მთავარი,სიახლეები

ბათუმში ბინების საშუალო ფასი $ 983-მდე გაიზარდა, გაყიდვები კი შემცირდა – კვლევა

20.07.2023 • 3475
ბათუმში ბინების საშუალო ფასი $ 983-მდე გაიზარდა, გაყიდვები კი შემცირდა – კვლევა

„ბათუმში 2023 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი, მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, – ამ განახლებულ მონაცემებს Recov.ge-ზე Colliers Georgia აქვეყნებს.

ამავე ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 920 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი, მაჩვენებელი 13%-ით, 735 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

უძრავის ქონების ყიდვა-გაყიდვის ფასს იკვლევს ასევე კომპანია „Cushman & Wakefield“. ამ ორგანიზაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინის ფასი წინა წელთან შედარებით 30 %-ით გაიზარდა და საშუალო ფასი 876 აშშ დოლარია [2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო 674 აშშ დოლარი].

როგორც კომპანია Colliers Georgia-ში „ბათუმელებს“ განუმარტეს, კვლევისთვის მონაცემებს საჯარო რეესტრიდან იღებენ. „საშუალო შეწონილი ფასი“ კი, ივნისში ბათუმში, ახალაშენებული ბინებში გაყიდული ბინების ჯამური ფასის შეფარდებაა მთლიანობაში ივნისში გაყიდულ ფართობთან. შესაბამისად, „შეწონილი ფასი“ ბინის საშუალო ფასია ივნისში.

ამავდროულად, ბათუმში იკლო ბინების ყიდვა-გაყიდვის მაჩვენებელმა რაოდენობრივად: Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივნისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების [ყიდვა-გაყიდვა] რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 16%-ით, 1,295 ერთეულამდე შემცირდა: ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი, 39%-იანი კლება დაფიქსირდა.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში [იანვრიდან ივნისის ჩათვლით] ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.

2023 წლის პირველ ნახევარში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 9%-ით, 8 160 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი, 18%-ით გაიზარდა და 361 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება თბილისს, Recov.ge-ის მონაცემებით, 2023 წლის პირველ 6 თვეში თბილისის ცენტრალურ უბნებში, ახალაშენებულ ბინებში საშუალო შეწონილი ფასი 1149 აშშ დოლარი იყო, ძველ ბინებში – 989, შედარებით ცენტრალურ უბნებში კი, ახალაშენებული ბინის ფასი საშუალოდ 903 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ძველში – 722-მდე.

თბილისის გარეუბნებში ერთი კვადრატული მეტრი ბინის საშუალო შეწონილი ფასი ახალ ბინებში 707 აშშ დოლარი გახდა, ძველში – 607 დოლარი.

უშუალოდ ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში – 1%-ით, ქალაქის ცენტრში კი, 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,846 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომაც 1%-ით, 210 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

2023 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 58%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 44%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომსეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით შემცირდა, 7 890 ერთეულამდე.

2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ფართო ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა კომპანიის კომპანია „Cushman & Wakefield-ის კვლევაში ბათუმის შესახებ: „ზომების მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი იყო 50 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ბინები, რაც მთლიანად გაყიდული ფართობის მოცულობის 58%-ს შეადგენს. 51-დან 70 კვ.მ-ზე ფართობის ბინები გაყიდვების 25%-ს შეადგენდა, ხოლო 71-დან 100 კვ.მ-ის კატეგორიაში გაყიდვებმა 12% შეადგინა,“ – აღნიშნულია „Cushman & Wakefield“-ის ბოლო მონაცემებში.

კვლევის მიხედვით, ბათუმში უფრო კარგად იყიდება ის ბინები, რომელთა კვადრატული მეტრის ფასი 1000 აშშ დოლარზე ნაკლებია.

„Cushman & Wakefield“-ის მონაცემებით, თბილისში საცხოვრებელი ბინის საშუალო ფასი 919 აშშ დოლარამდე გაიზარდა, „თუმცა 2023 წლის იმავე პერიოდში დაფიქსირდა გაყიდული ფართობების მოცულობის მცირე კლება, სულ 1,083 მილიონი კვადრატული მეტრი,“ – აღნიშნულია კვლევაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: