მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის მიერ 542 800 ლარად შესყიდულ პროექტს აუდიტი ისევ უსარგებლოდ აფასებს

30.09.2023 •
აჭარის მთავრობის მიერ 542 800 ლარად შესყიდულ პროექტს აუდიტი ისევ უსარგებლოდ აფასებს

აუდიტის სამსახურმა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წელს მოიცავს.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებზე აუდიტის სამსახურმა რეკომენდაციები აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და უსკოს თავმჯდომარეებს და ასევე, რეკომენდაციები აჭარის მთავრობის ოთხივე მინისტრს გადაუგზავნა.

აუდიტის მიხედვით, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ არის ასახული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

„ფინანსურ ანგარიშგებაში არ ირიცხება 1 400 ერთეულზე მეტი მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აჭარის საკუთრებაა და არ არის შეფასებული“ – წერს აუდიტი. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე უნდა აღირიცხოს აჭარის საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომლის სარგებლობაში პირველადი გადაცემა არ განხორციელებულა“.

აუდიტის მიხედვით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში „დაუმთავრებელი მშენებლობის“ ანგარიშზე 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ასახულია 670 209 ლარის ღირებულების დაუმთავრებელი აქტივი, რომელზეც 2017-2018 წლებიდან ბრუნვა არ ყოფილა.

„აღნიშნული აქტივი 2017-2018 წლებში შესრულებული საპროექტო სამუშაოს ღირებულებაა, რომლის დაფინანსება მიმდინარე, 2023 წლის ბიუჯეტითაც არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, აღნიშნული არაფინანსური აქტივიდან მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღების ალბათობა აუდიტის თარიღისთვის არ არის განსაზღვრული.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ბალანსზე ასახული „სხვა არაფინანსური აქტივების“ ნაშთი, შესაძლოა მოიცავდეს ისეთ დაუმთავრებელ აქტივებს, საიდანაც მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღება ნაკლებად სავარაუდოა. შესაბამისად, ისინი შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს“ – აცხადებს აუდიტი.

აღნიშნული პროექტებიდან კი, რომლებიც არ განხორციელებულა, ერთ-ერთი აჭარის მთავრობის ახალი შენობის პროექტია, რაშიც თავის დროზე 542 800 ლარია გადახდილი.

შესყიდული და განუხორციელებელი პროექტები / წყარო: აუდიტი

„შერჩევითი ინვენტარიზაციისა და სხვა აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლენილი უზუსტობების (არანაკლებ 5 935 687 ლარის ზედმეტობით აღრიცხვა) გათვალისწინებით, ვერ მივიღეთ რწმუნება 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ ანგარიშის საბოლოო ნაშთის სისწორესა და შეფასებაზე.

შედეგად, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები არ არიან უზრუნველყოფილნი იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ზუსტი მონაცემებით, რომლებიც დაკავშირებულია საბიუჯეტო ორგანიზაციების სხვა გრძელვადიან არაფინანსურ აქტივებთან, რაც აქტივების მართვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს“ – აცხადებს აუდიტი.

ამ ყველაფრის მიზეზი კი, აუდიტის დასკვნით, არის „აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები“, რაც გავლენას ახდენს ანგარიშგების შესაბამის მუხლში არსებულ უზუსტობებზე.

აუდიტის ერთ-ერთი რეკომენდაციაა – „ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, სამინისტროს აპარატმა ჩაატაროს გაუფასურების ტესტი და განსაზღვროს აქტივის ბალანსზე აღრიცხვის მიზანშეწონილობა. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება აღრიცხოს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად“.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხაზინის მონაცემებით, 2022 წელს აჭარის ბიუჯეტიდან გაწეულმა ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკასო ხარჯმა შეადგინა 13 211 534 ლარი, მათ შორის, საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯი შეადგენს 3 980 912 ლარს, ხოლო ექსპლუატაციის, სათადარიგო ნაწილების და მათი რემონტის ხარჯები – 2 718 480 ლარს.

„ტრანსპორტთან დაკავშირებული ხარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ რიგ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტური საფუძვლების გარეშე გაცემული საწვავი აღიარებულია ხარჯად, კერძოდ, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე რვა შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირი არ იმყოფებოდა მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ფარგლებს გარეთ და ჩასხმულია ჯამში 405 ლიტრი [1467 ლარის ღირებულების] საწვავი.

აღნიშნულ შემთხვევებზე შესაბამისმა უწყებამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტური დადასტურება ავტომობილის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც საწვავის ხარჯვაზე დაწესებულ კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტი აცხადებს, რომ „აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებს არ აქვთ შემუშავებული და დანერგილი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული სააღრიცხვო პოლიტიკა. სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობა იწვევს არათანმიმდევრულ აღრიცხვიანობას და ზრდის ფინანსურ ანგარიშგებაში დაშვებული უზუსტობების რისკს“.

ანგარიშის მიხედვით აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში 2022 წელს ჩატარებულ ინვენტარიზაციის პროცესსაც ახლდა გარკვეული ნაკლოვანებები.

მაგალითად:

  • „აგროსერვის ცენტრის საინვენტარიზაციო მასალებში მითითებული აქტივების ადგილსამყოფელი და მდგომარეობა არ ასახავს რეალობას, ასევე, არ არის მინიჭებული საინვენტარო ნომერი ან შტრიხკოდი, ხოლო მატერიალურად პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა ფორმალური ხასიათისაა.
  • ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ არ ჩატარებულა იმ უძრავი ქონების ინვენტარიზაცია, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და სარგებლობაში პირველადი გადაცემა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ იყო განხორციელებული.

ყოველივე ზემოაღნიშნული შიდა კონტროლის სისტემის სისუსტესა და აქტივების მართვაში არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტი სხვა რეკომენდაციებთან ერთად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს „განიხილოს კომპანიებში არსებული წილების ერთჯერადად სამართლიანი ღირებულებით შეფასების საკითხი ან საიმედო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, კომპანიებში წილობრივი ინსტრუმენტების საბოლოო ნაშთი დააკორექტიროს წინა წლებში არსებული თანხობრივი, ქონებრივი და წილობრივი შენატანებით, ხოლო შემდგომ გაითვალისწინოს კაპიტალმეთოდის მოთხოვნები“.

ამასთან, „ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელობამ, მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე, უზრუნველყონ ორგანიზაციების ბალანსზე აღრიცხული აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების შეფასება და ბუღალტრული აღრიცხვა.“

აჭარის მთავრობის ახალი შენობის პროექტის შესახებ აუდიტი 2019 წლის ანგარიშშიც წერდა და ასკვნიდა, რომ „ბიუჯეტიდან განხორციელებულია დანახარჯები, რომლის მოსალოდნელი სარგებელი გადახდილ ფასთან შესაძლოა არსებითად შეუსაბამო იყოს“.

ახალ ადმინისტრაციულ შენობაში აჭარის სამინისტროების ჩათვლით 20-ზე მეტი სახელმწიფო ორგანიზაცია უნდა განთავსებულიყო.

გასულ წელს, აღნიშნული პროექტის არგანხორციელების მიზეზად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ პანდემია დაუსახელეს.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: