მთავარი,სიახლეები

რატომ აჩენენ „ოცნების“ დეპუტატები და თანამდებობის პირები შვილებს ევროპასა და აშშ-ში

15.12.2022 • 9473
რატომ აჩენენ „ოცნების“ დეპუტატები და თანამდებობის პირები შვილებს ევროპასა და აშშ-ში

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ბოლო პერიოდში დასავლეთის ღია კრიტიკას არ ერიდებიან, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ საქართველოს ევროპელ პარტნიორებს, ასევე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, საკუთარი შვილებისთვის მომავალს სწორედ დასავლეთში გეგმავენ.

გუშინ, 14 დეკემბერს, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა გავლენიანმა ლიდერმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიხეილ სააკაშვილის საკითხზეა დამოკიდებული, მაშინ ეს „არაფრისმომცემი სტატუსი“ შეუძლიათ „თავისთვის დაიტოვონ“.

ეს იმ ფონზე, როცა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროპული პერსპექტივა.

ქართველი მაღალჩინოსნები არათუ სასწავლებლად აგზავნიან თავიანთ შვილებს ევროპაში, არამედ ევროპის წამყვან, განვითარებულ ქვეყნებში აჩენენ კიდეც და ამით თავიანთი შვილების დაცულ მომავალს საქართველოს გარეთ უზრუნველყოფენ. შესაბამისად, პასუხგაუცემელია კითხვა – თუ ეს პერსპექტივა მმართველი გუნდის გადასახედიდან გარკვეული მოთხოვნების გამო ასე „არაფრისმომცემია“, თავად რატომ ირჩევენ თავიანთი შვილების მომავლისთვის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს?

მაგალითად, თბილისის მერს, კახა კალაძეს ოთხი შვილი ჰყავს – ყველა მათგანი ევროპაშია დაბადებული.

თბილისის მერის პირველი შვილი 2009 წელს იტალიაში დაიბადა, მაშინ, როცა კალაძეს ამ ქვეყანაში საფეხბურთო კარიერა არ ჰქონდა დასრულებული. 2012 წლიდან კი კალაძე უკვე საქართველოში ცხოვრობს – ამავე წელს მას ენერგეტიკის მინისტრად და ვიცე-პრემიერად ნიშნავენ. მოგვიანებით კახა კალაძე თბილისის მერი ხდება და დღემდე ამ პოზიციაზე საქმიანობს.

მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოში ცხოვრობდა და მმართველი პარტიის გუნდის წევრი იყო, მისი მომდევნო სამი შვილი არა საქართველოში, არამედ მილანსა და პარიზში დაიბადა.

კალაძემ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, „აბსოლუტურად სამარცხვინო“ უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით და თქვა, რომ საქართველო ისჯება იმის გამო, რომ არ ჩაერთო უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო“, – ამბობდა კალაძე და ამით მან გააგრძელა ის ანტიდასავლური რიტორიკა, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ზოგიერთი ლიდერი მკვეთრად გამოხატავს.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით „საქართველოში ომში ჩართვის იძულება“ რუსული პროპაგანდაა.

აშშ-ში დაიბადა„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის ორივე შვილი. ღუდუშაურმა უკრაინაში მებრძოლი ქართველები „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთ ტრაგიკულ პერსონაჟს – „კიკუს“ შეადარა და ამით მიანიშნა, რომ ისინი თურმე უკრაინაში არა საქართველოს მომავლისთვის, არამედ ფულის გამო იბრძვიან.

2015 წელს ღუდუშაურის ჯერ ერთი შვილი დაიბადა ნიუ-იორკში, 2017 წელს კი – მეორე, ისევ ნიუ-იორკში.

აშშ-ის კანონმდებლობით, ამერიკაში დაბადებულ ადამიანს, ავტომატურად ენიჭება აშშ-ის მოქალაქის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ღუდუშაურის შვილებიც დაბადებით ამერიკის მოქალაქეები არიან.

ღუდუშაურის ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ის მოცემულ პერიოდში აშშ-ში არც საქმიანობდა და არც სასწავლებლად იყო წასული. 2014-2020 წლებში ღუდუშაური შპს „კიკის“ იურისტად მუშაობს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რუსეთის მოქალაქეა. ასევე იყო საქართველოში დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის – „ჯეო კონსალტინგის“ დირექტორი.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის, ბექა ოდიშარიას შვილიც აშშ-ში, კერძოდ ილინოისშია დაბადებული. პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ოდიშარიას ბიოგრაფიულ მონაცემებში არსად არ არის მითითებული შვილის შეძენის პერიოდში რა აკავშირებდა მას ამერიკასთან. 

მხოლოდ „ვიკიპედიაში“ არსებულ ინფორმაციაში ჩანს, რომ 2010 წლიდან ის კომპანია Jindal Petroleum Operating Company LLC-ის გენერალური დირექტორია. კომპანია საქართველოშია დაფუძნებული. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ასევე „ქართული ოცნების ფრაქციის“ თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის შვილიც 2009 წელს აშშ-ში, ნიუ იორკშია დაბადებული. 2009 წელს ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქმიანობდა, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. ის 2012 წელს პარლამენტის წევრი გახდა „ბიძინა ივანიშვილი – დემოკრატიული საქართველოს“ მეშვეობით.  

ისი განცხადებები არ არის ღიად ანტიდასავლური ან ანტიუკრაინული, თუმცა ერთ-ერთ კომენტარში ჩიქოვანმა საყვედური გამოთქვა უკრაინის მთავრობის მიმართ, როცა უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის რამდენიმე წევრს სანქციები დაუწესა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გავლენიანი წევრის, ანრი ოხანაშვილის ორივე შვილი გერმანიაში, ბერლინშია დაბადებული – 2013 და 2015 წლებში. 2010 წელს ის გერმანიაში სწავლობდა, 2015 წელს კი ერთ-ერთი გერმანული ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ) სამეცნიერო რედაქტორი იყო.

ოხანაშვილი პარლამენტში დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, თუმცა მიიჩნევს, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილზე ვერ გავრცელდება, რადგან ოხანაშვილის აზრით, ივანიშვილი არა ოლიგარქი, არამედ მეცენატია. 

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის, დავით სონღულაშვილის ერთ-ერთი შვილი კი საფრანგეთშია დაბადებული. ბიოგრაფიის მიხედვით, სონღულაშვილი 2007 წლიდან შპს „ედრესის“ მმართველი დირექტორი იყო, კომპანია საქართველოშია რეგისტრირებული. 

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას შვილიც აშშ-ია დაბადებული. ვლადიმერ ჩაჩიბაია გენერალ-ლეიტენანტია და 2007-2008 წლებში აშშ-ის არმიის „ომის კოლეჯში“ სწავლობდა. ამავე დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში. მისი შვილი აშშ-ი 2008 წელს დაიბადა. 

  • „ქართული ოცნებისგან“ განდგომილი დეპუტატები

ოფიციალურად საპარლამენტო უმრავლესობის სიაში მყოფი, „ოცნებისგან განდგომილი“ დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის შვილებიც ევროპაში, კერძოდ კი ინგლისსა და შვეიცარიაში არიან დაბადებული. 1997 წლამდე ყაველაშვილი ინგლისური საფეხურთო კლუბის, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი იყო. 2001 წელს, მეორე შვილის დაბადებისას, ის „ალანია-ვლადიკავკაზში“ ასპარეზობდა (2004 წელი) და ამის შემდეგ (2005-2006 წლებში) გახდა „გაზელის“ მოთამაშე.

ევროპული ცხოვრების და საფეხბურთო კარიერის მიუხედავად, ყაველაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, გაერთიანდა მოძრაობაში, რომელიც დაფუძნების დღიდან ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა.

ის აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს დიპლომატიას უწუნებს, მისი „ოთხეული“ კი ელჩს ბრალს სდებდა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობაში.  

„ომში ჩართვის ნარატივი თქვენგან დაფინანსებული ადამიანებისგან მოდის“, – წერდა ყაველაშვილი კელი დეგნანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: