„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 20 ATACMS-ის რაკეტა გაუგზავნა. გამოცემა ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სამხედრო დახმარების პირობაა, რომ რაკეტები არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინამ უკვე გამოიყენა ATACMS-ის რაკეტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ორ საჰაერო ბაზაზე თავდასხმისთვის. კერძოდ, უკრაინამ 17 ოქტომბერს დაბომბა რუსული ძალების აეროდრომები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკში. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებით, ოპერაცია „დრეგონფლაის“ შედეგად განადგურებულია რუსული ძალების ძვირადღირებული ტექნიკა.
ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს უკრაინას დაარტყას რუსეთის ჯარებს ფრონტის ხაზის უკან, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში.
გარდა ამისა, უკრაინამ მიიღო 31 „აბრამსის“ ტანკი აშშ-დან. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს არმიის სარდლობის წარმომადგენელმა, მარტინ ოდონელმა განუცხადა.






