მთავარი,სიახლეები

„გვყავს პაციენტები, რომლებსაც ქუჩაში სძინავთ“ – ფრანგი ექიმი ქართველ პაციენტებზე

17.10.2023 • 17316
„გვყავს პაციენტები, რომლებსაც ქუჩაში სძინავთ“ – ფრანგი ექიმი ქართველ პაციენტებზე

„სტრასბურგის სხვადასხვა საავადმყოფოს განყოფილებებში იზრდება მიგრანტების რიცხვი, მათგან უმრავლესობა ქართველია. მედპერსონალისთვის, რომლებიც მათ მკურნალობენ, ეს პოლიტიკურ არჩევანთანაა დაკავშირებული, ამ არჩევანის წინაშე ყოფნა კი მედპერსონალს არ სურს“ – წერს ფრანგული რეგიონული გამოცემა Rues 89 Strasbourg-ი.

სახელმწიფო საავადმყოფოს ექიმი-ნეფროლოგი, იონას მარცლოფი გამოცემასთან ამბობს, რომ 2018-2019 წლებში დიალიზზე მყოფი ყოველი მეექვსე პაციენტი მიგრანტი იყო, ძირითადად – საქართველოდან.

მარცლოფი მკურნალობს თირკმლის უკმარისობის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებსაც ჰემოდიალიზი სჭირდებათ. ეს პროცესი აპარატის საშუალებით პაციენტის სისხლის ფილტრაციასაც გულისხმობს. მკურნალობის ამ რთული კურსის დროს აუცილებელია საავადმყოფოში ან დიალიზის ცენტრში მისვლა კვირაში ორ-სამჯერ. თითო სეანსი კი 4, 5 საათი გრძელდება.

გამოცემის ინფორმაციით, ახლა სტრასბურგში დიალიზზე მყოფი პაციენტების 15% საქართველოდანაა. 2017 წლამდე ეს მაჩვენებელი 7% იყო და ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ორჯერაა გაზრდილი.

ექიმის შეფასებით, 2017 წლის შემდეგ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩადის საქართველოდან სტრასბურგში და ითხოვს ბინადრობისა და მუშაობის უფლებას.

მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების არმქონე პაციენტებს ფინანსურ დახმარებას საფრანგეთი მხოლოდ გადაუდებელ სიტუაციაში უწევს. საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის გვერდზე წერია, რომ საფრანგეთში ყოფნის მესამე თვიდან ნებისმიერ უცხოელს შეუძლია მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში, თუმცა იქვე განმარტებულია, რომ საყოველთაო დაზღვევა ფარავს სამედიცინო ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ: „სამედიცინო ჩარევის გარეშე პაციენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა ან თუკი ჩაურევლობა მოუტანს სერიოზულ, მნიშვნელოვან და ხანგრძლივად გაუარესებულ შედეგს პაციენტს ან მის მომავალ შვილს“.

Rues 89 Strasbourg-თან საუბრისას სტრასბურგის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, ჟოან მარსლოფი ამბობს, რომ ქართველები, რომლებიც მიდიან საფრანგეთში ტურისტად, ხშირად მერე ადგილზე აცხადებენ, რომ სჭირდებათ დიალიზით მკურნალობა, თუმცა არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად, ასეთ დროს მათ უწევთ გადაიხადონ დაახლოებით 300-500 ევრო თითო სეანსისთვის, რასაც უმრავლეს შემთხვევაში ვერ იხდიან:

„თავიდან ადმინისტრაციული ინსტრუქციით შესაძლებელი იყო მოქალაქეობის არმქონე პირისთვის დიალიზით გვემკურნალა იმ შემთხვევაში, თუ ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს პირობა ართულებდა პაციენტების მდგომარეობას: თუ არ ვუმკურნალებდით საშუალოდ მძიმე პაციენტს, მერე უფრო მძიმდებოდა დაავადება და გაუარესებული მდგომარეობით ბრუნდებოდა კლინიკაში, ირყეოდა პაციენტების ჯანმრთელობაც და რთული იყო საავადმყოფოსთვისაც: მეტ რესურსს ვხარჯავდით, როცა უკვე გადაუდებელი, სასწრაფო დიალიზი სჭირდებოდა პაციენტს, ექიმების ჯგუფის მეტი რესურსიც იყო ამ დროს საჭირო” – ამბობს ექიმი.

ეს მიდგომა საფრანგეთში შეიცვალა: ახლა დიალიზით ყველას მკურნალობენ, ენიშნებათ კვირაში ორი ან სამი სეანსი, ეს არის ის საავადმყოფოები და განყოფილებები, რომლებსაც აქვთ ცვლილებამდელ წლებში, დიდი დაძაბულობის ფონზე მუშაობისა და მედპერსონალის უკმარისობის პერიოდში პაციენტების მოვლის გამოცდილება.

  • რა ეტაპებს გადიან ქართველი პაციენტები მკურნალობიდან ბინადრობის უფლების მიღებამდე საფრანგეთში

თუნდაც ტურისტული ვიზით საფრანგეთში ჩასვლისას დიალიზის საჭიროების შემთხვევაში პაციენტს მკურნალობენ. მკურნალობის დაწყების შემდეგ პაციენტები თავშესაფრის მოთხოვნით საემიგრაციო სამსახურს მიმართავენ (l’Ofpra). სანამ მოთხოვნა მუშავდება, პაციენტს აქვს სრული სამედიცინო დაზღვევა. ექიმი იონას მარცლოფი სტრასბურგულ გამოცემასთან ამბობს, რომ ამ დროს ქართველი პაციენტები სრულად არიან უზრუნველყოფილნი მედიკამენტებით, სამედიცინო ტრანსპორტით, დიალიზით და ა.შ.

თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის შემთხვევაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე ქართველი მიგრანტები, რომლებიც უკვე მკურნალობდნენ საფრანგეთში, მიმართავენ ბინადრობის უფლების მოთხოვნით საფრანგეთის ემიგრაციისა და ინტეგრაციის სააგენტოს (Ofii) სადაც უნდა დაამტკიცონ, რომ სჭირდებათ მკურნალობა, რის გარეშეც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდება. მათ უნდა დაამტკიცონ ასევე, რომ საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე საკუთარ ქვეყანაში ხელი არ მიუწვდებათ.

  • ფრანგი ექიმების ეთიკური დილემა

სწორედ ამ დროს სთხოვენ კლინიკის ექიმებს ემიგრაციისა და ინტეგრაციის სააგენტოსთვის (Ofii) გადასაგზავნი სამედიცინო გასკვნის გაცემას.

გამოცემა Rue89 Strasbourg-ი ესაუბრა რამდენიმე ექიმს ანონიმურად. ერთ-ერთი მათგანი, ფრანსუა, ამბობს, რომ სახელმწიფო მას სთხოვს მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მიგრაციის კონკრეტულ შემთხვევებში, რაც ექიმისთვის მიუღებელია:

„ძალიან ხშირად მოდიან პაციენტები, მათი ნათესავები, ადვოკატები და მთხოვენ გავცე დამადასტურებელი მოწმობა, რომ პაციენტს აუცილებლად საფრანგეთში უნდა ვუმკურნალოთ. ეს დიდი თავსატეხია ექიმებისთვის. გამოდის, რომ ექიმების სიტყვაა გადამწყვეტი ემიგრაციის საკითხებში და ეს ძალიან მაღელვებს. თავს სახელმწიფოს „საემიგრაციო მენეჯერად“ ვგრძნობ.

ხშირად პაციენტებს საქართველოდან არ აქვთ საცხოვრებელი ადგილი საფრანგეთში, არ აქვთ სამსახური, იზოლირებულები არიან და მე, ექიმმა, უნდა გადავწყვიტო, ეკუთვნით თუ არა მათ ბინადრობის უფლება? თუ ასეა, დიახ, მე ხანდახან ვაჭარბებ დასკვნების წერისას, რომ პაციენტმა ბინადრობის უფლება მიიღოს, მაგრამ რა ნიშნით უნდა გააკეთოს ექიმმა ეს ერთი პაციენტისთვის და რატომ არ უნდა გააკეთოს მეორისთვის?“ – ამბობს ექიმი.

იგივე წყარო გამოცემასთან ამბობს, რომ ყველა ისტორია ინდივიდუალური და შემაძრწუნებელია, მაგრამ შეუძლებელია შორეულ პერსპექტივაში სერიოზული პათოლოგიების მქონე ყველა პაციენტის მკურნალობა შეძლოს საფრანგეთმა.

გამოცემის წყარო ქართველი პაციენტის ისტორიას იხსენებს, რომელიც საქართველოდან წავიდა და ჯერ გერმანიაში მკურნალობდა სიმსივნეს:

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების გუნდმა ის ჩვენამდე მოიყვანა, მაგრამ დაავადება მძიმე და უიმედო იყო, ჩვენ მისთვის ვერაფერს გავაკეთებდით იმაზე მეტს, რაც საქართველოსა და გერმანიაში გაუკეთეს. 40 წლის კაცი, იმ იმედით, რომ საფრანგეთში გადარჩებოდა, ჩამოვიდა და სტრასბურგის კლინიკაში გარდაიცვალა, ახლობლებისგან შორს და იმ ენის გარემოცვაში, რომელიც საერთოდ არ ესმოდა, რომელზეც ვერ ლაპარაკობდა“ – იხსენებს ჰოსპიტლის ექიმი.

NHC კლინიკის ექიმი, ნეფროლოგი იონას მარცლოფი გამოცემა Rues 89 Strasbourg-თან ამბობს, რომ სპეციალური რესურსები და საუკეთესო მომსახურება ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

„ამ პაციენტებთან ხშირად საერთო ენა არ გვაქვს ექიმებს. არ საუბრობენ ფრანგულად, არც ინგლისურად ან გერმანულად. სტრასბურგში მიგრაციის სამსახურს აქვს ასოციაცია, სადაც დაქირავებული თარჯიმნების ქსელი აქვთ, მათ თარჯიმნებს წინასწარ უნდა შეუთანხმდე რამდენიმე შეხვედრაზე და სასწრაფო სამედიცინო შემთხვევების დროს ეს რესურსი გამოუსადეგარია.

საავადმყოფოს ადმინისტრაცია ხშირად არაა თანახმა დაიქირაოს კერძო თარჯიმანი, რომელიც სულ კლინიკაში იქნება, რადგან ეს დამატებითი ხარჯია ჰოსპიტლისთვის. საუბრობენ იმაზეც, რომ რაც დრო გავა, მნიშვნელობა მიენიჭება იმასაც, თუ რამდენ ენაზე საუბრობს მედპერსონალი, როგორ შეუძლია სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, არაფრანგულენოვან პაციენტებთან საუბარი.

გვყავს პაციენტები, რომლებსაც ქუჩაში, მანქანებში, კარვებში სძინავთ, ცუდად ან ხანდახან საერთოდ ვერ იკვებებიან, შეწუხებულები არიან პირადი და ადმინისტრაციული პრობლემებით. ეს ყველაფერი ართულებს მათ მდგომარეობას და უარყოფითად აისახება დაავადებაზეც, მით უფრო, როცა დიალიზზეა ადამიანი ან სხვა სერიოზულ პათოლოგიას ებრძვის.

ექიმები საათობით ვმსჯელობთ, სად დავაბინაოთ ასეთი პაციენტები, რა ვუყოთ და როგორ მოვიქცეთ“ – ამბობს ექიმი იონას მარცლოფი.

ქართველი პაციენტების მდგომარეობის სიმძიმეზე საუბრობს ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის განყოფილების სოციალური აგენტიც:

„ხშირად ვიცით, რომ პაციენტი, რომელიც ჩვენთან წევს, ქუჩაში ცხოვრობს, ამიტომ გვიწევს, რაც შეიძლება გავახანგრძლივოთ კლინიკაში მათი ყოფნა მანამ, სანამ შესაძლებელია და სანამ კარგად არ გახდებიან. თუმცა ადრე თუ გვიან მათი ქუჩაში გაშვება გვიწევს“ – ამბობს სოციალური აგენტი.

  • პაციენტებს ორგანოები გადავუნერგეთ საფრანგეთში, მერე კი საქართველოში დააბრუნეს

ფრანგული მედია წერს, რომ ხშირად მიგრანტები იღებენ მათთვის განკუთვნილ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ სახელმწიფო მერე მათ ქვეყნიდან აძევებს.

სტრასბურგის გაზეთის ცნობით, მაგალითად, ერთ-ერთ ჰოსპიტალში რამდენიმე წლის წინ ექიმმა შეიტყო, რომ პაციენტს, რომელსაც ღვიძლი გადაუნერგეს, ოპერაციის შემდეგ მიუვიდა ცნობა ქვეყნის დატოვების ვალდებულების შესახებ 2023 წლის ივლისში. ექიმისთვის სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება სკანდალური იყო:

„თირკმლის ტრანსპლანტაცია ძვირადღირებული ოპერაციაა, ფინანსურადაც და ეთიკურადაც გაუგებარია პაციენტების გაძევება ასეთ დროს ქვეყნიდან, ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტი დიდხანს უნდა კონტროლდებოდეს. ეს ოპერაცია დაახლოებით 100 000 ევრო ღირს და ადამიანის სიცოცხლე რამდენიმე ათეული წლით ხანგრძლივდება.

როცა იგებ, ასეთი პაციენტი საქართველოში დააბრუნეს, სადაც ის ვერ იხდის იმუნოსუპრესიული მკურნალობის ხარჯს და არც ექიმების სპეციალური დაკვირვების ქვეშაა, ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე საფრთხეშია და შეიძლება ერთი წელიც კი ვერ იცოცხლოს ადამიანმა. რთულია მშვიდად უყურო იმ ამბავს, რომ პოლიტიკური სისტემა ამ ქართველებს აძლევს უფლებას მიიღონ სამედიცინო დახმარება საფრანგეთში, შემდეგ კი არ აძლევს მათ ბინადრობის უფლებას, ამით სახელმწიფო არღვევს პაციენტის სიცოცხლის უფლებას“ – ამბობს გამოცემის ანონიმური წყარო.

თირკმლის გადანერგვის თემაზე ფრანგ ექიმებს სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვთ. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საფრანგეთში ოპერაცია ძვირია და მხოლოდ ფრანკოფონი პაციენტებისთვის უნდა იყოს ეს ძვირადღირებული ოპერაცია ხელმისაწვდომი საფრანგეთის ტერიტორიაზე. სპეციალისტების მეორე ფრთას მიაჩნია, რომ ეს ქსენოფობიური დამოკიდებულებაა საკითხის მიმართ.

ფრანგული გამოცემა წერს, რომ ჯანდაცვის მიმართულება საქართველოში არასაკმარისად ფინანსდება ხელისუფლების მიერ. გამოცემა დასკვნას ფრანგული სამართლის სკოლის და Sciences Po-ს 2021-2022 წლის კვლევაზე დაყრდნობით აკეთებს, რომელსაც ჰქვია „ბინადრობის უფლება და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის საკითხები”. ამ კვლევის მიხედვით საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა საგანგაშოა.

„ხარისხთან ერთად, სამედიცინო მომსახურების ღირებულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოში” – წერია კვლევაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: