„ფაქტობრივად, ექიმი დაისაჯა იმის გამო, რომ მან აირჩია ადამიანი და არ აირჩია წესი, რომელიც თავიდანვე პრობლემურია“- ამბობს ფსიქოლოგი, მწერალი მაია ცირამუა.
„ბათუმელებმა“ მაია ცირამუას ახმეტაში მომხდარი ფაქტის შეფასება სთხოვა, სადაც ექიმი მაია კოხტაშვილი ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით დააკავეს.
ამ დღეებში არაერთმა ადამიანმა ივარაუდა, რომ ექიმი სამაგალითოდ ისჯება სწორედ თავის ოჯახში არსებული განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო. აქტივისტების თანახმად, მაია კოხტაშვილის ერთ-ერთი შვილი უწყვეტი პროევროპული პროტესტის აქტიური მონაწილეა.
რა ტიპის პრობლემა აჩვენა ამ შემთხვევამ? – ამ საკითხზე ვესაუბრეთ მაია ცირამუას.
- ქალბატონო მაია, ახმეტაში დაფიქსირებულმა ფაქტმა რა ტიპის სისტემური პრობლემა დაგვანახა, თქვენი აზრით?
ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ამ საკითხის განხილვა, რადგან ამ კონკრეტულმა შემთხვევამ აჩვენა, როგორი ტიპის სისტემური პრობლემაა ქვეყანაში. განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის არის ეს პრობლემური, ვისაც ნევროლოგიური ან სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები აქვთ და სწორი, დროული სერვისის მიწოდება სჭირდებათ.
ასევე გავიგეთ ის, რომ საქმე გვაქვს ექიმთან, რომელიც მწირი შემოსავლით, მწირი ხელფასით ემსახურება 120 სოფელს, სადაც ძირითადად არიან ხანდაზმულები, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და ზრუნვას ან პალიატიურ ზრუნვას საჭიროებენ.
მოგეხსენებათ, ამ ასაკში, განსაკუთრებით როცა პალიატიური ზრუნვაა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის მედიკამენტები, რომელთაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ და თუ ადამიანი ვერ იღებს ამ მედიკამენტებს, შეიძლება ეს სახელმწიფოს მხრიდან წამებას გაუტოლდეს.
იმიტომ, რომ სახელმწიფო არ აძლევს საშუალებას ადამიანს, რომელიც ლოგინსაა მიჯაჭვული, მიიღოს დახმარება.
გამოდის, რომ ექიმი, რომელიც ამ 120 სოფელს ემსახურება, რაიონულ ცენტრში ცხოვრობს და მუშაობს და რომელსაც ალბათ ძალიან ბევრი ლოგინად ჩავარდნილი პაციენტი ჰყავს და დიდი რიგი უდგას პაციენტების, უნდა ადგეს და იქეთ მივიდეს პაციენტთან და გამოუწეროს წამალი?
ან კიდევ საჭირო ხდება სხვადასხვა ტიპის საბუთების, მინდობილობის გაკეთება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი არის ძალიან გართულებული და ეს სრულიად გაუგებარია იმ ქვეყანაში, სადაც ლამის ყოველ მეორე დღეს ჩვენ გვყავს ადამიანები, ახალგაზრდები, დაზარალებული ან გარდაცვლილი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებით, იმიტომ, რომ ვერ მართავს სათანადოდ, როგორც ვხედავთ, ამ პროცესს სახელმწიფო და ახლა უნდა, რომ აქაც შექმნას გარკვეული პრობლემები.
ამ დროს პაციენტს, რომელსაც სჭირდება აუცილებელი, სიცოცხლისთვის საჭირო გარკვეული ტიპის მედიკამენტები, სახელმწიფო ავალდებულებს 14 დღეში ერთხელ ჩამოვიდეს შორეული სოფლიდან რაიონის ცენტრში და ჩადგეს ექიმთან რიგში, მაშინ როცა შეიძლება ესეც კი ვერ შეძლოს პაციენტმა, რადგან შეიძლება ტრანსპორტის ან ფულის პრობლემა იყოს.
ეს არის აბსოლუტურად არაპროფესიული მიდგომა და რაც მთავარია, აქ არსად არ ჩანს ადამიანი, არ ჩანს ადამიანის ჯანმრთელობის პრიორიტეტულობა და ადამიანისადმი ჰუმანური დამოკიდებულება.
- გამოდის, ტკივილის მქონე ადამიანს მარტოდ ტოვებს სახელმწიფო ასეთი მიდგომით?
დიახ, პირდაპირ ამას გავუსვი ხაზი – როცა სახელმწიფო გარკვეულ ბარიერებს ქმნის იმისათვის, რომ კი არ შეუმსუბუქოს ადამიანს მდგომარეობა, ან გაუხანგრძლივოს თუნდაც სიცოცხლის დღეები, უფრო ართულებს ამ პროცესს.
ამიტომ საინტერესოა, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, რატომ დაგეგმა ვინც დაგეგმა და რატომ ექიმი, ხომ?!
- რა მიზანი ამოძრავებდა სახელმწიფოს, როცა გეგმავდა ფარული ჩანაწერის გაკეთებას და ექიმის დადანაშაულებას რეცეპტის გაცემის გამო, რა იყო, თქვენი დაკვირვებით, მიზანი?
ერთადერთი, თუ კონტექსტს გავითვალისწინებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივით, რადგან ამ ქვეყანაში ნამდვილად ხდება ადამიანების დევნა პოლიტიკური ნიშნით, თუ ადამიანი ღიად გამოხატავს თავის აზრს და მხარს არ უჭერს იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში ხდება.
თუ ვინმეს რაიმე პირადი ინტერესი ჰქონდა და ასეთი ფორმით გამოიყენა თავისი პროფესიული ძალაუფლება – მანიპულაციური, ამორალური მეთოდით, ეს ცალკე თემაა.
არსებობს მორალური დილემაც. მაგალითად, ცნობილმა მეცნიერმა ლოურენს კოლბერგმა, რომელმაც შეისწავლა ადამიანის მორალური განვითარება, გამოყო გარკვეული საფეხურები და დღემდე მეცნიერება, ასე ვთქვათ, ამ პრინციპების მიხედვით მოქმედებს.
მას ჰქონდა სხვადასხვა ტიპის მორალური დილემები, რასაც ის სთავაზობდა ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს, როდესაც კვლევას ატარებდა მორალურ აზროვნებაზე, განვითარებაზე და ასე შემდეგ და არკვევდა, როგორ წყვეტდნენ ამ დილემას ადამიანები.
ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მორალური დილემა არის ასეთი: არის ვინმე ბატონი ჰაინცი, რომელსაც მეუღლე ჰყავს მძიმედ დაავადებული და იმ პატარა ქალაქში, სადაც ის ცხოვრობს, აფთიაქარი ამზადებს წამალს, რომელსაც შეუძლია მისი მეუღლის სიცოცხლე იხსნას.
მიდის აფთიაქართან და ეუბნება, რომ წამალი ძალიან ძვირადღირებულია, ამიტომ ვერ შეძლო სრული თანხის მოგროვება და სთხოვს, რომ მისცეს საშუალება ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს.
აფთიაქარი უარს ეუბნება. აქ იყო სხვადასხვა მოსაზრება, რომ აი, მე თუ დავუშვებ, რომ იაფად მივცე ვინმეს ჩემი წამალი, მაშინ არ მექნება საშუალება, რომ ეს წამალი დავამზადო და გადავარჩინო ადამიანები.
ჰაინცი საბოლოოდ მიდის იქამდე, რომ იპარავს ამ წამალს. უნდა მოეპარა თუ არა მას ეს წამალი? მან ცხადია დაარღვია კანონი, მაგრამ რომელი პრინციპით იმოქმედა?
ამ კანონის საპირწონე იყო ადამიანის სიცოცხლე. ზუსტად ასეთი კანონების საპირწონე ხდება ისეთი, უფრო დიდი ღირებულება, როგორიც არის ადამიანის სიცოცხლე.
ასე არ იქცევიან ადამიანები, ვისაც დაბალი მორალური განვითარება აქვთ. ამიტომ ჩვენს აზროვნებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეფასებებში შეგვიძლია განვასხვავოთ ერთმანეთისგან ორი ტიპის ქმედება. მაგალითად, თუკი შენ შეამტვრევ ვიღაცის სახლის კარს, რა თქმა უნდა, ეს კანონის დარღვევაა, მაგრამ თუ შენ იმიტომ ამტვრევ კარს, რომ გინდა იხსნა ადამიანის სიცოცხლე, მაშინ ამას საერთოდ აღარ ეხება კანონი.
და ეს იცის ყველა მოსამართლემ, ყველა პროკურორმა, ყველა ადამიანმა, ვისაც თუნდაც საქართველოში მიუღია იურიდიული განათლება.
ამ შემთხვევით ექიმმა აჩვენა ძალიან მაღალი მორალური და პროფესიული სტანდარტი.
ჰუმანურობა, რაც უმთავრესი უნდა იყოს ექიმისთვის, სახელმწიფოს მხრიდან ისჯება.
ეს ხომ ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, სტანდარტი ეცემა ძალიან დაბლა.
- სახელმწიფომ ფაქტობრივად უთვალთვალა ექიმს ხომ? ეს მორალის და ემპათიის წინააღმდეგაც არის ალბათ, რომ ადამიანებს აღარ ჰქონდეთ ერთმანეთის ნდობა არც ერთ სფეროში. ეს გამოჩნდა ამით?
ფაქტობრივად ექიმი დაისაჯა იმის გამო, რომ მან აირჩია ადამიანი და არ აირჩია წესი, რომელიც თავიდანვე პრობლემურია.
ამ წესს არ აინტერესებს ადამიანი, ამიტომ არ ვიცი, რატომ უნდა დავიცვათ, თუკი ეს ადამიანებს ამხელა პრობლემებს უქმნის, – ფინანსურს, ჯანმრთელობის და თუნდაც ისეთს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ.
- ამის გამო ექიმებს შეიძლება გაუჩნდეთ შიში და უარი თქვან პაციენტების დახმარებაზე?
დიახ. როდესაც ეს ცვლილებები იგეგმებოდა კანონში, ჩვენ, ვინც გამოვხატავდით განსხვავებულ მოსაზრებებს და ვაპროტესტებდით პროცესს, ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ეს კანონები და წესები ექიმებს გაუჩენდა სერიოზულ პროფესიულ და მორალურ დილემას.
მაშინ არ მოუსმინეს პროფესიულ საზოგადოებას.
მოდით, დავფიქრდეთ, რა მოხდება, თუკი ყველა ექიმი იმის შიშით, რომ ციხეში არ აღმოჩნდეს, დაივიწყებს ადამიანს?
ეს ხომ ნეგატიურად აისახება ექიმის საქმიანობაზეც და სერვისის ხარისხზეც.
რაც მთავარია, აისახება ნდობაზე. ნდობის ფაქტორი ხომ მთავარი საყრდენია ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში. ამ ნდობას დაარღვევს.
სხვა საკითხია ის, რომ ადამიანების სისტემისადმი ნდობაც ძალიან დაზარალდება. ამიტომ არავინ იცის, რატომ შეჰყავს სისტემას ასეთ ჩიხში პაციენტიც და ექიმიც, რატომ ქმნის ამ გარემოებას, ვის სჭირდება ეს ყველაფერი?!
- თქვენ ახსენეთ პოლიტიკური მოტივები. იქნებ ესეც არის მიზეზი, რადგან ხელისუფლება ფინანსურადაც ასუსტებს მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რადგან 50 000 ლარის გირაო შეუფარდეს ექიმს და მეორე მხრივ, ცდილობს კონტროლის ქვეშ ჰყავდეს ასეთი მოქალაქეები. ეს შეიძლება იყოს მიზეზი?
რა თქმა უნდა. ყველა ასეთი ტიპის ქმედებას აქვს მსუსხავი ეფექტი. არიან ადამიანები, რომლებიც სამაგალითოდ ისჯებიან იმისათვის, რომ მერე სხვამ ვეღარ გაბედოს, რომ იყოს ადამიანი.
როცა ასეთი სისტემა იქმნება ქვეყანაში, მას არ სჭირდება ჰუმანური და ემპათიური მოქალაქეები.
ამიტომ ყველა მოქალაქე არის პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება.
ხომ იყო დიუშენის სინდრომით, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საკითხი და ვნახეთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ამ ჯგუფის ტკივილი?! მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ თითოეული ჩვენგანი ვქმნით იმ გარემოს, რაც ამ ქვეყანაშია.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ რაღაც პრობლემა არ არის მხოლოდ ერთი ჯგუფის პრობლემა, ის შეიძლება შეეხოს ნებისმიერს ხვალ, რადგან ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე დგანან ონკოპაციენტები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები ამ ქვეყანაში, ამიტომ სახელმწიფოს მიერ ადამიანის მიმართ ასეთი დამოკიდებულება უნდა გააპროტესტოს ყველამ.
_______________
- რა მოხდა?
11 სექტემბერს ახმეტაში ექიმი-ნევროლოგი მაია კოხტაშვილი იმის გამო დააკავეს, რომ მან ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტი პაციენტის ოჯახის წევრს მისცა.
ექიმის დაკავებას საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„მთის ამბების“ რედაქტორმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმთან აგენტ-პროვოკატორი მიაგზავნეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი, რომელმაც ექიმს უთხრა, რომ ბებია ჰყავდა სამწვერა ნერვის ანთებით ავად ახმეტიდან შორს მდებარე სოფელში, ექიმს რეცეპტი სთხოვა წამლისთვის და გადაიღო რეცეპტის მიღების პროცესი, როგორც კანონდარღვევა და კომპრომატი.
„მომიწია, დავარღვიე კანონი და დავწერე რეცეპტი, იმიტომ რომ მოვიდა პირი, რომელმაც მითხრა, ბებია მყავს ავად, სამწვერა ნერვის ანთება აქვს და ჩამომითვალა მედიკამენტები. 1 წამალი მიღებული ჰქონდა, მითხრა, ამან კარგად გაუყუჩაო. ეს ქალი იყო ჩაწოლილი, ცხოვრობდნენ ახმეტიდან შორს მდებარე სოფელში. გამაპენტიუმი უხსნის ტკივილებსო და მეც დავუწერე რეცეპტი, თანხა ჰქონდა გადახდილი რეგისტრაციის და უხერხულად ვიგრძენი თავი, რომ დახმარება არ გამეწია… მესამედ რომ მოვიდა, მითხრა, ბებო კარგადაა, უშველა წამალმაო და კიდევ დავუწერე წამალი, ვუთხარი, როდესაც დაბრუნდები, თანხა აღარ გადაიხადო, პირდაპირ დაგიწერ-თქო“ – თქვა სასამართლო პროცესზე ექიმმა.
ექიმი მაია კოხტაშვილს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 12 სექტემბერს მას თელავის სასამართლომ გირაო შეუფარდა, 50 000 ლარი. ეს თანხა საზოგადოებამ ექიმს ერთ საათში მოუგროვა.






