3 დღე გავიდა, რაც „ოცნების“ დეპუტატები – ლაშა ტალახაძე [ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი], არჩილ გორდულაძე, გენო პეტრიაშვილი [მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი], ირაკლი კირცხალია, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე ჯგუფურად თავს დაესხნენ მათსავე კოლეგას და სცემეს, მათ შორის მუშტები ურტყეს თავში.
ამ დრომდე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. არც ისაა ცნობილი, საერთოდ თუ აპირებს გამოძიებას. მაშინ, როცა მზია ამაღლობელი სილის გაწნის გამო იმავე ღამეს დააპატიმრეს [2025 წლის 12 იანვარი], შემდეგ კი ქვეყნის სამივე ინსტანციის სასამართლომ 2 წლით გაუშვა ციხეში.
„როდესაც უკვე დედის გინებაზე გადავა საქმე და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება ძალიან რთულია.
ქართველები ვართ ახლა, მართლაც, ის ხომ არ არის… ხომ არ გადავჯიშდით, არა?“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა, „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა თავისი კოლეგების გამართლებისთვის.
თუმცა, თენგიზ შარმანაშვილი არ შეწუხებულა „ქართველობის გადაჯიშებით“, როდესაც ახალგაზრდა კაცმა, პოლიციელმა ირაკლი დგებუაძემ, ზურგზეხელებგაკრულ 50 წლის ქალს, მზია ამაღლობელს დედაც აგინა და სხვა ყველაფერიც, სახეშიც შეაფურთხა და ფიზიკურ ძალადობასაც აპირებდა, მისთვის ხელი რომ არ შეეშალათ.
დეპუტატზე ჯგუფური თავდასხმის კადრებში კი, რომელიც 26 ივნისს პარლამენტიდან გავრცელდა, ჩანს შემდეგი:
პარლამენტში ჩხუბი „ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ გიგა ფარულავას შორის ჯერ სიტყვიერი შეკამათებით დაიწყო, შემდეგ ირაკლი ხელაძემ გაიწია ფარულავასკენ და პირიქით. ამ დროს გამოჩნდა ლაშა ტალახაძე და გიგა ფარულავას მუშტი ჩაარტყა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მუშტებს ურტყამდა გიგა ფარულავას, რომლის დარბაზიდან გაყვანას კოლეგები ცდილობდნენ. იმისთვის, რომ გიგა ფარულავას მისწვდომოდა, არჩილ გორდულაძე შემაღლებულ ადგილას, საპატრიარქო ლოჟაში შევიდა და იქიდან უშენდა მუშტებს.
მაშინ, როცა გორდულაძე შემაღლებული ადგილიდან ურტყამდა, დარბაზში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია გვერდიდან ურტყამდა გიგა ფარულავას.
„ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე გასასვლელი კეტავდა და შემდეგ ხელით უბიძგებდა დეპუტატებს.
როდესაც პარლამენტის მანდატურმა მოახერხა გიგა ფარულავას სხდომათა დარბაზის გასასვლელამდე მიყვანა, იქ მას „ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი და ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი დახვდნენ, რომლებმაც ასევე მუშტები ურტყეს გიგა ფარულავას.
„ბათუმელებმა“ კითხვით მიმართა საქართველოს პროკურატურას – დაიწყო თუ არა გამოძიება ადამიანის მიმართ ჯგუფური თავდასხმის ფაქტზე და თუ არ დაიწყო, რატომ?
პროკურატურამ კითხვებს არ უპასუხა.

ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, სულხან თამაზაშვილი და „ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები უყურებენ, როგორ სცემენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ჯგუფურად ოპოზიციონერ დეპუტატს. 26 ივნისი, 2026 წელი
„ოცნების“ მოძალადე დეპუტატები, რომლებიც მონაწილეობდნენ 26 ივნისის ჩხუბში, თითქმის ყველა მათგანს და ასევე მათივე მთავრობის წევრებს, რომლებიც ამ ძალადობას პარლამენტის უყურებდნენ, აქტიურად არწმუნებდნენ თავიანთ მომხრეებს, რომ მზია ამაღლობელი მოძალადეა, მან პოლიციელს სილა გააწნა, რომელსაც ყური და ლოყა გაუწითლდა, ამიტომ ის მკაცრად უნდა დაისაჯოს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.
დღეს, 29 ივნისს, ჩატარებულ ბრიფინგზე ეს მოთხოვნა ბერდია სიჭინავამ გააჟღერა.
„მიუხედავად ამისა, უკვე 3 დღეა გასული, რაც სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულებრივად სდუმან. გვინდა მათ შევახსენოთ, „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული, კერძოდ წინასწარ ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში, ამას ვერ უშველის, რაც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის გამო მოიხადეს და არა იმიტომ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს.
როდესაც ახალგაზრდები, ციხეში წლობით სხედან მტკიცებულებების გარეშე, გამოგონილი ბრალდებებით, მზია ამაღლობელს მხოლოდ სილის გაწვნისთვის 2 წელი მიესაჯა, 4 შვილის დედა ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის, ამ პირობებში ეს ჩვენთვის არამხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი, არამედ მორალური ვალდებულებაცაა, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, „ოცნების“ ძალადობის თითოეული მსხვერპლისთვის, რადგან არავინ იცის, ეს მოძალადეები მომავალში რა დანაშაულს დააორგანიზებენ, წააქეზებენ ან ჩაიდენენ“, – თქვა ბერდია სიჭინავამ.






