განათლება,მთავარი,სიახლეები

10 000-ლარიანი პროფესორები ჯერ მხოლოდ „ცენტრალურ უნივერსიტეტებს“ ეყოლებათ – სამინისტრო

17.09.2026
10 000-ლარიანი პროფესორები ჯერ მხოლოდ „ცენტრალურ უნივერსიტეტებს“ ეყოლებათ – სამინისტრო

2026 წლის თებერვალში, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „განათლების რეფორმაზე“ დაიწყო საუბარი, „ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ შემოიღეს ახალი თანამდებობა, – „წამყვანი პროფესორის“, რომლის ანაზღაურებაც თვეში 10 000 ლარი იქნებოდა.

ამ თანამდებობის შემოღება იგეგმებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში. „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ ფარგლებში, უნივერსიტეტებს ერთ ფაკულტეტზე ერთი წამყვანი პროფესორი უნდა ჰყოლოდა, დანარჩენები კი შედარებით დაბალი რანგის პოზიციებს დაიკავებდნენ.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, დაიწყო თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტებში წამყვანი პროფესორების დანიშნა და რა კრიტერიუმებით?

ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ვკითხეთ, ჰყავთ თუ არა უკვე წამყვანი პროფესორები, რომლებიც დაპირებულ 10 000 ლარს იღებენ ხელფასის სახით, რამდენია ასეთი პროფესორი და რა მიმართულებებზე.

როგორც ბსუ-ში გვითხრეს, წამყვანი პროფესორების არჩევა/დანიშვნასთან დაკავშირებით ჯერ არაფერია მათთვის ცნობილი. „როცა დაიწყება რეფორმის განხორციელება და დაიწყება პროცესი, ბსუ-ც მერე ჩაერთვება“, – გვითხრეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

ტექნიკურ უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ განათლების სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს კონკურსი, „უნდა დაადგინოს კრიტერიუმები რა და როგორ, რომელ უნივერსიტეტში რამდენი წამყვანი პროფესორი უნდა იყოს. ეს მთელი პროცედურაა და როგორც გვითხრეს, ჯერ არ არის გამოცხადებული ეს კონკურსი. რომც გამოაცხადონ, ჩვენ ჯერ ეს არ გვეხება, რადგან პირველი ეს კეთდება თსუ-ში, სამ ფაკულტეტზე.

ჩვენთან კი ეს შეიძლება იყოს ერთი ან ორი წლის შემდეგ“, – გვითხრეს ტსუ-ში.

ვესაუბრეთ თსუ-საც, საიდანაც მოგვწერეს, რომ წამყვანი პროფესორების ასარჩევად, სამ ფაკულტეტზე უკვე გამოცხადებულია კონკურსი. კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზეც.

„კონკურსი უკვე გამოცხადებულია იურიდიულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე“, – მხოლოდ ეს მოგვწერეს თსუ-დან. ჩვენ დამატებითი კითხვები დავსვით შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე განმარტება თსუ-დან ვეღარ მივიღეთ.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, წამყვანი პროფესორის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

„წამყვან პროფესორად 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება.

განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები [წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა]“, – წერია საკონკურსო პირობებში.

კონკურსი 28 ივლისს არის გამოცხადებული, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ-ს აკადემიურ საბჭოს 2026 წლის 21 სექტემბერს უნდა გადაეცეს“.

გივი მიქანაძე თებერვალში ამბობდა, რომ „აღნიშნულ თანამდებობაზე პირი, შემდგომი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა კრიტერიუმის დაცვით, ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს“, თუმცა მაშინ მიქანაძეს არ დაუზუსტებია, ამ კონკურსს უნივერსიტეტი გამოაცხადებდა თუ განათლების სამინისტრო.

შევეცადეთ დაზუსტებული ინფორმაცია მიგვეღო განათლების სამინისტროსგანაც, კითხვები გავუგზავნეთ მიქანაძის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას, რომელმაც გვითხრა, რომ პირველ ეტაპზე, მაღალანაზღაურებადი წამყვანი პროფესორების თანამდებობა, მხოლოდ თბილისის წამყვან უნივერსიტეტებში დაინერგება.

„წამყვანი პროფესორების ნორმატიული ბაზა უკვე დამთავრებულია და კანონით შესულია ძალაში, თუმცა დანერგვა უნივერსიტეტებში უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ასეთია, ისედაც წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით.

როგორც ჩვენ ვიცით, კონკურსი გამოცხადებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამ ფაკულტეტზე და ეტაპობრივად, თანდათან უნდა მოხდეს უნივერსიტეტებში წამყვანი პროფესორების მიმართულებების დანერგვა.

ეს დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და ეს ეხება ფინანსებს. ფინანსების საკითხი გაცხადებულია, ეს არის ხელზე 10 000 ლარი, ანუ 12 500, მაგრამ საუბარია სხვა საკითხებზე – რა კომპონენტებით უნდა მოხდეს გაერთიანება. ეს არ იქნება სტანდარტული კათედრის ტოლფასი, ის უნდა იყოს გაცილებით უფრო გამსხვილებული მიმართულება და, შესაბამისად, აი ამ საკითხების პარალელურად დამუშავება მიდის.

ამის გამო მე ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ, როდის იქნება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში [კონკურსი], მაგრამ უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, რადგან ამ ეტაპზე აუცილებელია თბილისის ცენტრალურ, რამდენიმე უნივერსიტეტში თანდათან, ეტაპობრივად, 2-3 წლის განმავლობაში წამყვანი პროფესორების ინსტიტუტის დანერგვა“, – გვითხრა „ბათუმელებს ზვიად გაბისონიამ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: