„მეგონა, პრობლემა არ იქნებოდა, რადგან ფასადს არ ვეხებით და მხოლოდ შიდა სამუშაოებს ვაწარმოებთ“, – ასე აუხსნა მშენებლობის დიზაინერმა თეა გასვიანმა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს ძეგლზე უნებართვო სამუშაოების წარმოება.
„ვთქვათ, გეგონათ. მას შემდეგ, რაც გაფრთხილება მოგეცით და დაგაჯარიმეთ, რატომ არ გაჩერდით, ხომ აღარ გეგონათ უკვე. პრინციპი გაქვთ, რომ სააგენტოს მოთხოვნას არ უნდა დაემორჩილოთ?“- ისევ ჰკითხა მას ოლეგ ბოლქვაძემ, სააგენტოს დირექტორის მოადგილემ. თეამ თქვა, რომ „მძიმე საქმე გააჩერეს“. ოლეგ ბოლქვაძემ კი განმარტა, რომ „სახურავის გამოღება და იატაკის მოჭრა მსუბუქ სამუშაოებად ვერ ჩაითვლება“.
თეა ამბობს იმასაც, რომ დრო აღარ ჰქონდათ: „ამდენი პროცედურის დრო სადაა, ჩვენ ვამაგრებთ და ვასწორებთ – შეიძლება ჩავარდეს, თქვენ გინდათ ქაღალდები და ბიუროკრატია, მეც ვიცავ, მხატვარი ვარ.“
რამდენიმეწუთიანი ახსნა-განმარტებების შემდეგ, ბათუმში, მემედ აბაშიძის #23-ში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ პოლიცია გამოიძახა. მიზეზი ძეგლზე უნებართვო სამუშაოებია. სააგენტოს განმარტებით, მოქალაქე, რომელიც ორჯერ გააფრთხილეს და დააჯარიმეს, სამუშაოებს ისევ აგრძელებს.
შენობაში გადაკეთებული და გალესილია კედლები. თეა ამბობს, რომ ის, რაც უნიკალური და ძველია, არ მოუშლიათ და შეფუთეს. გარდა ამისა, მისივე თქმით, სახლის ქვეშ აღმოაჩინეს უნიკალური სარდაფი, რომლის შესახებაც არ იცოდნენ. სარდაფის კედლები წითელი აგურითაა ნაშენი, ხოლო იატაკზე ძველი უნიკალური ფილებია. თეას თქმით, აპირებენ შეინარჩუნონ ეს სარდაფი, როგორც სიძველე.
ოლეგ ბოლქვაძემ კიდევ ერთხელ აუხსნა მშენებლობის ხელმძღვანელს, რომ სიძველის შენარჩუნების, მისი რესტავრირების სურვილის შემთხვევაშიც აუცილებელია დოკუმენტების მომზადება და სააგენტოს ძეგლების საბჭოსთვის წარდგენა:
„გვეჩქარება, რომ ვიცხოვროთო, რომ ამბობთ ჩვენ კარგად ვიცით, ეს მესაკუთრის ერთადერთი საცხოვრებელი არ არის და წვიმა არ გაწვიმთ თავზე“.
სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევის შესახებ სასამართლოს მიმართეს და სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან, სხდომის ჩანიშვნა კი გაურკვეველი დროით გადაიდო. ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი იცავს, ამ კანონით ძეგლზე უნებართვო სამუშაოები ისჯება. ამ მიმართულებით კონტროლი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის პრეროგატივაა.
ადგილზე მოსული პოლიცია დაინტერესდა სააგენტოს პრეტენზიებით და მესაკუთრესაც მოუსმინა, პოლიციელებმა დაათვალიერეს სახლი და მიმდინარე სადავო სამუშაოებიც. შემდეგ კი სახლის ერთ-ერთ მესაკუთრეს, ციალა ბეჟანიძეს და სააგენტოს წარმომადგენელს გიორგი გოგოლიშვილს პოლიციის მესამე განყოფილებაში გადასვლა სთხოვეს: „ადგილზე გავარკვევთ ყველაფერს“. თუმცა ციალა ბეჟანიძემ კატეგორიული უარი თქვა. მან ჩვენთან ისაუბრა იმაზეც, რომ მისი ვარაუდით, სააგენტო პიროვნულად ებრძვის.
„მეზობლები აკეთებენ და მხოლოდ მე რატომ მეუბნებიან უარს, იქ ვერ ხედავენ? – როგორ გამოვიყენოთ, ეს სახლები ძველია და ანტისანიტარიაა. თუ არ უნდათ, რომ გავარემონტოთ, მაშინ შეისყიდონ და გაუკეთონ კონსერვაცია“, – გვითხრა მან.
ციალა ბეჟანიძეს ვკითხეთ, რატომ არ სურს სახლი სააგენტოს რეკომენდაციის მიხედვით, კანონის დაცვით გაარემონტოს. მან აგვიხსნა, რომ სხვა მისამართზე სააგენტოს მიმართა და უარი უთხრეს. სააგენტო კი ამბობს, რომ მან სხვა მისამართზეც უნებართვოდ დააშენა მანსარდი.
ეს სახლი მემედ აბაშიძის ქუჩაზე XIX საუკუნის დასასრულს აშენებული სამსართულიანი სახლის გაგრძელებაა [ყოფილი მასწავლებელთა სახლი ბათუმში]. სპეციალისტების შეფასებით, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა მდებარეობს ორი ქუჩის გადაკვეთაზე და ევროპის მოედანთან კავშირი სავსებით შეესაბამება მის საზოგადოებრივ დანიშნულებას და უზრუნველყოფს შენობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობებს:
„დომინანტობის შეფასებისას, მიუხედავად მიმდებარე შენობებთან მასშტაბის რიგითობისა, კუთხის მდებარეობა, არქიტექტურა და ფუნქცია ძეგლს ანიჭებს დომინანტობის გარკვეულ ნიშანს“.