველო, ფაქტობრივად სომხეთმა ჩაანაცვლა.

„საქართველოს მთავრობის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, სამიტის მონაწილე არცერთ ლიდერს თავის გამოსვლაში საქართველო არ უხსენებია. ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც სამიტს ესწრებოდა, ქვეყნის ინტერესების დასაცავად სიტყვაც არ დაუძრავს.

ოდესღაც რეგიონული ლიდერი საქართველო, დღეს, ხელისუფლების მიზანმიმართული და საზიანო პოლიტიკის შედეგად, ფაქტობრივად სომხეთმა ჩაანაცვლა. ამავდროულად, პრემიერ ფაშინიანის ლიდერობა იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია პრაგმატულ, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ქვეყანა დააახლოოს დასავლეთს და შეამციროს მასში ფესვგადგმული რუსული გავლენა.

ევროკავშირთან და ჩვენს მეზობლებთან ერთად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევინარჩუნოთ ევროპა საქართველოში და დავიმკვიდროთ საქართველოს კუთვნილი ადგილი ევროპაში“ – დაწერა გიორგი გახარიამ X-ზე, 4 მაისს.

ამავე დროს, გახარია წერს, რომ ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც:

„იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიზანმიმართულ და ყოვლისმომცველ მარცხს განიცდის, რეგიონში ევროკავშირის ყოფნის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოებისა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნებისთვის“ – წერს გახარია.

გიორგი გახარია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად ევროპაში იმყოფება. მას გერმანიაში ბინადრობის უფლება აქვს. 2025 წელს საქართველოში მას „ოცნებამ“ 20 ივნისის და ჩორჩანას საქმეებზე ბრალი წაუყენა.

ამავე თემაზე: 

გახარიას 20 ივნისის და ჩორჩანას საქმეებზე ბრალი წაუყენეს

რუსეთში უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა ნავთობის მსხვილმა ქარხანამ – მედია

რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარეობს, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა.

ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ წერს ორ წყაროზე დაყრდნობით. სააგენტოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ნავთობის პირველადი გადამუშავების ოთხი დანადგარიდან სამი დაზიანებულია.

ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 20 მილიონ ტონას (დღეში დაახლოებით 400,000 ბარელს) შეადგენს. Reuters-ის ცნობით, ბოლო წლებში საწარმო ყოველწლიურად დაახლოებით 18 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებდა, რაც რუსეთის ნავთობგადამუშავების საერთო მოცულობის დაახლოებით 7%-ია.

კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 800 კილომეტრითაა დაშორებული, მიმდინარე წლის განმავლობაში უკრაინული დრონების სამიზნე არაერთხელ გახდა. ბოლო თავდასხმა, რამაც ქარხნის მუშაობის ნაწილობრივი შეფერხება გამოიწვია, 26 მარტს მოხდა.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე დროზდენკომ Telegram-ზე დაწერა, რომ კირიშის სამრეწველო ზონაში ხანძარი ლოკალიზებულია და თავდასხმის შედეგად მსხვერპლი არ არის. მისივე თქმით, ღამის განმავლობაში ოლქის თავზე 29 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

4-5 მაისს უკრაინული დრონების სამიზნე გახდა რუსეთში საწარმო ჩებოქსარში და ასევე, დრონები მოხვდა რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში მდებარე შენობას.

ამავე თემაზე: 

ზელენსკი: უკრაინული „ფლამინგოები“ ჩებოქსარის ქარხანაში მიფრინდნენ

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში

თიბისის მობაილბანკი The Digital Banker-ის პრესტიჟული ჯილდოების მფლობელია. Digital CX Awards 2026-ის დაჯილდოების ცერემონიიდან თიბისი 5 მნიშვნელოვანი ჯილდოთი დაბრუნდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მსოფლიოს, აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში:

  • Outstanding Digital CX – Payments – მსოფლიოში საუკეთესო ციფრული გამოცდილება გადახდებში
  • Best Retail Bank for Digital CX – საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
  • Best Retail Bank for Digital CX – საუკეთესო ციფრული გამოცდილება საქართველოში
  • Outstanding Digital CX – Bank Cards – საქართველოში საუკეთესო ციფრული გამოცდილება საბანკო ბარათებში
  • Highly Acclaimed: Best Digital CX – Onboarding – გამორჩეული ციფრული გამოცდილება მომხმარებლის რეგისტრაციისას ბიზნეს მობაილბანკში.

მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ თიბისი საკუთარი მომხმარებლებისთვის მუდმივად აუმჯობესებს ციფრულ გამოცდილებას და ამით ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს.

ეს ჯილდოები იმის დასტურია, რომ თიბისიში ციფრული პროცესებზე წვდომა და სანდოობა საგრძნობლად გაიზარდა; ციფრული ბანკინგი გახდა ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი – გადახდები ხელმისაწვდომია 24/7-ზე და მომხმარებელს 500-მდე სერვისს სთავაზობს. გადახდების შესრულება შესაძლებელი გახდა ნებისმიერ დროს, წამებში, ხარვეზების გარეშე და ეს პროცესი ყოველდღიურად იხვეწება და მომხმარებელზე მორგებული ხდება.

მნიშვნელოვნად გამარტივდა და უფრო სწრაფი გახდა მობაილბანკში რეგისტრაციის და ბარათების გაცემის პროცესი.

სამუშაო პროცესებში მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით, მოსმენით, მათი  სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით იქმნება ციფრული გამოცდილების ახალი სტანდარტები, რამაც თიბისის არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

The Digital Banker საერთაშორისო მედია და კვლევითი პლატფორმაა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულება გლობალური ბანკინგ ჯილდოებია, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობენ. Digital CX Awards 2026-ის ოფიციალური გალა-დაჯილდოება სინგაპურში გაიმართა, სადაც თიბისის წარმომადგენლებს ჯილდოები გადაეცათ.

„ცხარე კურცხლით ვტირით ლეღვას ნახევარი“ – რას ჰყვებიან მეთხილეები „ოცნების“ მიერ სუბსიდიის გაუქმებაზე

„ყოველწლიურად 2 ტონა თხილს ვკრეფდით, შარშან ნახევარი ტონა იყო, წელს საერთოდ აღარ იქნება საერთოდ… განსაკუთრებით ბოლო 2 წელია ახალი დაავადება უტევს თხილის ბაღებს, ახლა გვჭირდებოდა ზუსტად დახმარება, სუბსიდია და პატრონი, მაგრამ გლეხობისკენ არავინ იყურება,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრები ალიოშა სალუქვაძე.

მეთხილეები არამარტო ქობულეთში დარდობენ თხილის ბაღების მასობრივად განადგურებას. ამას წელს ისიც დაემატა, რომ მეთხილეებს ბიუჯეტიდან სუბსიდიასაც აღარ მისცემენ. ამ სუბსიდიით ახერხებდნენ წინა წლებში მეთხილეები საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას.

რა ხდება ახლა?

„პირველი შეწამვლა დაგვიანებულია უკვე, მაგრამ აღარ შეგვიწამლია, სადაა მაგის საშუალება?“ – გვიყვება ალიოშა სალუქვაძე და დასძენს, დაახლოებით 200 ძირი თხილი გამიხმა, რაც გადარჩა იმის შეწამვლას კიდევ მინიმუმ 500 ლარი სჭირდებოდაო.

„თხილია აქ ჩვენი მთავარი შემოსავალი, მეტი რა მოდის აქ? ხმება და პატრონი არ გვყავს… წინა წლებში რაც მიგვითითეს სპეციალისტებმა [სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა], ის წამლები ვიყიდეთ აგრომაღაზიაში. დავწამლეთ და დახმა.

ახალ ნერგებს ვრგავ, წლები უნდა დაველოდოთ გაზრდას, რა ვქნათ აბა?“ – ამბობს ალიოშა სალუქვაძე.

„მარტო მე კი არა, ლეღვას ნახევარი ცხარე კურცხლით ვტირით –  თხილი ნახევარზე მეტი გამხმარია უკვე, ნახევარში აწი გახმება ალბათ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ოლეგ ანანიძე. – „გუშინ შემოვიარე ჩემი ბაღი და 1500 ძირიდან 50 გადარჩენილა. წინა წლებში ორ-ნახევარ ტონა თხილს ვკრეფდი სეზონზე. მდიდარი არასდროს არ ვყოფილვარ ამით, მაგრამ ჩემი შემოსავალი ეს იყო, ახლა რა უნდა ვქნა, არ ვიცი“.

ოლეგ ანანიძე არ მალავს ბრაზს სუბსიდიის გაუქმებაზე.

„ახალი ბაღი უნდა გავაშენო, შემოვღობო, შეწამვლა დასჭირდება ბაღს, მოვლა, ახლა მინდა პირიქით ხელშეწყობა და დახმარება, გავიგე, სუბსიდია აღარ იქნებაო. გლეხის ასე მიტოვება, გლეხი კაცის ასე გამწარება შეიძლება?“ – გვითხრა ოლეგ ანანიძემ.

სუბსიდიას მეთხილეებს აღარ აძლევენ იმიტომ, რომ წელს არჩევნები აღარაა? – ვეკითხებით მეთხილეს.

„თევზმა რა თქვა, ხომ იცით? ბევრ რამეს ვერ ვიტყვი მეო… ამაშია ზუსტად საქმე. გეთანხმებით,“ – დასძინა ოლეგ ანანიძემ.

ქობულეთელი მეთხილეები ამბობენ, რომ ვერ იღებენ ვერანაირ სარგებელს რომელიმე სხვა პროგრამებიდან, რაც სოფლის სამინისტროს განმარტებით ფერმერების, მათ შორის, მეთხილეების მხარდასაჭერად არსებობს, ხოლო სუბსიდიით თხილის ბაღებს შესაბამისი პრეპარატებით წამლავდნენ და ბაღში აზოტი მაინც შეჰქონდათ.

ქობულეთში გვითხრეს ისიც, რომ საეჭვოა იმ სპეციალისტების კვალიფიკაცია, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰყავს დაქირავებული ექსტენციის პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა ითვალისწინებს ადგილზე ფერმერისთვის კვალიფიციური რჩევების მიწოდებას.

„ჩართულები არიან კი, მაგრამ რომ არ იყვნენ ჩართული, უკეთესი იქნებოდა. მოვა ერთი სპეციალისტი, ეტყვი, რასაც აკეთებ და უიმე, დაგიღუპია ბაღიო, მერე სხვა მოვა და სხვა რამეს გეტყვის.

ჩვენი სამუშაო ახლა ისაა, რომ განადგურებულ ბაღში გამხმარ ხეებს ვჩეხავთ, ვწმენდთ ბაღს, რომ ბარდმა არ შეჭამოს. ამ დროს შეიძლება დაგაჯარიმონ კიდეც, თუ ბაღში დაფოცხილ ტოტებს ერთად თავი მოუყარე და ცეცხლი გაუკიდე. ჩემი მეზობელი მასე დააჯარიმეს,“ – გვითხრა ოლეგ ანანიძემ.

„თხილის ფასი განახევრდა,“ – ამბობს ბადრი ლორჩოშვილი. იგი სენაკში იბარებს სეზონზე თხილს და ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. თხილის ექსპორტიორის თქმით, ახლა საუკეთესო თხილის ფასი უკვე 10-12 ლარიდან 5-6 ლარზე ჩამოვიდა, რადგან წინა სეზონისგან განსხვავებით წელს თურქეთში თხილის კარგი მოსავალია და ევროპაშიც შოკოლადის მწარმოებლები თხილის ახალ სეზონს ელიან.

„ეს დაავადება ყველგან გავრცელდა, რაც ჩვენთანაა, მაგრამ თურქეთში კარგად იციან, როგორ მოუარონ თხილს…. გარდა ამისა, ჩილე კიდევ უფრო მეტ მოსავალს იღებს და უფრო მარტივად მოჰყავს თხილი, ვიდრე ჩვენ. ამიტომაც, თხილის ფასის მატებას არ უნდა ველოდეთ,“ – ამბობს ბადრი ლორჩოშვილი.

„რადგან თხილის ბაღები მასობრივად დაავადდა, ხოლო სუბსიდია მთავრობამ გააუქმა, რას სთავაზობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეთხილეებს? – შეკითხვას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ უპასუხეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრში კი, პოზიცია წერილობით მოგვაწოდეს. სამინისტროში რომელიმე პასუხისმგებელ პირთან გასაუბრება არ ისურვეს, რომელსაც ამ თემაზე რამდენიმე შეკითხვას დავუსვამდით.

აი, რა მოგვწერეს სამინისტროდან:

„აჭარის რეგიონში მეთხილეობის სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, სამინისტრო ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მეთხილე ფერმერებს შეუძლიათ თანადაფინანსებით შეიძინონ, როგორც თხილის ნერგები, ასევე ის ტექნოლოგიური საშუალებები, რომელიც საჭიროა ბაღის მოვლა-მოყვანისათვის .კერძოდ: იმ შემთხვევაში თუ ფერმერი გააშენებს ბაღს 1000 კვ. მეტრ ფართობზე, შეუძლია თანადაფინანსებით (70%) შეიძინოს, როგორც ნერგები, ასევე მინერალური სასუქები (NPK), წვეთოვანი სარწყავი სისტემა და შესასხურებელი აპარატი. ხოლო 2500 კვადრატულ მეტრზე მეტი გაშენებული ბაღის შემთხვევაში, შესაძლებელია შეიძინოს ნიადაგის დამამუშავებელი, მრავალფუნქციური მოწყობილობები.

რაც შეეხება 5 ათასი კვადრატული ან მეტ ფართობზე გაშენებულ ბაღს, თანადაფინანსებით შესაძლებელია შეძენილი იქნას, როგორც თხილის საკრეფი, ასევე სარჩევი და სატეხი დანადგარ მოწყობილობები,“ – მოგვწერეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრიდან.

ამ ნაწილში მეთხილეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მეთხილეების ნაწილი ვერ ერთვება მსგავს პროგრამაში იმის გამოც, რომ მიწის ნაკვეთები დანაწევრებულია და ერთიანად არ აქვთ, ვთქვათ 2500 კვ. მეტრი.

თხილის ბაღებში გავრცელებულ დაავადებას რაც შეეხება, სამინისტროს პრესცენტრიდან ეს ინფორმაცია მოგვწერეს:

„თხილის კულტურაში გავრცელებული მავნებელ-დაავადების ფონზე წამლობითი ღონისძიებების ეფექტურად ჩატარების ნაწილში, სამინისტრო მეთხილე ფერმერებს უსასყიდლოდ სთავაზობს ექსტენციონისტების მომსახურებას, რომლებიც წლის განმავლობაში აწვდიან მათ აგროტექნოლოგიური ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით შესაბამის პრაქტიკულ ცოდნას და მუდმივ კომუნიკაციაში არიან ფერმერებთან.

დამატებით, მიმდინარე წელს მეთხილე ფერმერთათვის სამინისტრო განახორციელებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასწავლო-საკონსულტაციო კურსს, რომლის ფარგლებშიც მოწვეული იქნება მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტი.

პარალელურად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მართავს სამუშაო შეხვედრებს მეთხილე ფერმერებთან იმ გამოწვევების აღმოსაფხვრელად, რომლებიც მიზნად ისახავს თხილის კულტურის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ეფექტურ მართვას,“ – აღნიშნულია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

___

ამ თემაზე:

თხილის ბაღებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, არც ყანებს დახნავენ უფასოდ – რას ამბობს „ოცნება“ პროგრამების გაჩერებაზე

ზელენსკი: უკრაინული „ფლამინგოები“ ჩებოქსარის ქარხანაში მიფრინდნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული ტერორის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 5 მაისის ღამეს, რუსეთში, ჩებოქსარიში,  სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხანას დაარტყეს.

„გასულ ღამეს, შეიარაღებული ძალების ოპერაცია Deep Strike-ის ფარგლებში, განხორციელდა ფრთოსანი რაკეტების, F-5 Flamingo-ს საბრძოლო გაშვება მოწინააღმდეგის რამდენიმე სამიზნის, კერძოდ კი, ჩებოქსარიში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტების მიმართულებით“ – წერს ზელენსკი.

„ფლამინგო“ უკრაინული რაკეტაა. ზელენსკი წერს, რომ რაკეტებმა 1500 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარეს.

მედიის ცნობით, ჩებოქსარის ქარხანა აწვდის სანავიგაციო ელემენტებს რუსეთის საზღვაო ფლოტს, სარაკეტო მრეწველობას, ავიაციასა და ჯავშანტექნიკას, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

„რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და რეალურ დიპლომატიაზე გადავიდეს. ჩვენ ჩვენი შეთავაზება გავაკეთეთ. დიდება უკრაინას!“ – წერს ზელენსკი.

მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დრონი მოხვდა კორპუსის შენობასაც, რამაც აფეთქება გამოიწვია.

რუსული მედიის ცნობით, ჩებოქსარში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, შეძლებისდაგვარად, სახლში დარჩნენ და ქალაქში გადაადგილება შეზღუდონ.

_________

მთავარ ფოტოზე: კადრები ტელეგრამზე გავრცელებული ვიდეომასალიდან.

რა მოხდა „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების პროცესზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პატიმრობაში დატოვა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 15 პირი. დღეს, 5 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

„არ ვცნობ თავს დამნაშავედ“- ერთი და იმავე ფრაზით უპასუხა თხუთმეტივე ბრალდებულმა მოსამართლეს, რომელმაც ბრალის გაცნობის შემდეგ თითოეულს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში?

ადვოკატების მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს კავშირს “ქურდულ სამყაროსთან”.

საუბარია 2026 წლის 17 მარტის სპეცოპერაციაზე, რის შედეგადაც 72 პირი დააკავეს. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულია 3 ქალი, რომლებიც, ადვოკატების თქმით, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. კიდევ 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სპეცოპერაციის დროს დაშავდა ქალი – თამარ მიქელაძე ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა.

შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – თქვა „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა გელა გელაძემ 17 მარტს.

„თქვენ ფეხზე იმიტომ ხომ არ დგახართ, რომ ადგილი არ გყოფნით?”- ბრალდებულისთვის გამოყოფილ პატარა სივრცეში გამოკეტილ ბრალდებულებს გახედა მოსამართლემ, ხოლო გადავსებულ დარბაზს მოუწოდა სიმშვიდისკენ.

„არა, ბევრი გვიწევს ჯდომა, გვირჩევნია ვიდგეთ“, – უპასუხა მოსამართლეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა.

პროცესს არ დასწრებია ერთ-ერთი ბრალდებული რეზო მ. მოსამართლემ თქვა, რომ წარმოდგენილი ცნობით, მან ბადრაგირებაზე, ასევე დისტანციურ ჩართვაზე უარი თქვა.

„მე მივიღე მისი წერილი, რომ შიმშილობას აცხადებს“ – აღნიშნა ადვოკატმა პაატა შავაძემ.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა და სადავოდ მიჩნევა მოითხოვეს ადვოკატებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე არსებითი განხილვის სხდომაზე მოუსმენს თითოეულ მოწმეს.

ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება არ განიხილება. პროკურორმა თემურ გურამიშვილმა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.

„500-500 ლარობით ვალს უხდიდა, ამაზეა საუბარი, ტაქსისტობდა… მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ჩვენება მივცეთ“, – პროკურორს გახედა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის გათავისუფლება 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.

ადვოკატ თენგიზ კახიძის დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული კი მეზღვაურია. ადვოკატის თქმით, ის რეისში მიდიოდა და ქურდულ შეკრებას კი არ დაესწრო, არამედ „თავმოყრილ ხალხს“ შეხვდა და დაემშვიდობა.

„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რაიმე ინტერესი ჰქონოდა და დასწრებოდა მსგავს ღონისძიებას“, – განმარტა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობაზე“და ბრალდებულის გათავისუფლება 5 ათასი ლარის სანაცვლოდ მოითხოვა.

„რომელი კანონიერი ქურდის დავალებას ასრულებდა? საიდან დგინდება, რომ ქურდული სამყაროს წევრია?“ – აღნიშნა ბრალდებულია გია ლ.-ს ადვოკატმა. მისი თქმით, ფარული ჩანაწერებითაც არ დასტურდება ის, რომ ბრალდებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრია.

ამ საქმეზე დაკავებული ბრალდებულების საქმის განხილვა რამდენიმე ნაწილად იმართება, მათ შორის, 30 ბრალდებულის საქმე განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დღეს ამ დიდი საქმიდან 15 ბრალდებულის საქმეზე შედგა წინასასამართლო სხდომა.

___

ამ თემაზე:

ძმები წულუკიძეები დააკავეს

 

“ორი უტვინო რუსოფობის დიალოგი” – მედვედევი ფაშინიანი-ზელენსკის შეხვედრაზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა საკუთარ Telegram-არხზე ერევანში გამართული ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ შეხვედრას „ორი უტვინო რუსოფობის“ შეხვედრა უწოდა.

„დღეს ერევანში შეხვდა ორი უტვინო რუსოფობი, რომლებიც შესანიშნავად საუბრობენ რუსულად, თავიანთი არასრულფასოვნების გამო ცუდი ინგლისურით საუბრობდნენ. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, ეს კამერებისთვის იყო, შემდეგ კი ჩვეულებრივ, მათთვის ჩვეულ და დიად ენაზე გააგრძელეს საუბარი“, – დაწერა მედვედევმა.

მანვე ირონიულად დაწერა, რომ შეხვედრას მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვანსი აკლდნენ, რათა „უმეცრებისთვის“ ინგლისური ენის ცოდნაში გამოცდა ჩაებარებინათ.

4 მაისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა ლიდერები სომხეთში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე ჩავიდნენ. იმავე დღეს ზელენსკიმ და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოლაპარაკებები ინგლისურ ენაზე გამართეს.

მანამდე რუსეთის ფედერაციის საბჭოში ზელენსკის მონაწილეობით გამართული სამიტი „ერევანში შეკრებად“ მოიხსენიეს.

ბათუმში სანდასუფთავების მანქანა ბავშვს დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სანდასუფთავების სატვირთო ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 5 მაისს მოხდა.

ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი.

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

„ჩვენ მივდივართ ივანიშვილის სახლთან“ – მშობლების პროტესტი

ხვალ, 6 მაისს კი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, წამლის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ.

დღეს კი მათ საპასუხოდ „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა:  „გონივრული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ყველა რისკ-ფაქტორი გათვალისწინებული, მათ შორის „ფარმაცევტული მაფიის“ ინტერესები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი“.

მშობლები 15 დღეზე მეტია, მთავრობის კანცელარიის ეზოში მართავენ აქციას და მოითხოვენ მათი შვილების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების შემოტანას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათი არასრულწლოვანი შვილების გადასარჩენად.

მშობლებს, შვილებთან ერთად უწევთ ქუჩაში დღე და ღამე ყოფნა იმისთვის, რომ წამალი მიიღონ. თუმცა, როგორც მშობლები აცხადებენ, „ოცნების“ ხელისუფლება სრულ გულგრილობას იჩენს, როგორც მშობლების, ასევე ბავშვების მიმართ.

ქუჩაში მყოფ მშობლებს პოლიცია არ აძლევს პუფების გამოყენების უფლებასაც კი. მშობლებს ბეტონის ბორდიურებზე უწევთ ყოფნა.

კახა წიქარიშვილიც სხვა მშობლებთან ერთად იბრძვის საკუთარი და სხვისი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად.

„ჩვენ დავიწყეთ აქცია ჯანდაცვის სამინისტროდან, შემდგომ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჯანდაცვის მინისტრი ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას და გადავინაცვლეთ კანცელარიასთან, ვინაიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მთავრობის ადმინისტრაციის მიერ და ვითხოვდით ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას უკვე ერთ თვეზე მეტია, მაგრამ ირაკლი კობახიძე არ გვხვდება.

შესაბამისად, შემდგომი ლოკაცია არის ბიძინა ივანიშვილი. ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი არის ფაქტობრივად გადაწყვეტილების მიმღები პირი, ამიტომ მის სახლთანაც ჩავატარებთ აქციას. ვისაც შეუძლია გადაწყვეტილებაზე მოახდინოს ზეგავლენა, ყველგან შეიძლება ჩავატაროთ აქცია.

გვინდა ივანიშვილს ვუთხრათ, რომ ის მოვიდა ხელისუფლებაში ქველმოქმედის სახელით. დღეს ასი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია და ამ ბავშვებს სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. ივანიშვილი არის პირი, ვისაც სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებაზე ზემოქმედება შეუძლია.

მას შევახსენებთ, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში მუდმივად ვერ იქნება და ვერც ივანიშვილი ვერ იქნება მუდმივად ხელისუფლებაში. ამიტომ, უმჯობესია თავისი რეპუტაცია, თუნდაც იმ კუთხით მაინც შეინარჩუნოს, რომ არ გაწიროს ეს ბავშვები დასაღუპად“, – ამბობს კახა წიქარიშვილი.

მშობლები ითხოვენ წამალს შვილებისთვის/ფოტო: ნეტგაზეთი

მისი თქმით, სწორედ მან შექმნა ასეთი სისტემა, ამიტომაც უწევთ მშობლებს ივანიშვილისთვის დახმარების თხოვნა.

„როდესაც ქვეყანაში არსებობს ჯანდაცვის სამინისტრო, პარლამენტი, არსებობს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაცია და სახელმწიფო ბიუჯეტი ამ უწყებების ხელშია, ივანიშვილთან არ უნდა გვიწევდეს მისვლა. მაგრამ სწორედ მან შექმნა სახელმწიფო სისტემა, რომელიც ძალიან შორს არის დემოკრატიისგან. ფაქტობრივად, ერთი კაცის ხელშია მოქცეული და ეს ყველამ იცის ამ ქვეყანაში. ამიტომ მივდივართ ამ ადამიანთან, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა.

გასაგებია, რომ ხელისუფლებას არ უნდა ხმაური, არ უნდათ, რომ ამ ფორმით მოახდინონ ადამიანებმა ზეგავლენა პოლიტიკურ ნებაზე, თუმცა არც ხმაურის გარეშე უნდათ ჩვენი შვილებისთვის წამლის შემოტანა.

მშობლებს გვქონდა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება. ვინაიდან არანაირი შედეგი არ გამოიღო ამან, ამიტომ გადავედით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებაზე, გადავედით ქუჩის აქციებზე. ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ხალხი არის ძალაუფლების წყარო, გადაწყვეტილებას თუ მიიღებს ხალხი, მაშინ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს.

შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება, რომ ხალხმა – მოქალაქეებმა ერთობლივად შემოუძახონ ხელისუფლებას და უთხრან, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რადგან ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხალხია დავალების მიმცემი და ხელისუფლება არის დავალების შემსრულებელი.

თუ ხალხმა მისცა დავალება, რომ ეს ბავშვები გადასარჩენია, მაშინ ხელისუფლებამ ეს დავალება უნდა შეასრულოს და თუ არ შეასრულებს, ის დაკარგავს ყველანაირ ძალაუფლებას“, – ამბობს დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი.

მოსკოვში მობილური ინტერნეტი გათიშეს უკრაინული დრონების თავდასხმის ასარიდებლად

რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში, მობილური ინტერნეტი დაბლოკეს. როგორც ქვეყნის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტრო აცხადებს, ეს დროებითი ღონისძიებაა და სახლის ინტერნეტი და Wi-Fi მუშაობს.

შეზღუდვა უკავშირდება 9 მაისის აღნიშვნის ღონისძიებას.

რუსული პროპაგანდისტული მედია სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვსა და რუსეთის რეგიონებში ინტერნეტი შეზღუდულია უსაფრთხოების გამო, მათ შორის უკრაინული დრონების თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, რადგან მობილური ინტერნეტის გათიშვა დრონების დამიზნების სიზუსტეს ამცირებს.

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტის გათიშვის შესახებ რუსეთში დღეს, 5 მაისს განაცხადეს. მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში მიუწვდომელია ის ინტერნეტრესურსებიც კი, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეფერხებების დროს. შეუძლებელია მობილური ქსელებით ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაც.

რუსეთში ინტერნეტისა და სოცქსელების შეზღუდვის საკითხი ბოლო ერთი თვე განსაკუთრებით აქტუალურია და საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს.

ბათუმსა და თბილისს შორის რკინიგზით მგზავრობა 4 საათამდე შემცირდება – „ოცნების“ დაპირება

დღეს, 5 მაისს, საქართველოს რკინიგზაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იგეგმება საქართველოს რკინიგზის სრული მოდერნიზაცია.

ამავე პრეზენტაციაზე ითქვა, რომ 2026 წლის აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმი, თბილისი-ახალციხის ძირითადი სარკინიგზო ხაზის სრული რეაბილიტაცია.

„შედეგად, ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ბათუმის მიმართულებით კი შემცირდება დაახლოებით 4 საათამდე“- განაცხადა „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა საქართველოს რკინიგზაში დაგეგმილ ცვლილებებსა და ოპტიმიზაციაზე. მისი თქმით, საქართველოს რკინიგზაში 1000 საშტატო ერთეული შემცირდა, რის შედეგადაც დაიზოგა 24 მილიონი ლარი.

მისი თქმით, დაგეგმილია სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრული განახლებაც.

„50 ახალი ლოკომოტივი და 1500 ახალი ვაგონი იქნება შეძენილი „საქართველოს რკინიგზის“ მიერ. განხორციელდება რკინიგზის სადგურების და სარკინიგზო მონაკვეთების სრული მოდერნიზაცია და დაინერგება თანამედროვე, ავტომატიზებული მართვის სისტემები. აშენდება ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 18 კმ-იანი რკინიგზა“ – განაცხადა კობახიძემ.

პრეზენტაციის მიხედვით, 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატებით, სრულად მოდერნიზდება სამგზავრო პარკი და „ყველა არსებულ მიმართულებაზე იმოძრავებს თანამედროვე სტანდარტების მქონე მატარებელი“.

რა უპირატესობები აქვს აეროგრილს ღუმელთან შედარებით

ბოლო წლებში აეროგრილმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან ცხელი ჰაერის ცირკულაციით, მარტივად და სწრაფად, ამზადებს საკვებს და ტრადიციულ ღუმელთან შედარებით ხშირად უფრო პრაქტიკულიც არის. საინტერესოა, რა უპირატესობები აქვს აეროგრილს კლასიკურ ღუმელთან შედარებით და ყოველდღიურობაში რომელი არჩევანია უკეთესი. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, აეროგრილსა და ღუმელს შორის განსხვავებებს და გავარკვევთ, ზუსტად რატომ სჯობს ერთი მეორეს. 

როგორ მუშაობს აეროგრილი

აეროგრილი კომპაქტური სამზარეულოს მოწყობილობაა, რომელიც საკვებს ცხელი ჰაერის ინტენსიური ცირკულაციით ამზადებს. მის შიგნით განთავსებულია გამათბობელი ელემენტი და ვენტილატორი, რომელიც სიცხეს თანაბრად ანაწილებს. შედეგად, საკვების ზედაპირი ხდება ხრაშუნა, შიგნით კი რჩება ნაზი და წვნიანი სტრუქტურა. აეროგრილს ხშირად ნაკლები ზეთი სჭირდება, ვიდრე ტრადიციულ შეწვას ან ღუმელში მომზადებას. ის სწრაფად ცხელდება და წინასწარ ჩართვა და გათბობა არ სჭირდება, რაც დროსა და ენერგიას ზოგავს და ყოველდღიურობას ამარტივებს.

თუ ახალი აეროგრილის შეძენას აპირებ, Extra.ge-ზე მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს. აქ ყველაზე ხარისხიან მოდელებს, ხელმისაწვდომ ფასად, შეხვდები. Extra.ge-ზე სასურველ პროდუქციას, სახლიდან გაუსვლელად, მარტივად და სწრაფად, შეიძენთ. 

აეროგრილი vs ღუმელი

რა უპირატესობები აქვს აეროგრილს ღუმელთან შედარებით? ამის გასაგებად, მნიშვნელოვანია გავიგოთ: რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს, როგორი შედეგები აქვს და რამდენად კომფორტულია მისი მოვლა. ქვემოთ ამ მთავარ განსხვავებებს დეტალურად განვიხილავთ, რათა უკეთ გადაწყვიტო, რომელი მოწყობილობა შეესაბამება შენს საჭიროებებს.

დრო და ენერგომოხმარება

აეროგრილი, როგორც წესი, გაცილებით სწრაფად ცხელდება, რადგან მცირე მოცულობისაა და ცხელი ჰაერი ინტენსიურად ცირკულირებს. ეს ნიშნავს, რომ, ღუმელისგან განსხვავებით, წინასწარი გათბობის დრო არ გჭირდება და საკვების მოსამზადებლად ნაკლები დრო გეხარჯება. იგივე კერძისთვის ღუმელს უფრო მეტი დრო და ზოგჯერ მეტი ენერგია ეხარჯება. ყოველდღიურ რიტმში ეს დიდი კომფორტია. სწრაფად ამზადებ, ნაკლებ დროს ხარჯავ და პროცესიც უფრო მარტივდება.

ჯანსაღი საკვების მომზადება

აეროგრილი, ზეთის გარეშე, გაძლევთ საშუალებას მოამზადოთ ხრაშუნა და გემრიელი საკვები. ზეთის გარეშე მომზადება უდიდესი უპირატესობაა, რადგან მეტ სიჯანსაღეს ნიშნავს. ცხელი ჰაერი კერძს ყველა მხრიდან თანაბრად ეცემა, რის გამოც ზეთში შეწვა საჭირო აღარაა. შედეგად, იგივე გემო და ტექსტურა მიიღება შედარებით მსუბუქი ფორმით. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი აეროგრილს უფრო ჯანსაღ ალტერნატივად მიიჩნევს.

კომფორტი, კომპაქტურობა და მოვლა

აეროგრილი კომპაქტური მოწყობილობაა და ნებისმიერ ზედაპირზე მარტივად მოათავსებ, რაც პატარა სამზარეულოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ღუმელი ბევრად მეტ სივრცეს იკავებს და ხშირად რთულია მისთვის ადგილის პოვნა.

აეროგრილის გაწმენდა, ღუმელისგან განსხვავებით, როგორც წესი, სწრაფი და მარტივია, ბევრ მოდელს ისეთ მასალები აქვს, რომლებიც ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც კი გაირეცხება. 

შეჯამება

აეროგრილი ტრადიციულ ღუმელთან შედარებით, ხშირ შემთხვევაში, უფრო მოსახერხებელი და ენერგოეფექტური არჩევანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწრაფად და ნაკლები ზეთით გინდა გემრიელი კერძების მომზადება. მცირე ზომისა და მოვლის სიმარტივის წყალობით, იგი ყოველდღიურ ყოფას ამარტივებს და კერძის მომზადებას უფრო მარტივ პროცესად აქცევს. თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც შენს საჭიროებებსა და სივრცეზეა დამოკიდებული, ზოგ სიტუაციაში ღუმელიც დაუვიწყარი დამხმარეა. მთავარია, ის მოწყობილობა აირჩიო, რომელიც შენს რიტმსა და ცხოვრების სტილს უკეთ ერგება.

როდის დათბება ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
    ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, აჭარაში ჰაერის ტემპერატურა 9 მაისიდან მოიმატებს და კვირის ბოლოს, 10-11 მაისს, 20-23 გრადუსამდე გათბება.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში წერეთლის ქუჩის გადაკეტვის გამო იცვლება ავტობუსების მარშრუტები

ბათუმის მერიის განცხადებით, 5 მაისიდან 21 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება აკაკი წერეთლის ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში.

„შეზღუდვა დაკავშირებულია იმედაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელიც იმედაშვილისა და ბაქოს ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება“- აცხადებს ქალაქის მერია.

შეზღუდვის პერიოდში ცვლილებები შედის მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო მიმართულებებში:

  • №1 – სევერიანე აჭარელის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა;
  • №1ა – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა;
  • №4 – ბარათაშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე;
  • №7 – ბარათაშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – სულაბერიძის ქუჩა;
  • №7ა – სულაბერიძის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა;
  • №8 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა;
  • №11 – ბარათაშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – სოხუმის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე;
  • №12, №16 და №19 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

ასევე, შეიცვლება მიკროავტობუსების მოძრაობის მარშრუტები:

№21, №22, №26, №26ა, №33, №35 და №37 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

5 მაისიდან 21 მაისამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება აკაკი წერეთლის ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 336 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 917 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 510 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 41 386 ერთეული [+80]
  • MLRS – 1 770 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 361 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 274 030 ერთეული [+1 968]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 320 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 94 030 ერთეული [+206]
  • სპეცტექნიკა – 4 170 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 584 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

ზელენსკი ერევანში ჩავიდა

კიევი: გამოვლენილია რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელშიც ქართველებიც შედიოდნენ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ფორმულას“ ცნობით, მათი მაყურებლების ნაწილს შეუწყდა არხის მაუწყებლობა

ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს, რომ არხის მაუწყებლობა მათი მაყურებლების ნაწილს შეუწყდა.

ტელეკომპანიამ განცხადება დღეს, 4 მაისს, საღამოს გაავრცელა.

„გვსურს, შევატყობინოთ „ფორმულას“ მაყურებელს, რომ არხის მაუწყებლობა დროებით შეუწყდა მათ ნაწილს.

მიზეზი არის დავალიანება კომპანია „სტერეო პლიუსის“ მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს „ფორმულას“ ღია სიგნალით გავრცელებას იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს.

არხის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებაზე, რათა მაუწყებლობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს“ – წერს „ფორმულა“.

ამავე დროს, ტელეკომპანია მაყურებლებს მხარდაჭერას სთხოვს:

ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ გსურთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ ტელეკომპანია ფორმულას დონაციის გზით. გმადლობთ ნდობისა და თანადგომისთვის.
ანგარიშის ნომერი: GE32TB7843845067800005“.

 

შევეგუეთ ადამიანების დაპატიმრებას ტროტუარზე დგომის გამო? – ინტერვიუ

გასულ კვირას, 24 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, ტროტუარზე დგომის გამო საქართველოს 4 მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა.

ოთხივე საქმე ორმა მოსამართლემ განიხილა – ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ. ეს მოსამართლეები ტროტუარის საქმეებს ყველაზე ხშირად განიხილავენ. მოსამართლეებმა ყველა შემთხვევაში სასჯელის ზომად პატიმრობა გამოიყენეს.

  • ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებულები

სამოქალაქო აქტივისტს, ანი ჩრდილელს, 24 აპრილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა გზის გადაკეტვის საბაბით.

ოფიციალურად, შს სამინისტრო ანი ჩრდილელს 7 მარტს, მარშის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წინ ბასლაინზე დგომას ედავებოდა და ამტკიცებდა, რომ ის გზას კეტავდა.

შსს არ უარყოფდა, რომ მარშის შესახებ ადმინისტრაციული ორგანო გაფრთხილებული იყო. მანქანების გადაადგილება რუსთაველის გამზირზე მაგ დროს დემონსტრანტებს, მათ შორის ანი ჩრდილელს, არ შეუზღუდავთ, ქუჩა არ გადაუკეტავთ. შსს ამტკიცებდა, რომ დემონსტრანტებს ბასლაინი ჰქონდათ ათვისებული და ნაწილობრივ აფერხებდნენ გადაადგილებას.

შსს-ს იურისტი თინათინ კაჭკაჭიშვილი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მითითებები მისმა უწყებამ საიტზე გამოაქვეყნა. კერძოდ, ის, რომ მარშის დასრულებისთანავე, მოქალაქეები უნდა გადასულიყვნენ საფეხმავლო გზაზე.

29 აპრილს სამი შვილის დედას, ინგა ბუაძეს 7 თებერვლის მარშზე გზის გადაკეტვის საბაბით, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

29 აპრილის დილას მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კიდევ ერთი დემონსტრანტის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

მოქალაქე ია მღებრიშვილი მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 2-დღიან პატიმრობაში გაუშვა 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომის გამო.

29 აპრილს გაასამართლეს გიო ჩაჩანიძეც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, გიო ჩაჩანიძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, პარლამენტის წინ 18 დეკემბერს ტროტუარზე დგომით ფეხითმოსიარულეთა ხელოვნურად შეფერხების საბაბით.

29 აპრილსავე საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

სახალხო დამცველის ამიკუსი შეეხება ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებულ მოქალაქეებს.

„ბოლო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებებისა და სხვადასხვა ღია საინფორმაციო წყაროებით დასტურდება, რომ საერთო სასამართლოები ამ საფუძვლით დიდი ოდენობის საქმეებს განიხილავენ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ამიკუსის შესავალში.

რეპრესიული ცვლილებები რამდენიმე კანონში 2025 წლის დეკემბერში შევიდა. სწორედ ამ ცვლილებების წყალობით, მოსამართლეები „კანონიერად“ ასამართლებენ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო.

საქართველოს ათობით მოქალაქეს აქვს უკვე ადმინისტრაციული ჯარიმა დაკისრებული ტროტუარზე დგომის გამო და ათობით მოქალაქეს აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა მოხდილი, ქვეყნის სხვადასხვა იზოლატორში, ტროტუარზე დგომის გამო.

როგორ მოხდა, რომ საზოგადოება თითქოს შეეგუა იმ ფაქტს, რომ ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ და ამაზე ისეთი მძაფრი რეაქცია აღარ აქვს, როგორც პირველ ეტაპზე ჰქონდა, როდესაც რეპრესიული კანონის აღსრულება დაიწყეს? – ვკითხეთ ფილოსოფოსს ლევან ღამბაშიძეს.

„შეგუება ადამიანისთვის, პრინციპში ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, ძალიან ბუნებრივი რამეა, ჩვენი სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია შეგუება. ნებისმიერ ცვლილებასთან, რაც არ უნდა ტრავმული იყოს, ადამიანი ადაპტაციას ახერხებს.

ის, რაც შეიძლება თავის დროზე აღშფოთების საფუძველი იყო, დროთა განმავლობაში ნორმალიზდება. არა მარტო საქართველოში, ძალიან ბევრ საზოგადოებას აქვს იგივე გამოცდილი აქვს – ყველგან, სადაც დიქტატურა ნელ-ნელა ყალიბდებოდა, იგივე პროცესი აქვთ გავლილი, იქნება ეს ნაცისტური გერმანია თუ საბჭოთა კავშირი.

ვფიქრობ, გაკვირვების ნაცვლად, სხვა კითხვა უნდა დაისვას – რას ვაკეთებთ ამ ახალ მოცემულობაში?

ვიტყვით – „რას იზამ, ეს გახდა ჩვენი ცხოვრება და ასე იქნება“, თუ ვიტყვით – „კი, ეს ცვლილება მოხდა, მაგრამ აუცილებელია ყველაფერი დავაბრუნოთ იმ წერტილზე, როდესაც ქვეყანაში ცხოვრება უფრო მისაღები იყო“?!

ხალხი რომ ისევ გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს, ეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ის, რომ ჩვენ უფრო გულგრილები ვართ რეჟიმის ძალადობრივი ქმედებების მიმართ.

რუსეთის შემთხვევა რომ ავიღოთ, რუსეთში შეეგუვნენ და სახლში შევიდნენ. იქ აღიარეს, რომ ამ ეტაპზე პუტინის რეჟიმს ვერ გადატეხენ, აღიარეს, რომ პოლიტიკოსები შეიძლება ციხეში მოკლან, რომ აქციის გამართვა აკრძალულია… ყველაფერი, რაც შეიძლება უბედურება სჭირდეს მოქალაქეს რუსეთში, სჭირთ და ხალხი ამას არ აპროტესტებს.

ორი პარალელური პროცესი, შეგუება და პროტესტი ერთდროულად რომ არის საქართველოში, ეს კარგი მგონია. უფრო ამაზე ვფოკუსირდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა მოცემულობად აღვიქვამთ, რომ რეჟიმი ისეთი ბრუტალურია როგორიც არის, მის წინააღმდეგ მაინც ძალიან ბევრი მოქალაქე გამოხატავს თავის უკმაყოფილებას და ეს კარგია.

ლევან ღამბაშიძე
  • როგორ ფიქრობთ, ეს შეგუება გადარჩენის სტრატეგიაა, თავისუფლების ნელ-ნელა დათმობა თუ შეგუება და თან არდანებება?

თითოეულმა ადამიანმა, ვინც რუსთაველზე დგას, იცის, რომ ეს შედეგი შეიძლება დადგეს, შეიძლება დაგაკავონ. ანუ ეს არ არის, რომ ვიღაცას რაღაც დაემართა და მე არ დამემართება.

ამ შეგუებაში მე უფრო ვხედავ იმას, რომ ჩვენ ვაღიარებთ ერთმანეთის უფლებას, ავირჩიოთ ბრძოლის მეთოდები.

მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ციხეში არიან ქუჩაში დგომის გამო, ჩემთვის არიან მისაბაძი ადამიანები. მე გულგრილი კი არ ვარ მათი დაკავების მიმართ, უბრალოდ ვაღიარებ მათ უფლებას, რომ ის გზა აირჩიეს, რომელიც აირჩიეს და რომელიც მეც არჩეული მაქვს.

აქციის მონაწილეები ერთმანეთის ავტონომიურობას ვაღიარებთ და ეს „არ შეცოდება“ ან „არ გაბრაზება“ იმას არ ნიშნავს, რომ ისე არ განვიცდით ერთმანეთის ამბავს, როგორც ადრე განვიცდიდით.

ამიტომ მე ამ შეგუებას ნეგატიურად არ აღვიქვამ, უფრო პირიქით. ეს ემოციური გაციება ერთის მხრივ ახასიათებს იმას, რომ როცა ძალიან ბევრი ცუდი რაღაც ხდება, ფიზიკურად აღარ შეგიძლია ყველაფერზე თანაბრად ემოციური რეაქცია გქონდეს.

მეორეს მხრივ, მე ამ ბრძოლაში მყოფი ადამიანები აღმაფრთოვანებენ. შემიძლია მხარდაჭერა გამოვუცხადო მათ იმის ნაცვლად, რომ თავზე ნაცარი დავიყარო და ვთქვა – „ეს რეჟიმი რას გვიშვრება“.

კი, რეჟიმი გვთრგუნავს, ცდილობს დაგვაშინოს, იძალადოს ჩვენზე, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი ადამიანი ციხეში ხვდება, ჩემთვის ეს არის ჩვენი სიმტკიცის, ერთიანობის სიმტკიცის გამარჯვება რეჟიმზე სინამდვილეში. როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ რაღაცნაირად ამაყი ვარ ერთის მხრივ, რომ ამ საზოგადოების წევრი ვარ და მეორეს მხრივ ვგრძნობ, რომ სანამ ასეთი ხალხი არსებობს, არც შეგუება მოხდება და რეჟიმის გამარჯვებაც ძალიან შორს არის.

  • და ამ დროს რა ემართება საჯარო სივრცეს, როცა იქ ყოფნა, დგომა დაკავების პოტენციურ რისკად იქცევა? სწორედ საჯარო სივრცეში დგომის გამო არიან დაკავებული ეს ადამიანები.

ნებისმიერ რეჟიმს, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, უნდა რომ მიიტაცოს მთელი საჯარო სივრცე, იმიტომ რომ მარტივი ლოგიკაა – არსებობს ის, რაც ჩანს და რაც არ ჩანს – ის არ არსებობს.

შესაბამისად, რეჟიმი ცდილობს, ადამიანები უბრალოდ გააქროს და ამით შექმნას ილუზია, რომ უკმაყოფილება ქვეყანაში არ არსებობს.

ხელოვნური პროცესია, უკმაყოფილება სინამდვილეში აკუმულირდება და რეჟიმები ამას ვერ ხვდებიან ხოლმე. ჰგონიათ, რომ როცა ხალხი ქუჩაში არ დგას და არ აპროტესტებს, ყველაფერი კარგად არის და მათ ძალაუფლებას საფრთხე არ ემუქრება.

სინამდვილეში ბევრად უფრო საშიშია საზოგადოება, რომელიც წინააღმდეგობის იმპულსს თავის თავში ჩუმად ინახავს, იმიტომ, რომ როდის აფეთქდება და რა ფორმით აფეთქდება, არავინ იცის.

დემოკრატიული საზოგადოების მთელი არსი არის ის, რომ მოქალაქე არსებობს იმდენად, რამდენადაც ის არსებობს საჯაროდ, ანუ საჯაროდ შეუძლია საკუთარი თავის გამოხატვა, საკუთარი არსებობის დაფიქსირება, საკუთარი აზრის გამოხატვა.

მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, ხალხი მაინც ქუჩაშია, ხალხი მაინც საკუთარ აზრს გამოხატავს. რაღაც სივრცეებში მიაღწიეს თითქოს მორჩილებას, ვთქვათ, საჯარო სექტორში ხალხი ისე აღარ აქტიურობს, ვიღაცები, ვინც, ვთქვათ, პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ადრე აზრს გამოხატავდნენ, მოსამართლეები – დღეს შემცირებულია მსგავსი გამოხატვის შემთხვევები, მაგრამ რუსთაველის ბირთვი, ჯერჯერობით მაინც, ცოცხალია.

ზოგადად, ადამიანს არ აქვს დიდი იმპულსი იმისა, რომ პოლიტიკურად აქტიური იყოს ან რამე შეცვალოს სამყაროში. ერთეულებს უფრო აქვთ, ვიდრე მთელ საზოგადოებას ერთად, სანამ ისეთი რამე არ მოხდება, რაც ყველას დისკომფორტს შეუქმნის, მაგალითად – ეკონომიკური პრობლემები.

სამწუხაროდ, ჩვენმა საზოგადოებამ ასე გადაინაწილა როლები, რომ ერთი ნაწილი ყოველთვის გამოხატავს უკმაყოფილებას და მეორე ნაწილი, რომელიც ასევე უკმაყოფილოა, ფიქრობს, რომ სანამ რუსთაველი არის, თვითონ არ უნდა გავიდეს იქ, იმიტომ, რომ სხვა აკეთებს იმას, რასაც თვითონაც უნდა აკეთებდეს.

პრინციპში ესეც ნორმალური პროცესია, იმიტომ, რომ მოსთხოვო ადამიანს 500-ზე მეტი დღის განმავლობაში ერთი და იგივე რაღაც აკეთოს, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ასე სწრაფად არ დგება, არარაციონალურია. დადგება ეს მომენტი, როდესაც ყველანი ქუჩაში გამოვლენ, მაგრამ ამისთვის, ყოველდღიურად საქმე, სამწუხაროდ, ცოტა ხალხმა უნდა აკეთოს.

კაცობრიობის ისტორიასაც რომ გადახედოთ, ერთეულებს აქვთ ქვეყნისთვის ბევრი რამ გაკეთებული და დიდ ნაწილს ისე აქვს ცხოვრება გალეული, რომ არაფერი გაუკეთებიათ არა მარტო ქვეყნისთვის, მეზობლისთვისაც კი.

ამიტომ ეს გაბრაზება ან საყვედური -„რატომ არ აკეთებთ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“ – არ მგონია სწორი.

ყველა ადამიანის კონტექსტი სხვადასხვაა და ყველას სხვადასხვა მიზეზი აქვს, რატომ არ აკეთებს იმას, რასაც არ აკეთებს.

მე პირადად მირჩევნია ვუყურო იმ ხალხს, ვინც პროცესშია, პროტესტშია და იმ ხალხს, ვინც რაღაცას აკეთებს და ამით აღვფრთოვანდე, ვიდრე იმ დანარჩენი ხალხით, რომელიც ამაში არ არის ჩართული.

ანალოგია რომ მოვიყვანოთ, თერგდალეულები უფრო ლამაზი საყურებელია მე-19 საუკუნეში, ვიდრე ის პასიური ხალხი, რომლის შესახებაც არც ვიცით საერთოდ, რომელიც არაფერს არ აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესი გამხდარიყო.

რამდენი იქნებოდნენ თერგდალეულები? და მათშიც კი, ილია ჭავჭავაძე ვიცით და კიდევ რამდენიმე.

ჩვენ ახლა ისტორიულ პროცესს გავდივართ და ეს პროცესი მიმდინარეობს ზუსტად ისე, როგორც მიმდინარეობდა ყველა დანარჩენი ისტორიული პროცესი.

განსხვავებით სხვა დიქტატორული რეჟიმებისა, საქართველოში ჯერჯერობით საზოგადოება ბოლომდე გადატეხილი არ არის. ეს კარგია.

ასე დანახული სიტუაცია მე თავად მეხმარება იმაში, რომ იმედი არ დავკარგო.

ზოგადად, იმედის საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი. იმაზე არ არის საუბარი, მე მაქვს იმედი, რომ ხვალ გავიღვიძებ და რეჟიმი დასრულდება ან უკან დაიხევს. აქ საუბარი იმაზეა, რომ უბრალოდ სხვანაირად აღარ წარმომიდგენია ცხოვრება, თუ ეს არ გავაკეთე. შეიძლება შედეგს ხვალ ვერ მივაღწიო, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის სწორი, ასე უნდა მოვიქცეთ და ეს მნიშვნელოვანი მიგნება მგონია ნებისმიერი მოქალაქისთვის.

ისევ თერგდალეულები რომ გავიხსენოთ, ილია ჭავჭავაძე რომ იწყებდა საქმიანობას, საერთოდ არ ეგონა, რომ ხვალ შეიცვლებოდა საქართველო და ზეგ ყველა ადამიანს წერა-კითხვა ეცოდინებოდა საქართველოში, მაგრამ შედეგს მიაღწია 40 თუ 50 წლის მერე. რაღაცნაირად, ამ პროცესში ჩვენი თავი ისე უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რაც სწორია, რასაც სინდისი გვკარნახობს და შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ სწორი ქმედება თავად არის უკვე ღირებული.

  • როგორ ხედავთ იმ ქვეყნის მომავალს, სადაც უკანონობა სამართლად დააკანონეს? და როდესაც პროტესტში ჩართული ადამიანები ამბობენ – „ბრძოლა ბოლომდე“, სანამდე შეიძლება იყოს ეს „ბოლომდე“?

ბოლოს გავიგებთ როცა დადგება, მაგას მივხვდებით. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანისთვის ბოლო აღარ არსებობს, იმიტომ, რომ როგორც კი რაღაც ცვლილება მოხდება, მოქალაქეები ისეთი გააქტიურებულები არიან, აღარ მგონია, სახლში შევიდნენ.

ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი ასეა. იმედი მაქვს, უკვე ვიცით, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ.

რაც შეეხება რეჟიმს, რამდენ ხანს შეუძლია მართოს, სამწუხაროდ, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

თუ კარგად დააკვირდებით, ცდილობენ გაათამაშონ კარტი, რომ ევროპულები არიან. თან ევროპაში მიდიან და თან ევროპას აგინებენ. ეს პროცესი ვერ დაალაგეს ჯერჯერობით წესიერად, პირდაპირ თქვან, რომ არიან პრორუსები.

სანამ ეს მათი შირმული პროევროპულობა კიდევ პრობლემაა მათთვის, ანუ სანამ ჯერ კიდევ იძულებულები არიან საზოგადოებას მოატყუონ – „აი, ჩვენ მაინც ევროპელები ვართ“, ეს ნიშნავს, რომ ჩვენია ეს კარტი სინამდვილეში. ჩვენ გვყავს ჩაყენებული ისეთ სიტუაციაში, სადაც მათ თავის მართლება და საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება უწევთ, რომ პროევროპულები არიან.

ვფიქრობ, თვითონაც იციან, რომ თუ ამ ზღვარს გადალახავენ და გადალახავენ ღიად და ალბათ უკვე მალე, შემდეგ უკვე ბევრად უფრო მეტი ადამიანი აღშფოთდება.

მეორე არის ეკონომიკური ფაქტორი. ისევ და ისევ, თუ მსოფლიო ისტორიაში მომხდარ დიდ ცვლილებებს შეხედავთ, ვთქვათ საფრანგეთის ან რუსეთის რევოლუციას, ყოველთვის ეკონომიკური ფაქტორი იყო განმსაზღვრელი.

ადამიანებს პოლიტიკის შესახებ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, ვერ ხვდებიან, რომ რეალურად მათი თავისუფლებაა შეზღუდული, როდესაც მათი თანამოქალაქის თავისუფლება იზღუდება. ვერ ხვდებიან, რომ მაგალითად, თუ ტროტუარზე დადგომა აკრძალულია ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, თვითონ დგას თუ არა, მისთვისაც აკრძალულია, ანუ უნდა თუ არ უნდა, მისი თავისუფლებაც შეზღუდულია.

ყველაზე მარტივად პოლიტიკას გრძნობენ ხოლმე ეკონომიკური პოლიტიკის შემდეგ და ამიტომ იყო, რომ შიმშილმა აიძულა გამოსულიყო ხალხი საფრანგეთში, რუსეთში.

ამიტომ შექმნეს ფასების კომისია და ამხელა რესურსს ხარჯავს პროპაგანდა. ამტკიცებენ, რომ ყველაფერი რიგზეა, ფასები არ გაქცეულა… ადამიანები ღარიბდებიან, კორუფციაა, ოლიგარქი არ ზრუნავს მოქალაქეებზე, ყველაფერი დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ რეჟიმთან, მაგრამ ცდილობენ ეს კავშირი დამალონ.

არ გამოსდით, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ყველაზე წარუმატებელი რაც იყო, იყო სწორედ ფასების კომისია და კობახიძის ბოლო დროინდელი განცხადება ხორცის ფასებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ თუ პროპაგანდა კარგად იმუშავებს, შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს, რომ რუსთაველზე დგანან რადიკალები და ქვეყნის დაქცევა უნდათ, მაგრამ ის არასდროს დაიჯერებს პროპაგანდის ნათქვამ ტყუილს, რომ გერმანიაში თურმე ფასები ბევრად უფრო მაღალია ვიდრე საქართველოში შემოსავალთან მიმართებაში ან ხორცი ღირს 10 ლარი.

ვფიქრობ, ცვლილებებისთვის ბევრი ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, მათ შორის – საგარეო ფაქტორი. ყოველთვის ასე იყო საქართველოს შემთხვევაში – როგორც კი მოღალატე რეჟიმის ცენტრი სახელმწიფო სუსტდებოდა ხოლმე, უმალ ქვეყნის შიგნით სიტუაცია იცვლებოდა. რუსეთი როგორც კი დასუსტდება, ავტომატურად ქართული რეჟიმიც ბევრ რამეს შეცვლის ჩვენთან, ქვეყნის შიგნით. საგარეო ფაქტორები, პლუს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, პლუს უკმაყოფილების ზრდა, ყველაფერი ერთად რაღაც წერტილში უნდა გაერთიანდეს და დაემთხვეს და მერე უკვე ცვლილებაზე შეგვიძლია რეალურად ვისაუბროთ.

აი, ეს იქნება ბოლო.

______________

მთავარ ფოტოზე: პროტესტი თბილისში, 2026 წლის თებერვალი. ფოტო: ნეტგაზეთი

ევროპის ლიდერები სომხეთში, რა იცვლება საქართველოსთვის? – ინტერვიუ დიპლომატთან

„პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი სამხრეთ კავკასიაში… აბსოლუტურად ახალი თანამშრომლობის და ურთიერთქმედების პოტენციალი გაიხსნა სამხრეთ კავკასიაში. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საცეცები რეგიონში შეიკვეცება და მისი გავლენები შემცირდება უფრო მეტად. ეს პრაქტიკულად უკვე შეუქცევად ხასიათს მიიღებს,“ – ამბობს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელსაც სომხეთის სამიტზე ვესაუბრეთ.

ვალერი ჩეჩელაშვილს ვკითხეთ ირაკლი კობახიძის გზავნილზეც: რას ცდილობს ამჯერად ბიძინა ივანიშვილი?

„ერთადერთი არგუმენტი, რაც რჩება დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობას, არის გეოგრაფია. ვერავინ უარყოფს, რომ ეს არის ჩვენი სერიოზული აქტივი, რადგან ერთადერთი ქვეყანა ვართ სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე. ამ უპირატესობით და ამ არგუმენტის ექსპლუატაციით არის დაკავებული ბატონი ირაკლი კობახიძე – პრაქტიკულად სხვა არგუმენტები ხელიდან გამოეცალათ,“ – გვითხრა ირაკლი ჩეჩელაშვილმა.

„ბათუმელებმა“ დიპლომატ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ექსპერტი და საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში.

  • ბატონო ვალერი, დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე ერევანში სიტყვით გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა აღნიშნა: „8 წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა. ეს ქვეყანა რუსეთის სატელიტად განიხილებოდა“. რა არის ევროპელი ლიდერების მთავარი გზავნილი ერევნიდან? 

მთავარი გზავნილია ის, რომ მათ სჯერათ სომხეთის და სომხეთის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის, ძალიან სერიოზულად აფასებენ იმ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც სომხეთი უფრო და უფრო შორდება რუსეთს და უახლოვდება ევროკავშირს; მიაჩნიათ ეს ძალიან სერიოზულად და მდგრად პოლიტიკად. მათ სჯერათ ამისი. ამის დადასტურებაა ის მაღალი დონე, რომელიც დელეგაციებმა აჩვენეს დღეს ერევანში და ამის კიდევ ერთი დადასტურება იქნება უმაღლეს დონეზე ჩატარებული ევროკავშირ-სომხეთის სამიტი ამ ღონისძიების ფარგლებში.

  • „აბა ომი გინდათ?“ – „ოცნების“ ამ მთავარი პროპაგანდისტული გზავნილის აბსურდულობას აჩვენებს თუ არა ფაშინიანის პოლიტიკა? გიუმრიში ისევაა რუსული სამხედრო ბაზა, ამ დროს ფაშინიანი დგამს თამამ ნაბიჯებს ევროკავშირისკენ… 

რა თქმა უნდა. ფაშინიანის შემთხვევა ცხადი დადასტურებაა იმის, რომ შეიძლება კომპეტენტური საგარეო პოლიტიკის წარმოება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს სომხეთი გაცილებით უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე საქართველო, თუნდაც იმით, რომ არის კუხო-ს და ევრაზიული კავშირის მონაწილე.

სომხეთი ეკონომიკურადაც გაცილებით უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე – საქართველო. ამის მიუხედავად, კარგად გააზრებული, ჩამოყალიბებული და შეწონილი პოლიტიკით სომხეთი აღწევს იმას, რომ პირდაპირ ეუბნება ფაშინიანი პუტინს კრემლში, რომ სომეხი ხალხის გადასაწყვეტი იქნება, როდესაც ეს დრო დადგება, თუ რომელ კავშირთან უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა სომხეთმა – ევრაზიულ კავშირთან, თუ ევროპულ კავშირთან.

უბრალოდ, ვტკბებოდი ფაშინიანის დიალოგით პუტინთან კრემლში, იცით რატომ? – ამას უნდა ძალიან სერიოზული გამბედაობა. საერთოდ, ვინც არის ნამყოფი კრემლში და ვინც დალაპარაკებია კრემლში რუსებს, მან ძალიან კარგად იცის, რომ სერიოზული წნეხია ეს ყოველივე.

ვალერი ჩეჩელაშვილი
  • ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ფაშინიანის პერსონალური გამბედაობა? 

დიახ, ფაშინიანის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ეტყობა ყველაფერში, მათ შორის, პოლიტიკურ გამბედაობაში, რომ ადამიანს კარგად აქვს გააზრებული, რას აკეთებს.

როდესაც ვამბობდი, რომ ლაპარაკი რუსებთან რთულია კრემლში მით უმეტეს, მინდა გაგახსენოთ კაია კალასის წინამორბედის, ბატონი ჟოზეფ ბორელის შეხვედრა ლავროვთან – პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა ეს გამოცდილი ევროპელი დიპლომატი ლავროვმა. ენა ჩაყლაპა ბატონმა ბორელმა და უკან სიტყვა ვერ დაუბრუნა.

რა დავინახეთ ჩვენ ფაშინიანის შემთხვევაში? – დავინახეთ საკუთარ თავში დარწმუნებული პოლიტიკოსი. ვფიქრობ, ეს რწმენა იმაზეც არის დამყარებული, რომ ის გრძნობს საკუთარი კურსის მიმართ სომხური საზოგადოების მხარდაჭერას. საბოლოო ჯამში, სომხეთმა აირჩია მშვიდობა და თანამშრომლობა მეზობლებთან და იგემა უსაფრთხოების ახალი ხარისხი, კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები, რომელიც ევროპასთან არის დაკავშირებული.

ამ რამდენიმედღიანი სამიტის შემდგომ სრულად ვარ დარწმუნებული, რომ 7 ივნისს ფაშინიანი და მისი პოლიტიკური ძალა უპირობოდ გაიმარჯვებს არჩევნებში. ეს იქნება ძალიან კარგი სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის, სრულიად სამხრეთ კავკასიისთვის, ისევე, როგორც ევროკავშირის თანამშრომლობისთვის ჩვენს რეგიონთან.

ფაშინიანმა მოახერხა ლიმიტირება ჰიბრიდული საფრთხეების, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან და გენერირდება რუსეთში. მან მოახერხა ამ ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება ევროპელების მხარდაჭერით – სპეციალური მისია იმუშავებს სომხეთში, რათა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამ ვითარებას ფაშინიანის მთავრობა ძალიან კარგად ფლობს, რაც, მათ შორის, გამოიხატა იმ ტონალობაში, რომელიც ჩვენ კრემლში ვიხილეთ ფაშინიანი-პუტინის საუბრის დროს.

  • ირაკლი კობახიძეც ესწრება დღევანდელ სამიტს ერევანში, მან განაცხადა, რომ საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და სამიტის ფარგლებში ამ საკითხებზე იქნება საუბარი. ის ასევე შეხვდა ზელენსკის. რის მიღწევას ცდილობს ამჯერად ივანიშვილი?

ჩვენი საგარეო პოლიტიკა მაინცადამაინც ვერ დაიკვეხნის წარმატებებით, რადგანაც ნებისმიერი საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის ის, რომ  გაამრავლო შენი კეთილმოსურნეების და პარტნიორების, შენი მოკავშირეების რიცხვი და შეამცირო შენდამი ოპოზიციურად და ოპონენტურად განწყობილი სახელმწიფოების რიცხვი.

ჩვენ დავკარგეთ ორი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი: ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ნატო. სამწუხაროდ, ქვეყნები, რომლებიც ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ საქართველოს მიმართ, ისინიც გადავიმტერეთ. გაიხსენეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება რუსთაველზე. თანაც, უნდა ვიქონიოთ მხედველობაში ალექსანდრე სტუბის, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფიგურა, რომელიც ძალიან ავტორიტეტული ლიდერია როგორც ევროპაში, ასევე გამორჩეული ურთიერთობები აქვს ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან.

აი, ეს იყო, მე ვფიქრობ, აპოთეოზი ამ არაკომპეტენტურობის, რომელმაც ძალიან სერიოზულად ავნო საქართველოს ინტერესებს.

აი, ამ ყველაფრის ფონზე, ერთადერთი არგუმენტი, რაც რჩება დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობას, არის გეოგრაფია. ვერავინ უარყოფს, რომ ეს არის ჩვენი სერიოზული აქტივი – ერთადერთი ქვეყანა ვართ სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე. ამ უპირატესობით და ამ არგუმენტის ექსპლუატაციით არის დაკავებული ბატონი ირაკლი კობახიძე. პრაქტიკულად სხვა არგუმენტები ხელიდან გამოეცალათ.

  • რამდენად შეიძლება წონადი გახდეს ეს არგუმენტი, როცა „ოცნებამ“ მოიჭრა გზა ევროკავშირისკენ და დღემდე აქტიურადაა დაკავებული ანტიდასავლური რიტორიკით? 

რიტორიკის შეცვლა კარგი იქნებოდა არამხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ საქართველოსთვის.

გეოგრაფიული ფაქტორი ყოველთვის დარჩება ფაქტორად და მის გამოყენებას ყოველთვის შეეცდება „ქართული ოცნება“, რაც სრულიად გასაგებია და ამას ევროკავშირიც ანგარიშს გაუწევს: ევროკავშირი არის დაინტერესებული სატრანსპორტო, საკომუნიკაციო ხაზების განვითარებით სამხრეთ კავკასიის პოტენციალის გამოყენებით.

კონკრეტული პროექტებია, რომლებიც საქართველოზე გადის – გინდა არ გინდა, ეს არის სამხრეთის გაზის დერეფანი, ეს არის ელექტროკაბელის პროგრამა და ასე შემდეგ. ამ პროექტების განხორციელება გაგრძელდება, მაგრამ ის დიდი სიკეთეები, რაც ჩვენ შეიძლება მიგვეღო ევროკავშირისგან – ბოლომდე ამ სიკეთეებს ჩვენ ვერ ვეზიარებით, თუ, რა თქმა უნდა, ევროპასთან არ დავუბრუნდებით სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების ხარისხს.

რაღაც სარგებელს გეოგრაფიული ფაქტორი ნებისმიერ შემთხვევაში მოიტანს ჩვენთვის, მაგალითად, რაც უფრო მეტი გაზი გაივლის ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიაზე, მით უფრო მეტ სარგებელს ვნახავთ. რაც უფრო მეტი ელექტროენერგია მიეწოდება ჩვენი გავლით და, მათ შორის, ჩვენთან გამომუშავებული ელექტროენერგია ევროკავშირის ბაზარს, უფრო მეტი სარგებელი ექნება საქართველოს.

ეს არის კონკრეტული პროექტებიდან მიღებული სარგებელი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გენერაციაში ვერ გადაიზრდება ეს ყოველივე, რადგან ურთიერთობები ევროკავშირთან გვაქვს ძალიან დაბალ ნიშნულზე.

  • რომ შეცვალოს „ოცნებამ“ რიტორიკა და პოლიტიკაც, შესაძლებელია, დავიბრუნოთ სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი „ოცნების“ პირობებში?

ეს საკითხი ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული ევროპელების მხრიდან – 12 და შემდგომ 9 პუნქტამდე დაყენებულ მოთხოვნათა სიაში. ზოგადად რომ ვთქვათ, ეს არის სამი მაგიური სიტყვა: პატიმრები, არჩევნები, კანონები!

ამას შეიძლება დავუმატოთ ის, რაზეც ევროპელები ძალიან ღიზიანდებიან – ანტიევროპული რიტორიკა. ისე შორს წავიდა, მაგალითად, ბატონი შალვა პაპუაშვილი, რომ პირდაპირ ამბობს, იგივე საბჭოთა კავშირია ჩამოყალიბებული ბრიუსელში და ადრე ჭკუას გვასწავლიდნენ რუსულ ენაზე და ახლა გვასწავლიან ინგლისურზეო.

ვინც იცის რეალურად რა იყო საბჭოთა კავშირი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მსგავსი შედარებები. მერიდება კიდევაც ამ შედარებების მოყვანა: შეიძლება, საათობით და რამდენიმე დღე ილაპარაკო რა განსხვავებაა საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს შორის.

ევროკავშირი არის 27 ქვეყნის დემოკრატიული კავშირი, სადაც ნებისმიერ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გადაწყვეტილებების დაბლოკვის, ანუ ვეტოს უფლება. ამას ვადევნებდით ჩვენ თვალს ორბანის მთავრობის პირობებში, ხოლო პოლიტბიურო, რომელიც მართავდა საბჭოთა კავშირს, კომუნისტურ პარტიას და 15 კაცი 15 რესპუბლიკას წარმოადგენდა, რას წყვეტდნენ? – რასაც წყვეტდნენ ზევით, დანარჩენები უბრალოდ ასრულებდნენ გადასახლებების თუ დახვრეტების ჩათვლით. როგორ შეიძლება ამ ორი კავშირის ერთმანეთთან შედარება?

ამ ყველაფერს ევროკავშირის ქვეყნები როცა ისმენენ, რა თქმა უნდა, ეკარგებათ ყოველგვარი სურვილი, თანამშრომლობა განავითარონ საქართველოსთან.

ეს რიტორიკა თუ შეიცვლება და, მაგალითად, შესრულდება საბაზისო მოთხოვნები, რაც კარგად აქვს ევროკავშირს ჩამოყალიბებული: არჩევნები, პატიმრები, კანონები, სრულიად შესაძლებელია, რომ დავუბრუნდეთ პარტნიორობას. ამას გვეუბნება ყოველ ფეხის ნაბიჯზე კაია კალასი თუ ელჩი ჰერჩინსკი.

აი, რამდენად შეძლებენ ამას და საერთოდ, ფიქრობენ თუ არა ამაზე, პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს.

  • დღეს როგორც კი შეხვდა ირაკლი კობახიძე ვოლოდიმირ ზელენსკის, შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები „ოცნებამ“ მაშინვე გამოაქვეყნა. ეს ამბავი რაზე მიანიშნებს? 

ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი. სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი, მაგრამ შორს მიმავალ დასკვნებს ჯერ ნუ გავაკეთებთ. ეს კარგი ნაბიჯია, სწორი მიმართულებით გადადგმული, მაგრამ რა მოჰყვება ამას, ეს კიდევ სანახავია.

  • რა შანსი რჩება რუსეთს სამხრეთ კავკასიაში? თქვენ აღნიშნეთ, რომ სომხეთში არჩევნებს დიდი ალბათობით ფაშინიანი მოიგებს… 

პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობას აუცილებლად მიიღებს ნიკოლ ფაშინიანი, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მიიღოს.

ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი სამხრეთ კავკასიაში: მთავრობათაშორისი ურთიერთობების თაობაზე შეთანხმებების ხელმოწერა უმაღლეს დონეზე, მისი რატიფიცირება, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, როგორც ბაქოსთან, ასევე ანკარასთან ერევნის მხრიდან, აბსოლუტურად ახალი თანამშრომლობის და ურთიერთქმედების პოტენციალის გახსნა მთლიანად სამხრეთ კავკასიაში.

ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საცეცები რეგიონში შეიკვეცება და მისი გავლენები შემცირდება უფრო მეტად. ეს უკვე შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

  • მხოლოდ საქართველოზე გავლენის შენარჩუნება ვეღარ უშველის პუტინს სამხრეთ კავკასიაში? 

თუ ერთიანი რეგიონი ჩამოყალიბდება, როგორც სერიოზული სუბიექტი საერთაშორისო ურთიერთობებში და ამისთვის არის საჭირო სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის დაუყოვნებლივ და დინამიკური ჩამოყალიბება, განვითარება, გამყარება, რა თქმა უნდა, ამ სამმხრივი თანამშრომლობის შედეგად სამხრეთ კავკასია გახდება საერთაშორისო ურთიერთობებში სერიოზული სუბიექტი.

შესაბამისად, იძულებული იქნება ყველა, მას გაუწიოს მეტი ანგარიში, როგორც ჩვენმა კეთილმოსურნემ, ასევე ჩვენმა ოპონენტმა.

ამიტომაც რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ სომხეთში ფაშინიანმა ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ ამის რესურსი მე მგონი უკვე ნაკლებად დარჩა. აი, ეს დაადასტურა, სხვათა შორის, ფაშინიანის საუბარმა კრემლში, რომელსაც დიდი ხალისით ვადევნებდი თვალყურს და დიდი სიამოვნება მივიღე ფაშინიანის და პუტინის დიალოგით.

  • როგორი გეოპოლიტიკური მოთამაშე ხდება ევროკავშირი? სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა სამ პრიორიტეტზე: ენერგეტიკის დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი თავდაცვა, დაკავშირებადობა. 

ევროპას სხვა გზა არ აქვს – ის იძულებულია, გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე და ამას ძალიან შეუწყო ხელი, სხვათა შორის, ტრამპის მიდგომებმა. ვფიქრობ, ეს დასაფასებელია: კარგი იყო სინამდვილეში ის, რომ შეაჯანჯღარა ევროპა ტრამპმა და ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ დიახაც, უნდა დაიკავონ კუთვნილი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში – უფრო სერიოზული და ძლიერი.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპა არის გლობალური მოთამაშე. ევროკავშირის ეკონომიკა აღემატება 20 ტრილიონ დოლარს და არის მეორე ეკონომიკა მსოფლიოში, იგი ჩინეთის ეკონომიკაზე უფრო მაღალია მაჩვენებლით. ამას უნდა დავუმატოთ ევროპული ქვეყნების, მაგრამ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ეკონომიკის მოცულობა – 4 ტრილიონი დოლარი – დიდი ბრიტანეთი, 1 ტრილიონი დოლარი – შვეიცარია და 1.5 ტრილიონი – ნორვეგია. ისინი  ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ნაწილი არიან.

ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ევროკავშირი გახდეს გაცილებით უფრო ძლიერი და თავდაჯერებული საკუთარი პოლიტიკის წარმოებისას, მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში. ამას ევროპელები ახერხებენ. რთულია ის, რომ ესაა დემოკრატიული კავშირი, სადაც 27 ქვეყნიდან ნებისმიერი ქვეყნის ხმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა – ესტონეთს თუ დიდ გერმანიას. ბუნებრივია, ეს მოითხოვს სერიოზულ ძალისხმევას კონსენსუსის გამოძებნისთვის. როდესაც ამას ევროპა ახერხებს, ის ხდება გაცილებით უფრო ძლიერი და ჩვენ ამის მოწმენი ვართ.

ამ ბარბაროსული ომის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება ევროპაში, სრულიად გათავისუფლდა ევროკავშირი რუსეთის გაზის დამოკიდებულებაზე. დღეს აზერბაიჯანი აწვდის იმავე ოდენობის გაზს ევროკავშირს, როგორც რუსეთის ფედერაცია. ფანტასტიკური ვითარება ჩამოყალიბდა. ნავთობზეც აღარ არის დამოკიდებული ევროკავშირი რუსეთზე.

დამოუკიდებლობის ხარისხი ამ კრიზისის შედეგად გაძლიერდა, რაც უფრო მეტ რესურსს და თავდაჯერებულობას აძლევს ევროკავშირს საიმისოდ, რომ ის ნამდვილად გახდეს ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური მოთამაშე, გააძლიეროს საკუთარი როლი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში.

  • სამხრეთ კავკასიაში ტრამპისა და ევროკავშირის გააქტიურება, ასევე რუსეთის დასუსტების გათვალისწინებით, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ამ ტენდენციის ნაწილი მაინც გავხდებით გეოგრაფიის წყალობით, თუ ისევ გვაქვს სერიოზული საფრთხე – გავხდეთ რუსეთის გავლენის მქონე ჩიხი? 

გეოგრაფია ყოველთვის იქნება ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ ეს არაა საკმარისი პირობაა საიმისოდ, რომ მივაღწიოთ უსაფრთხოების გარანტიებს, კეთილდღეობასა და განვითარების პერსპექტივებს.

ამ რესურსის გამოყენება შესაძლებელია ეფექტურად მხოლოდ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის დაბრუნებით. ამის გარეშე გეოგრაფია იქნება, რა თქმა უნდა, რაღაც სიკეთის მომტანი, მაგრამ ძირეულად ვერ შექმნის ჩვენი უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტიებს.

ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური და საგარეო ეკონომიკური პრიორიტეტების განხორციელება გაცილებით რთული იქნება.

„მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხს კვლავ ვაყენებთ“ – დიდი ბრიტანეთის და 15 ევროპული ქვეყნის მოსაზრება

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელსაც, ასევე, 14 ევროპული ქვეყანა უჭერს მხარს.

მოსაზრება ეხმიანება მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება და მზია ამაღლობელის საქმეს. მოსაზრებაში ნათქვამია, რომ „მედიის თავისუფლების კოალიცია“ კვლავ აყენებს მისი გათავისუფლების საკითხს.

„მზია ამაღლობელის საქმე მკაფიოდ ასახავს იმას, თუ რა დგას სასწორზე. მისი დაკავება, მოპყრობა და დაპატიმრება 2025 წლის პროტესტების შემდეგ საერთაშორისო დონეზე დაგმობილ იქნა, როგორც უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ კვლავ ვაყენებთ მისი განთავისუფლების საკითხს. მზია ამაღლობელის მსგავსი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზანი არის მთლიანად ამ პროფესიის მქონე ადამიანების დაშინების მცდელობა“ – ნათქვამია განცხადებაში. 

მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში „შემაშფოთებელი ტენდენციებია“ მედიის თავისუფლების მხრივ:

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მონაცემებით, პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს ადგილი მკვეთრად გაუარესდა. საქართველო 2022 წელს 77-ე ადგილს, ხოლო 2026 წელს 135-ე ადგილს იკავებს, რაც სერიოზული უკუსვლაა. RSF საქართველოს მედიაგარემოს „რთულად“ აფასებს და მიუთითებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევაზე, ჟურნალისტებზე ძალადობასა და კანონებზე, რაც ავიწროებს თავისუფალი გამოხატვის სივრცეს. დოკუმენტირებულია სულ მცირე 50 ჟურნალისტი, რომლებიც დემონსტრაციების დროს დაშავდნენ, სცემეს, დააკავეს ან ხელი შეეშალათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ეს თავდასხმები მიუღებელია.

ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად გამოძიების, გაშუქებისა და ხელისუფლების მოქმედებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შესაძლებლობა, შიშის გარეშე.

ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში მომხსენებელი ხაზს უსვამს ძალადობის სისტემურ ხასიათს 2024–2025 წლებში თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების დროს, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მის ბოლო ანგარიშში, 2024–2025 წლებში გამართული პროტესტების დროს მომიტინგეებსა და ჟურნალისტების მიმართ უკანონო დაკავებებსა და გადამეტებული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე საუბრობს. ასევე, ანგარიშში შევიდა ჩანაწერი კანონმდებლობაზე, რომელიც აზრის გამოხატვას, მშვიდობიან შეკრებასა და გაერთიანების უფლებებს ზღუდავს.

გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საყოველთაო ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-19 მუხლით არის დაცული და მოიცავს თავისუფლად ფიქრის, ლაპარაკის, მოსმენისა და წერის უფლებას. ეს თავისუფლებები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს. მათ გარეშე მოქალაქეებს არ შეუძლიათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი ხელისუფლებისგან ანგარიშვალდებულების მოთხოვნა ან საკუთარი ქვეყნის მომავალზე ღია და უსაფრთხო დისკუსიის წარმართვა“ – ვკითხულობთ მოსაზრებაში.

ასევე, მოსაზრებაში ვკითხულობთ, რომ „მედიის თავისუფლების კოალიცია“ (Media Freedom Coalition – MFC), დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის თანათავმჯდომარეობით და ექვსი კონტინენტის 51 ქვეყნის გაერთიანებით, მედიის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის მუშაობს და მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი სახელმწიფოები მჭიდროდ თანამშრომლობენ ჟურნალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, იურისტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, გაიზარდოს ანგარიშვალდებულება ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და უზრუნველყოფილ იქნას კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედება.

„ეს საკითხი, დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მედიის თავისუფლების წინაშე არსებული საფრთხეები არ შემოიფარგლება მხოლოდ ცენზურით.

ჰიბრიდული საფრთხეების ეპოქაში ინფორმაცია თავად იქცა საბრძოლო იარაღად.

დეზინფორმაციული კამპანიები ხშირად მიზანმიმართულად იყენებენ ღია საზოგადოებებს, თავისუფალი მედიის ენას და იერსახეს იმ მიზნით, რომ შეიტანონ დაბნეულობა, დაპირისპირება და დაამახინჯონ დემოკრატიული დებატები. ამგვარ ქმედებებზე პასუხი არ არის თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი; ეს მისი დაცვის აუცილებელი საშუალებაა. გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტების დაცვით ჩვენ უზრუნველვყოფთ, პრესის თავისუფლებას დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მის წინააღმდეგ გამოსაყენებელ იარაღად.

მედია და ციფრული წიგნიერების გზით საზოგადოებრივი მედეგობის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ფინეთი, რომელიც 2017 წლიდან მედია წიგნიერების ინდექსში პირველ ადგილს იკავებს, ნათლად აჩვენებს, რომ მედია წიგნიერებისადმი მრავალმხრივი და განგრძობადი მიდგომა მოქალაქეებს რთულ საინფორმაციო გარემოში თავდაჯერებულად ორიენტირების საშუალებას აძლევს. დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა არ გულისხმობს აზრის კონტროლს ან კრიტიკის შეზღუდვას; ის ემსახურება საჯარო საინფორმაციო ველის მთლიანობის დაცვას. ამ განსხვავების გაუცნობიერებლობით, მიზანმიმართული სიცრუე და ფარული გავლენა შეიძლება ჟურნალისტიკის სახელით შეინიღბოს, რაც ასუსტებს მთლიანად მედიის მიმართ ნდობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ინტერესის სამსახურში მდგომ ნამდვილ ჟურნალისტიკას.

მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებას, დავიცვათ ყველგან ჟურნალისტების უსაფრთხოება“ – წერია განცხადებაში.

მოსაზრების ავტორები არიან დიდი ბრიტანეთი და ფინეთი, როგორც მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარეები, ხოლო მოსაზრებას მხარს უჭერენ „მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი შემდეგი სახელმწიფოები: ავსტრია, ბელგია, დანია, ესტონეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი.

რატომ იღუპებიან დელფნები შავ ზღვაში – სპეციალისტის განმარტება

„ბოლო პერიოდში დელფინების დაღუპვის მიზეზებში დაგვემატა მეხუთე ფაქტორი.

…თევზჭერა იყო, დაბინძურება, ვირუსული დაავადებები და ნავიგაცია იყო – ეს ოთხი არის მსოფლიოში აღიარებული ფაქტორი შავ ზღვაში, რაც ზღვაში ძუძუმწოვრების დაღუპვას იწვევს. დაგვემატა მეხუთე – ეს არის ომი – საომარი მოქმედებები, რაც მიმდინარეობს შავ ზღვაში აქტიურად, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში. იქ მუშაობენ ზედაპირული და წყალქვეშა დრონები, გემების ჩაძირვები ხდება, მთელი სისტემაა, მოგეხსენებათ, იქ რა პროცესები მიმდინარეობს“ – იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე სანაპიროზე დელფინების გამორიყვის შემთხვევების გაზრდის შესახებ წერს ფეისბუქზე.

სპეციალისტის ინფორმაციით, პირველი მარტიდან პირველ მაისამდე პერიოდში, მხოლოდ სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე, ზღვამ 40-მდე დელფინი გამორიყა და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათი წლის განმავლობაში.

არჩილ გუჩმანიძე შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის მონიტორინგს წლებია აწარმოებს და მას ანალიზისთვის 17 წლის მონაცემები აქვს შეგროვებული.

„მონიტორინგს ვახორციელებდით მონაკოს პრინცის დაფინანსებით. ახლა ეს გრანტი აღარ გვაქვს, მოგეხსენებათ რატომაც“ – ამბობს სპეციალისტი. 

მისი განმარტებით, დელფინების გამორიყვის სტატისტიკის ასეთი ზრდა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და შესწავლა სჭირდება.

„ტენდენცია, რომ [გაზაფხულის] პირველ ორ თვეში გამოერიყა 40-მდე ინდივიდი, ფაქტობრივად არ გვქონია. გამორიყვა იწყება თებერვლის ბოლოდან და გრძელდება სექტემბრის ბოლომდე, შემდეგ მცირდება. ჩვენი მონიტორინგის განმავლობაში, თითქმის 17 წელია, არ გვქონია ასეთი მონაცემები და ეს ძალიან საგულისხმოა. როცა ეს მონაცემები შევადარე და გავაანალიზე, ვიფიქრე, რომ აქ რაღაც ვერ არის კარგად.

დელფინების გამორიყვას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

პირველი – ეს არის დაავადებები. დელფინებს აქვთ ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი დაავადებები და სხვადასხვა პათოლოგია. ამ დაავადებების შედეგად იღუპებიან ან ხდება მათი მოძრაობის უნარის შეზღუდვა;

მეორე მიზეზი არის წყლის დაბინძურება – ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია;

მესამე მიზეზი კი თევზჭერაა – სათევზაო ბადეებში ხვდება დელფინი, განსაკუთრებით კამბალას ბადეებს როცა დგამენ ზღვაში, შედის ამ ბადეში, რომ თევზი ამოიღოს, შემდგომ ვერ ახერხებს ზევით ამოსვლას და 20-30 წუთი, მაქსიმუმ ნახევარი საათი, თუ ვერ ამოისუნთქა, იღუპება;

შემდეგია ნავიგაციური ტრავმა გემების გადაადგილების შედეგად, განსაკუთრებით სწრაფმავალ კატერებზეა საუბარი, შეიძლება მოხდეს დელფინების ტრავმირება და დაღუპვა“ – ამბობს სპეციალისტი. 

არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას ყურადღებას ამახვილებს მეოთხე ფაქტორზე, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს ბოლო წლებში დაემატა – ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი:

„მეხუთე მიზეზს თქვენ ვერცერთ სახელმძღვანელოში ვერ ნახავთ, ამ მიზეზს მე ვასახელებ, იმიტომ, რომ ის ნამდვილად არის და ამას მტკიცებულება არ სჭირდება. იქ [შავ ზღვაში, ომის არეალში] ხდება ხელსაწყოებით ბგერების ჩახშობა, მათ შორის წყალში არსებული ბგერების, რომ წყლის დრონები გაანეიტრალონ. აფეთქებები მიდის… მოგეხსენებათ, რომ წყალში ხმა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჰაერში. ეს აფრთხობს დელფინებს, ახდენს მათ დეზორიენტაციას და ისინი ირიყებიან ნაპირზე“. 

სპეციალისტი აცხადებს, რომ აუცილებელია შესწავლა, თუ რომელმა ფაქტორმა განაპირობა ამ შემთხვევაში სტატისტიკის ზრდა:

„ახლა მთავარი კითხვაა, გამორიყულ დელფინებზე უმეტესად რომელმა ფაქტორმა იმოქმედა, ამას სჭირდება დეტალური კვლევა. ფაქტია, ცუდი რაღაც ხდება ჩვენს თავს.

საჭიროა ლაბორატორიული კვლევები, გამორიყული დელფინების გაკვეთა, მათი პათანატომიური კვლევა, წყლის ხარისხობრივი ანალიზები, საჭიროა კომპლექსური კვლევები. 

გამორიყულ დელფინს ხელსაც კი არ კიდებს არავინ. მაგალითად, ურეკავთ შესაბამის სამსახურს და ხუთჯერ, ექვსჯერ დარეკვა დაგჭირდებათ. იქ მეცნიერი არ მიდის, რომ პათანატომიური კვლევა მოხდეს გამორიყული დელფინების, სპეციალური ქსოვილების აღება, ბიოფსია – უნდა დადგინდეს ბაქტერიული დაავადებაა, ვირუსულია, სოკოვანია, პათოლოგიაა, დაბინძურების ფაქტორია რა არის მიზეზი?!

არანაირი კვლევა არ ხდება, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს უცნობია, საზოგადოებისთვისაც არის უცნობი. კომენტარიც არ კეთდება, სრული დუმილია. ხდება ის, რომ „ყველაფერი არის ბრწყინვალედ, ყველაფერი არის არაჩვეულებრივად, რომ ზღვის ხარისხობრივი მონაცემები ნორმის ფარგლებშია, ყველაფერი გვაქვს იდეალურად“.

ვხუმრობ ხოლმე, იაზონი რომ მოადგა „არგოთი“კოლხეთს, მაშინ ზღვა უფრო ბინძური იყო, ვიდრე ახლა – პირდაპირ ასე წერენ, ისტორიაში არ ყოფილა ასეთი მონაცემებიო. ეს უკვე უკვე ხუმრობის თემაც აღარ არის, მაგრამ ესაა რეაქცია შესაბამისი სამსახურების. ეს ძალიან სამწუხარო. თავს ვისულელებთ, თითქოს არაფერი არ ხდება, თითქოს ყველაფერი არის კარგად, მაგრამ ფაქტი არის ფაქტი.

მთელი ფეისბუქი არის აჭრელებული, იმდენ ფოტოს მიგზავნიან, რომ… მე მაქვს სპეციალური ქსელი, ცხელი ნომერი, მირეკავენ, შემოდის უამრავი ნომერი, მოდის ფოტოები, მოდის ვიდეო მასალა, პირდაპირ ეთერში გადაღებული… მთელ ზღვისპირეთში, ანაკლიიდან დაწყებული სარფის ჩათვლით, ყველგან, მათ შორის ბათუმშიც იყო [გამორიყვის შემთხვევა]… რეაქცია – ნული“.

„ბათუმელები“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.

უწყების ინფორმაციით, დელფინების გამორიყვის შემთხვევების ზრდაზე გავრცელების შესახებ სპეციალისტები სანაპიროზე გავიდნენ და გარემო შეისწავლეს, თუმცა საბოლოო ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. ამ ეტაპზე უცნობია, დაიწყება თუ არა კვლევა დელფინების გამორიყვის შემთხვევების მიზეზების შესასწავლად: „ეს სპეციალისტების გადასაწყვეტია, როგორც კი გვექნება შესაბამისი ინფორმაცია, მოგაწვდით“ – გვითხრეს სააგენტოში.

არჩილ გუჩმანიძემ ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზეც, რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის დადგინდეს, რა იწვევს დელფინების სიკვდილს და რა კავშირი აქვს ამ საკითხს უსაფრთხოებასთან:

„ზღვას აქვს პრობლემა, გესმით?! მოქალაქეების შეტყობინებებს კი არ უნდა ველოდებოდეთ, ამ პრობლემაზე უნდა ვიმუშაოთ.

ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეს. დღესაც მივიღე შეტყობინებები და ეს გაგრძელდება კიდევ. გამოვაქვეყნებ საინტერესო ვიდეოს და ფოტომასალას, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია – სულ ეს არის.

პათანატომიური კვლევები ძალიან ძვირადღირებულია, ამის დაფინანსება ჩვენ არ გვაქვს და არც ტექნიკური შესაძლებლობები. ეს არის სახელმწიფოს ბიოლოგიური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, იმიტომ, რომ დელფინი თბილსისხლიანია. დელფინებს და ჩვენ გვაქვს საერთო დაავადებები და ეს არის ჩვენი საზოგადოების ბიოუსაფრთხოების სისტემის ნაწილი.

ასე არ უნდა ვისხდეთ გულხელდაკრეფილები, იმიტომ, რომ ზღვაში რაღაც ხდება, მასიურად ირიყებიან დელფინები და არის რისკი. 85-90% ჩვენი დაავადებებისა არის ერთი და იგივე. იქ არის კონტაქტი ადამიანების, კონტაქტია შინაური ცხოველების, ფრინველების, გამორიყულ დელფინებს კორტნიან ფრინველები – ვიდეო მაქვს გადაღებული არაერთი, ძაღლები იტაცებენ იმ ძვლებს და დაათრევენ და ასე შემდეგ. როგორ რეაგირებს ამაზე სახელმწიფო?!“

არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, ან თემაზე შეტყობინებები სახელმწიფო უწყებებშიც შედის:

„პირდაპირ გეუბნებით, ვინც ჩვენ გვირეკავს, ისინი მერე უკავშირდებიან იმათაც. სანაპიროს დაცვაშია შესული ოფიციალური შეტყობინებები. ნახონ, ამოიღონ მათი ცხელი ხაზიდან“ – ამბობს სპეციალისტი.

„განხილვა გადავდოთ 2 თვით“ – ვოლსკი ადამიანის უფლებების შესახებ ომბუდსმენის ანგარიშზე

დღეს 4 მაისს, საქართველოს პარლამენტში, სახალხო დამცველის ანგარიში შევიდა, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

ბიუროს სხდომაზე, „ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საკითხის გადადების შესახებ დააყენა მოთხოვნა, რასაც ბიუროს სხდომაში მონაწილე სხვა პირებმაც მხარი დაუჭირეს.

„განხილვის ვადა გადავდოთ 2 თვით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სახალხო დამცველის ანგარიში მოიცავს 2025 წლის პერიოდს, სადაც ასევე საუბარია 2024 წელს საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევაზე. „წინა საანგარიშო პერიოდის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ 2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევის კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო.

2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი დევნა, დღემდე არცერთი სამართალდამცავის მიმართ არ დაწყებულა. დევნა არ დაწყებულა იმ ორ ეპიზოდზეც კი, სადაც მოძალადე პოლიციელებს სახეები დაფარული არ ჰქონდათ“, – წერს ომბუდსმენი.

ამავე ანგარიშში წერია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონახულებული ჰყავთ აქციებზე დაკავებული ჯამში 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 194 პირს. „მონახულებულ დაკავებულთაგან 49 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო“.

სახალხო დამცველის ამავე ანგარიშში საუბარია ბავშვთა სიღარიბეზე, ხანდაზმულთა მიმართ ძალადობაზე, ფემიციდზე, შშმ პირთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობასა და სხვა გამოწვევებზე ჩვენს ქვეყანაში.

„რძის არალეგალურ საწარმოში გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა“ – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რძის პროდუქტების არალეგალური წარმოების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს, ამჯერად – ხობში.

კერძოდ, სააგენტომ არაგეგმურად შეამოწმა შპს „ფერმა ბოჩი“, რომელიც, სააგენტოსავე ცნობით, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მდებარეობს.

„ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რძის პროდუქტებს აწარმოებდა.

ობიექტზე გამოვლინდა ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე“ – წერს სააგენტო.

ბოლო ორი თვის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტო რძის პროდუქტების არალეგალური და ჰიგიენური ნორმების გარეშე წარმოების არა ერთ შემთხვევაზე წერს.

____________

ფოტო: სურსათის უვნებლობის სააგენტო

Exit mobile version