საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით (177.3 ლარით) გაიზარდა.
შესაბამისად, ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389.3 ლარია.
ამის შესახებ საქსტატის ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 15 სექტემბერს გამოქვეყნდა.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა- მთიანეთი. რეგიონებს შორის აჭარა მესამე ადგილზეა.
საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2 პროცენტით);
- მშენებლობა – 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3 პროცენტით)
ამავე დროს, 2026 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927.0 ლარი, ხოლო კაცების – 2 856.4 ლარი იყო.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 200.5 ლარი (7.6%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს“ – წერს საქსტატი.
ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის
სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 463.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) და
პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 693.0 ლარი, გაიზარდა 7.3 პროცენტით).
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში კი საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215.0 ლარით (10.6%) გაიზარდა და 2 239.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.






