განათლება,მთავარი,სიახლეები

„ეს სახელმძღვანელო აცდენილია მეათეკლასელის სააზროვნო უნარებს“ – პირიმზე რურუა

16.09.2026
„ეს სახელმძღვანელო აცდენილია მეათეკლასელის სააზროვნო უნარებს“ – პირიმზე რურუა

„როდესაც მეათეკლასელს, მომავალ მოქალაქეს, რომელმაც ხვალ ქვეყნის ბედი უნდა მართოს, საქართველოს ისტორიას ასე ზედაპირულად, გაუფასურებულად და ლოგიკურ ჯაჭვს აცდენილად ვაწვდით, ამით უპირველესად ეროვნულ ინტერესებსა და ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას ვავნებთ“ – ასე გამოეხმაურა მე-10 კლასის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მასწავლებელი, ისტორიკოსი პირიმზე რურუა.

სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტრო თითქმის ათი თვე, პროფესიული წრეების ფართო ჩართულობის გარეშე წერდა, მასწავლებლებს მხოლოდ სწავლების დაწყების წინ მიაწოდეს. ბოლო დღეებში არაერთი ისტორიკოსი გამოეხმაურა კომენტარით, შენიშვნებითა და კრიტიკული შეფასებებით ისტორიის ახალ სახელმძღვანელოს.

„საჯარო სკოლის მე-10 კლასის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა ვფიქრობ, გამოვთქვა თუ არა ჩემი აზრი.

არ თქმაც დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან, რადგან 35 წელია ისტორიას ვასწავლი, მენტორი მასწავლებელი ვარ, ისტორიის აკადემიური დოქტორი, დიდი ხნის წინ საავტორო სახელმძღვანელოც დავწერე და ათწლეულების მანძილზე მთელს საქართველოში პედაგოგებს ვუტარებდი ტრენინგებს.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ პროფესიული გამოცდილება საკმაოდ დამიგროვდა და დღეს დუმილი უბრალოდ უპასუხისმგებლობა იქნებოდა! მომავალში მე რას და როგორ ვასწავლი, ეს ძალიან კარგად ვიცი!

დიახ, სახელმძღვანელო არ არის ერთადერთი რესურსი პედაგოგისთვის. ვიცი! არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ხომ არიან მასწავლებლები, რომლებიც ძირითადად ამ წიგნით ხელმძღვანელობენ? მოსწავლეები ხომ უპირველესად აქედან სწავლობენ? ჰოდა, ასე ფრაგმენტულად, ჩვენი ქვეყნის წარსულის მიწოდება რა შედეგზე გაგვიყვანს?

დღეს სადღაც წავიკითხე, ეს მხოლოდ პირველი ნაწილია და გაგრძელება იქნებაო. რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ? იქნებ ამიხსნას ვინმემ ამგვარი „თანმიმდევრულობის“ ლოგიკა. თემატურადაც რომ დავალაგოთ, როდიდან ამოვარდა სწავლების მეთოდიკიდან ქრონოლოგიური ხაზის დაცვა, თანაც მეათეკლასელებთან?!

ბევრი დაიწერა და ითქვა ტექსტების შინაარსობრივ ნიუანსებზე, ამიტომ ყურადღებას სხვა, ფუნდამენტურ პრობლემაზე გავამახვილებ.

ჩემი ღრმა რწმენით, ეს სახელმძღვანელო, მასში მოტანილი მასალა, წყაროები, შეკითხვები და დავალებები აცდენილია მეათე კლასის მოსწავლის სააზროვნო უნარებსა და განვითარების დონეს. უფრო მეტიც, ის ვერ აკმაყოფილებს საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებსაც კი.

საშუალო საფეხური ის ეტაპია, როცა მოსწავლეს უნდა ვუვითარებდეთ კრიტიკულ, ანალიტიკურ და მიზეზ-შედეგობრივ აზროვნებას. ამის ნაცვლად, რა გვხვდება წიგნში?

  • ისტორიული მოვლენები მოწოდებულია მშრალად, მარტივად, სიღრმისეული კონტექსტის გარეშე.
  • ტექსტი მოსწავლეს არ სთავაზობს სერიოზულ საფიქრალს.
  • კითხვები და დავალებები ძირითადად ორიენტირებულია მასალის მექანიკურ აღდგენასა და ფაქტების უბრალო დამახსოვრებაზე.
  • ნაკლებად (თითქმის არ) არის წყაროების შედარებითი ანალიზი?
  • სად არის ისტორიული პარალელები, დებატები, მრავალმხრივი პერსპექტივების შეფასება?

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს წიგნი შექმნილია ბევრად უმცროსი ასაკის მოსწავლეებისთვის და არა დამამთავრებელი საფეხურის ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ხვალ-ზეგ უნივერსიტეტებში მოუწევთ სწავლის გაგრძელება.

მოგეხსენებათ, ისტორიის სწავლება არ არის მხოლოდ მშრალი თარიღებისა და ფრაგმენტული ამბების მოყოლა. ისტორია ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ხერხემალია, ჩვენი ეროვნული იდენტობისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების საძირკველი.

როდესაც მეათეკლასელს, მომავალ მოქალაქეს, რომელმაც ხვალ ქვეყნის ბედი უნდა მართოს, საქართველოს ისტორიას ასე ზედაპირულად, გაუფასურებულად და ლოგიკურ ჯაჭვს აცდენილად ვწვდით, ამით უპირველესად ეროვნულ ინტერესებსა და ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას ვავნებთ.

მოსწავლეს, რომელსაც არ ვასწავლით საკუთარი ქვეყნის წარსულის სიღრმისეულ ანალიზს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვასა და ეროვნული ფასეულობების გააზრებას, ვართმევთ შესაძლებლობას, გახდეს აზროვნებით თავისუფალი, გაცნობიერებული და მყარი ეროვნული სულისკვეთების მატარებელი მოქალაქე. ეს კი უკვე სცილდება უბრალო საგნობრივ ხარვეზს და პირდაპირ აისახება ჩვენი მომავალი თაობის სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე“- წერს პირიმზე რურუა.

ფოტოზე: პირიმზე რურუა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

____________

ამავე თემაზე: 

„ისეა დაწერილი, რუსეთი რომ მტერი არ გამოჩნდეს“ – ისტორიის მასწავლებელი ახალ სახელმძღვანელოზე

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: