„ახალ თაობას რომ აფასებდნენ, ევროპაში განათლების მიღების შემდეგ ბევრი დაბრუნდებოდა“ – სტუდენტი

თამარ ბებიას აზრით, ხშირად არის მცდელობა, ჯენზი, რაღაც სასაცილო თაობად წარმოაჩინონ, ან უბრალოდ სულელ, საწყალ ბავშვებად, რომლებიც მარტივად ტყუვდებიან და ენდობიან „გარყვნილი ადამიანების“ დაპირებებს. თამარი კი მიიჩნევს, რომ მცდარი წარმოდგენაა და მომავალ არჩევნებში ჯენზი აუცილებლად გაიმარჯვებს. თამარ ბებია სტუდენტია ფოთიდან, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს და გაზაფხულის აქციების დროს დიდი გამოცდილებაც დააგროვა.

  • თამარ, თქვენ, როგორც სტუდენტი, როგორ უყურებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

უნივერსიტეტის პირველი კურსი ჩემთვის საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ერთ-ერთი დიდი რამ, რაც ამ წელს გამოვცადე აქციებში აქტიური მონაწილეობაა, აქამდე არასდროს მიმიღია აქციებში მონაწილეობა, იმის გამო, რომ ფოთში ვცხოვრობდი.

გული მწყდება, რომ რუსეთთან საქართველოს მტკივნეული გამოცდილების მიუხედავად, ახალგაზრდებს კვლავ გვიწევს ერთი ძალიან მარტივი და წესით ყველასთვის გასაგები რამის მტკიცება – რომ რუსეთი არის მტერი და რომ ის, ვერასდროს გახდება საქართველოსთვის კეთილისმოსურნე ქვეყანა.

არ უნდა იყოს იმ კითხვის დასმა საჭირო – რუსეთი თუ ევროპა. ამაზე პასუხი ძალიან მარტივია, იმისთვის, რომ გავძლიერდეთ, მთავრობა დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული უნდა გახდეს და არა რუსულ მსოფლმხედველობაზე, რომელსაც სიკეთე ჯერ არავისთვის მოუტანია.

  • თქვენ პირადად რა სიკეთე მიგიღიათ ევროკავშირისგან? 

პირველ რიგში, ალბათ ვიზალიბერალიზაცია. ერთ-ერთი, რასაც ხაზი მინდა გავუსვა, არის ევროკომისიისგან მიღებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. მას შემდეგ, რაც საქართველომ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მან მიიღო ვიზალიბერალიზაცია ევროპის რამდენიმე განვითარებული სახელმწიფოსთან. შესაბამისად, ამ პროცესმა ბევრად გაამარტივა მიმოსვლა.

პირადად მე, არასდროს დამიტოვებია საქართველო, თუმცა რასაკვირველია, გეგმაში მაქვს უახლოეს მომავალში წასვლა ევროპაში, როგორც სამოგზაუროდ, ასევე სასწავლებლად.

  • იძლევა საქართველო განვითარების საშუალებას? რა განსხვავებაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამ მხრივ?

მაშინ, როდესაც ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების თაობაზე, ხალხი რუსთაველზე გამოვიდა. სოციალურ ქსელებშიც, რუსთაველზეც ერთ რამეს გავიძახოდით – შინ ევროპისკენ. ეს სიტყვები უბრალოდ არ გვითქვამს, ამის მიზეზიც გვქონდა, ევროპა ჩვენი სახლია, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ მეტად განვითარდეს და გახდეს ევროკავშირის ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ამ პოტენციალის გარეშე ის კანდიდატის სტატუსს ვერასდროს მიიღებდა.

ევროკავშირი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, საქართველო არაა ეკონომიკურად ისეთი ძლიერი, როგორიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, თუმცა შესაძლებელია დროთა განმავლობაში ეს შეიცვალოს.

ჩვენ, სტუდენტები, ვტოვებთ ქვეყანას, რადგან ვიცით, რომ შრომა სათანადოდ არ დაგვიფასდება, თუნდაც ანაზღაურება არ იქნება ჩვენი მრავალწლიანი შრომის შესაბამისი, ამიტომაც გვიჩნდება სურვილი იმ გზას გავყვეთ, რომელიც თითქოს მეტ წარმატებას მოგვიტანს.

საქართველოში მეტად რომ აფასებდნენ ახალ თაობას, ბევრი ევროპაში განათლების მიღების შემდეგ უკან დაბრუნდებოდა და მთელ ძალისხმევას მოახმარდა, როგორც პიროვნულ, ასევე სამშობლოს განვითარებას. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გულწრფელი რომ ვიყო, გაცილებით გაიზრდება ჩვენი, სტუდენტების მოტივაცია, როდესაც დავინახავთ, რომ გვამჩნევენ და გვაფასებენ. ჩვენ განვითარებაზე ვართ ორიენტირებულები და გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამაში დაგვეხმაროს, რათა შემდგომ, ჩვენ დავეხმაროთ მას კიდევ უფრო გაძლიერებაში.

  • რა სიკეთის მოტანა შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთვის?

ევროკავშირი, ევროპა, ჩემთვის ერთადერთი სწორი არჩევანია, რადგან ის თავისუფლება, პირადი სივრცე, ზომიერება, მრავალფეროვნება, დამოუკიდებლობა, რასაც ის მოიტანს, აუცილებელია მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. განათლების დონე გაიზრდება, მოსახლეობა მეტად გახდება დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, გავძლიერდებით ეკონომიკურად, ვიქნებით მეტად დაცულები. ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რის გამოც ევროკავშირის წევრობა გვჭირდება.

მახსოვს, დედამ იცოდა, რომ აუცილებლად გავიდოდი და გავაპროტესტებდი რუსულ კანონს. გულწრფელი რომ ვიყო, ერჩივნა ცოტა ადრე თუ მივიდოდი სახლში (ის ფოთშია, მე თბილისში), ნერვიულობდა, როგორც ყველა დედა. თუმცა იცოდა, რომ უმოქმედოდ ყოფნა არ შემეძლო და შეეგუა იმ აზრს, რომ თუ საჭირო იყო, დილამდეც იქ ვიქნებოდი. მხარს მიჭერს და გვლოცავს ახალგაზრდებს.

ამ თემაზე ყოველთვის ვსაუბრობთ, ის თავის დროინდელ აქციებზე მიყვება, მე ჩემსას ვუყვები. ოჯახის სხვა წევრებსაც ვესაუბრები, ზოგჯერ ვკამათობთ კიდეც, რადგან ყველა არ გვეთანხმება ახალგაზრდებს. ეს კი ისეთი თემაა, მართლა გინდება ახსნა, რატომ ხარ მართალი.

ვბრაზობ, როცა ისინი იმ საინფორმაციო საშუალებებს ენდობიან, რომლებიც ახალგაზრდების სხვა სახეს ხატავენ, იმას, რაც რეალურად არც არსებობს, უბრალოდ შეთხზულია. უხეშად რომ ვთქვა, ისინი ცდილობენ ჯენზი, რაღაც სასაცილო თაობად წარმოაჩინონ, ან უბრალოდ სულელ, საწყალ ბავშვებად, რომლებიც მარტივად ტყუვდებიან და ენდობიან ,,გარყვნილი ადამიანების”, თუ ,,გარყვნილი დასავლეთის” დაპირებებს.

ამის ხმამაღლა გაჟღერების შემდეგ, უფროსი თაობას არასწორი წარმოდგენა ექმნება ახალ  თაობაზე. ეს ხელს უმართავს იმ ხალხს, ვისი მიზანიც ძალაუფლების დიდხანს შენარჩუნებაა, ანუ რაც უფრო ცუდ ბავშვებად წარმოგვაჩენენ ჩვენ და გააქრობენ ხალხის ნდობას ჩვენს მიმართ, მით უფრო დიდ ხანს ისხდებიან იმ სავარძელზე, რომლითაც წლებია სარგებლობენ.

წელს პირველად ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და თანაც, წლევანდელი არჩევნები მართლაც რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენ გავიმარჯვებთ – სხვა რამის წარმოდგენა ამჟამად არც მინდა.

ის, ვინც ,,აბა, ომი გინდათ?!“ იდეოლოგიას ემხრობით, გთხოვთ, გაიხსენეთ, რომ საქართველოს ბრძოლასა და მორჩილებას, თუნდაც უბრალოდ ჩუმად ყოფნას შორის არჩევანის გაკეთება ხშირად უწევდა. ის ყოველთვის ღირსეულად ბრძოლას ირჩევდა. ეს გზა უნდა გაგრძელდეს. ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ რუსეთი მტერია, სხვა შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ შევრცხვებით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 621 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
  • ტანკი – 8 624 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 16 869 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 17 725 ერთეული [+31]
  • MLRS – 1 177 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 940 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 658 ერთეული [+42]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 587 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 24 044 ერთეული [+37]
  • სპეცტექნიკა – 3 024 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 642 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 31 044 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 822 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 435 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 14 091 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 584 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას – IRIST-T-ს გადასცემს

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბებია 6 წელია აშშ-ია მინიმალური პირობები რომ გვქონდეს, მთავრობა კი კონსპირაციებით გვკვებავს – სტუდენტი

მარიამ ბიძინაშვილი 18 წლისაა და თბილისში მეორე კურსზე სწავლობს. გაზაფხულზე მარიამი აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. „თითქმის ყოველდღე იქ ვიყავი. ჩემი ოჯახი ძალიან ნერვიულობდა ჩემზე, მაგრამ ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს სახლში ჯდომას, ჩემი აქციებზე ყოფნა ერჩივნათ“.

  • როგორი განცდა იყო აქციებში მონაწილეობა?

საქართველო ორჯერ ვნახე გაერთიანებული. ერთხელ აქციებამდე, ფეხბურთის პერიოდში. მაშინ ნამდვილად იგრძნობოდა ჰაერში, როგორი გაერთიანებული იყო მთელი საქართველო. ბავშვებიდან დაწყებული, ასაკიანი ხალხით დასრულებული ყველა ქუჩაში იდგა და ზეიმობდა.

ამის შემდეგ უცებ, სრულიად მოულოდნელად, აქციებზე რომ აღმოჩნდები სულ სხვა ემოცია გაქვს. ხალხი ასეთი სიხარულის შემდეგ გარეთ იდგა, რომ ისევ საქართველოს დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის ებრძოლა. ეს რთული სანახავი იყო. მაგრამ, როდესაც უკანა რიგებში დგახარ და გესმის ხალხის შეძახილები, ეს მაინც ძალიან დიდი მოტივაციაა.

  • როგორია თქვენი მოლოდინები მომავალ არჩევნებზე?

ეს ჩემი პირველი არჩევნებია და თან ეს ისეთი მნიშვნელოვანი არჩევნებია, როგორიც ჯერ აქამდე არ ყოფილა საქართველოში. ეს არის ყველაზე რთული პროცესი, რაც ახლა გვაქვს გადასატანი. ამიტომ 26 ოქტომბერს დიდი იმედით ველოდები და ამავდროულად შიშითაც. გული გიფანცქალებს ყოველდღე მაშინ, როდესაც ხედავ, როგორ მოქმედებს რუსული კანონი. აქამდე ყველა 26 მოგებული გვაქვს და მჯერა, რომ შემოდგომის 26-იც კარგად ჩაივლის.

ამ წელს დაახლოებით 300 000 ახალგაზრდა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს ძალიან დიდი პლუსია. წინა არჩევნებზე პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემი ოჯახი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ამიტომ კარგად მახსოვს, რაც ხდებოდა. მაშინ, არჩევნებისას იყო ფულის მიცემის, ანუ მოსყიდვის მომენტები, გაყალბებაც, პრობლემები კოორდინატორებთან და ასე შემდეგ. ასეთი რამ ამ წელს აღარ უნდა განმეორდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლაც ძალიან ძლიერი ხალხი ვართ, მაინც მაქვს ამის შიში.

ხალხი არ უნდა მოექცეს ზეგავლენის და პროპაგანდის ქვეშ. ეს, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება. არ უნდა მივცეთ პროპაგანდისტულ ნარატივებს საშუალება მოწამლოს საღი გონება. ყველა აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე.

მახსოვს, ჩვენი აქციების მეორე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გამართა აქცია. იმ აქციაზე მისულ ხალხს წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყვნენ მისულები და რა მიზნით.

მსგავსი შინაარსის პოსტი მაშინ ფეისბუქზეც დავწერე და როგორღაც მომეშვა, რადგან მეც მყავდა მეგობრები სოციალურ ქსელში, რომლებიც იმ აქციაზე იყვნენ მისულები. მაშინ იდებოდა პოსტები თითქოს ისინი იქ „საქართველოს ერთიანობისთვის“, „ქრისტიანისთვის“ იდგნენ. აბსურდია ქრისტიანობას ქადაგებდე და სულ სხვა მორალებით ხელმძღვანელობდე.

ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 26 ოქტომბრამდე დრო, რომ ასეთი რაღაცის წინააღმდეგ იმუნურები გავხდეთ. უნდა მივიღოთ ინფორმაცია და გარე ძალების მიერ შექმნილი კონსპირაციული თეორიების გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ. მთავარია ის, რომ წავიდეს ეს ხელისუფლება და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ქვეყნის შენება. იმის მიუხედავად, რომ ამჟამად არ მჯერა არცერთი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკოსის, ეს ხელისუფლება ნამდვილად თავიდანაა მოსაშორებელი.

  • რაში გვჭირდება ევროპა/ევროკავშირი?

აქციების პერიოდში მომეცა შანსი ბრიუსელში ერთი კვრით წავსულიყავი. იქ, ბრიუსელის ცენტრში ვნახე ევროკავშირის შტაბ-ბინა, რომლის წინაც უამრავი დროშა იყო აღმართული, მათ შორის საქართველოს დროშაც. მაშინ ვფიქრობდი, რომ იქ არამხოლოდ ჩემი ადგილი, არამედ დანარჩენი 3 მილიონი ქართველის ადგილიც იყო. ერთ მომენტში ბრიუსელს ვათვალიერებდი და მეორე წუთში აქციებს ვადევნებდი თვალს.

ევროკავშირი იმისთვის გვჭირდება, რომ ის ღირებულებები და მისწრაფებები, რაც გვაქვს შევინარჩუნოთ. შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა და ჩვენი თავის იმედი გვქონდეს.

მინდა თბილისში მიღებული ცოდნით გავიდე საქართველოს გარეთ, იქაც დავაგროვო ცოდნა და ახალი უნარები და უფრო ძლიერი დავუბრუნდე საქართველოს. ამიტომ ევროკავშირი მე, პირადად, მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი მიზნები და ოცნებები განვახორციელო. არ მინდა საქართველო დაუბრუნდეს იმ პერიოდი, რომელსაც ჩემი მშობლები ცუდად და ტკივილით იხსენებენ, როდესაც იყო გაჭირვება, არ ჰქონდათ გარეთ გასვლის, გართობის და ოცნებების ასრულების საშუალება.

  • შენი აზრით, რატომ იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ?

სახელმწიფო არ გვთავაზობს საჭირო პირობებს ნორმალური ცხოვრებისთვის. ისინი ითხოვენ, რომ ვიყოთ განათლებულები, გვქონდეს მაღალი IQ  და ითხოვენ არ ვწუწუნებდეთ, როცა ფული და შესაძლებლობა არ გვაქვს. ზუსტად ასეთი სიტუაციის გამო ვერ ჩერდებიან ახალგაზრდები.

ჩვენ გამართული და ჯანსაღი სისტემა რომ გვქონდეს, არ იქნება იმის საჭიროება, რომ სტუდენტები რეგიონებიდან თბილისში წავიდნენ. რატომ უნდა უწევდეს ხალხს ამის გაკეთება? უნდა გაიზარდოს საგანმანათლებლო რესურსები. ასეთი ტიპის რესურსები არის თბილისში.

აქვე მინდა ისიც ვთქვა, რომ თბილისიც არ ყვავის ამ მხრივ, რადგან თბილისიდანაც სტუდენტების უმრავლესობა დასავლეთში მიდის სასწავლებლად. მე არ მინახავს ჯერ სტუდენტი, ვინც რუსეთისკენ მიდის. უცხოეთში სტუდენტები და მათ შორის მეც იმიტომ კი არ მივდივართ, რომ შემდეგ ხმამაღლა ვიძახოთ, რომ დასავლური განათლება გვაქვს. იმიტომ მივდივართ, რომ აქ რაც დაგვაკლდა, ის ევროპაში მოვიპოვოთ.

მე თვითონ მყავს ოჯახში ემიგრანტი ბებია. 6 წელია უკვე ამერიკაში ცხოვრობს. მამაც იყო 3 წელი სამუშაოდ გერმანიაში, ამიტომ ვიცი, როგორი გრძნობაა, როცა გყავს ემიგრანტი ოჯახში და ვიცი რას გრძნობენ ემიგრანტები. მართლა ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობენ სხვა ქვეყანაში, საკუთარი სახლიდან შორს.

ბებია ამდენი წელია ამერიკაშია. იძულებული გახდა, ასე ვთქვათ, საკუთარი შვილის საფლავი მიეტოვებინა იმის გამო, რომ ოჯახს ელემენტარული საჭიროებების უზრუნველყოფის საშუალება გვქონოდა.

შეიძლება ახალგაზრდებს სთავაზობს საქართველო მინიმალურ შესაძლებლობებს, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც უკვე ასაკშია (საპენსიო ასაკში), ვერ სთავაზობს ვერაფერს დამატებითი შრომის გარეშე რომ შეძლონ ნორმალური ცხოვრება.

მაგალითად, ბებია ამერიკაში რომ არ იყოს, ბაბუა და ბებია საკუთარი პენსიით ვერ ირჩენდნენ თავს, გამორიცხულია. მათ ვერ ექნებოდათ წამალი საკმარისი რაოდენობით, ვერც საკვები და კომუნალურებზე ხომ ზედმეტია საუბარი.

დაპირებების მიუხედავ არ ან ვერ გვთავაზობს ეს ხელისუფლება ნორმალურ ცხოვრებას. უფრო სწორი იქნება – არ უნდა, რომ შემოგვთავაზოს.

  • რა არის „ქართული ოცნების“ მიზანი?

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები რას აკეთებენ. ერთადერთი, რასაც ვხვდები არის ის, რომ საკუთარი ჯიბეების გასქელება მათი პირველი პრიორიტეტია.

ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე დაგვპირდა უფასო ფულს. აი, რას ნიშნავს უფასო ფული? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ფულს შენი ჯიბიდან მომცემ ან მაჩუქებ? არაფერს არ მჩუქნი, იმასაც მართმევ, რაც უკვე მაქვს.

საქართველოს ისტორიაში იყო ბევრი ადამიანი, მაგალითად, ილია ჭავჭავაძე, რომელიც მსხვერპლი გახდა. იყვნენ სხვებიც, მაგრამ არ ეშინოდათ. ილია ყოველთვის გაიძახოდა, რომ მოძრაობა და უფრო მეტი მოძრაობაა საჭირო განვითარებისთვის. ილიას ლოზუნგი იყო – არ გაჩერდე.

ეს მთავრობა კონსპირაციულ თეორიას იყენებს, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის და ამავდროულად გაიძახის, რომ უნდა ევროპა.

თუ ევროპა მართლა გინდა, რას აკეთებ ამისთვის? რატომ ცდილობ განვითარება შეაჩერო, რატომ მექაჩები უკან, როდესაც მაქვს უზარმაზარი შანსი წინ წავიწიო? მათი ნარატივები არის სრულიად აბსურდული და ტყუილი. ერთადერთი ბერკეტი, რაც მათ აქვთ არის ის, რომ ამ ტექსტებით მარტივად მანიპულირებენ საზოგადოებაზე.

ამ მანიპულაციების ქვეშ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებიც შეიძლება მოხვდნენ. მაგრამ უკვე 12 წელია ამას ვისმენთ და უკვე გვეყოფა. ბევრ რაღაცაში ნამდვილად მოვტყუვდით, მაგრამ აღარ არის თავის მოტყუების და გაჩერების დრო.

ჩემმა კურსელებმა და სხვა სტუდენტებმა აქციებისას ძალიან დიდი მოტივაცია მომცეს. ჩვენ ყველა ერთად დავდექით ქვეყნის სამსახურში. ძალიანა დასაფასებელი იმ ხალხის სიმამაცე, ვინც აქციების დროს წინა ხაზზე იდგა. ნამდვილად ფარივით ედგნენ უკან მდგომ ადამიანებს.

მომავალი ბრძოლა არ არის წასაგები, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

კალაძემ შვილი ფრანგულ ძვირადღირებულ სკოლაში შეიყვანა, მაშინ როცა „ოცნება“ ხალხს ევროპით აშინებს

„ნიკოლას პირველი დღე“, – ამ წარწერით აქვეყნებს თბილისის მერი, კახა კალაძე შვილის სკოლაში შესვლის ვიდეოს TikTok-ზე.

თბილისის მერმა და „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელიც ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა, თავის დროზე შვილების დაბადების ადგილად ევროპა აირჩია და განათლებაც ევროპული შეურჩია შვილებს. კერძოდ, ფრანგული სკოლა, რომელიც, როგორც ამ სკოლის ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში 2006 წელს, საფრანგეთის საელჩომ დააარსა.

სასწავლო დაწესებულების ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ სკოლა მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და აქვს ბავშვზე ორიენტირებული, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა. ამ სკოლაში, დაწყებით კლასებში სწავლის საფასური 5600 ევროა წელიწადში.

კადრებში, სადაც ჩანს, თუ როგორ აცილებენ კალაძე და მისი მეუღლე შვილს სკოლაში, ჩანს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანიც.

წულუკიანს შვიდი წლის შვილი ჰყავს. სავარაუდოდ, მისი შვილიც ამავე სკოლაში იღებს განათლებას.

„ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკა ბოლო წლებია განსაკუთრებით ანტიდასავლური და ჰომოფობიურია. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები თავიანთი ოჯახებისა და შვილების მომავლისთვის მაინც ევროპას ირჩევენ.

ამავე თემაზე: ღარიბაშვილი, რომელიც შვილს სასწავლებლად აშშ-ში უშვებს, უცხოელ ახალგაზრდებში საგანგაშო “ლგბტ პროპაგანდაზე” საუბრობს

მაგალითად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სულ ახლახან კიდევ ერთი ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და თქვა – „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ოლიმპიადის გახსნას არ დაემსგავსოს“. მდინარაძე გულისხმობდა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას.

რას ნიშნავს, როცა მთავრობის მაღალჩინოსნები ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას უფრო ენდობიან, ვიდრე ქართულს და შვილები საჯარო სკოლების ნაცვლად, ძვირადღირებულ, კერძო სკოლებში დაჰყავთ, ამის ფონზე კი ევროპას აკრიტიკებენ? – ვკითხეთ განათლების სპეციალისტს, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელს სიმონ ჯანაშიას.

მისი თქმით, ფაქტია, რომ „ოცნების“ მაღალჩინოსნების რიტორიკა და პრაქტიკა ერთმანეთს არ ემთხვევა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკა და კერძო ინტერესები განსხვავებული აქვთ. მათი რიტორიკა, პოლიტიკა და პრაქტიკა ერთმანეთისგან აცდენილია.

ვხედავთ იმას, როგორ ცდილობენ თავიან შვილებს მისცენ დასავლური განათლება, ბიზნესი ჰქონდეთ დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობით, მეორე მხრივ კი ვხედავთ, რომ პოლიტიკას ისე ცვლიან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის იგივე შესაძლებლობების გამოყენება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

ეს არის მთავარი პრობლემა, რადგან პოლიტიკოსი, ნაცვლად იმისა, ცდილობდეს ხალხის მდგომარეობა გახადოს უკეთესი, თუნდაც განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით რომ აღმოიფხვრას პრობლემები, ამის საპირისპიროდ იქცევა.

ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა არის, მაგალითად, ის საერთაშორისო სტიპენდიები, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდები მოიპოვებენ დასავლეთის უნივერსიტეტებში. ამ პოლიტიკით კი, რასაც საქართველოს მთავრობა ეწევა, პრობლემები ექმნებათ ახალგაზრდებს.

თუ დასავლეთთან კონფრონტაციის ეს ფორმატი გაგრძელდება, შემცირდება საერთაშორისო პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ წასვლას და იქ ხარისხიანი განათლების მიღებას“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

სიმონ ჯანაშია

მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ მთავრობის განცხადებები არ რჩება რიტორიკის დონეზე და ეს იწვევს ჩვენი ქვეყნისთვის ცუდ შედეგებს.

„სამწუხაროდ, ცუდი შედეგები მოაქვს ქვეყნისთვის ასეთ საუბარს და პირველ რიგში, ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც არ ჰყავთ შეძლებული მშობლები და ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

ბევრი სახელი შეიძლება დაერქვას ამ ყველაფერს, უსინდისოც, ამორალურიც, რადგან ეს ყველაფერი დაფუძნებულია სიყალბეზე, საზოგადოების გახლეჩა-დაპირისპირებასა და დაშინებაზე, რომ რაღაც საფრთხეებია თურმე და თუ „ოცნება“ არ დაგვიცავს, გვემუქრება ტრადიციული ღირებულებების შეცვლა ან საგარეო კატასტროფა და ომი. ეს არის მათი საარჩევნო პროგრამა და ასე ცდილობენ შემოიტანონ ახალი საფრთხეები.

ახლა პარტიების აკრძალვაზე დაიწყეს საუბარი, რაც რუსეთიდან მოდის და ეს არის დაშინების პოლიტიკის ერთი ნაწილი.

ამას ცდილობენ საგანმანათლებლო სისტემის კონტროლის ქვეშ მოქცევით, როცა ახლა, მაგალითად, კოლეჯის დირექტორები გაათავისუფლეს და უთხრეს, რომ არჩევნების შემდეგ გაირკვევა, ვინ იქნება დირექტორი და ვინ – არა. კონკურსიც ჩაიშალა, რადგან ვერცერთი ადამიანი ვერ იპოვეს თურმე, რომელიც აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ეს არის პირდაპირი მაგალითი განათლების სისტემაზე ზეწოლის და დაშინების. ასე ხდება სკოლებშიც.

მოხსნეს სკოლის დირექტორებიც, რაც სიგნალია სხვა დირექტორებისთვის“,- ამბობს სიმონ ჯანაშია.

მის თქმით, ის, რაც ათი წლის წინ, ექსტრემისტული, მარგინალური ჯგუფების რიტორიკა იყო, დღეს ხელისუფლების რიტორიკა გახდა.

„რომ ევროპიდან შემოდის გარყვნილება და ჩვენ უნდა გვეშინოდეს დასავლეთის. არა იმიტომ, რომ თვითონ სჯერათ ამის, არამედ ამით ცდილობენ საზოგადოების კონტროლს.

იტყუება თუ არა ადამიანი, ეს მისი მორალის პრობლემაა, მაგრამ თუ თვალთმაქცობას იმისთვის იყენებს ხელისუფლება, რომ ჩვენ გვაკონტროლოს, ეს უკვე პრობლემაა.

მაგალითად, როცა (პანდემიის დროს) ვალდებული ვიყავით სახლში დავრჩენილიყავით, ისინი (მაღალჩინოსნები) აწყობდნენ ქეიფებს, – ესეც ამორალურია, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაყენებდა პირდაპირ ზიანს. მაგრამ როცა ჩვენ გვეუბნებიან – „თქვენ იყავით საქართველოში, ჩვენი შვილები კი ისწავლიან ევროპაში“ – აი, ეს, უკვე პრობლემაა.

როცა ჩვენ და ჩვენს შვილებს გვიმცირებენ შესაძლებლობებს, თან გვაშინებენ, რომ ეს ყველაფერი თუ არ გააკეთეს, გადავშენდებით, ეს პრობლემაა.

აშკარად გადავშენდებით, თუ ახალი არაფერი შემოვა ამ ქვეყანაში და იზოლაციაში მოვექცევით, რადგან ამ ფორმით გადარჩენილი ერები არ არსებობს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

_______________

მთავარი ფოტო: კახა კალაძეს შვილი შეჰყავს ფრანგულ სკოლაში/კადრში ჩანს თეა წულუკიანიც.

U21 – საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მოლდოვას ბათუმში დაუპირისპირდება

5 სექტემბერს საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ ბათუმში ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მე-7 ტურის შეხვედრა ბათუმის სტადიონზე 20 საათზე დაიწყება.

ამ ჯგუფში სულ 6 გუნდი გამოდის: საქართველოს, ნიდერლანდების, შვედეთის, მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მალტას ნაკრებები. საქართველოს გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 13 ქულა აქვს (4 მოგება და ერთი ფრე) და მეორე ადგილზე იმყოფება. 10 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ჯგუფის ლიდერი ამ მომენტისთვის ნიდერლანდების ნაკრებია, რომელსაც 7 თამაში აქვს ჩატარებული, ყველა მოგებით დასრულდა და გუნდს 21 ქულა აქვს.

ბათუმის შემდეგ საქართველოს U21 ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრება და ვენლოში, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

_______________________

მთავარი ფოტო: ეროვნული ნაკრები

ძველი ბათუმის რეაბილიტაციაზე  დახარჯული 119 მილიონი და პროექტი, რომელიც არავის უნახავს

ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზე შენობები ხარაჩოებში ჩასვეს და სამშენებლო ბადე შემოავლეს. ხელოსნების ინფორმაციით, აქ ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილზე საინფორმაციო დაფას ვერ იპოვით. ვერც ამ საქმეში მონაწილე სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე იპოვით რაიმე სახის ინფორმაციას, პროექტს ან ესკიზებს მაინც.

არავინ გრძნობს ვალდებულებას მოქალაქეებს აუხსნას, რა ხდება ბათუმის ისტორიულ ნაწილში. ქალაქში, სადაც ძეგლების დასაცავად მოქალაქეები აქციებს მართავდნენ, მათ გადასარჩენად კი სასამართლოში რამდენიმე მიმდინარე დავა აქვთ. არ ვიცით, ვინ მოამზადა რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი, რა გამოცდილება აქვთ და სარგებლობენ თუ არა პროექტის ავტორები საზოგადოების ნდობით.

„უნდა გამოითხოვოთ. ტენდერი იყო გამოცხადებული და თუ ვერ იპოვეთ გეტყვით. კიდევ რა გაინტერესებთ? – ესკიზები თუ გინდათ უნდა გამოითხოვოთ“, – ასე ნიშნის მოგებით გვიპასუხეს მუნიციპალური განვითარების ფონდში. ასევე გვიმტკიცებდნენ, რომ ძველი ბათუმის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო გასულ წელს და არა ახლა: „როგორ არა ფოტოებიც მაქვს გადაღებული“.

და თუ გასულ წელს დაიწყო სამუშაოები, ყველა თუ არა, რომელიმე შენობა ალბათ კიდევაც უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბათუმში ამის შესახებ ძეგლების დამცველებმაც კი არაფერი იციან. ასეც რომ იყოს, გასულ წელს დაიწყო თუ წელს, ეს ჩვენი ინტერესის საგანი არ ყოფილა. ჩვენ, 2024 წლის  28-29 აგვისტოს ბათუმის ქუჩებში გადავიღეთ ის, რაც ფაქტობრივად ხდება.

ძველი ბათუმი- მიმდინარე სამუშაოები
ძველი ბათუმი – მიმდინარე სამუშაოები

რაც შეეხება ტენდერს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება ევალება Design-Build მეთოდით.

ასევე, ტექნიკურ დავალებაში გაწერილია მთელი რიგი მოთხოვნები კომპანიის გამოცდილებასა და ზოგად სპეციფიკებზე, ატვირთულია გეგმა-გრაფიკები და სხვა ტექნიკური დოკუმენტები. ალბათ საზოგადოებამაც ამ ტექნიკური დოკუმენტებიდან უდა მიიღოს ინფორმაცია იმაზე, ვინ რას და როგორ აკეთებს ბათუმის ისტორიულ ნაწილში.

ამ ხარისხის ანგარიშვალდებულებას გრძნობს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც ამ კონკრეტულ პროექტზე ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარს ხარჯავს.

არც სამუშაოებზე ზედამხედველმა კომპანიამ უპასუხა ჩვენს კითხვებს, მან გვირჩია შემსყიდველი უწყებისთვის მიგვემართა. „ასე უფრო სწორი იქნებაო“. რას ნიშნავს ეს? – იმას, რომ ზედამხედველი, რომლის ნდობაც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, რომ ძეგლის ხელყოფას არ დაუშვებს, დამკვეთის ნებართვის გარეშე ხმას არ იღებს, ამ კომპანიას შესასრულებელ სამუშაოში ბიუჯეტიდან ჩვენ ფულს, მილიონ-ნახევარ ლარს ვუხდით.

ტენდერის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგინოს და შესაბამისი სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამისად. უკვე მომზადებული პროექტი კი შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული არ არის.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ სამუშაოები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო და პროექტი მათთან შეთანხმებულია. თუმცა პროექტის, რაიმე განმარტების ან ესკიზების გასავრცელებლად არც ამ უწყებას შეუწუხებია თავი.

მხოლოდ ის ვიცით, რომ 200-მილიონიან პროექტს ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ძველ ბათუმში ტენდერში გამარჯვებული კომპანია, „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით უკვე დახარჯულია 119 მილიონი ლარი.

  • პროექტის ფარგლებში კანონდამრღვევი ბიზნესმენის 2  შენობის ფასადს რესტავრაციას უტარებენ

მემედ აბაშიძის ქუჩაზე რეაბილიტაციის პროცესი კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის კვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლით იწყება და ზღვის სანაპირომდე გრძელდება.

აქ, აბაშიძის #23-ში მდებარე ორსართულიან სახლს რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს, მათ შორის არის აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანებაც. მის გაგრძელებაზე კი ორსართულიან ისტორიულ ძეგლს ენრიკო ბერიძე ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის რამდენიმე კომპანიის თანამფლობელი და გენერალური დირექტორია, მათ შორის ის არის სააქციო საზოგადოება „გეფას“ გენერალური დირექტორიც.

სწორედ ამ ძეგლზე, მემედ აბაშიძის #23-ში არსებულ სახლზე, უკანონო სამუშაოების გამო ბიზნესმენი ენრიკო ბერიძე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფისთვის 2019 წელს რამდენჯერმე დააჯარიმეს და გააფრთხილეს. ის გააფრთხილეს და დააჯარიმეს ამავე ქუჩის #9-ში მიმდინარე უკანონო სამუშაოების გამო, აქ ძეგლს მანსარდული სართული დააშენეს. თუმცა ჯარიმებს ბიზნესმენი არ შეუფერხებია და სამუშაოები გააგრძელა. კანონის შესაბამისად ჯარიმის გაორმაგების შემდეგ, 2019 წლის ნოემბერში ბიზნესმენ ენრიკო ბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო.

მომჩივანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო იყო, ხოლო დავის საგანი ბათუმში ორი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფაა. ეს იყო პირველი საქმე ვაჟა-ფშაველას #13-ის შემდეგ, როცა ბათუმში ძეგლზე უკანონო სამუშაოების გამო სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება დაიწყო.

ამის შემდეგ ბიზნესმენმა „იკადრა“ და სააგენტოს ნებართვის თხოვნით მიმართა. 2020 წლის დეკემბერში სააგენტოს ხელმძღვანელმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ენრიკო ბერიძეს უკვე აშენებული მანსარდული სართულის აშენების და ფასადის უკვე განხორციელებული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების უფლება მისცა, პოსტფაქტუმ.

ბათუმი, მემედ აბაშიძის #23. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან, ეს ფოტო 2019 წელს იმ დღეს არის გადაღებული, როცა ძეგლზე უკანონო სამშენებლო სამუშაოების გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ფოტოზე ჩანს სააგენტოს მაშინდელი მოადგილე ოლეგ ბოლქვაძე და კიდევ ერთი თანამშრომელი.ეს სახლი მემედ აბაშიძის ქუჩაზე XIX საუკუნის დასასრულს აშენებული სამსართულიანი სახლის გაგრძელებაა [ყოფილი მასწავლებელთა სახლი ბათუმში]. სპეციალისტების შეფასებით, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა მდებარეობს ორი ქუჩის გადაკვეთაზე და ევროპის მოედანთან კავშირი სავსებით შეესაბამება მის საზოგადოებრივ დანიშნულებას და უზრუნველყოფს შენობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობებს: „დომინანტობის შეფასებისას, მიუხედავად მიმდებარე შენობებთან მასშტაბის რიგითობისა, კუთხის მდებარეობა, არქიტექტურა და ფუნქცია ძეგლს ანიჭებს დომინანტობის გარკვეულ ნიშანს“.
რეაბილიტაციის პროცესი

იმავე ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს დირექტორმა სათათბირო საბჭოსთან ერთად იმსჯელა და უკვე განხორციელებული სამუშაოები შეითანხმა. ასევე განმარტეს, რომ კანონდამრღვევმა ენრიკე ბერიძემ სააგენტოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაშენებული სართულის დემონტაჟი გამოიწვევდა შენობის კონსტრუქციული მთლიანობის დარღვევას, მნიშვნელოვნად დაქვეითდებოდა შენობის სიმტკიცე და მდგრადობა.

ეს ამბავი ასე მოგვარდა.

რაც შეეხება სასამართლოს, სავარაუდოდ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა მას შემდეგ, როცა ენრიკო ბერიძემ უკვე აშენებულ ორივე მშენებლობაზე ნებართვა მიიღო. სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ენრიკო ბერიძე მოსამართლემ 20 000 ლარით დააჯარიმა. კომერციული თვალსაზრისით კანონდამრღვევი მოგებული დარჩა.

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის „კოპწია აივნების“ ფოტოც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ბათუმობაზე“ დასაპატიჟებლად გამოიყენა სართული დააშენეს. 

ახლა კანონდამრღვევი ბიზნესმენის ორივე შენობის ფასადს მუნიციპალური განვითარების ფონდი არემონტებს, სააგენტომ კი პროექტი შეითანხმა. 

ორ ქუჩაზე რესტავრაციისთვის მოუმზადებიათ ისეთი შენობებიც, რომლებსაც გარკვეული სამუშაოები სხვადასხვა დროს ჩაუტარეს და მათ ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრებოდა. სამაგიეროდ არავის ახსოვს შენობები, რომლებიც სპეციალისტების დასაბუთებით არქიტექტურულად და ისტორიულად ღირებულია და გადარჩენას საჭიროებს. სხვათა შორის, ამ ღირებული შენობების გამოვლენა-შეფასება ბათუმის ბიუჯეტიდან დააფინანსეს.

მაგალითად, აბაშიძის #23-ში მდებარე პირველ შენობას, სადაც პროფკავშირები და კომპანია „DS GROUP“-ის ოფისია განთავსებული, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელსაც ჩაუტარდა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით. ცოტა უფრო ადრე სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის მთავრობის სახლის გაგრძელებაზე, აბაშიძის #20-ში მდებარე „საბაევის სახლსაც“ ჩაუტარეს. ამჟამად შენობა სახელმწიფო ბალანსზეა და მასში სამთავრობო დაცვაა განთავსებული.

აბაშიძის #23

 

  • დიდი ხანია მთავრობა გვეუბნება, რომ თვითონ დამსახურებული არტისტია და ჩვენ არავინ – ორგანიზაცია „ბათომის“ დამფუძნებელი

„ბათომის“ დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის ინფორმაციით, ორგანიზაციასთან, რომელიც წლებია ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად მუშაობს, ხელისუფლება დიდი ხანია აღარ თანამშრომლობს და არც გამოთხოვილ ინფორმაციას აწვდის. შესაბამისად, წვდომა აღარ აქვთ მსგავს დოკუმენტებზე, რომ მისი შესწავლა და შეფასება მოახერხონ.

„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომლის ხელშიც გადის ეს დოკუმენტები, ბოლო რამდენიმე წელია დამალვის რეჟიმშია. იმასაც ცდილობს დაგვანახოს, რომ ჩვენი აზრი არაფერში არ აინტერესებს. მისთვის ასე უფრო კომფორტულია და ასე უფრო დაემალება კანონს.

მეორე და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ტერმინი – „რეაბილიტაცია“, არ არის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში, ძეგლზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნაგებობებზე დასაშვები სამუშაოების სიაში. არის რესტავრაცია, რეკონსტრუქცია. ხშირად, თავად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც კი ანიჭებს ჩასატარებელ სამუშაოებს ამ კვალიფიკაციას, რომელსაც კანონი არ ცნობს.

კანონში არის ძეგლზე დასაშვები სამუშაოების ჩამონათვალი და ყველა ტერმინის განმარტება. რეაბილიტაცია იქ არ არის. თუკი რაიმეს რეაბილიტაციას დაარქმევ, შემდეგ ვერ ახსნი რეაბილიტაცია რას ნიშნავს. მაშინ, როცა ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს რესტავრაცია, კონსერვაცია, ადაპტაცია და ასე შემდეგ.

ეს მგონი ერთგვარი ხრიკია – როცა გესმის რეაბილიტაცია, ამაში ცუდი თითქოს არაფერი არ არის. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, იმავე სააგენტოსაც მოუწევს კანონის წინაშე ახსნას, თუ რას ნიშნავს ეს, ან რატომ მიანიჭა ეს კვალიფიკაცია. როგორ ტარდება [ძველ ბათუმში] სამუშაოები, რაიმე კვლევა თუ არის ჩატარებული, იმიტომ რომ ნებისმიერი ისტორიული ძეგლზე [სამუშაოები], თუნდაც ფასადის შეღებვა, აუცილებელია შესაბამისი კვლევებით“.

ეს კითხვა მეც გამჩენია, რატომ გვეხმარება ევროკავშირი უანგაროდ? – ბათუმელი სტუდენტი

მე ვარ მეა მალაყმაძე და ვარ სტუდენტი ბათუმიდან. თბილისში ვსწავლობ, კერძოდ ჯიპაში. ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ჟურნალისტიკა. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტი თამაშობს ძალიან დიდ როლს ქვეყნის განვითარების პროცესში. ჩემი ფაკულტეტი ახლოსაა ჟურნალისტიკასთან. როდესაც მშვიდად უნდა მესწავლა და დრო გამომეყენებინა საკუთარი თავის განვითარებაზე, ის პერიოდი რუსთაველზე ვიდექი. სამწუხაროა, რომ ჩვენს მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის.

  • იყო აქციებზე მომენტები, რამაც შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა?

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ხალხის ერთად დგომა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ერთმუშტად შეკრულ ხალხს უზარმაზარი ძალა აქვს. ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, სახლში სხვადასხვა საჭმელს ამზადებდა ან რაღაც ტიპის ინვენტარს ყიდულობდა. შემდეგ ამას უანგაროდ ურიგებდა სხვებს, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. მაშინ, როცა იქ მართლა მშიერი ვიდექი, ვიღაცამ ჩამოიარა და კრუასანი მომცა. ეს იყო ჩემთვის იმედისმომცემი – სითბო და სიყვარული იგრძნობოდა.

მახსოვს, მე და ჩემი მეგობარი გავიქეცით და დავდექით პირველ ხაზზე. ცრემლსადენი გაზი შეგვასხეს და ვტიროდით. ძალიან ბერი ადამიანი მოგვვარდა მაშინვე დასახმარებლად. ამან უფრო მეტი ძალა და სტიმული მომცა იმისთვის, რომ სახლში არ წავსულიყავი. ერთხელ წყლის ჭავლიც მომხვდა და სახლში გალუმპული მივედი. მე, პირადად, არ შევსწრებივარ ცემის მომენტებს, მაგრამ ნამდვილად იყო ამის ბევრი შემთხვევა.

იქ რომ ხარ, იცი, რომ ნამდვილად არის საფრთხე, მაგრამ არ გეშინია, ერთიანობა და საერთო მიზნისთვის ბრძოლა გაძლიერებს. იქ დგახარ, პარლამენტის კარს უბრახუნებ, ყვირი, ზოგჯერ ღრიალებ, თუნდაც პროპაგანდისტულ მედიას არ აძლევს პროპაგანდის კეთების საშუალებას. იცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგახარ და მართლა კარგ რაღაცას აკეთებ.

ჩემი რუტინა იყო ასეთი – დილით ვიღვიძებდი, ვჭამდი, თუ რამე საქმე მქონდა მაშინვე მოვაგვარებდი და აქციებზე გავრბოდი. ღამე მოვდიოდი, 2-3 საათი წავუძინებდი და შემდეგ დილით ისევ რუსთაველზე გავდიოდი.

ჩვენმა მთავრობამ ვერ შეიგნო, რომ ასეთი აქციები თუ საჭირო იქნება, კიდევ განმეორდება. ეს უნდა გაითავისონ.

  • რაში გვჭირდება ევროკავშირი?

ევროკავშირმა უკვე ბევრჯერ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენი მეგობარია. ეს წარსულის მაგალითებზეც არაერთხელ გვინახავს. თუნდაც, 2015 წელს დაგვეხმარა, როდესაც წყალდიდობა იყო. 2008 წლის ომის შემდეგაც უამრავი თანხაა ევროკავშირიდან შემოსული. ზოგჯერ მომისმენია კითხვა – რატომ უნდა დაგვეხმაროს უანგაროდ? ეს კითხვა მეც გამჩენია.

ევროკავშირი შეიქმნა ზუსტად იმისთვის, რომ ადამიანებს მათ წევრ ქვეყნებში ჰქონდეთ კარგი საცხოვრებელი პირობები და არ მოუწიოთ ტანჯვა ელემენტარული საარსებო პირობებისთვის. ეს, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეა. ევროკავშირი არის დემოკრატია და სამართალი.

ჩვენ ერეკლე მეფის პერიოდიდან მოყოლებული მუდმივად კონფლიქტი გვქონდა რუსეთთან, მაგრამ ჯერ ასეთი შემთხვევა არ გვქონია ევროპასთან. ისინი, პირიქით, ყოველთვის გვეხმარებიან. ზოგს ჰგონია, რომ ევროკავშირის არჩევის შემთხვევაში შესაძლოა იგივე განმეორდეს მათთან, რაც რუსეთთან მოხდა. ეს რეალობას ძალიანაა მოკლებული – ევროპიდან მუდამ შემოედინება ფინანსები ქვეყნის განსავითარებლად, რუსეთიდან კი ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა.

სამწუხაროდ, დღეს, ამ რეალობაში, საქართველოს არ შეუძლია დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე არსებობა, თუნდაც ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

  • „ქართული ოცნების“ პროპაგანდას მეტ-ნაკლებად აქვს გავლენა ადამიანებზე, როგორ შეიძლება ამ გავლენების შემცირება?

სამწუხაროდ, მუშაობს. ეს ყველაზე მეტად მოქმედებს უფროსი ასაკის ადამიანებზე. ჯენზი არ არის ის თაობა, რომელსაც მარტივად მოატყუებ. კი, ჩვენი თაობა გაიზარდა ქართულ, კონსერვატიულ რეალობაში, მაგრამ კარგად შეგვიძლია დავინახოთ განსხვავება სწორსა და არასწორს, პროპაგანდასა და რეალობას შორის.

ძალიან სამწუხაროა, რომ ნარატივი – „აბა ომი გინდათ?“ ბევრისთვის არგუმენტი გახდა. ილია ამბობდა ყოველთვის, რომ ოქროს ჯაჭვს თავისუფლება უნდა გვერჩივნოს, სწორედ ამას ამტკიცებდა ეს კაცი და სწორედ ამისთვის იბრძოდა. მიხარია ის ფაქტი, რომ ჩემ ირგვლივ არიან ის ადამიანები, ვინც იზიარებენ ამის მნიშვნელობას.

ქვეყანა მხოლოდ იმიტომ არ უნდა გიყვარდეს, რომ აქ დაიბადე. აქ დაიბადნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნისთვის მართლა დაუღალავად შრომობდნენ და მათი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო რუკაზე არსებობს. ყველამ უნდა გაიზიაროს საკუთარი საზოგადოებრივი ვალი და მიხვდეს, თუ რაა გასაკეთებელი.

სოციალურ მედიას ძალიან ბევრი დადებითი თუ უარყოფითი მხარე აქვს და მისი გამოყენება ბევრნაირად შეიძლება, თუნდაც დეზინფორმაციისა თუ პროპაგანდის გავრცელებისთვის. ვფიქრობ, ამის გამოსწორების ძირითადი საშუალება განათლებაა.

განათლებას თან ახლავს კრიტიკული აზროვნების განვითარება, რითაც შემდეგ უკეთ შეგიძლია გაფილტრო სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, ჩამოიყალიბო საკუთარი აზრი და რადგან ვიღაცამ რაღაც თქვა ან დაწერა, ამის გამო დამოკიდებულება არ შეიცვალო.

მე, პირადად, მაქვს ევროკავშირზე ჩემი დამოკიდებულებები, რომელსაც შეიძლება სხვა არ იზიარებდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო აზრი უნდა შევიცვალო. განათლებას ისიც მოაქვს, რომ იცი საკუთარი აზრი როგორ გამოხატო და არ შეგეშინდეს ლანძღვის. შესაბამისად, კარგი განათლება დემოკრატიის საძირკველია. თუნდაც ამიტომ გვჭირდება ევროპა.

  • შენი აზრით, რატომ მიდიან მოქალაქეები ემიგრაციაში საქართველოდან, რა აიძულებთ მათ ამის გაკეთებას?  

ეკონომიკური მდგომარეობა. მე, პირადად, მაწუხებს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის სასამართლო, სამართალი. მე რომ ვიღაცამ რაღაც დამიშავოს, არასამართლებრივი ქმედება ჩაიდინოს ჩემ მიმართ, არ ვარ დარწმუნებული, რომ სამართალს ვიპოვი.

12 წელი სკოლაში, 4 წელი უნივერსიტეტში, შემდეგ ალბათ 2 წელი მაგისტრატურაზე რომ ისწავლი და ამდენი შრომის შემდეგ მაინც ცხრასაათიან სამუშაოზე მხოლოდ 1000 ლარზე მოგიწევს მუშაობა და ამით ოჯახის რჩენა, იძულებული გახდები დატოვო ქვეყანა. არავის არ ეხალისები საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს, საყვარელი ადამიანების დატოვება და სხვაგან წასვლა.

ამის გამოსწორება შეიძლება ეკონომიკის გაძლიერებით. ეს კი შესაძლებელია, თუ ხელისუფლებისთვის ჯიბის გასქელება არ იქნება პრიორიტეტი. ამისთვის ბრძოლა და ქვეყნის სამსახურში დგომაა საჭირო, რაც ნამდვილად არ ახასიათებს ჩვენს მთავრობას. ძალიან დასანანია, რომ თითოეული მათგანი ასეთი განათლებით, საკუთარ ენერგიას და ძალას ოლიგარქის ჯიბის გასქელებას ახმარს. იმედი მაქვს, გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის იბრძოლებს.

იმედი მაქვს ასევე, რომ მომავალ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დატოვებს ხელისუფლებას, მომავალ მთავრობას კი კარგად ეცოდინება, რა ძალა აქვს ხალხს. ამის გააზრების შემდეგ ისინი სწორად დაალაგებენ პრიორიტეტებს. ასეთ დროს უამრავი ემიგრანტი შეძლებს უკან დაბრუნებას და აღარ მოუწევთ თუნდაც მოხუცების მოვლა სხვაგან, ოჯახისგან შორს. ისინი შეძლებენ საკუთარ ქვეყანაში უკეთეს გარემოში დასაქმებას.

  • როგორ უნდა მოვიქცეთ არჩევნებზე?

წელს ძალიან ბევრს გვაქვს პირველი არჩევნები და თან ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ საკუთარი ხმა. ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, არ გვაქვს დებატების კულტურა, რაც უმნიშვნელოვანესია არჩევნებისთვის. კარგ შემთხვევაში, როგორც მოქალაქეს, უნდა მქონდეს შესაძლებლობა დავინახო თითოეული პოლიტიკოსის საუბრის მანერა და ამ საუბრის შინაარსი, რომ გადავწყვიტო ვის აქვს ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შექმნის პოტენციალი.

დღეს კი, ჩვენი საზოგადოებრივი ვალია, მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ ის, ვინც გვინდა. ჩემი თხოვნაა, რომ არ გვინდა 41.

DEVOTED TO IDEAS, TO CRAFT, TO CREATIVITY AD BLACK SEA 2024 იწყება!

კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ერთწლიანი ლოდინი დასასრულს უახლოვდება. 12-14 სექტემბერს, რეგიონის ყველაზე მასშტაბური, კრეატივის, რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი Ad Back Sea 2024, ტრადიციულად ბათუმში გაიმართება. სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებს, სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებზე, წვეულებებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება მიეცემათ. ფესტივალმა შარშან დელეგატების რეკორდულ რაოდენობას – 1300 სტუმარს უმასპინძლა. წელს ორგანიზატორები ამ რიცხვის გამეორებას გეგმავენ.

დატვირთული სასემინარო პროგრამის პარალელურად, კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, კრეატიული სტრატეგია, ვიდეო რეკლამა) და 100-ზე მეტ ქვეკატეგორიაში შეეჯიბრებიან. მათ ნამუშევრებს 20 ქვეყნიდან მოწვეული 29 კომპეტენტური ჟიურის წევრი შეაფასებს და გამარჯვებულებს ფესტივალის კულმინაციურ ღონისძიებაზე – დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს. 2023 წლიდან ფესტივალს დაემატა მე-14-ე Young Creative-ის კატეგორიაც, რომლის მხარდამჭერი თიბისი ბანკია და რომელიც მიზნად იმ ახალგაზრდა პროფესიონალის გამოვლენას ისახავს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კონკურსში მონაწილე რომელიმე პროექტში.

ტრადიციულად ფესტივალს ახალი თემა აქვს, რომლის გარშემოც იქნება აწყობილი როგორც სპიკერების გამოსვლები, ისე სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობა. ფესტივალის აფიშაზე მოგიზგიზე ცეცხლოვანი გული, იმ მიძღვნაზე მიგვანიშნებს, რაც ასეთი აუცილებელია შემოქმედებითი პროცესისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ქაოსურ და გამოწვევებით სავსე რეალობაში დარჩეს საღ გონებაზე, იყოს გულწრფელი და საკუთარი ღირებულებების ერთგული. ფესტივალის ვიზუალებზე ვხედავთ იკონური სარეკლამო რგოლებით შთაგონებულ ნახატებს, რომლებიც სტენსილით არის “დაზიანებული” და გადააზრებული. DEVOTED TO CRAFT, TO IDEAS, TO CREATIVITY.

DEVOTED წლევანდელი ფესტივალის მთავარი სიტყვაა და შევეცდებით ჩვენი სათქმელი მკაფიოდ მივიტანოთ ფესტივალის აუდიტორიამდე.”

შარშანდლის მსგავსად, ფესტივალის კონკურსი წელსაც დახურულია რუსული და ბელორუსული სააგენტოების ნამუშევრებისთვის. რუსული აგრესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული განსაკუთრებული პროექტიც – “დიზაინერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ”, რომელიც ცნობილი გრაფიკული დიზაინერის სტეფან ზაგმაისტერის კურატორობით შეიქმნა. ზაგმაისტერი თბილისს ამ წლის მაისში, Ad Black Sea-ს მიერ ორგანიზებული პირველი თბილისის დიზაინის ფესტივალის ფარგლებში სტუმრობდა და ამ ინიციატივასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი.

დიზაინერმა უკვე შეარჩია ის ნამუშევრები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავენ პროტესტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ამ ნამუშევრებს ფესტივალის დელეგატები სექტემბერში იხილავენ.

„წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებულად საინტერესო სპიკერებით არის წარმოდგენილი: ესპანელი Paco Conde-ს, რომელმაც კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრაზილიაში გაატარა და Dove-ის Real Beauty Sketches-ის შექმნაშიც მონაწილეობდა.  გავიცნობთ ბრაზილიელ Saulo Rocha-საც, რომელიც ესპანეთში მოღვაწობს და მის ანგარიშზე 450-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოა. Tanja Grubner ბრენდის მხარეს გაგვაცნობს და Libresse-ის მიერ სტერეოტიპების მსხვრევის ამბავს მოგვიყვება, გამომსვლელებს შორის იქნება Iain Tait, Old Spice-ის ცნობილი კამპანიის “Responses” შემქმნელი. სასიამოვნო შეხვედრა გველის Guillermo del Toro-ს პინოქიოსთან და თოჯინას შემქმნელთან, მეტრო ფროდაქშენი და Innocean Berlin მოგვიყვებიან როგორ მოიგეს წლევანდელ კანის ფესტივალზე პირველი გრან-პრი საქართველოს ისტორიაში, უდიდესი პატივით ვმასპინძლობთ ქართველ არტისტებსაც: ეთერი ჭკადუას, ნიკა მაჩაიძეს, მიშიკო სულაკაურს (LAMB), და რადიო თავისუფლებასთან ერთად გლობალურ და ლოკალურ მედია ლანდშაფტზე და დემოკრატიის ბედზეც ვისაუბრებთ. “ – ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ცინცაძე.

ფესტივალის პარტნიორები არიან: europop, ქარვა, ბაკურიანი, Cellfie, Extra, UN Women, Metro Production, U.S. Embassy in Georgia, D Block, Radio Liberty, Metropol, Ranina Wine, Pepsi, Lays, Maxx Power, Elit Electronics, DeLonghi, ნიკორა, Windfor’s Workshops, Biletebi.ge, VAVAVA Agency, Smugglers, ROOMS, ტენე, Bloom Music.

უკვე მერვე წელია ფესტივალის ოქროს პარტნიორია თიბისი.

მედია პარტნიორები: ფორმულა; ნეტგაზეთი; ბათუმელები; On.ge;  At.ge; პუბლიკა; Forbes; BMG ; Marketer.ge

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ გვერდზე www.adblacksea.com 11 სექტემბრამდე.

YouTube video player

რუსეთის სარაკეტო დარტყმა პოლტავაზე – დაიღუპა მინიმუმ 53 ადამიანი

უკრაინაში, ქალაქ პოლტავაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ბოლო ცნობებით, 53 ადამიანი დაიღუპა და 298 დაშავდა.

რუსეთმა პოლტავას ოლქში საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორია და კავშირგაბმულობის სამხედრო ინსტიტუტის შენობა 3 სექტემბერს, დილას დაბომბა. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ორი ბალისტიკური რაკეტა, „ისკანდერი“ გამოიყენა.

დაბომბვის შედეგად ადამიანების ნაწილი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. ოფიციალური კიევის განცხადებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა 25 ადამიანი გადაარჩინა, მათგან 11 ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

პოლტავაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დღეს, 4 სექტემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მათი სამიზნე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების 179-ე სასწავლო ცენტრი ქალაქ პოლტავაში, სადაც უცხოელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა სწავლება.

______________

ფოტო: hromadske.ua

 

ჩემ ნაცვლად პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე დანიშნეს – დირექტორი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე

„თანამდებობიდან გაუფრთხილებლად გამათავისუფლეს, ჩემს ადგილზე კი პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე დანიშნეს, რომელსაც სამეურვეო საბჭომ ხმა არ მისცა“, -ამბობს „ბათუმელებთან“ სენაკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავა.

მისი თქმით, ის სამი წელია ადგილობრივი თვითმმართველობის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის, რადგან არ იზიარებს მმართველი პარტიის პოლიტიკას.

„2014 წლიდან ვარ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ორჯერ ჩავაბარე დირექტორის სასერტიფიკატო გამოცდა. ჯერ 2023 წელს, 5-საათია ტესტირება ჩავაბარე, მაგრამ გასაუბრებაზე დამბლოკეს. მეორედ კი 2024 წელს, ასევე წარმატებით ჩავაბარე გამოცდა, თუმცა მეორედაც დამბლოკეს გასაუბრებაზე და სერტიფიკატი არ მომცეს.

ყველამ იცის უკვე, რომ ეს გასაუბრებები ფორმალურია და ვინ უნდა დაინიშნოს დირექტორად, ამას „ოცნების“ შტაბში წყვეტენ“, – ამბობს შორენა შამათავა.

ის ამბობს, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ გუშინ რესურსცენტრის ხელმძღვანელისგან გაიგო.

„ჩემ ნაცვლად დირექტორად დანიშნეს პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი გვასალიას მეუღლე, ნანა ჯგერენაია. ეს ქალი, სენაკის მეორე საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და წელს დირექტორობის გამოცდა ჩააბარებინეს, თუმცა ჩემი სკოლის სამეურვეო საბჭომ მხარი არ დაუჭირა.

ერთადერთი, მერის რწმუნებულმა მისცა ხმა და დემონსტრაციულად შემოხაზა, თუმცა საბჭომ მაინც არ დაუჭირა მხარი.

განათლების მინისტრმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ წელს ის არ გამოიყენებდა დისკრეციულ უფლებას და სკოლებში დირექტორების დანიშვნას სამეურვეო საბჭოებს მიანდობდა. თუმცა არც კი მოუსმინეს ჩემი სკოლის სამეურვეო საბჭოს ახსნა-განმარტებას, ისე დანიშნეს პოლიციელის მეუღლე.

ამით რა გააკეთეს იცით? მოსახლეობა დააშინეს, რომ აი, მე მომხსნეს იმიტომ, რომ კრიტიკული ვარ არსებული ხელისუფლების მიმართ და დანიშნეს პოლიციელის ცოლი.

ეს გადაწყვეტილი იყო დიდი ხნის წინ, რადგან ჯერ გამოცდის შედეგებიც კი არ იყო ცნობილი, როცა გვასალიას წინასწარ ულოცავდნენ დირექტორობას“, – ამბობს შორენა შამათავა.

რატომ იყო მისი კანდიდატურა მიუღებელი ხელისუფლებისთვის? – ვკითხეთ ყოფილ დირექტორს. შორენა ამბობს, რომ მიზეზი პოლიტიკურია.

„სამი წელია ჩემზე ხორციელდება ზეწოლა და ბულინგი ადგილობრივი თვითმმართველობის და „ქართული ოცნების“ შტაბის მხრიდან.

ქალაქის მერი ვახტანგ გადელია მავიწროებდა ჩემი შვილის ნათლიის, ბესიკ ნარმანიას გამო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და საკრებულოშიცაა.

მთელი სამი წლის მანძილზე ვიყავი საშინელი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ.

მიგზავნიდნენ სოფლის დეპუტატს, რომ არ მომეწონებინა უკრაინის მხარდამჭერი პოსტები ფეისბუქში. მე თვითონ აფხაზეთიდან დევნილი ვარ და ჩემთვის ეს თემა ძალიან მტკივნეულია, რადგან ჩემი ცხოვრებაც რუსეთმა დაანგრია. მიკრძალავდნენ უკრაინის მხარდაჭერას.

მეორე მიზეზიც ეს იყო, რომ რატომ იყო შვილის ნათლია „ნაციონალი“, ამიტომ ამომიჩემა მერმა.

გასულ წელს კი, გახარიას პარტიას დავუჭირე მხარი ღიად. მითხრეს, რომ ამის გამო დამბლოკავდნენ და აღარ ვიქნებოდი დირექტორი, ასე გადმომცა რესურსცენტრის უფროსმა.

ზეწოლას ახდენენ მშობლებზეც. გუშინ, მაგალითად, როცა მშობლებმა ჩემი მხარდამჭერი კომენტარები დაწერეს, წააშლევინეს. პირადად მომწერეს ამის შესახებ მშობლებმა და მითხრეს, რომ მათთან განხორციელდა ზეწოლის ზარები თვითმმართველობიდან, ბაღის გამგეც კი ჩართეს ამ ამბავში, ახორციელებდნენ მუქარას, რომ აიღეთ ეს კომენტარებიო.

მშობლებმა ბოდიში მომიხადეს პირად შეტყობინებებში და მერე ეს კომენტარები წაშალეს, – ამბობს შორენა შამათავა.

მისი თქმით, „ოცნების“ წარმომადგენლები მასწავლებლებსაც და მოსახლეობასაც ომით აშინებენ.

„სკოლაშიც ატერორებენ მასწავლებლებს, გამოცდილი პრაქტიკაა, რომ „ოცნების“ შტაბში მიაქვთ განსხვავებული აზრის მქონე პედაგოგების სვ-ები და პასუხს სთხოვენ ამის გამო. „სამსახური აღარ დაკარგოთ“, „სამსახური შეინარჩუნეთ“, – ეუბნებიან.

მაგალითად, ჩვენი სოფლის დეპუტატის ტერმინია ეს – „თუ ომი არ გინდათ“. ამით იწყებს საუბარს და „თუ სამსახური გინდათ“, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი არ უნდა გაგაჩნდეს და მთავრობის საწინააღმდეგო არაფერი უნდა თქვა.

მე არ ვეთანხმებოდი მათ პროპაგანდას, ამიტომ გამიშვეს სახლში“, – ამბობს შორენა შამათავა.

როგორც შორენა შამათავამ  გვითხრა, ის თავისი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს.

„ბათუმელები“ ასევე ცდილობს სკოლის ახალ დირექტორთან და სენაკის რესურსცენტრთან დაკავშირებას. მათ პოზიციას, კომენტარის მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.

დღის ბოლოს საქართველოში გაავდრდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 სექტემბერს, დღის ბოლოდან, 6 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა“ – იუწყება სააგენტო.

კობახიძემ პრეზიდენტი შეურაცხყო, აგენტი უწოდა და ურჩია არ გამოიყენოს მათი ტერმინი – „კოშმარი“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე  საქართველოს პრეზიდენტს მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა და მას აგენტიც უწოდა.

პრემიერს კითხვა სალომე ზურაბიშვილის შეფასების შესახებ დაუსვეს, როცა მან „ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად მოიხსენია.

კერძოდ, პრეზიდენტმა თქვა: „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება“.

პრეზიდენტს დღეს პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა პრემიერი კობახიძე და ზურაბიშვილს „აგენტი“ და „ნაცმოძრაობის მარიონეტი“ უწოდა.

„სალომე ზურაბიშვილი არის ნაცმოძრაობის მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. აქედან გამომდინარე ყველამ კარგად იცის ეს ყველაფერი. მათ შორის უცხოელებმაც იციან, ვისი აგენტია სალომე ზურაბიშვილი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს საერთოდ არავითარი ფასი არ აქვს. ის არის ჩვეულებრივი ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, ნაცმოძრაობის მარიონეტი. შესაბამისად, მის ყველა განცხადებას აქვს ნულოვანი ფასი.

რაც შეეხება სიტყვა კოშმარს, მას რეალურად სიტყვა გაექცა. არ შეიძლება ერთი აგენტი საუბრობდეს ზუსტად იგივე სიტყვებით, როგორც საუბრობენ სხვა აგენტები. ეს „კოშმარი“ არის აგენტების ტერმინი, უცხოელი აგენტების ტერმინი და სწორედ აგენტები იყენებენ ამ ტერმინს „ქართული ოცნების“ მიმართ. მე არ ვურჩევდი სალომე ზურაბიშვილს, რომ მომავალში, ზუსტად იმ იდენტური ტერმინებით ისაუბროს, როგორც სხვა აგენტები საუბრობენ. ამით ის შიფრავს დამატებით საკუთარ როლს,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტმა პრემიერს პრეზიდენტის როლი შეახსენა და უთხრა, რომ უცხოელი პარტნიორები როდესაც საქართველოში ჩამოდიან, სწორედ პრეზიდენტთან მიდიან.

„ერთი აგენტი მეორეს თუ ხვდება, ეს საინტერესო არ არის“, – თქვა კობახიძემ.

კობახიძე არ გამორიცხავს თავდასხმებს ოპოზიციის ლიდერებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უსაფრთხოების მიზნებით ხსნის წინასაარჩევნო შეხვედრებზე ბიძინა ივანიშვილის შუშის ყუთით მოგზაურობას.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 4 სექტემბერს გამართულ პრესონფერენციაზე თქვა. ამავე პრესკონფერენციაზე პრემიერმა არ გამორიცხა თავდასხმები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგაც.

კერძოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა:

„უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული.

ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურ განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შტადლერის მატარებლის ნაცვლად, რეისებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი შეასრულებს – რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს, რომ გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად შტადლერის მატარებელი რეისებს აღარ შეასრულებს. საქართველოს რკინიგზის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით  მოძრავი №806/805  „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს  „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი.

სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო,  მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.

იგივე ტექნიკური მიზეზით,  2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.

გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში“, – წერია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

___

გუშინ, 3 სექტემბერს, თბილისში მომხდარ სარკინიგზო ავარიას საქართველოს რკინიგზის 2 თანამშრომელი ემსხვერპლა. მატარებელი ფეიქრების ქუჩასთან სამუშაო პლატფორმას შეეჯახა და დაზიანდა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 620 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390]
  • ტანკი – 8 618 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 16 848 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 17 694 ერთეული [+30]
  • MLRS – 1 177 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 940 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 616 ერთეული [+43]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 580 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 24 007 ერთეული [+35]
  • სპეცტექნიკა – 3 014 ერთეული [+12]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 642 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 31 017 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 814 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 435 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 14 039 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 556 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

ზელენსკის თქმით, რუსეთმა პოლტავაში სასწავლებელი დაბომბა — დაიღუპა 41 ადამიანი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა ღირს თხილი სეზონის ბოლოს? – „ხარისხი განსხვავდება რეგიონების მიხედვით“

„მაღალი ხარისხის თხილის რეალიზაცია დღეს შესაძლებელია 6.50 – 7 ლარად, ფერმერებს აქვთ მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო დაბალი ხარისხის თხილის ფასი 3 – 4.50 ლარს შორის მერყეობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წელს შარშანდელთან შედარებით თხილის უკეთესი მოსავალია.

„მოსავლის 60% აღებულია, ნაწილი შრობის პროცესშია. თხილი ტენიანია და ქარხნულ მდგომარეობამდე არაა გამშრალი.

შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 15%-ით მეტია რაოდენობრივად მოსავალი. მთლიანობაში დაბინავებული არაა მოსავალი და ვერ ვიტყვი დაზუსტებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ შედარებით უკეთესია, ვიდრე შარშან იყო. ხარისხს რაც შეეხება ძალიან განსხვავდება რეგიონების მიხედვით,“ – ამბობს მერაბ ჭითანავა.

თხილის პლანტაციები ძირითადად საქართველოს ორ რეგიონშია, გურიასა და სამეგრელოში. როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, ასოციაციას ორივე რეგიონში აქვს საშრობი, სადაც ფერმერებს თხილის მიტანა შეუძლიათ.

„ამ მომენტისათვის გურიის თხილის ხარისხითაც კმაყოფილი ვართ, თუმცა საბოლოო სურათს მაინც დავინახავთ, როცა მოსავალი სრულად დაბინავდება. ვინც ჩაატარა ყველა სასოფლო სამეურნეო სამუშაო ან უმეტესი ნაწილი, დაზუსტებით მინდა გითხრათ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღეს, მოსავლის რაოდენობითაც და ხარისხითაც. უკეთესი მოსავალია, ვიდრე შარშან ჰქონდათ.

ჩაბარებას რაც შეეხება, სახლში აკითხავენ ფერმერებს ჩამბარებლები თუ ქარხნის წარმომადგენლები, თუ მათ ხარისხიანი თხილი აქვთ. ამიტომ პრობლემა თხილის რეალიზაცია არ არის. მოუვლელი თხილის ჩაბარება კი მოთხოვნა-მიწოდების საკითხია,“ – განმარტავს მერაბ ჭითანავა.

როგორ ხდება თხილის ხარისხის დადგენა? – ვკითხეთ მერაბ ჭითანავას.

„სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა საკმაოდ არასწორი კულტურა – თხილის კაკლით და ერთეულით შეფასება, რაც არ არის ობიექტური შეფასების კრიტერიუმი, თუმცა საკმაოდ გავრცელებულია ქართულ ბაზარზე. შესაბამისად, ფასის იდენტიფიცირებაც ასე ხდება.

ახლანდელი მდგომარეობით, 15 ლარი არის თხილის გულის [1 კგ.] საბაზრო ღირებულება. 15 ლარით შეფასებული 55%-იანი გამოსავლის მქონე თხილი სადღაც 6.70 ლარი იქნება კილოგრამი. ეს არის თხილის კარგი ფორმულა. ანუ 6.70 ლარი – ესაა მინიმალური ფასი პრემიუმ ხარისხის თხილზე.

თუმცა ბაზარზე ძირითადად ფიგურირებს 30-35 %-ის გამოსავლიანობის მქონე ძალიან მაღალი სიდამპლის მქონე პროდუქცია, რომელიც იმ ფერმერებს ეკუთვნის, რომლებმაც არ მოუარეს ან ნაკლებად მოუარეს ბაღს. შესაბამისად, ფასი შედარებით ნაკლები გამოდის 4 – 4.50 ლარი,“ – განმარტავს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

ზამლეთი-ხიხაძირის 7 კილომეტრიანი გზა, რომელიც ოთხმა პრემიერმა ვერ დაასრულა

ზამლეთი-ხიხაძირის გზის შესაკეთებლად დაწყებული სამუშაოები 2021 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გზის ეს მონაკვეთი ამ დრომდე გაუკეთებელია. ამჯერად, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას, რითაც ცვლილება შეიტანა 2019 წლის განკარგულებაში და გზების დეპარტამენტს სამუშაოების განახლება დაავალა.

მთავრობის განკარგულებით, სამუშაოებს ზამლეთი-ხიხაძირის გზაზე შეასრულებს კომპანია „არალი“, რომელიც სულ სხვა გზის სამუშაოების ტენდერშია გამარჯვებული. ამ ტენდერით „არალს“ 2 წლის განმავლობაში ევალება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე იმ სამუშაოების ჩატარება, რაც აუცილებელი იქნება ამ გზის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ხულო-გოდერძის მონაკვეთიც, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ დასრულებულა. მთავრობამ წინასაარჩევნოდ აქაც სხვა ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, მათ შორის „არალიც“ დაასაქმა.

ამ თემაზე ვრცლად: რა ხდება ხულო-გოდერძის გზაზე – პროექტი, რომელიც 4 წლის წინ უნდა დასრულებულიყო 

რაც შეეხება ზამლეთი-ხიხაძირის გზას, მის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2022 წლიდან დღემდე გამოცხადებული არცერთი ტენდერი არ შედგა.

შპს „არალი“ კი დეპარტამენტმა „ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზაზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების“ ტენდერში გამოავლინა გამარჯვებულად და მასთან ხელშეკრულება 50 მილიონ ლარზე 2024 წლის 26 ივნისს გააფორმა [ტენდერი პრეისკურანტით იყო გამოცხადებული, ანუ კომპანიას ეტაპობრივად იმ სამუშაოების შესაბამისად გადაუხდიან თანხას, რა სამუშაოებსაც მომდევნო 2 წლის განმავლობაში შეასრულებს. მთავრობის ახალი განკარგულებით კი ამ ტენდერის ფარგლებში თანხა ხიხაძირის გზაზეც დაიხარჯება].

როდის დაიწყებს და დაასრულებს „არალი“ სამუშაოებს ხიხაძირის გზაზე, ამ დროისთვის უცნობია. უცნობია ასევე რა ღირებულების სამუშაოები უნდა ჩატარდეს, თუმცა, ბოლო ტენდერი, რომელიც არ შედგა, დეპარტამენტს 7,5 მილიონი ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

თავდაპირველი, 2019 წლის განკარგულებით, რომელსაც ხელს მაშინდელი პრემიერი მამუკა ბახტაძე აწერს, გზის აღნიშნული მონაკვეთი მისი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოს გზების დეპარტამენტმა მოვლა-შენახვის მიზნით აჭარის გზების დეპარტამენტს უნდა გადასცეს.

ზამლეთი-ხიხაძირის გზასთან დაკავშირებული სამუშაოების და არშემდგარი ტენდერების შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ბიუჯეტიდან გადარიცხული 188 000 ლარიდან ხიხაძირი-ბაკოს გზაზე 145 000 ლარი გაქრა

 

მთავარი ფოტო: ხიხაძირის გზა / „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მივიღო ჩემი ქვეყნის განვითარებაში – IT ინჟინერი ამერიკიდან

ავტორი: ნათია კაპანაძე

____

გიორგი ღუღუნიშვილი ინჟინერია, ის გუგლის ნიუ იორკის ოფისში სამი წელია მუშაობს. იუთუბის მუსიკის დეპარტამენტში საქმიანობის პარალელურად, თვალს აქტიურად ადევნებს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს. გიორგი ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ამერიკიდან გერმანიაში სპეციალურად გაემგზავრა. დავინტერესდით, როგორ ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს ინჟინერი და აპირებს თუ არა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ცხადია, ინტერვიუ არ წარმოადგენს გუგლის ხედვას განხილულ საკითხებზე და ასახავს კერძო პირის, საქართველოს მოქალაქის მოსაზრებებს.

  • გიორგი, გვიამბე შენზე: რამდენი ხანია ცხოვრობ ამერიკაში? Რატომ აირჩიე საცხოვრებლად ეს შორეული ქვეყანა?

უკვე ექვსი წელია ამერიკაში ვცხოვრობ. წამოსვლის მთავარი მიზეზი ამ ქვეყანაში დამკვიდრებული ხედვები და სწრაფვაა დემოკრატიისკენ. მხოლოდ თავისუფალი ატმოსფერო უხსნის გზას ნიჭიერ ადამიანს წარმატებისკენ, ასე იქმნება ტექნოლოგიური პროგრესი დღეს. ტექნიკურ და საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობამ განსაზღვრა ჩემი მიზანიც: ვყოფილიყავი საუკეთესო გარემოში და როგორც ინჟინერს, მქონოდა საუკეთესო შესაძლებლობა განვითარებისათვის.

  • Რა გზა გაიარე შენთვის სასურველი მიზნის მისაღწევად? 

„შეიძლება ის, რასაც მიაღწიე, დიდებულია, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის“, – ეს ფრაზა გუგლის სამუშაო პრინციპი და ჩემი სამუშაო ეთიკის ნაწილი, ყოველდღიურად მიბიძგებს ვიფიქრო სიახლეებზე. სასიამოვნო პასუხისმგებლობაა, რომ ჩემი მონაწილეობით შექმნილი ცვლილებები საქართველოში ინტერნეტმომხმარებლებმა სერვისების გამოყენებისას შეიძლება აღმოაჩინონ. ამჟამად ვმუშაობ ამერიკულ კორპორაციაში Google Inc, კონკრეტულად კი, ვარ იუთუბის მუსიკის დეპარტამენტის ინჟინერი.

რა გზა გამოვიარე ჩემი ოცნების კომპანიამდე?

ზოგ ადამიანს მოკლე გზის გავლა უწევს თავისი მიზნების მისაღწევად, ზოგს კი რთული ეტაპები ელოდება. ჩემთვის უფრო გრძელი გზის გავლა აღმოჩნდა საჭირო, თუმცა ამად ღირდა. ბევრი სწავლა, შრომა და არაერთი მარცხი – ეს იყო ჩემი ოცნების კომპანიამდე.

აქ 6 წლის წინ ნულიდან დავიწყე ცხოვრება. ჩამოსვლის პირველივე დღეებში ვეცადე გუგლის ოფისი დამეთვალიერებინა ნიუ იორკში. უარით გამომიშვეს უკან. ოფისი მნახველებისთვის არ იყო ღია. მხოლოდ თანამშრომლის საშვით შეიძლებოდა შესვლა. სხვა გზა აღარ დამრჩა. სამი წლის შემდეგ თანამშრომლის საშვით შევედი ოფისში.

ალბათ, ჩემი კარიერული წარმატება მშობლების გადაწყვეტილებით დაიწყო. მთელი ოჯახი რეგიონიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად კონკრეტული მიზნით – კომაროვის სკოლაში ჩაბარებისა და სწავლისთვის.

სამწუხაროდ, რეგიონებში იმ პერიოდში ძალიან რთული იყო კარგი განათლების მიღება და თუ არ ვცდები, დღესაც არის გარკვეული პრობლემები ხარისხიანი განათლების მიღების პროცესში.

კომაროვში საუკეთესო მასწავლებლები მყავდა. მათ შორის, შეუძლებელია არ გამოვყო ჩემი მათემატიკის მასწავლებელი გოჩა კუბლაშვილი. მან სახალისო, მეგობრული და მამა-შვილური მიდგომით კიდევ უფრო შემაყვარა მათემატიკა და გაამარტივა ამ საგნის საფუძვლიანად შესწავლა. ვისურვებდი, ბევრი ასეთი მასწავლებელი ჰყავდეთ სკოლებში მოსწავლეებს.

კომაროვის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100% გრანტით ჩავირიცხე და საუკეთესო 200 აბიტურიენტშიც მოვხვდი. უნივერსიტეტის პერიოდში მომიწია საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში „მაივიდეო“-ში მუშაობა. იქ საუკეთესო დეველოპერებისგან გავიზიარე გამოცდილება.

  • როგორ შეადარებდი ამერიკული და ქართული განათლების სისტემას? შეიძლება ასეთი დიდი ოცნება ჰქონდეთ ახლა საქართველოში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს? 

ამერიკულ განათლების სისტემა მოქნილია, მაქსიმალურად ითვალისწინებს სტუდენტის მისწრაფებას და აძლევს მეტ შანსს განვითარებისათვის. ეს არჩევანის თავისუფლების პატივისცემაცაა. საქართველოში მაინც გვაქვს რაღაც ძველი შემორჩენილი, უფრო ნაკლებად მოქნილი. ყველაზე დიდი პრობლემა ბიჭებისათვის ისევ რჩება უნივერსიტეტში სწავლა სავალდებულო სამხედრო გამოძახებებისგან ასარიდებლად. ეს მნიშვნელოვნად აკნინებს უნივერსიტეტში სწავლის მოტივაციას და დიდ პრობლემას წარმოადგენს მათ გარშემო მყოფთათვის.

ჩვენ ძალიან ჭკვიანი, გონებაგახსნილი და საღად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა გვყავს, საოცრად გათვითცნობიერებულები არიან დღევანდელ ტექნოლოგიურ მიღწევებში. ვურჩევდი, ყოველთვის იბრძოლონ, ყოველთვის სჯეროდეთ თავიანთი ძალების. შეუძლებელია შრომა არ დაფასდეს. ადამიანი უნდა მიჰყვეს თავის მიზნებს და ოცნებას. რეალობად რომ აქციო მსგავსი მიზანსწრაფვა, ერთი მთავარი ფაქტორი გადამწყვეტია – ეს არის ყოფნა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოში. დემოკრატიის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

  • რამდენიმე თვის უკან გერმანიაში სპეციალურად გაფრინდი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მხარდასაჭერად, ვნახეთ შენი ემოციური ჩართვა თბილისის ქუჩებიდანაც – რას ნიშნავდა ეს პროცესი შენთვის? 

ეროვნული ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატზე, მართლაც ეროვნული საქმე იყო. ბევრი პირადი გამოწვევის მიუხედავად, თუნდაც ერთ თამაშზე დასასწრებად, ამერიკიდან გავფრინდი. ასე მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერაც და სიამაყეც. იმ მომენტში ვგრძნობდი, როგორ მეამაყება ქართველობა და პასუხისმგებლობად მიმაჩნია, ჩემი მონაწილეობა მივიღო ქვეყნის განვითარებაში.

მამა ქართული ფეხბურთის უდიდესი გულშემატკივარია. პირველ რიგში, მისთვის მინდოდა მეჩუქებინა საფეხბურთო ზეიმის სიამოვნება. მამასთან და ახლო ნათესავებთან ერთად დავესწარი ჩეხეთთან თამაშს.

საოცრება ვნახე გერმანიის ქუჩებში. ერთი მიზნით და გამარჯვების სურვილით სავსე ქართველები ქმნიდნენ გამორჩეულ საფეხბურთო განწყობას. გზადაგზა სტადიონისკენ მიმავალი შემთხვევით ვხვდებოდი კლასელებს, უნივერსიტეტის მეგობრებს, ნათესავებს. მეგონა საქართველოში ვიყავი, ენით აღუწერელი იყო ეს ყველაფერი და ჩვენი გატანილი გოლი თამაშზე.

პორტუგალიასთან თამაშს თბილისში ოჯახთან ერთად ვუყურებდი. როცა ჩვენი ბიჭების თავდადებამ და ლამაზმა თამაშმა შოკი მოჰგვარა მთელ მსოფლიოს. ეს მომენტი ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციურ შეგრძნებად დარჩება.

იმ ჯადოსნურ მომენტში ჩვენი ბიჭები, ჩვენი ხალხი, დიდი თუ პატარა, პოლიციელი, სასწრაფო, მაშველები – ერთიანად იზიარებდა ამ დიდ ბედნიერებას. ეს ერთიანობის ზეიმი გვახსენებდა – ჩვენი ერის დამარცხება შეუძლებელია, როდესაც ერთობა გვაქვს. რომ ჩვენ არსად ისე ბედნიერად არ ვიქნებით, როგორც ევროპულ გარემოში.

  • ევროპასთან ინტეგრაცია რა ტიპის განაცხადია ქვეყნისთვის?  

ევროპასთან ინტეგრაციას რაც შეეხება, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპია ქართველი ხალხის ცხოვრებაში. გარდამტეხი წერტილია, რასაც შეუძლია ჩვენი მსოფლმხედველობის შეცვლა, გაძლიერება და მეტი შესაძლებლობების მოტანა.

ახლა საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურ დონეზე რეალიზაციისთვის.

ყველამ ვიცით, ბევრი ევროპული ქვეყანა ჩვენზე მეტად განვითარებულია განათლების თუ სპორტის კუთხით. მათი პროგრესი გადამდები გახდება, სიახლეები ჩვენც შეგვეხება, როდესაც ევროკავშირის ნაწილი გავხდებით. სტუდენტებს მარტივად შეეძლებათ სხვადასხვა გრანტის მოპოვება და ხარისხიანი განათლების მიღება, უამრავი ტურისტი ჩამოვა საქართველოში. ევროპასთან ინტეგრაცია მოიტანს მთავარ სიკეთეს – ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება და უფრო ნაკლები ადამიანი მოისურვებს სამშობლოს დატოვებას უკეთესი ეკონომიკური პირობების თუ უსაფრთხოების ძებნისათვის.

  • რა არის შენთვის ამერიკა, როგორც დამსაქმებელი ქვეყანა, რამდენად ღირსეულ გარემოში გიწევს მუშაობა? შეგიძლია გაავლო პარალელი საქართველოში ცხოვრებასა და მუშაობასთან?  

საკმაოდ სამართლიან გარემოში მიწევს მუშაობა და ეს ჩემს მოტივაციას ძალიან ზრდის. არანაირი ნეპოტიზმი ან დისკრიმინაცია თუ სექსუალური შევიწროება. ეს საკითხები ყველა მენეჯმენტისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. საქართველოში ცოტ-ცოტა ყველაფერში გვაქვს პრობლემა, განსაკუთრებით კი ნეპოტიზმის მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ მეგობარს ვესაუბრე, ის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე გადიოდა ინტერვიუს თავისსავე კომპანიაში. გულდაწყვეტით მითხრა, ყველაფერს ვუპასუხე რაც მკითხეს, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რადგან მათი ნათესავების სიაში არ გავდივარო.

ამის გარდა, მსმენია რა დიდია პოლიტიკური ზეწოლა სხვადასხვა კომპანიების მიმართ, პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში კომპანიის წარმატება დამოკიდებულია მთავრობასთან ურთიერთობაზე. მსგავსი რამ კი არ მსმენია არცერთ კომპანიაზე ამერიკაში. ვისურვებდი საქართველოში შეიცვალოს არსებული კულტურა. ამ შემთხვევაში, ჩემს ქართველ კოლეგებს აღარ მოუწევთ სხვა ქვეყნებში წასვლა მათი მიზნების მისაღწევად.

გიორგი ღუღუნიშვილი

ჩემი ქართული და ამერიკული სამუშაო გამოცდილებით, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ  საქართველო, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, აღვივებს ინტერესს უამრავი სტარტაპისთვის. ამაზე ჩემი კოლეგებისგანაც მსმენია. ვფიქრობ, საქართველოს გააჩნია სრული პოტენციალი გახდეს მეორე სილიკონ ველი კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილური განვითარების პერსპექტივა გვექნება.

  • რა საფრთხეებს ხედავ ე.წ. რუსული კანონის“ ამოქმედებაში? 

„რუსული კანონის“ ამოქმედებაში ძალიან ბევრი პრობლემა და საფრთხე იკვეთება, განსაკუთრებით კი საზიანოა სიტყვის თავისუფლების ჩახშობა. თავისუფალი სიტყვა დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ნიშანია და მის გარეშე წარმოუდგენელია შესაძლებლობებით სავსე ქვეყანა გქონდეს.

ახლა ბევრი საინტერესო მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება დაიხუროს  ამ კანონის ზეგავლენით. ეს ორგანიზაციები პირდაპირ კავშირში არიან ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. საერთაშორისო დახმარების გარეშე და საგრანტო მხარდაჭერის შეწყვეტით, საქართველო აღმოჩნდება სრულ იზოლაციაში. ასეთი რეგრესი დაუშვებელია.

  • საქართველოში ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გვინდა გკითხოთ, მონაწილეობ არჩევნებში? რას ნიშნავს ეს პროცესი შენთვის? 

აუცილებლად, ვმონაწილეობ არჩევნებში მეც და ჩემი ოჯახიც!

ახლა არჩევნებში მონაწილეობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორიც არასოდეს ყოფილა. ჩვენ, ქართველმა ერმა უნდა გადავწყვიტოთ, რა იქნება ჩვენი ქვეყნის ბედი, როგორ შეიქმნება უკეთესი მომავალი. ახლა არჩევნებში მონაწილეობა ერთმანეთის გვერდში დგომის ტოლფასია. მანამდე კი ყველას უნდა მივაწვდინოთ ხმა, რომ დღეს ჩვენი ბედი წყდება. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ან ვიქნებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ქვეყანა ან დავბრუნდებით უკან, საბჭოთა კავშირში. ამ სცენარით კი ყველა შრომა, სისხლის-ღვრა, თავგანწირვა, რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში მოხდა, შეიძლება გაქრეს.

საფეხბურთო დღეების შემდეგ კიდევ უფრო მეტად მჯერა, რა დიდი პოტენციალი აქვთ ადამიანებს საქართველოში, წინ გვაქვს მსგავსი ზეიმები სპორტში, ეკონომიკაში, განათლებაში, ჯანდაცვაში. მთავარია, არჩევნებში დღეს დავაფიქსიროთ ჩვენი გადაწყვეტილება. რა გვინდა, სინათლე თუ სიბნელე?

თავისუფალ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.  დღეს მომავალი ჩვენს ხელშია. უფრო ზუსტად, ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

გიორგი ღუღუნიშვილი

ცესკოს თავმჯდომარემ გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა   გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა.

გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს და რეგიონული მრჩეველ მშვიდობისა და განვითარების საკითხებში ოლეჰ პროციკს გიორგი კალანდარიშვილი  დღეს გაეროს საქართველოს ოფისში შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. მან აღნიშნა, რომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 27 პოლიტიკური პარტია და შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარმოდგენაა, რომლის ბოლო ვადაც 26 სექტემბერია. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ პარტიების რიგითი ნომრები, შესაძლებლობის ფარგლებში, უადრეს ვადებში განსაზღვრა.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცესკოს ინიციატივა პარტიებისთვის ეთიკის კოდექსის შემუშავების შესახებ, რომელზე ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება ეთიკის კოდექსის გაფორმება არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრატორების ეთიკის სტანდარტების ამაღლების მიზნით, ცესკომ შესაბამისი ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კომისიების წევრთა ეთიკის კოდექსშიც.

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ადგილობრივი  სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება მიუკერძოებელი და ობიექტური სადამკვირვებლო მისიების ჩართულობასა და დაკვირვებას. რაც შეეხება ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას, მისი თქმით ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაცია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამ დროისათვის ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველია ინფორმირებული. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებდა და პასუხობდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

მხარეებმა ასევე განიხილეს ამ დროისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები და არსებული გამოწვევები, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელების საკითხები.

შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხებით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა  მნიშვნელოვანია.

მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვება განახლდება – მთავრობის განკარგულება 

საქართველოს მთავრობამ კერძო კომპანია New Road ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ადგილებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა.

მთავრობის 2024 წლის 2 სექტემბრის განკარგულებით New Road-ს უფლება აქვს 2024 წლის 9 დეკემბრამდე რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 198 701 კუბური მეტრი წიაღისეული- ანდეზიტის ლოდნარი მოიპოვოს.

წიაღისეულის/ინერტული მასალის მოპოვება კომპანიას 3 ადგილზე შეუძლია და ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ბიუჯეტში 596 ათას 103 ლარი უნდა გადაიხადოს [ანუ, 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში – 3 ლარი].

New Road ხულო-გოდერძის გზის მშენებლობაზე მუშაობს. ულიცენზიოდ მოპოვებული ინერტული მასალაც ამ გზის მშენებლობას უნდა მოხმარდეს.

კომპანიის მიერ მწვანე ტბის მიმდებარედ წიაღისეულის მოპოვებაზე „ბათუმელები“ მიმდინარე წლის ივლისშიც წერდა, თუმცა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა არ გვიპასუხეს, ჰქონდა თუ არა კომპანიას შესაბამისი ლიცენზია და ვის მიერ იყო ის გაცემული.

ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტულ მასალებს მოიპოვებენ – მთავრობაში არ ამბობენ, ვინ გასცა ლიცენზია

მას შემდეგ, რაც ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში გაჟღერდა, ინერტული მასალის მოპოვების სამუშაოები თითქოს შეჩერდა, თუმცა, გეოლოგის შეფასებით „ზიანი უკვე გამოუსწორებელია, რაც გააქტიურებს მეწყრულ პროცესებს“. გეოლოგის აზრით, ამ ადგილებში ინერტული მასალის მოპოვებაზე ლიცენზია არც შეიძლება გაცემულიყო.

მწვანე ტბასთან ინერტულ მასალას აქამდეც მოიპოვებდნენ. ფოტო: „ხულო და მისი პერსპექტივები“

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა კი პროკურატურასაც მიმართა დაიწყოს გამოძიება მწვანე ტბაზე მიმდინარე სამუშაოების შესწავლის მიზნით.

თუმცა, მთავრობის 2024 წლის განკარგულებიდან ჩანს, რომ ინერტული მასალების მოპოვება მინიმუმ დეკემბრამდე გაგრძელდება. New Road-მა კი, სასარგებლო წიაღისეულის ულიცენზიოდ მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს თუ რა ოდენობის ბუნებრივი რესურსი მოიპოვა.

ამავე თემაზე:

ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტულ მასალებს მოიპოვებენ – მთავრობაში არ ამბობენ, ვინ გასცა ლიცენზია

ივანიშვილი გამარჯვებულის როლს თამაშობს, ოღონდ ტყვიაგაუმტარი შუშის ყუთიდან – კობა სუბელიანი

ავტორი: ნათია როყვა

___

თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი, მინისტრი და პარლამენტის ორგზის დეპუტატი კობა სუბელიანი ამბობს, რომ 2012 წელს გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მიერ გადაბირების უშედეგო მცდელობის გამო, მასზე განხორციელებული შანტაჟის, მუქარის, დევნისა და შევიწროების გამო, 2018 წელს საქართველოდან აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა. კობა სუბელიანმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და როგორც ამბობს, ოთხი წლის შემდეგ „ჯოჯოხეთური ტანჯვაც“ დასრულდა – ოჯახის წევრების ჩაყვანა მოახერხა.

„ბათუმელებთან“ კობა სუბელიანი იმ ბარიერზე საუბრობს, რაც ემიგრაციაში მყოფ ქართველებს  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ექმნებათ.

  • ბატონო კობა, რა საფრთხეებს ხედავთ „რუსული კანონის“ ამოქმედებაში. თქვენი შეფასებით, რატომ სჭირდებოდა ეს კანონი საქართველოს ხელისუფლებას?  

„რუსული კანონი“ ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების იარაღია თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად. ამ გზით აპირებს გაანადგუროს ხელისუფლების მაკონტროლებელი დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი. ჩემი აზრით, მთავრობის კორუფციული გარიგებების მხილების შანსს ეს კანონი მოკლავს, ფინანსურად დაახრჩობს თავისუფალ და დამოუკიდებელ  ორგანიზაციებს, რომლებსაც ვერ აკონტროლებს ხელისუფლება.

ყველაზე მძიმე ადამიანების უცხო ქვეყნის აგენტებად გამოცხადებაა.

საერთაშორისო დონორებისა და ქვეყნის მოკავშირეებისგან დაფინანსებული ჯგუფების დევნა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და საერთაშორისო პარტნიორებზე უარის თქმაა. ასეთი პოლიტიკა მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. რუსული რეჟიმის სიმახინჯე ქართველებმა კარგად დავინახეთ.

ამ კანონს, როგორც რუსულ არჩევანს, ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება. დღეს ვადევნებთ თვალს საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენი საქმეების პარალელურად, ახლა ძალიან დიდია ინტერესი, რა დეტალებისგან შედგება განხილვა, შეაჩერებენ თუ არა ამ კანონის მიღებას. ყველაფერი ეს  ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს.

  • თქვენ გარშემო როგორო განწყობებია, როგორ ცდილობთ თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს აუხსნათ ამ კანონის საფრთხეები, არჩევნების მნიშვნელობა? 

სამშობლოდან შორს, ემიგრანტებმა ყველაზე კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, ეს იციან ხელისუფლებაშიც. ამიტომაც არ ხსნიან  საკმარისი რაოდენობით საარჩევნო უბნებს, არც ევროპაში და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც უამრავი ქართველი ცხოვრობს. მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში მექსიკის გავლით რამდენი ადამიანი ჩამოვიდა.

მათ ყველას შეუძლია ხმის მიცემა, მიუხედავად იმისა, ლეგალურად ცხოვრობენ თუ არალეგალურად.

„ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ გამოხატული საპროტესტო მოძრაობა, საარჩევნოდ აქტიურობა, საკონსულოებთან გამართული საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, მის ფონზე გადაღებული ფოტოები, არჩევნებში მონაწილეობა, სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობები პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებასა და საბუთების აღებაში ეხმარებათ. ამიტომაც ძალიან აქტიურობენ ადამიანები.

ამერიკაში სულ ოთხი საარჩევნო უბანია. ორი ნიუ იორკში, ერთი ვაშინგტონში, ერთი სან-ფრანცისკოში. თითო უბანზე მაქსიმუმ 1500 ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში სულ 6000 ემიგრანტი აძლევს ხმას. ამასთან, ადამიანებს შტატიდან შტატში უწევთ წასვლა ხმის მისაცემად. რა თქმა უნდა, ყველა ვერ ახერხებს ამას.

მაგალითად, ნიუ ჯერსის შტატში ერთ-ერთი დიდი წარმომადგენლობაა ემიგრანტებისა საქართველოდან, მაგრამ ხელისუფლება ამას არ იმჩნევს. ხალხი ითხოვს ამერიკაში საარჩევნო უბნების დამატებს, მაგრამ ეს ხელისუფლების ინტერესში არ შედის, რადგან „ქართულ ოცნებას“ ემიგრაციაში მხარდამჭერები არ ჰყავს.

უფრო მეტიც, აქა იქ შემორჩენილი მათი მხარდამჭერები, ჩემი ნაცნობები, იმედგაცრუებულები და ძალიან გაბრაზებულები არიან ბიძინაზე. ეს ბიძინამაც იცის. ფაქტია, როგორ ეშინია ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნების. ის საჯაროდ, ტყვია გაუმტარი შუშის გალიიდან სიტყვით გამოსვლისას გამარჯვებულის როლს თამაშობს, როცა ამბობს, რომ მას ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება უნდა, თითქოს უბრალო უმრავლესობით მოგება უკვე გარანტირებული აქვს, ანუ გამარჯვებულის იმიტაციას ქმნის; ცდილობს ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს არჩევნებს ყველა შემთხვევაში იგებს.

ეს „ბლეფია“,  50 %-ის გადალახვის კი არა, მასთან მიახლოების შანსი არა აქვთ. ძალიან უჭირთ, ეს სახეზე აწერია მასაც და მის გუნდსაც. ამ არჩევნებით ბიძინა ივანიშვილი თავისი პოლიტიკური გავლენების და ფინანსების შენარჩუნებას ცდილობს. ჩვენ კი, როგორც ერს არსებობა არ არსებობის საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი. უნდა ავირჩიოთ ან რუსეთი და სიღატაკე, ან ევროპა და თავისუფლება.

  • თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ რუსეთისგან, რატომ არის საქართველოსთვის ევროპული გზა მნიშვნელოვანი? 

ქართველებმა ავირჩიეთ ევროპა, რადგან ეს ნიშნავს თავისუფლებას, განათლებას, განვითარებას, უსაფრთხო გარემოს, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. ჩვენი ქვეყანა საქართველო, ევროპის ნაწილია. ლენინმა მოგვგლიჯა ევროპას და დროებით მოვწყდით ჩვენს ოჯახს, ტანჯვასა და ვაებაში გავატარეთ ცხოვრება.

რატომ უნდა ავირჩიოთ ოკუპანტი რუსეთი, ქვეყანა, რომელიც კლავს ადამიანებს, იტაცებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს. რუსეთი ნიშნავს სიღატაკეს, შიმშილს. ადამიანები ჩვენი ქვეყნიდან გამოურბიან სიღატაკეს, კრიმინალს, შიმშილს.

  • ბოლო კითხვა, რომ იყოს ცოტა უკეთესი პირობები საქართველოში – ეკონომიკური თვალსაზრისით, დემოკრატიის თვალსაზრისით, თუ დაბრუნდებოდით? თუ გიფიქრიათ დაბრუნებაზე?

როგორი პირობებიც არ უნდა იყოს საქართველოში, ეკონომიკისა და დემოკრატიის თვალსაზრისით უკეთესი თუ უარესი, მნიშვნელობა არა აქვს, მაინც დავბრუნდები.

მე არ მაშინებს სიძნელეები. სრულწლოვანები როგორც კი გახდებიან შვილები, დამოუკიდებლად  ცხოვრებას შეძლებენ თუ არა მაშინვე დავბრუნდები, აბა აქ რა მინდა?! იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილები და ქართველი ემიგრანტების შვილები, ანუ ჩვენი საამაყო მომავალი თაობა აქაურ ცოდნას და გამოცდილებას საქართველოს მსახურებას, ზოგადად დემოკრატიის გავრცელებას და რუსეთისგან დაჩაგრული ქვეყნების დაცვას და გაძლიერებას მოახმარენ.

ვერასდროს მივიღებდი ამ სტიპენდიას, რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა – სტუდენტი ხულოდან

გიორგი რიჟვაძემ ალექსანდროს პეტერსონის სტიპენდია მიიღო და დიდ ბრიტანეთში, კერძოდ King’s College London-ში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. გიორგი რიჟვაძე ხულოში ცხოვრობს.

პრესტიჟულ კოლეჯში სასწავლო სტიპენდია 60 ათას გირვანქა სტერლინგია (200 000 ლარი) და ის ცხრა ქვეყნიდან მხოლოდ ერთ სტუდენტზე გაიცემა წელიწადში ერთხელ.

გიორგი რიჟვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სტიპენდიის მიღება საკმაოდ რთული იყო, თუმცა ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა მიეღო ხარისხიანი განათლება. „მიხარია, რომ ეს გამომივიდა“, – გვეუბნება გიორგი.

რატომ აირჩია კონფლიქტების თემა? – ვკითხეთ გიორგის.

მისი თქმით, ამ თემით ადრეც იყო დაინტერესებული, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ კი, ომისა და მშვიდობის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მისთვის.

„მანამდე თბილისში ვსწავლობდი ევროპისმცოდნეობაზე, ვარ ქართულ-აფხაზური დიალოგის მონაწილე და რამდენიმე კვლევაშიც ვარ ჩართული. ასევე, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის თემაზე მაქვს სამუშაო გამოცდილება, ვეხმარებოდი აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებს ერთმანეთთან შეხვედრაში.

ეს მოვლენები კი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენს უსაფრთხოებაზეც ახდენს გავლენას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი უსაფრთხოება არის მხოლოდ დასავლურ ინტეგრაციაში და ამის გარეშე შეუძლებელია ვიქცეთ ცივილიზებულ ქვეყნად. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ბევრი და კარგი მეგობრები. ასეთი მეგობრები კი ჩვენ დასავლეთში გვეგულება“, – ამბობს გიორგი რიჟვაძე.

დღეს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ომისა და მშვიდობის თემა რუსული პროპაგანდის იარაღად აქცია, გიორგის აზრით, მნიშვნელოვანია სწორად გავიაზროთ, სად არის რეალური მშვიდობა.

„ავტორიტარული და დიქტატორული სახელმწიფოები ვერ იქნება ჩვენი დასაყრდენი, განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რადგან ისინი ვერ შექმნიან ჩვენთვის უსაფრთხო გარემოს.

ამის გარანტორი ჩვენთვის შეიძლება იყოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია და ამ გზით შეგვიძლია მხოლოდ წარმატებას მივაღწიოთ.

საზოგადოებისთვის არა მარტო უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია განვითარებაც, რადგან მე პირადად ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ხულოში მცხოვრებ ადამიანს, მექნებოდა შესაძლებლობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებელში მესწავლა და 200 ათას ლარამდე დაფინანსება მიმეღო.

დასავლეთი, გარდა იმისა, რომ უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოს გვთავაზობს, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფო შევქმნათ. გვიხსნის უდიდესი შესაძლებლობების ფანჯარას. ხელისუფლების მიერ შექმნილი რუსული კანონი კი, სწორედ ამ სიკეთეებს გვართმევს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს.

მე ხომ ვერასდროს მივიღებდი ამ სტიპენდიას დასავლეთის კარები რომ არ ყოფილიყო ღია ჩვენთვის? ამიტომ, თუ ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდა, მაშინ არ უნდა მივიღოთ ისეთი კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებების. ეს აფერხებს ჩვენს ევროინტეგრაციას“, – ამბობს გიორგი რიჟვაძე.

გიორგი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემის“ წევრია, რომელიც სოფლად მცხოვრები საზოგადოების გაძლიერებაზე მუშაობს.

„ჩვენმა ორგანიზაციამ 100 ათას ლარამდე დაფინანსება მიიღო ნიდერლანდებისგან და ამ გრანტის ფარგლებში ჩვენ შუახევში, ხულოსა და ქედაში მცხოვრები ქალებს რეპროდუქციული კვლევების ჩატარებაში დავეხმარეთ.

40-მდე სოფელში ვიყავით, ავიყვანეთ მედპერსონალი და ადგილზე გავუწიეთ დახმარება. რომ არა დასავლური მხარდაჭერა, ამ სიკეთეებს ვერ მიიღებდა ადგილობრივი მოსახლეობა. რუსული კანონი კი ამის შესაძლებლობას გვართმევს“, – გვეუბნება გიორგი.

გიორგიმ ბრიტანეთში სწავლისთვის ნაწილობრივი დაფინანსების მოთხოვნით აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსაც მიმართა, თუმცა სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი უთხრა.

იქონია თუ არა ამ ყველაფერზე გავლენა იმან, რომ თქვენ ხართ „სოლიდარობის თემის“ წევრი, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციაა? – ვკითხეთ მას. როგორც გიორგი ამბობს, კონკრეტულ მიზეზებზე ამ ეტაპზე საუბარი არ სურს.

„როცა ფაქტები მექნება, აუცილებლად ვისაუბრებ ამაზეც.

მანამდე კი მინდა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მეც ისეთივე მოტივაცია ვიყო, როგორც ჩემთვის იყვნენ ბავშვობაში წარმატებული ადამიანები.

ამიტომ არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენთვის შესაძლებლობების ფანჯარა, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ვისაც არ მიუწვდება ხელი ხარისხიან განათლებაზე, არ შეუძლიათ გადაიხადონ ათასობით დოლარი საუკეთესო განათლების მისაღებად. ამის შესაძლებლობას გვაძლევს დასავლეთი.

დასავლეთთან ინტეგრაციის შეფერხება კი ყველაზე მეტად დააზარალებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს.

ჩემ მომავალს, რა თქმა უნდა, ჩემს სამშობლოში ვხედავ, სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნდები საქართველოში და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩვენს ქვეყანას.

მინდა სოფლად მცხოვრებმა სხვა ახალგაზრდებმაც დაიჯერონ, რომ იმის მიუხედავად, თუ სად დაიბადნენ, არსებობს შესაძლებლობა, რომ მიაღწიონ წარმატებას. ეს შესაძლებლობა კი დასავლეთის მხარდაჭერითაა“, – ამბობს გიორგი რიჟვაძე.

17 საათზე თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა – საქართველოს რკინიგზა

დღეს, 3 სექტემბერს, 17:00-საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რეისის გაუქმების მიზეზი დღეს რკინიგზაზე მომხდარი ავარია გახდა, რის შედეგადაც რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა.

რკინიგზა აცხადებს, რომ მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.

თიბისი ბიზნესის საგანმანათლებლო ონლაინ ტრენინგი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

პარასკევს, 6 სექტემბერს 11:00 საათზე, Online შეხვედრის რეჟიმში საგადასახადო საკითხებზე ტრენინგს გაუძღვება დავით პაპიაშვილი – აუდიტორული კომპანია „KRESTON GEORGIA” – ს მმართველი პარტნიორი.

ტრენინგი შეეხება საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს.

ტრენინგზე განხილული იქნება:

  • საგადასახადო კანონმდებლობაში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები.
  • სხვადასხვა პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე სიახლეები და ტრენინგის ჩატარების მომენტისთვის საგადასახადო დაბეგვრის აქტუალური საკითხები.
  • საქართველოში მოქმედი გადასახადებით დაბეგვრის ძირითად პრინციპები დამსწრეები გაიგებენ მიღებული ცოდნა მუშაობის პროცესში როგორ გამოიყენონ.

კომპანიის მმართველი რგოლი უშუალოდ არ არის ჩართული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების გამოანგარიშებაში. ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო დაბეგვრის პრინციპებისა და თავისებურებების ცოდნა მათთვის მნიშვნელოვანია. მენეჯმენტი მონაწილეობს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღებაში, რასაც ხშირად თან ახლავს სხვადასხვა ტიპის საგადასახადო დაბეგვრა.

შეხვედრის დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:

https://link.tbc.ge/training-tax

ოქტომბრიდან ესპანეთში გამოცდის გარეშე იქნება შესაძლებელი ქართული მართვის მოწმობის აღიარება

29 სექტემბერს ძალაში შევა შეთანხმება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

შეთანხმების დეტალებსა და ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შსს-ს ცნობით, შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობის კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის აგვისტოში დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი გამოავლინა, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, ხოლო მათგან დაკავებულია 2 პირი.

ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 17 483 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 90 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში სექტემბრის პირველ კვირაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 სექტემბრის 21 საათიდან 4 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან, დღისით უმეტეს რაიონში – წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 5-6 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

ივანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს დაახოცვინებს მეორე ნაწილს – ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ჰპირდება, რომ საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს. რამდენად რეალურია განსხვავებული აზრის, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და რატომ აირჩია ივანიშვილმა ნეგატიური, ხალხისთვის დამაზიანებელი გზავნილები საარჩევნოდ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო გია, მმართველი პარტია ამომრჩეველს ეუბნება, რომ თუ ამირჩევ მე ქვეყანაში მექნება არა დემოკრატია, არამედ დიქტატურა, რადგან გავანადგურებ განსხვავებულ აზრს, ოპონენტებს, მედიას – რამდენად სწორი გზავნილია ეს წინასაარჩევნოდ და რა აქვს ჩაფიქრებული ივანიშვილს, თქვენი აზრით?

ამ მესიჯით ნეგატიურ სივრცეს აჩენს და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება იყოს გამაერთიანებელი, ის ამბობს, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს დავახოცვინებ საზოგადოების მეორე ნაწილსო. ეს არის წარმოუდგენელი რაღაც.

თუმცა, ამით ის ხარკს უხდის იმ მცირერიცხოვან ჯგუფებს, რომლებიც ძირითადად მის ირგვლივ არიან კონსოლიდირებულნი და 12 წლის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლი სწყურიათ.

მათი სარჩევნო კამპანიის ხერხემალი სხვაა.

  • „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვა, „კოლექტიური ნაციონალების“ გასამართლება და ოპოზიციური მანდატების გაუქმება. ძირითადად, ეს გზავნილები გვესმის ბოლო პერიოდში.

ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, უნივერსალური გზავნილი ომისა და მშვიდობის თემატიკაა. სხვა დანარჩენი ამის შემადგენელი ნაწილია.

დაბადებიდან ადამიანი მიისწრაფვის ორი მთავარი ფასეულობისკენ, ეს არის კეთილდღეობა და თავისუფლება.

ივანიშვილი ნერგავს ევროსკეპტიციზმს, რაღაც ფსევდოკონსერვატორულ ხაზზე მუშაობს. ამით ცდილობს შევიდეს კონკურენციაში „კეთილდღეობის და თავისუფლების“ მოთხოვნილებასთან, ანუ უფრო დიდი საფრთხით ან რაღაც დიდი „სიკეთით“ უნდა გადაფაროს ეს და, შესაბამისად, ამიტომ მან აირჩია ომის და მშვიდობის საკითხი.

ომის პროპაგანდა ძირითადად მუშაობს იმაზე, რომ ადამიანებში ჩანერგოს, თუ ეს ხელისუფლება არ იქნება, მეორე დღესვე ომი დაიწყება, რომ პოლიტიკური ოპონენტები ოცნებობენ ომზე და ასე შემდეგ. ამის დანერგვას ცდილობს. მშვიდობა კი ნამდვილად არის ადამიანის ფუნდამენტური ფასეულობა გასაგები მიზეზების გამო.

გარდა ამისა, ის აქცენტებს აკეთებს ფსევდორელიგიურ, ურაპატრიოტულ, ვითომ ტრადიციების დაცვის თემაზე, რომ „ქალი ქალია და კაცი კაცი“. აი, ეს ის თემებია, რომლებიც გარკვეულწილად მუშაობს, უფრო რეგიონებში ალბათ, მეგაპოლისებში ნაკლებად, მაგრამ ქალაქების იმედი მაინც და მაინც არც აქვს ივანიშვილს, რადგან ესმის, რომ მშვიდობის თემით ქალაქებში ხმების რაღაც ნაწილი შეიძლება აკრიბოს, მაგრამ არჩევნებს ვერ მოიგებს.

ამიტომ, ეს დამხმარე თემები, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მე შეიძლება ამერიოს რომელია ბიჭი და რომელი გოგო, ამ პროპაგანდას ისეთი ინტენსივობით იყენებს, რომ შეიძლება ასჯერ ნათქვამი ტყუილი, სიმართლედ მოგეჩვენება საბოლოო ჯამში.

ეს მეთოდოლოგია კარგად არის დამუშავებული ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის კგბ-ში. საბჭოთა კავშირს არ შეეძლო რეალური კონკურენციის გაწევა დასავლური სამყაროსთვის, ამიტომ იყო რკინის ფარდა ჩამოშვებული, რომ კეთილდღეობით და თავისუფლების კონკურენციაში ვერ შედიოდნენ და იგონებდნენ სხვადასხვა თემას. ომისა და მშვიდობის თემას, რომ დასავლეთი იმპერიალისტია, რომ უნდათ გადაგვყლაპონ, გადაგვაშენონ და ასე შემდეგ.

90-იანი წლების შემდეგ ეფესბემ ამ ყველაფერს დაამატა ფსევდორელიგიური თემები. რა მორწმუნეები ესენი არიან, ყველა კარგად ვხვდებით, მაგრამ ისინი ცდილობენ პარაზიტირება მოახდინონ ნებისმიერ ინსტიტუციაზე, ნებისმიერ ავტორიტეტზე და მათ ხარჯზე მიიღონ შედეგი.

ეტმასნებიან ხან ეკლესიას, ახლა რაც მოიგონეს, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადებთ მართლმადიდებლობასო, ესეც ამის გაგრძელებაა.

  • თუმცა საპატრიარქო ხვდება, რომ ეს არა მათ გაძლიერებას, არამედ დასუსტებას გამოიწვევს და ამიტომაც შეუთვალა უარი.

როცა მიხვდნენ, რომ ეკლესია არ წამოეგო ამ ხაფანგზე, ის, რაც ბოლოს ილაპარაკეს, ფაქტობრივად სახის შენარჩუნების მცდელობა იყო, მეტი არაფერი.

რაც შეეხება იმას, რომ ის გაანადგურებს მთლიანად ოპოზიციას, არა მგონია, რომ ის ამას რეალურად აპირებდეს. თუმცა გამომდინარე იმ მატრიციდან, რომელიც მან აიღო რუსეთისგან, საფრთხეები რეალურია. რუსეთში ამ ტექნოლოგიით გაანადგურეს სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის, განსხვავებული აზრის ადამიანები და, ფაქტობრივად, ერთპარტიული სისტემა ჩამოყალიბდა.

ივანიშვილიც ამ ინსტრუქციებით მოქმედებს. რუსეთმა სამ ეტაპად გაიარა ეს – თავიდან იყო ავტორიტარიზმი, შემდეგ ეს გადავიდა დიქტატურაში და ახლა რუსეთი ტოტალიტარიზმშია გადასული.

ტოტალიტარიზმი დიქტატურისგან იმით განსხვავდება, რომ პირად ცხოვრებაშიც აღწევს.

  • რუსული  კანონით ხომ ამის მცდელობა უკვე აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას?

დიახ, მაგრამ ჩვენთან ეს ტექნოლოგია ნაკლებად იმუშავებს და რატომ?

იმიტომ კი არა, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ხალხი ვართ, მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ რუსეთში ამ ტექნოლოგიას ჰქონდა საკმაოდ კარგი საფუძველი, პუტინის მისიონიზმის სახით. რომ პუტინი არის იმპერატორი, მას აქვს იმპერია და იმპერიას აქვს მოთხოვნილება, რომ გაფართოვდეს. თუ იმპერია არ ფართოვდება, ის კვდომას იწყებს.

აქედან გამომდინარე, მისი მისია საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის იყო გამართლებული. ჩვენი ხელისუფლება კი შიშველ ადგილზეა. მისია კი არა ბანდფორმირებების დაჯგუფებაა. რა მისია აქვთ, არაფერი, გარდა საკუთარი თავის გახარების. აქედან გამომდინარე, ეს რუსულ გზაზე დადგომის პაროდიული მცდელობაა.

ეს რომ პაროდიაა, არ ნიშნავს, რომ საფრთხეები არ გვაქვს. საფრთხეები სერიოზულია, თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც მალე და უმტკივნეულოდ დამთავრდება.

  • თქვენ თქვით, რომ რაღაც სეგმენტზე აქვს გათვლილი ივანიშვილს ეს დაპირებები. ამომრჩეველი, რომელსაც შია, სახლი არ აქვს, ემიგრაციაში გარბის, სიღარიბეშია, მოუსმენს კი ამ გზავნილებს და მხოლოდ იმიტომ მისცემს ხმას „ოცნებას“, რომ მშვიდობას ჰპირდება?

ჩვენი საზოგადოება რომ არ არის კაი დღეში, ესეც ცხადია. მაგრამ ბიძინა არ ამბობს, რომ მე ვარ კარგი ბიჭი. მისი ამოცანა არ არის ილაპარაკოს, რომ კარგია. ის ამბობს, რომ მე შეიძლება ცუდი ვარ, მაგრამ ალტერნატივა ჩემზე უარესია.

უკეთესი აღარ იქნება, – ამ გზავნილებს უშვებს. ბიძინამ აირჩია ნეგატიური გზავნილები და კი, ეს წამგებიანია, მაგრამ იმ შემთხვევაშია წამგებიანია, თუ მომგები არის ვინმე.

  • იმაზე უარესი რა უნდა იყოს საზოგადოებისთვის ახლა, რაც საქართველოს ევროკავშირს დააკარგვინებს და რუსულ ორბიტაზე დააბრუნებს?

ისიც ამბობს, რომ „მეც იქ მიმყავხართ“. ისევ ევროკავშირის დროშას ამოეფარებიან, შეეცდებიან მაინც. რა გამოუვა, ცალკე საკითხია. იმედი მაქვს, რომ ეს სტრატეგია არ იმუშავებს, მაგრამ ჩვენი პრობლემა დღეს ბიძინას სიძლიერე კი არ არის, პრობლემაა ოპოზიციის სისუსტე და არაადეკვატურობა.

ბიძინა რომ წამგებიან თამაშს ეწევა, ვიღაცამ ხომ უნდა მოუგოს?

  • შეიძლება ოპოზიციაც სუსტია, მაგრამ დღეს ხომ არჩევანი ასე დგას – ევროკავშირი ან რუსეთში დაბრუნება. პრინციპში დასავლეთიც იმავეს ამბობს ხომ, რომ ეს არჩევნები გადაწყვეტს, ჩვენ შორის ურთიერთობის გაგრძელებას, ასე არ ფიქრობს ამომრჩეველი?

ეს აზრი ტრიალებს მეგაპოლისებში, სადაც ბევრი ხალხია და, რა თქმა უნდა, სიცხადე შემოდის, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ხდება სოფლებში. თბილისში მე არ ვიცი, ვინ არის ჩემი რაიონის გამგებელი, მაგრამ სოფელში გამგებელი ფიგურაა და ის ეუბნება ადამიანებს, რომ ომი იქნება.

როცა პროპაგანდას კონტრპროპაგანდა არ უპირისპირდება, ფაქტობრივად ადამიანი პროპაგანდის ტყვეობაშია. ამიტომ ვერ გავამტყუნებთ იმ ადამიანს, ვისაც შეიძლება ტვინი აურიონ.

სოფელში მთელი დღე შრომობენ ადამიანები, შემდეგ ჩართავენ ტელევიზორს და რესურსი „იმედის“ ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სხვა მედიების და ისინი დღედაღამ ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობენ. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს და უნდა მოიცვას რეგიონებიც. უფრო დინამიკური მუშაობა სჭირდებათ.

ახლა ბათუმში რა იყო იმაზე მნიშვნელოვანი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხდებოდა? რა გახდა, ორი-სამი ათასი კაცი რომ მდგარიყო სასამართლოს წინ, მშვიდობიანი აქციით, დაენახა ხალხს, რომ მნიშვნელოვანი რაღაც ხდებოდა.

რადგან ხალხს დასავლეთი უნდა, ნუ ვიტყვით, რომ მათ ხონჩით მიართმევს ვიღაც ხელისუფლება.

როცა გამარჯვების ფაქტორებზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვახსენდება ახალგაზრდობა, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი, დასავლეთი თუ რუსეთის იმპერია, სამოქალაქო საზოგადოება, მედია. სად არის აქ ოპოზიცია?

საბოლოო ჯამში, ადამიანმა ვიღაც ხომ უნდა აირჩიოს, როცა უბანთან მივა. ასე რომ, ოპოზიციამ მისი წილი სამუშაო უნდა შეასრულოს.

ქვეყანა ჩრ.კორეად გადაიქცევა, თუ ოპოზიცია არ იქნება – რას ფიქრობს ხალხი ბათუმში ოცნების დაპირებაზე | გამოკითხვა

YouTube video player

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 618 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 360]
  • ტანკი – 8 611 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 16 821 ერთეული [+35]
  • საარტილერიო სისტემა – 17 664 ერთეული [+18]
  • MLRS – 1 177 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 940 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 573 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 578 ერთეული [+21]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 972 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 3 002 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 642 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 30 987 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 811 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 435 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 985 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 539 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

წელს რეკორდული რაოდენობით ჯენზი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას – სტუდენტი –

გვანცა მიკაელა გვანცელაძე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც უტყუარად სჯერა, რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს ვერც მმართვლი პოლიტიკურო ძალა შეაჩერებს და ვერც სხვა ძალები, რადგან ეს ჩვენმა ახალგაზრდობამ, ჯენზიმ უკვე გადაწყვიტა. „ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. ამ შემთხვევაში, უბრალოდ დრო ჩამოგვრჩა“ – ამბობს გვანცა, რომელსაც გააზრებული აქვს, რომ „თუ არჩევნებზე არ წავა, ქვეყანა არასდროს დალაგდება და თავისთავად“.

  • გვანცა, პირველ რიგში გვითხრათ, ვინ ხართ და რას აკეთებთ ამჟამად?

მე ვარ გვანცა მიკაელა გვანცელაძე, 26 წლის. ვსწავლობ ჯიპაში მედია-კომუნიკაციის მეორე კურსზე. ეს ჩემი უკვე მესამე უნივერსიტეტია და, შესაბამისად, ჩემი თანაკურსელები ჩემზე რამდენიმე წლით პატარები არიან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ვხედავ, რომ ძალიან საღად მოაზროვნე ახალგაზრდობა გვყავს – ჩემი თაობისგან ძალიან განსხვავებული. შესაძლოა გარედან ჩანდეს თითქოს ამ ახალგაზრდებს არ აქვთ ბევრი ინტერესი, თუმცა ეს თაობა ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტია, რომელიც ბევრი რამის ცვლილებას შეძლებს.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ ხალხმა ამოიღოს ხმა. ჩვენთან ყველაზე რთული ეს მგონია. ეს ხდება ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობიდან მუდამ გვეუბნებიან, ვთქვათ მეზობელი რას იტყვის, ნაცნობი რას იტყვის და ასე შემდეგ. როდესაც ვიზრდებით, ყოველთვის გაჩუმებისკენ გვიბიძგებენ. ეს ბავშვები არიან ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მათ ხმის ამოღების არ ეშინიათ.

  • რა როლი უკავია ჯენზის დღევანდელ რეალობაში, რისი გაკეთების საშუალება აქვს მას?

გაზაფხულზე აქციები არავისთვის იყო მარტივი, კონკრეტულად იმათთვის, ვინც ღამეებს ათევდა იქ. ძალიან ბევრი ტალღა თუ ეტაპი გადაიტანა ამ აქციამ, თუ საზოგადოებამ. ძალიან დასაფასებელია მაშინდელი ჩვენი სპორტსმენების გზავნილები, რომლებმაც მართლა შეკრეს და კიდევ უფრო გააერთიანეს ჩვენი საზოგადოება.

წელს ჯენზის რეკორდული რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, რაც მე რაღაც მხრივ შვებას მგვრის. ამ წუთას ახალგაზრდებმა ის ძალა, რაც მათ ხელთ აქვთ, ბოლომდე უნდა გამოიყენონ არჩევნებზე. უნდა მივიდნენ არჩევნებზე და აუცილებლად დააფიქსირონ საკუთარი ხმა.

მე, პირადად, უფრო პატარა რომ ვიყავი, მაგალითად, არ ვიცოდი, როგორ ითვლებოდა არჩევნებზე ხმები. მეგონა თუ არ მივიდოდი, ჩემი ხმა უბრალოდ გაბათილდებოდა და მას ვერავინ გამოიყენებდა თავის სასარგებლოდ. ეს, რა თქმა უნდა, რეალობას ძალიანაა მოკლებული.

მე, პირადად, ორჯერ არ მივედი არჩევნებზე, რადგან ნიჰილისტურმა თუ ნეგატიურმა დამოკიდებულებებმა, როგორღაც მეც ჩამითრია. ინერტული ვიყავი, რადგან მეგონა არაფერი შეიცვლებოდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ თუ არჩევნებზე არ  წავალ, ქვეყანაც არასდროს დალაგდება და თავისთავად, არც ჩემთვის თუ სხვა ადამიანებისთვის არ შეწყდება და მოგვარდება სხვადასხვა ტიპის პრობლემები.

ხშირად ისმის კითხვა – აბა ვის მივცეთ ხმა? ამაზე პასუხი ცალსახაა – ნებისმიერს, გარდა მმართველი პარტიისა. ჩვენი მმართველი პარტია არის აგონიაში, არ იცის რას აკეთებს. ამ დროს კი ძალიან რთულია განსაზღვრო ასეთი ადამიანების ჯგუფი კიდევ რის გაკეთებას შეეცდებიან. ზუსტად მსგავსი სიტუაცია გვაქვს დღეს ქვეყანაში. ჯენზიმ სწორად უნდა გამოიყენოს ბერკეტი და აქტიურად უნდა იყოს ჩართული მიმდინარე პროცესებში, რომ არ გაყალბდეს არჩევნები.

  • თქვენი აზრით, რას ემსახურება მთავრობის პრორუსული განცხადებები თუ ქმედებები?

ვფიქრობ, ჩვენი მთავრობის ქმედებები შეიძლება შევადაროთ ზაფხულის ბათუმს. ზაფხულში ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გამოიმუშაონ. სამწუხაროდ, ამათ შემთხვევაში რუსულ რუბლებზეა საუბარი, რომ შემდეგ მთელი წლის განმავლობაში თავი გაიტანონ. ადამიანები იძულებულნი არიან ასე მოიქცნენ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც დღეს მთავრობა ატარებს.

მთავრობის საქციელიც ზუსტად ამას ჰგავს. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი რუბლი ჩაიჯიბონ, ამისთვის კი არაფერზე იხევენ უკან და არც არაფერი ერიდებათ.

ნებისმიერ მაღალჩინოსანს თუ ჩინოვნიკს ეშინია ის ტოტი არ მოჭრას, რომელზეც ზის. არც ერთ მათგანს არ შეუძლია სრული დეკლარაცია წარმოადგინოს, სადაც გამოჩნდება, თუ როგორ იღებენ ამხელა თანხებს ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში. უამრავ მათგანს ნათესავებსა და ახლობლებზე აქვს გადაფორმებული უამრავი ქონება თუ მიწა. ადამიანს, რომელსაც ამხელა ქონება აქვს, ვალდებულია გადაიხადოს სპეციალური გადასახადები. ამიტომ ძალიან საინტერესოა, როგორ ახერხებენ ეს ჩინოვნიკები ამაზე თავის არიდებას.

ოფშორების კანონიც არის ასეთი მავნე კანონი, რომელიც რუსული კანონის ჩრდილშია გატარებული. ეს კანონი მხოლოდ ერთი ადამიანის ბენეფიტზეა მორგებული, რომელსაც აურაცხელი ქონება შემოაქვს ქვეყანაში, ამისთვის კი  სახელმწიფოს არაფერს უხდის. ამას ისიც ემატება, რომ საჯაროდ არავინ იცის, საიდან მოდის ეს ქონება.

ეს კანონი ქვეყანას აქცევს შავ ბაზრად. თუ ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუნდაც ეს ან რუსული კანონი არ არის პრობლემა, მაშინ ნამდვილად შეგნების და მიხვედრის პრობლემასთან გვაქვს საქმე, ან უბრალოდ ეს ხალხი პროპაგანდის მსხვერპლია. ის ფაქტი, რომ თითქოს მსგავსი კანონი საფრანგეთს და ამერიკას აქვს აზრს და არგუმენტებს ძალიანაა მოკლებული. იმ კანონში ცხადად ჩანს, რა ან ვინ არის ქვეყნისთვის საფრთხე და სხვა მიზანს ემსახურება.

ვფიქრობ, ამ კანონის შემოტანა მმართველი პარტიის ბოლო მცდელობა და იმედია, რომელსაც ებღაუჭება. ამ შემთხვევაში სანერვიულო აქვთ ძალაუფლების დაკარგვასა და ქონებაზე, რომელიც რუსეთში აქვთ დაგროვილი ან იმ ქონებაზე, რომელიც არალეგალურად აქვთ მოპოვებული. ისინი შავად ნაშოვნ ფულს იმაში ხარჯავენ, რომ მათი ოჯახის წევრები იმ პროგრესს აზიარონ, რომელსაც ისინი დღეს ეწინააღმდეგებიან. ეს უნდა გაიგოს ხალხმა.

ზოგადად, ძალიან რთულია მშიერ და გაჭირვებულ ადამიანს ელაპარაკო წინსვლასა და განვითარებაზე მაშინ, როდესაც ადამიანი თანახმაა კარტოფილზე ან ხახვზე გაყიდოს ხმა. ეს, სამწუხაროდ, ასოცირდება ქართულ არჩევნებთან. მთავარი პარადოქსი ის არის, რომ ის თანხა, რასაც ეს ხალხი იღებს ხმის გაყიდვაში, ზუსტად მათივე შექმნილ სისტემაში პურის საყიდლადაც არ ჰყოფნით. ეს არის ის ჩაკეტილი წრე, რომელსაც უნდა დავაღწიოთ თავი. ამ წრის გამრღვევი კი ჯენზია.

  • რა სიკეთის მოტანა შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთვის?

ჩვენ გეოგრაფიულად ძალიან კარგი მდებარეობა გვაქვს, ვართ სამეურნეო ქვეყანა. სამწუხაროდ, ამას უკვე პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს და მხოლოდ იარლიყია შემორჩენილი. როდესაც გლეხი კახეთში იფიცება, ყურძენს რომ ვერ აბარებს და ვერ აწარმოებს, მას ძლიერ ალიანსში ექნება საშუალება, რომ ეს ხარისხიანი პროდუქტი არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვრებს გარეთაც გაიტანოს. ეს, შესაბამისად, მეწარმეობას შეუწყობს ხელს.

როდესაც სოფელი იქნება ძლიერი, ქვეყანაც ძლიერი იქნება. წინა დღეს ვკითხულობდი ზუსტად ამ გლეხებზე. ხალხი ღიზიანდება – ყურძენს ვერ ყიდის. საქართველოში ამჟამად ძირითადად ორი აქტუალური ცენტრია – თბილისი და ბათუმი. მაგრამ რეალურად, ამის გარდა, არის უამრავი ნაყოფიერი და მეურნეობისთვის პოტენციურად გამოსადეგი მიწა, რომელსაც დამუშავება სჭირდება და რომელსაც განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს.

კიდევ გავრცელდა ერთი ახალგაზრდა გოგოს ვიდეო, რომელიც სოფელში ცხოვრობს რთულ პირობებში და ოცნებობს, რომ ჰქონდეს სახლი და ბოსელი მისი საქონლისთვის. ადამიანს არ უნდა უწევდეს იმაზე ოცნება, რომ თავსზემოთ ჰქონდეს სახურავი, თან საკუთარ მიწაზე. კატასტროფაა, როდესაც ხალხს საკუთარ ტერიტორიაზე არ აქვს საცხოვრებელი სახლი ან თუნდაც საკვები. იმის შესაძლებლობა არაა, რომ მოხუცმა წესიერად იკვებოს თავშესაფარში, თუ ისევ საბოლოოდ საზოგადოება არ მიეხმარა ასეთ ხალხს და ფინანსურად არ დაეხმარა. დღეს მაღაროელებიც გაიფიცნენ, ნახევარი შიმშილობს, რადგან სახელმწიფოს მათი არ ესმის.

ჩვენი ქვეყანა ბურღულეულზეა გაზრდილი, რადგან ხალხს არ აქვს მეტის საშუალება. ამჟამად მათი ფასიც ისეა გაზრდილი, რომ მათი ყიდვაც კი ფუფუნება გახდა. ფუფუნება არ უნდა იყოს საკვების ყიდვა ან თუნდაც სახლის ქონა, სადაც მშვიდად დაიძინებ. ჯერ კიდევ გადაუჭრელია სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც უამრავ რეგიონს დღემდე არ მიეწოდება ნორმალურად.

როდესაც ჩვენ გავხდებით ალიანსის, ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, მოგვეცემა საშუალება, რომ ყველა ეს პრობლემა ნელ-ნელა გამოვასწოროთ და ისინი საბოლოოდ დავძლიოთ.

  • გაქვთ ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია ამ საკითხზერუსული კანონი როგორ აშორებს საქართველოს ევროპას და რას აზრის არიან ამაზე თქვენი ოჯახის წევრები?

ჩემი ოჯახი ამ მხრივ ძალიან მრავალფეროვანია. დედას საქართველო ძალიან უყვარს, რისი სიყვარულითაც ჩვენც გაგვზარდა. როდესაც ქვეყანაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, დედასგან ყოველთვის მესმის ხოლმე, რომ ფრთხილად ვიყო და მაინც და მაინც წინა რიგებში არ ვიდგე აქციების დროს. აქციებზე გასვლა არასდროს აუკრძალავს. ყველამ ისედაც იცის, რომ აქციებზე გაუსვლელად ვერ გავჩერდები სახლში.

მამა, მეორე მხრივ, არის უფრო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. მამასთანაც მქონია რუსულ კანონზე საუბარი, ვუხსნიდი, თუ რატომ არის ეს კანონი არასწორი და არაკონსტიტუციური. სულ მცირე ის ფაქტიც კი, რომ ამ კანონის გამო ოჯახის წევრთან კამათი გიწევს, ესეც ამ კანონის გვერდითი პროდუქტია. როდესაც კანონი ასეთ მღელვარებას იწვევს საზოგადოებაში, ის უკვე არასწორია. 

ჯენზის ზუსტად ჩემი მშობლების და მათი მშობლების თაობები უნდა უმაგრებდნენ ზურგს, რომელთაც თუნდაც 9 აპრილის ტრაგედია თუ სხვა მრავალი რამ აქვთ გამოვლილი.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, ფუნდამენტური პრობლემა დეზინფორმაციაა სახელმწიფო მედიების მხრიდან. ასეთ პროპაგანდისტულ მედიებს ძალიან ცუდი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე. თუნდაც ამ მხრივაა ევროკავშირი კარგი, რადგან ასეთ რაღაცებს რეგულაციები ყოველთვის მოჰყვება.

თუ, მაგალითად, „იმედი“, „რუსთავი 2“ ან სხვა პროპაგანდისტული მედიები რუსეთიდან ან თუნდაც მმართველი პარტიის მხრიდან არ დაფინანსდება, ასეთი დოზის დეზინფორმაციასთან აღარ გვექნება საქმე. თუ ვინმე იტყვის, რომ სხვა მედიებიც ფინანსდებიან დასავლური თანხებით, აქვე შეიძლება პასუხის გაცემა, რომ ეს მედიები მათი დამფინანსებლებისგან დამოუკიდებლად მუშაობენ. დასავლეთი არ ერევა მათ საქმიანობაში. ეს მედიები კი არ ავრცელებენ დეზინფორმაციას.

ვფიქრობ, თაობათა კომუნიკაციის და ცვლის ხარჯზე შევძლებთ ამ ძალიან რთული პრობლემისგან თავის დაღწევას. მე და ჩემი თანამოაზრეები ძალიან მშვიდად ვართ, რადგან რაც არ უნდა მოხდეს და მმართველმა პარტიამ რამდენიც არ უნდა დაგვარბიოს, თუნდაც მომწამვლელი გაზები შეგვასხას, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით საბრძოლველად. საქართველოს ბედი უკვე გადაწყვეტილია. ჩვენმა ახალგაზრდობამ უკვე გადაწყვიტა, ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. ამ შემთხვევაში, უბრალოდ დრო ჩამოგვრჩა.

  • როგორი მოლოდინები გაქვთ არჩევნებზე?

ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ იქნება ორი ვარიანტი თუ როგორ განვითარდება სიტუაცია. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გააყალბებს არჩევნებს, ამას მოჰყვება უზარმაზარი პროტესტი. ყველა იქნება მზად იმისთვის, რომ ქუჩაში იდგეს იქამდე, სანამ იმას არ მივიღებთ, რასაც ვიმსახურებთ და რისთვისაც ვიბრძვით.

მეორე ვარიანტში, ოცნება 12 წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვებს პარლამენტს და უკან აღარასდროს დაბრუნდება მმართველობაში. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, ამას არ აქვს სხვა ალტერნატივა. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც იმ შედეგს მივიღებთ, რაც ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება. ყოველ შემთხვევაში წინ დიდი ბრძოლა გველის.

ქვეყნის საძირკველი მთავრობაა. შესაბამისად, თუ ქვეყანას არ აქვს მყარი, ძლიერი და კარგი საძირკველი, ჩვენმა პატარა ჯგუფურმა განშტოებებმა რამდენი აგურიც არ უნდა დავაშენოთ ამ საძირკველს, ის მაინც ჩამონგრევისთვისაა განწირული. ამის გააზრება საკმაოდ რთული იყო. არ მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იმაზე იფიქროს, რომ თითქოს კონკრეტულად მხოლოდ დღევანდელ მმართველ პარტიაზე მაქვს საუბარი, ეს ეხება ყველა პარტიას, რომელიც სამომავლოდ იქნება ქვეყნის ხელისუფლებაში.

მე მივესალმები ოპოზიციური პარტიების გაერთიანების გადაწყვეტილებას და ვისურვებდი, რომ ეს უფრო ადრე ექნათ. ყველა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქართველი ხალხი არა მათთვის, არამედ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძვის. იმ შემთხვევაში, თუ მომავალში ახალი მმართველი პარტიები სწორ და ევროპულ გზას გადაუხვევენ, იგივე ბედს გაიზიარებენ, რასაც „ქართული ოცნება“ მალე იხილავს.

საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანისთვის მენტალური ჯანმრთელობა შეუცვლელია. ჩამონგრეულ ქვეყანაში შეუძლებელია მენტალურად ჯანმრთელი იყოს ადამიანი. შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა განვითარება, წინსვლა, არ გვინდა, რომ სულ დეპრესიაში ვიყოთ, გვქონდეს კარგი სამუშაო გარემო და ბევრი სხვა სიკეთე, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ საკუთარი ხმა. არავის უნდა მივცეთ საშუალება, რომ გაგვაჩუმოს. ყველას ხმა მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენს ხელშია ჩვენი ქვეყნის ბედი.

ტურისტი აქეთ-იქით არ უნდა დარბოდეს, უნდა იყოს ერთი ტუალეტი – პრობლემები მაჭახლის ეროვნულ პარკში

„ეს ხეობა მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის, როცა ეროვნული პარკის სტატუსი მიიღო, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ არ ვართ მზად მათ დასახვედრად. ერთი ტუალეტიც კი არ არის სოფელში და ტურისტებს აქეთ-იქეთ უწევთ სირბილი. ტყეში კი ბილიკები თითქმის წაშლილია“, – ამბობს რევაზ კახიძე, სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მცხოვრები „ბათუმელებთან“.

მაჭახელას ეროვნული პარკი სოფელ ჩხუტუნეთიდან კილომეტრ-ნახევარში იწყება. სოფელს ამის გამო ბევრი ტურისტი სტუმრობს, თუმცა ადგილობრივები გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ. ერთ-ერთია რევაზ კახიძეც, რომელსაც ამ სოფელში ყოფნის დროს ვესაუბრეთ.

„ბაზა არ გვაქვს, რომ ტურისტებს სათანადოდ მოვემსახუროთ.

სოფლის ცენტრში უნდა იყოს ერთი საერთო ტუალეტი, მაგრამ არ არის და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. აქ მოსული ტურისტი რატომ უნდა დარბოდეს იქით-აქეთ?

ზოგადად, საზოგადოებრივი ტუალეტის პრობლემა დგას ჩვენს ქვეყანაში, აქაც, ბათუმშიც და მთელ აჭარაში, მაშინ, როცა ვამბობთ, რომ ტურიზმზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ.

იმდენი ტურისტი მოდის, ზოგი ფეხით, ზოგი ველოსიპედით, ზოგი მანქანებით – ყველა ტუალეტს კითხულობს და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“, – ამბობს რევაზ კახიძე.

მეორე პრობლემა, რაზეც რევაზ კახიძე გვესაუბრება, პარკის ტერიტორიაზე ბილიკების ნაკლებობაა.

„ტურისტი როცა მოდის და ეუბნები, რომ „პარკის ტერიტორიაზე ხარ“, იქ უნდა დაახვედრო ინფრასტრუქტურა. მოწყობილი უნდა იყოს ბილიკები, ნიშნულები და ასე შემდეგ.

მაგალითად, დუნგას ჩანჩქერია აქ, რომელიც მითითებულია ტურისტულ რუკაზე, მაგრამ ძნელია იქ მისვლა, რადგან ბილიკები არ არის.

ერთ მდინარეზე არის 5 ჩანჩქერი, ვეუბნებით ტურისტებს, მიგვყავს, მაგრამ გვეშინია, რომ რაიმე არ მოხდეს, რადგან საცალფეხო ბილიკი მიდის, ისიც ჩვენი გაკეთებული და გვეშინია, რისკია დიდი, შეიძლება ტურისტი სადმე ჩავარდეს და დაზიანდეს.

ეს ბილიკები უნდა იყოს კაპიტალურად გაკეთებული. აი, ასეთი პრობლემებია მოსაგვარებელი. ტურიზმის დეპარტამენტი უნდა აქცევდეს ამას ყურადღებას“, – ამბობს რევაზ კახიძე.

მისი თქმით, ჩხერის ხიდთან კიდევ ერთი ჩანჩქერია, რომელიც ძალიან იზიდავს ტურისტებს, თუმცა მისასვლელი ბილიკები არც აქაა.

„ქალის გამოსახულება აქვს ამ ჩანჩქერს, ისეთი მიმზიდველია ტურისტებისთვის, მაგრამ არ არის მისასვლელი გზა. ხელით გაკეთებული კიბეა მხოლოდ, რითაც შეიძლება ისარგებლო.

რადგან ტყეში შესვლა აკრძალულია, ამასაც თავისი მინუსები აქვს, ხალხი რომ ვეღარ დადის ტყეში, ბილიკები თითქმის დაიკარგა. ტურისტი რომ წავიდეს თავისით, შეიძლება ვერც იაროს, ისეთი ბარდი და ეკალია მოდებული.

აქედან, ანუ დასახლებული პუნქტიდან პარკი იწყება კილომეტრ-ნახევარში, მაგრამ როცა ადიხარ, არც ერთი ბილიკი აღარაა. რეინჯერები დადიან და აკონტროლებენ, თორემ ჩვენ არ შეგვიძლია. მე აქ დავიბადე, გავიზარდე და უკვე ვეღარ შევდივარ ტყეში, გასეირნება რომ მინდოდეს, ვეღარ გავისეირნებ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბილიკები წაშლილია, მეორეც საშიშია ძალიან, რადგან ნადირია მომრავლებული. შინაურ ცხოველებსაც აღარ ინახავს ხალხი, რადგან საქონელი დაგლიჯა მხეცმა“, – ამბობს რეზო კახიძე.

მისი თქმით, ტურიზმს ხელს უშლის ისიც, რომ ხშირად ითიშება დენი სოფელში.

„ზაფხულში უფრო ადვილია შეკეთება, მაგრამ ზამთრობით სწრაფად ვერ აკეთებენ და ესეც პრობლემაა. კარგი იქნება, თუ ამ პრობლემასაც მიაქცევენ ყურადღებას“, – ამბობს რევაზ კახიძე.

მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშია. იგი ბათუმიდან 30 კმ-ითაა დაშორებული.

პარკის ტერიტორია წარმოდგენილია მდინარე მაჭახელას ფერდობებზე შეფენილი დაბურული ტყეებით, სადაც თითქმის მთლიანი ფართობი დაფარულია წაბლის, წიფლის, რცხილისა და მურყნის ტყეებით. გვხვდება ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს სამი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.

მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი მაისიდან-ოქტომბრამდე გრძელდება.

_________________

მთავარი ფოტო: რევაზ კახიძე/ზედა ჩხუტუნეთი

აჩის არ ესმის – მას ოპერაციისთვის 40 000 დოლარი სჭირდება

ფოტოზე, რომელსაც ხედავთ, წლის და 1 თვის აჩი დუმბაძეა, რომელიც ხულოში, სოფელ ხიხაძირში ცხოვრობს. აჩის ძალიან უყვარს სიცილი, საზამთრო და ბურთებით თამაში, მაგრამ აჩის არაფერი ესმის, მას დაბადებიდან ორივე ყურში სმენის სრული დაქვეითება აქვს.

თუ აჩის სმენა არ ექნება, ის საუბარსაც ვერ დაიწყებს. მას ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ საკმაოდ ძვირადღირებული მკურნალობის და იმპლანტის შედეგად პირველად გაიგონოს მშობლების, ოჯახის წევრების, ცხოველების, ქარის, წვიმის და ბუნების ხმები.

ამისთვის აჩის ოჯახს მინიმუმ 40 ათასი დოლარი სჭირდება.

ეს თანხაა საჭირო ოპერაციისთვის, რომელიც აჩის თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში უნდა გაუკეთონ. ხარჯთაღრიცხვა ოჯახმა კლინიკიდან უკვე მიიღო და ახლა აჩის ოჯახი ცდილობს ეს თანხა როგორმე იშოვოს.

ნატო აბაშიძე აჩის დედაა. აჩი მისი პირველი შვილია. ნატო ამბობს, რომ აჩის დაბადების შემდეგ, როცა მალევე გაირკვა, რომ ბავშვს არ ესმოდა, ექიმიდან ექიმთან დადიან ზუსტი დიაგნოზისა და გამოსავლის ძიებაში.

„სანამ სამშობიაროდ გამოგვწერდნენ, იყო სმენის სკრინინგი და აჩიმ ვერ გაიარა. მითხრეს, ორ კვირაში გადაამოწმეთ, გოგირდის საცობი არ იყოსო, რადგან არ ჰქონია გენეტიკური წინასწარგანწყობა აჩის, არც პრობლემური ორსულობა მქონია, არც დღენაკლული დაბადებულა.

35 დღის იყო, რომ გადავამოწმეთ და ისევ რომ ვერ გაიარა სკრინინგი, მას შემდეგ ექიმებში დავდივართ. 11 თვის იყო, როცა სტამბოლში მოხდა აჩის სრული დიაგნოსტიკა.

აჩის დიაგნოზია სმენის სრული დაქვეითება ორივე ყურში. გარდა ამისა, აჩის აქვს „კოხლეარის ნერვები“ ძალიან წვრილი. როცა პირველად სტამბოლში წავიყვანეთ და გამოკვლევები ჩავუტარეთ, ეს ნერვები საერთოდ არ აღმოაჩნდა. შემდეგ გაკეთდა დამიზნებითი ემერტე, რომელიც სტამბოლში მხოლოდ ორ ადგილას კეთდება და აღმოაჩნდა კოხლეარის ნერვები, მხოლოდ ძალიან წვრილი.

გადაწყდა, რომ უნდა გაკეთდეს ოპერაცია შუა ყურში, მაგრამ ექიმმა დასკვნაში მიუთითა ისიც, რომ მეორე ვარიანტად, თუ ვერ მივიღეთ სმენის ხარისხი და ვერ გაიგონა ამ ოპერაციის შედეგად, უნდა გაკეთდეს მეორე ოპერაცია ტვინის ღეროში.

ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს ახლა, ადრეულ ასაკში. ძალიან კარგი იქნებოდა ერთ წლამდე ასაკში რომ გაგვეკეთებინა, მაგრამ არ გვქონდა ოჯახს შესაძლებლობა, რომ ამხელა თანხა გვეშოვა. ორი წლის შემდეგ ამ ოპერაციას ეფექტი არ ექნება და საერთოდ არ აკეთებენ სტამბოლში.

მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც რისი შესაძლებლობაც ექნება, თუნდაც ერთი ლარით თუ დაგვიდგებიან გვერდში.

ძალიან მადლიერი ვიქნები, თუ ჩემი შვილი შეძლებს, რომ გაიგონოს, დაილაპარაკოს… ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ იარსებებს, მეორედ დავიბადები.

ერთ წელია ვიბრძვი, რომ ზუსტი დიაგნოზი გვქონდეს, ვიბრძვით იმისთვის, რომ აჩიმ გაიგონოს“, – ამბობს ნატო აბაშიძე.

ოჯახმა უკვე მიმართა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებისთვის.

ნატო ამბობს, რომ დაფინანსების მიღების შემთხვევაშიც არ იქნება თანხა საკმარისი აჩის მკურნალობისთვის:

„ჯანდაცვის სამინისტროს საზღვარგარეთ დაფინანსების პროგრამით 10 000 დოლარი აქვს მაქსიმალური გამოყოფილი. თუ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დაგვაფინანსებს, შემდეგ 30 ათასი ლარით დაგვაფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. ეს ჯამში თითქმის 20 ათასი დოლარია და 20 000 დოლარი გვრჩება, რაც უნდა შევაგროვოთ.

გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ შეიძლება აჩისთვის ფრენა, ეს ერთი თვე უნდა იყოს კონტროლზე, რადგან ერთი თვის შემდეგ უნდა ჩართონ აპარატი, ეს პერიოდი უნდა ვიყოთ სტამბოლში და იმედია ჯანდაცვა დაგვაფინანსებს და საზოგადოება დაგვეხმარება, თორემ ამდენს უბრალოდ ვერ გავწვდებით“, – ამბობს ნატო.

_______________________________________________

აჩის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი: GE93BG0000000045978300

მიმღები: ნატო აბაშიძე [აჩის დედა]

„ბიაფი“ სახელმწიფომ არც წელს დააფინანსა, მაგრამ კინოფესტივალი მაინც გაიმართება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი წელს მეცხრამეტედ ჩატარდება. ეს იქნება მესამე წელი ფესტივალისთვის, ყოველგვარი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე.

ბათუმის მერიამ და აჭარის კულტურის სამინისტრომ „ბიაფს“ კინოფესტივალის დაფინანსებაზე 2024 წელსაც უარი უთხრა.

„ბიაფის“ დაფინანსებაზე უარი სახელმწიფო სტრუქტურებმა პირველად 2022 წელს თქვეს. მანამდე აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია კინოფესტივალის მუდმივი პარტნიორები იყვნენ.

„ბიაფის არდაფინანსებას არ აქვს არანაირი ლოგიკური და არგუმენტირებული მიზეზი. აჭარის რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული, საერთაშორისო დონის ფესტივალია. ყოველწლიურად ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს კინომოყვარულებისთვის და ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც აქვს სამინისტროს და მერიას, ბიაფი სრულად პასუხობს,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი, კინოფესტივალის მენეჯერი.

ზვიად ელიზიანის თქმით, მიმდინარე წელს ბათუმის მერიისგან და აჭარის კულტურის სამინისტროსგან 15-მდე ფესტივალი დაფინანსდა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კომისიაში, რომელსაც „ბიაფის“ და სხვა ფესტივალების დაფინანსების საკითხი უნდა გადაეწყვიტა, 9 წევრი შედიოდა.

„კომისიის 9 წევრიდან 2 გარედან მიწვეული სპეციალისტი იყო, სამი – სამინისტროს წარმომადგენელი, ერთი იყო ბათუმის მერიიდან, ერთი საკრებულოდან და ერთი – უმაღლესი საბჭოდან. შესაბამისად, გასაგებია მათი გადაწყვეტილება.

ოფიციალურ მიზეზად, თუ რატომ ვერ დაფინანსდა ფესტივალი, გვითხრეს, რომ „ბიაფმა“ ვერ დააგროვა საჭირო ქულები. წარმოუდგენელია, რომ ამ 15 ფესტივალში რომ ვერ ხვდება „ბიაფი“.

ეს ან იმის მანიშნებელია, რომ კომისიის წევრები აბსოლუტურად არაკომპეტენტურები იყვნენ, (რადგან „ბიაფი“ რომ ვერ ფინანსდება, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ იცი რა ხდება კულტურის სფეროში და ფესტივალებში), ან მეორეა, რომ ეს იყო წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება.

როგორც მე ვიცი კომისიის წევრები იყვნენ, სამინისტროდან – კაკო ძნელაძე, უმაღლესი საბჭოდან – დათო ბაციკაძე, მერიიდან – სოფო ხალვაში და საკრებულოდან – ლევან ცხოიძე. თავად მინისტრთანაც მოვითხოვე შეხვედრა, მაგრამ რეალურად არგუმენტირებული პასუხი, რატომ არ დაფინანსდა კინოფესტივალი, ვერ მივიღე,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი „ბათუმელებთან“.

  • როგორ ჩატარდება ბიაფი

სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის მიუხედავად ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო მე-19 ფესტივალი ბათუმში მაინც ჩატარდება.

„ბიაფი“ ბათუმში 27 სექტემბერს გაიხსნება და 3 ოქტომბრამდე გასტანს.

„ბიაფი“ წლების განმავლობაში გახდა ბათუმის და მთლიანად რეგიონის სავიზიტო ბარათია და კინომოყვარულებისთვის შემოდგომაზე ბათუმში ჩამოსვლის მიზეზიც. სირთულეების მიუხედავად, კინოფესტივალის მენეჯერი ამბობს, რომ ფესტივალზე საინტერესო ფილმები იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალზე ცალკე სექცია დაეთმობა უკრაინას და უკრაინულ კინოს. ცნობილია, რომ ამ სექციაში სამი უკრაინული ფილმი იქნება ნაჩვენები.

სრული პროგრამა, თუ რა ფილმებს იხილავს ფესტივალზე მისული მაყურებელი მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

წელს, გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის„აპოლოში“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი „კავეაში“ გაიმართება. ასევე იქნება ტრადიციული ღია კინოჩვენებები ევროპის მოედანზე.

რაც შეეხება დაფინანსებას, მისი მოპოვება სხვადასხვა ფონდებიდან სცადა კინოფესტივალის მენეჯმენტმა.

„ფესტივალზე იქნება ისეთი ფილმები წარმოდგენილი, რომელიც დაფინანსებულია სხვადასხვა საელჩოების მიერ. რაღაც ნაწილის ჩვენებაზე ნებართვას ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით უფასოდ ვიღებთ. ლიცენზიებს ვგულისხმობ, რადგან 10-15 ათასი ევროს ფარგლებშია ლიცენზიის თანხა, რომ გადაიხადო. რაც შეეხება დანარჩენ დაფინანსებას, გაგვიმართლა, რომ იყო მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადებული, სადაც, რა თქმა უნდა, მცირე, მაგრამ მაინც მოვიპოვეთ დაფინანსება. სულ 12 ათასი ევროა, რომელიც ლოჯისტიკაში უნდა გვეყოს.

ასევე ვცდილობთ მცირე მხარდაჭერის მოპოვებას სასტუმროებიდან ფასდაკლებების სახით. მცირე სპონსორებით ვცდილობთ მინიმალურ დონეზე საჭირო ხარჯები დავფაროთ,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი.

მისი თქმით, „ბიაფს“ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი რეგიონში კინოს, ტურიზმის და ქალაქის პოპულარიზაციაშიც.

„რეგიონის და ქალაქის ჭრილში რომ ავიღოთ, საერთაშორისო ფესტივალებს და მათ შორის „ბიაფსაც“, თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს იგივე ქალაქის პოპულარიზაციაში. ყველა ის რეჟისორი, ვინც აქ ყოფილა, როცა ბრუნდებიან, მათგანაც პოზიტიური ინფორმაცია მიდის რეგიონზე, ქალაქზე. ასევე დადებითი გაშუქება ხდება უცხოურ პრესაში. ასეთი ფესტივალით ქალაქი კულტურულ რუკაზე თავის ადგილს მოიპოვებს.

ვფიქრობ, საკმაოდ დადებით როლს ასრულებს „ბიაფი“ და კიდევ შეასრულებს,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი.

არასდროს დავრეგისტრირდებით რუსული კანონის რეესტრში – ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“

ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“ უცხადებს, რომ არ დარეგისტრირდება რუსული კანონის რეესტრში.

„ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“, არც ახლა და არც არასდროს არ დარეგისტრირდება რუსული კანონის რეესტრში. ეს ჩვენთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად მიუღებელი.

შესაბამისად, ვაჩერებთ საქმიანობას ფინანსური კუთხით (რადგან დაგვაჯარიმებენ და დაგვაყადაღებენ), თუმცა თემატურად ისევ აქტიურები ვიქნებით“, – აცხადებს ორგანიზაცია და განცხადებას ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, მაგალითად, შავი ზღვის ეკოსისტემაზე „ჩრდილოვანი თევზჭერის“ და მტაცებელი მოლუსკ რაპანის უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაზე.

მსგავსი განცხადებები ვრცელდება არაერთი ორგანიზაციის მხრიდან, რომლებიც არ ემორჩილებიან რუსულ კანონს და არ აპირებენ „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ“ პირთა რეესტრში“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში, რომელიც დღეს, 2 სექტემბერს გავრცელდა ფეისბუქში.

ენათმეცნიერ მარინე ბერიძის განმარტებით, „…ინტერესების გამტარებელს [რიგით ქართველში] მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს. [ეს ტერმინი] მტრული ორგანიზაციების მონიშვნის საშუალებაა რიგითი ქართველისთვის“.

___

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსს მიანიჭებს.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარის“ იარლიყზე, მაშინ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაარეგისტრირებენ და 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.

როგორ ამზადებენ კარაქს მემთეურები – 72 წლის ნაზიკო გომისმთიდან

კარაქი, რომელსაც მემთეურები ამზადებენ, ძალიან განსხვავდება იმ კარაქისგან, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება. მთაში მომზადებული კარაქი გემრიელი, უფრო ნოყიერი და ნატურალურია, მაგრამ მისი მომზადება საკმაოდ რთულია.

კარაქის მომზადების ტექნოლოგიაზე „ბათუმელებს“ 72 წლის ნაზიკო ბერიძე ესაუბრა, რომელიც შუახევის სოფელ ცეკვაში ცხოვრობს და ზაფხულობით გომისმთაზე მემთეურობს. იგი 32 წელია მემთეურია.

ნაზიკო ბერიძე

„მემთეურობაში ყველაფერი რთულია. ჯერ მხოლოდ ის, რომ საქონელი უნდა გაასუფთაო, მერე აქეთ სეფერატორი უნდა დაატრიალო, რძე გამოხადო, ყველი ამოიღო.

კარაქი კი კაიმაღისგან მზადდება. კარაქი უნდა მოაცილო კაიმაღს, რისთვისაც კარგად უნდა მორეკო. სიცხე თუა, ძალიან ძნელია მორეკვა, თუ ასეთი ამინდებია, როგორიც დღეს, ნისლიანი, ცივი, ძალიან ადვილია კარაქის მოსვლა. „მოსვლას“ ვეძახით ჩვენ.

ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ კარაქი გაფუჭებით არ გამფუჭებია, მაგრამ გამდნარა და გამდნარ კარაქად ქცეულა.

ცივი ამინდები რომ დადგება, ამოვიღებთ, თასებით დავდგამთ და გავაცივებთ. ძალიან ადვილია გაცივებული კარაქის მორეკვა. რომ ცივდება, დამდნარ კარაქს კარგავს” [სტილი დაცულია], – გვიხსნის ნაზიკო და დასძენს, რომ ვისაც ბევრი საქონელი ჰყავს და მალევე აგროვებს საჭირო რაოდენობის კაიმაღს, მას კარაქის ამოყვანა ხშირ-ხშირად უწევს.

ბოლო წლებში ნაზიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს აღარ უწყობს, ამიტომ, უწინდებურად ვეღარ უვლის ბევრ საქონელს. მას ახლა 2 ძროხა ჰყავს და კარაქსაც პირველად რეკავს წელს.

„თუ მაგარი კაიმაღია, მოზელ ჩვეულებრივად და თუ თხელია – უნდა მოურიო. ერთი თასი მასიდან ნახევარ საათში ამოიყვან კარაქს. თუ თხელია… გააჩნია კაიმაღსაც. თუ კარგი კაიმაღია, მალე მოვა. რომ მოურევ, მიხვდები, გასქელდება და ფერსაც შეიცვლის. მოსული კარაქი კარგად უნდა შეაზილო“ – ამბობს ნაზიკო.

ნაზიკო ბერიძე კარაქის ამოყვანის პროცესში

მემთეური გვიხსნის, რომ სითხეს, რომელიც კარაქის მოყვანის შემდეგ კარაქიდან გამოცალკევდება, „ნარეკას“ ეძახიან:

„ნარეკა საგულდაგულოდ უნდა გადაწურო კაიმაღის თასიდან და შემდეგ დაიწყო კარაქის გარეცხვა. გარეცხავ რამდენჯერმე, სანამ სუფთა წყალს არ გაუშვებს კარაქი. ბოლოს სუფთა წყალსაც გადმოწურავ კარაქის თასიდან და გემოვნების მიხედვით დამარილავ. ისე კი, უფრო წუთხე უნდა იყოს, რომ არ გაფუჭდეს კარაქი“.

ნაზიკო აღნიშნავს, რომ თუ გინდა კარაქი კარგი გამოვიდეს, სულ მცირე 10-12-ჯერ უნდა გარეცხო და თანაც, დიდი ოდენობის კარაქს ვერ გარეცხავ ერთად, მაქსიმუმ 5-6 კილოს.

მემთეური იმ სირთულეებზეც საუბრობს, რაც შეიძლება კარაქის გაკეთების პროცესში იყოს.

„თუ სიცხეა და კარაქი რბილია, ის წყალს შეიყოლიებს, ამიტომ უნდა გააცივო და მარილიც ხელმეორედ შეაზილო. მერე ჩადებ საზამთრო ჭურჭელში და თუ კარგი მოსულია, გამწარებული არ არის, წლიდან წლამდე შეინახავს თავს, მაგრამ შეიძლება გამწარდეს კიდეც“.

ნაზიკოს თქმით, ძალიან რთულია კარაქის ხანგრძლივად რეცხვა, თუნდაც იმიტომ, რომ კარაქი მაქსიმალურად ცივი წყლით უნდა გაირეცხოს: „ძალიან რთულია, მაგრამ თბილი წყლით ვერ გარეცხავ, დადნება და ბევრ წყალს აიხვევს” – გვიხსნის ქალი.

მემთეურის თქმით, ადრე, როცა გომისმთაზე ბევრი საქონელი იყო და ცოტა დამსვენებელი, რძის პროდუქტის ფასიც დაბალი და შეუსაბამო იყო, მაგრამ ახლა, როცა საქონლის და მემთეურების რაოდენობამ იკლო, დამსვენებლებისამ კი – იმატა, რძის პროდუქტსაც უფრო დაედო ფასი.

ჩვენთან საუბრისას ნაზიკო გომისმთაზე მცხოვრები მემთეურების საჭიროებებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ადგილზე სამედიცინო პუნქტი სჭირდებათ.

„სანამ სასწრაფო ამოვა, ადგილზე უნდა იყოს ექთანიც, რომელიც პირველად დახმარებას გაგვიწევს“ – გვითხრა ნაზიკომ. იგი ასევე ამბობს, რომ გზა შუახევიდან გომისმთაზე ცუდია, რაც ძალიან ართულებს მემთეურების ყოფას.

Exit mobile version