მთავარი,სიახლეები

რუსეთს „უპრობლემოდ“ ექნება რესურსი 2025 წლამდე ბრძოლისთვის – ბუდანოვი

12.10.2023 • 740
რუსეთს „უპრობლემოდ“ ექნება რესურსი 2025 წლამდე ბრძოლისთვის – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა „უკრაინსკა პრავდასთან“ განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ ომი 2025 წლამდე „უპრობლემოდ გააგრძელოს“.

ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია თავისი არმიის შევსება სამხედრო პერსონალით დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ მისი ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობები არც ისე ძლიერია.

„ეკონომიკური შეფასებით, რუსეთს უპრობლემოდ შეუძლია აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ 2025 წლამდე. აღჭურვილობის მხრივ – მაქსიმუმ 2026 წლამდე. შესაძლოა, ცოტა უფრო ახლო დრომდე, რადგან ტექნიკის აღდგენის მაჩვენებელი, რომელიც ამჟამად აქვთ, არც ისე მაღალია. ანუ სადღაც 2025 წლამდე მივდივართ. ადამიანური რესურსი, აშკარაა, რომ საკმაოდ დიდხანს ექნებათ“ – ამბობს ბუდანოვი.

მან დასძინა, რომ უკრაინას ასევე აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არმიის შესავსებად.

„ჩვენი ქვეყანა არც ისე პატარაა. სხვა საქმეა, არის თუ არა მზად რუსეთის ფედერაცია ზედა ზღვრამდე, ბოლომდე იაროს? ფაქტობრივად, მობილიზებულებით იბრძვიან, გრძნობენ საბრძოლო მასალისა და იარაღის ნაკლებობას“, – განაცხადა ბუდანოვმა.

„უკრიანსკა პრავდამ“ მას ჰკითხა, როგორ აისახება ისრაელში მიმდინარე მოვლენები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თვალსაზრისით.

„თუ კონფლიქტი დროში შეზღუდული იქნება, რამდენიმე კვირამდე, მაშინ სანერვიულო არაფერია.

მაგრამ თუ სიტუაცია გაჭიანურდება, ცხადია, რომ საჭირო იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება არა მხოლოდ უკრაინაში“ – თქვა ბუდანოვმა.

კითხვას, ვდგავართ თუ არა მესამე მსოფლიო ომის ზღურბლზე? – ბუდანოვმა ასე უპასუხა:

„ამაზე პასუხი არც ისე მარტივი იქნება.

ეს არის ჩემი სუბიექტური შეფასება: გეოგრაფიის მთლიანობიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ რამდენიმე კონფლიქტს, რომელიც ერთი შეხედვით რეგიონული ჩანს, გარდა უკრაინისა, მაგრამ ყველა მათგანს აკავშირებს ერთი და იგივე ქვეყნები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ პროცესებში.

ასე რომ, მე მჯერა, ჩვენ მაინც საკმაოდ სწრაფად ვუახლოვდებით გლობალურ ომს“.

ინტერვიუში ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საჰაერო თავდაცვაა, „რადგან ყველაფერი, რითაც გვირტყამენ, ასე თუ ისე დაფრინავს“.

კითხვაზე, რას ცვლის პრიგოჟინის სიკვდილი ომის კონტექსტში, ბუდანოვმა თქვა, რომ ეს იძლევა იმედს, რომ „ვაგნერი” როგორც ერთიანი ჯგუფი, უკრაინაში არ იბრძვის.

„ეს უკრაინისთვის მართლაც დიდი პრობლემა იყო. რაც არ უნდა ეთქვა ვინმეს, ბრძოლა იცოდნენ“ – აღნიშნა ბუდანოვმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელმა რუსმა სამხედრომ შეუქმნა უკრაინას ყველაზე მეტი პრობლემა, ბუდანოვმა თქვა, რომ ეს არის გენერალი სერგეი ბესედა, რუსეთის „ეფესბეს“ სამსახურის უფროსი. „ძალიან პრობლემური ადამიანი. მან ბევრი ბოროტება ჩაიდინა უკრაინისთვის. არა უშავს, დრო დაალაგებს ყველაფერს“ – თქვა ბუდანოვმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: