ნეტგაზეთი • RU

რა პრინციპით გაანაწილა მერიამ „იაფ სახლში“ ბინები – 100 შერჩეული და 20 საჩივარი

ბათუმის მერიამ დღეს „იაფი სახლის“ პროგრამით გათვალისწინებული 100 ბინა გაანაწილა. ბინების გასაღებები დღეს, 14 სექტემბერს, პომპეზურად გადასცეს შერჩეულ ბენეფიციარებს ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ტიტე აროშიძემ და სხვა თანამდებობის პირებმა.

კომისიის გადაწყვეტილებას პროგრამის მეორე ეტაპზე 294 ოჯახი ელოდა. „იაფ სახლში“ ბინების რაოდენობის შესაბამისად კომისიამ 100 ოჯახი შეარჩია, მათგან 19 წინა ეტაპზე იყო შერჩეული.

მერიის ინფორმაციით, 294 განაცხადიდან 81-მა ოჯახმა დააგროვა გამსვლელი ქულა. დამატებით, შერჩეულ 11 ოჯახს კი, ბინები შემდეგ ეტაპზე გადაეცემა.

როდის დაიწყება პროგრამის მესამე ეტაპი, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ გვაქვს.

ბინების გადაცემის შემდეგ „ბათუმელებს“ ესაუბრნენ ოჯახები, რომლებსაც შერჩევასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ და მერიას საჩივრებითაც მიმართეს. ამბობენ, რომ მათ პასუხები არ მიუღიათ.

მერიის ინფორმაციით, ასეთი ოცი საჩივარია შესული და მათ  შესაბამის კომისიასთან ერთობლივად განიხილავენ: „თითოეული მათგანი მიიღებს პასუხს.“

საუბარია კომისიაზე, რომელიც მერიამ ტენდერით შეარჩია, სწორედ ეს კომისია არჩევს ბენეფიციარებს წინასწარ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად. ამ გადაწყვეტილებას მერიაში ტენდენციურობაზე ეჭვის გამორიცხვით ხსნიან. თუმცა ეჭვი მაინც არსებობს.

მერიის განმარტებით, გარდა გამსვლელი ქულებისა, რასაც კომისია კრიტერიუმებთან მონაცემების შესაბამისობით ითვლის, შერჩევის დროს პრიორიტეტი მიენიჭა მარტოხელა სტატუსის მქონეთ, ქირით ცხოვრებისა და ბათუმში რეგისტრაციის შედარებით ხანგრძლივი ვადის მქონე ოჯახებს.

საქმე ისაა, რომ გასული წლის თებერვალში, როცა განაცხადები მოქალაქეებს უკვე დარეგისტრირებული ჰქონდათ, მერიამ „იაფი სახლის“ პროგრამის კრიტერიუმები შეცვალა. ერთ-ერთი ცვლილება სწორედ ბათუმში რეგისტრაციის ვადას შეეხო.

ცვლილების მიხედვით:  პროგრამაში მონაწილეობისთვის ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრი მაინც უნდა იყოს დარეგისტრირებული ბათუმში, პროგრამის ამოქმედებამდე ბოლო ერთ წელში მაინც. ასევე, პროგრამა არ ვრცელდება იმ პირებსა ან ოჯახებზე, რომლებმაც ბათუმში რეგისტრაცია გაიარეს პროგრამის ამოქმედების შემდგომ.

მერიის ინფორმაციით, კრიტერიუმების დაზუსტება იმან განაპირობა, რომ პროგრამაში მონაწილეობა სურდათ ოჯახებს, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ბათუმში რეგისტრაცია გაიარეს პროგრამის ამოქმედების შემდეგ, რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდგომ კი მიმართეს ბათუმის მერიას.

სხვა ცვლილებების მიხედვით: „ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან სახლი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ან კომერციული ფართობი, რომლის ზომაც აღემატება 10 კვადრატულ მეტრს.

პროგრამა არ ვრცელდება იმ პირებსა ან ოჯახებზე, რომლებსაც პროგრამის ამოქმედების დროს საკუთრებაში გააჩნდათ უძრავი ქონება და იგი გაასხვისეს პროგრამის ამოქმედების შემდგომ.

ზოგადად, კრიტერიუმების მიხედვით, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ საცხოვრებელი და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ.

ბათუმის მერიამ პროგრამის პირველ ეტაპზე 80 ბინა გაანაწილა.

ჯავახიშვილის #82-ში „იაფი სახლის“ [იგივე ხელმისაწვდომი საცხოვრისის] პროგრამის ფარგლებში 4612 კვ. მეტრზე 4 კორპუსი ააშენეს. თითოეულ კორპუსში 25 ბინაა. ამ ოთხი კორპუსის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონ 941 696 ლარი დაიხარჯა.

__

ფოტო: ბათუმის მერია

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი