ექვს თვეში საქართველოში 19 431 ბავშვი დაიბადა და 21 944 ადამიანი გარდაიცვალა

2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევაა რეგისტრირებული. ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის იანვარი-ივნისის დემოგრაფიული მაჩვენებლები.

ამ პერიოდში აჭარაში 987 ქორწინება და 541 განქორწინებაა რეგისტრირებული.

2023 წლის წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 19 431 ახალშობილი დაიბადა, ხოლო 21 944 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში დაბადებასთან შედარებით გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი იყო 2022 წლის პირველ ექვს თვეშიც [20 195 – დაბადება და 26 681 -გარდაცვალება].

რაც შეეხება საქართველოში დაბადებისა და გარდაცვალების გასული, 2022 წლის მთლიან მაჩვენებლებს, სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:

  • 49 118 – გარდაცვალება
  • 42 319 – დაბადება 

გასული წლის მონაცემების თანახმად, რეგიონების მიხედვით, საქართველოში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და ქვემო ქართლში. ყველაზე დაბალი – რაჭა-ლეჩხუმში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში.

2022 წლის მონაცემების თანახმად, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იყო თბილისში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში.

 

 

მედვედევი ამჯერად გერმანულ ქარხნებზე თავდასხმაზე წერს და მესამე მსოფლიო ომით იმუქრება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, რომელიც ხშირად გამოირჩევა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით, დღეს, პირველ ოქტომბერს, ტელეგრამზე წერს, რომ ნატოს ქვეყნების ლიდერები რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებენ უკრაინის დახმარებით.

ამჯერად მედვედევის სამიზნე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შაპსი აღმოჩნდა, რომელსაც მედვედევმა „ახალგამომცხვარი კრეტინი“ უწოდა იმ განცხადების საპასუხოდ, რომ ბრიტანელმა ინსტრუქტორებმა, შესაძლოა, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება უკრაინაშივე დაიწყონ.

„ისინი განადგურებული იქნებიან და უკვე არა როგორც დაქირავებულები, არამედ როგორც ნატოს ბრიტანელი სპეციალისტები“ – წერს მედვედევი.

ამავე დროს, მედვედევი გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანის განცხადების საპასუხოდ, რომ „თუ დასავლეთი კიევს ნაკლებ იარაღს მიაწვდის, ეს შეაფერხებს მშვიდობის მიღწევას“, წერს:

„კიდევ ერთი სულელი – გერმანიის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი რთულად გამოსათქმელი გვარით – ითხოვს „ტავროსის“ რაკეტების დაუყოვნებლივ მიწოდებას უკრაინისთვის, რათა კიევის რეჟიმმა შეძლოს დარტყმა რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენი ჯარის შესასუსტებლად. ამბობს, რომ ეს საერთაშორისო კანონმდებლობას შეესაბამება. ამ შემთხვევაში, თავდასხმები გერმანულ ქარხნებზე, სადაც ეს რაკეტები მზადდება, სრულად შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას“ – წერს მედვედევი და დასძენს, რომ რუსეთს უბიძგებენ მესამე მსოფლიო ომისკენ.

უკრაინის დაზვერვა დრონებით დაესხა თავს სოჭში ვერტმფრენების სადგომს – მედია

დღეს, პირველ ოქტომბერს, დილას, აფეთქებების ხმა გაისმა რუსეთის ორ ქალაქში – სოჭსა და სმოლენსკში.

უკრაინული გამოცემის, „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, დღეს, დაახლოებით დილის 8:30 საათზე, სოჭში უკრაინული დრონები რუსული ვერტმფრენების სადგურს წარმატებით დაესხნენ თავს. გამოცემის წყაროების თანახმად, თავდასხმის უკან უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო დგას.

დაახლოებით ამავე დროს დრონები ასევე თავს დაესხნენ რუსეთის ქალაქ სმოლენსკს – რუსული მედიის თანახმად, სამიზნე იყო სმოლენსკის საავიაციო ქარხანა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ 5 უკრაინული დრონი გაანადგურეს, თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის დაცემის შემდეგ აფეთქებების ხმა ისმის და კვამლი ჩანს.

ამავე დროს, სმოლენსკის მერმა მოსახლეობას სთხოვა, არ დაეტოვებინათ შენობები და თავი შეეკავებინათ ქალაქგარეთ გასვლისგან.

 

ხულოში მწვანე ტბიდან მაშველებმა კაცის ცხედარი ამოიტანეს

ხულოში მწვანე ტბიდან მაშველებმა კაცის ცხედარი ამოიტანეს.

55 წლის ხულოს მკვიდრი ტბაში 28 სექტემბერს გაუჩინარდა. მაშველები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ მწვანე ტბაში, რომლის მაქსიმალური სიღრმეც 19 მეტრამდეა.

ადგილობრივების თქმით, კაცი გაუჩინარებამდე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ორშაბათიდან ბათუმში გაავდრდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრის 21 საათიდან 2 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა – ზოგან ძლიერი, ელჭექი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერდება – 17-22 მ.წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 19 – 24 გრადუსი
  • ღამით: 15-20 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 16 – 21 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 3 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა, 4 ოქტომბერს, ღამით, ხანმოკლე წვიმა, დღისით კი – უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – პირველი ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 278 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +440]
  • ტანკი – 4 702 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 8 991 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 6 477 ერთეული [+38]
  • MLRS – 798 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 537 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 316 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 043 ერთეული [+37]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 529 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 883 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 933 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 483 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 314 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 439 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 247 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 159 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 611 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 656 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

სპეცოპერაცია: უკრაინაში დაბრუნდა 2 მედესანტე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმალებოდნენ

„ჩემი თაობა არ კმაყოფილდება საკვებითა და ტანსაცმლით“ – ქართველი ემიგრანტი აშშ-დან

თეა გონგაძე 13 წელია ამერიკაში ცხოვრობს. 2010 წელს წავიდა საქართველოდან, 18 წლის. მანამდე ამერიკაში წასვლაზე არასდროს უფიქრია. კავკასიის ბიზნესსკოლაში სწავლობდა პირველ და მეორე კურსზე მანამ, სანამ ეკონომიკის ლექტორმა არ დაიბარა და ურჩია, რომ მისი უნარებით უმჯობესი იყო ამერიკაში ეცადა სწავლის გაგრძელება.

თეამ იცოდა, რომ გაცვლითი პროგრამები არსებობდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, საქართველოდან თუ დაწერდა ესეებს, გაგზავნიდა რეზიუმეს, ჩააბარებდა გამოცდებს და ასე მიიღებდნენ ამერიკულ უნივერსიტეტში. ეკონომიკის ლექტორმა ურჩია მასაჩუსეტსის Mount Holyoke კოლეჯში გაეგზავნა დოსიე, იმავე სასწავლებელში, სადაც თავად სწავლობდა:

„2010 წლის აპრილში მომივიდა მეილზე უნივერსიტეტში მიღების დასტური. შუაღამე იყო, წერილი რომ ვნახე, სიხარულისგან ავყვირდი, მშობლები გავაღვიძე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამერიკა იყო განათლების მისაღებად საუკეთესო ქვეყანა, მაგრამ ევროპაში ვგეგმავდი მეცადა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში. ამერიკაში წასვლა ჩემს გეგმაში მანამდე არ ყოფილა.

„მიდი, სცადე, რა იცი, რა გამოვა“ – ეს იყო ჯადოსნური სიტყვები, რომლებითაც ჩემმა ლექტორმა ცვლილებებისკენ მიბიძგა. მთელი ცხოვრება სხვადასხვა დროს მახსენებს თავს ეს ფრაზა. ყველა ცვლილება ამ სიტყვებით იწყება ჩემს ცხოვრებაში: „მოდი, ვცდი, რა იცი, რა გამოვა“.

ყოველთვის ვცდილობ, ვიპოვო საკუთარ თავში ძალა და სიმამაცე, რეალობის უკეთესობისკენ შესაცვლელად. როცა უკეთესობისკენ ისწრაფვის ადამიანი, ცდა ყველაზე დიდი ნაბიჯია“ – ამბობს თეა გონგაძე.

თეა გონგაძე

საქართველოდან ევროპასა და ამერიკაში ემიგრაციაში წამსვლელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, სხვა ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელებას ძირითადად ახალგაზრდები ცდილობენ. რატომ სურთ ახალგაზრდებს სხვა ქვეყნებში ბედის ცდა და რა არის საქართველოდან მიგრაციის დიდი ტალღის მიზეზი? ამ კითხვაზე 13 წლის წინ წასულმა ემიგრანტმა ასე გვიპასუხა:

„მე, პირადად, მინდოდა უკეთესი განათლების მიღება, ვიდრე ჩემი ქვეყანა მთავაზობდა, უკეთესი შესაძლებლობები საკუთარი თავის გამოსამჟღავნებლად. მინდოდა, ამეშენებინა ისეთი ცხოვრება, როგორიც მე მინდოდა. მინდოდა, ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც გარე ფაქტორები: პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები ვერ შეაფერხებდა ჩემს განვითარებას, ესაა მიზეზი, რატომაც მიდიან ახალგაზრდები საქართველოდან.

ჩემი თაობა და უფრო ახალგაზრდებიც არ კმაყოფილდებიან იმით, რომ აქვთ სახლი, საკვები და ტანსაცმელი. ამ თაობამ უკვე იცის, რა არის ნამდვილი შესაძლებლობები.

იციან, რომ შესაფერის გარემოში თავს გამოავლენენ და ამის შესაძლებლობა რომ არ გაქვს საკუთარ ქვეყანაში, ძალიან სამწუხაროა.

დგება მომენტი, როცა ფიქრობ: როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ მკლავს აქაურობა. კარიერულად, პიროვნულად, სოციალურად. გლობალიზაციის ხანაში ადვილია მიიღო სხვა ქვეყანაში წასვლის გადაწყვეტილება. აღარ არის ისე, როგორც 90-იან წლებში იყო – წასვლა რომ დაკარგვას ნიშნავდა.

დეპრესიაში ვარდები, როცა გრძნობ, რომ გაქვს წინსვლის უნარები და გარემო განვითარების საშუალებას არ გაძლევს“ – ამბობს თეა გონგაძე.

ბევრ შტატსა და ქალაქში ცხოვრობდა. თავიდან მასაჩუსეტსში – მე-3 და მე-4 კურსზე. მერე ნიუ იორკში გადავიდა, რამდენიმე წელი საინვესტიციო ინდუსტრიაში მუშაობდა, Carnegie Mellon უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე პიტსბურგში, სადაც 2 წელი იცხოვრა. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ დეტროიტში, მიჩიგანში დაიწყო მუშაობა, ახლაც დეტროიტში ცხოვრობს და „ჯენერალ მოტორსის“ საფინანსო აღმასრულებელი მენეჯერია ელექტრო და თვითმავალი მანქანების მიმართულებაზე.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ მხოლოდ ჩემს განათლებასა და უნარებზე უნდა დამემყარებინა ყველა სამომავლო იმედი. მაგრამ ახლაც მიკვირს როგორ მოვახერხე 18 წლის ადამიანმა ჩამელაგებინა ჩემოდანი, ოკეანე გადმომეფრინა და გამერისკა ცხოვრების გაგრძელება ქვეყანაში, სადაც არავის ვიცნობდი, არავინ მყავდა ახლობელი, არაფერი ვიცოდი, სად რა იყო და არ ვიცოდი, წინ რა იქნებოდა. ვამაყობ იმ პატარა გოგოთი“ – ამბობს თეა.

აშშ-ში პირველად ნიუ იორკში ჩავიდა. მანჰეტენზე ზღვა ხალხში იდგა და ფიქრობდა, რა პატარა ვარ სამყაროს ამ უზარმაზარ ცენტრში ყველაფერ სხვასთან შედარებითო.

ჰყვება, რომ მისი პირველი სასწავლებლის კამპუსი ჰოგვორტსს ჰგავდა. ეს იყო ადგილი, სადაც მისი წარმოდგენები მალე სრულიად შეიცვალა სასწავლო პროცესზე და სხვა რეალობაში აღმოჩნდა:

„აქაური უნივერსიტეტი დიდი სიახლე იყო ჩემთვის. სწავლის პროცესი განსხვავდებოდა იმისგან, რაც ნანახი მქონდა. ლექტორების მოლოდინი შენ მიმართ აქ განსხვავებულია, არავინ ელის, რომ რომელიმე მეცნიერის აზრი წაიკითხე, გაიზეპირე და გაიმეორებ. ეს ისეც ცხადია, რომ თუ სწავლობ, კითხულობ კიდეც.

აქ უნივერსიტეტი შენ გეძებს, როგორც ახალ ადამიანს, ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ შენ – რას ფიქრობ ნებისმიერ თემაზე. აინტერესებთ შენი კრიტიკული აზროვნება, როგორ პარალელს ავლებ თეორიასა და ყოფას შორის, მიზანია, იფიქრო თავისუფლად და მრავალმხრივად შეხედო ყველა საკითხს, დასვა ყველა შეკითხვა, მოუსმინო სხვის აზრსაც და არ გქონდეს წარმოდგენა, რომ მხოლოდ ერთი აზრია სწორი.

სიტყვის, აზრის თავისუფლებას და სხვისი შეხედულებების პატივისცემას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამით იწყება ყველაფერი“ – ამბობს თეა.

უნივერსიტეტის დამთავრების მერე ნიუ იორკის ერთ-ერთ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა, საინვესტიციო მენეჯერად. ინვესტორების პორტფოლიოები ებარა და მენეჯმენტს უწევდა მათ.

თეა ნიუ იორკში ცხოვრების მნიშვნელოვან წლებს იხსენებს:

„ყველაფერთან ერთად ნიუ იორკში ძალიან მომწონდა პროფესიული ცხოვრება. უოლ სტრიტზე ვმუშაობდი, ეკონომისტები და ინვესტორები, რომლებიც ამ უზარმაზარი ქალაქის ეკონომიკას ძრავენ, ჩვენი კლიენტები იყვნენ. ჩემი შეფი, ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, გარი შილინგი იყო იმ დროს, ბოლო რამდენიმე ეკონომიკური კრიზისი ამერიკაში მან რამდენიმე წლით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარ თეორიებსა და კვლევებზე დაყრდნობით.

მისგან ბევრი რამ ვისწავლე, ვისწავლე, როგორ უნდა ელაპარაკო ინვესტორებს, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, როგორ უნდა შექმნა ურთიერთობები და ამ ურთიერთობებზე დაყრდნობით როგორ უნდა გამოთქვა შენი აზრი.

ასაკს, წარმომავლობას, შენს პროფესიულ გამოცდილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა აზრი შეგაქვს დისკუსიაში და რით შეგიძლია დახმარება კონკრეტულ მომენტში. ყოველთვის გისმენენ, იღებენ შენს რეკომენდაციას. ეს ძალიან საინტერესო იყო“ – იხსენებს თეა.

პიტსბურგის Carnegie Mellon უნივერსიტეტში 2 წელი სწავლობდა მაგისტრატურაში, მაგრამ საინვესტიციო მენეჯმენტის გარდა სხვა ინტერესებიც ჰქონდა, საფინანსო, საინვესტიციო ინდუსტრიას უკვე კარგად იცნობდა და ამბობს, რომ ინვესტორების მილიონობით დოლარის ინვესტიციების მენეჯმენტი მისთვის დიდი გამოცდილება იყო, მაგრამ სიახლეებს ეძებდა და აინტერესებდა, რა ხდებოდა დიდ ინდუსტრიულ კომპანიებში.

ჰყვება, რომ ჰქონდა ბევრი სხვადასხვაგვარი სამსახურის შეთავაზება, უამრავი ინტერვიუ სხვადასხვა კომპანიაში, მაგრამ არჩევანი საბოლოოდ „ჯენერალ მოტორსის“ ფინანსურ მენეჯერობაზე შეაჩერა, რადგან ძალიან აინტერესებდა ელექტრომანქანების მომავალი, გარემოსდაცვითი საკითხები, მწვანე ენერგიის იდეა და სამომავლო პერსპექტივები. იხსენებს, რომ პირველი, რაც ბავშვობაში დახატა, მანქანა იყო და მას მერე სულ მანქანებს ხატავდა. აინტერესებდა სხვადასხვა მოდელი და მათი თავისებურებები, განსხვავებები:

„ავტოინდუსტრიას ახლა ყველაზე დიდი ცვლილებების დრო უდგას, რაც ბოლო 100 წლის განმავლობაში გაუვლია. ელექტრო და თვითმავალი მანქანების ტექნოლოგიური სიახლეები ძალიან მაინტერესებდა, გარდა ამისა, მაგნიტივით მიზიდავს ცვლილებები, სულ მინდა მეც ამ ცვლილებების ნაწილი ვიყო და რაღაც როლს ვასრულებდე. ასე აღმოვჩნდი „ჯენერალ მოტორსში“, რომელიც „ტესლასთან“ ერთად დღესდღეობით ელექტრო და თვითმავალი მანქანების ყველაზე დიდი მწარმოებელია.

ელექტრომანქანების ყველაზე დიდ ბაზრად ჩვენს კომპანიას სამომავლოდ ამერიკა და ჩინეთი წარმოუდგენია. გაყიდვების ყველაზე დიდი წილი დღესდღეობით სწორედ ამ ორ ქვეყანაზე მოდის.

ამერიკაში ტვირთების გადაზიდვა ტრაილერებზეა დამოკიდებული. დიდი მიღწევა იქნება, თუ ნელ-ნელა ჩავანაცვლებთ მათ ელექტრომანქანებით. ეს დიდი წინსვლა იქნებოდა სუფთა გარემოს შესაქმნელად“ – ამბობს ქართველი ემიგრანტი.

საქართველო 2023 წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება. თეა გონგაძე ამბობს, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში ბოლო წლების განმავლობაში:

„გადარჩენაზეა აქ საუბარი, თუ გვინდა, რომ უბრალოდ გადავრჩეთ და განვვითარდეთ, ევროინტეგრაციას ახლა საქართველოსთვის სხვა ალტერნატივა არ აქვს. დიახ, გვჭირდება ევროპის, ამერიკის დახმარება, მხარდაჭერა და ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ ამავდროულად ამ დიდი ქვეყნების გვერდით თუ დავდგებით, მზად უნდა ვიყოთ, რომ ავიღოთ მათ მსგავსად ბევრ სხვადასხვა საკითხზე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაც“ – ამბობს თეა გონგაძე.


ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში საქართველოდან ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა მოქალაქემ. იმავე პერიოდში, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ემიგრაციიდან დაბრუნდა 39 526 მოქალაქე. შესაბამისად, უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო 25 966.

2022 წელს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 108 590 ადამიანი.

ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა World Travel Awards-ის ჯილდო მიიღო

29 სექტემბერს, ბათუმში „ტურიზმის ოსკარის“ სახელით ცნობილი ღონისძიება – World Travel Awards-ის საიუბილეო, ევროპის გალა ცერემონია გაიმართა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ცერემონიის ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი სტუმრობს.

აჭარამ წელს World Travel Awards-ის სპეციალური პრიზი მიიღო, როგორც ევროპის ყველა სეზონის ტურისტულმა მიმართულებამ, ხოლო ბათუმმა – როგორც ევროპის წამყვანმა განვითარებადმა ტურისტულმა მიმართულებამ,

ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის წოდება კი ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო. ამ ნომინაციაში მისი კონკურენტები იყვნენ ანტვერპენის, ვარშავის, მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ევროპული ქვეყნების ბოტანიკური ბაღები.

World Travel Awards-ს ჯამში ასზე მეტი ნომინაცია აქვს, მათ შორის: საუკეთესო აეროპორტის, სასტუმროს და ა.შ.

World Travel Awards დაარსდა 1993 წელს, ტურიზმის ინდუსტრიაში გამორჩეული ადგილებისა და მიმართულებების გამოსავლენად. ღონისძიება ყველა წელს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

2022 წელს World Travel Awards-ზე ბათუმმა „ტურიზმის ოსკარი“ მოიპოვა, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ.

სპეცოპერაცია: უკრაინაში დაბრუნდა 2 მედესანტე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმალებოდნენ

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საზღვაო ძალებმა და მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ჩაატარეს წარმატებული სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ორი უკრაინელი მედესანტე სახლში დაბრუნდა.

მედესანტეები რუსული არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, როცა მძიმედ დაიჭრნენ და იძულებულნი გახდნენ, წელიწად-ნახევარზე მეტის ხნის განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამალულიყვნენ.

დაჭრილ მედესანტეებს ადგილობრივი მოსახლეობა დაეხმარა ოკუპანტებისგან დამალვაში, წელიწად-ნახევრის შემდეგ კი ჩატარდა სპეცოპერაცია მათი ევაკუაციის მიზნით.

სპეცოპერაცია მოამზადა და განახორციელა უკრაინის საზღვაო ქვედანაყოფმა, სახელად -“ანგელოზები”.

 

ძლიერი ქარიშხალი საბერძნეთს ერთ თვეში ორჯერ დაატყდა თავს

ცენტრალური საბერძნეთის ნაწილი მეორედ დაიტბორა უკანასკნელ ერთ თვეში. ამჯერად თესალიის რეგიონს ქარიშხალი „ელიასი“ დაატყდა თავს, კოკისპირული წვიმით.

ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი ვოლოსი თესალიაში და ჩრდილოეთ ევია.

ბერძნული მედიის ცნობით, ქარიშხალმა დატბორა გზები, სარდაფები, სახლები და მაღაზიები.

ქარიშხალ „ელიასს“ წინ უსწრებდა ქარიშხალი „დენიელი“, რომელმაც თესალიაში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ სასოფლო-სამეურნეო რეგიონში, დატბორა ხეხილის ბაღები, ყანები, დაიხოცა 200 000-ზე მეტი ცხოველი და ფრინველი. ქარიშხლის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, ქარიშხლებისგან მიყენებული ზიანის მოკლევადიანი შედეგები საბერძნეთის ეკონომიკას, შესაძლოა, 5 მილიარდამდე ევრო დაუჯდეს.

__________

ფოტო: EPA-EFE/ACHILEAS CHIRAS

აჭარის მთავრობის მიერ 542 800 ლარად შესყიდულ პროექტს აუდიტი ისევ უსარგებლოდ აფასებს

აუდიტის სამსახურმა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წელს მოიცავს.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებზე აუდიტის სამსახურმა რეკომენდაციები აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და უსკოს თავმჯდომარეებს და ასევე, რეკომენდაციები აჭარის მთავრობის ოთხივე მინისტრს გადაუგზავნა.

აუდიტის მიხედვით, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ არის ასახული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

„ფინანსურ ანგარიშგებაში არ ირიცხება 1 400 ერთეულზე მეტი მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აჭარის საკუთრებაა და არ არის შეფასებული“ – წერს აუდიტი. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე უნდა აღირიცხოს აჭარის საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომლის სარგებლობაში პირველადი გადაცემა არ განხორციელებულა“.

აუდიტის მიხედვით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში „დაუმთავრებელი მშენებლობის“ ანგარიშზე 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ასახულია 670 209 ლარის ღირებულების დაუმთავრებელი აქტივი, რომელზეც 2017-2018 წლებიდან ბრუნვა არ ყოფილა.

„აღნიშნული აქტივი 2017-2018 წლებში შესრულებული საპროექტო სამუშაოს ღირებულებაა, რომლის დაფინანსება მიმდინარე, 2023 წლის ბიუჯეტითაც არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, აღნიშნული არაფინანსური აქტივიდან მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღების ალბათობა აუდიტის თარიღისთვის არ არის განსაზღვრული.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ბალანსზე ასახული „სხვა არაფინანსური აქტივების“ ნაშთი, შესაძლოა მოიცავდეს ისეთ დაუმთავრებელ აქტივებს, საიდანაც მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღება ნაკლებად სავარაუდოა. შესაბამისად, ისინი შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს“ – აცხადებს აუდიტი.

აღნიშნული პროექტებიდან კი, რომლებიც არ განხორციელებულა, ერთ-ერთი აჭარის მთავრობის ახალი შენობის პროექტია, რაშიც თავის დროზე 542 800 ლარია გადახდილი.

შესყიდული და განუხორციელებელი პროექტები / წყარო: აუდიტი

„შერჩევითი ინვენტარიზაციისა და სხვა აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლენილი უზუსტობების (არანაკლებ 5 935 687 ლარის ზედმეტობით აღრიცხვა) გათვალისწინებით, ვერ მივიღეთ რწმუნება 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ ანგარიშის საბოლოო ნაშთის სისწორესა და შეფასებაზე.

შედეგად, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები არ არიან უზრუნველყოფილნი იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ზუსტი მონაცემებით, რომლებიც დაკავშირებულია საბიუჯეტო ორგანიზაციების სხვა გრძელვადიან არაფინანსურ აქტივებთან, რაც აქტივების მართვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს“ – აცხადებს აუდიტი.

ამ ყველაფრის მიზეზი კი, აუდიტის დასკვნით, არის „აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები“, რაც გავლენას ახდენს ანგარიშგების შესაბამის მუხლში არსებულ უზუსტობებზე.

აუდიტის ერთ-ერთი რეკომენდაციაა – „ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, სამინისტროს აპარატმა ჩაატაროს გაუფასურების ტესტი და განსაზღვროს აქტივის ბალანსზე აღრიცხვის მიზანშეწონილობა. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება აღრიცხოს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად“.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხაზინის მონაცემებით, 2022 წელს აჭარის ბიუჯეტიდან გაწეულმა ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკასო ხარჯმა შეადგინა 13 211 534 ლარი, მათ შორის, საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯი შეადგენს 3 980 912 ლარს, ხოლო ექსპლუატაციის, სათადარიგო ნაწილების და მათი რემონტის ხარჯები – 2 718 480 ლარს.

„ტრანსპორტთან დაკავშირებული ხარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ რიგ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტური საფუძვლების გარეშე გაცემული საწვავი აღიარებულია ხარჯად, კერძოდ, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე რვა შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირი არ იმყოფებოდა მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ფარგლებს გარეთ და ჩასხმულია ჯამში 405 ლიტრი [1467 ლარის ღირებულების] საწვავი.

აღნიშნულ შემთხვევებზე შესაბამისმა უწყებამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტური დადასტურება ავტომობილის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც საწვავის ხარჯვაზე დაწესებულ კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტი აცხადებს, რომ „აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებს არ აქვთ შემუშავებული და დანერგილი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული სააღრიცხვო პოლიტიკა. სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობა იწვევს არათანმიმდევრულ აღრიცხვიანობას და ზრდის ფინანსურ ანგარიშგებაში დაშვებული უზუსტობების რისკს“.

ანგარიშის მიხედვით აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში 2022 წელს ჩატარებულ ინვენტარიზაციის პროცესსაც ახლდა გარკვეული ნაკლოვანებები.

მაგალითად:

  • „აგროსერვის ცენტრის საინვენტარიზაციო მასალებში მითითებული აქტივების ადგილსამყოფელი და მდგომარეობა არ ასახავს რეალობას, ასევე, არ არის მინიჭებული საინვენტარო ნომერი ან შტრიხკოდი, ხოლო მატერიალურად პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა ფორმალური ხასიათისაა.
  • ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ არ ჩატარებულა იმ უძრავი ქონების ინვენტარიზაცია, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და სარგებლობაში პირველადი გადაცემა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ იყო განხორციელებული.

ყოველივე ზემოაღნიშნული შიდა კონტროლის სისტემის სისუსტესა და აქტივების მართვაში არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტი სხვა რეკომენდაციებთან ერთად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს „განიხილოს კომპანიებში არსებული წილების ერთჯერადად სამართლიანი ღირებულებით შეფასების საკითხი ან საიმედო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, კომპანიებში წილობრივი ინსტრუმენტების საბოლოო ნაშთი დააკორექტიროს წინა წლებში არსებული თანხობრივი, ქონებრივი და წილობრივი შენატანებით, ხოლო შემდგომ გაითვალისწინოს კაპიტალმეთოდის მოთხოვნები“.

ამასთან, „ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელობამ, მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე, უზრუნველყონ ორგანიზაციების ბალანსზე აღრიცხული აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების შეფასება და ბუღალტრული აღრიცხვა.“

აჭარის მთავრობის ახალი შენობის პროექტის შესახებ აუდიტი 2019 წლის ანგარიშშიც წერდა და ასკვნიდა, რომ „ბიუჯეტიდან განხორციელებულია დანახარჯები, რომლის მოსალოდნელი სარგებელი გადახდილ ფასთან შესაძლოა არსებითად შეუსაბამო იყოს“.

ახალ ადმინისტრაციულ შენობაში აჭარის სამინისტროების ჩათვლით 20-ზე მეტი სახელმწიფო ორგანიზაცია უნდა განთავსებულიყო.

გასულ წელს, აღნიშნული პროექტის არგანხორციელების მიზეზად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ პანდემია დაუსახელეს.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

„ვაგნერის“ ბევრი მებრძოლი ტროშევს, სავარაუდოდ, მოღალატედ თვლის – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური დღეს, 30 სექტემბერს, ყოველდღიურ მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, პუტინისა და „ვაგნერის“ ყოფილი ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ანდრეი ტროშევის შეხვედრას ეხმაურება.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ შეხვედრას, რომელზეც პუტინმა ტროშევს ახალი დაჯგუფების შექმნა დაავალა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვიც ესწრებოდა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ 2023 წლის ივნისში, პრიგოჟინის აჯანყების დროს, ტროშევი ასრულებდა თავის როლს ოფიციალურ უშიშროების ძალებში, იგი სავარაუდოდ, „ვაგნერის“ პერსონალის წახალისებაში მონაწილეობდა, ხელი მოეწერათ კონტრაქტებზე.

„ვაგნერის“ ბევრი ვეტერანი ტროშევს, სავარაუდოდ, მოღალატედ თვლის – მიიჩნევს დაზვერვა და ასკვნის, რომ ეს შეხვედრა მიუთითებს რუსეთის მიერ მოხალისეების და კერძო სამხედრო კომპანიების გამოყენებაზე და „ვაგნერის“ მომავლის დაგეგმვაზე.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ პუტინი მზადაა გამოიყენოს ვეტერანთა გამოცდილება, რომლებსაც შეუძლიათ სახელმწიფოსადმი ლოიალობის დემონსტრირება, მაგრამ კრემლის მეტი ზედამხედველობით.

ფოტოზე: ანდრეი ტროშევი, „ვაგნერის“ ჯგუფის ყოფილი უფროსი მეთაური. ფოტო: EPA-EFE/MIKHAIL METZEL

ამავე თემაზე: 

პუტინი „ვაგნერის“ მეთაურებს შეხვდა და ახალი დაჯგუფების შექმნა განიხილა

რა მისამართებზე გაითიშება დღეს გაზი ბათუმსა და ხელვაჩაურში – ნახეთ სია

„სოკარის“ ცნობით, პირველ ოქტომბერს, ბათუმის ცალკეულ მისამართებზე გაზის მიწოდება 2 ოქტომბრამდე შეწყდება.

კომპანიის ინფორმაციით, გაზი 1-ელ ოქტომბერს, 18:00 საათიდან გაითიშება შემდეგ ქუჩებსა და მისამართებზე:

  • მაიაკოვსკის 4
  • თამარ მეფის გამზირი
  • ჰაიდარ აბაშიძის 91
  • სალიბაური
  • რუსთაველის 40
  • ნინოშვილის 21
  • ნინოშვილი-ჟღენტის კვეთა – საქვაბე
  • შავშეთის 6
  • მემედ აბაშიძის 33
  • აკვაპარკი და სასტუმრო მარინა
  • ნინოშვილის 11
  • ილია ჭავჭავაძის 5
  • გურამიშვილის 64
  • შერიფ ხიმშიაშვილის 16
  • თამარ მეფის გამზირი 1
  • შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა – სახლი 10
  • ბესიკის 49
  • ტბეთის 5ბ
  • იმედაშვილის 14
  • თამარ მეფის 5ბ
  • იაკობ გოგებაშვილის 30
  • შავშეთის 24-16 2
  • ხახულის 114
  • ზურაბ გორგილაძის 77
  • ჩაიკოვსკის – მაიაკოვსკის 12, 27
  • ჟორდანიას 8-15
  • რუსთაველის 51
  • ბესიკის 3
  • ახალშენი
  • მელაშვილის 37
  • ჯავახიშვილის 74
  • სულხან საბას 7
  • პუშკინის 132
  • ზვიად გამსახურდიას 28-26
  • ლერმონტოვის 101ა
  • ვაჟა ფშაველას 79-81
  • პუშკინის 57, სართული 1
  • ლერმონტოვის 80
  • ივანე ჯავახიშვილის 71
  • მაიაკოვსკის 4
  • მაიაკოვსკის 53 – სართული 1
  • ჟღენტის 1 – სართული 1
  • პუშკინის 154ბ
  • ბაგრატიონ-ჯავახიშვილის 121-64
  • გრიბოედოვის 1
  • აკაკი წერეთლის 2ა
  • 26 მაისის 62
  • გოგებაშვილის 12
  • თამარ მეფის 24
  • გიორგი ბრწყინვალეს 42
  • ფალავანდიშვილის 8
  • ლერმონტოვის 10 – სართული 1
  • ნონეშვილის 28
  • ვახტანგ გორგასლის 1
  • მემედ აბაშიძის 33
  • ნინოშვილის 10
  • პუშკინის 134
  • მამია ვარშანიძის 79, კორპუსი 2
  • შაფათავას 10
  • ურეხი
  • მამია ვარშანიძის 85
  • გრიბოედოვის 9-7
  • ვახტანგ გორგასლის 151
  • გოგებაშვილის 46
  • მელაშვილის 1-3

„სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 2 ოქტომბერს 15:00 სთ-დან და სრულად აღდგება 2 ოქტომბერს, დღის ბოლომდე.

ასევე, 1-ელი ოქტომბრის 18:00 საათიდან 2 ოქტომბრის 10:00 საათამდე გაზის წოდება შეწყდება ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში შემდეგ მისამართებზე:

  • დანისპარაული
  • ტბელ აბუსერიძის ქუჩა
  • ტაოს ქუჩა
  • ხახულის ქუჩა
  • აკაკი წერეთლის ქუჩა
  • მეჯინისწყალი
  • ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა
  • გენერალ ა. აბაშიძის ქუჩა
  • ოპიზრების ქუჩა
  • სარფი
  • შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა
  • ადლია
  • გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა

გაზის შეწყვეტის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

„იმედია, ისეთი ავტობუსი არ იქნება, მიწოლა დასჭირდეს“ – სხდომა ქობულეთის საკრებულოში

29 სექტემბერს ქობულეთის საკრებულომ ორი განაშენიანების გეგმა დაამტკიცა. ორივე ზღვის სანაპირო ზოლში მასშტაბური პროექტის მშენებლობას ითვალისწინებს.

ქობულეთში მუნიციპალური ავტობუსებისთვის რამდენიმე მიმართულება დაამატეს და ფასიც განსაზღვრეს. გარდა ამისა ქობულეთის საკრებულომ მხარი დაუჭირა რამდენიმე მცირე ზომის ნაკვეთის საიჯარო წესით გასხვისებისა და პოპოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხს.

გარდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებისა ოპოზიციამ კიდევ რამდენიმე საკითხზე მოითხოვა ყურადღების გამახვილება.

საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ] ფრაქციის თავმჯდომარემ ლაშა კომახიძემ კოლეგებს ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა და რეკომენდაციები შეახსენა:

„ეს კორუფციაა, ორგანიზაცია რეკომენდაციას გვაძლევს ყურადღება გავამახვილოთ ამაზე და ამას მხოლოდ მე არ მთხოვს, თქვენც გთხოვთ. გარდა ამისა, ისეთი ნიუსი ჰქონდათ ქობულეთის წყალში ხელფასებთან დაკავშირებით, რომ თავი აღარ გამოგვეყოფა. ამ თემებთან დაკავშირებით ვინმემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“ – განაცხადა მან სხდომაზე.

საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა, მას უპასუხა, ხელფასების ავანსად გაცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ვერ ჩავერევით და რაც შეეხება შპს „ლეგის, თუ კომპანია ტენდერებს იგებს, ჩვენ რა ვქნათო.

საუბარია კომპანიაზე, რომელმაც აჭარის მთავრობისგან 1 ლარად მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე 32,382 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

სხდომაზე ოპოზიციამ დააყენა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ზიანის ანაზღაურების საკითხი. ოპოზიციის განცხადებით, მერი იმყოფებოდა ადგილზე და თქვა, რომ ზიანს შეისწავლიდნენ. ზიანი შეისწავლეს და ამით ყველაფერი დასრულდა.

„ეს ხალხი ელოდება პასუხს, დავეხმარებით თუ წავიდეს ისევ ბანკში სესხის ასაღებად“ – განაცხადა ოპოზიციამ. 

ქობულეთის საკრებულოს სხდომა

სხდომაზე დაამტკიცეს მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი მიმართულებებიც. კერძოდ: დაბა ოჩხამურის, სოფელი სამებისა და ქვედა სამების მიმართულებები.

საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, იამზე ცალქალამანიძემ აღნიშნა, ორივე ხელი ავწიე, მხარს გიჭერთ, მაგრამ იმედი მაქვს, ისეთი ავტობუსი არ იქნება, მაგასაც მიწოლა დასჭირდესო. მას დაჰპირდნენ, რომ არ დასჭირდება.

29 სექტემბრის სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ერთი მხრივ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა კამათი და ამიტომაც არ უნდა იყოს პოზიცია ბოიკოტის რეჟიმში, განსაკუთრებით კი ბიუჯეტის განხილვის დროს, თუმცა, მეორე მხრივ ის ცდილობდა საკითხების განხილვა დიდხანს არ გაგრძელებულიყო სხდომაზე და მითუმეტეს – არ გადასულიყო კამათში.

საკრებულომ ქობულეთში პოპოვის ქუჩას სახელი მოსახლეობის თხოვნით შეუცვალა და მას ფადიკო გოგიტიძის სახელი უწოდა.

სხდომაზე დამტკიცებული გენგეგმების შესახებ „ბათუმელები“ ვრცელ მასალებს შემდეგ კვირაში გამოაქვეყნებს.

ქობულეთის მერიისა და საკრებულოს შენობის ფოიე – მიმდინარე რემონტი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 278 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
  • ტანკი – 4 691 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 8 984 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 6 447 ერთეული [+38]
  • MLRS – 796 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 537 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 006 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 529 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 854 ერთეული [+18]
  • სპეცტექნიკა – 932 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 482 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 277 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 218 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 157 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 598 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 605 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„უკრაინელები მიადგნენ ძირითადი თავდაცვის ზღუდეს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

როცა ტრავმა არ გვტოვებს – რა უნდა ვიცოდეთ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე

პოტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა და თავს იჩენს იმ ადამიანებში, რომლებიც გადაურჩნენ ან შეესწრნენ ისეთ მძიმე, მატრავმირებელ და საშიშ მოვლენას, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი კატასტროფა, უბედური შემთხვევა, ომი, ძალადობა და ა.შ. 

პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში, იქნება ეს ურთიერთობები, სამუშაო, ჯანმრთელობა თუ უბრალოდ ყოველდღიური აქტივობებით ტკბობა. „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგი ქეთი ხიმშიაშვილი საუბრობს პტსა-ს ნიშნებსა და მასთან გამკლავების მეთოდებზე. 

  • ქალბატონო ქეთი, რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა?

ფსიქოლოგიური ტრავმა არის ფსიქიკის პასუხი ძლიერ სტრესულ მოვლენაზე და აქ მნიშვნელოვანია განვასხვაოთ, რა არის ტრავმული სტრესი და რა – ცხოვრებისეული სტრესი. 

ისეთი ყოველდღიური სტრესული მოვლენები, როგორიცაა: პრობლემები სამსახურში, საცხოვრებლის შეცვლა და ს, ხასიათდება იმით, რომ ასეთ მოვლენას აქვს დასაწყისი, დასასრული და მოვლენის დასრულებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ჩვენი ემოციური მდგომარეობა სტაბილურდება.

მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს პოტენციურად მატრავმირებელ მოვლენასთან, ეს მოვლენა იწყება, მთავრდება, მაგრამ დასრულების მიუხედავად მისი ზემოქმედება ჩვენზე გრძელდება.  ტრავმული სტრესი ანგრევს ჩვენს ბუნებრივ გამკლავების უნარებს. 

ტრავმული მოვლენები შეგვიძლია დავყოთ ორ ჯგუფად, ბუნებრივი წარმოშობის – ბუნებრივი კატასტროფები, მეწყერი, წყალდიდობა, მიწისძვრა და ა.შ. და ადამიანური ქმედებებით გამოწვეული – ომი, ტერორისტული აქტები, წამება, გაუპატიურება… ვერ ვიტყვით, რომ რომელიმეს უფრო ძლიერი გავლენა აქვს და რომელიმეს – უფრო ნაკლები. ეს ინდივიდუალურია და თითოეულ ტრავმული მოვლენა სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინი: ტრავმული გამოცდილების შემდეგ პტსა ქალებში 2-ჯერ მეტია, ვიდრე კაცებში; კაცებში სტრესორის როლში უფრო ხშირად გვევლინება განცდები დაკავშირებული ომთან, საბრძოლო მოქმედებებთან, ხოლო ქალებში – თავდასხმა და გაუპატიურება.

  • როგორია პტსას ნიშნები და რამდენ ხანში ვლინდება?

ტრავმა განსხვავებულად აისახება სხვადასხვა ადამიანზე, უშუალოდ ტრავმული მოვლენის შემდეგ შეიძლება ადამიანს განუვითარდეს: დეპრესია, შფოთვა, ალკოჰოლსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, მაგრამ ყოველთვის არა. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენში არსებობს ბუნებრივი რესურსი იმისა, რომ ასეთ მოვლენებს გავუმკლავდეთ. 

ტრავმული სტრესის დროს ნორმალურია ერთი თვის განმავლობაში ტრავმულ მოვლენასთან დაკავშირებული პეციფიკური რეაქციები და არ უნდა მოხდეს მათი პათოლოგიზაცია. მაგრამ თუ ეს სიმპტომები თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მაშინ საჭიროა სპეციალისტის ჩართვა.

უშუალოდ პტსას სიმპტომებს რაც შეეხება, მას ახასიათებს გამუდმებული ფიქრები/მოგონებები იმ ტრავმულ მოვლენაზე, რაც მოხდა, ეს შეიძლება გამოვლინდეს სიზმრების, კოშმარების სახითაც, რის გამოც ადამიანი შესაძლოა დაძინებასაც არიდებდეს თავს. 

არის ე.წ. ფლეშბექები, როცა პტსას მქონე ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ისინი იმყოფებიან იმ მომენტში და იმ ადგილას, სადაც მათ ეს ტრავმული მოვლენა შეემთხვათ, განიცდიან ისე, თითქოს ეს კვლავ ხდება.

ხდება განრიდება, როცა ადამიანი თავს არიდებს როგორც გონებაში შემოჭრილ ფიქრებსა და მოგონებებს მატრავმირებელ მოვლენის შესახებ, ასევე შესაძლოა თავს არიდებდეს გარეგან მოვლენებს, როგორიცაა ამ თემაზე საუბარი, ადამიანები და ადგილები, რომლებიც დაკავშირებულია მატრავმირებელ მოვლენასთან.

ასევე, პტსას ახასიათებს ის, რომ ადამიანი მუდმივად საფრთხის მოლოდინშია, შესაბამისად, მუდმივად დაძაბულია. ეს შეიძლება არ იყოს გაცნობიერებული და იყოს სომატური – კუნთები დაძაბულია, სხეული საფრთხის მზადყოფნაშია.

პტსას ასევე ახასიათებს ნეგატიური ფიქრები და გუნება განწყობის დაქვეითება, კონცენტრაციის სიძნელეები, ხშირად – თვითბრალეულობის განცდა, როცა ადამიანები თავს იდანაშაულებენ იმაში, რაც მოხდა.

ზოგჯერ სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს გადავადებულად, მაგალითად, მოვლენიდან 6 თვის (ან უფრო მეტი ხნის) შემდეგ. 

  • რა ზიანის მომტანია პტსა შორეულ პერსპექტივაში?

როცა ეს სიმპტომები მძაფრად მიმდინარეობს, სოციალური ფუნქციონირების ხარისხი ქვეითდება, რადგან, როდესაც ადამიანს აწუხებს მატრავმირებელი მოვლენის შესახებ აზრები, ფიქრები, სიზმრები, აქვს ფლეშბექები, ის ცდილობს განერიდოს ამ ტკივილის შემახსენებელ გარეგან თუ შინაგან ფაქტორებს, შესაძლოა სოციალური განრიდება, ანუ ადამიანი ერიდება იმ ადამიანებთან კონტაქტს, ვინც ახსენებს ამ მოვლენას, შეიძლება თავიდან ირიდებდეს გზის იმ მონაკვეთის გავლას, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა შეემთხვა, მოერიდოს ფიქრებს, სიზმრებს, შესაბამისად – ძილს. 

ჩნდება ემოციური რეგულაციის პრობლემები, ადვილად გაღიზიანებადობა, გვირთულდება თავის დამშვიდება, რაც ასევე პრობლემებს იწვევს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას.

ძილის ხარისხი ფუჭდება, რასაც ახლავს თანმდევი პრობლემები, ქვეითდება შრომისუნარიანობა, ჩნდება კონცენტრაციის სიძნელეები, მეხსიერების პრობლემები, ვართ მუდმივად დაძაბულები და ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს.

  • როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

ტრავმის გადატანიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ იმ სიმპტომების სიხშირეს და ინტენსივობას, რომელიც ტრავმული მოვლენის მერე განვითარდა – იკლებს, თუ იმატებს. ტრავმის გადატანიდან პირველი პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს მხარდაჭერა, რომ ადამიანმა საკუთარი რესურსებით მოახერხოს ტრავმული გამოცდილების გადამუშავება.

თუ ერთი თვის განმავლობაში ეს სიმპტომები არ ალაგდა, პირიქით, მოიმატა და გრძელდება, მაშინ აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს.

როცა ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა, ერთი თვის შემდეგ, ფაქტობრივად, არც გაკეთებულა მოკვლევა, თუ რა ფსიქოლოგიური საჭიროებები ჰქონდათ ამ ადამიანებს. გარდა მატერიალური და ფინანსური საჭიროებებისა, არსებობს ფსიქოლოგიური საჭიროებები და ამის მონიტორინგი აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

  • სიმპტომების ინტენსივობა შეიძლება სხვადასხვა ადამიანთან განსხვავებული იყოს, ან ცვალებადი ერთსა და იმავე პიროვნებასთან?

დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ეს კონკრეტული აშლილობა ყველა ადამიანში ერთნაირად მიმდინარეობს. ყველასთან სხვადასხვანაირად არის გამოვლენილი, ვიღაცისთვის ერთ სიმპტომი შეიძლება იყოს წამყვანი, ვიღაცისთვის – მეორე. 

გარდა ამისა, პტსას განვითარების ტრაექტორიები განსხვავდება. ზოგ შემთხვევაში უფრო ინტენსიურად იწყება და იკლებს, ან პირიქით, შეიძლება დუნედ დაიწყოს და ძალიან დიდი ინტენსივობით გაგრძელდეს. 

  • რამდენად რეალურია, რომ ადამიანი თავისით გაუმკლავდეს უკვე განვითარებულ პტსას? 

ბავშვობაში გადატანილი სტრესული გამოცდილებებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე, სხვათა შორის, არა მარტო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანებს, რომელთაც ტრავმული გამოცდილებები აქვთ, ზრდასრულობაში შეიძლება განუვითარდეთ ფიზიკური ჯანმრთელობის ისეთი ჩივილები, როგორიცაა: კუჭ-ნაწლავის პრობლემები, გულსისხლძარღვთა პრობლემები და სხვა.

კონკრეტული პროგნოზი, თუ რამდენ ხანში ალაგდება ეს სიმპტომები, არ არსებობს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ თავისით მოხდეს ამ სიმპტომების ალაგება, იმიტომ, რომ ადამიანს აქვს უნარი, ბუნებრივად გაუმკლავდეს სირთულეებს.

  • როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მეგობარს/პარტნიორს/ოჯახის წევრს ტრავმული გამოცდილებით, რომელსაც ხელი არ მიუწვდება თერაპიაზე? 

სოციალური მხარდაჭერა არის ერთ-ერთი წამყვანი მკურნალობის პროცესში, ასეთ დროს შეიძლება ძალიან მარტივად დაძლიოს ადამიანმა ტრავმული მოვლენა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან საკუთარი შეგრძნებების გაზიარებას, მაგრამ აქ აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს თავად ადამიანის სურვილი, სურს თუ არა მას ამაზე საუბარი.

ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ აქტიური მსმენელები, თავი არ ავარიდოთ ამაზე საუბარს, ჩართული ვიყოთ პროცესში, დავუსვათ კითხვები და ეს ისე მოხდეს, რომ მისი პირადი სივრცე არ დავარღვიოთ.

მაგალითად, გაუპატიურების შემთხვევაში ქალები ხშირად იდანაშაულებენ თავს, რაც შესაძლოა საზოგადოებრივი დამოკიდებულებებიდანაც მოდიოდეს. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან არ ისმოდეს ისეთი ფრაზები, რაც ამ თვითბრალეულობის განცდას გაუმძაფრებს.

თუ ვხედავთ, რომ ადამიანი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს, არ უნდა ვაიძულოთ, რადგან შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს. შესაძლოა იმდენად მძიმე იყოს მისთვის ამის მოყოლა, რომ ვეღარ შეძლოს მერე თავისი ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაცია და არც ჩვენ გვქონდეს ხელთ ის უნარები და რესურსები, რომ იმ მომენტში მისი მდგომარეობა დავასტაბილუროთ. ამიტომ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მათი სურვილი და ჩვენ დავაფიქსიროთ ღიაობა, რომ მზად ვართ, მოვუსმინოთ და ვესაუბროთ.

  • რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს თერაპია?

დადასტურებულია, რომ ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტიურ ბიჰევიორისტული თერაპია, EMDR (თვალების მოძრაობით დესენსიბილიზაცია და გადამუშავება) თერაპია, პტსას მკურნალობის ეფექტური მეთოდებია.

თვითონ თერაპიის პროცესში თერაპევტი და ინდივიდი ერთად სახავენ რა შედეგი არის მათთვის მიზანი, შეიძლება ეს არ იყოს სრული განკურნება, მაგრამ შედეგი იყოს ის, რომ რაღაც დროში თავს აღარ არიდებს ადამიანი იმ კონკრეტულ ადგილს, რაც ტრავმას ახსენებს; ეს კონკრეტული საჭიროებები და მიზნები თანხმდება თერაპევტსა და ინდივიდს შორის.

შესაძლებელია სიმპტომები მოიხსნას სრულად, ამისთვის არსებობს თერაპია. მაგრამ ზუსტად ვერ იტყვი, რამდენ ხანში. შეიძლება ერთი სესიაც ეფექტური დარჩეს, ან საჭირო იყოს 8-14 სესია. ეს ხდება ემოციური მდგომარეობის დასტაბილურებით, ფსიქოგანათლებით, გამკლავების ჯანსაღი სტრატეგიების სწავლებით, ასევე ექსპოზიციით – რაც გულისხმობს ამ მოვლენის წარმოდგენას და თხრობას ნარატივის სახით თერაპევტთან კაბინეტში ან ტრავმული მოვლენის გადატანის ადგილას გადამუშავებას. 

  • მნიშვნელობა აქვს ტრავმის ხანდაზმულობას თერაპიის ეფექტურობისთვის? 

ზოგადად იშვიათად ხდება, რომ ადამიანს რაღაც შეემთხვეს და ეგრევე მვიდეს თერაპიაზე. თერაპია ეფექტურია როგორც ახალგადატანილი ტრავმული გამოცდილების, ისე ძალიან ველი, ბავშვობის ტრავმული გამოცდილებების გადამუშავებისთვის.

„უკრაინელები მიადგნენ ძირითადი თავდაცვის ზღუდეს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„იმედი მაქვს, თვითმფრინავებს საკმარის რაოდენობით მიაწვდიან უკრაინას და მაშინ შესაძლებელი იქნება ძალების გათანაბრება ჰაერში,“ – აღჭურვილობის უკრაინისთვის მიწოდების პროცესში გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ მთავარი რაოდენობაა. იგი საომარი მოქმედებების გააქტიურებას მომავალი წლის გაზაფხულისთვის ელის.

გადამდგარი გენერალი ტაქტიკურ წარმატებად აფასებს თავდაცვის პირველი ზოლის გარღვევას, რაც უკრაინელებმა შეძლეს.

„თუმცა შემდეგი ეტაპების გავლა ადვილია მაშინ, როცა ეს ხდება სწრაფად,“ – შენიშნავს გადამდგარი გენერალი და თავის მოლოდინს გვიზიარებს: „…უკრაინელებმა გაიარეს უზრუნველყოფის ზონა და მიადგნენ ახლა ძირითადი თავდაცვის ზღუდეს. უკრაინელები ამ რესურსით, განსაკუთრებით საჰაერო მხარდაჭერის გარეშე, ვერ მიდიან წინ. მალე ისევ წვიმების სეზონი დაიწყება და ორივე დაიწყებს მომზადებას ზამთრისთვის,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ვითარებაა ამჯერად ფრონტის ხაზზე, ამ დინამიკის გათვალისწინებით, რას შეიძლება მიაღწიოს უკრაინამ დაზამთრებამდე?

უკრაინას აქვს ტაქტიკური წარმატება და გარღვევა ორ მიმართულებაზე. ეს არის ბახმუტის მიმართულება, სადაც უკრაინას გარღვევა აქვს დაახლოებით 10 კილომეტრი სიგანის, არეხოვო-რობოტინოს მიმართულებაზე კი აქვს 6 კილომეტრამდე გარღვევა. ვფიქრობ, ამჯერად აქცენტი იქნება მიღწეულის შენარჩუნებასა და გამაგრებაზე, რომ პოზიციები გაიუმჯობესონ და ისევ განაგრძონ შეტევა.

უკრაინელები სამი მიმართულებით არ არიან და ამცირებენ შეტევას, კონცენტრაციას აკეთებენ სამხრეთით, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე.

რუსებსაც ჯერ არ აქვთ ის ძალა, რომ რომელიმე მიმართულებით შეტევა განახორციელონ. უკრაინელები ეცდებიან, რომ ბახმუტში რუსული ძალების „დაბმა“ შეძლონ, ამიტომაც კუპიანსკის მიმართულებიდან ძალები სამხრეთისკენ გადმოისროლეს უკრაინელებმა.

ამ ტემპს რასაც ვუყურებთ და ამ შესაძლებლობებით, რაც აქვს, მაქსიმუმ რასაც მიაღწევს უკრაინა, არის ამ პოზიციების გამაგრება. შესაძლოა, ასევე, ოდნავ გაფართოვდეს შეტევის შესაძლებლობები.

  • რა მასშტაბის გარღვევაა ეს, რაც ამ ეტაპზე შეძლეს უკრაინელებმა?

ეს არის ტაქტიკური წარმატება. ეს არ არის მეორე ხაზი, ან ასე შემდეგ. უკრაინელებმა გაიარეს უზრუნველყოფის ზონა და მიადგნენ ახლა ძირითადი თავდაცვის ზღუდეს. უკრაინელები ამ რესურსით, განსაკუთრებით საჰაერო მხარდაჭერის გარეშე, ვერ მიდიან წინ. მალე ისევ წვიმების სეზონი დაიწყება და ორივე დაიწყებს მომზადებას ზამთრისთვის.

  • თქვენთვის რა გზავნილი იყო სტოლტენბერგის მოულოდნელად კიევში ჩასვლა და დახურულ კარს მიღმა ზელენსკისთან შეხვედრა? მედიასთან გაჟღერდა, რომ სამხედრო ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ჩარჩო კონტრაქტებს, რომლებიც უკრაინისთვის თითქმის ორ-ნახევარი მილიარდი ევროს მოცულობის საბრძოლო მასალების მიწოდებას ითვალისწინებს.

მოულოდნელი ჩასვლა ალბათ იმიტომ იყო, რომ არ იყო გაცხადებული. ზელენსკიც არაა იშვიათი სტუმარი დასავლეთში.

თუ არ ვცდები, უკრაინაზე სულ დახარჯულია 113 მილიარდი დოლარი. ეს თანხა კი, საჭირო იქნება საბრძოლო მასალის შევსებისთვის.

  • რა იცვლება რუსულ არმიაში? რუსული მედიის ცნობით, პუტინი შეხვდა „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელებს, მათ შორის, გადამდგარ პოლკოვნიკს, ანდრეი ტროშევის და მათთან მოხალისეთა დანაყოფების ფორმირება განიხილა.

უკრაინელები უკვე ამბობენ, რომ გამოჩნდნენ კიდეც „ვაგნერელები“ რამდენიმე ასეულის შემადგენლობით ბახმუტის მიმართულებაზე, რამდენად სარწმუნოა, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცით, რომ „ვაგნერიდან“ ნაწილი შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა, ნაწილი ბელარუსში წავიდა და შემდეგ უკან დაბრუნდა.

„ვაგნერი“ უკვე ბრენდია რუსეთისთვის – ცხადია, ამას არ გააუქმებენ, გამოიყენებენ, როგორც წარმატებასთან ასოცირებულ, ჰეროიკული სულისკვეთების სახელს.

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ბოლო ანგარიშის თანახმად, ამ დღეებში რუსეთის ჯარებმა შეანელეს შეტევითი ოპერაციების ტემპი კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას ხაზის გასწვრივ, თუმცა ისევ აქტიურია სარაკეტო თავდასხმები. რატომ შეანელეს ტემპი რუსებმა? 

კი, ტემპი შეანელეს, რადგან რუსებიც გადაჯგუფებას აკეთებენ. შესაძლოა, რამდენიმე დანაყოფი გადაისროლონ სამხრეთისკენ, გასაძლიერებლად.

საუბარია იმაზე, რომ დონეცკის მიმართულებაზე 25-ე არმიაც იქნება ჩართული საომარ მოქმედებებში.

  • რისთვის ემზადება რუსეთი ამჯერად? 

რუსეთმა თუ შეძლო გარკვეული რესურსების მობილიზება, თანაც ახლა უკვე საშემოდგომო გაწვევა იწყება, არ არის გამორიცხული, რომელიმე ტაქტიკურ მიმართულებაზე განახორციელოს შეტევა ზამთარშიც.

ვფიქრობ, რომ მომავალი წლის გაზაფხულისა და ზაფხულისთვის იქნება ძირითადი მოქმედებები ორივე მხრიდან. არაა გამორიცხული, რუსები ისევ გადავიდნენ შეტევაზე. ფაქტია ეს და რუსეთმა დაიწყო შესაბამისი მოქმედება გარკვეულ მიმართულებაზე. ეს არის ხარკოვი-კუპიანსკის მიმართულება, სადაც წარმატება აქვთ რუსებს. სადაც წარმატება აქვთ, ლოგიკურია, რომ იქ განახორციელებენ შეტევას.

პლაცდარმი აქ უკვე შექმნილი აქვს. უფრო იოლია პლაცდარმიდან შეტევის დაწყება, ვიდრე თავდაცვითი მდგომარეობიდან, ანუ ამოსვლა სანგრებიდან და შეტევაზე გადასვლა. ხარკოვი-კუპიანსკის მიმართულებაზე თუ დაიწყებენ შეტევას რუსები, ამით აიძულებენ უკრაინელებს, სამხრეთიდან ძალები აქეთ გადმოისროლონ.

  • სამხრეთის მიმართულებაზე უკრაინელებს წინსვლის რა შანსი აქვთ? 

ზოგიერთი ვაი ექსპერტი იძახის, რომ აი, პირველ ხაზს რომ გაარღვევენ უკრაინელები, შემდეგი ეტაპების გავლა იქნება ძალიან იოლი. ეს ადვილია მაშინ, როცა გარღვევა ხდება სწრაფად. თუ სწრაფად ეს არ ხდება, მაშინ მოწინააღმდეგეს აქვს საშუალება, რომ გააძლიეროს შემდეგი ზღუდეები, განავითაროს სიღრმეში თავდაცვითი რაიონები.

დრო, რომელიც დაკარგა უკრაინამ ბახმუტისთვის ბრძოლაში, რუსებმა ძალიან კარგად გამოიყენეს და შექმნეს სუროვიკინის ხაზი. ვინაიდან ჯერჯერობით უკრაინელები ვერ ახერხებენ ამ სწრაფ გარღვევას, ეს აძლევს საშუალებას რუსებს, სიღრმეში გააძლიერონ თავდაცვა. ამას არ სჭირდება სამხედრო ხელოვნების და მეცნიერების ცოდნა, ნათელია, არა? – როდესაც მაქვს დრო, გავამაგრებ მეორე და მესამე ხაზს.

არ ვიცი, მოცემულობა როგორ შეიცვლება, მაგრამ ღია წყაროებიდან რა ინფორმაციაც ვრცელდება, 120-დან 70 თვითმფრინავი გაუნადგურეს უკრაინას, 30 ახლა დამატებით მისცა უკრაინას აღმოსავლეთ ევროპამ, მაგრამ 100 თვითმფრინავიც რომ ჰქონდეს ახლა უკრაინას, ეს არაა საკმარისი არანაირად 850-კილომეტრიან ფრონტზე…

აქ უკვე უპირატესობის მოპოვება კი არა, იმის რესურსიც არაა, რომ პარიტეტი მოიპოვო. ამის გამოა, რომ ქვეითებს ძალიან უჭირთ.

  • რის მიწოდებაც არის დაანონსებული უკრაინისთვის, ეს რამდენად გაათანაბრებს ძალებს? 

ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უკრაინელების მდგომარეობას, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია რაოდენობაზე. ამიტომაც იქნა შერჩეული F16, რომელიც უკვე მოძველებული მოდელია, მაგრამ ყველაზე მასიური წარმოების თვითმფრინავია და ბევრ ქვეყანას აქვს.

ეს თვითმფრინავები თავის დროზე შექმნილი იყო ჰაერში ბრძოლისთვის, თუმცა მას შეუძლია სახმელეთო ჯარების მხარდაჭერაც, რადიოლოკაციის სადგურების განადგურება.

იმედი მაქვს, თვითმფრინავებს საკმარისი რაოდენობით მიაწვდიან უკრაინას და მაშინ შესაძლებელი იქნება უკვე ძალების გათანაბრება ჰაერში.

  • ლავროვი ისევ ააქტიურებს გზავნილს, რომ რუსეთი მზადაა შეთანხმებისთვის „იმ რეალიების გათვალისწინებით, რომლებიც მიწაზე შეიქმნა“. რატომ შეიძლება ჰქონდეს ლავროვს იმის იმედი, რომ კიევი მოლაპარაკებაზე წავა?

ჩვენ არ ვიცით, რა ხდება კულუარებში. შესაბამისად, ზუსტად ვერაფერს ვიტყვით.

ბუნებრივია, უკრაინის გადასაწყვეტია, როდის ან საერთოდ დაჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაზე. რუსეთი კი ისევ სარაკეტო დარტყმებით ცდილობს აიძულოს ეს უკრაინას, ისევ დარტყმები ენერგომატარებლებზე, რომ უკრაინა დარჩეს სიცივეში. ასე რომ, მარტივი ვითარება ნამდვილად არ არის.

უკრაინას ამ ეტაპზე ნამდვილად გააჩნია გარკვეული ტაქტიკური წარმატება და ამიტომაც, უკრაინას აქტიურად უნდა გაუგრძელდეს დახმარება.

უკრაინა რომ არ უნდა დამარცხდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

„იმპიჩმენტის პროცედურა არალეგიტიმურია“ – რას წერენ საკონსტიტუციოს „მეგობრები“

„საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცედურა არალეგიტიმურია, რადგან ეფუძნება კონსტიტუციის თვითნებურ განმარტებას,“ – წერს თინათინ ერქვანია, ის პარლამენტის წარმომადგენლად მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში და „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“ საკონსტიტუციოს მოსამართლეებს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება გაუგზავნა.

Amicus curiae ანუ იგივე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სასამართლოსთვის მიმართვა ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია. ამიკუსებს უგზავნიან საერთო სასამართლოებსაც. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვინ უგზავნის ამიკუსს სასამართლოებს და რამდენად ითვალისწინებენ მას მოსამართლეები?

ბოლო ამიკუსი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გაუგზავნეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეხება. ამ საქმის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შემდეგ კვირას, 2023 წლის 3 ოქტომბერს შეიკრიბება.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა. მთავრობისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი, კონსტიტუციის 78-ე მუხლზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც:

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

„…პრეზიდენტი არ არის ვალდებული ყველაფერში ეთანხმებოდეს მთავრობას,“ – წერს ამიკუსში თინათინ ერქვანია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს. – „საპარლამენტო რესპუბლიკებშიც კი ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტის პოლიტიკურ  და კონსტიტუციურ მანდატს. პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ხელისუფლების პოლიტიკური სატელიტი, მით უმეტეს, თუ ის არის პირდაპირ არჩეული და პოლიტიკური პარტიებისგან სრულიად დამოუკიდებელი [აპარტიული პოლიტიკური სუბიექტი].

პრეზიდენტმა დაარღვია მხოლოდ ის ნორმა, რაც კონსტიტუციაში არასწორად აღმოჩნდა 2017/18 წლების საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად. ამ კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის წარმოებას არ აქვს ერთმნიშვნელოვანი კონსტიტუციური საფუძველი.

საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პოზიციონირებისა და მისი პოლიტიკური იმიჯისთვის რეგიონში [და არა მხოლოდ] უმნიშვნელოვანესი და არსებითია, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი არ წარიმართოს იმ მოტივით, რომ ის, უბრალოდ, საქართველოს ევროპულ კავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციის სასარგებლოდ საუბრობდა ევროპის დედაქალაქებში.

სწორედ ეს არის არაკონსტიტუციური და არა საქართველოს პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის სრულიად ლეგიტიმური და მისსავე კონსტიტუციურ მანდატთან შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური აქტივობები,“ – აღნიშნავს ამიკუსში თინათინ ერქვანია.

იგი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სრული პროფესორია, ასევე საერთაშორისო სამართლისა და შედარებითი საჯარო სამართლის ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის ინსტიტუტის (MPIL Heidelberg) და პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (SciencesPo) სამართლის სკოლის (École de droit) მიწვეული მკვლევარია.

თინათინ ერქვანია

თინათინ ერქვანია დეტალურად ასაბუთებს, მისი აზრით, რატომ არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არალეგიტიმური. ამიკუსიდან რამდენიმე ამონარიდს აქვე გაგაცნობთ:

„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით 2018 წელს აირჩიეს. მიუხედავად ამისა, 2017/18 წლების საკონსტიტუციო რეფორმის ავტორების გადაწყვეტილებით [საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო ამჟამინდელი მმართველი პარტიის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე], მასზე სრულად გავრცელდა საპარლამენტო რესპუბლიკის ატრიბუტები. რაც გულისხმობს, რომ საქართველო, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ დაახლოებით ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის იმანენტური (დამახასიათებელი) უკიდურესად შეზღუდული უფლებამოსილებებით.

2017/18 წლების საკონსტიტუციო რეფორმას, გარდა დეფიციტის ლეგიტიმაციისა, თან ახლავს ხარვეზები მაგ. კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტის საგარეო წარმომადგენლობა უნდა განხორციელდეს მთავრობის თანხმობით, რაც საპარლამენტო მმართველობის ფარგლებშიც კი არ შეესაბამება პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციებს (იხ. მაგალითად, გერმანიის ძირითადი კანონის შესაბამისი მუხლი 59, სადაც ასეთი თანხმობა არ არის გათვალისწინებული ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური წარმომადგენლობისას კონსტიტუციის ტექსტში.

კოორდინირებითი პროცედურები მიმდინარეობს მთავრობასთან საგარეო-პოლიტიკის დეფინირებისას, როგორც დამკვიდრებული კონსტიტუციური პრაქტიკა, მაგრამ კონსტიტუციაში ეს არ არის აღნიშნული). ეს ფორმულირება არ არის თავსებადი სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენციის (1969 წ.) მე-7 მუხლთან, რომლის შესაბამისად, პრეზიდენტი a priori წარმომადგენელია საკუთარი ქვეყნისა საგარეო ურთიერთობებში და თან საერთაშორისო-სამართლებრივად. კონსტიტუციის ტექსტი პრეზიდენტის საგარეო წარმომადგენლობისას მთავრობის თანხმობის აუცილებლობაზე არ უნდა რეფერირებდეს.

საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კონსტიტუციური მანდატის გათვალისწინებით, უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო საერთაშორისო დონეზე მთავრობის თანხმობის გარეშე [მით უმეტეს, რომ წინასწარი კონსულტაციები შედგა მთავრობასთან და პრეზიდენტმა სცადა კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალობის დაცვა], როდესაც საკითხი უკავშირდება, უბრალოდ, პოლიტიკურ ვიზიტებს ევროპის დედაქალაქებში…

ზოგადად, ცხადია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკების სტანდარტი არის ის, რომ საგარეო წარმომადგენლობის პროცესში მთავრობასთან მოლაპარაკების და კოორდინირებითი პროცედურები მიმდინარეობს. მაგრამ ეს პირდაპირ კონსტიტუციაში არ უნდა ჩაიწეროს.

ამ კონტექსტშიც ამ შემთხვევაში ორი ძირითადი ფაქტორია გასათვალისწინებელი: სალომე ზურაბიშვილი არის პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი – საქართველოს ჯერ არ ჩამოუყალიბებია სრულად საპარლამენტო რესპუბლიკა. და მეორე: პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეო-პოლიტიკური საქმიანობა არ საჭიროებს მთავრობის თანხმობას ნებისმიერ შემთხვევაში (საპარლამენტო რესპუბლიკებში მთავრობის თანხმობა და წინასწარი კონსულტაცია სჭირდება მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური კურსის განსაზღვრის საკითხს და იმ აქტივობებს პრეზიდენტისას, რასაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. მაგ. საერთაშორისო ხელშეკრულების დადება). მით უმეტეს, როცა ეს უკანასკნელი ახორციელებს უშუალოდ კონსტიტუციით გაცხადებულ და დეფინირებულ პოლიტიკურ ნებას,“ – წერს თინათინ ერქვანია.

ეს ამიკუსი უკვე მოსამართლეების სამუშაო მაგიდაზეა და იგი ილია ჭავჭავაძის ციტატით იწყება: „კონსტიტუციას უწოდებენ იმ ნაირ წესს მართებლობისას, რომლით ხელმწიფის უფლება გარეშემოზღრულია ხალხისაგან ამორჩეული დეპუტატებისაგან“.

საინტერესო აქ ერთი დეტალია: სახალხო დამცველი, რომელიც ამიკუსით ხშირად მიმართავს სასამართლოებს, „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით ამ დრომდე „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“ არ მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. სახალხო დამცველის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, ამზადებს თუ არა ამიკუსს ლევან იოსელიანი „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“.

„2022 წელს 20 მოსაზრება გვქონდა, 2023 წელს – 25“, – მხოლოდ ციფრები მოგვაწოდეს სახალხო დამცველის პრესცენტრიდან. აქ ასევე უარი გვითხრეს ესაუბრათ, რა საკითხებზე უგზავნიან ამიკუსს სასამართლოებს, ითვალისწინებს თუ არა მათ სასამართლო და რა პრაქტიკა გვაქვს ამ კუთხით?

სახალხო დამცველის დუმილს თინათინ ერქვანიაც უსვამს ხაზს თავის ამიკუსში:

„…მისი დუმილი მიმდინარე კონსტიტუციური კრიზისებისას [მაგ. პრეზიდენტის იმპიჩმენტი] სახალხო დამცველის მანდატის დაკნინების და არაკონსტიტუციური პრაქტიკის ჩამოყალიბების საფუძველია.

სინამდვილეში სახალხო დამცველს ახლა საკუთარი პოზიცია მზად უნდა ჰქონდეს პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებულ არალეგიტიმურ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით და მინიმუმ amicus curiae-ის (ე.წ. „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება) მოსაზრების ფორმით უნდა შეჰქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

მოქალაქე, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს ამიკუსით მიმართა 

„ამიკუსით მაშინ მიმართავენ სასამართლოებს, თუკი საზოგადოება დაინახავს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და მოსამართლე კვალიფიციურ არგუმენტებს იზიარებს, დღეს კი, ყველა ხედავს, რომ სასამართლოში „პარადი“ მარტო იუსტიციის საბჭოს მიჰყავს,“ – ეს რემზი შარაძის მოსაზრებაა ამიკუსზე. ეს ის მოქალაქეა, რომელმაც 2020 წელს, როგორც ფიზიკურმა პირმა ისე მიმართა სასამართლოს.

რემზი შარაძე 27 წელი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ახლა – ადვოკატია. რემზი შარაძემ „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა საკონსტიტუციოში იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ დავა მოიგო. მისი სარჩელი აუქციონის გამართვის პროცედურას ეხებოდა.

რემზი შარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის მოგების შემდეგ

ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნულოვანი აუქციონის ჩატარებამდე სახელმწიფო არ იღებდა ყველა გონივრულ ზომას ქონების უფრო მაღალ ფასად რეალიზებისათვის. სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

„მართალია, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დამიკმაყოფილა და აუქციონის ჩატარების წესი შეიცვალა, მაგრამ ამის შემდეგ სხვა სარჩელზე მივმართე ამიკუსით საკონსტიტუციოს. ჩემი აზრით, მრავალჯერ არ უნდა გადიოდეს ერთი და იგივე ქონება აუქციონზე…

ჩემი ამიკუსი საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, თანაც, მაშინ პანდემია დაიწყო და ვერ შედგა განხილვა. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩემი აზრით, უფრო აინტერესებს სხვების მოსაზრება და ცოტა შანსი არსებობს, რომ ეს გაითვალისწინოს კიდეც.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზეც ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის არგუმენტი უნდა გაითვალისწინოს. მოსამართლეებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობისაა.

დრო ჯერ კიდევ არის – ვფიქრობ, მივწერო ჩემი ამიკუსი ამ საკითხზე საკონსტიტუციოს,“ – გვიყვება რემზი შარაძე.

საია-ს იურისტი: ჩვენი ბოლო ამიკუსი საპენსიო ასაკის გათანაბრების საკითხს ეხება 

„ბოლოს, როცა მივმართეთ ამიკუსით საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, არის საპენსიო ასაკის საქმე,“ – გვიყვება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი გოცირიძე.

საუბარია სარჩელზე, რომლის ავტორიც დისკრიმინაციად მიიჩნევს ქალის პრივილეგიას – პენსიაში უფრო ადრე გავიდეს, ვიდრე კაცი. საია მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე ქვეყანაში ქალის და კაცის შემოსავლები არ გათანაბრდება.

გიორგი გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე – ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„ჩვენ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ სტატისტიკა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ქალის შემოსავლები კაცის შემოსავლებზე ნაკლებია. შესაბამისად, კაცს მეტი საშუალება აქვს, რომ დაზოგოს თანხა. ჩვენი მოსაზრება არის ის, რომ ვიდრე ასეთი დიდი განსხვავებაა ქალისა და კაცის ფინანსურ შემოსავლებს შორის, გამართლებული შეიძლება იყოს ასეთი განსხვავებული მოპყრობა, ვიდრე არ მოხდება ქონებრივი მდგომარეობის გათანაბრება,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე.

გიორგი გოცირიძის შთაბეჭდილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველთვის აინტერესებს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებები და იყო შემთხვევები, როცა ამიკუსები სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც კი აისახა.

„მაგალითად, 2010 წლის საქმეში სასამართლომ გაიზიარა ჩვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. ჩვენი დოკუმენტი სამოტივაციო ნაწილში აისახა, რაც იშვიათია, რომ „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება სამოტივაციო ნაწილში აისახოს.

მახსენდება ასევე „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ამიკუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვის საქმეზე. სხვა შემთხვევა არ მახსენდება, როცა ამიკუსი გაიზიარეს.

ჩვენ გვქონდა ასევე მოსაზრება წარდგენილი ელჩების დანიშვნის საკითხზე, რასაც ასევე ედავებოდნენ სალომე ზურაბიშვილს, თუმცა ეს წარდგინება, როგორც გახსოვთ, გაითხოვეს…“ – ამბობს გიორგი გოცირიძე.

  • ვის შეუძლია მიმართოს სასამართლოს ამიკუსით? 

ამიკუსით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას კანონი არეგულირებს: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პრიმა 4 მუხლის მიხედვით:

„ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დამტკიცებული ფორმით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თავისი წერილობითი მოსაზრებით. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ვალდებული, მხედველობაში მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წერილობითი მოსაზრება.

საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება, რომელიც შესაძლებელია აისახოს აგრეთვე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებას საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მას უფლება აქვს, გამოიძახოს იგი სასამართლო სხდომაზე დამატებითი შეკითხვების დასმის მიზნით,“ – ვკითხულობთ კანონში.

რაც შეეხება საერთო სასამართლოებს – ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პრიმა ერთი მუხლი „სასამართლოს მეგობრის“ ანუ Amicus Curiae-ს საკითხს აწესრიგებს:

„ნებისმიერ პირს, რომელიც განსახილველ საქმეში მხარე ან მესამე პირი არ არის, აქვს უფლება, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით.

წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი არ უნდა იყოს საქმის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა. წერილობითი მოსაზრება სასამართლოს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში უნდა დაეხმაროს. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ არის შედგენილი, ის მას არ განიხილავს.

სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები, თუმცა, თუ საჭიროდ მიიჩნევს, ის უფლებამოსილია გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება. ეს მოსაზრება შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აისახოს. სასამართლო უფლებამოსილია საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად,“ – აღნიშნულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში.

ამიკუსი შეიძლება ეხებოდეს როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის საქმეებს.

____

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

 

რა არის და რატომ ჩნდება ჰიგრომა – ექიმის რჩევები

ჰიგრომა ე.წ. ცრუ თიაქარია, რომელიც ძირითადად სახსრების მიდამოში ვითარდება და ხელითაც ისინჯება. ეს არ არის ავთვისებიანი წარმონაქმნი, თუმცა “ბათუმის სამედიცინო ცენტრის” პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგი, შალვა გლახოშვილი ამბობს, რომ ჰიგრომა მკურნალობას მაინც საჭიროებს, რადგან დისკომფორტის გარდა, შესაძლოა რიგ შემთხვევებში ანთებითი პროცესისა და ტკივილების მიზეზი გახდეს.

  • ბატონო შალვა, როგორ ჩნდება ჰიგრომა?

მისი მიზეზი ძირითადად ტრავმებია, მათ შორის მიკრო-ტრავმები. 

ამ დროს ზიანდება სასახსრე ჩანთა და შემდეგ ვითარდება ცრუ თიაქარი, რომელიც შემოიფარგლება გარშემო ქსოვილებით, შიგნით არის სასახსრე, ერთგვარ ჟელესებრ სითხე.

ხელით შეგრძნების დონეზე ეს არის მომრგვალო, რბილი, მცირედით/ნაკლებად მოძრავი წარმონაქმნი, რომელიც ხელით დაჭერისას იჩუტება, მაგრამ მერე ისევ იზრდება.

  • სად ლოკალიზდება უმეტესად?

ძირითადად სახსრების მიდამოში ვითარდება, შეიძლება იყოს წვივ-მაჯა, იდაყვის სახსარი, პატარა წვრილი სახსრები მაგალითად თითების, ანუ სახსროვანი პრობლემაა უფრო.

  • ტკივილი ახასიათებს?

თუ ეს ჰიგრომა ისეთ ადგილზეა ლოკალიზებული, რომ კომპრესიას ახდენს, ანუ აწვება ნერვიულ დაბოლოებაზე, მაშინ შეიძლება ტკივილიც ახლდეს, სხვა შემთხვევაში არ არის მტკივნეული.

  • როგორია მკურნალობა?

მკურნალობის ორი გზა არსებობს. შეიძლება ამ სასახსრე სითხის ევაკუაცია [ამოღება] მოხდეს ექოსკოპიის კონტროლის ქვეშ, რის შემდეგაც საჭიროა ცოტა ხანი კომპრესია [დაჭერა], სასახსრე ჩანთა რომ დანაწიბურდეს, ანუ  შეხორცდეს. მაგრამ, თუ ქირურგიული გზით არ მოვაშორებთ მას, არის რეციდივის რისკი.

ამიტომაც, ძირითადად მაინც ისევ ქირურგიულ ჩარევას მივმართავთ, რა დროსაც ხდება ამ სითხის ევაკუაცია ქირურგიულად და სასახსრე ჩანთის პლასტიკა.

  • გართულება რა შეიძლება მოჰყვეს?

შეიძლება გასკდეს სპონტანურად და გააჩნია სად ჩაიღვრება. თუ ეს დიდი სახსარია, სითხის ჩაღვრის შემდეგ ანთებითი პროცესი მიდის და იწყება ძლიერი ტკივილები.

მაგრამ ასეთ დროს – გასკდომისას, რეციდივი ხდება. ქირურგიული ჩარევის გარეშე გამეორება ძალიან ხშირია, ქირურგიული ჩარევის შემთხვევაშიც არის პატარა შანსი, რომ მოხდეს რეციდივი.

„საფრთხე ექმნება ადგილობრივებს და მგზავრებს. თუ შეიძლება, გააშუქეთ“ – ფოტორეპორტაჟი ხულოდან

„ხულო-დიდაჭარის გზაზე გზის მშენებლობისას კლდეს ძირი გამოუთხარეს და ჩამოიშალა. სამუშაოები დასრულებულია და ასფალტი ახალდაგებული.

მსგავსი პრობლემებია სხვა მონაკვეთებზეც, საფრთხე ექმნებათ როგორც მგზავრებს, ასევე ადგილობრივებს. თუ შეიძლება გააშუქეთ“, – ეს ტექსტი ფოტოებთან ერთად „ბათუმელებს“ გრანდი თავართქილაძემ გამოუგზავნა.

გრანდი თავართქილაძე ასე აღწერს არსებულ სიტუაციას: „ხულოს ცენტრიდან კილომეტრ-ნახევარში, სოფელ დიაკონიძეებთან მისვლამდე, 500-მეტრიან მონაკვეთზე კლდეს ძირი გამოუთხარეს. ამ მონაკვეთის ზემოთ მდებარეობს სოფელი ოქრუაშვილები, აქ ადრე იყო საანის აბანო, მაგრამ ახლა გაქრა.

მე ამ მონაკვეთის ზემოთ სახლი მაქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ საშიშია. სწორედ ამიტომ ზაფხულში მოვიწვიეთ გეოლოგი ადგილზე სიტუაციის შესაფასებლად. გეოლოგმა გვითხრა, რომ ეს არ არის მყარი კლდე, მოძრავი მიწაა და ამიტომ საშიშია.

გამოთხარეს აქაურობა, ფერდობი ძალიან მაღალი გახდა, დამცავი ჯებირების მოწყობა ძალიან გაჭირდება, მაგრამ რომც მოაწყონ, შეიძლება ეს უფრო საშიში იყოს, რადგან ამოძრავებული მიწა ამ ჩამოსხმულ კედელსაც გადმოაგდებს“.

ფოტო: გრანდი თავართქილაძე. ფოტოები გადაღებულია ზაფხულში
ფოტო: გრანდი თავართქილაძე. ფოტოები გადაღებულია ზაფხულში
ფოტო: გრანდი თავართქილაძე. ფოტოები გადაღებულია ზაფხულში
ფოტო: გრანდი თავართქილაძე. ფოტოები გადაღებულია ზაფხულში
ფოტო: გრანდი თავართქილაძე. ფოტოები გადაღებულია ზაფხულში
ფოტო: გრანდი თავართქილაძე. ფოტოები გადაღებულია ზაფხულში

 

გუშინ ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში, მეწყერი ჩამოწვა.

ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში კლდე ჩამოიშალა – ხულო-ახალციხის გზა ჩაკეტილია

1, 7, 7ა და 8 ნომერი საქალაქო ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ლეონიძისა და ხახულის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით იცვლება მიმართულება შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე:  1, 7, 7ა და 8.

N1 სამარშრუტო ხაზზე ავტობუსი იმოძრავებს ორბელიანის-შარტავას-ბაგრატიონის-აღმაშენებლის-ტაბიძის-რურუას-აღმაშენებლის ქუჩებით.

N7 სამარშრუტო ავტობუსი იმოძრავებს ვარშანიძის-გენერალ ასლან აბაშიძის-შარტავას-ბაგრატიონის-აღმაშენებლის-ტაბიძის-რურუას-აღმაშენებლის ქუჩებით.

N7ა სამარშრუტო ხაზზე ავტობუსი იმოძრავებს აღმაშენებლის-ლეონიძის-გენერალ ასლან აბაშიძის-ვარშანიძის ქუჩებით.

N8 სამარშრუტო ხაზზე კი ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი ქუჩებთ: ორბელიანი-შარტავა-ბაგრატიონი-აღმაშენებელი-ტაბიძე-რურუა-აღმაშენებელი.

ხულოში, მწვანე ტბასთან გაუჩინარებულ კაცს მეორე დღეა ეძებენ

მეორე დღეა ხულოში, მწვანე ტბასთან გაუჩინარებულ 55 წლის კაცს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, „შესაბამისი სამსახურები ჩართულები არიან და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“.

ცნობილია, რომ კაცი ხულოს მკვიდრია.

ადგილობრივების თქმით, იგი გაუჩინარებამდე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ქობულეთში უეფას მე-2 კატეგორიის სტადიონს ააშენებენ VIP შესასვლელითა და პარკინგით

ქობულეთში არსებული საფეხბურთო სტადიონის ადგილზე ახალი, 7-8 ათას მაყურებელზე გათვლილი უეფას მე-2 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მოწყობა იგეგმება.

სტადიონის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ [ყოფილი შპს „სტადიონი“] კონკურსს გამოაცხადებს. მანამდე კი, კომპანია, სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, ბაზარს იკვლევს.

ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, უეფას მეორე კატეგორიის სტადიონზე ნებადართულია ჩატარდეს:

  • „საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის თასის მატჩები
  • ევროლიგის, კონფერენს ლიგის და ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე ეტაპის მატჩები
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების ამხანაგური თუ ყველა ახალგაზრდული ნაკრებების [17, 19 და 21 წლამდე ნაკრებების] ოფიციალური მატჩები

სტადიონი უნდა იყოს ერთიარუსიანი და აუცილებლად დახურული ოთხივე მხარეს.

მინდორი ოთხივე მხრიდან უნდა ნიავდებოდეს ბუნებრივი ვენტილაციით [გამჭოლი ჰაერით]. გადახურვამ ხელი არ უნდა შეუშალოს მზის სხივების წვდომას წელიწადის ნებისმიერ დროს ბუნებრივი საფარის მთელს არეალზე.“

სტადიონის დამპროექტებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს შემდეგი მოთხოვნები:

  • „მინდვრის საფარი უნდა იყოს ჰიბრიდული ბუნებრივი საფარი [აღჭურვილი დრენაჟით და ავტომატური სარწყავი სისტემით].
  • სპორტული განათების სანათები უნდა იყოს აუცილებლად LED ტიპის. ელ.კვების გათიშვის შემთხვევაში უნდა ჩაირთოს სათადარიგო დენის წყარო (ან გენერატორი) 5-10 წამში და უნდა უზრუნველყოს 100% განათება.
  • სტადიონზე უნდა დაპროექტდეს: ფეხბურთელთა მოთელვის ადგილი; ორი გასახდელი; მსაჯის და დელეგატის ოთახი; სასწრაფო პირველადი დახმარების ოთახი ფეხბურთელებისა და ოფიციოზისთვის; ტელესტუდიები, საპრესკონფერენციო ოთახი და შერეული ზონა, დოპინგის ოთახი; გუნდების და ოფიციოზის პარკინგი და სხვა.
  • „მაყურებელთა სკამი უნდა იყოს გასაშლელი, უნდა იყოს ინდივიდუალური, მყარად დაფიქსირებული, ერთმანეთისგან გამოყოფილი და ანტივანდალური. საზურგის სიმაღლე უნდა იყოს სულ მცირე 30 სმ. (რაოდენობა დაზუსტდეს პროექტის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 7000-სა და არაუმეტეს 8000-სა).
  • ხის საერთო დასაჯდომი სკამები კატეგორიულად აკრძალულია.
  • ასევე გასათვალისწინებელია რაგბის კარები, რაგბის სათამაშო მოედნის ზომები 94X68, კარის სიმაღლე 15 მ.
  • სტადიონს უნდა ჰქონდეს ყველა სექტორში ყველა მაყურებლისთვის განკუთვნილი ცივი კვების ობიექტი არანაკლებ – 8.
  • სტადიონის საერთო ტევადობის არანაკლებ 5% უნდა იყოს განკუთვნილი სტუმართა გუნდის გულშემატკივრებისთვის და უნდა იყოს გამოყოფილი შემოღობვით. ასევე აღნიშნულ ტრიბუნაზე შესასვლელი უნდა იყოს ცალკე სხვებისგან დამოუკიდებელი. აღჭურვილი უნდა იყოს კვების ობიექტით და შესაბამისი რაოდენობის სან-კვანძებით.
  • პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სტადიონის ყველა სექტორზე. პირველადი დახმარების ოთახი და ოთახამდე მისასვლელი მკაფიოდ უნდა იყოს მინიშნებული.
  • პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საპროექტო ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა (მათ შორის სახანძრო-სამაშველო და შშმ პირთათვის). გასათვალისწინებელია ევაკუაციის გეგმა და სახანძრო სისტემები“.

სტადიონზე „VIP ლოჟა უნდა იყოს გადახურული, უნდა მდებარეობდეს მთავარ ტრიბუნაზე (დასავლეთ ტრიბუნა) მინდვრის შუახაზის ამოყოლებაზე, საჯარიმოებს შორის, 100 ადამიანზე, ადაპტირებული შქმ მაყურებელზე. VIP ლოჟა უნდა იყოს, აღჭურვილი მოსასვენებელი
სივრცით, ბარით, სამზარეულოთი, ტელევიზორით, ინტერნეტით, უნდა მოეწყოს სამედიცინო პუნქტი, სან-კვანძები, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი შესასვლელი, დასასხდომი ადგილი უნდა იყოს შემოსაზღვრული მუდმივი ჯებირით.

VIP შესასვლელი უნდა იყოს ადაპტირებული VIP პარკინგთან.

რაც შეეხება მედიას – „მედიის წარმომადგენელთათვის უნდა მოეწყოს ერთი სამუშაო ოთახი, რომელიც უნდა იყოს აღჭურვილი მერხებით, ინდივიდუალური დენის წყაროთი და ტელეფონ/ინტერნეტით არანაკლებ 45 ადამიანზე.“

დასაპროექტებელი სტადიონის ჩრდილოეთ და დასავლეთ ტრიბუნების ქვეშ უნდა მოეწყოს კომერციული ფართობები, რომელთაც „პირდაპირი წვდომა უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ სივრცესთან. ყველა კომერციული ფართობი უნდა იყოს ინდივიდუალური შესასვლელით და აღჭურვილი იყოს ყველა საჭირო ინდივიდუალური საინჟინრო სისტემებით.“

ქობულეთის საფეხბურთო სტადიონი დღეს:
ქობულეთის საფეხბურთო სტადიონი დღეს / 29.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ქობულეთის საფეხბურთო სტადიონი დღეს / 29.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ქობულეთის საფეხბურთო სტადიონი დღეს / 29.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ქობულეთის საფეხბურთო სტადიონი დღეს / 29.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ქობულეთის საფეხბურთო სტადიონი დღეს / 29.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ქობულეთის საფეხბურთო სტადიონი დღეს / 29.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ქობულეთის საფეხბურთო სტადიონი დღეს / 29.09.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

განახლება: „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ ბაზრის კვლევა ამავე საკითხზე ხელახლა გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავიანთი წინადადებები კომპანიას წერილობითი სახით მიაწოდონ, არაუგვიანეს 2023 წლის 20 ნოემბრისა. 

„ქობულეთის საფეხბურთო სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში მონაწილე სუბიექტების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ვერ მოხერხდა პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენა, კვლევის ბაზრის გაფართოებისა და მსურველთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ხელახლა გამოაცხადა ბაზრის კვლევა.“ – მოგვწერეს კომპანიიდან 9 ნოემბერს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით:

ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირის N49-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, სადაც სტადიონია განთავსებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

მიწის ნაკვეთის ფართობი 24 976 კვადრატული მეტრია, ხოლო მასზე მდებარე სტადიონის ფართობი – 2 127 კვადრატული მეტრი.

ქონება უზუფრუქტით გადაცემულია შპს „საფეხბურთო კლუბი შუქურაზე“. თავის მხრივ „საფეხბურთო კლუბი შუქურას“ 100% წილის მესაკუთრეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

წილის მმართველი კი, შპს „საფეხბურთო კლუბი ქობულეთის შუქურაა“, რომლის 17%-ს აიეტ კუკავა ფლობს, ხოლო დანარჩენ 83%-ს სააქციო საზოგადოება „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“. ამ ჰოლდინგის დირექტორი და მესაკუთრეც აიეტ კუკავაა.

[„საფეხბურთო კლუბი ქობულეთის შუქურას“ წილებს აიეტ კუკავა და „ჰოლდინგი“ ,2023 წლის დეკემბრიდან ფლობენ. მანამდე, კი „შუქურას“ წილებს ჯუმბერ გოგიტიძე, რევაზ ჩელებაძე, გიორგი გოგისვანიძე, გიორგი თბილელი შემდეგ თეკლა ნაცარიშვილი] ფლობდნენ.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ჩელებაძის წასვლის შემდეგ ქობულეთის „შუქურას“ მიწა უსასყიდლოდ გადასცეს

პუტინი „ვაგნერის“ მეთაურებს შეხვდა და ახალი დაჯგუფების შექმნა განიხილა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვდა „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელებს და მათთან მოხალისეთა დანაყოფების ფორმირება განიხილა. მათ  შორის იყო გადამდგარი პოლკოვნიკი ანდრეი ტროშევი.

რუსული სამთავრობო მედიის – „ტასის“ ცნობით, პუტინმა ტროშევს შეახსენა, რომ მათ უკვე განიხილეს უკრაინაში მოხალისე მებრძოლთა ქვედანაყოფების ჩამოყალიბების საკითხი.

„ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდით ასეთ დანაყოფში. იცით, როგორ კეთდება ეს“, – უთხრა პუტინმა ტროშევს.

დღეს, 29 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა წერს, რომ „ვაგნერელები“ უკრაინაში ბრუნდებიან, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ქმნიან მცირე ჯგუფებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა პრორუსულ შენაერთში. არსებული ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე ასეულ ადამიანზე.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „ვაგნერელები“ კონცენტრირდნენ დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით, სადაც მათ ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვთ.

„ვაგნერმა“ უკრაინაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობა შეწყვიტა 2023 წლის ივნისში.

„ვაგნერის“ დაჯგუფების დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, მის მიერვე წამოწყებული წარუმატებელი ამბოხიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

_____________

ფოტო: EPA-EFE/MIKHAIL METZEL

რუსეთმა შეამცირა შეტევის ტემპი კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ბოლო, 28 სექტემბრის ანგარიშის თანახმად, ბოლო დღეებში რუსეთის ჯარებმა შეანელეს შეტევითი ოპერაციების ტემპი კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას ხაზის გასწვრივ.

რუსი და უკრაინელი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად აფიქსირებენ, რომ კუპიანსკისა და ლიმანსკის ხაზზე რუსეთის სახმელეთო თავდასხმები შემცირდა. ეს ადასტურებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის შეტევას ასუსტებს ამ მიმართულებაზე – მიიჩნევენ ანალიტიკოსები.

ISW-ის წინასწარი შეფასებით, რუსეთის შეტევითი ოპერაციები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას მიმართულებით მიზნად ისახავდა უკრაინული ჯარების დამაგრებას ამ ხაზზე. შესაბამისად, ფრონტის უფრო მნიშვნელოვანი სექტორებიდან მათ ჩამოშორებას.

ამავე დროს, ISW-ი წერს, რომ რუსული ავიაცია სულ უფრო აქტიურია ხარკოვის, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქებში – როგორც ჩანს, ნაკლებად აქტიურია დასავლეთ ზაპოროჟიეს რაიონებში, სადაც უკრაინული ძალები აწარმოებენ კონტრშეტევას.

მარიუპოლის მერის მრჩეველზე, პეტრო ანდრიუშენკოზე დაყრდნობით ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა პარტიზანებმა ცეცხლი წაუკიდეს რუსეთის სამხედრო ობიექტს ოკუპირებულ იალტაში, დონეცკის ოლქში (მარიუპოლიდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ).

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 სექტემბრის 21 საათიდან 30 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში პირველ და 2 ოქტომბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

გომისმთაზე მისასვლელად ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური გრაფიკი გაგრძელდა

გომისმთაზე მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტითაა დაშვებული და ისიც სპეციალური გრაფიკით. ოზურგეთი-გომისმთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ კვირას არის თავისუფალი დღე-ღამის განმავლობაში. დანარჩენ დღეებში კი მოძრაობა შეზღუდულია.

კონკრეტულად:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები შემდეგი რეჟიმით:

  • ყოველი კვირის ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა თავისუფალია 03:00 სთ-დან, 05:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;
  • შაბათს მოძრაობა თავისუფალია 15:00 სთ-დან, 21:00 სთ-მდე. ხოლო დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;
  • კვირას მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში.

კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“.

აღნიშნულ გზაზე ფაქტობრივად ანალოგიური რეჟიმი 2023 წლის 8 აგვისტოდან მოქმედებს, რომელიც 8 სექტემბერს უნდა გაუქმებულიყო, თუმცა, დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, გზაზე შეზღუდვები გაგრძელდა.

„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კურორტ გომისმთაზე 2023 წლის ზაფხულამდე ახალი გზა უნდა ყოფილიყო, თუმცა „რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება ზაფხულის სეზონზე“, – მოგვწერეს დეპარტამენტის პრესცენტრიდან დაახლოებით ერთი თვის წინ.

მაშინ საავტომობილო გზების დეპარტამენტში ასევე განმარტეს, რომ „კომპანიას, სამუშაოების დასასრულებლად, ვადა 2023 წლის ბოლომდე მიეცა“.

გზის სამუშაოებს კურორტ გომისმთაზე კომპანია „ნიუ როუდი“ ასრულებს.

ამავე თემაზე:

როდის იქნება გზა გომის მთაზე? – „მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ დასრულდა“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 277 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +340]
  • ტანკი – 4 687 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 8 972 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 6 409 ერთეული [+34]
  • MLRS – 794 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 536 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 991ერთეული [+34]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 529 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 836 ერთეული [+21]
  • სპეცტექნიკა – 930 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 482 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 252 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 210 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 157 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 584 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 590 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]პუტინი „ვაგნერის“ მეთაურებს შეხვდა და ახალი დაჯგუფების შექმნა განიხილა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ნატო გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებას უკრაინისა და საკუთარი რეზერვებისთვის

საქმეები სასამართლოში, როცა მოგებულიც წაგებულია

„უკვე 3 წელი იწელება ეს პროცესი. რას ნიშნავს, იურისტი არ ჰყავს აჭარის ტელევიზიას, სადაც 400 ადამიანია დასაქმებული?“ – მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მიუბრუნდა იურისტი ანა ბერძენიშვილი მას შემდეგ, როცა 2023 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ სამი წლის წინ – 2020 წელს დაწყებული „თეონა ბაკურიძის საქმე“ ისევ უნდა გადადებულიყო.

თეონა ბაკურიძე „აჭარის ტელევიზიის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო, როცა 2020 წელს სამსახურიდან გაუშვეს, მას შემდეგ, რაც ამ ტელევიზიის დირექტორს – ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი მოუწყვეს. მაშინ, როცა ტელევიზიაში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს საქმიანობის უფლება წაართვეს და გაჩნდა შეფასება „პოლიტიკურ ზეწოლაზე“, სასამართლოში 9 სარჩელი შევიდა. ამ საქმეებით საგრძნობია ერთი ტენდენცია, რაც ბოლო წლებში, ზოგადად, ქვეყანაში შრომით დავებს ახასიათებს:

გათავისუფლებულები მეტწილად შრომით დავებს იგებენ, დასტურდება უკანონო გათავისუფლება და ადამიანების დევნა, სასამართლოში დავას აგებს სამსახურიდან თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლებებით ცნობილი მინისტრი თეა წულუკიანიც, თუმცა ასევე მეტწილად სასამართლო სამსახურში არ აბრუნებს სისტემას ჩამოშორებულ ადამიანებს.

სასამართლო შრომით დავებში ხშირად აკმაყოფილებს კომპენსაციის საკითხს, თუმცა მკვიდრდება ახალი პრაქტიკა: თუ ადამიანი უკანონოდ გათავისუფლების შემდეგ დასაქმდა, ის კომპენსაციას ვერ, ან მცირე ოდენობით იღებს.

მთავარი ამ დავებში მაინც დროა: სასამართლო იმდენად აგვიანებს შრომითი დავების განხილვას, რაც კანონის მიხედვით 1 თვეში უნდა განიხილონ, რომ საკითხი აქტუალობას და მნიშვნელობას კარგავს. მაგალითად, სარჩელის მიმართვიდან სამი წლის შემდეგ ერთი სხდომაც კი არ ჩაუტარებია სასამართლოს ასევე „აჭარის ტელევიზიიდან“ გათავისუფლებული სოფო ჟღენტის საქმეზე.

„თეონა ბაკურიძის საქმეს“ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე განიხილავს – 26 სექტემბრის სასამართლო სხდომა

სამსახურში არც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დააბრუნეს, მაგალითად, მალხაზ რეხვიაშვილი და შორენა ღლონტი. მათ სასამართლოში დაადასტურეს, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს. არც ამ მოგებულ დავებზე დააკმაყოფილა სასამართლომ სამსახურში აღდგენის მოთხოვნა.

„შრომითი დავის მოგება და აღდგენის ნაწილის დაუკმაყოფილებლობა არის კიდევ უფრო დიდი უსამართლობა, რადგან სასამართლო ავლენს უუნარობას სამართლიანობისთვის ბრძოლაში,“ – მიიჩნევს ნათია კაპანაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი ხელმძღვანელი. ის განაგრძობს ბრძოლას საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის.

ნათია კაპანაძე ახლა „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელია. მას ვკითხეთ, რას აჩვენებს ტენდენცია, როცა ადამიანების სამსახურიდან გაშვებას სასამართლო უკანონობად აფასებს, მაგრამ მათ უკან არ აბრუნებენ?

ნათია კაპანაძე

„იმ საქმეებში, სადაც გათავისუფლებული პირები არ არიან პოლიტიკური სამიზნეები, სასამართლო მოკლებულია შანსს გააყალბოს ფაქტები და გაწელოს პროცესი. ქართული კანონმდებლობის თანახმად, შრომითი დავების განხილვა შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს.

შრომითი დავების დაკმაყოფილება და სამსახურში აღდგენაზე უარი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ განიხილავს ადამიანის შრომის თავისუფლებას, როგორც ადამიანის არსებობის, ადამიანის გამოხატვის თავისუფლების ნაწილად.

მოგებულ საქმეებშიც კი, ადამიანებს წართმეული აქვთ რესოციალიზაციის, სოციუმში დაბრუნების და თავისუფალი განვითარების შანსი. რესოციალიზაციის უფლება კი, სისხლის სამართლის დამნაშავეებსაც აქვთ გარანტირებული დემოკრატიულ ქვეყანაში.

ქართულ რეალობაში განსხვავებული მოსაზრებების ქონა და კრიტიკა ყველაზე დიდ დანაშაულად და დევნის საბაბად იქცა,“- გვითხრა ნათია კაპანაძემ.

რა როლს ასრულებს შრომით დავებში სასამართლო?

„მე ახლა მეოთხე ხარისხის სმენადაქვეითებით ვარ ამერიკაში ჩემი ოჯახის და მეგობრების დახმარებით, ველოდები ოპერაციის ჩანიშვნას, მაგრამ არანაკლები მოლოდინი მაქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩემი პროცესის მიმართ. ეს პროცესი უკანონო იმპიჩმენტის და დევნის გაგრძელებაა. ჩემ შემთხვევაში ბათუმის და ქუთაისის სასამართლოებმა გააღრმავეს უკანონობა და უსამართლობა, რომელიც მოქმედმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ” დაუკვეთა ხელისუფლების ყველა შტოს, ყველა მომხრეს თავისუფალი მედიის და გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ.

ცხადია, ამ დავალებას ასრულებს უზენაესი სასამართლოც, კანონით დადგენილი დროის გასვლის მიუხედავად პირველ სხდომასაც რომ არ ნიშნავს საქმეზე.

მე მჯერა, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ვერ შედგებოდა ჩემი დევნა. მეორეს მხრივ კი მე შევძლებდი დამემტკიცებინა სიმართლე, შესაძლებელი იქნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის უფრო სწრაფად განვითარება და პერსონალურად კი, არ დაზიანდებოდა ჩემი ჯანმრთელობა და ცხოვრება სახელისუფლებო უსამართლობასთან არათანაბარ წინააღმდეგობაში,“ – ამბობს ნათია კაპანაძე.

  • „წულუკიანს სურს კულტურა დაიჭიროს ხელში, მაგრამ ეს როგორი ზღაპარია, იცით?“ – მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი, ვინც წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო 

„წულუკიანს სურს, რომ სისტემა დაიმორჩილოს, კულტურა დაიჭიროს ხელში, მაგრამ რა კულტურა უნდა დაიმორჩილოს 21-ე საუკუნეში?“ – კითხულობს ლიკა მამაცაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმში მუშაობდა 47 წელი და 10 თვე.

ლიკა მამაცაშვილია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც თეა წულუკიანმა სამსახურიდან გაათავისუფლა. ლიკა მამაცაშვილმა სასამართლო დავა თეა წულუკიანს მოუგო.

რა შეიცვალა სასამართლოში წულუკიანისთვის საქმის მოგებით? – ვკითხეთ ისტორიის მუზეუმის ყოფილ თანამშრომელს.

ლიკა მამაცაშვილი მოგებული სასამართლო პროცესის შემდეგ – ფოტო „ნეტგაზეთის“ არქივიდან

„მოვიგეთ ალბათ ის, რომ ეს, პირველ რიგში, ღირსების საკითხია, როცა 47 წელი მუშაობ და არავისგან შენიშვნა არ მიგიღია… მე ვიყავი 105-ე, ვინც ეროვნული მუზეუმიდან გაუშვეს, თანაც ვერ გავიგე, რატომ? თავდაპირველად რატომღაც არაკომპეტენტურები დაგვარქვეს, შემდეგ დესტრუქციულები… ჩემს შემდეგ კიდევ ბევრი გაუშვეს.

მოვიდა [თეა წულუკიანი] და დაფინანსება შეგვიწყვიტა თანამედროვე ხელოვნებაში, 6 წელი ვაკეთებდით პროექტს, მხატვართა ჯგუფს ვუმზადებდით სრულ პორტფოლიოს… ვერ გავიგე, რა უნდოდა. მოსამართლემ ჰკითხა სამინისტროს წარმომადგენლებს, რა რეფორმა ჩაატარეთ ამ ქალბატონის მუზეუმიდან გათავისუფლებითო და ვერ მივიღეთ პასუხი. გამოვიდა, რომ რეფორმის დაწყებამდე გამათავისუფლეს.

ყველა მოიგებს ასეთ დავას, საერთოდ არაფერი ჰქონდათ ჩემ წინააღმდეგ. თეა წულუკიანს არ აინტერესებს სახელმწიფო ბიუჯეტი, ის, რომ ამდენი განაცდური და კომპენსაცია უნდა გაიცეს. წულუკიანს აქვს პოლიტიკური დავალება – კულტურა დაიმორჩილოს, მაგრამ ეს როგორი ზღაპარია იცით?

იმასაც ვფიქრობ, რომ პოლიტიკური დავალების გარდა, წულუკიანს შინაგანადაც მოსწონს ეს პროცესი. ეს გემოვნება აქვთ – პროფესიონალები ჩამოიშორონ, საშუალოზე დაბალი დონე იყოს ყველგან და აი, კულტურა უნდა იყოს ჩვენს ხელში.

ახლა კი არა, 37-ში ვერ დაიმორჩილეს კულტურა: მხატვრები ჩუმად ხატავდნენ და მწერლები წერდნენ იმას, რაც აკრძალული იყო. მლიქვნელი ყოველთვის იქნება, თანაც საკმაოდ ბევრი. ახლაც ბევრს ეშინია და არც გაუსაჩივრებია გათავისუფლება, მაგრამ თავისუფლების მოყვარულ ადამიანს წულუკიანი ვერ შეაშინებს, მას ყოველთვის გამოუხტება ვიღაც, ვინც გააპროტესტებს.

მე მჯერა, რომ თეა წულუკიანი მალე წავა ამ სისტემიდან. არა მგონია, „ოცნებაშიც“ უყვარდეთ და ვერ ამჩნევდნენ, როგორ აკლდებათ პოლიტიკურად, მათ შორის, წულუკიანის მინისტრობის გამო ხმები,“ – გვითხრა ლიკა მამაცაშვილმა.

ლიკა მამაცაშვილს სამინისტრომ ბიუჯეტის ხარჯზე კომპენსაციის სახით 1800 ლარი გადაუხადა იმის გამო, რომ ის სამსახურში ვერ დააბრუნეს. მას ასევე გადაუხადეს განაცდური.

  • „სამსახურში აღდგენა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა მოსამართლემ“ – მოგებული საქმეების იურისტის დაკვირვება 

„იმავეს გააგრძელებს. კი, დავის წაგება სასამართლოში ვერაფერს შეცვლის,“ – ასეთი შთაბეჭდილება აქვს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტს, სალომე შუბლაძეს, რომელმაც სამჯერ მოუგო დავა სასამართლოში თეა წულუკიანს და ვკითხეთ: რამდენად აისახება სასამართლოში საქმეების წაგება წულუკიანის საკადრო პოლიტიკაზე ამჯერად?

იურისტი ყურადღებას ამახვილებს ტენდენციაზე: სამივე შემთხვევაში სასამართლომ უკანონოდ გათავისუფლების სამსახურში აღდგენაზე უარი თქვა, ანუ ადამიანები ბიუჯეტის ხარჯზე განაცდურს და კომპენსაციას მიიღებენ ბიუჯეტის ხარჯზე, სამსახურში კი, პოლიტიკური სისტემისთვის მიუღებელი კადრები ვეღარ დაბრუნდებიან.

„პრობლემურია, რომ აღდგენას არ აკმაყოფილებს სასამართლო და ინდივიდუალური უფლების აღდგენა ბოლომდე ვერ ხერხდება. თეა წულუკიანის მიზანია, რომ არასასურველი კადრები მოიშოროს და მას ეს წაგება უღირს. უღირს, რომ კომპენსაციაც გადაიხადოს. მისი პრიორიტეტია ის, რომ დაიმორჩილოს სისტემა და ამისთვის მიდის ყველაფერზე.

მნიშვნელოვანია ამის დოკუმენტირება, როცა ადამიანებს დევნიან და სამართლიანობის აღდგენა ხდება გარკვეულწილად, ეს იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც.

ფაქტობრივი გარემოებებით იმდენად ნათლად ჩანს, რომ ეს ადამიანები უსაფუძვლოდ დაითხოვეს სამსახურებიდან, სასამართლოს პრაქტიკულად სხვა არჩევანი არ ჰქონდა,“ – მიიჩნევს იურისტი სალომე შუბლაძე.

სალომე შუბლაძე

თუ ამ ფაქტობრივ გარემოებებს ითვალისწინებს მოსამართლე და დამოუკიდებელია, რატომ არ აკმაყოფილებს მაშინ სამსახურში აღდგენის მოთხოვნის ნაწილს? – ვეკითხებით იურისტს.

„გამიჭირდება იმის ცალსახად თქმა, რომ პოლიტიკური გავლენის ქვეშაა სასამართლო, მაგრამ სასამართლო სისტემაში რომ არის მანკიერი გავლენები, ეს არის დოკუმენტირებული არაერთი ორგანიზაციის და საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ. არ გამიკვირდება, რომ ეს მანკიერი გავლენები ამ კონკრეტულ ქეისებზეც ვრცელდებოდეს,“ – ეჭვობს სალომე შუბლაძე.

მოგებული 3 საქმეზე წულუკიანის წინააღმდეგ კონკრეტულად ასეთი შედეგები დადგა:

დინარა ვაჩნაძის შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ გათავისუფლება დაადასტურა. დინარა ვაჩნაძე ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელია. ამ საქმეზე მოსარჩელემ განაცდური სრულად უნდა აიღოს, ხოლო კომპენსაცია 2 ათასი ლარია. სასამართლოს განუმარტავს, რომ ის პოზიცია აღარ არსებობს, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, ამიტომაც, სამსახურში აღდგენის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა.

დინარა ვაჩნაძე უზენაეს სასამართლოსგან ელის ახლა პასუხს: რამდენად სამართლიანია, როცა მას სამსახურში ვერ აღდგენის გამო კომპენსაციის სახით მხოლოდ 2 ათას ლარს მისცემენ?

სასამართლომ მუზეუმის კიდევ ერთი თანამშრომლის – გიორგი ჯამბურიას გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანება უკანონოდ შეაფასა, თუმცა  ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მალე კანონიერ ძალაში შევა, მოსარჩელე განაცდურს მიიღებს კომპენსაციასთან ერთად და ასე დასრულდება ეს საქმეც.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებული გუგა გორგაძის შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა გათავისუფლება უკანონოდ. აქაც სისტემას ჩამოშორებული კადრი კომპენსაციას მიიღებს განაცდურთან ერთად.

„თეა წულუკიანის წინააღმდეგ სასამართლო დავებში სასამართლომ თქვა, რომ რეორგანიზაცია კანონიერადაც რომ მივიჩნიოთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას სამსახურიდან გაშვებაა შესაძლებელი პროცედურების და სამართლიანი გადარჩევის გარეშე, ობიექტური კრიტერიუმით უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები, ამ საქმეებში კი, გამოჩნდა, რომ კომისია, რომელსაც უნდა შეეფასებინა კანდიდატების უნარ-ჩვევები, არ იყო კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული. ამავე დროს, კომისია სვამდა კითხვებს, რაც არ იყო მიმართული კვალიფიკაციის შემოწმებისკენ,“ – ამბობს სალომე შუბლაძე „ბათუმელებთან“.

იურისტი ამჩნევს პოლიტიკური ხელისუფლების აქცენტსაც, როცა „ოცნება“ შრომით დავებში სასამართლოში საქმის მოგებაზე აკეთებს და აცხადებს, რომ სასამართლო თავისუფალია.

„ხელისუფლება ამას სათავისოდ იყენებს. მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დადგენა, რაც უნდა მოხერხდეს,“ – დასძენს იურისტი.

  • გიორგი კოხრეიძის პასუხისმგებლობა არ დადგა“ – რა იცვლება მოგებული საქმეებით 

„სახელმწიფო აძლევს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თვითნებობის საშუალებას – უკანონო გათავისუფლებების დადგენის შემდეგ პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ,“ – გვიყვება ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, რომელიც ხშირად იგებს სასამართლოში შრომით დავებს.

რეალურად რა იცვლება შრომითი დავის მოგებით გარდა იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით? – ამ შეკითხვით დავიწყეთ საუბარი ანა ბერძენიშვილთან. იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოგებული შრომითი დავების და უკანონო გათავისუფლების დადასტურების შემდეგ, პასუხს არავინ აგებს.

ამის ნათელი მაგალითი გიორგი კოხრეიძე – აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი. მან რომ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები ტელევიზიას უკანონოდ ჩამოაშორა, ეს სასამართლომაც დაადასტურა.

ანა ბერძენიშვილი

„გიორგი კოხრეიძის პასუხისმგებლობა ხომ არ დამდგარა აჭარის ტელევიზიის შემთხვევაში? ეს არის გზავნილი შემდეგი დირექტორებისთვის, როგორ დაიმორჩილონ სისტემა, მათ შორის, უკანონო გადაწყვეტილებების მიღებით,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი და აქვე „ვაჟა ანანიძის საქმეს“ გვახსენებს: ბათუმის საზღვაო აკადემიის თანამშრომელი მას შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან, როცა კოლეგები პლაგიატში ამხილა.

სასამართლომ პროფესორის უკანონო გათავისუფლება დაადასტურა და აკადემიას კომპენსაციის სახით 76 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. იმის გამო,  რომ საზღვაო აკადემია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს არ ასრულებდა, აკადემიას იძულებით აღსრულების საფასურის გადახდაც მოუწია.

„ეს დაახლოებით 3 ათასი ლარია… ჩვენ შემოსავლების სამსახურს ვთხოვეთ რეაგირება ამ საკითხზე, რომ სახელმწიფოს ფინანსური ზიანი მიადგა, მაგრამ არაფერი,“ – დასძენს ანა ბერძენიშვილი.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რის გამოც შრომითი დავის მოგება რეალურად მოგებას არ ნიშნავს, დროის ფაქტორია – სასამართლოს ზოგჯერ წლები სჭირდება ამ საქმეების განსახილველად.

თუმცა ანა ბერძენიშვილი შენიშნავს, რომ სასამართლო სხდომების ჩატარება შერჩევითია: მაგალითად, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე კვირაში განიხილა „ვაჟა თავართქილაძის საქმე“. ეს ის მოქალაქეა, მოსამართლემ 1000 ლარით რომ დააჯარიმა საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული ამ წარწერისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“.

„ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო სხდომების ჩანიშვნაც შერჩევითია… შრომითი დავები სასამართლომ შემჭიდროებულ ვადაში უნდა განიხილოს, თუმცა ცალსახად ასე არ ხდება,“ – თავის პრაქტიკას გვიზიარებს ანა ბერძენიშვილი.

იურისტი გვესაუბრა ახალ პრაქტიკაზეც, რომლის მიხედვითაც მოსამართლე კომპენსაციის გამოანგარიშების დროს ითვალისწინებს, დასაქმდა თუ არა უკანონოდ გათავისუფლებული სადმე?

„უზენაესმა სასამართლომ 2022 წელს ერთ-ერთ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დაამკვიდრა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, თუ გათავისუფლებული ადამიანი დასაქმდა და აქვს შემოსავლის წყარო, მისთვის განაცდურის მიცემა ითვლება უსაფუძვლო გამდიდრებად.

მოსამართლემ ინდივიდუალურად უნდა გამოიანგარიშოს კომპენსაციის ოდენობა და გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ უკანონოდ გათავისუფლებულს ახალი სამსახური აქვს.

ეს მიდგომა ცალსახად არასწორია, რადგან სასამართლო დავები 3 და 4 წელი გრძელდება = შეუძლებელია, ამ დროში ადამიანმა მუშაობა არ დაიწყოს.

მაგალითად, ვაჟა ანანიძის შემთხვევაშიც სხვაგვარად მოხდებოდა კომპენსაციის დათვლა, მას რომ სხვა სამსახური ჰქონოდა,“ – განმარტავს ანა ბერძენიშვილი.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

რატომ გადაწყვიტა მარტოხელა დედამ შვილებთან ერთად ემიგრაციაში წასვლა

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებიც 2022 წელს ყველაზე ხშირად ითხოვდნენ თავშესაფარს ევროპაში.

ერთი წელია გერმანიის სახელმწიფოს სთხოვს თავშესაფარს საქართველოს მოქალაქე ნათია ბაიაძეც, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მესამეს ელოდება.

ნათია მკერავია. შვილებს ხაშურში მარტო ზრდიდა, მაგრამ ამბობს, რომ ემიგრაციაში წასვლის მიზეზი მხოლოდ მატერიალური პრობლემები არ ყოფილა:

„გარშემომყოფების გამო დავტოვე საქართველო. თუ ექვსი ადამიანი მხვდებოდა ქუჩაში, მათგან ოთხი ჩემს პირად ცხოვრებაზე მისვამდა კითხვებს.

პირველი შვილი ქართველისგან მყავს, პირველი ქორწინებიდან. მეორე ინდოელისგან გავაჩინე, ბოდრუმში ვცხოვრობდით ცოტა ხნით ერთად. ჩემი ბიჭი ახლა ორი წლისაა. მამამისი არ ჩამოსულა, თავიდანვე არ უნდოდა შვილი, მე მინდოდა და გავაჩინე. ნაცნობები, მეზობლები, ნათესავები – მუდმივად მეკითხებოდნენ თუ რატომ არ ჩამოდიოდა ბავშვის მამა და ა.შ. ძალიან მაწუხებდა ეს კითხვები, გარეთ გასვლის შიში გამიჩნდა.

,,რა გეშველება ახლა? როგორ უნდა გაზარდო ბავშვი?“- მუდმივად ამას მეკითხებოდა ყველა. „უი, რა საცოდავია, რაღა უნდა ქნას“ – ჩემზე ნათქვამი ასეთი სიტყვებიც მსმენია, რის შემდეგაც სულ ვფიქრობდი, რაღაც უნდა ვქნა ისეთი, ვერავინ თქვას ჩემზე „საცოდავიო“.

არადა განქორწინების უზარმაზარი სტატისტიკაა მსოფლიოში, ეს ადამიანის არჩევანია, საცოდავია ეს ამდენი ხალხი? შევიკეტებოდი სამკერვალოში და ვფიქრობდი: რატომ ვარ საცოდავი? თვალები მაქვს, ხელები, ფეხები, ჯანმრთელი ვარ და შვილები მყავს, მუშაობა შემიძლია, სტუდენტობიდან სულ ვმუშაობ, რა მქონდა საცოდავის?!

ყოველდღე, სანამ ჩემს სამკერვალომდე მივიდოდი, ბავშვები მიმყავდა სახლიდან დედის სამსახურამდე – ეკლესიაში მუშაობს. ყოველდღიური რიტუალი იყო იქაც იგივე კითხვების მოსმენა – „სადაა ამ ბავშვის მამა? არ ჩამოდის?“

ცალკე იმას ვფიქრობდი, რომ მამაჩემი დარდობდა ამ ყველაფერზე.

არც ჩემი სახლი მქონდა ხაშურში, მშობლების სახლში ძმა ცხოვრობს ოჯახით. ჩემი პატარა სამკერვალოდანაც მცირე შემოსავალი მქონდა და წასვლა გადავწყვიტე. გავფრინდი ვენაში ორივე ბავშვით, მერე გერმანიაში წავედი და აეროპორტიდანვე მოვითხოვე ლტოლვილის თავშესაფარი“ – იხსენებს ნათია.

ახლა გერმანიის სახელმწიფოს სოციალური დახმარებით ცხოვრობს, მაგრამ ამბობს, რომ ასე უფრო ხედავს საკუთარ მომავალს, რადგან საქართველოში არაფერი შეიცვლებოდა ჩემთვისო, ამბობს. გეგმავს გერმანული ენა ისწავლოს კარგად:

„ენა რომ მეცოდინება, ვიმუშავებ, ბავშვებიც წამოიზრდებიან და იმედი მაქვს, დავლაგდებით. ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ აქამდე მოსასვლელად რთული გზა გამოვიარეთ“ – ამბობს ნათია.

6 თვე ლტოლვილთა დიდ, საერთო ბანაკში იცხოვრა უამრავ ქალთან ერთად, ბავშვებით. მერე სხვაგან, ცალკე გადაიყვანეს, ახლა ოჯახს თავისი სივრცე აქვს ცალკე გამოყოფილი. ბანაკში ყოფნა განსაკუთრებით ნათიას შვიდი წლის გოგოს გაუჭირდა. დღემდე საყვედურობს დედას, რატომ წამოვედით საქართველოდან, ბებო მენატრებაო. ნათიას მეორე შვილი ბანაკში გახდა 2 წლის.

ნათიას 7 წლის შვილი სკოლაში შევიდა, ენას სწავლობს და სწრაფად ეჩვევა გარემოს. ახლა ნათია ოჯახით პატარა კურორტზე ცხოვრობს, მშვიდ და გამწვანებულ გარემოში. მესამე შვილს ელოდება და ფეხმძიმობის გამო ენის კურსებზე ჯერ ვერ დადის, ამბობს, რომ მისთვის ადაპტაციის პერიოდი მას მერე დაიწყება რაც ბავშვი დაიბადება, რადგან როგორც თავად ჰყვება, გერმანული ენის ცოდნის გარეშე თვითდამკვიდრება რთულია ქვეყანაში:

„მაღაზიაში როცა ინგლისურად კითხულობ რამეს, პირველად გიპასუხებენ, მეორედაც, მაგრამ მესამედ გრძნობ, რომ არ სიამოვნებთ თუ მათი ენის სწავლას არ ცდილობ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ისაუბრებ, შეცდომების, არასწორი გამოთქმის გამო არავინ დაგცინებს.

მირჩევნია აქ დავიწყო ყველაფერი თავიდან, ვისწავლო ენა და ახალ გარემოში თავიდან დავიწყო ცხოვრება.

საქართველოში ქალს არ აქვს არჩევანის თავისუფლება. არავინ არაფერს გიკრძალავს, არავინ არაფერს გეტყვის პირდაპირ, მაგრამ აუცილებლად გაგრძნობინებენ. ხშირად გამიგია ჩემს გამო სხვებისგან დამუნათებული დედაჩემის სიტყვები: რა დავაშავე ამის ფასი ჩემი შვილი ასე მოქცეულიყოო. ძალიან მეწყინა. მაგრამ მერე დაფიქრდა და მითხრა: მთავარია შენ იყო ბედნიერი და ბავშვები იყვნენ კარგად, რასაც ხალხი იტყვის, მოვუსმენ და დავივიწყებო.

ჩემი ახლანდელი პარტნიორი ლტოლვილთა ბანაკში გავიცანი, მზარეული იყო, ერთმანეთს ყოველდღე ვხედავდით. მესამე ბავშვს მისგან ველოდები.

ბავშვი რომ დაიბადება, ვაპირებთ დავქორწინდეთ. ეს ადამიანი ძალიან დამეხმარა, ყველაფერი გააკეთა, რომ გერმანიაში დავრჩენილიყავით, ახლაც ყველაფერს ცდილობს ჩემი და ჩემი შვილების დასახმარებლად. მე ლტოლვილის სტატუსის მოლოდინში ვარ. ძალიან იწელება ეს პროცესი, პასუხი აქვთ, რომ ქართველები ევროპის კართან დგახართ და არ არის თქვენთან ცუდი მდგომარეობა, უკან გაბრუნდითო. ძალიან იშვიათად, რომ ქართველს ლტოლვილის სტატუსი მისცენ გერმანიაში“ – გვიყვება ემიგრანტი.

ნათიას სოციალური დახმარება 920 ევროა ყოველთვიურად, თუმცა მიიღებს თუ არა ლტოლვილის სტატუსს და ექნება თუ არა გერმანიაში დარჩენის უფლება, მან ჯერ არ იცის.

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში საქართველოდან ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა მოქალაქემ. იმავე პერიოდში, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ემიგრაციიდან დაბრუნდა 39 526 მოქალაქე. შესაბამისად, უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო 25 966.

2022 წელს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 108 590 ადამიანი.

ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში კლდე ჩამოიშალა – ხულო-ახალციხის გზა ჩაკეტილია

ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე  კლდის და მიწის მასა ჩამოიშალა. ადგილობრივების თქმით, ხულო-ახალციხის გზა ჩაკეტილია. მიწის მასა დღეს, 28 სექტემბერს, საღამოს ჩამოიშალა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების თქმით, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ავტომანქანები კი შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.

ადგილი, სადაც კლდის და მიწის მასა ჩამოიშალა, ახლოსაა „შუახევჰესის“ გვირაბთან.

„ჩვენი თანამშრომლების მიერ მუდმივად მიმდინარეობს, როგორც გვირაბის, ასევე ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ობიექტის მონიტორინგი. მიწის მასის ჩამოშლას, რაც სოფელ დიაკონიძეებში მოხდა, ჩვენს საქმიანობასთან კავშირი არ აქვს,“ – მოგვწერეს კომპანია„აჭარისწყალი ჯორჯიადან“.

____________________

ფოტოზე: ჩამოშლილი ღორღი და მიწა სოფელ დიაკონიძეებთან

სტამბოლში პოლიციამ 738 კილოგრამი მეტამფეტამინი ამოიღო

თურქეთში, სტამბოლში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს.

საუბარია 733 კილოგრამ თხევად და 5 კილოგრამ მყარ მეტამფეტამინზე, რომელიც ორ მისამართზე ამოიღეს. თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა სპეცოპერაციის შედეგად.

მედიის ცნობით, დაკავებულები ირანის მოქალაქეები არიან.

ამავე დროს, თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში პოლიციამ სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკი ამოიღო.

ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი. მან თქვა, რომ სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა 16 ქალაქში და ჯამში 99 ადამიანი დააკავეს.

ორგანული მეღვინეობა „მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით ვითარდება

მარტვილის რაიონის, სოფელ თამაკონში 2012 წელს, 400 ბოთლით დაწყებული ორგანული ღვინის წარმოება, თიბისის მხარდაჭერით ვითარდებოდა და დღეს უკვე „მარტვილის მარანი“ 12 ათას ბოთლ ღვინოს ასხამს.

სამეგრელოში წარმოებული ორგანული ღვინის პოპულარობა საქართველოში  წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად „მარტვილის მარანი“ ღვინის 80 %-ს ექსპორტზე ყიდის მსოფლიოს 14 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ს, იაპონიასა და გერმანიაში. დანარჩენის რეალიზაცია კი საქართველოში ხდება, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზაზა გაგუა ამბობს, ორგანულ ღვინოზე მოთხოვნა ნიშური რესტორნებიდან და ბარებიდან მოდის.

„სოფელ თამაკონში 3 ჰა ვენახი და ჩვენივე მარანი გვაქვს, სადაც ქვევრებში ვამზადებთ ორგანულ ღვინოს.  ძირითადად ორიენტაცია დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებზე გვაქვს – მეგრული ოჯალეში, ორბელური ოჯალეში ლეჩხუმიდან, ციცკა, ცოლიკოური, კრახუნა, ამ ჯიშებიდან 10 სხვადასხვა სახეობის ღვინოს ვამზადებთ. მათ შორის ზოგი არის ბლენდი, ვარდისფერი, ქარვისფერი, თეთრი ღვინოები. რაც მთავარია, ყველა მათგანი არის ორგანული, ყოველგვარი დანამატების გარეშე,“ – ამბობს ზაზა გაგუა, „მარტვილის მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

2020 წელს კომპანიამ ახალი მარნის მშენებლობა დაიწყო, სადაც დღეს უკვე სტუმრებს მასპინძლობენ.

„სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით ჩვენ მხარეს დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი სოფელი ნოქალაქევსა და მარტვილის კანიონს შორის მდებარეობს, სადაც ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, ამიტომაც ვაპირებთ ამ მიმართულებით გაფართოვებას და სასტუმროს აშენებას, რაშიც თიბისი გვეხმარება.“

სამომავლო გეგმები ბევრი აქვთ, მათ შორის ვენახების გაშენება, რაც საშუალებას მისცემთ წარმოება 30-დან 50 ათას ბოთლამდე გაზარდონ. უახლეს გეგმებში კი ახალი საექსპორტო ქვეყნების ათვისება შედის, მათ შორის, წელს, „მარტვილის მარნის“ ღვინო ჩინეთის, საბერძნეთისა და იტალიის ბაზრებზე შევა.

ნატო გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებას უკრაინისა და საკუთარი რეზერვებისთვის

ნატოს ქვეყნები აპირებენ გაზარდონ საბრძოლო მასალის წარმოება უკრაინისთვის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი გაგზავნეს უკრაინაში – ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს ნატოში აშშ-ის ელჩზე, ჯულიან სმიტზე დაყრდნობით.

ამ თემაზე ჯულიან სმიტმა ვირტუალურ ფორუმზე – Win the War – ისაუბრა 27 სექტემბერს.

გამოცემის ცნობით, სმიტმა თქვა, რომ გახანგრძლივებულმა საომარმა მოქმედებებმა აჩვენა, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი არასაკმარისია, ამიტომაც ნატომ დაიწყო მუშაობა თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ფოკუსირებულია საბრძოლო მასალის დეფიციტის აღმოფხვრაზე, როგორც უკრაინელებისთვის, ასევე ნატოს ზოგიერთი წევრისთვის, რომლებიც დახმარებას უწევდნენ უკრაინას.

„კითხვა, რომელიც ნატოს მოლაპარაკებების მაგიდასთან გვესმის, არის – კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში. ჩვენ ვიზიარებთ უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულებას. ჩვენ გვესმის, რა არის სასწორზე. უკრაინა მხოლოდ თავის ტერიტორიას არ იცავს. უკრაინა იცავს ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიცავთ აქ“, – ციტირებს „ამერიკის ხმა“ ჯულიან სმიტს.

___________________

ფოტოზე: ჯულიან სმიტი. ფოტო: EPA-EFE/STEPHANIE LECOCQ

ბათუმში ხვალ მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონია გაიმართება

29 სექტემბერს ბათუმში მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ღონისძიება, World Travel Awards-ი გაიმართება.

აღნიშნული ჯილდო ბათუმმა პირველად 2019 წელს მიიღო. 2022 წელს კი, World Travel Awards-ის ევროპის ჯილდოს მოპოვების შემდეგ, ბათუმმა „ტურიზმის ოსკარი“ [როგორც მას უწოდებენ] მოიპოვა, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ.

დღეს, 28 სექტემბერს, World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიამდე ერთი დღით ადრე ბათუმი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიების მიმართულებით საუბრობენ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ფორუმისა და World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიის სტუმრებისთვის, დაგეგმილია ტურები რეგიონისა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის გასაცნობად.

ხვალ, 29 სექტემბერს კი, ბათუმში გაირკვევა, რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებებად, თუ კომპანიებად და რომელი მათგანი აიღებს World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს.

World Travel Awards-ის ნომინაციებში წელს, ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იქნება წარდგენილი.

საქართველო World Travel Awards-ს პირველად მასპინძლობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი ესტუმრება, მათ შორის პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან, გიბრალტარიდან და ნიდერლანდებიდან.

კომპანია „ნეოსტარმა” 53 მილიონზე მეტი ლარის შესყიდვები მიიღო – „გამჭვირვალობის“ კვლევა

შპს „გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს ახალ კვლევას კიდევ ერთ კომპანიაზე, რომელიც სახელმწიფო უწყებებში პრივილეგიით სარგებლობს და მაღაბიუჯეტიან დაკვეთებს იღებს.

კვლევის მიხედვით, „ნეოსტარი“ სახელმწიფოსგან პრივილეგირებული კომპანიაა. ის და მისი შვილობილი კომპანიები უკონკურენტო პირობებში სახელმწიფო კონტრაქტებს იღებენ. „ლეგისთან“ და „ჯორჯიან სტოუნთან“ ერთად, ქობულეთის მუნიციპალურ შესყიდვებში „ნეოსტართან” დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია, შპს „ლეგიონი“ გამოჩნდა.

„ნეოსტარს“ შვილობილ კომპანიებთან ერთად 2011 წლიდან დღემდე 161 369 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები (მათ შორის 129,852 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად – 1 ლარად) და 53, 661, 137 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები აქვს მიღებული.

  • „ნეოსტარი“ – ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კომპანია

ბიზნესმენ ლეონიდ ეზიკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა: „ნეოსტარმა“ და „ლეგიმ“ ხელისუფლებისგან მასშტაბური მხარდაჭერა რამდენჯერმე მიიღეს:

პირველი ქონება, რომელიც შპს „ლეგიმ“ აჭარის მთავრობისგან 1 ლარად მიიღო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე 32,382 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო.

ეს გარიგება 2011 წლის 18 ივლისს შედგა და კომპანიამ ვალდებულებად აიღო ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის მშენებლობა და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

2017 წლის 24 იანვარს, 88-ე განკარგულებით, უკვე საქართველოს მთავრობამ მიყიდა 1 ლარად „ნეოსტარს“ ლილოს დასახლებაში 97,470 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

კომპანიამ ვალდებულება აიღო, გაეხსნა სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და პროექტში 3,508,920 ლარის ინვესტირება მოეხდინა.

იმავე წლის სექტემბერში კომპანიამ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთა, აღებული სესხის დასაფარად კი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერა გაუწია.

2020 წელს შპს „ლეგიმ“ უპირობო აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და მიიღო თერჯოლაში, სოფელ ნახშირღელეში, საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ, 31,517 კვ.მ.მიწის ნაკვეთი. აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ ლეონიდ ეზიკმა 160,000 ლარი გადაიხადა. კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორის, სერგო ლექვინაძის თქმით, „ლეგი“ აქ დეკორატიული ფილების საწარმოს ააშენებდა და მასში 6 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავდა. სერგო ლექვინაძე 2010 წელს ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან”, თუმცა 2013 წელს დატოვა ეს პარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციას შეუერთდა.

  • „ჯორჯიან სტოუნის“ 30-მილიონიანი ხელშეკრულებები ქობულეთის მუნიციპალიტეტთან

შპს „ლეგი“ 100%-ს ფლობს კომპანია „ჯორჯიან სტოუნში“, რომლის დირექტორი ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა. “ჯორჯიან სტოუნის” ამავე მუნიციპალიტეტის ტენდერებში საეჭვო მონაწილეობის შესახებ პირველი კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2021 წლის 3 თებერვალს გამოაქვეყნა.

აღნიშნული კვლევის გამოქვეყნებამდე შპს „ჯორჯიან სტოუნმა” ტენდერებიდან 39,154,543 ლარი მიიღო, ხოლო გამარტივებული შესყიდვებიდან – 756,229 ლარი. მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოგებული ტენდერებიდან მიღებული ჰქონდა 24,550,616 ლარი. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ კი სახელმწიფო შესყიდვებიდან დამატებით 11,677,225 ლარი მიიღო, მათ შორის 4,942,264 ლარი – ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, ქობულეთის შესყიდვებში „ნეოსტარისა“ და „ლეგის“ კიდევ ერთი შვილობილი კომპანია, „ლეგიონი“ 2022 წლის თებერვლიდან გამოჩნდა. „ლეგიონი“ კომპანია „ნეოსტარმა“ და გიორგი დოლბაიამ 2020 წლის 17 ნოემბერს დააფუძნეს. დოლბაია ამავე კომპანიის დირექტორი და 15%-ის მფლობელია, 85% – „ნეოსტარის“ საკუთრებაშია.

კომპანიამ პირველივე, 107,000 ლარის ღირებულების ტენდერი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოიგო. ამ ტენდერში შემსყიდველმა მოითხოვა, რომ პრეტენდენტს, კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელების კუთხით, სულ მცირე, 300,000 ლარის ღირებულების გამოცდილება ჰქონოდა. შპს „ლეგიონმა“ შემსყიდველს შპს „ჯორჯიან სტოუნთან” გაფორმებული ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულებები წარუდგინა.

შპს „ლეგიონი“ მონაწილეობდა სულ 11 ტენდერში, საიდანაც 6-ში გაიმარჯვა. მოგებული 6 ტენდერიდან 4 შემთხვევაში შემსყიდველი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია იყო, საიდანაც 3 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.

მოგებული ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 1,473,903 ლარია, უშუალოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური თანხა კი 828,451 ლარია (56%), მათ შორის უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 720,614 ლარს (ქობულეთის ტენდერებიდან მიღებული თანხის 87%).

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ შპს „ლეგიონის“ დირექტორი და მეწილე გიორგი დოლბაია 2011 წლიდან 2020 წლის 22 დეკემბრამდე იყო შპს „ხობი-2005-ის” დირექტორის მოადგილე/ინჟინერი. ამ საპროექტო კომპანიამ შეადგინა ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციები, რის საფუძველზეც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ორივე მათგანში შპს „ლეგიონმა” უკონკურენტოდ გაიმარჯვა და ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

შპს „ხობი-2005“ დასავლეთ საქართველოში საპროექტო მიმართულებებით მომუშავე კომპანიაა, რომელმაც ათეულობით ტენდერიდან და გამარტივებული შესყიდვიდან 3,5 მილიონ ლარამდე მიიღო. ქობულეთის მუნიციპალიტეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებების რაოდენობა 30-ს აჭარბებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ ზემოაღნიშნული ფაქტები და გაატარონ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

_____________

ფოტო: pexels.com

Exit mobile version