მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს საკონსტიტუციო 3 ოქტომბერს განიხილავს

25.09.2023
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს საკონსტიტუციო 3 ოქტომბერს განიხილავს

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციურ წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 3 ოქტომბერს განიხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ 22 სექტემბერს მიიღო. შესაბამისად, საკონსტიტუციო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს წარდგენიდან 11 დღეში განიხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომას დაესწრება როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე დაესწრებიან „ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ამ კონსტიტუციური წარდგინების ავტორები არიან.

„კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს, 25 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი [100 დეპუტატი]. თუ პარლამენტმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

——————–

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა. უკრაინის გარდა, პრეზიდენტს მთავრობამ უარი უთხრა შემდეგ ევროპულ ქვეყნებში ვიზიტზე: გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ბულგარეთსა და ჩეხეთში,  თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში არ არის განმარტებული, რატომ ეთქვა პრეზიდენტს უარი ვიზიტებზე.

ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 30 აგვისტოს დაიწყო.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: