მთავარი,სიახლეები

„რას ვაკეთებთ აქ?“ – ჩუგოშვილის შეკითხვა კობახიძეს იმპიჩმენტის საქმეზე

05.10.2023 • 4206
„რას ვაკეთებთ აქ?“ – ჩუგოშვილის შეკითხვა კობახიძეს იმპიჩმენტის საქმეზე

„ჩემი უფლებაა, ისრაელი და ნიკარაგუა ვახსენო,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, როცა მას პრეზიდენტის წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი ჩააცივდა: „დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც იგივე წესები მოქმედებს და პრეზიდენტს არ აქვს უფლება, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე თავის კოლეგას ტელეფონზე უპასუხოს?”

5 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა ირაკლი კობახიძის და „ოცნების“ სხვა დეპუტატების კონსტიტუციური წარდგინების განხილვა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე.

სასამართლომ ამ წარდგენის მიღებიდან ერთ თვეში უნდა დადოს დასკვნა: დაარღვია თუ არა კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტმა, როცა ის საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე შეხვდა ევროპელ ლიდერებს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ შეუძლია პარლამენტს კენჭი უყაროს საკითხს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ.

„ქართული ოცნება“ მთავარ აქცენტს კონსტიტუციის იმ ჩანაწერზე აკეთებს, რომლის მიხედვითაც „პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში“.

თავის მხრივ კონსტიტუციის 78-ე მუხლზე მიუთითებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

საკონსტიტუციო სასამართლოში 3 დღე გრძელდებოდა კონსტიტუციური წარდგინების განხილვა.

„აღმოჩნდა, რომ საკუთარი ჯილდოს მისაღებადაც არ უნდა წავიდეს თურმე, მთავრობასთან თანხმობის გარეშე,“ – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა და გააპროტესტა, როცა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის როლის ანალოგის მაგალითად ისრაელი დაასახელა.

„ისრაელი მკვეთრი მაგალითია, დემოკრატიული ქვეყანაა და მოქმედებს კონსტიტუციური ნორმა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ქვეყნიდანაც ვერ გავა. ჩვენც არანაკლები გამოწვევები გვაქვს, განსაკუთრებით საგარეო ასპარეზზე,“ – უკან არ დაიხია ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ევროპული ქვეყნების კონსტიტუციებში მსგავსი კონკრეტიკა არ არის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით, „მაგრამ იქ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური კულტურა, მაგალითად, პორტუგალიაში პრეზიდენტს აქვს ვიზიტები ძირითადად გამოფენებზე, პოლიტიკურ საკითხებში არ ერევა, იცის, რომ ეს არის საპარლამენტო სისტემა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მას შემდეგ, როცა თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პასუხი ვერ მიიღო კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე, სადაც პრეზიდენტს ისე ზღუდავენ, როგორც საქართველოში და ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ირაკლი კობახიძემ სხვა არგუმენტი სცადა:

„დამაცადეთ პასუხი, ასეთი სიმკაცრით ნორმებით არ გვხდება სხვა კონსტიტუციებში… რამდენი კონსტიტუციაა იცით, სადაც წერია, რომ თუ პრეზიდენტი არ ნიშნავს პრემიერს, ის დანიშნულად ჩაითვლება? მე მხოლოდ ერთი ვიცი – საფრანგეთი. საფრანგეთი ჩავწერეთ იმიტომ, რომ ეს არ ხდება სხვაგან… პრაქტიკა მე არ ვიცი, როგორ არის. ზოგადი პრაქტიკა არის ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი იშვიათად ერთვება საგარეო ურთიერთობებში და თუ ერთვებიან, გამორიცხულია არ იყოს პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობასთან“, – თქვა ირაკლი კობახიძემ და პაუზის შემდეგ დასძინა:

„სიგიჟეზე გვიწევს ლაპარაკი სამი დღეა“, – კობახიძემ მოსამართლეებს გახედა.

„კი, სიგიჟეზე გვიწევს საუბარი,“ – ირონიას გაჰყვა თამარ ჩუგოშვილიც.

„ტოტალურ სიგიჟეზე,“ – გაიმეორა ირაკლი კობახიძემ, თითქოს იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა თავად არ წამოიწყო.

„კონსტიტუციაში ჩვენ შავით თეთრზე გვიწერია, რომ მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საქართველოს პრეზიდენტი, სამი დღე ამაზე გვიწევს საუბარი,“ – გაცხარდა ირაკლი კობახიძე.

„თინათინ ერქვანია წერს, რომ ეს არაკონსტიტუციური ნორმაა კონსტიტუციაშიაო,“ – კამათის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას ერთ-ერთი ამიკუსი გაახსენდა. თინათინ ერქვანია პარლამენტს წარმოადგენდა წლების წინ საკონსტიტუციო სასამართლოში. მისი აზრით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არალეგიტიმურია.

„ქალბატონ თინას არ ახსოვს, რომ პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით დებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს, ეს მანამდეც ეწერა კონსტიტუციაში. ჩვენ დავაზუსტეთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილი…“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და შემდეგ გაიხსენა, რას ურჩევდნენ კონსტიტუციონალისტები, როცა კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდნენ.

„კონსტიტუცია იმაზეც უნდა იყოს გათვლილი, პრეზიდენტი რომ გაგიჟდეს… დაზღვევის მექანიზმი ჩაიდო ყველაფერთან დაკავშირებით,“ – მოსამართლეებს მიუბრუნდა ირაკლი კობახიძე.

მორიგი უხერხულობა პრეზიდენტის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს ამ შეკითხვით შეუქმნა: რატომ არ ახდენს პარლამენტი რეაგირებას, როცა პრემიერი და მთავრობა არღვევენ კონსტიტუციას?

თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ კონსტიტუციის 43-ე მუხლის მიხედვითაც მთავრობა ვალდებულია, პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხოს.

„პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა,“ – წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

„მთავრობის მხრიდან არაერთხელ დაირღვა ეს მუხლი, ეს არის პარლამენტის სისტემური იგნორი პრემიერიდან დაწყებული… ხომ ამბობთ, რომ კონსტიტუციის დაცვა უდიდეს ღირებულებას წარმოადგენსო, საპროცედურო კომიტეტს აქვს ასეთი დარღვევების ბევრი ფაქტი,“ – თამარ ჩუგოშვილმა შეხედა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანს, რომელიც ასევე ესწრებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხის განხილვას.

„ვსწავლობთ ამ საკითხებს,“ – გიორგი კახიანმა ვერ უარყო, რომ მთავრობიდან პასუხებს ხშირად პარლამენტიც ვერ იღებს.

„რას ვაკეთებთ აქ, სად ვართ? პარლამენტმა დაიწყო იმპიჩმენტის პროცესი იმისთვის, რომ პრეზიდენტი შეხვდა ევროპელ ლიდერებს და სთხოვა მხარდაჭერა სტატუსის მინიჭების დროს,“ – გაღიზიანება არ დამალა თამარ ჩუგოშვილმა დასკვნით სიტყვაში.

„სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური პოზიცია, რომელიც გეგმავს რევოლუციურ პროცესებს, არიან ალიანსში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია… სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება 78-ე მუხლს, სამარცხვინო ქალბატონია,“ – პოლიტიკურ გზავნილებზე გადაერთო ამჯერად ირაკლი კობახიძე.

„როცა თქვენ აღნიშნეთ, რომ პრეზიდენტს პრეზიდენტობის ღირსად არ მიიჩნევთ, რამდენად შეესაბამება ასეთი მიდგომა კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტს?“ – ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა მიმართა.

„ეს არ იყო პოლიტიკური განცხადება, ეს იყო სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ თუ პარლამენტი საბოლოოდ იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ ან ვერ დაუჭერს, პრეზიდენტი განაგრძობს საქმიანობას.

„მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური მიზანი არის გადაყენება, წარდგინების ავტორები არ მიიჩნევენ პრეზიდენტს თანამდებობის ღირსად“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„მაგრამ კონსტიტუცია მიიჩნევს,“ – რეპლიკით უპასუხა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს მაია კოპალეიშვილმა.

„ასეთ შემთხვევაში გაგრძელდება ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება, პრეზიდენტის ნდობა არ აქვს საქართველოს მთავრობას,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ეს არის კონსტიტუციის მავნებლური განმარტება პოლიტიკური მიზნებისთვის,“ – ბოლო სიტყვაში იმას გაუსვა ხაზი მაია კოპალეიშვილმა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიხედვით მოქმედებს და იმპიჩმენტის შესახებ წარდგინებას რეალურად სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„დადგენილ ვადებში პლენუმის დასკვნა წარედგინება საქართველოს პარლამენტს,“ – ამ სიტყვებით დაასრულა საქმის განხილვა მოსამართლე მერაბ ტურავამ. ვიდრე სხდომათა დარბაზს დატოვებდა, მან ასევე თქვა: „ბევრი დამსახურებული და დაუმსახურებელი კრიტიკა წავიკითხე, უმჯობესია, ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ“, – დასძინა მან.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში. ფოტო: „ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: