მთავარი,სიახლეები

როდის იქნება გზა გომის მთაზე? – „მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ დასრულდა“

24.08.2023 • 1544
როდის იქნება გზა გომის მთაზე? – „მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ დასრულდა“

„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება ზაფხულის სეზონზე“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ: რატომ ვერ დასრულდა ოზურგეთში, კურორტ გომისმთის საავტომობილო გზის მშენებლობა გათვალისწინებული დროის შესაბამისად?

დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კურორტ გომისმთაზე 2023 წლის ზაფხულამდე ახალი გზა უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალი გზა ისევ არ არის. წინა წლების მსგავსად, ამ ზაფხულსაც გომისმთაზე მოხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ შაბათ-კვირას შეიძლება, როცა გზის მშენებლობა ჩერდება. გომისმთაზე ასვლა შესაძლებელია შუახევიდანაც, რომელიც გარდა იმისა, რომ უფრო შორია, რეაბილიტირებული არ არის და ყველა ტიპის ავტომანქანა ვერ გადაადგილდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში ასევე განმარტეს, რომ „კომპანიას ვადა მიეცა მიმდინარე წლის ბოლომდე“. გზის სამუშაოებს კურორტ გომისმთაზე კომპანია „ნიუ როუდი“ ასრულებს.

გომისმთის დამსვენებლებს ამ ზაფხულსაც დახვდა სასმელი წყლის პრობლემა: წყალი გარკვეულ უბნებს განრიგით, დაახლოებით ნახევარი საათით მიეწოდება, ნაწილი კი, წყალს ისევ წყაროდან ეზიდება.

გომისმთაზე რამდენიმე მესაკუთრე ამბობს, რომ წყლის სისტემის მოწყობაა დაგეგმილი და ამისთვის ფულს მოსახლეობაც აგროვებს. მათი თქმით, გაურკვეველია, ვინ უნდა მოაწყოს წყლის სისტემა ან რატომ სთხოვეს მოქალაქეებს ფულის შეგროვება.

„ზოგი 100 ლარს დებს, ზოგი – 300 ლარს, კონკრეტული თანხა არ დაუსახელებიათ,“ – გვითხრეს გომისმთაზე, სადაც, მაგალითად, ამ დრომდე ასეთივე პრინციპით გროვდება შუქის ფული: შუქი კურორტს მიეწოდება, თუმცა მრიცხველები არ არის.

გომისმთის გზასა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობასთან დაკავშირებული კითხვებით ოზურგეთის მერიას მივმართეთ, თუმცა პრესცენტრის წარმომადგენელი შეკითხვებს მხოლოდ გაეცნო – სამი დღეა პრესცენტრის წარმომადგენელი, ნინო ბახტაძე, ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს სოციალურ ქსელში უპასუხოდ ტოვებს.

შეკითხვა ასევე უპასუხოდ დატოვეს ოზურგეთის მერიის ოფიციალური ფეისბუქგვერდის ჩატშიც.

ოზურგეთის მერიის ინტერნეტგვერდის მიხედვით, დაბა გომისმთაზე მერიას ამ ეტაპზე წარმომადგენელი არ ჰყავს და ამ პოზიციაზე ვაკანსიაა.

სასმელი წყლის შესახებ „ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. უწყების პრესცენტრში განმარტეს, რომ გომისმთის „რთული რელიეფის გამო“ წყლის სისტემას არ აწყობენ და ეს უახლოეს მომავალში დაგეგმილი არც არის.

უწყებაში ასევე განგვიმარტეს, რომ შესაძლოა სასმელი წყლის სისტემას აწყობდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

კურორტი გომისმთა

კურორტი გომისმთა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: