კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმში მოქალაქე ძეგლის ხელყოფისთვის მესამედ დააჯარიმეს – ის მაინც არ ჩერდება

23.11.2019 • 8075
ბათუმში მოქალაქე ძეგლის ხელყოფისთვის მესამედ დააჯარიმეს – ის მაინც არ ჩერდება

ბიზნესმენ ენრიკო ბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო. მომჩივანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა, ხოლო დავის საგანი ბათუმში ორი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფაა. ეს პირველი საქმეა ვაჟა-ფშაველას #13- ის შემდეგ, როცა ბათუმში ძეგლზე უკანონო სამუშაოების გამო სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება დაიწყო.

ბიზნესმენი ენრიკო ბერიძე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფისთვის მემედ აბაშიძის #9 – სა და #23-ში რამდენჯერმე დააჯარიმეს და გააფრთხილეს. ერთ შენობაზე ჯარიმის ოდენობა, კანონის შესაბამისად, გასამმაგდა და 15 000 ლარს, მეორე შენობაზე უნებართვო სამუშაოებისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 10 000 ლარს მიაღწიეს, თუმცა ჯარიმებს ბიზნესმენი არ შეუფერხებია.

მემედ აბაშიძის #9

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებმა, პროცესის შესაჩერებლად შენობების მესაკუთრე კანონის შესაბამისად ორჯერ გააფრთხილეს და დააჯარიმეს. კანონი ფიზიკური პირის მიერ ძეგლზე უკანონო სამუშაოების წარმოების შემთხვევაში ჯარიმის სახით 5000 ლარს აწესებს. სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება, შემდეგ კი სამმაგდება.

მესაკუთრემ არც სამუშაოები შეაჩერა და არც ძეგლების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა უცდია. განმეორებით დაჯარიმებისა და გაფრთხილების შემდეგ, სააგენტოს თანამშრომლებმა მიმართეს პოლიციას და შემდეგ სასამართლოსაც.

როგორც სააგენტოს იურისტმა, თამილა აბუსელიძემ განგვიმარტა, ორჯერ გაფრთხილების შემდეგ მესაკუთრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა და არც სააგენტოს მიუმართავს სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით. „ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ“ – ამბობს თამილა აბუსელიძე.

სააგენტოს იურისტმა გვითხრა, რომ კონტროლი გრძელდება და მას შემდეგ, რაც მემედ აბაშიძის #23-ში უკანონო სამუშაოების შეუჩერებლობის გამო სააგენტომ პოლიციას მიმართა, აქ სამუშაოები აღარ განუახლებიათ.

ბოლო მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში ძეგლზე უნებართვო სამუშაოებისთვის სააგენტოს სულ 13 სუბიექტი დაუჯარიმებია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ენრიკო ბერიძე რამდენიმე კომპანიის თანამფლობელი და გენერალური დირექტორია, მათ შორისაა შპს „გეფა“ და სააფთიაქო ქსელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: