კარაქი, რომელსაც მემთეურები ამზადებენ, ძალიან განსხვავდება იმ კარაქისგან, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება. მთაში მომზადებული კარაქი გემრიელი, უფრო ნოყიერი და ნატურალურია, მაგრამ მისი მომზადება საკმაოდ რთულია.
კარაქის მომზადების ტექნოლოგიაზე „ბათუმელებს“ 72 წლის ნაზიკო ბერიძე ესაუბრა, რომელიც შუახევის სოფელ ცეკვაში ცხოვრობს და ზაფხულობით გომისმთაზე მემთეურობს. იგი 32 წელია მემთეურია.
„მემთეურობაში ყველაფერი რთულია. ჯერ მხოლოდ ის, რომ საქონელი უნდა გაასუფთაო, მერე აქეთ სეფერატორი უნდა დაატრიალო, რძე გამოხადო, ყველი ამოიღო.
კარაქი კი კაიმაღისგან მზადდება. კარაქი უნდა მოაცილო კაიმაღს, რისთვისაც კარგად უნდა მორეკო. სიცხე თუა, ძალიან ძნელია მორეკვა, თუ ასეთი ამინდებია, როგორიც დღეს, ნისლიანი, ცივი, ძალიან ადვილია კარაქის მოსვლა. „მოსვლას“ ვეძახით ჩვენ.
ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ კარაქი გაფუჭებით არ გამფუჭებია, მაგრამ გამდნარა და გამდნარ კარაქად ქცეულა.
ცივი ამინდები რომ დადგება, ამოვიღებთ, თასებით დავდგამთ და გავაცივებთ. ძალიან ადვილია გაცივებული კარაქის მორეკვა. რომ ცივდება, დამდნარ კარაქს კარგავს” [სტილი დაცულია], – გვიხსნის ნაზიკო და დასძენს, რომ ვისაც ბევრი საქონელი ჰყავს და მალევე აგროვებს საჭირო რაოდენობის კაიმაღს, მას კარაქის ამოყვანა ხშირ-ხშირად უწევს.
ბოლო წლებში ნაზიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს აღარ უწყობს, ამიტომ, უწინდებურად ვეღარ უვლის ბევრ საქონელს. მას ახლა 2 ძროხა ჰყავს და კარაქსაც პირველად რეკავს წელს.
„თუ მაგარი კაიმაღია, მოზელ ჩვეულებრივად და თუ თხელია – უნდა მოურიო. ერთი თასი მასიდან ნახევარ საათში ამოიყვან კარაქს. თუ თხელია… გააჩნია კაიმაღსაც. თუ კარგი კაიმაღია, მალე მოვა. რომ მოურევ, მიხვდები, გასქელდება და ფერსაც შეიცვლის. მოსული კარაქი კარგად უნდა შეაზილო“ – ამბობს ნაზიკო.
მემთეური გვიხსნის, რომ სითხეს, რომელიც კარაქის მოყვანის შემდეგ კარაქიდან გამოცალკევდება, „ნარეკას“ ეძახიან:
„ნარეკა საგულდაგულოდ უნდა გადაწურო კაიმაღის თასიდან და შემდეგ დაიწყო კარაქის გარეცხვა. გარეცხავ რამდენჯერმე, სანამ სუფთა წყალს არ გაუშვებს კარაქი. ბოლოს სუფთა წყალსაც გადმოწურავ კარაქის თასიდან და გემოვნების მიხედვით დამარილავ. ისე კი, უფრო წუთხე უნდა იყოს, რომ არ გაფუჭდეს კარაქი“.
ნაზიკო აღნიშნავს, რომ თუ გინდა კარაქი კარგი გამოვიდეს, სულ მცირე 10-12-ჯერ უნდა გარეცხო და თანაც, დიდი ოდენობის კარაქს ვერ გარეცხავ ერთად, მაქსიმუმ 5-6 კილოს.
მემთეური იმ სირთულეებზეც საუბრობს, რაც შეიძლება კარაქის გაკეთების პროცესში იყოს.
„თუ სიცხეა და კარაქი რბილია, ის წყალს შეიყოლიებს, ამიტომ უნდა გააცივო და მარილიც ხელმეორედ შეაზილო. მერე ჩადებ საზამთრო ჭურჭელში და თუ კარგი მოსულია, გამწარებული არ არის, წლიდან წლამდე შეინახავს თავს, მაგრამ შეიძლება გამწარდეს კიდეც“.
ნაზიკოს თქმით, ძალიან რთულია კარაქის ხანგრძლივად რეცხვა, თუნდაც იმიტომ, რომ კარაქი მაქსიმალურად ცივი წყლით უნდა გაირეცხოს: „ძალიან რთულია, მაგრამ თბილი წყლით ვერ გარეცხავ, დადნება და ბევრ წყალს აიხვევს” – გვიხსნის ქალი.
მემთეურის თქმით, ადრე, როცა გომისმთაზე ბევრი საქონელი იყო და ცოტა დამსვენებელი, რძის პროდუქტის ფასიც დაბალი და შეუსაბამო იყო, მაგრამ ახლა, როცა საქონლის და მემთეურების რაოდენობამ იკლო, დამსვენებლებისამ კი – იმატა, რძის პროდუქტსაც უფრო დაედო ფასი.
ჩვენთან საუბრისას ნაზიკო გომისმთაზე მცხოვრები მემთეურების საჭიროებებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ადგილზე სამედიცინო პუნქტი სჭირდებათ.
„სანამ სასწრაფო ამოვა, ადგილზე უნდა იყოს ექთანიც, რომელიც პირველად დახმარებას გაგვიწევს“ – გვითხრა ნაზიკომ. იგი ასევე ამბობს, რომ გზა შუახევიდან გომისმთაზე ცუდია, რაც ძალიან ართულებს მემთეურების ყოფას.