მთავარი,სიახლეები

„ბრალდებულს გირაო აქვს და უცხოეთშია, მოწმეს კი საზღვრის კვეთის უფლებას არ აძლევენ“ – მეზღვაურის ისტორია

16.09.2026
„ბრალდებულს გირაო აქვს და უცხოეთშია, მოწმეს კი საზღვრის კვეთის უფლებას არ აძლევენ“ – მეზღვაურის ისტორია

24 წლის მეზღვაური, ვანო მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან საზღვრის კვეთის აკრძალვაზე არც ერთი სახელმწიფო უწყების წერილობითი ბრძანება არ არსებობს.

ვანო მიქელაძის თქმით, ის 25 აგვისტოს სტამბოლში უნდა ყოფილიყო, სადაც თურქულ ტანკერზე აპირებდა დასაქმებას, თუმცა არც ფრენის უფლება მისცეს და არც სარფის საბაჟოს გადაკვეთის.

„სხვა მეზღვაურთან ერთად მივფრინავდი ბათუმის აეროპორტიდან, მაგრამ ის გაატარეს, მე კი მითხრეს, რომ შეზღუდული გაქვთ ქვეყნის დატოვებაო.

მიზეზს არ მეუბნებოდნენ. უბრალოდ მითხრეს, იუსტიციაში გაარკვიეო. ვიყავი იუსტიციაშიც, სადაც მითხრეს, რომ მათი უწყების მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ მქონდა.

მომდევნო საღამოს ისევ ვცადე საზღვრის კვეთა სარფიდან, თუმცა მაინც არ გამიშვეს. „პროგრამა არ გატარებს“, – მხოლოდ ამას მეუბნებიან. როგორც ადვოკატმა მითხრა, შეზღუდვის ინიციატორი უნდა ეწეროს დოკუმენტში, თუმცა ვინ არის ეს ინიციატორი, არავინ მეუბნება“, – ამბობს ვანო მიქელაძე.

მეზღვაურის თქმით, გამოცვალა პასპორტიც. „ერთ დღეში, დაჩქარებული წესით ავიღე, თუმცა მაინც არ გამატარეს“ – გვითხრა მან.

„არც ჯარიმა მაქვს, არც რაიმე დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, არც ძებნაში ვარ, თუმცა, მაინც ვერ გავარკვიე მიზეზი, თუ რის გამო მზღუდავენ.

ვიყავი პროკურატურაშიც და იქაც მითხრეს, რომ მათი უწყების მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ მაქვს ქვეყნის დატოვებაზე. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო ქვეყნიდან, მანამდე არსად ვყოფილვარ, რომ რომელიმე ქვეყანაში მქონოდა შესვლა შეზღუდული“, – გვეუბნება ვანო მიქელაძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა მეზღვაურის ადვოკატს, ლელი ბჟალავას. მისი თქმით, დაახლოებით 4 წლის წინ ვანო მიქელაძე ძარცვის საქმეზე მოწმედ იყო გამოძახებული. ეს საქმე ახლა უზენაეს სასამართლოშია, სადაც მოწმეები აღარ იკითხებიან.

„ამიტომ ეს გარემოება ვერ იქნება ვანო მიქელაძის საზღვარზე შეფერხების მიზეზი. პროკურატურა, პოლიციის განყოფილება, იუსტიცია, ყველა უწყება გვეუბნება, რომ არ არის გაშავებული. თუმცა ვის და რა მიზეზით ჰყავთ გაჩერებული, ვერც ამაზე ვიღებთ ინფორმაციას.

მოწმის სტატუსით ადამიანი გააჩერო და არ მისცე საზღვრის კვეთის უფლება, ეს უკვე დანაშაულია. ასეთი კანონი არ არსებობს.

ამ დროს, ბრალდებულს გირაო აქვს შეფარდებული და უცხოეთში იმყოფება. მოწმეს კი საზღვრის კვეთის უფლება არ აქვს.

მაშინ უნდა არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ, მაგალითად, ამა და ამ პირს აეკრძალოს ქვეყნის დატოვება.

როცა მოწმედ გამოიძახეს, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ახლა დაასრულა სწავლა და სტაჟირებაზე მიდიოდა სტამბოლში. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა“, – ამბობს ლელი ბჟალავა.

მისი თქმით, უკვე მიმართეს სახალხო დამცველსაც, რომ შეისწავლოს საკითხი და გამოითხოვოს ინფორმაცია ამკრძალავი უწყების შესახებ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ჰკითხა, რის საფუძველზე, რა მიზეზით არ ეძლევა მოქალაქე ვანო მიქელაძეს სახელმწიფო საზღვრის კვეთის უფლება?

„ბათუმელები“ ორივე უწყებიდან ელოდება პასუხს ამ კითხვაზე. პასუხების მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

_____________

ფოტოზე: ვანო მიქელაძე, მეზღვაური. ფოტოკოლაჟი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: