ტოვებს თუ არა ანესთეზია გვერდით ეფექტებს? – ინტერვიუ ანესთეზიოლოგთან

ანესთეზიასთან დაკავშირებით დღემდე ბევრი მითი და მცდარი წარმოდგენა არსებობს მოსახლეობაში, რამდენად რეალურია ოპერაციის დროს გაღვიძების ან ტკივილის გრძნობის რისკი? რა გვერდითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ანესთეზიას? რამდენ ხანს რჩება ადამიანის ორგანიზმში პრეპარატი და როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციის წინ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ შავლეგ კუტალაძეს ესაუბრა, „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ანესთეზიოლოგს.

  • რა არის ანესთეზია, რას ემსახურება ის?

ანესთეზია არის სამედიცინო ჩარევა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა, იქნება ეს ოპერაცია თუ მცირე მანიპულაცია, ჩატარდეს პაციენტისთვის კომფორტულ, უმტკივნეულო გარემოში.

ძირითადად ანესთეზია სამი სახისაა, ზოგადი ანესთეზია (ე.წ. ნარკოზი), რომლის დროსაც პაციენტს სძინავს და ტკივილი გაყუჩებული აქვს, მეორე ეს არის რეგიონული ანესთეზია, რომელიც მოიცავს ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილის ანესთეზიას, მაგალითად, სპინალური ან რომელიმე კიდურის ანესთეზია და მესამეა ადგილობრივი ანესთეზია, რომლის მსვლელობისთვისაც არ არის აუცილებელი ანესთეზიოლოგი, ის შეიძლება გაკეთდეს სტომატოლოგიურ კაბინეტშიც, სტომატოლოგის მიერ.

ანესთეზიის ტიპს განაპირობებს ოპერაცია/მანიპულაცია.

  • რამდენ ხანს რჩება ორგანიზმში ანესთეზიის მედიკამენტი?

ყველა მედიკამენტს გააჩნია თავისი თერაპიული მოქმედების დრო. მაგალითად, სპინალური ანესთეზიის შემთხვევაში ის 4 საათში უკვალოდ ქრება ჩვენი ორგანიზმიდან. ასეა ზოგადი ანესთეზიის დროსაც, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება, რამდენიმე საათში უკვალოდ ქრება. 

  • სპინალურ ანესთეზიასთან მიმართებაში დღემდე არსებობს გარკვეული შიში, რომ მტკივნეულია, რომ შეიძლება დააზიანოს ხერხემალი და დატოვოს ტკივილი წელის არეში. რამდენად რეალურია ეს შიში?

სპინალური ანესთეზია რეგიონული ანესთეზიის ერთ-ერთი სახეა, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ სპინალურ არხში, ანუ თავ-ზურგ-ტვინის არხში შეგვყავს მედიკამენტი. რა თქმა უნდა, ეს ანესთეზია გამოირჩევა იმით, რომ ფრთხილადაა გასაკეთებელია, სტერილურობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება ჩხვლეტით მოვახდინოთ სპინალური არხის ინფიცირება და აქედან გამომდინარე, ეს პროცედურა ტარდება სრული სტერილობის დაცვით, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს ინფექციის შეჭრას. 

მტკივნეულობაზე რა შეგვიძლია ვთქვათ –  როცა სპინალური ანესთეზია სიახლე იყო, ალბათ 10-15 წლის წინ, მაშინ სპინალური ანესთეზიის ნემსიც ძალიან დაუხვეწავი იყო, დიდი ზომის და რეალურად ტრავმას აყენებდა პაციენტს. დღესდღეობით არის ატრავმული, ძალიან წვრილი ნემსი, რითაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ხერხემლის არხში რაიმე დაზიანება მოხდეს.

რაც შეეხება ტკივილს, პროცედურული – ანუ ჩხვლეტისგან გამოწვეული ტკივილი, რა თქმა უნდა, შეიძლება ჰქონდეს პაციენტს, უბრალოდ, როგორც კუნთში გაკეთებული ნემსია მტკივნეული და რამდენიმე დღეში გადის, ასევეა აქაც, ორი-სამი კვირის მერე, ყოველგვარი ტკივილი, რაც ჩხვლეტისგან არის გამოწვეული, ლაგდება.

მაგრამ, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო – დღეს ეს იმდენად დახვეწილი და ატრავმული ნემსია, პრაქტიკულად მინიმალურია ეს ტკივილი. მიუხედავად ამისა, ბევრ ადამიანს შეხვდებით, ვინც დღესაც ამბობს, რომ წელი სტკივა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს წელის ტკივილი შეიძლება სულ არ იყოს დაკავშირებული ხერხემალთან.

პაციენტების უმრავლესობას უბრალოდ კუნთები სტკივა, წარმოიდგინეთ, ქალი აჩენს ბავშვს, როგორ იცვლება მისი მოძრაობის მანერა, თუნდაც ის, რომ მთელი დღე ხელში უჭირავს ბავშვი… ეს ყველაფერი იწვევს წელის ტკივილს.

  • რა გართულებები შეიძლება ახლდეს ანესთეზიას?

გართულებები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ანესთეზიას სამკურნალოდ ხომ არავინ იკეთებს, მას იკეთებენ, რადგან ესაჭიროებათ რაღაც ქირურგიული ჩარევა ან პროცედურა, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს და ეს ყველაფერი ანესთეზიის გარეშე წარმოუდგენელია.

შესაბამისად თვითონ პროცედურას, მედიკამენტებს ახასიათებს გართულებები. კერძოდ, იგი უარყოფითად მოქმედებს წნევაზე, მაგალითად, იწვევს არტერიული წნევის დაცემას, პულსის დაცემას, მაგრამ ეს ყველაფერი მართვადია.

  • რამდენად რეალურია, რომ ანესთეზიის შემდეგ პაციენტს დარჩეს გარკვეული გვერდითი ეფექტები თმის ცვენის ან მხედველობის დაქვეითების სახით?

ჩვენ ვთქვით, რომ ანესთეზიას შეიძლება გარკვეული გართულებები ახლდეს, თუმცა ეს გართულებები არის მოსალოდნელი მხოლოდ იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ორგანიზმში მოქმედებს წამალი. ის, რომ ანესთეზიამ დატოვოს რაიმე გართულება/ეფექტი – ეს მითია.

ანესთეზიაზე მიწერილი ისეთი პრობლემები, როგორიცაა: მხედველობის გაუარესება, კბილების გაფუჭება, თმების ცვენა და ა.შ., არ შეესაბამება რეალობას.

ადრე მართლა დაუხვეწავი იყო ბევრი რამ ანესთეზიაში და შესაძლოა ადამიანებს, რომელთაც აქვთ ადრე ანესთეზიის გამოცდილება, ჰქონდეთ მიზეზი ანესთეზიის მიმართ ცუდი დამოკიდებულების; მაგრამ დღეს ანესთეზიაში მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე გადის ყველაფერი და ჩემს სამედიცინო მეხსიერებაში მსგავსი რაღაც არ არის.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ანესთეზიას ვიტარებთ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად, ვიღებთ უამრავ მედიკამენტს და ა.შ. აქედან გამომდინარე, რაღაც თანმდევი მოვლენები შეიძლება, ზოგადად, სამედიცინო დიაგნოზს უკავშირდებოდეს და არა ანესთეზიას.

  • რამდენად რეალისტურია შიში, რომ პაციენტს შეიძლება გაეღვიძოს ან ტკივილი იგრძნოს ოპერაციის მსვლელობის დროს, როგორ ხდება ამის მონიტორინგი? 

სამწუხაროდ, ეს არ არის მთლად მითი, ეს ხდებოდა ძირითადად ადრე, სანამ ასეთი მაღალტექნოლოგიური გახდებოდა ანესთეზია. დღეს ამისი რისკი ძალიან მცირეა, რადგანაც ახალი აპარატურა ჩვენ საშუალებას გვაძლევს, პირდაპირ რეჟიმში ვაკონტროლოთ თითქმის ყველა ფუნქცია, იქნება ეს ჩვენი გულის მუშაობა, ჟანგბადის შემცველობა [სისხლში]; ასევე მონიტორით კონტროლდება პაციენტის ძილის სიღრმე, რელაქსაცია, სტკივა თუ არ სტკივა და სხვა.

ეს ხდებოდა, ამას ვერ უარყოფს ვერავინ, შეიძლება დღესაც მოხდეს, მაგრამ ეს რისკი არის მინიმალური. აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა დონეზეა აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, რათა მან ზუსტად აკონტროლოს ყველა ის პარამეტრი, რომელიც უსაფრთხო ანესთეზიის პრინციპებს განაპირობებს.

  • რამდენად საფუძვლიანია ანესთეზიის დროს ალერგიის შიში?

ალერგია ანესთეზიოლოგიასა და ზოგადად სამედიცინო პრაქტიკაში ძალიან მტკივნეული თემაა. პაციენტების ნაწილი სწორედ ამის გამო იკავებს თავს და ჩვენც დიდი დილემის წინაშე ვდგავართ.

ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს მკითხველს, ანესთეზიის დროს ალერგიის განვითარება შესაძლებელია და ალერგიულობაზე ტესტიც კი ვერ იქნება 100-პროცენტიანი დაზღვევა/თავდაცვა. აქ მთავარია, რომ ის სამედიცინო ცენტრი, ის ქირურგიული თუ ანესთეზიოლოგიური ბრიგადა, რომელიც გიკეთებთ ოპერაციას, იყოს სათანადოდ გაწვრთნილი, რომ დროულად ამოიცნოს და სწორად მართოს ალერგიული გართულება. ეს არის ის ერთადერთი გზა, რაც ჩვენ დაგვიცავს ცუდი შედეგისგან. 

  • რაიმე განსაკუთრებული მომზადება საჭიროა ოპერაციის, ანესთეზიის წინ? 

აუცილებელია, რომ გეგმური ოპერაციების დროს პაციენტი წინასწარ გაესაუბროს ანესთეზიოლოგს. საქმე ის არის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დაავადებებთან ერთად, ანესთეზიოლოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა ეს დაავადება.

პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ რა მედიკამენტებს სვამს, რადგან შეიძლება ნებისმიერი მედიკამენტის დოზა ან თავად მედიკამენტი იყოს შესაცვლელი ან საერთოდ მოსახსნელი; ამის კომპეტენცია აქვს ანესთეზიოლოგს, რათა მან სწორად მართოს ოპერაციის დროს პაციენტის ჯანმრთელობა და გართულებები იყოს დაყვანილი მინიმუმამდე.

ოპერაციამდე მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა, მათ შორის: პაციენტი ოპერაციამდე მინიმუმ 8 საათი იყოს უზმოდ, ანუ არ მიიღოს საკვები და სასმელი; პაციენტი არ უნდა მივიდეს ოპერაციაზე სამკაულებით, მაკიაჟით , მანიკიურით – ეს რაიმე დამღუპველ შედეგებამდე არ მიგვიყვანს, მაგრამ ოპერაციის დროს გამოიყენება ელექტროდანა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტალის სამკაულების გადახურება და კანის დაზიანება; როცა მაკიაჟითაა პაციენტი, შეიძლება მაკიაჟი აღმოჩნდეს თვალში, პირის ღრუში, რაც სასურველი არ არის. ცხადია, ამ ყველაფერს ანესთეზიოლოგი წინასწარ ეუბნება პაციენტს.

  • ანესთეზიოლოგი ოპერაციის მსვლელობის ბოლომდე რჩება პაციენტთან?

ადრე იყო ასეთი მიდგომა, ყველას ეგონა, რომ ანესთეზია იყო მხოლოდ „დააძინე და გააღვიძე პაციენტი“, რეალურად ყველა სასიცოცხლო პარამეტრს ანესთეზიოლოგი აკონტროლებს მთელი ოპერაციის განმავლობაში. ასევე, ოპერაციამდე პაციენტის მომზადება არის ანესთეზიოლოგის პრეროგატივა; ოპერაციის შემდგომ, მინიმუმ 2 საათი, პაციენტი იმყოფება ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და შემდგომ, თუ ტკივილის სინდრომი არის გამოხატული, იმის კუპირებაშიც ანესთეზიოლოგი არის ჩართული, ასე, რომ ანესთეზიოლოგი ოპერაციამდე, ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდგომაც ჩართულია პროცესში.

ფულადი ჯარიმა არაფერს შეცვლის, დამნაშავე უნდა დააპატიმრონ – პედაგოგი ნაადრევ ქორწინებაზე

„თუ დავაკვირდებით, ადრეული ქორწინებები, ძირითადად ღარიბ ოჯახებშია. თითქოს ცდილობენ ამ გზით „უკეთესი ცხოვრება“ შესთავაზონ გოგოებს და თავიდან მოიშორონ“, – ამბობს ქამრან აფანდიევი. ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის სკოლაში ქართულ ენას და მათემატიკას ასწავლის.

ქამრანი წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში იყო. „ბათუმელები“ მას გოგოების ნაადრევი ქორწინების თემასა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ესაუბრა.

  • ბატონო ქამრან, თქვენ, როგორც პედაგოგი, რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ბავშვთა ქორწინება. ბოლო პერიოდში გახმაურებულ მძიმე ამბებში ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანული ოჯახები ფიგურირებენ, ამიტომ გვაინტერესებს, რამდენად აქვთ ამ ოჯახებს გააზრებული, რომ ეს არის დანაშაული? თუ ენის ბარიერის გამო არ ფლობენ ინფორმაციას?

ახლახან გავრცელდა ომბუდსმენის 2022 წლის ანგარიში, სადაც რეგიონების მიხედვით მოცემულია ადრეული ქორწინებების სტატისტიკა და ვხედავთ, რომ პირველი ადგილი უკავია  იმერეთს, შემდეგ თბილისს და მეოთხე ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები.

თუმცა ნაადრევ ქორწინებებზე საუბრისას, რატომღაც აქცენტი მაინც ეთნიკურ უმცირესობებზე კეთდება.

დღეს წავიკითხე მედიაში 14 წლის გოგოს გარდაცვალებაზე, რომელიც არ ყოფილა უმცირესობების თემიდან და იყო ძალადობის მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები ტრაგედიაა და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ თემში ხდება ეს.

რაც ქვემო ქართლში ხდება, იმასაც ვგმობ და ესეც უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ქვემო ქართლის პრობლემა, ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა, ყველა რეგიონში არსებობს არასრულწლოვნის ქორწინების შემთხვევები.

რა თქმა უნდა, ინფორმაციის დონეზე ეთნიკურმა უმცირესობებმა იციან, რომ ბავშვის დაქორწინება დასჯადია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ფაქტებს მაინც მალავენ.

  • რატომ?

თუ დავაკვირდებით, ისეთი ოჯახები აკეთებენ ამას, რომლებიც არიან უკიდურესად ღარიბი და თითქოს ცდილობენ ამ გზით „უკეთესი ცხოვრება“ შესთავაზონ გოგონებს და თავიდან იშორებენ.

მაგრამ თუ ჩვენ ნორმალურ შესაძლებლობებს შევთავაზებთ ამ მოსახლეობას, დამიჯერეთ, ასჯერ, ათასჯერ შემცირდება ასეთი შემთხვევები.

  • ძალადობა მხოლოდ სიღარიბესთან არის კავშირში?

რა თქმა უნდა, არა, მაგრამ, მე პირდაპირ ვხედავ კავშირს ფინანსურ პრობლემებსა და ასევე განათლების ნაკლებობასთან.

ბევრი სოფელი მინახავს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, სადაც არ არის ინფრასტრუქტურა, არც საბავშვო ბაღი არსებობს, არც თეატრი, არც კინო, არც რაიმე გასართობი ან საგანმანათლებლო ცენტრი სკოლის გარდა. არის უკიდურესი სიღარიბე და ასეთ გარემოში მშობლები გამოსავალს ხედავენ გოგონას გათხოვებაში. ეს არის ძალიან მწარე რეალობა.

განვითარებულ სოფლებში, აი, მაგალითად, სადახლოს თემში, ვერ ვნახავთ ნაადრევ ქორწინებებს – აქ სხვა სიტუაციაა, სხვა შესაძლებლობები არსებობს და გოგონები სწავლობენ: თუ უნივერსიტეტი არა, მინიმუმ სკოლა ყველა ბავშვმა უნდა დაამთავროს.

ის, რაც ხდება, ჩვენი ქვეყნის სისტემის ბრალია, რადგან არ არის სათანადო მონიტორინგი, პრობლემას სკოლა მალავს. ასე არ იყო აითაჯის ამბავზეც? რატომ დაიმალა სკოლის დირექტორი, მან ხომ კარგად იცოდა, რომ არ დადიოდა გოგონა სკოლაში.

ასეთი დამოკიდებულებების და იმის გამო, რომ არ არსებობს თანაბარი წვდომა რესურსებზე,  ჩვენ ვკარგავთ ათობით ახალგაზრდას.

  • მახსოვს, ახალგაზრდა მასწავლებელი მარნეულიდან, რომელიც ღიად აპროტესტებდა გოგოების ნაადრევ ქორწინებას და ამის გამო ბევრი დაუპირისპირდა მას თემში. თქვენც ხომ არ გაქვთ მსგავსი ისტორიები და როგორ უმკლავდებით, ვთქვათ, ასეთ გამოწვევებს?

რადგან ჩვენი სოფელი ახლოსაა მუნიციპალიტეტთან და უფრო მეტად გვაქვს სასწავლო ცენტრებთან წვდომა, ამიტომ სადახლოს თემში ნაადრევი ქორწინებების შემთხვევები თითქმის არ გვაქვს.

ძალიან ბევრი გოგო ცდილობს განათლების მიღებას. მაგალითად, შარშან 32 აბიტურიენტი მყავდა ცენტრში და აქედან ყველა სტუდენტი გახდა. უმრავლესობა კი გოგონა იყო.

ჰამიდის ისტორიას რაც შეეხება, მაშინ ამ ამბავმა ძალიან კარგად იმოქმედა პროცესებზე, ჩვენ სამოქალაქო აქტივისტები გვერდით დავუდექით ჰამიდს, მედიამაც ძალიან კარგად გააშუქა ეს ამბავი და ჩვენმა ერთიანობამ შეაშინა ის ძალები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ უნდა გვესაუბრა გოგონების იძულებით ქორწინებებზე.

ჩვენ დავანახეთ ამ ადამიანებს, რომ უფრო მეტნი ვართ ისინი, ვინც მხარს ვუჭერთ განათლებას და არა ნაადრევ ქორწინებებს, რომ სხვანაირად ვაზროვნებთ.

მაშინ ჩვენი ძალების გაერთიანება ნიშნავდა იმას, რომ ცვლილებები უნდა დაწყებულიყო. ყველას დავანახეთ, რომ განათლებასა და განვითარებაზე მაღლა არაფერი დგას.

  • თუმცა ფაქტია, რომ დღეს სკოლა ისევ ამჯობინებს დახუჭოს თვალი იძულებით ქორწინებებზე და დაიმალოს, როგორც მოხდა 14 წლის გოგონას მკვლელობის შემთხვევაში.

ამ ათი წლის განმავლობაში, ვფიქრობ, ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ცნობიერება კიდევ უნდა გაიზარდოს, მათ შორის პედაგოგების, რომ არ დახუჭონ თვალი ძალადობაზე.

სახელმწიფო ყოველთვის უნდა იყოს ძალიან მკაცრი ასეთ შემთხვევებში და პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ.

მარტო ფულადი ჯარიმა არაფერს შეცვლის, რადგან ხალხი მიეჩვია ჯარიმებს. დამნაშავე უნდა დააპატიმრონ, როგორც აითაჯის ოჯახის წევრებმა აგეს პასუხი, ისე უნდა აგონ, სხვანაირად ეს პრობლემა არ მოგვარდება.

მე, პირადად, ყველაზე ადამიანური, ყველაზე ჰუმანური მაინც იმ სოფლების განვითარება მგონია, რომლებიც მოწყვეტილია თანამედროვეობას.

მინახავს ისეთი სოფლები, სადაც ორი დღეც კი არ შემიძლია ვიცხოვრო, იმდენად ცუდი პირობებია. არ არსებობს განვითარების არანაირი შესაძლებლობა.

  • თქვენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში იყავით, როგორც ვიცი, ათეულის მასწავლებლებსაც აქვთ კლუბები შექმნილი. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს რესურსი იყოს გამოყენებული ეთნიკური უმცირესობების გასაძლიერებლად და ხომ არ გაქვთ ამ მხრივ გეგმები?

მე როცა 2017 წელს დავიწყე სკოლაში მუშაობა და უკეთ დავინახე განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები, ამ მიმართულებით დავიწყე სკოლის გარეთ აქტივობების განხორციელება.

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ ამჟამად 6 პროექტს ახორციელებს და ათასობით ახალგაზრდა გვყავს ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხურენოვანი თემებიდან.

ძირითად აქცენტს სოფლის პრობლემებზე ვაკეთებთ, მაგრამ ასევე ვსაუბრობთ ძალადობის და ადრეული ქორწინებების პრობლემაზეც.

მასწავლებლის, სკოლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გაძლიერებაში. მასწავლებელი უნდა იყოს ფხიზელი, რადგან საქართველოს მომავალი მასწავლებლების ზურგზეა.

ამიტომ სჭირდება მასწავლებელს მეტი თავისუფლება და არა დაშინება, რომ ღიად ისაუბროს პრობლემებზე.

უნდა გაძლიერდეს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლება, ძალიან კარგად უნდა ისწავლებოდეს საკანონმდებლო ნორმები, ადამიანის უფლებები, რომ მათი დარღვევის შემთხვევაში იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ, ვის მიმართონ და რა უნდა გააკეთონ.

მე, პირადად, ძალიან ბევრს ვმუშაობ ამ მიმართულებით, ვავრცელებთ ბუკლეტებს, ბროშურებს, ვიდეორგოლები კეთდება და ვაწყობთ საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობაში, რომ ამ მხრივ ეთნიკური უმცირესობების ცნობიერება გაიზარდოს.

  • რა არის ამ ყველაფრის შედეგი, რომელზეც თქვენ საუბრობთ?

შედეგია ის, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ათასობით გოგონამ ჩააბარა უნივერსიტეტში, დასაქმებულებიც არიან, მუშაობენ სკოლებშიც, თვითმმართველობებში, კერძო ბიზნესში არიან დასაქმებულები, არასამთავრობო სექტორში და ასე შემდეგ.

მაგრამ მინდა შევეხო სახელმწიფოს დამოკიდებულებას ეთნიკური უმცირესობების მიმართ – ვფიქრობ, ენის ბარიერის პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს.

ასევე, უფრო მეტად უნდა იზრუნოს იმ სოფლების განვითარებაზე, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ.

ჩვენც ხომ ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის, როგორც სხვები, არა? და ჩვენც ხომ ასევე გვიყვარს საქართველო. ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული საქართველო ნიშნავს ძლიერ რეგიონებს, ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდობას. ეს ძლიერი საქართველო, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის გარეშე შეუძლებელია.

ამ რეგიონებმაც ხომ უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი ქვეყნის განვითარებაში, რადგან ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო – საქართველო და ამიტომაც ამ რეგიონებში უნდა მოვაგვაროთ რამდენიმე პრობლემა – ეს არის ენის ბარიერი, ინფრასტრუქტურა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

ვფიქრობ, ქვეყნის განვითარება რეგიონებიდან ხდება.

გადარჩება შენობა ბათუმში, სადაც „მონანიების“ კადრები გადაიღეს? – რესტავრაცია დაიწყო

ბათუმში, ნინოშვილის #23-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში მესაკუთრემ სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე შიდა სამუშაოებს ატარებენ. ადგილზე დასაქმებულების თქმით, შენობის ჭერი და კედლები მყარია.

გასულ წლებში აქ დიდი ხნის განმავლობაში კვლევითი ინსტიტუტი ფუნქციონირებდა. შემდეგ შენობა სხვა ქონებასთან ერთად მთავრობამ გაყიდა.

შენობისთვის იერ-სახის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქისთვის, რომელმაც ბევრი ძეგლის სტატუსის მქონე შენობა უკვე დაკარგა. გარდა იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამ  შენობის ეზოში გადაიღო თენგიზ აბულაძემ თავისი ერთ-ერთი ცნობილი ფილმის – „მონანიების“ კადრებიც.

ბათუმში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეზოშია გადაღებული თენგიზ აბულაძის „მონანიების“ რამდენიმე სცენა, მათ შორის გულიკოს ცეკვა ვარლამის კუბოსთან.

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ადმინისტრაცია შენობიდან 2010 წლის ბოლოს გამოასახლეს. ვიდრე ქონებას გაყიდდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებმა არაერთი წერილით მიმართეს. ისინი მინისტრს სთხოვდნენ შენობა ინსტიტუტისთვის დაეტოვებინა, თუმცა სამინისტრომ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა.

ბათუმი, ნინოშვილის #23

ბოლო წლებში შენობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ფუნქციონირებდა. შენობის ფასადისა და ეზოს ვიზუალის მიხედვით, წლებია ამ ძეგლს არავინ უვლიდა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, გაცემულია ძეგლის რეაბილიტაციის ნებართვა და მის იერ-სახეს შეინარჩუნებენ.

სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით: „ორსართულიანი შენობა ნინოშვილისა და 26 მაისი ქუჩების გადაკვეთაზე აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. 1958-2011 წლებში მასში განთავსებული იყო ნ. ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 2011 წელს შენობაში ბინა დაიდო ახალშექმნილმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ.“

მთავარი ფასადით სახლი ნინოშვილის ქუჩაზე გადის. ის ქუჩიდან ცოტა მოშორებით, პატარა ეზოში დგას.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი- ბათუმი, ნინოშვილის #23

ფასადის მარჯვენა ბოლოში, კუთხეზე ირიბად არის მიდგმული თაღებით გახსნილი პორტიკი, რომლის თავზეც მეორე სართულის ღია ვერანდაა მოწყობილი.

სპეციალისტების შეფასებით: მთავარი ფასადი უხვად არის მორთული რენესანსულ-ბაროკული ეკლექტიზმის ელემენტებით. კედლის სიბრტყე შელესილია და ზედ თეთრი და ღია მწვანე ჰორიზონტალური ზოლებია დატანილი. ერთ-ერთი საუკეთესო შენობაა, გამორჩეული როგორც მხატვრული ჩანაფიქრით, ისე შესრულების მაღალი ხარისხით.

მიმდინარე სამუშაოები
ინტერიერი
მიმდინარე სამუშაოები

არანაკლებ საინტერესოა ძეგლის გადაყიდვის ისტორია.

ყოფილმა მესაკუთრემ შპს „Tam Geo“-მ ეს ქონება – ყოფილი ინსტიტუტის ორსართულიანი შენობა ბათუმის ბულვართან [513,3 კვ.მ.] და მასზე დამაგრებული ნაკვეთი [982 კვ.მ], ასევე რუსთაველის 30-ში მდებარე ნაკვეთი [3670 კვ.მ] 2012 წელს იყიდა პირდაპირი წესით. კომპანიამ ამ უძრავ ქონებაში 1,5 მილიონ აშშ დოლარი გადაიხადა.

2012 წელს შპს „Tam Geo“-მ  საკუთრებაში მიიღო 4 652 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ქალაქის ცენტრში და ძეგლის სტატუსის მქონე შენობა – მილიონ-ნახევრად. წლების შემდეგ ამ ქონების მხოლოდ ნაწილი [ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა და მასთან დაკავშირებული მიწა] 1 მილიონ 125 000 დოლარად გაყიდა [ეს საერთო ქონებაში გადახდილ ფასზე მხოლოდ 375 000 ლარით არის ნაკლები].

ახალი მფლობელი შპს „EVENTUS“- ია. კომპანიის 88 პროცენტს შპს „გუმბათი“ ფლობს, დარჩენილი 12 პროცენტი ნატო ჭანტურიას საკუთრებაა.

მეორე მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანია „ბაბილონ თაუერს“ აშენებდა და ვერ დაასრულა, ასევე სარფიანად გაიყიდა. შესაბამისად, შპს „Tam Geo“, რომელმაც ვალდებულება აიღო და ვერ შეასრულა, სახელმწიფოს ქონების ხარჯზე დიდი ფული გააკეთა.

გაწელილი პროცედურების, პირგასამტეხლოს დაკისრების, შემდეგ ჩამოწერა-პატიებასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მრავალჯერ განახლების მიუხედავად, Tam Geo-მ ამ პროექტის დასრულება ვერ შეძლო და მშენებარე პროექტი რუსთაველის ქუჩაზე თავისი მიწით 24 მილიონ 990 000 ლარად გაყიდა. შემძენი კომპანია „ემ სი ქონსთრაქშენია“.

ახალმა მფლობელმა აიღო ყველა ის ვალდებულება, რასაც ყოფილ მეპატრონეს, Tam Geo-ს აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება ავალდებულებდა. მშენებლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

„ხელოვნების მოთვინიერებასა და კონტროლს ცდილობს ყველა რეჟიმი“ – ნატაშა ლომოური

„საზოგადოების ყველაზე თავისუფალი კასტა არიან ხელოვანები. მათ შეუძლიათ ყველაზე კრიტიკულად მიუდგნენ სახელმწიფოს, მის მიერ გატარებულ პოლიტიკას. მწერლებს ისევ ჰყავთ ყველაზე დიდი აუდიტორია.

მწერლები განსაკუთრებით უყვართ და უყვარდათ ყოველთვის. მწერლებს აღმერთებდნენ, მაღალია მათი ავტორიტეტი. მათი გამოთქმული აზრი, მათი კრიტიკა თუ შეფასება ძალიან ფასობს. ამისი ეშინია ყოველთვის ავტორიტარულ რეჟიმს. ასე იყო ადრეც და ასე არის ახლაც,“ – ამბობს ნატაშა ლომოური, საქართველოს მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი, დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმისა და რეპრესირებულ საბჭოთა მწერალთა მუზეუმის კონცეფციის ავტორი.

საქართველოს მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი 2023 წლის მარტში გაიხსნა საბჭოთა სისტემის მსხვერპლი მწერლების გახსენებისა და ხსოვნის უკვდავყოფის ნიშნად.

„ბათუმელები“ ნატაშა ლომოურს ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები 1937-1938“ შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ნატაშა, რა როლი აქვთ მუზეუმებ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში?

საქართველოს მწერალთა სახლი, მაჩაბლის #13, არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენი საბჭოთა ისტორიის, წარსულის გასაგებად და გასააზრებლად.

მწერალთა სახლი 30-იან წლებში იყო სტალინური რეპრესიების ეპიცენტრი. ვიცით, რომ დაახლოებით ორასამდე მწერალი ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს და აქედან 90-მდე ემსხვერპლა 1937-38 წლების ტერორს.

„ორასამდე, ოთხმოცდაათამდე“ იმიტომ ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ არ არის კვლევა ბოლომდე მიყვანილი. ეს რიცხვები საკამათოა. ცალკე თემაა, როგორ მუშაობენ ისტორიკოსები და მკვლევრები ამ საკითხზე.

ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ მაჩაბლის #13-ში გაგვეკეთებინა რეპრესირებული მწერლების მუზეუმი. აქ 1937 წელს მოხდა ყველაზე ხმაურიანი, საჯარო პროტესტი საბჭოთა სისტემის მიმართ, როდესაც პაოლო იაშვილმა, საუკეთესო სიმბოლისტმა პოეტმა, გამორჩეულმა ადამიანმა საქართველოში, მოიკლა თავი მწერალთა კავშირის შენობის მეორე სართულზე. თავი მოიკლა იმ დროს, როცა პირველ სართულზე მიდიოდა მწერალთა კავშირის სხდომა, სადაც განიხილავდნენ იმ მომენტში ერთ-ერთი სხვა მწერლის გარიცხვას მწერალთა კავშირიდან.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი, როდესაც მწერლებს უწევდათ ერთმანეთის დაბეზღება, ერთმანეთზე რაღაცების მოგონება, ამას ვერ გაუძლო სწორედ პაოლო იაშვილმა.

სავარაუდოდ იცოდა, რომ ის იქნებოდა შემდეგი მსხვერპლი.

ეს არის ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. როდესაც მწერალთა სახლში დავიწყეთ მუშაობა, ბევრი ბავშვი მოდიოდა ჩვენთან, სტუდენტებიც, მაგრამ უფრო მეტად სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ეცნობოდნენ დავით სარაჯიშვილის ლამაზი სახლის ისტორიას. ჩვენდა გასაკვირად აღმოვაჩინეთ, რომ როდესაც მივდიოდით ისტორიის ამ ეტაპამდე, რეპრესიებამდე, მხოლოდ იმ ბავშვებმა იცოდნენ რაღაც ამ თემაზე, ვისაც რეპრესირებული ოჯახის წევრები ჰყავდა.

მივხვდით, რომ ეს იყო სიცარიელე და ხარვეზი ჩვენ განათლების სისტემაში. ვიფიქრეთ, რომ ჩვენ შეგვეძლო გაგვეჩინა ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცე ამის აღმოსაფხვრელად და შევქმენით მუზეუმი, რომელიც ჰყვება რეპრესიების ისტორიას 1921 წლიდან, ოკუპაციის დღიდანვე. ეს თარიღი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გასაბჭოების მესამე დღით, 1921 წლის 28 თებერვლით თარიღდება რევკომის დადგენილება, რომელიც დავით სარაჯიშვილის და აკაკი ხოშტარიას სახლს მწერალთა კავშირს გადასცემს.

ეს გულუხვი საჩუქარია, რომელსაც მწერალთა კავშირი იღებს და ამით იწყება ისტორია, მწერალთა კავშირსა და სახელმწიფოს შორის. ისტორია, რომელშიც თუ ხარ მათი [სისტემის] მოკავშირე, ხარ კარგად და უსაფრთხოდ, თუ ეწინააღმდეგები, რეალურად ხარ საშიშროების წინაშე.

შემონახულია დოკუმენტები, როდესაც მწერალთა კავშირში ჯერ შალვა ელიავა მიდის, შემდეგ სერგო ორჯონიკიძე, რომლებიც პირდაპირ ეუბნებიან მწერლებს – „ვინც ჩვენთან ერთად არ იქნება, ჩვენ მათ ტყვიის ენაზე დაველაპარაკებით“.

ჩვენ ვაჩვენებთ დამთვალიერებელს ისტორიას 1921 წლიდან. ვაჩვენებთ ყველაზე მთავარ ეტაპებს – 1924 წლის შეთქმულებას, 30-იანი წლებს, ყველაზე რთულ 1937-38 წლებს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს.

ეს მუზეუმი მთავრდება 1956 წლით, როდესაც სტალინის სიკვდილის შემდეგ იწყება რეაბილიტაცია.

თუმცა ამ მუზეუმში მნიშვნელოვანი არის არა ის ისტორია, რომელიც ყველას შეუძლია წაიკითხოს, არამედ, როგორ არის ის გაკეთებული და როგორ ხვდება გულზე ყველას სხვადასხვა რამ.

არის აუდიოგიდი, რომელსაც დაინტერესებული ადამიანი მოუსმენს და მეტ ინფორმაციას გაიგებს. არის ვიზუალური მასალა, რომელსაც ბავშვებს ვთავაზობთ.

იყო ასეთი პოეტი – მარი აბრამიშვილი. ერთადერთი პოეტი ქალი, რომელიც თავისი ტექსტების გამო, პოეზიის გამო დაიჭირეს და გადაასახლეს ვიატკაში. მისმა ქალიშვილმა შემოგვწირა ჩანგალი და კოვზი, რომელიც მარი აბრამიშვილმა წამოიღო ვიატკის ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ.

ბევრი ხელშესახები ამბავია, ბევრი ემოციური ამბავი და აი, ამ ისტორიების გავლით, უფრო გახსნილი იქნება ადამიანი, რომ აღიქვას, დაიმახსოვროს, შეეხოს უფრო მეტად ეს ისტორია.

წარსულის გადააზრების და ცოდნის გარეშე ძალიან ძნელია წინ წასვლა და რაღაც ახლის შექმნა. მეორეც, ასეთი ცოდნით შეიარაღებული ადამიანი, სავარაუდოდ ასეთივე შეცდომებს აღარ გაიმეორებს.

  • რატომ სურდა ტოტალიტარულ სახელმწიფოს მწერლების დამორჩილება?

ის ფაქტი, რომ, მაგალითად, მწერლებს მისცეს თბილისის საუკეთესო სახლი საქართველოს ოკუპაციისთანავე, არ იყო შემთხვევითობა. ყველა ავტორიტარულ რეჟიმს ყოველთვის სჭირდება ინტელექტუალური დასაყრდენი. ამის მაგალითები ძალიან ბევრია მსოფლიოში. საბჭოთა სისტემაც არ იყო გამონაკლისი.

თავიდან სჭირდებოდათ მხარდაჭერა.

შემდგომ ისეთ ძალადობრივ სისტემას ეფუძნებოდა მათი ძალაუფლება, რომ მხარდაჭერაზე აღარ იყო საუბარი. 30-იან წლებში სოციალისტური რეალიზმის პრინციპების დანერგვა შემოქმედებაში, ყველა ტექსტის უდიდესი კონტროლი და ცენზურა იყო. იმ პერიოდისაა სტალინის ცნობილი ფრაზაც – „საბჭოთა მწერალი არის ადამიანის სულის ინჟინერი“. ეს იყო მთელი ამ პერიოდის ლაიტმოტივი.

რა თქმა უნდა, ზოგადად ხელოვნების მოთვინიერებას, ხელოვანების კონტროლს ცდილობს ყველა რეჟიმი, რადგან ისინი ყველაზე თავისუფალი ხალხია. მათ აქვთ საშუალება, დასვან კითხვები და დასვან კრიტიკული კითხვები. მათ ჰყავთ, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი აუდიტორია.

არანაკლები ხდება დღესაც. დღესაცაა ხელოვნების კონტროლის ვნება. საზოგადოების ყველაზე თავისუფალი კასტა ხელოვანებია, მათ შეუძლიათ ყველაზე კრიტიკულად მიუდგნენ სახელმწიფოს, მის მიერ გატარებულ პოლიტიკას, ჰყავთ ყველაზე დიდი აუდიტორია.

მწერლები განსაკუთრებით უყვართ და უყვარდათ ყოველთვის, ამიტომ მათი ავტორიტეტი ძალიან დიდია. მათი გამოთქმული აზრი, მათი კრიტიკა თუ შეფასება ძალიან ფასობს. ავტორიტარულ რეჟიმს ამისი ყოველთვის ეშინია. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც.

  • სულ ახლახან იყო ცვლილება მწერალთა სახლში. სახელმწიფო თითქოს ცდილობს ყველაფერი მოგუდოს, ერთგვარი ჩარჩო დააწესო და ის, ვინც ამ ჩარჩოში ვერ ჯდება, უნდა წავიდეს. ეს საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით წამოღებული მართვის სტილია?

ჩემთვის, მაგალითად, ძალიან გასაკვირია ის, რაც ხდება… ჩვენ თითქოს დიდი დრო დაგვჭირდა აგვეშენებინა თავისუფალი საზოგადოება, გავცდით ამ კონტროლის ჩარჩოს და ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე კიდევ მოგვიწევდა ამაზე ლაპარაკი, ამაზე ნერვიულობა, ამაზე დროის დაკარგვა და ა.შ.

ძალიან უცნაურია, რომ ამდენი ხნის ნაშენები… მთლიანად მთელი ეს პროცესი, ძალიან უცებ, ჩვენ თვალწინ, რაღაცნაირად იშლება და უკან მიდის.

ეს მოხდა კულტურის სფეროში ცოტა ხნის წინ, თუმცა ხდება ეტაპობრივად და სისწრაფე ამ ცვლილების არის ძალიან თვალშისაცემი, ჩემი აზრით, ცოტა შემაშფოთებელი და საგანგაშოც.

აქაც იგივეა, ვნება გაკონტროლების… თუმცა დღეს შეცვლილია კონტექსტი და სრულუფლებიანი წევრები ვართ ევროპული საზოგადოების, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთად მივიჩნევთ თავს – განსხვავებით 1921 წლისგან, როდესაც სრულ იზოლაციაში ვიყავით, ბევრად უფრო მარტივია დღეს კონტაქტები, მიმოსვლა ქვეყნებს შორის.

არ ვიცი, ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ისევ რაღაც შეუქცევად პროცესში არ აღმოვჩნდეთ. ეს იმიტომ არის განსაკუთრებით საწყენი და საგანგაშო, რომ ჩვენ, კულტურული თვალსაზრისით, ნამდვილად ვართ ევროპული თანამეგობრობისა და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები.

ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, ჩემი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორი იყო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს როლი და როგორი ორგანული იყო ჩვენთვის ის გარემო. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ხელოვნების დარგებში ვიყოთ თანასწორი მოსაუბრე ევროპელ თანამოაზრეებთან.

დღეს ამისკენ ჩვენი სწრაფვის ჩაკეტვა, ერთი მხრივ, ალბათ არარეალურია, თუმცა საწყენია. ყოველ ნაბიჯზე ეს პროცესი რთულდება და ამას სწორედ სახელმწიფო გვირთულებს.

  • თქვენი აზრით, დღეს რაც გვჭირს, ეს ხომ არ არის იმის შედეგი, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს გააზრებული, თუ რა მოხდა 1937-38 წლებში – ფაქტია, რომ ის პროცესები სათანადო არ არის შეფასებული?

მე ვიტყოდი, რომ რიგ შემთხვევებში [რეპრესიები] 1921 წელს დაიწყო. ჩვენ გვყავს პოეტები და მწერლები, რომლებიც 1921 წელს დააპატიმრეს ტექსტების გამო.

რა თქმა უნდა, თუნდაც რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი, ამ ტიპის კონფერენციები, სადაც ჩვენ ახლა ვართ, ახალი პუბლიკაციები, ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ გადავიაზროთ.

ვფიქრობ, მუზეუმის მთავარი და ყველაზე ხშირი სტუმრები უნდა იყვნენ სახელმწიფო მოხელეები. გულწრფელად მჯერა ამის. არა კონკრეტულად ახლანდელები. ყველაზე მეტად მათ უნდა იცოდნენ, როგორია ის საკმაოდ წვრილი ხაზი, როდესაც ხდება ძალაუფლებით ტკბობა. კონტროლის სურვილი მერე გადადის მოუთოკავ ჟინში, რაც რეალურად ცვლის ხალხის და ქვეყნის ბედს.

ახლა რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ზუგდიდში არის ბერიას ქუჩა, სტალინის უზარმაზარი გამზირი არის გორში, სტალინის დიდების მუზეუმი გორში.

რეალურად არც პოლიტიკური ნება ყოფილა არასოდეს, რომ ეს საკითხი დასმულიყო დღის წესრიგში. გაიხსენეთ, როდესაც სტალინის ძეგლი აიღეს გორში ჩუმად, ღამე და ამან გამოიწვია ძალიან დიდი აღშფოთება. გორში მცხოვრებთა ნაწილისთვის სტალინი არის ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ჰიტლერი, მოიგო მეორე მსოფლიო ომი და იმის უკან რა იყო და კიდევ რა ხდებოდა, ძალიან ბევრმა არ იცის.

იმის მაგივრად, რომ ღამე ჩუმად აგვეღო ეს ძეგლი გორში, უნდა გველაპარაკა. მე, მაგალითად, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ უფრო სწორი იქნებოდა გველაპარაკა. მეტი დრო და ფული დაგვეხარჯა იმ ტიპის მუზეუმების [რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის] გაკეთებისთვის, გამოფენებისთვის. მეტი ფული დაგვეხარჯა ფილმებზე, კონფერენციებზე, ტრენინგებზე და ამ ხალხისთვის მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია.

ამ ყველაფრის ერთობლიობა ალბათ ოდესმე გამოიღებს შედეგს და შევძლებთ, ცოტა უფრო ფხიზლად შევხედოთ ჩვენ წარსულსაც და, შესაბამისად, მომავალსაც, რომ ეს შეცდომები აღარ დავუშვათ.

არავინ არ თქვას, რომ უჰ, ეს როდის იყო, დიდი ხნის წინ იყო და დღეს ასე არ ხდება. ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ პროცესები გახდეს შეუქცევადი.

  • აჭარაში აღმოაჩინეს რეპრესირებულთა ნეშტები, რომლებიც ახლა სხვადასხვა ადგილასაა დასვენებული. რეპრესიების მსხვერპლთა და მათ შთამომავალთა სოციალური დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ უნდა გაკეთდეს პანთეონი, სადაც რეპრესირებულთა ნეშტებს დაასვენებენ. თქვენ, როგორც რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის კონცეფციის ავტორი, რას ფიქრობთ ამ საკითხზე? რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს?

როცა რეპრესირებულ საბჭოთა მწერალთა მუზეუმში შედიხარ, იქ გხვდება ტექსტი, გვიწერია, რომ პირველ რიგში ეს არის მათი ხსოვნის პატივსაცემად გაკეთებული მუზეუმი, რადგან ბევრ შემთხვევაში არ არსებობს [ამ მწერალთა] საფლავები.

2012 წელს ვიყავი მონუმენტის გახსნაზე, რომელიც მთაწმინდაზე, პანთეონში გახსნეს და ეს იყო რეპრესირებული ხელოვანების კრებითი, სიმბოლური საფლავი.

ჩემი ძმის ბაბუა იყო ვახტანგ კოტეტიშვილი, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლო თემაა და ვიცი, მისი ოჯახის განცდები. 1938 წელს დახვრიტეს ვახტანგ კოტეტიშვილი, მაგრამ შემდეგ წლებში უცებ გამოჩნდებოდა ვიღაც მათთან სახლში და დედას, დას ეტყოდა – „ვახტანგმა გამოგვგზავნა… მე ციმბირიდან ჩამოვედი, იქ ძალიან ცივა და თუ შეიძლება, რაღაცა თბილი ტანსაცმელი გამატანეთ“.

აი, ასეთი ლეგენდებით აცხოვრებდნენ ამ ხალხს და, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრს უჩნდებოდა მცირე იმედი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ადგილი, სადაც ეს ხალხი, რეპრესირებულთა ოჯახის წევრები, მივლენ და ქედს მოიხრიან.

რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმში კუთხე გვაქვს – ძველი საბჭოთა საქაღალდეების ასლია გაკეთებული და წერია ყველას სახელი და გვარი.

არ ვიცი, ამას დამთვალიერებელი როგორ აღიქვამს, მაგრამ ჩვენ ასე შევხედეთ, რომ ეს მათი პატარა მონუმენტია.

ვფიქრობ, კარგი იქნება, იყოს რაიმე სიმბოლური ძეგლი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ასეთი ადგილი არის კიდევ ერთი დამატებითი რგოლი ჩვენი ცნობიერების გაზრდასა და განათლებაში.

სხალთა-ხიხაძირის გზაზე გავლა სახიფათოა, 1 წელია არაფერი გააკეთეს – მოქალაქე

ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთა-ხიხაძირის გზაზე, სოფელ წაბლანასთან, გზის სავალი ნაწილი ჩანგრეულია.

მიზეზი, როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, მეწყერია, თუმცა, გზა თითქმის ერთი წელია დაზიანებულია და აქ გავლა სახიფათოა:

„გარდა იმისა, რომ გზა ჩანგრეულია, ასფალტის საფარი ბევრ ადგილზე დაბზარულია და წვიმის შემთხვევაში არ არის გამორიცხული გზის სხვა ნაწილიც ჩაინგრეს. ეს კი ხიხაძირისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვას გამოიწვევს. ზამთარი მოახლოებულია და აქ გავლა უფრო საშიში იქნება“.

„ბათუმელები“ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა.

„მიმდინრეობს პროექტირება. მისი დასრულებისთანავე, უახლოეს პერიოდში დაიწყება გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები“, – მოგწერეს აჭარის გზების დეპარტამენტიდან.

სხალთა-ხიხაძირის გზის დაზიანებული მონაკვეთი სოფელ წაბლანასთან / 17.10.2023

აღნიშნული გზის გაგრძელება – სოფელ ფუშრუკაულიდან ხიხაძირამდე მონაკვეთში, რომლის რეაბილიტაცია 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, ისევ სავალალო მდგომარეობაშია. გზის ამ მონაკვეთზე კი, პასუხისმგებელი არა აჭარის, არამედ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გზის აღნიშნული მონაკვეთის „დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე“ 7 500 823 ლარით გამოაცხადა თუმცა, ეს ტენდერი არ შედგა.

დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 28 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. სატენდერო თანხა უცვლელია – 7 500 823 ლარი.

არშემდგარი ტენდერის დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:

ბიუჯეტიდან გადარიცხული 188 000 ლარიდან ხიხაძირი-ბაკოს გზაზე 145 000 ლარი გაქრა

მერიაში არ ამბობენ, როდის განახლდება იაფი სახლის პროგრამა ბათუმში

გრძელდება თუ არა იაფი სახლის პროგრამა, როდის დაიწყება განაცხადების მიღება მესამე ეტაპისთვის, სად აპირებს მერია სახლების მშენებლობას „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში და როდის? – ეს კითხვები „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე თითქმის ყოველდღე შემოდის. მკითხველი დაჟინებით ითხოვს პასუხებს, თუმცა ამ პასუხებს მერიაში ვერ გვაწვდიან.

პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პროგრამა გაგრძელდება, სხვა დეტალები კი ჯერ ცნობილი არ არის. არც მიმდინარე წლის ბიუჯეტშია რაიმე თანხა ამ პროგრამის ფარგლებში მშენებლობისთვის გათვალისწინებული.

ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ პროგრამით გათვალისწინებული 100 ბინა სექტემბერში გაანაწილა.

კომისიის გადაწყვეტილებას პროგრამის მეორე ეტაპზე 294 ოჯახი ელოდა. „იაფ სახლში“ ბინების რაოდენობის შესაბამისად კომისიამ 100 ოჯახი შეარჩია, მათგან 19 წინა ეტაპზე იყო შერჩეული.

მერიის ინფორმაციით, 294 განაცხადიდან 81-მა ოჯახმა დააგროვა გამსვლელი ქულა. დამატებით, შერჩეულ 11 ოჯახს კი, ბინები შემდეგ ეტაპზე გადაეცემა. როდის დაიწყება პროგრამის მესამე ეტაპი, ამის შესახებ არ ვიცით.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიამ პასუხები უკვე გაუგზავნა ოჯახებს, რომლებსაც შერჩევასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ და მერიას საჩივრებითაც მიმართეს.

რა წერია ამ პასუხებში ჯერ არ ვიცით.

რა პრინციპით გაანაწილა მერიამ „იაფ სახლში“ ბინები – 100 შერჩეული და 20 საჩივარი

ტრაბზონში მოკლეს ქალი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო – თურქული მედია

თურქული მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს, ტრაპზონის ერთ-ერთ რაიონში მდებარე მიტოვებულ შენობაში ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, იგი თავში ქვის ჩარტყმით იყო მოკლული.

პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ბრალდებული. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ქალი 10 დღის წინაა მოკლული.

თურქული მედიის ცნობით, დაკავებული დაახლოებით 16-ჯერაა ნასამართლევი.

მედია წერს, რომ მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ ქალთან უთანხმოება ფულის საკითხზე მოუვიდა.

აჭარასა და გურიაში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, დღეს, 18 ოქტომბრის დღის ბოლოდან 19 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე, კავკასიონის ქედის მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.

აჭარა და გურიის რეგიონებში ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი და დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება სააგენტო.

„უნდა მოუსმინოთ პალესტინელებსაც“ – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა სკანდალით გაიხსნა

გერმანული მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს ფრანკფურტის ცნობილი წიგნის ბაზრობა სკანდალით გაიხსნა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, წელს წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა სლოვენიაა და სკანდალი სწორედ სლოვენიელი ფილოსოფოსის, სლავოი ჟიჟეკის გამოსვლას მოჰყვა.

გამოცემის ცნობით, გამოსვლისას ჟიჟეკმა დაგმო „ჰამასის“ ტერაქტი ისრაელის მოსახლეობაზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ასევე უნდა მოუსმინოთ პალესტინელებს და გაითვალისწინოთ მათი წარსული, თუ გსურთ კონფლიქტის გაგება“.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ სლოვენიელი ფილოსოფოსის გამოსვლისას ზოგიერთმა სტუმარმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

ჰესენის მიწის კომისარი ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხებში, უვე ბეკერი ცდილობდა ეპასუხა ჟიჟეკისთვის – ჯერ დარბაზიდან, შემდეგ კი ტრიბუნიდან. ბეკერმა ჟიჟეკი „ჰამასის“ დანაშაულების შემსუბუქების მცდელობაში დაადანაშაულა. ჟიჟეკმა კატეგორიულად უარყო ეს ბრალდება და დაჟინებით აცხადებდა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნება პალესტინის საკითხის გადაწყვეტის გარეშე.

სლოვენიელი ფილოსოფოსის თქმით, ტერორისტული თავდასხმები საშინელი დანაშაულია და ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის სრული უფლება, მაგრამ იმის გასაგებად, თუ რა ხდება იქ, ჩვენ ასევე უნდა გადავხედოთ პალესტინელების წარსულს.

ჟიჟეკმა, რომელიც ცნობილი გერმანული გაზეთის, WELT-ის მუდმივი თანამშრომელია, დაადანაშაულა ჰესენის კომისარი, რომ ის „არ უყურებს მოვლენებს პესპექტივაში“.

იმავე დღეს, ბეკერმა გერმანულ სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „სიტყვის თავისუფლებას აქვს საზღვარი, თუ ეს თავისუფლება განიხილავს საგნებს კონტექსტში, რომელიც ამარტივებს და ატოლებს მათ იქ, სადაც მათი დატოლება შეუძლებელია“.

გერმანული მედია, მათ შორის გაზეთი WELT-ი, წერს, რომ ჯერ კიდევ თავის გამოსვლამდე სლავოი ჟიჟეკმა გააკრიტიკა ამ თემაზე „ანალიზის აკრძალვა“.

ჟიჟეკი წუხდა, რომ ყველა მისი წინა გამომსვლელი საუბრობდა ისრაელზე, მაგრამ არცერთი არ საუბრობდა პალესტინელებზე. ის ასევე მიიჩნევს, რომ სკანდალურია პალესტინელი მწერლის, ადანია შიბლისთვის დაჯილდოების ცერემონიის გაუქმება რომანისთვის – “უმნიშვნელო დეტალი”.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ჟიჟეკმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ ამაყობს წიგნის ბაზრობაზე ყოფნით, მაგრამ აღნიშნა, რომ „ასევე რცხვენია აქ ყოფნის“.

წიგნის ბაზრობის დირექტორმა იურგენ ბოსმა მომხდარის შემდეგ განაცხადა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა სიტყვის თავისუფლების ადგილია და „ჩვენ უნდა შეგვეძლოს აზრის გამოხატვა“. მან ასევე აღნიშნა, რომ მადლიერი იყო როგორც მაყურებლის – პროტესტისთვის, ასევე იმისათვის, რომ დარბაზში მყოფებმა შეძლეს სლოვენიელი ფილოსოფოსის გამოსვლის ბოლომდე მოსმენა.

„მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ“, – თქვა წიგნის ბაზრობის დირექტორმა.

________________

ფოტო: EPA-EFE/HAYOUNG JEON

სკოლის ბუფეტში ნაყიდი ტკბილეულით 9 ბავშვი მოიწამლა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოზარდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ.

სოფელ სავანის სკოლის ბუფეტში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა შემოწმებისას ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღი 2023 წლის მაისი იყო, ხოლო ვარგისიანობის ვადა საკვებს 2024 წლამდე ჰქონდა.

„აღნიშნული სურსათის ნიმუშები, მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით, აიღეს და გააგზავნეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების – ობის სოკოების ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა – 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი – 2000 კწე/გ-ში).

ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, მან „დონატები“ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა“ – წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.

აშშ-მ უკრაინას დაახლოებით 20 ATACMS-ის რაკეტა და „აბრამსის“ ტანკები გადასცა – მედია

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 20 ATACMS-ის რაკეტა გაუგზავნა. გამოცემა ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სამხედრო დახმარების პირობაა, რომ რაკეტები არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინამ უკვე გამოიყენა ATACMS-ის რაკეტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ორ საჰაერო ბაზაზე თავდასხმისთვის. კერძოდ, უკრაინამ 17 ოქტომბერს დაბომბა რუსული ძალების აეროდრომები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკში. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებით, ოპერაცია „დრეგონფლაის“ შედეგად განადგურებულია რუსული ძალების ძვირადღირებული ტექნიკა.

ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს უკრაინას დაარტყას რუსეთის ჯარებს ფრონტის ხაზის უკან, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში.

გარდა ამისა, უკრაინამ მიიღო 31 „აბრამსის“ ტანკი აშშ-დან.  ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს არმიის სარდლობის წარმომადგენელმა, მარტინ ოდონელმა განუცხადა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 290 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
  • ტანკი – 4 981 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 9 420 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 6 944 ერთეული [+8]
  • MLRS – 814 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 547 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 319 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 323 ერთეული [+6]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 301 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 534 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 303 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 982 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 491 თვითმფრინავი
  • 251 ვერტმფრენი
  • 8 004 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 746 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 163 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 810 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 419 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აშშ-მ უკრაინას დაახლოებით 20 ATACMS-ის რაკეტა და „აბრამსის“ ტანკები გადასცა – მედია

რა უფლებების დაკარგვაზე წუხან მასწავლებლები – ინტერვიუ პედაგოგთან

„ჩვენ ვინ დაგვიცავს, ყველანაირად უფლებააყრილ პედაგოგებს?“, „ბარემ გაკოჭეთ მასწავლებელი“, „საზიზღარი, ინტრიგანი ბავშვები“- ასეთი კომენტარებით გამოეხმაურა მასწავლებლების ნაწილი სოციალურ ქსელში ამბავს, რომ ბავშვებმა მოსწავლეზე ძალადობის ფაქტი კლასში ტელეფონით გადაიღეს, შემდეგ კი ინტერნეტში ატვირთეს.

რა უფლებების დაკარგვაზე წუხან მასწავლებლები და აქვთ თუ არა მათ რეალურად უფლებები შეზღუდული? – ამ თემაზე „ბათუმელები“ 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგს, როლანდ შავაძეს ესაუბრა.

  • ბატონო როლანდ, თქვენი აზრით, რატომ საუბრობენ მასწავლებლები ხშირად იმაზე, რომ ისინი სახელმწიფომ უფლებების გარეშე დატოვა, მოსწავლეებს კი ყველაფრის უფლება აქვთ. ეთანხმებით თუ არა კოლეგებს და თუ არა, რატომ?

სიმართლე გითხრათ, უფლებაშეზღუდულ მასწავლებლად არ მიმაჩნია ჩემი თავი, იმიტომ, რომ იმას, რაც მასწავლებლის ეთიკით გვაქვს გაწერილი და რისი კეთებაც, ვთქვათ, გვეკრძალება, ისედაც არ უნდა აკეთებდეს მასწავლებელი.

ეს ნორმები უნდა დაიცვას სასკოლო საზოგადოებამ.

სხვა მხრივ, ჩვენ ძალიან თავისუფლები ვართ, როგორც გამოხატვის მხრივ, ასევე საკლასო აქტივობებში, ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სფეროშიც და ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები კოლეგებს.

  • მაშინ რა აწუხებთ მათ, კონკრეტულად რომელ უფლებას ვერ ელევიან?

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასწავლებლების ნაწილი საბჭოთა პერიოდიდან მოდის. გვაქვს 90-იანი წლების გამოცდილება, როცა მასწავლებლებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ კლასში, მათ შორის ბავშვის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის უფლება და ამაზე მათ პასუხს არავის სთხოვდა. მოსწავლეს კი არანაირი უფლებები არ ჰქონდა.

შესაძლოა, პედაგოგების რაღაც ნაწილს ეს ნოსტალგიები აქვს და ამიტომ საუბრობენ „უფლებების შეზღუდვაზე“.

მეორე მხრიდან რომ შევხედოთ სიტუაციას, ჩვენც ადამიანები ვართ ხომ, მასწავლებლები და არის გარკვეული სიტუაციები, სადაც ძალიან რთულია ემოციების კონტროლი.

თუმცა ჩვენ ამიტომაც გვაქვს საკანონმდებლო ნორმები, რომ მსგავს სიტუაციებში ამ ნორმების შესაბამისად ვიმოქმედოთ. თუ ჩვენ რაღაც აშკარად ხელს გვიშლის სასწავლო პროცესში, სწორედ ამ ნორმების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.

ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ბავშვის რაღაც დროით სასწავლო პროცესისგან ჩამოშორება, სხვა შესაბამისი სამსახურების ჩაყენება საქმის კურსში და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენოთ ბავშვს.

  • რას ფიქრობთ იმ ფაქტებზე, როცა მოსწავლე ტელეფონით იღებს კლასში მასწავლებლის გარკვეულ ქცევას და ამას ტვირთავს სოციალურ ქსელებში?

ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში და ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ჩვენი ფარული თვალთვალი, ჩანაწერის გამოქვეყნება და ასე შემდეგ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საგაკვეთილო პროცესი ისე უნდა იყოს წარმართული, ვერავინ უნდა დაიჭიროს ისეთი ფაქტები, რაც მასწავლებლის კომპრომატად გამოდგება, თუნდაც ეს იყოს კონტექსტიდან ამოგლეჯილი პროცესი, რადგან რა უნდა ხდებოდეს საკლასო ოთახში ისეთი, რაც შეიძლება მასწავლებლის წინააღმდეგ გამოიყენო?!

მე შეიძლება კლასში შენიშვნა მივცე მოსწავლეს არ იმიტომ, რომ ვიდეოს იღებს, არამედ იმის გამო, რომ სათანადოდ არ არის ჩართული საკლასო აქტივობაში.

თუნდაც მთელი გაკვეთილი გადაიღოს, ამ მხრივ მე პრობლემა არ მაქვს.

  • „ ჯაშუშებად ზრდით? ინტრიგნებად? თქვენს ადგილზე მათ მაგრად მივტყეპავდი“ – წერდა ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი. თქვენი აზრით, რატომ არის ეს თუნდაც ამ ადამიანის პრობლემა და რატომ არ არის მაგალითად, თქვენთვის? 

შესაძლოა, ვიღაცას აქვს ასეთი მიდგომა, რომ სასკოლო პროცესები აუცილებლად დახურულ კარს მიღმა უნდა მიმდინარეობდეს და არავინ ხედავდეს, რაც არასწორია, ჩემი აზრით.

როცა კარგი რაღაც ხდება, მაშინ ხომ ვიღებთ და ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელში? თუ ეს შეიძლება და არ მიგვაჩნია ტელეფონის გამოყენება დარღვევად, სხვა შემთხვევებში რატომ არის პრობლემა?

თუ დანაშაული ხდება და ამას ვასაჯაროებთ, ეს სწორია. პირიქით, დანაშაულის დამალვაა საშიში. ის, რომ „ჩაშვებაა“ დანაშაულის მხილება, კრიმინალური მენტალიტეტია, რადგან კანონი გვეუბნება, რომ დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია და ამისკენ უნდა მიგვყავდეს ჩვენ პროცესები და თანამედროვე ახალგაზრდის აზროვნება და არა იქითკენ, რომ დანაშაულის მხილება ჯაშუშობაა თურმე, რომ დამნაშავის გაცემა არასწორია და ასე შემდეგ.

ცხადია, შეცდომას ნებისმიერი ადამიანი დაუშვებს, მაგრამ ყველა მასწავლებელი უნდა იაზრებდეს, რომ ფიზიკური შეხება მოსწავლეზე საერთოდ არ შეიძლება. არც პოზიტიური კუთხით, რომ აი, ვეფერებოდი და ასე შემდეგ და არც ნეგატიური მოტივით, რომ იძალადო მასზე.

ჩვენ არ გვაქვს უფლება მოსწავლეებს შევეხოთ. ასეთია დასავლური განვითარებული ქვეყნების მიდგომა და ვფიქრობ, ამ მიდგომას უნდა იცავდეს მასწავლებელი.

  • ორივე შემთხვევაში, რომელიც ჩვენ გავაშუქეთ, მასწავლებელი გაუშვეს სკოლიდან. ფიქრობთ, რომ კანონი ძალიან მკაცრია და შესაძლებელი იყო, ვთქვათ, გაფრთხილების მიცემა, თუ სწორად მიგაჩნიათ, რომ მასწავლებელმა უნდა დატოვოს სკოლა ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში?

თმაზე მოქაჩვის კადრი მე არ მინახავს, შეიძლებოდა ალბათ საყვედურიც, მაგრამ, როგორც ვიცი, ასეთ შემთხვევებს სკოლის დისციპლინური კომიტეტი განიხილავს და ის წყვეტს სასჯელის ზომას.

ბავშვზე ფიზიკურ შეხებას გამართლება არ აქვს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, მასწავლებელი გასაშვებია სკოლიდან, თუმცა არც ის მგონია სწორი, რომ ამ ერთ ადამიანს ავკიდოთ მთელი სისტემის ტვირთი, მხოლოდ მასზე გადავტეხოთ ჯოხი და საქვეყნოდ ვკიცხოთ.

  • არ ფიქრობთ, რომ ეს პრევენციაა სხვებისთვის?

რა თქმა უნდა, პრეცედენტი კარგია იმ გაგებით, რომ სხვებისთვის უნდა იყოს განგაშის მანიშნებელი, რომ არ გაიმეორონ იგივე შეცდომა.

დანაშაული არ უნდა დაიმალოს, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, რომ მასწავლებელი უნდა გავანადგუროთ. დაისაჯა ეს ადამიანი, გათავისუფლდა სამუშაოდან, მაგრამ მონსტრად არ უნდა წარმოვაჩინოთ.

  • „მასწავლებელი რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, არავინ კითხულობს“ – ამასაც წერდნენ პედაგოგები. რას მიჰყავს ამ მდგომარეობამდე თქვენი აზრით პედაგოგი და ნიშნავს თუ არა იმას, რომ კონფლიქტის მართვა არ შეუძლია?

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მივიდეს „ამ დონემდე“, ნებისმიერი შეიძლება აღმოვჩნდეთ მსგავს ვითარებაში, მთავარია ასეთ სიტუაციაში როგორ აკონტროლებ თავს.

არასრულწლოვანი იმიტომ ჰქვია ბავშვს, რომ შეიძლება პროვოცირებაც გაგიკეთოს და ვიდეოც გადაგიღოს. აბა რისთვისაა სკოლა, აღზრდის პროცესის ნაწილია ესეც, ამიტომ ემოციურად მასწავლებელი უნდა იყოს მდგრადი და არ წამოეგოს თუნდაც მოსწავლის პროვოკაციას.

შენ უნდა აკონტროლო ეს, რომ არ გამოხვიდე წყობიდან და არ დააშავო.

მოსწავლის ქმედება გამოსწორებადია, ჩაერევა შესაბამისი სამსახურები, მაგრამ მასწავლებლის შეცდომას არაფერი ეშველება.

მე მესმის, რომ საზოგადოება გადაღლილია სახელმწიფოში არსებული სხვადასხვა პრობლემით, შესაძლოა ვერც სოციალურ ქსელებში გამოხატავდეს სწორად ემოციებს მასწავლებელი, მომატებულია ემოციური ფონიც ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მარტო კლასში ვართ მასწავლებლები, სოციალურ ქსელშიც სოციუმი ჩვენ აღგვიქვამს პედაგოგებად, ამიტომ მნიშვნელობა აქვს რას ვწერთ და როგორ გამოვხატავთ ემოციებს.

მე პირადად ასეთი მიდგომა მაქვს, რომ მოსწავლე არ არის მტყუანი, მოსწავლე არ არის დამნაშავე და მიზეზი შეგვიძლია ვეძებოთ როგორც მშობელში, ასევე სკოლასა და საზოგადოებაში.

არასრულწლოვნის ნებისმიერი ქცევა გამოწვეულია საზოგადოების მიერ.

  • თქვენი გამოცდილება როგორია, გქონიათ შემთხვევა, როცა ვერ გიმართიათ მოსწავლე?

მე სხვადასხვა სკოლაში ვმუშაობდი და ცხადია, მეც მქონდა კლასში პრობლემები. მიმიმართავს ადმინისტრაციისთვისაც, საგაკვეთილო პროცესიც გამიჩერებია და დასვენებაზეც შევხვედრივარ ამ კონკრეტულ მოსწავლეს და მისაუბრია მასთან.

როცა პრობლემა გიდგას, საგანი გვერდზე უნდა გადადო და ამ პრობლემაზე კონცენტრირდე, რადგან მასწავლებლობა მხოლოდ კონკრეტული საგნის სწავლება ხომ არ არის, ჩვენ აღზრდის პროცესებშიც ვართ, ერთ-ერთი მთავარი როლი გვაკისრია ამ მხრივ და თუ შენ ვერ უმკლავდები პრობლემას ინდივიდუალურად, მაშინ უნდა ჩართო დირექცია, გაიარო კონსულტაციები კოლეგებთან და ისე გადაჭრა პრობლემა. როგორც კი კონტროლს დაკარგავ, ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ შედეგებს.

მთავარია, შეგვეძლოს ამ პრობლემის აღიარება და შეგვეძლოს სხვების გამოცდილების გაზიარება და ამის გამო შეურაცხყოფილად არ უნდა ვიგრძნოთ თავი, რომ, ვთქვათ, ვინმეზე ნაკლები მასწავლებელი ვართ.

კარგია ბავშვთან პირისპირ საუბარი, რომ მივიდეთ პრობლემის სათავესთან. იქნებ ეს ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია ან იქნებ სხვა პრობლემა აქვს რაიმე. შეიძლება ფსიქოლოგის ჩარევაა საჭირო. იმის გაგებაა მნიშვნელოვანი, რა იწვევს ბავშვის არასწორ ქცევას.

  • იქნებ იმის ბრალია, რომ გაკვეთილი არ მოსწონს და ნაკლებად საინტერესოა მისთვის?

შეიძლება გაკვეთილიც იყოს მიზეზი. დაიწყებს ბავშვი პროცესის ჩაშლას, თუ არ მოსწონს, თუმცა, ძალიან კარგი გაკვეთილის შემთხვევაშიც შეუძლია არიოს პროცესი, თუ რაღაც პრობლემის წინაშეა.

  • „მასწავლებელს რომ გადაეღო მოსწავლის ცუდი ქცევა და გამოექვეყნებინა საჯაროდ, მაშინ ხომ დასჯიდით მასწავლებელს. მაშინ რატომ არ ისჯება ბავშვი?“ – წერდნენ ასეთ კომენტარსაც. რატომ არ ისჯება ასეთ დროს ბავშვი, იქნებ ესეც განვმარტოთ?

ბავშვს აქვს უფლება მასწავლებლის არაეთიკური ქცევა გაასაჯაროოს, მაგრამ მასწავლებელს არა, რადგან ზრდასრულ ადამიანს, მასწავლებელს აქვს ვალდებულება სწორად წარმართოს ბავშვის ქცევა.

მოსწავლის არასწორი ქცევის პრევენციაზე მასწავლებელმა უნდა იზრუნოს. ბავშვი არ არის ზრდასრული ადამიანი და მისი ვალდებულება არ არის მასწავლებლის არასწორი ქცევის გამოსწორება.

„გვყავს პაციენტები, რომლებსაც ქუჩაში სძინავთ“ – ფრანგი ექიმი ქართველ პაციენტებზე

„სტრასბურგის სხვადასხვა საავადმყოფოს განყოფილებებში იზრდება მიგრანტების რიცხვი, მათგან უმრავლესობა ქართველია. მედპერსონალისთვის, რომლებიც მათ მკურნალობენ, ეს პოლიტიკურ არჩევანთანაა დაკავშირებული, ამ არჩევანის წინაშე ყოფნა კი მედპერსონალს არ სურს“ – წერს ფრანგული რეგიონული გამოცემა Rues 89 Strasbourg-ი.

სახელმწიფო საავადმყოფოს ექიმი-ნეფროლოგი, იონას მარცლოფი გამოცემასთან ამბობს, რომ 2018-2019 წლებში დიალიზზე მყოფი ყოველი მეექვსე პაციენტი მიგრანტი იყო, ძირითადად – საქართველოდან.

მარცლოფი მკურნალობს თირკმლის უკმარისობის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებსაც ჰემოდიალიზი სჭირდებათ. ეს პროცესი აპარატის საშუალებით პაციენტის სისხლის ფილტრაციასაც გულისხმობს. მკურნალობის ამ რთული კურსის დროს აუცილებელია საავადმყოფოში ან დიალიზის ცენტრში მისვლა კვირაში ორ-სამჯერ. თითო სეანსი კი 4, 5 საათი გრძელდება.

გამოცემის ინფორმაციით, ახლა სტრასბურგში დიალიზზე მყოფი პაციენტების 15% საქართველოდანაა. 2017 წლამდე ეს მაჩვენებელი 7% იყო და ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ორჯერაა გაზრდილი.

ექიმის შეფასებით, 2017 წლის შემდეგ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩადის საქართველოდან სტრასბურგში და ითხოვს ბინადრობისა და მუშაობის უფლებას.

მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების არმქონე პაციენტებს ფინანსურ დახმარებას საფრანგეთი მხოლოდ გადაუდებელ სიტუაციაში უწევს. საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის გვერდზე წერია, რომ საფრანგეთში ყოფნის მესამე თვიდან ნებისმიერ უცხოელს შეუძლია მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში, თუმცა იქვე განმარტებულია, რომ საყოველთაო დაზღვევა ფარავს სამედიცინო ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ: „სამედიცინო ჩარევის გარეშე პაციენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა ან თუკი ჩაურევლობა მოუტანს სერიოზულ, მნიშვნელოვან და ხანგრძლივად გაუარესებულ შედეგს პაციენტს ან მის მომავალ შვილს“.

Rues 89 Strasbourg-თან საუბრისას სტრასბურგის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, ჟოან მარსლოფი ამბობს, რომ ქართველები, რომლებიც მიდიან საფრანგეთში ტურისტად, ხშირად მერე ადგილზე აცხადებენ, რომ სჭირდებათ დიალიზით მკურნალობა, თუმცა არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად, ასეთ დროს მათ უწევთ გადაიხადონ დაახლოებით 300-500 ევრო თითო სეანსისთვის, რასაც უმრავლეს შემთხვევაში ვერ იხდიან:

„თავიდან ადმინისტრაციული ინსტრუქციით შესაძლებელი იყო მოქალაქეობის არმქონე პირისთვის დიალიზით გვემკურნალა იმ შემთხვევაში, თუ ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს პირობა ართულებდა პაციენტების მდგომარეობას: თუ არ ვუმკურნალებდით საშუალოდ მძიმე პაციენტს, მერე უფრო მძიმდებოდა დაავადება და გაუარესებული მდგომარეობით ბრუნდებოდა კლინიკაში, ირყეოდა პაციენტების ჯანმრთელობაც და რთული იყო საავადმყოფოსთვისაც: მეტ რესურსს ვხარჯავდით, როცა უკვე გადაუდებელი, სასწრაფო დიალიზი სჭირდებოდა პაციენტს, ექიმების ჯგუფის მეტი რესურსიც იყო ამ დროს საჭირო” – ამბობს ექიმი.

ეს მიდგომა საფრანგეთში შეიცვალა: ახლა დიალიზით ყველას მკურნალობენ, ენიშნებათ კვირაში ორი ან სამი სეანსი, ეს არის ის საავადმყოფოები და განყოფილებები, რომლებსაც აქვთ ცვლილებამდელ წლებში, დიდი დაძაბულობის ფონზე მუშაობისა და მედპერსონალის უკმარისობის პერიოდში პაციენტების მოვლის გამოცდილება.

  • რა ეტაპებს გადიან ქართველი პაციენტები მკურნალობიდან ბინადრობის უფლების მიღებამდე საფრანგეთში

თუნდაც ტურისტული ვიზით საფრანგეთში ჩასვლისას დიალიზის საჭიროების შემთხვევაში პაციენტს მკურნალობენ. მკურნალობის დაწყების შემდეგ პაციენტები თავშესაფრის მოთხოვნით საემიგრაციო სამსახურს მიმართავენ (l’Ofpra). სანამ მოთხოვნა მუშავდება, პაციენტს აქვს სრული სამედიცინო დაზღვევა. ექიმი იონას მარცლოფი სტრასბურგულ გამოცემასთან ამბობს, რომ ამ დროს ქართველი პაციენტები სრულად არიან უზრუნველყოფილნი მედიკამენტებით, სამედიცინო ტრანსპორტით, დიალიზით და ა.შ.

თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის შემთხვევაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე ქართველი მიგრანტები, რომლებიც უკვე მკურნალობდნენ საფრანგეთში, მიმართავენ ბინადრობის უფლების მოთხოვნით საფრანგეთის ემიგრაციისა და ინტეგრაციის სააგენტოს (Ofii) სადაც უნდა დაამტკიცონ, რომ სჭირდებათ მკურნალობა, რის გარეშეც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდება. მათ უნდა დაამტკიცონ ასევე, რომ საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე საკუთარ ქვეყანაში ხელი არ მიუწვდებათ.

  • ფრანგი ექიმების ეთიკური დილემა

სწორედ ამ დროს სთხოვენ კლინიკის ექიმებს ემიგრაციისა და ინტეგრაციის სააგენტოსთვის (Ofii) გადასაგზავნი სამედიცინო გასკვნის გაცემას.

გამოცემა Rue89 Strasbourg-ი ესაუბრა რამდენიმე ექიმს ანონიმურად. ერთ-ერთი მათგანი, ფრანსუა, ამბობს, რომ სახელმწიფო მას სთხოვს მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მიგრაციის კონკრეტულ შემთხვევებში, რაც ექიმისთვის მიუღებელია:

„ძალიან ხშირად მოდიან პაციენტები, მათი ნათესავები, ადვოკატები და მთხოვენ გავცე დამადასტურებელი მოწმობა, რომ პაციენტს აუცილებლად საფრანგეთში უნდა ვუმკურნალოთ. ეს დიდი თავსატეხია ექიმებისთვის. გამოდის, რომ ექიმების სიტყვაა გადამწყვეტი ემიგრაციის საკითხებში და ეს ძალიან მაღელვებს. თავს სახელმწიფოს „საემიგრაციო მენეჯერად“ ვგრძნობ.

ხშირად პაციენტებს საქართველოდან არ აქვთ საცხოვრებელი ადგილი საფრანგეთში, არ აქვთ სამსახური, იზოლირებულები არიან და მე, ექიმმა, უნდა გადავწყვიტო, ეკუთვნით თუ არა მათ ბინადრობის უფლება? თუ ასეა, დიახ, მე ხანდახან ვაჭარბებ დასკვნების წერისას, რომ პაციენტმა ბინადრობის უფლება მიიღოს, მაგრამ რა ნიშნით უნდა გააკეთოს ექიმმა ეს ერთი პაციენტისთვის და რატომ არ უნდა გააკეთოს მეორისთვის?“ – ამბობს ექიმი.

იგივე წყარო გამოცემასთან ამბობს, რომ ყველა ისტორია ინდივიდუალური და შემაძრწუნებელია, მაგრამ შეუძლებელია შორეულ პერსპექტივაში სერიოზული პათოლოგიების მქონე ყველა პაციენტის მკურნალობა შეძლოს საფრანგეთმა.

გამოცემის წყარო ქართველი პაციენტის ისტორიას იხსენებს, რომელიც საქართველოდან წავიდა და ჯერ გერმანიაში მკურნალობდა სიმსივნეს:

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების გუნდმა ის ჩვენამდე მოიყვანა, მაგრამ დაავადება მძიმე და უიმედო იყო, ჩვენ მისთვის ვერაფერს გავაკეთებდით იმაზე მეტს, რაც საქართველოსა და გერმანიაში გაუკეთეს. 40 წლის კაცი, იმ იმედით, რომ საფრანგეთში გადარჩებოდა, ჩამოვიდა და სტრასბურგის კლინიკაში გარდაიცვალა, ახლობლებისგან შორს და იმ ენის გარემოცვაში, რომელიც საერთოდ არ ესმოდა, რომელზეც ვერ ლაპარაკობდა“ – იხსენებს ჰოსპიტლის ექიმი.

NHC კლინიკის ექიმი, ნეფროლოგი იონას მარცლოფი გამოცემა Rues 89 Strasbourg-თან ამბობს, რომ სპეციალური რესურსები და საუკეთესო მომსახურება ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

„ამ პაციენტებთან ხშირად საერთო ენა არ გვაქვს ექიმებს. არ საუბრობენ ფრანგულად, არც ინგლისურად ან გერმანულად. სტრასბურგში მიგრაციის სამსახურს აქვს ასოციაცია, სადაც დაქირავებული თარჯიმნების ქსელი აქვთ, მათ თარჯიმნებს წინასწარ უნდა შეუთანხმდე რამდენიმე შეხვედრაზე და სასწრაფო სამედიცინო შემთხვევების დროს ეს რესურსი გამოუსადეგარია.

საავადმყოფოს ადმინისტრაცია ხშირად არაა თანახმა დაიქირაოს კერძო თარჯიმანი, რომელიც სულ კლინიკაში იქნება, რადგან ეს დამატებითი ხარჯია ჰოსპიტლისთვის. საუბრობენ იმაზეც, რომ რაც დრო გავა, მნიშვნელობა მიენიჭება იმასაც, თუ რამდენ ენაზე საუბრობს მედპერსონალი, როგორ შეუძლია სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, არაფრანგულენოვან პაციენტებთან საუბარი.

გვყავს პაციენტები, რომლებსაც ქუჩაში, მანქანებში, კარვებში სძინავთ, ცუდად ან ხანდახან საერთოდ ვერ იკვებებიან, შეწუხებულები არიან პირადი და ადმინისტრაციული პრობლემებით. ეს ყველაფერი ართულებს მათ მდგომარეობას და უარყოფითად აისახება დაავადებაზეც, მით უფრო, როცა დიალიზზეა ადამიანი ან სხვა სერიოზულ პათოლოგიას ებრძვის.

ექიმები საათობით ვმსჯელობთ, სად დავაბინაოთ ასეთი პაციენტები, რა ვუყოთ და როგორ მოვიქცეთ“ – ამბობს ექიმი იონას მარცლოფი.

ქართველი პაციენტების მდგომარეობის სიმძიმეზე საუბრობს ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის განყოფილების სოციალური აგენტიც:

„ხშირად ვიცით, რომ პაციენტი, რომელიც ჩვენთან წევს, ქუჩაში ცხოვრობს, ამიტომ გვიწევს, რაც შეიძლება გავახანგრძლივოთ კლინიკაში მათი ყოფნა მანამ, სანამ შესაძლებელია და სანამ კარგად არ გახდებიან. თუმცა ადრე თუ გვიან მათი ქუჩაში გაშვება გვიწევს“ – ამბობს სოციალური აგენტი.

  • პაციენტებს ორგანოები გადავუნერგეთ საფრანგეთში, მერე კი საქართველოში დააბრუნეს

ფრანგული მედია წერს, რომ ხშირად მიგრანტები იღებენ მათთვის განკუთვნილ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ სახელმწიფო მერე მათ ქვეყნიდან აძევებს.

სტრასბურგის გაზეთის ცნობით, მაგალითად, ერთ-ერთ ჰოსპიტალში რამდენიმე წლის წინ ექიმმა შეიტყო, რომ პაციენტს, რომელსაც ღვიძლი გადაუნერგეს, ოპერაციის შემდეგ მიუვიდა ცნობა ქვეყნის დატოვების ვალდებულების შესახებ 2023 წლის ივლისში. ექიმისთვის სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება სკანდალური იყო:

„თირკმლის ტრანსპლანტაცია ძვირადღირებული ოპერაციაა, ფინანსურადაც და ეთიკურადაც გაუგებარია პაციენტების გაძევება ასეთ დროს ქვეყნიდან, ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტი დიდხანს უნდა კონტროლდებოდეს. ეს ოპერაცია დაახლოებით 100 000 ევრო ღირს და ადამიანის სიცოცხლე რამდენიმე ათეული წლით ხანგრძლივდება.

როცა იგებ, ასეთი პაციენტი საქართველოში დააბრუნეს, სადაც ის ვერ იხდის იმუნოსუპრესიული მკურნალობის ხარჯს და არც ექიმების სპეციალური დაკვირვების ქვეშაა, ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე საფრთხეშია და შეიძლება ერთი წელიც კი ვერ იცოცხლოს ადამიანმა. რთულია მშვიდად უყურო იმ ამბავს, რომ პოლიტიკური სისტემა ამ ქართველებს აძლევს უფლებას მიიღონ სამედიცინო დახმარება საფრანგეთში, შემდეგ კი არ აძლევს მათ ბინადრობის უფლებას, ამით სახელმწიფო არღვევს პაციენტის სიცოცხლის უფლებას“ – ამბობს გამოცემის ანონიმური წყარო.

თირკმლის გადანერგვის თემაზე ფრანგ ექიმებს სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვთ. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საფრანგეთში ოპერაცია ძვირია და მხოლოდ ფრანკოფონი პაციენტებისთვის უნდა იყოს ეს ძვირადღირებული ოპერაცია ხელმისაწვდომი საფრანგეთის ტერიტორიაზე. სპეციალისტების მეორე ფრთას მიაჩნია, რომ ეს ქსენოფობიური დამოკიდებულებაა საკითხის მიმართ.

ფრანგული გამოცემა წერს, რომ ჯანდაცვის მიმართულება საქართველოში არასაკმარისად ფინანსდება ხელისუფლების მიერ. გამოცემა დასკვნას ფრანგული სამართლის სკოლის და Sciences Po-ს 2021-2022 წლის კვლევაზე დაყრდნობით აკეთებს, რომელსაც ჰქვია „ბინადრობის უფლება და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის საკითხები”. ამ კვლევის მიხედვით საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა საგანგაშოა.

„ხარისხთან ერთად, სამედიცინო მომსახურების ღირებულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოში” – წერია კვლევაში.

ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვა 31%-ით შემცირდა

2023 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების [ყიდვა-გაყიდვა] რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 31%-ით შემცირდა. შედარებისთვის, თუ გასული წლის სექტემბერში 1 685 ბინა გაიყიდა, წელს გაყიდული ბინების ოდენობა იმავე თვეში 1 163-ია.

„ასევე, 30%-ით შემცირდა ბაზრის ზომა და 53 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,“ – ნათქვამია ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში, რომელსაც Recov.ge-ზე Colliers Georgia აქვეყნებს.

ამავე კვლევის მიხედვით, ბათუმში 2023 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების [ყიდვა -გაყიდვა] რაოდენობა 32%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი, 20%-იანი კლება დაფიქსირდა.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში 7%-ით გაიზარდა ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი და კვ.მ-ზე 940 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 751 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

Colliers Georgia ასევე აქვეყნებს კვარტალურ მონაცემებს.

ამ მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების [ყიდვა-გაყიდვა] რაოდენობა გასული წლის III კვარტალთან შედარებით 18%-ით [3 871 ერთეულამდე], ბაზრის ზომა კი 19%-ით შემცირდა და 164 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ბათუმში 2023 წლის III კვარტალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 23%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბათუმში 2023 წლის III კვარტალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 969 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 7%-ით, 711 აშშ დოლარამდე გაიზარდა,“ – ნათქვამია Recov.ge-ზე Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

ამავე თემაზე:

ბათუმში ბინების საშუალო ფასი $ 983-მდე გაიზარდა, გაყიდვები კი შემცირდა – კვლევა

 

„ეს არ არის საკმარისი“ – პროფკავშირები სანიტრების ანაზღაურების ზრდაზე

2024 წლიდან უმცროსი ექიმების, ექთნის თანაშემწეების, ბებიაქალებისა და სანიტრების შრომის ანაზღაურებაზე მინიმალური სახელფასო ზღვარი დაწესდება. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სანიტრების ხელფასი 120-დან 250 ლარამდე მერყეობს, ახალი რეგულაციით სანიტრის მინიმალური ხელფასი საათში 3 ლარით, ანუ თვეში 576 ლარით განისაზღვრა.

2023 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის ნაწილისთვის, კერძოდ, ექიმებისა და ექთნებისთვის, საათობრივი მინიმალური ხელფასის ზღვარი დააწესა, თუმცა ცვლილება უმცროს და დამხმარე სამედიცინო პერსონალს არ შეხებია.

„სანიტრების ხელფასები კატასტროფულად დაბალია, განსაკუთრებით რეგიონებში. ერთ პოზიციაზე ხელფასი 145-180 ლარს შორის მერყეობს, გააჩნია, შვიდი ცვლა გექნება თვეში, თუ რვა; არ დაგავიწყდეთ, 24-საათიან ცვლებზეა საუბარი. თბილისშიც არ ულხინთ სანიტრებს, მათი ანაზღაურება 250 ლარამდეა, რაც საარსებო მინიმუმზე 0.80 თეთრით დაბალია“ – ამბობს ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროს პროფკავშირის – „სოლიდარობის ქსელის“ ხელმძღვანელი, რეზო კარანაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო პერსონალის საათობრივი მინიმალური ანაზღაურება შემდეგი იქნება:

  • სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) 
  • ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) 
  • ბებიაქალი – თვეში არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) 
  • უმცროსი ექიმი – თვეში არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) 

*იგულისხმება დარიცხული და არა ხელზე ასაღები ხელფასი.

ამასთან ერთად ჩვენ კოლექტიური ბრძოლის შედეგად ის ვქენით, რომ ლანჩხუთის “მედალფაში” სიტუაცია გამოვასწორეთ, ფლაგმანივით იყო იქაური სანიტრების ამბავი, სხვა სანიტრები შემოგვიერთდნენ მერე. მთავრობა იძულებული შეიქმნა, რომ ეს რეფორმა გაავრცელოს სხვებზეც.

ჩვენ ამისთვის ვიბრძვით დიდი ხანია, თუმცა ეს არ არის საკმარისი. იმედი გვაქვს, 2025 წლიდან ექიმებისა და ექთნების ხელფასი კიდევ მოიმატებს და მერე მოჰყვება სხვა დანარჩენების ხელფასებიც. ამ მედპერსონალის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ უწევთ ძალიან მძიმე შრომა და მათ უნდა ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება“.

რეზო კარანაძე ამბობს, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი რეგიონში დასაქმებული მედპერსონალისთვის იქნება, თუმცა მისივე თქმით, ეს მატება მაინც არ არის საკმარისი არც საცხოვრებლად და არც იმისთვის, რომ შეაჩეროს ქვეყნიდან ამ პროფესიის ადამიანების შრომით მიგრანტებად გადინება:

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი. ეს ნამდვილად არ არის ახლოს საცხოვრებელ ხელფასთან, 2022 წლის მონაცემებით საცხოვრებელი ხელფასი დაანგარიშებულია, რომ არის 1770 ლარი; 2023 წლის ბოლოს, იანვარში ან დეკემბერში რიცხვი შეიცვლება და ჩვენ უკვე გვეცოდინება ამ მხრივ ახალი რეალობა, ჩვენი ვარაუდით 2100 ლარამდეა საცხოვრებელი ხელფასის მინიმუმი, ანუ ხელფასი რომლითაც შეიძლება იცხოვრო ადამიანმა, არა თუ საარსებო მინიმუმი, რომელიც 250 ლარია – წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამ თანხით დღეს საქართველოში იარსებოს ადამიანმა თვიდან თვემდე“. 

ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა 6000-მდე პირს შეეხება. შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. 

პროცესს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.

სარფიდან ზეთისხილის 4500 ნერგი უკან, იტალიაში გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოდან ზეთისხილის 4500 ნერგი უკან, იტალიაში გააბრუნეს. სამსახურის ინფორმაციით, „თანმხლებ ნიადაგში დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.“

„საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, იტალიის რესპუბლიკიდან მომავალი 4500 ცალი ზეთისხილის ნერგით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტრების მიერ, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო – საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, კერძოდ, თანმხლებ ნიადაგში დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმის სამ კაფეში ქართულ ენაზე არ ემსახურებოდნენ – კონკურენციის სააგენტო

ბათუმის კვების სამ ობიექტში კონკურენციის სააგენტომ დარღვევა დაადგინა. სააგენტოს ინფორმაციით, კვების ობიექტები მომხმარებელს სერვისს ქართულ ენაზე არ აწვდიდნენ.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, ისინი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტს 5 მოვაჭრის მიმართ სწავლობდნენ.

„სააგენტოს გადაწყვეტილებით, 3 მოვაჭრის – შპს „ქიზილ 2023“-ის,  შპს „გრილ ფუდის“ და შპს „ჰარვიდენტის“ მხრიდან დარღვევის ფაქტი დადასტურდა. საკითხი ეხებოდა კვებით ობიექტებში, საცნობარო (კვების) მენიუს და მომსახურების არასახელმწიფო ენაზე მიწოდებას. ხოლო, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „დანოს“ და შპს „მაქსი სედვიჩ ჩიქენის“ მხრიდან ზემოხსენებული დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა,“ – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

სააგენტოს ინფორმაციითვე, პირველ ეტაპზე რადგან კანონდარღვევა დადასტურდა, ობიექტის მესაკუთრეები გააფრთხილეს, რომ მდგომარეობა გამოასწორონ განსაზღვრულ ვადაში. თუ არ გამოასწორებენ შემდეგ კანონი ითვალისწინებს ჯარიმას – წინა წლის ფინანსური ბრუნვის 2 პროცენტის ოდენობით. თუ წინა წელს არ აქვს ბრუნვა, ობიექტი დაახლოებით 600 ლარით დაჯარიმდება.

მოქმედი კანონმდებლობით, ყველა მომხმარებელს აქვს უფლება, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, ხოლო მისი არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, საკითხის შესწავლის დროს „რელევანტური გარემოებების დადგენა-დაზუსტების მიზნით“ სააგენტომ ობიექტებს ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს, ეს ობიექტები ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის დააჯარიმა.

„სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის  შპს „გრილ ფუდს“ და შპს „ჰარვიდენტს“ ჯარიმა დაეკისრათ, თითოეულს 500 ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით, შპს „გრილ ფუდის“ მიერ ხსენებული ჯარიმა გადახდილია,“ – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ კვების ობიექტების საქმეების შესწავლა  ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წერილის საფუძველზე დაიწყეს.

საქმე ეხება ბათუმში 11 მოვაჭრის მიერ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. ამ ეტაპზე 6 მოვაჭრის მიმართ საქმის შესწავლა გრძელდება.

ამავე თემაზე:

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO

უკრაინამ შეუტია რუსეთის სამხედრო აეროდრომებს ოკუპირებულ ბერდიანსა და ლუგანსკთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით,  17 ოქტომბერს, ღამით, უკრაინის არმიამ შეტევა განახორციელა რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკთან.

შეიარაღებული ძალების მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები წარმატებული იყო.

მედიის ცნობით, 17 ოქტომბრის ღამეს პრორუსულ არხებზე ტელეგრამში გამოჩნდა ბერდიანსკში მომხდარი აფეთქებების ვიდეო.

მოგვიანებით უკრაინის გენერალურმა შტაბმა განმარტა, რომ სარაკეტო ძალებმა მოწინააღმდეგის 2 ვერტმფრენი დააზიანეს და დაარტყეს საბრძოლო და საარტილერიო მასალის საცავს.

შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე ორმხრივადაა შესაძლებელი.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე არსებული დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.“ – აცხადებს დეპარტამენტი.

აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის დროს, 3 ოქტომბერს, ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

3 ოქტომბერს დაზიანებული ხიდი მდინარე ნატანებზე / ფოტო სოც. ქსელიდან
მთავარი ფოტო: შეკვეთილი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

თიბისი განათლების ტექ-დღეები ბათუმსა და ქუთაისში

თიბისი უზრუნველყოფს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობას მთელი საქართველოს მასშტაბით.

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში 20 ოქტომბერს ბათუმში და 21 ოქტომბერს ქუთაისში ტექ-დღეები გაიმართება.

ღონისძიების თემაა – როგორ ვსწავლობთ ტექნოლოგიებს?!

თიბისის ტექ-დღეებზე, სფეროს პროფესიონალები, აუდიტორიას გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ისაუბრებენ ტექნოლოგიებზე, მათ მნიშვნელობაზე, მომავლის პროფესიებზე, საქართველოში ტექგანათლებასა და მისი განვითარების გზებზე. სტუმრები გაეცნობიან თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსებს და გაიგებენ როგორ გადადგან პირველი ნაბიჯები ტექში.

მომხსენებლები არიან:

  • ანასტასია კვინიკაძე | Lead Software Engineer, Impel | შესაძლებლობები და გამოწვევები ტექში
  • სტეფანე გურგენიძე | Software Development Engineer at Amazon | ქუთაისიდან ამაზონამდე
  • ნინი მოდებაძე | მონაცემთა ანალიტიკოსი, TBC | როგორ მოვხვდეთ ტექში?
  • სალომე შეყილაძე | Software Engineer – Google | გზა გლობალურ კომპანიებამდე
  • პაკო ტაბატაძე | ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების ინჟინერიის დოქტორი | როგორ დავწეროთ წარმატება, პროგრამული კოდით
  • დავით ჩეჩელაშვილი | Principal, Isari Ventures |ჩაგვანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი?!
  • მარიკა სიხარულიძე | USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტი | რა არის ციფრული წიგნიერება?

შეხვედრებზე ვიწვევთ ახალ თაობას, მშობლებს, მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს.

დღეს ტექნოლოგიებში გათვიცნობიერება საქმიანობის ყველა სფეროს წარმატების საწინდარია. ტექნოლოგიური პროგრესის შეუქცევად გზაზე, ტექნოლოგიების შესწავლა მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ თიბისი ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ტექნოლოგიური განათლების, სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს.

თიბისის ტრექნოლოგიური განათლების კურსები ეს არის შესაძლებლობა ახალ თაობისთვის დაიწყონ ტექნოლოგიების შესწავლა და პროფესიის დაუფლებისკენ გადადგან პირველი ნაბიჯები, რათა უკეთ დაინახონ კარიერული პერსპექტივები.

ბათუმი: 20 ოქტომბერი | 17:00 საათი |სასტუმრო „რუმსი“, გოგებაშვილის ქ.#10.

ქუთაისი: 21 ოქტომბერი | 16:00 საათი | აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის #59.

ტექ-დღეზე დასწრება თავისუფალია!

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და გარეუბნებში წყალი შეწყდება – „ბათუმის წყალი“

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 17 ოქტომბერს, 21:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეეზღუდებათ ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე, ბათუმის შემოგარენსა და ხელვაჩაურში მცხოვრებ აბონენტებს.

კერძოდ, წყლის მიწოდება შეწყდება:

  • ბენზეში
  • ბარცხანაში
  • ორთაბათუმში
  • განთიადში
  • ხელვაჩაურსა და ადლიაში
  • აეროპორტის დასახლებაში
  • ჰელიმიშის ქუჩაზე
  • ანგისაზე
  • აღმაშენებლის ქუჩაზე

კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ოქტომბრის 21 საათიდან 18 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 3 –8 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 19 ოქტომბერს ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 20-21 ოქტომბერს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

შემოდგომა აჭარის მთებში | ფოტო

მაღალმთიან აჭარაში სულ უფრო მეტად იგრძნობა შემოდგომა. მაღალ მთებში პირველი თოვლი 10 ოქტომბერს მოვიდა.

ფოტო: ავთო შერვაშიძე
ფოტო/ავთო შერვაშიძე
ფოტო/ავთო შერვაშიძე
ფოტო/ავთო შერვაშიძე
ფოტო/ავთო შერვაშიძე
ფოტო/ავთო შერვაშიძე

უმცროსი ექიმების, ექთნის თანაშემწეებისა და სანიტრების ანაზღაურებაზე მინიმალური ზღვარი დაწესდება

2024 წლის 1-ელი იანვრიდან, უმცროსი ექიმების, ექთნის თანაშემწეების, ბებიაქალებისა და სანიტრების შრომის ანაზღაურებაზე მინიმალური სახელფასო ზღვარი დაწესდება.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სახელფასო ცვლილება სამედიცინო პერსონალზე ასე გადანაწილდება:

  • უმცროსი ექიმი – თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული
  • ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) დარიცხული
  • ბებიაქალი – თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) დარიცხული
  • სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) დარიცხული

ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა 6000-მდე პირს შეეხება. შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „2023 წელს განხორციელდა რეფორმის პირველი ეტაპი, რა დროსაც გაიზარდა მინიმალური ანაზღაურება ექიმებისა და ექთნებისთვის, რამაც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე დაახლოებით 15 000 გაუუმჯობესა სამუშაო პირობები“.

„რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში.

პროცესს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 289 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
  • ტანკი – 4 979 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 9 405 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 6 936 ერთეული [+26]
  • MLRS – 814 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 547 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 318 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 317 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 291 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 533 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 293 ერთეული [+22]
  • სპეცტექნიკა – 982 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 491 თვითმფრინავი
  • 251 ვერტმფრენი
  • 7 953 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 706 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 163 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 802 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 372 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა ხდება ავდიივკასთან? – ISW წერს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია სერიოზულ წარმატებას

პარლამენტს არ აქვს ვალდებულება პრეზიდენტი აუცილებლად გადააყენოს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ იმპიჩმენტის შესახებ დავას გამოეხმაურა.

ორგანიზაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უსაფუძვლოა, „ვინაიდან პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო მთავრობამ თავად არ შეასრულა შემხვედრი ვალდებულება, რომელიც თანხმობის გაცემას გულისხმობდა პრეზიდენტის მიერ ისეთი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის შეხვედრების და მოლაპარაკებების წარმოება“ – ამბობს საია.

„აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციის თითოეული დებულების მისი ნამდვილი მიზნის შესაბამისად განმარტება და მათი პრაქტიკაში გამოყენება. კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო ურთიერთობების წარმოებასთან და ქვეყნის საგარეო კურსთან, უნდა განახორციელონ იმ სულისკვეთებით, რომელიც სპეციალურ ნორმაში – 78-ე მუხლშია ასახული.

სხვა სიტყვებით, უფლებამოსილებები, რომელიც ინსტრუმენტს წარმოადგენს ყველა გაგებით, მათ უნდა გამოიყენონ შინაარსობრივი კომპეტენციის შესასრულებლად, ამ შემთხვევაში ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ასევე გასათვალისწინებელია საგარეო პოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს პოზიციის „ერთ ხმაში გაჟღერების“ საჭიროება.

პარლამენტს არ აქვს ვალდებულება, სასამართლოს დასკვნით დადგენილი, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი აუცილებლად გადააყენოს.

იმპიჩმენტი პოლიტიკურ-სამართლებრივი ელემენტების მქონე პროცესს წარმოადგენს. სამართლებრივი მხარე იკვეთება მისი დაწყების საფუძვლებში და სასამართლოს მიერ მათ დადასტურებაში, პოლიტიკური კი – საპარლამენტო ორგანოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაში.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ პარლამენტი ვერ შეძლებს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში [დასკვნის მიღებიდან 2 კვირაში] პრეზიდენტის გადაყენებას იმპიჩმენტის წესით, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

შესაბამისად, სახელმწიფოს შეიძლება ჰყავდეს მეთაური, რომელიც ფორმალურად კონსტიტუციის დამრღვევია, თუმცა მაინც თანამდებობაზეა. ეს აიხსნება იმით, რომ იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური და საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ხელისუფლების ხელშია.

იმის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტი, პრეზიდენტის ეს ვიზიტები არსებით მნიშვნელობას იძენს, ხოლო მთავრობის მხრიდან ამ აქტივობების დაყოვნება თუ ხელშეშლა, თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს“ – აცხადებს საია.

საკონსტიტუციო სასამართლოს 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

 

ვის და სად შეუძლია აჭარაში უფასოდ აცრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით

დღეს, 16 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. რისკჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ უტარდებათ.

2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:

  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
  • 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
  • ორსულები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, შეძენილია 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

რისკის ჯგუფის მოქალაქეების ვაქცინაცია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი. აჭარაში ეს დაწესებულებებია:

  • სს ევექსის კლინიკები, ბათუმის პოლიკლინიკა (ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის 20);
  • შპს ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი (ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი მე-7 შესახვევი N3);
  • სს ,,საზღვაო ჰოსპიტალი“(ბათუმი, პ.მელიქიშვილის 102 ბ);
  • შპს ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა (ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2);
  • შპს „იუნიქი“ (ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის 62);
  • შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ (ბათუმი, კახაბრის 36);
  • შპს „ფარმალია“ (ბათუმი, ექვთიმე თაყაიშვილის 105, კომერციული ფართი N2);
  • შპს აკ. ვ.ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცი (ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. N3ა);
  • შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“ (ბათუმი, ნ.ბარათაშვილის 33);
  • შპს „ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ბათუმი, ტბეთის ქ.4);
  • შპს ქ.ბათუმის N4 პოლიკლინიკა (ბათუმი, გ.ტაბიძის ქ.2);
  • შპს მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა (ბათუმი, თამარ მეფის მესამე შესახვევი N17);
  • ევექსის კლინიკები ქედის კლინიკა (დაბა ქედა, რუსთაველის ქ 14);
  • ევექსის კლინიკები ჩაქვის პოლიკლინიკა (ჩაქვი, თამარ მეფის ქ.40);
  • სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრი (ქობულეთი, თბილისის ქ.31);
  • სს ვიანი ქობულეთის ჰოსპიტალი (მემედ აბაშიძის 18-ის მიმდებარედ);
  • ევექსის კლინიკები შუახევის კლინიკა (დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.32);
  • ევექსის კლინიკები ხულოს კლინიკა (დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ 1).

რა ხდება ავდიივკასთან? – ISW წერს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია სერიოზულ წარმატებას

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი  რუსეთ-უკრაინის ომის 15 ოქტომბრის მიმოხილვაში წერს, რომ ნაკლებ სავარაუდოა რუსეთის ძალებმა უახლოეს მომავალში შეძლონ მნიშვნელოვანი გარღვევა ფრონტზე.

ISW-ის მოჰყავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ავდიივკასთან მიმდინარე მოვლენების შესახებ. პუტინმა 15 ოქტომბერს რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული ძალები ახორციელებენ „აქტიურ თავდაცვას“ ავდიივკას, კუპიანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.

პუტინის მიერ ავდიივკას მახლობლად რუსული ძალების შეტევის  „აქტიურ თავდაცვად“ დახასიათება, ნაცვლად – „აქტიური საბრძოლო ოპერაციებისა“, შესაძლოა იყოს რუსეთის მნიშვნელოვანი წინსვლის მოლოდინის შემცირების მცდელობა – მიიჩნევენ ანალიტიკოსები.

აქვე ვკითხულობთ, რომ რუსული ოპერაციები, არტილერიის ინტენსიური გამოყენებისა და საჰაერო თავდასხმების ჩათვლით, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს უკრაინული ძალების შესუსტებას ავდიივკას გარშემო.

ISW-ი მიიჩნევს, რომ ნაკლებ სავარაუდოა რუსეთის ძალებმა მიაღწიონ მნიშვნელოვან გარღვევას უახლოეს მომავალში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პოტენციური წინსვლა, სავარაუდოდ, მოითხოვს პერსონალისა და ტექნიკის გაზრდილ და ხანგძლივ უზრუნველყოფას.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა ავდიივკას ალყაში მოქცევას 15 ოქტომბერს, მაგრამ ჯერ არ მიუღწევიათ მნიშვნელოვანი შედეგებისთვის.

ამავე დროს, უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რუსეთის 15-ზე მეტი თავდასხმა ავდიივკას მახლობლად, ასევე დასახლების ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით.

რუსული წყაროების თანახმად, 15 ოქტომბერს, წინა დღეებთან შედარებით, ავდიივკასთან რუსულ ძალებს წინსვლა ჰქონდათ, თუმცა ISW წერს, რომ რუსეთის წინსვლა გეოლოკაციური კადრებით არ დასტურდება.

როგორც უკრაინელმა სამხედრო დამკვირვებლებმა, ასევე რუსულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს სასურველ მყისიერ გარღვევას და აქვთ დიდი დანაკარგები.

ამავე დროს, ISW-ი მიიჩნევს, რომ რუსული ძალები რჩებიან საფრთხედ უკრაინისთვის ამ რაიონში, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უახლოეს მომავალში მიაღწიონ გადამწყვეტ გარღვევას ან ალყაში მოაქციონ ავდიივკა.

„რუსული შეტევითი ოპერაციების ტემპის შემცირება შეიძლება იყოს ტაქტიკურ ვითარებაში დროებითი და რუსეთის ძალებმა შესაძლოა გააძლიერონ ავდიივკას ალყაში მოქცევის მცდელობები უახლოეს დღეებში. უკრაინელმა სამხედრო დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა შეაღწიეს უკრაინის ფლანგებში ავდიივკას ირგვლივ და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან უკრაინის პოზიციებს“ – წერს ISW-ი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში 15 ოქტომბერს და ოდნავ დაწინაურდნენ ბახმუტის სამხრეთით.

_________________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი/facebook

ხულოში შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას ითხოვენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხულოში შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამის დანერგვას ითხოვს.

მათ 270 ადამიანის ხელმოწერაც შეაგროვეს პეტიციის მეშვეობით და ითხოვენ, რომ ხულოს მერიამ 2024 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამა დააფინანსოს.

ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეები დაბა ხულოსა და სოფლებში პირველი ორი წელი უფასოდ ისარგებლებენ.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება სამოქალაქო საბჭოებისა და „სოლიდარობის თემის“ თანამშრომლობით.

„მოვუწოდებთ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დროულად განიხილოს და დააკმაყოფილოს წარდგენილი მოთხოვნა, მერიას კი – 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში გამოყოს თანხა აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად“ – ამბობს „გამჭვირვალობა“.

ხულოში პეტიციას ხელი მოაწერა 270-მა ადამიანმა.

იმპიჩმენტის საქმის განხილვა არ იყო დაკავშირებული განსაკუთრებულ სირთულეებთან – ტურავა

დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ხელი უნდა მოაწერონ დასკვნის ტექსტს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით. დღეს გაირკვევა მოსამართლეების გადაწყვეტილება, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მოსამართლეებს დასკვნით ტექსტზე ხელის მოწერა დღის განმავლობაში შეუძლიათ:

„გადაწყვეტილების გამოცხადების დღეა 16 ოქტომბერი, 16 ოქტომბერი შედგება რამდენიმე საათისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12:00 საათის შემდეგ და მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას.

ამის შემდეგ ორი საათი სჭირდება იმას, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი, ექსპერტიზა მომზადდეს სამართლებრივ დეპარტამენტში და როცა გამოცხადდება, რამდენიმე საათში დღის განმავლობაში გამოქვეყნდება“ – ამბობს მერაბ ტურავა.

მერაბ ტურავა მედიასთან არ საუბრობს საკუთარ გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, დასკვნის გამოქვეყნებამდე მისი პოზიციის გაჟღერება კანონდარღვევა იქნებოდა.

მისი თქმით, სასამართლო განხილვა არ იყო დაკავშირებული „განსაკუთრებულ სირთულეებთან“ და მოსამართლეებმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, „როგორიც უნდა მიეღოთ“.

მერაბ ტურავა ამბობს, რომ შესაძლოა ხელმოწერამდე შეცვალოს მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება, ამიტომ წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია.

„ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული მოსამართლის ხელმოწერაზე. ერთსულოვნებაა თუ არა მოსამართლეებში, ამაზე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ ვითათბირეთ, შევთანხმდით, რომ დღეს აუცილებლად მოეწერება ხელი და შემდეგ გამოცხადდება დარბაზში.

დასკვნას გადავაგზავნით პარლამენტში და ავტვირთავთ ვებგვერდზე“ – ამბობს ტურავა.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა.

მმართველი პარტია პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტების გამო უჩივის და აცხადებს, რომ ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნების ლიდერებს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ხვდებოდა.

ამავე თემაზე: 

„რას ვაკეთებთ აქ?“ – ჩუგოშვილის შეკითხვა კობახიძეს იმპიჩმენტის საქმეზე

საქართველოში რუსეთის 776 278 მოქალაქე შემოვიდა – საზღვრის კვეთის სტატისტიკა 3 თვეში

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი 2023 წლის მესამე კვარტალში 776 278-ჯერ გადმოკვეთეს [შემოსვლა].

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში [ივლისი, აგვისტო, სექტემბერი] რუსეთის ფედერაცია კვლავ პირველ ადგილზეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს საზღვარი ამავე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა 780 514-ჯერ გადაკვეთეს [გასვლა].

შემდეგ მოდიან: თურქეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ყაზახეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, უკრაინა და სხვა ქვეყნები.

2023 წლის მესამე კვარტალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა [შემოსვლა], მეორე კვარტალთან შედარებით 332 654-ით არის გაზრდილი; იმავე პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის [გასვლა] სტატისტიკა კი, გაზრდილია 353 071 -ით.

შსს ასევე აქვეყნებს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სტატისტიკასაც.

საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკა 2023 წლის მესამე კვარტალში:

2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი 298 285-ჯერ გადმოკვეთეს, 2023 წლის მეორე კვარტალში კი – 443 624-ჯერ.

ამავე თემაზე:

რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში

„მოსწავლეს თმაზე მოქაჩა“ – რატომ გაუშვეს მასწავლებელი ქობულეთის სკოლიდან

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს.

როგორც სკოლის დირექტორი ნანი ცივაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მასწავლებლის დათხოვნის მიზეზი ბავშვზე ძალადობაა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

„ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა სკოლიდან“ – გვითხრა სკოლის დირექტორმა.

ის ადასტურებს ინფორმაციას, რომ აღნიშნული ფაქტი მოსწავლეებმა ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

„ჩვენთვისაც ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი“- ამბობს ნანი ცივაძე.

დირექტორის განმარტებით, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევაში  კანონი ითვალისწინებს მასწავლებლის მხრიდან სკოლის დატოვებას.

ინფორმაცია ფაქტის შესახებ პირველად TV 25-მა გაავრცელა.

ეს უკვე მეორე მასწავლებელია, რომელმაც ბავშვზე ძალადობის გამო სკოლა დატოვა. პირველი ინციდენტი მიმდინარე წლის მაისში მოხდა, როცა მასწავლებელმა მოსწავლეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნული შემთხვევაც მოსწავლეებმა ტელეფონით გადაიღეს. მაშინაც მუსიკის მასწავლებელმა სკოლა დისციპლინური საბჭოს მოკვლევის დაწყებისთანავე დატოვა.

ბათუმი-თბილისის მატარებელი ერთ საათზე მეტი ქობულეთში იყო გაჩერებული

განახლებული ინფორმაცია: „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზაში უთხრეს, რომ მატარებელი ქობულეთის სადგურიდან [10:55 სთ] უკვე დაიძრა.

დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმი-თბილისის მატარებელი ქობულეთის სადგურში ერთ საათზე მეტია გაჩერებულია.

ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ადგილზე ამბობენ, რომ მატარებელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და სავარაუდოდ, საღამომდე არ აღდგება დენის მიწოდება.

ამავე მგზავრის ინფორმაციით, მათ უთხრეს, რომ ბილეთები დააბრუნონ: „მოვითხოვეთ ავტობუსები გამოეძახათ, რადგანაც წესდებაში უწერიათ, რომ მათ უნდა უზრუნველყონ გადაადგილება, თუმცა ამ დრომდე არაფერს გვეუბნებიან“.

ზოგიერთ მგზავრს ქობულეთის სალაროში ბილეთის საფასური აუნაზღაურეს, ზოგიერთს კი უთხრეს, რომ თანხა სალაროში აღარ არის და თბილისში ან ბათუმში მიიღებენ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“. ინფორმაციას პასუხის მიღებისთანავე განვაახლებთ.

ქობულეთის სადგური.
ქობულეთის სადგური.

გახდი მზარეული, ისწავლე უგამოცდოდ – „გოლდენ სიი“ აცხადებს მიღებას

შეუთავსე შენი კომპეტენცია დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს და შეიძინე ახალი თეორიული და პრაქტიკული უნარები!

სასწავლებელი „გოლდენ სიი“ თავის 50-მდე პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, შენი კარიერული წინსვლისთვის, გთავაზობს ცოდნისა და უნარების განვითარებას შემდეგ მიმართულებებზე:

1. მზარეული;
2.კონდიტერი;
3.ბუღალტერია;
4.მასაჟისტ-რეაბილიტატორი;

სწავლის პერიოდში მსმენელები პრაქტიკულ უნარებს განივითარებენ შერჩეული მიმართულების წამყვან ორგანიზაციებში.

დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577-19-06-53; 599-52-34-03
იხილეთ საიტი – goldensea.ge
მისამართი: ქ.ბათუმი, დ.თავდადებულის 49

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 288 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860]
  • ტანკი – 4 965 ერთეული [+17]
  • ჯავშანტექნიკა – 9 385 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 6 910 ერთეული [+44]
  • MLRS – 814 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 547 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 318 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 317 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 280 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 531 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 271 ერთეული [+22]
  • სპეცტექნიკა – 981 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 491 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 919 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 673 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 163 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 788 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 356 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთს „უპრობლემოდ“ ექნება რესურსი 2025 წლამდე ბრძოლისთვის – ბუდანოვი

Exit mobile version