განათლება,მთავარი,სიახლეები

„ისეა დაწერილი, რუსეთი რომ მტერი არ გამოჩნდეს“ – ისტორიის მასწავლებელი ახალ სახელმძღვანელოზე

14.09.2026
„ისეა დაწერილი, რუსეთი რომ მტერი არ გამოჩნდეს“ – ისტორიის მასწავლებელი ახალ სახელმძღვანელოზე

„რუსეთი რომ არ გამოჩნდეს როგორც მტერი, ამ ნარატივით არის დაწერილი მე-10 კლასის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო“ – ამბობს ისტორიის მასწავლებელი შალვა მინდაძე.

საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე მიიღეს ისტორიის ახალი სახელმძღვანელო, რომელიც განათლების სამინისტრომ ჯაბა სამუშიას, გიორგი კალანდიას და ალექსანდრე ბოშიშვილს შეადგენინა.

ახალი სახელმძღვანელოს შეფასება „ბათუმელებმა“ ისტორიის მასწავლებელს, შალვა მინდაძეს სთხოვა.

  • ბატონო შალვა, როგორც ვიცით, მასწავლებლებმა უკვე მიიღეთ ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები. ისიც ვიცით, რომ სახელმძღვანელოების დაწერის პროცესი არ იყო გამჭვირვალე და ბოლო წუთებამდე არავინ იცოდა ვინ მუშაობდა მათზე. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ წიგნმა?

პრინციპში, რაც შემიძლია მკაფიოდ გამოვკვეთო, არის ის, რომ ეს წიგნები იმ მეთოდოლოგიით არ არის დაწერილი, როგორიც სჭირდება თანამედროვე სკოლას.

ეს არ არის სასწავლო სახელმძღვანელო, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მიზნისთვის შექმნეს და ამას საჯაროდ არ ამბობენ.

ამ წიგნებს შეიძლება დავარქვათ ის, რაზეც საუბრობს ხელისუფლება. კერძოდ, რუსეთთან შერიგება, რუსეთთან დამეგობრება, დაძმობილება, წარსულის გადახალისება და ასე შემდეგ, მაშინ როცა რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ შეწყვეტილა.

  • რუსეთი, როგორც ოკუპანტი, დამპყრობელი, ეს ნარატივი გამქრალია სახელმძღვანელოდან?

კი, ნამდვილად ასეა. ჩემს სუბიექტურ შეფასებასაც უკვე აღარ ვეყრდნობი, რადგან ძალიან ბევრმა, მათ შორის პროფესიონალმა ისტორიკოსებმა, დიდი რეცენზიები დაწერეს და ამათაც გავეცანი. თუ აქამდე არსებულ სახელმძღვანელოებში უფრო ღიად და მკაფიოდ ეწერა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ დაგვიხვრიტეს მწერლები, გამოჩენილი განმანათლებლები და ასე შემდეგ, ეს ხაზი აქ გამქრალია.

რაღაც „ჰუმანური“ იდეით არის გადაფუთული ეს ყველაფერი, გამოყენებულია რაღაც თეოლოგიური, ფსიქოლოგიური თეზისები, რამაც შეიძლება იმოქმედოს ადამიანებზე.

  • შეიძლება კონკრეტული მაგალითი რომ მოიყვანოთ?

ერთი რაც ახლა მახსენდება, გარსევან ჭავჭავაძის მიმართვაა მოტანილი გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით, სადაც წერია, საით წავსულიყავით, სხვა გზა გვქონდაო?! ანუ შერბილებული კონტექსტია გამოკვეთილი, მაშინ როცა ძველ სახელმძღვანელოში მოყვანილი იყო მიხეილ ჯავახიშვილის კომენტარი, სადაც ის პირდაპირ წერს, რომ „გეორგიევსკის ტრაქტატმა ყველაზე დიდი უბედურება მოუტანა ქვეყანას“. ახალში ეს კომენტარი ამოღებულია.

გატარებულია ისეთი ხაზი, რომ რუსები წარმოაჩინონ არა როგორც აგრესიული დამპყრობლები, არამედ როგორც „რბილი ძალა“, რომლის მიზანი იყო ჩვენი გადარჩენა.

ეს არის ერთი ნარატივი და ერთი ხაზი, რაც მკაფიოდ ჩანს ამ წიგნში.

ჯერ მხოლოდ პირველი ნაწილია გამოქვეყნებული და აქედანაც ჩანს, რომ ქრონოლოგია სრულიად დაჩეხილია, სავსეა ანაქრონიზმებით და რა რასთან არის მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებული, უბრალოდ ვერ გაიგებთ ამ წიგნიდან.

არ ვაჭარბებ, არც ვუტრირებ. აი, მაგალითად, ზღაპარ „კომბლეს“ რომ ვკითხულობთ, შევდივართ თხრობით კონტექსტში, სადაც არ არსებობს გარემოება, არ არსებობს წელი, არ არსებობს საუკუნე. ანუ სადღაც ვირტუალურ, წარმოსახვით სივრცეში, ზღაპრის ტყეში მივდივართ. რაღაც ასეთი კონტექსტია.

წერია – „ომი მიმდინარეობდა“. სად მიმდინარეობდა, რატომ მიმდინარეობდა, რატომ ეკავა მაგალითად ვახტანგ გორგასალს პრო-ბიზანტიური მხარე, ეს კონტექსტურად არ არის გამოყვანილი და განმარტებული.

  • გამოდის, თუ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი მასწავლებელი არ შეხვდა მოსწავლეს, შესაძლოა ვერ გაიგოს კონტექსტი?

გაუჭირდება კი არა, ბავშვი ამას მიიღებს მოცემულობად.

PISA-ს კვლევების მიხედვით 64-ე ადგილზე რომ ვართ გააზრების კონტექსტში, ამის იმედი გვაქვს, თუ ყველაფერზე გაჩუმებული მასწავლებლების. ვის გვაქვს იმედი, რომ ზუსტად ისე არ ასწავლიან, რაც იქ წერია?!

მე შემიძლია ვუთხრა მოსწავლეებს – „ბავშვებო, ეს წიგნი არის სრული ნაგავი“. ჩემს კოლეგებსაც ვურჩევ, რომ გამოიყენონ ძველი გრიფირებული სახელმძღვანელოები დამხმარე რესურსად და ამაში ვერ შეგვზღუდავენ ჯერჯერობით, გვაქვს ამის კანონიერი უფლება.

მინისტრის მოადგილე მახარაშვილი სულ იმას იმეორებდა, რომ ჩვენ გვქონდა სახელმძღვანელოები, რომლითაც ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ისწავლიდა გაკვეთილს, ცოდნას ვერ მისცემდაო და აქედან რა ცოდნას მიიღებს, ზღაპრების და მითების წიგნიდან?

ჯერ ერთი, ისტორია როდის გახდა მზა, მიღებული ფაქტების მეცნიერება? ყველაზე არაზუსტი მეცნიერებაა ისტორია, რომელმაც ზუსტ პასუხებამდე ფაქტების და მოვლენების კრიტიკული ანალიზით უნდა მიგვიყვანოს.

ჩვენ უნდა ვიკვლევდეთ, კითხვებს უნდა ვსვამდეთ. ილია ჭავჭავაძე რომ ილია ჭავჭავაძეა, ისიც უნდა გააკრიტიკო, თუ არ მოგვეწონა რაიმე საკითხზე მისი შეხედულება.

ჯერ ერთი, წიგნს ნამდვილად ეტყობა, რომ Gemini-ს მიერ დაწერილი ტექსტია, რადგან ნებისმიერ კონტენტ კრეატორს რომ აჩვენოთ, გეტყვით, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის ალბათ 80%-იანი ნაშრომი, რომელსაც ძალიან კარგი ბრძანებები აქვს მიცემული.

„ისე დამიწერე, რუსებს არ ეწყინოთ“ – როგორც ჩანს, ეს ნარატივი აქვთ მიცემული.

  • რომელი პერიოდია შესული ამ სახელმძღვანელოში? მაგალითად აგვისტოს ომი, ანწუხელიძის ამბავი თუ არის და როგორ არის დაწერილი?

ამ ნაწილში არ არის შესული. კონკრეტულ ეპოქაში არსებულ კონტექსტებია ამოგლეჯილი. მაგალითად, საქართველოს ისტორია იწყება ფარნავაზით და დიაოხი და კოლხა, როგორც უძველესი სახელმწიფოები, არსად არ არის ნახსენები.

საერთოდ გამქრალია ქვის ხანა. ფარნავაზით იწყებენ საქართველოს ისტორიას და თან საქართველოს თანამედროვე რუკა აქვს დატანილი. იმდენად აცდენილია ყველაფერი ერთმანეთს, იმდენად ხდება პათეტიკური სისულელეების გამოკვეთა, რომ სრული სიგიჟეა.

  • რა ფაქტებია, მაგალითად, აცდენილი?

ერთ მაგალითად მოვიყვან. კონკრეტულ გვერდზე, სადაც ქართველი მეფეების საერთო მიზნებია გამოკვეთილი, საუბარია მე-16 საუკუნეში მოღვაწე ქართლის მეფე ლუარსაბ პირველის, იმერეთის მეფე ბაგრატ მესამისა და კახეთის მეფე ლევანის შესახებ. ნათქვამია, რომ ლუარსაბი მუდმივად გარე მტრების წინააღმდეგ იბრძოდა, ბაგრატი ოსმალებს უპირისპირდებოდა, მაგრამ ლევანი სპარსელებთან და ოსმალებთანაც მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობდაო.

ეს სიმართლეა, მაგრამ მომდევნო აბზაცში წერია: ლოგიკურად ისინი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები უნდა გამხდარიყვნენ, მაგრამ ქართველ მეფეებს შორის დაპირისპირების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობსო.

მოვლენების თანმიმდევრობის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ სამივე მათგანს საერთო ინტერესი ამოძრავებდა და მათი განსხვავებული პოზიციები ერთმანეთთან ბრძოლის საბაბი არ გამხდარა. ამ ქვეთავის შემდეგ მოცემულია ორი წყარო.

ერთი მათგანი ეკუთვნის ქართველ ისტორიკოს ფარსადან გორგიჯანიძეს და ამ ცნობაში ვკითხულობთ, რომ ბატონი ლევანი და იმერეთის მეფე ბაგრატი ძღვენითა და კარგი ფეშქაშით ყაენთან მოვიდნენ, მათ ლაშქრობას ერთგულად იმსახურეს. ჰოდა, არ გაინტერესებთ ეს ლაშქრობა ვის წინააღმდეგ იყო მიმართული სადაც კახეთისა და იმერეთის მეფეებმა ერთგულად იმსახურეს?

გორგიჯანიძის უცაბედად შეწყვეტილ ცნობას თუ გავაგრძელებთ, ასეთი რამ წერია: „თოვლს საქართველო ასრე გაეხადა, რომ მთა და ბარი გასწორებული ჩნდა. იმ დროს ჯავახეთს თავს დაესხნენ, მრავალი სული დაატყვევეს, იქიდან ქართლზედ ჩაიარეს, საბარათიანოს გზითა, იქიც თარეშში გაუშვეს, ალაგ-ალაგ სახიზრობი გატეხეს და ბევრი ტყვე აასხეს, მაგრამ მრავალნი ყიზილბაშნი ამოწყვიტეს“.

ფაქტობრივად, ეს ლაშქრობა, ქართლის მეფე ლუარსაბის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ვერც იმას ვიტყვით, რომ ავტორი უბრალოდ უცოდინარია და ამიტომ დაწერა,რომ თითქოს ქართველ მეფეებს შორის დაპირისპირების დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს.

კიდევ ერთი მაგალითი ავიღოთ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ გაკვეთილში წერია, რომ პირველი არალეგალური ორგანიზაცია იყო „გორგასლიანი“, რომელიც 1956 წელს შექმნეს სკოლის მოსწავლეებმა, რაც ფაქტობრივი შეცდომაა, რადგან სინამდვილეში ეს ორგანიზაცია 1953 წელს შეიქმნა.

სკოლის მოსწავლეებმა ფიცი ზვიად გამსახურდიას ოთახში დადეს და 1956 წელს, ორგანიზაციამ პროკლამაციები გამოაკრა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ მოწოდებით. ამავე გაკვეთილში წერია, რომ „გორგასლიანის“ მიერ გავრცელებულ პროკლამაციაზე ეწერა, რომ ისინი გმობდნენ საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში განხორციელებულ ძალადობას.

წიგნის ავტორებმა საერთოდ არ ახსენეს ამ პროკლამაციების უმთავრესი მოტივები და მიზნები, სადაც შემდეგი სიტყვები იყო მოცემული: „ქართველობო, ხომ არ დაგავიწყდათ 9 მარტის სისხლიანი ღამე, ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი 24 და 37, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები?

როდემდის უნდა გქონდეთ ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილ ქვეშ? დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება. დროა შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად! ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელგასვრილი ოკუპანტები და მათ მათის სამხედრო ხროვა!“.

  • ეს ტექსტია გამქრალი?

დიახ, ეს ტექსტი გამქრალია. ამიტომ ვამბობ, რომ ფაქტი გვაქვს მოცემული, რომელსაც ნულოვანი საფუძველი აქვს, არანაირი შინაარსი აღარ ჩანს.

  • ეს შინაარსი გამოაცალა იმის მცდელობამ, რომ რუსეთი არ გამოჩნდეს მტერი?

დიახ. რუსეთი რომ არ გამოჩნდეს როგორც მტერი. სწორედ ასეთი შინაარსგამოცლილი წიგნების დამსახურებაა ის უშინაარსო სადღეგრძელოები, რომელსაც არანაირი ლოგიკა არ აქვს. ამ იდეოლოგიის გავრცელება სურთ, რომელიც რუსეთს კარგად წარმოაჩენს და მასზე ცუდ ფაქტებს ვერ მოგაძებნინებს სახელმძღვანელოში.

ვფიქრობ, სპეციალურად არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი წყაროები შემოტანილი და ამით იმ ისტორიკოსებსაც შეურაცხყოფენ, რომლებიც კრიტიკულად წერდნენ რუსეთზე კონკრეტულ შემთხვევებში. ეს ხალხი ალბათ საფლავში გადატრიალდება, რომ გაიგონ, რა იწერება მათი სახელით.

ერთი მაგალითი მინდა კიდევ მოვიყვანო. გორბაჩოვის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ეწერა ასეთი რაღაც, რომ ამ პროექტის მიხედვით, კონსტიტუციიდან ქრებოდა მუხლი, რომლის მიხედვითაც საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკებს სსრკ-დან გასვლის უფლება ეძლეოდათო.  სინამდვილეში, ეს მუხლი კი არ ქრებოდა, მისი ცვლილება იგეგმებოდა იმგვარად, რომ გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა.

  • პირიქით დაწერეს?

კი, პირიქით წერია. ამიტომ არ გაასაჯაროვეს ეს ყველაფერი, რადგან თუ გასაჯაროვდებოდა, ამას ეყოლებოდა ძალიან ბევრი კრიტიკოსი. ამიტომ გამოვიდა ასე, – „წიგნი ჩემია და რასაც მინდა იმას დავწერ“.

რეალურად, შექმნეს „კომბლე 2“, რომელსაც ჰქვია „ზღაპრების წიგნი ძილად მისვლის დროს“, უნდა წააკითხო ბავშვებს და ეფექტი ნამდვილად ექნება ის, რომ ბავშვები ამ ზღაპრებს ისე მოგვიყვებიან როგორც კომბლეს ზღაპარს. ეს არის ამათი მიზანი და იდეა.

  • კიდევ თუ არის რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დამახინჯებული ან შინაარსგამოცლილი?

მაგალითად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე მიმდინარე მოვლენები შეფასებულია როგორც „თბილისის ომი“ და სიტყვა „გადატრიალება“, რომელიც პირდაპირ რუსეთის ჩარევით მოხდა, საერთოდ არ არის ნახსენები.

საიდან იმართებოდა, რა მიზნით და რა კონტექსტი ჰქონდა, საერთოდ არ არის ნახსენები. მაშინ როცა ეს საკითხი სახელმწიფო დონეზეა შეფასებული, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. ამ უდიდესი დანაშაულის შესახებ თვალებს რომ დახუჭავ, არაფერს ჩაწერ მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის, [ამ ასაკში, 16 წლის ასაკში დავითი ტახტზე ავიდა] და ზღაპრებს ასაღებ, ეს არის პრობლემა.

ქუჯის შესახებ ლეგენდა წარმოჩენილია, როგორც რეალური ისტორია. ასევე, თეოდოს I რომის უკანასკნელ იმპერატორად არის წარმოჩენილი, რაც უხეში ისტორიული შეცდომაა.

ერთმანეთშია არეული ცეცხლთაყვანისმცემლობა, მაზდეანობა და ზოროასტრიზმი, რაც ასევე ფაქტობრივი შეცდომაა.

დავით აღმაშენებლის ეპოქაში უწერიათ ისეთი დაუსაბუთებელი, არაარგუმენტირებული და მტკიცებულებებისგან დაცლილი ინტერპრეტაციები, თუნდაც ჯარის რაოდენობაზე, რაც არანაირ კონტექსტში არ ჯდება.

შეცდომით წერია თამარის გარდაცვალების თარიღიც, რადგან უახლესი წყაროები ვარაუდობენ, რომ თამარი 1207-1209 წლებში უკვე გარდაცვლილია, ამათ დაწერეს, რომ 1213 წელს გარდაიცვალა. არსად არ აქვთ თამარის ეპოქაში ტრაპიზონის იმპერიის დაარსების მიზეზობრივი ახსნა და ასე შემდეგ.

  • თქვეს, რომ QR კოდებია სახელმძღვანელოში დატანილიო, ეს კოდები თუ გახსენით და სად გადადის, რა ინფორმაციას აწვდის მოსწავლეს?

მართალი გითხრათ, მე არ გამიხსნია, რადგან მაგისთვის არც მეცალა, ისეთი სიგიჟე დამხდა წიგნში. ან რად მინდა ისეთი QR კოდი, რომელსაც არანაირი საფუძველი აღარ ექნება იმ წიგნთან, რომელიც თავად დაწერეს.

ერთადერთი, რაც ნამდვილად კარგია ამ წიგნებში, არის ნახატები. ეროვნული მუზეუმის არტეფაქტები გამოფინეს უფასოდ. მართლაც ძალიან კარგად არის ილუსტრირებული და ამ გარჯას ვუფასებ სამინისტროს, რომ იწვალეს და გამოაქვეყნეს. მაგრამ რად გინდა?!

ერთი სიტყვით, კარგი ნახატების წიგნია, ილუსტრაციების კრებული, რომელშიც იმდენად საინტერესო ვიზუალი და მაღალი პოლიგრაფიული ნაშრომებია შეტანილი, რომ მუზეუმში წასვლა შეიძლება აღარ მოუნდეს ბავშვს.

რუკებიც შედგენილია მაღალპოლიგრაფიულად, თუმცა, აქაც არის უხეში შეცდომები დაშვებული ზოგიერთ შემთხვევაში წლებთან მიმართებით, სახელების ცვალებადობასთან მიმართებით, სახელის ეტიმოლოგიური წარმოშობებიც კი შეცვლილია. აღარაფერს ვამბობ გრამატიკულ ფორმებზე და იმაზე, რომ ძველი და ახალი ქართული ისე გადადის და გადმოდის ერთმანეთში, ვერც ბრჭყალებს ნახავ, ვერც იმას გაიგებ რომელია ძველი ქართული, რომელი ახალი და რომელი მხედრული.

რად უნდოდა ამ სახელმძღვანელოს 10 თვე წერა, ამას ჩემი 60-ლარიანი ChatGPT უფრო კარგად დაწერდა.

მთლიანობაში, ეს სახელმძღვანელო არის რუსოფილური, არა მებრძოლი სულის, თავისუფლებადაკარგული, დაჩაჩანაკებული ადამიანის სტატუსის და თუ ამით ვასწავლით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ნამდვილად გვექნება კატასტროფული შედეგები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: