ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ადგილი ჭავჭავაძეზე, რომელსაც ვერავინ სარგებლობს – ბათუმის მერიას მოძრაობის „ახალი სქემა“ ჩაუვარდა

17.09.2026
ადგილი ჭავჭავაძეზე, რომელსაც ვერავინ სარგებლობს – ბათუმის მერიას მოძრაობის „ახალი სქემა“ ჩაუვარდა

ბათუმში, სადაც მანქანების გადაადგილება და პარკირებაც სერიოზული პრობლემაა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არის ადგილი, რომელსაც ვერავინ სარგებლობს – არც მერია და ვერც მოქალაქეები.

ქალაქის მერიამ აქ ბასლაინი დახაზა, სადაც ჯერ ავტომანქანებით მოძრაობა აკრძალეს და შემდეგ მუნიციპალურ ავტობუსებსაც აუკრძალეს „მათივე ზოლში“ გადაადგილება. ამ ზოლში პარკირებაც აკრძალულია.

რატომაა უსარგებლოდ და ცარიელი ნახევარკილომეტრიან ზოლში მინიმუმ 1 650 კვადრატული მეტრი ტერიტორია ისეთ გადატვირთულ მონაკვეთზე, როგორიც ილია ჭავჭავაძის ქუჩაა? რატომ ჩაიკეტა ავტობუსების ზოლი და როდემდე დარჩება შესაბამისი მონიშვნა გზაზე?

„ბათუმელები“ ქალაქის მერიას დაუკავშირდა.

„ჭავჭავაძის ქუჩა ადრე ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმით ფუნქციონირებდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ბასლაინი იყო მოწყობილი.

ქუჩის ორმხრივ მოძრაობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, მოძრაობის ახალი სქემის შესაბამისად, ბასლაინი გაუქმდა, თუმცა ზოლი დატოვებულია საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო-სამედიცინო და სახანძრო-სამაშველო სამსახურების სპეცმანქანების სამოძრაოდ“, – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან დღეს, 17 სექტემბერს.

ავტობუსების სავალი ზოლი ე.წ. ბასლაინი [Bus lane] მერიამ ჭავჭავაძის ქუჩაზე 2020 წელს დახაზა.

როგორ მოძრაობდა „ახალი სქემით“ ტრანსპორტი ჭავჭავაძის ქუჩაზე და რა ხდება ახლა:

გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე, ჭავჭავაძის ქუჩის ეს ზოლი იყო ცალმხრივი და იქ მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა. დღეს ბასლაინის გვერდით ჩვეულებრივი ტრანსპორტიც მოძრაობს;

გრიბოედოვის ქუჩიდან მომავალი ავტობუსი, 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაში გადადიოდა ჭავჭავაძის ქუჩის მეორე ზოლში და მოძრაობდა გზაგამყოფის გასწვრივ – თავდადებულის ქუჩამდე. ამისთვის, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთა გახსნეს მხოლოდ ავტობუსებისთვის. ამჟამად ავტობუსები მეორე ზოლში, ანუ ბასლაინზე აღარ გადადიან, თუმცა, ბასლაინი დარჩა მონიშნული.

ილია ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთა ბათუმში / 17.09.2026

26 მაისის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში ავტობუსებისთვის ორი გაჩერებაც იყო. ეს გაჩერებები ახლაც მონიშნულია, თუმცა როგორც აქ ავტობუსები არ დადიან. ამ ზოლში ვერც ავტომანქანები მოძრაობენ.

თავდადებულისა და ჭავჭავაძის კვეთაში ადრე გზა მხოლოდ ავტობუსისთვის გახსნეს და აქედან ავტობუსი მოძრაობას გზაგამყოფის მეორე მხარეს აგრძელებდა თბილისის მოედნის მიმართულებით [ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაში არსებულ წრიულამდე]. ეს კვეთა ამჯერად ავტობუსებისთვისაც ჩაკეტილია და ბასლაინი აქაც დარჩა მონიშნული. ბასლაინზე კი სხვა ტრანსპორტის მოძრაობა წესით აკრძალულია.

დეტალურად „ახალი სქემის“ შესახებ ნახეთ ამ ბმულზე: როგორ შეიცვლება მოძრაობა ჭავჭავაძის ქუჩაზე – ახალი სქემა ბათუმში

ილია ჭავჭავაძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთა ბათუმში / 17.09.2026

მერიიდან დღეს მიღებული პასუხით შეიძლება დავასკვნათ, რომ ბათუმის მერიას ქალაქისთვის ახალი „მოძრაობის ახალი სქემა“ აქვს, რომელიც „ძველი ბასლაინების“ სასწრაფოსთვის და სახანძროსთვის დატოვებას ითვალისწინებს.

  • ფაქტია, რომ ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ყოფილი „ახალი სქემა“ ჩავარდა. „ბასლაინი“ სწორედ ამ „ახალი სქემის“ ნაწილი იყო.

ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის მოსაწესრიგებლად ბათუმის მერიაში არაერთი პროექტი დაამტკიცეს, რომელმაც არ გაამართლა [მაგალითად: პუშკინის ქუჩა, იგივე ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩები და სხვა]. აი მთავარ „პროექტს“, რასაც ქალაქის გენგეგმა ჰქვია, მერია არადა არ ამტკიცებს.

გენგეგმის პროექტში კი ტრანსპორტის მოძრაობაზეცაა საუბარი და ეს საკითხი საჯარო განხილვის საგანი კარგა ხნის წინ უნდა გამხდარიყო.

ამ თემაზე:

რა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან – ბათუმის გენგეგმის კონცეფცია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: