მთავარი,სიახლეები

რატომ გადაწყვიტა მარტოხელა დედამ შვილებთან ერთად ემიგრაციაში წასვლა

28.09.2023 • 27601
რატომ გადაწყვიტა მარტოხელა დედამ შვილებთან ერთად ემიგრაციაში წასვლა

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებიც 2022 წელს ყველაზე ხშირად ითხოვდნენ თავშესაფარს ევროპაში.

ერთი წელია გერმანიის სახელმწიფოს სთხოვს თავშესაფარს საქართველოს მოქალაქე ნათია ბაიაძეც, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მესამეს ელოდება.

ნათია მკერავია. შვილებს ხაშურში მარტო ზრდიდა, მაგრამ ამბობს, რომ ემიგრაციაში წასვლის მიზეზი მხოლოდ მატერიალური პრობლემები არ ყოფილა:

„გარშემომყოფების გამო დავტოვე საქართველო. თუ ექვსი ადამიანი მხვდებოდა ქუჩაში, მათგან ოთხი ჩემს პირად ცხოვრებაზე მისვამდა კითხვებს.

პირველი შვილი ქართველისგან მყავს, პირველი ქორწინებიდან. მეორე ინდოელისგან გავაჩინე, ბოდრუმში ვცხოვრობდით ცოტა ხნით ერთად. ჩემი ბიჭი ახლა ორი წლისაა. მამამისი არ ჩამოსულა, თავიდანვე არ უნდოდა შვილი, მე მინდოდა და გავაჩინე. ნაცნობები, მეზობლები, ნათესავები – მუდმივად მეკითხებოდნენ თუ რატომ არ ჩამოდიოდა ბავშვის მამა და ა.შ. ძალიან მაწუხებდა ეს კითხვები, გარეთ გასვლის შიში გამიჩნდა.

,,რა გეშველება ახლა? როგორ უნდა გაზარდო ბავშვი?“- მუდმივად ამას მეკითხებოდა ყველა. „უი, რა საცოდავია, რაღა უნდა ქნას“ – ჩემზე ნათქვამი ასეთი სიტყვებიც მსმენია, რის შემდეგაც სულ ვფიქრობდი, რაღაც უნდა ვქნა ისეთი, ვერავინ თქვას ჩემზე „საცოდავიო“.

არადა განქორწინების უზარმაზარი სტატისტიკაა მსოფლიოში, ეს ადამიანის არჩევანია, საცოდავია ეს ამდენი ხალხი? შევიკეტებოდი სამკერვალოში და ვფიქრობდი: რატომ ვარ საცოდავი? თვალები მაქვს, ხელები, ფეხები, ჯანმრთელი ვარ და შვილები მყავს, მუშაობა შემიძლია, სტუდენტობიდან სულ ვმუშაობ, რა მქონდა საცოდავის?!

ყოველდღე, სანამ ჩემს სამკერვალომდე მივიდოდი, ბავშვები მიმყავდა სახლიდან დედის სამსახურამდე – ეკლესიაში მუშაობს. ყოველდღიური რიტუალი იყო იქაც იგივე კითხვების მოსმენა – „სადაა ამ ბავშვის მამა? არ ჩამოდის?“

ცალკე იმას ვფიქრობდი, რომ მამაჩემი დარდობდა ამ ყველაფერზე.

არც ჩემი სახლი მქონდა ხაშურში, მშობლების სახლში ძმა ცხოვრობს ოჯახით. ჩემი პატარა სამკერვალოდანაც მცირე შემოსავალი მქონდა და წასვლა გადავწყვიტე. გავფრინდი ვენაში ორივე ბავშვით, მერე გერმანიაში წავედი და აეროპორტიდანვე მოვითხოვე ლტოლვილის თავშესაფარი“ – იხსენებს ნათია.

ახლა გერმანიის სახელმწიფოს სოციალური დახმარებით ცხოვრობს, მაგრამ ამბობს, რომ ასე უფრო ხედავს საკუთარ მომავალს, რადგან საქართველოში არაფერი შეიცვლებოდა ჩემთვისო, ამბობს. გეგმავს გერმანული ენა ისწავლოს კარგად:

„ენა რომ მეცოდინება, ვიმუშავებ, ბავშვებიც წამოიზრდებიან და იმედი მაქვს, დავლაგდებით. ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ აქამდე მოსასვლელად რთული გზა გამოვიარეთ“ – ამბობს ნათია.

6 თვე ლტოლვილთა დიდ, საერთო ბანაკში იცხოვრა უამრავ ქალთან ერთად, ბავშვებით. მერე სხვაგან, ცალკე გადაიყვანეს, ახლა ოჯახს თავისი სივრცე აქვს ცალკე გამოყოფილი. ბანაკში ყოფნა განსაკუთრებით ნათიას შვიდი წლის გოგოს გაუჭირდა. დღემდე საყვედურობს დედას, რატომ წამოვედით საქართველოდან, ბებო მენატრებაო. ნათიას მეორე შვილი ბანაკში გახდა 2 წლის.

ნათიას 7 წლის შვილი სკოლაში შევიდა, ენას სწავლობს და სწრაფად ეჩვევა გარემოს. ახლა ნათია ოჯახით პატარა კურორტზე ცხოვრობს, მშვიდ და გამწვანებულ გარემოში. მესამე შვილს ელოდება და ფეხმძიმობის გამო ენის კურსებზე ჯერ ვერ დადის, ამბობს, რომ მისთვის ადაპტაციის პერიოდი მას მერე დაიწყება რაც ბავშვი დაიბადება, რადგან როგორც თავად ჰყვება, გერმანული ენის ცოდნის გარეშე თვითდამკვიდრება რთულია ქვეყანაში:

„მაღაზიაში როცა ინგლისურად კითხულობ რამეს, პირველად გიპასუხებენ, მეორედაც, მაგრამ მესამედ გრძნობ, რომ არ სიამოვნებთ თუ მათი ენის სწავლას არ ცდილობ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ისაუბრებ, შეცდომების, არასწორი გამოთქმის გამო არავინ დაგცინებს.

მირჩევნია აქ დავიწყო ყველაფერი თავიდან, ვისწავლო ენა და ახალ გარემოში თავიდან დავიწყო ცხოვრება.

საქართველოში ქალს არ აქვს არჩევანის თავისუფლება. არავინ არაფერს გიკრძალავს, არავინ არაფერს გეტყვის პირდაპირ, მაგრამ აუცილებლად გაგრძნობინებენ. ხშირად გამიგია ჩემს გამო სხვებისგან დამუნათებული დედაჩემის სიტყვები: რა დავაშავე ამის ფასი ჩემი შვილი ასე მოქცეულიყოო. ძალიან მეწყინა. მაგრამ მერე დაფიქრდა და მითხრა: მთავარია შენ იყო ბედნიერი და ბავშვები იყვნენ კარგად, რასაც ხალხი იტყვის, მოვუსმენ და დავივიწყებო.

ჩემი ახლანდელი პარტნიორი ლტოლვილთა ბანაკში გავიცანი, მზარეული იყო, ერთმანეთს ყოველდღე ვხედავდით. მესამე ბავშვს მისგან ველოდები.

ბავშვი რომ დაიბადება, ვაპირებთ დავქორწინდეთ. ეს ადამიანი ძალიან დამეხმარა, ყველაფერი გააკეთა, რომ გერმანიაში დავრჩენილიყავით, ახლაც ყველაფერს ცდილობს ჩემი და ჩემი შვილების დასახმარებლად. მე ლტოლვილის სტატუსის მოლოდინში ვარ. ძალიან იწელება ეს პროცესი, პასუხი აქვთ, რომ ქართველები ევროპის კართან დგახართ და არ არის თქვენთან ცუდი მდგომარეობა, უკან გაბრუნდითო. ძალიან იშვიათად, რომ ქართველს ლტოლვილის სტატუსი მისცენ გერმანიაში“ – გვიყვება ემიგრანტი.

ნათიას სოციალური დახმარება 920 ევროა ყოველთვიურად, თუმცა მიიღებს თუ არა ლტოლვილის სტატუსს და ექნება თუ არა გერმანიაში დარჩენის უფლება, მან ჯერ არ იცის.

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში საქართველოდან ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა მოქალაქემ. იმავე პერიოდში, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ემიგრაციიდან დაბრუნდა 39 526 მოქალაქე. შესაბამისად, უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო 25 966.

2022 წელს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 108 590 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: