„ეს ხეობა მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის, როცა ეროვნული პარკის სტატუსი მიიღო, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ არ ვართ მზად მათ დასახვედრად. ერთი ტუალეტიც კი არ არის სოფელში და ტურისტებს აქეთ-იქეთ უწევთ სირბილი. ტყეში კი ბილიკები თითქმის წაშლილია“, – ამბობს რევაზ კახიძე, სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მცხოვრები „ბათუმელებთან“.
მაჭახელას ეროვნული პარკი სოფელ ჩხუტუნეთიდან კილომეტრ-ნახევარში იწყება. სოფელს ამის გამო ბევრი ტურისტი სტუმრობს, თუმცა ადგილობრივები გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ. ერთ-ერთია რევაზ კახიძეც, რომელსაც ამ სოფელში ყოფნის დროს ვესაუბრეთ.
„ბაზა არ გვაქვს, რომ ტურისტებს სათანადოდ მოვემსახუროთ.
სოფლის ცენტრში უნდა იყოს ერთი საერთო ტუალეტი, მაგრამ არ არის და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. აქ მოსული ტურისტი რატომ უნდა დარბოდეს იქით-აქეთ?
ზოგადად, საზოგადოებრივი ტუალეტის პრობლემა დგას ჩვენს ქვეყანაში, აქაც, ბათუმშიც და მთელ აჭარაში, მაშინ, როცა ვამბობთ, რომ ტურიზმზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ.
იმდენი ტურისტი მოდის, ზოგი ფეხით, ზოგი ველოსიპედით, ზოგი მანქანებით – ყველა ტუალეტს კითხულობს და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“, – ამბობს რევაზ კახიძე.
მეორე პრობლემა, რაზეც რევაზ კახიძე გვესაუბრება, პარკის ტერიტორიაზე ბილიკების ნაკლებობაა.
„ტურისტი როცა მოდის და ეუბნები, რომ „პარკის ტერიტორიაზე ხარ“, იქ უნდა დაახვედრო ინფრასტრუქტურა. მოწყობილი უნდა იყოს ბილიკები, ნიშნულები და ასე შემდეგ.
მაგალითად, დუნგას ჩანჩქერია აქ, რომელიც მითითებულია ტურისტულ რუკაზე, მაგრამ ძნელია იქ მისვლა, რადგან ბილიკები არ არის.
ერთ მდინარეზე არის 5 ჩანჩქერი, ვეუბნებით ტურისტებს, მიგვყავს, მაგრამ გვეშინია, რომ რაიმე არ მოხდეს, რადგან საცალფეხო ბილიკი მიდის, ისიც ჩვენი გაკეთებული და გვეშინია, რისკია დიდი, შეიძლება ტურისტი სადმე ჩავარდეს და დაზიანდეს.
ეს ბილიკები უნდა იყოს კაპიტალურად გაკეთებული. აი, ასეთი პრობლემებია მოსაგვარებელი. ტურიზმის დეპარტამენტი უნდა აქცევდეს ამას ყურადღებას“, – ამბობს რევაზ კახიძე.
მისი თქმით, ჩხერის ხიდთან კიდევ ერთი ჩანჩქერია, რომელიც ძალიან იზიდავს ტურისტებს, თუმცა მისასვლელი ბილიკები არც აქაა.
„ქალის გამოსახულება აქვს ამ ჩანჩქერს, ისეთი მიმზიდველია ტურისტებისთვის, მაგრამ არ არის მისასვლელი გზა. ხელით გაკეთებული კიბეა მხოლოდ, რითაც შეიძლება ისარგებლო.
რადგან ტყეში შესვლა აკრძალულია, ამასაც თავისი მინუსები აქვს, ხალხი რომ ვეღარ დადის ტყეში, ბილიკები თითქმის დაიკარგა. ტურისტი რომ წავიდეს თავისით, შეიძლება ვერც იაროს, ისეთი ბარდი და ეკალია მოდებული.
აქედან, ანუ დასახლებული პუნქტიდან პარკი იწყება კილომეტრ-ნახევარში, მაგრამ როცა ადიხარ, არც ერთი ბილიკი აღარაა. რეინჯერები დადიან და აკონტროლებენ, თორემ ჩვენ არ შეგვიძლია. მე აქ დავიბადე, გავიზარდე და უკვე ვეღარ შევდივარ ტყეში, გასეირნება რომ მინდოდეს, ვეღარ გავისეირნებ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბილიკები წაშლილია, მეორეც საშიშია ძალიან, რადგან ნადირია მომრავლებული. შინაურ ცხოველებსაც აღარ ინახავს ხალხი, რადგან საქონელი დაგლიჯა მხეცმა“, – ამბობს რეზო კახიძე.
მისი თქმით, ტურიზმს ხელს უშლის ისიც, რომ ხშირად ითიშება დენი სოფელში.
„ზაფხულში უფრო ადვილია შეკეთება, მაგრამ ზამთრობით სწრაფად ვერ აკეთებენ და ესეც პრობლემაა. კარგი იქნება, თუ ამ პრობლემასაც მიაქცევენ ყურადღებას“, – ამბობს რევაზ კახიძე.
მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშია. იგი ბათუმიდან 30 კმ-ითაა დაშორებული.
პარკის ტერიტორია წარმოდგენილია მდინარე მაჭახელას ფერდობებზე შეფენილი დაბურული ტყეებით, სადაც თითქმის მთლიანი ფართობი დაფარულია წაბლის, წიფლის, რცხილისა და მურყნის ტყეებით. გვხვდება ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს სამი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.
მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი მაისიდან-ოქტომბრამდე გრძელდება.
_________________
მთავარი ფოტო: რევაზ კახიძე/ზედა ჩხუტუნეთი