ბათუმში ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ ორი ქუჩის დასაკავშირებლად ხელშეკრულება ბათუმის მერიას 2025 წლის თებერვალში აქვს გაფორმებული ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-თან, ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში კი ამისათვის 2,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ამავე კომპანიას ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი გზაც უნდა აეშენებინა, რისთვისაც ბიუჯეტში დამატებით 1,3 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არც აქ დაწყებულა.
ორივე შემთხვევაში ბათუმის მერიამ ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშში დაწერა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ მიმდინარეობს იმიტომ, რომ „აუცილებელი გახდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რადგან საპროექტო ტერიტორიის ნაწილი გადის კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. ვინაიდან მოლაპარაკება წარმოადგენს რთულ პროცესს, მის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება ვერ მოხერხდება.“
„ბათუმელებს“ მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურში 2025 წლის 25 ნოემბერს უთხრეს, რომ ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების შეერთების პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დროისთვის მხოლოდ ორ მესაკუთრესთან მიმდინარეობს. სამუშაოების დაწყება კი, ამ მოლაპარაკებების დასრულებაზეა დამოკიდებული.

ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზა [წითელი ხაზით] / ამ პროექტით კეთილმოეწყობა ახალი გზისა და ანგისის ქუჩის დამაკავშირებელი ქუჩაც [ახლანდელი ანგისის მესამე ჩიხი] / ფოტო ტენდერიდან
ტენდერი 5 339 245 ლარით იყო გამოცხადებული, ხელშეკრულება კი 5 178 987 ლარზე გაფორმდა.
ამ ტენდერის ფარგლებში ბათუმში უნდა დაწყებულიყო შემდეგი სამუშაოები:
- მიხეილ ლერმონტოვის ქუჩის და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა – გამოყოფილია 1 484 666 ლარი [„ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა გრაფიკით. საანგარიშო პერიოდში დასრულდა სანიაღვრე სისტემის, სავალი ნაწილის ორივე მხარეს ბორდიურისა და გზის მოასფალტების სამუშაოები; კვარტალური გეგმით გამოყოფილი ასიგნება ათვისებულია სრულად.“ – წერია ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშში]
- შალვა ინასარიძის ქუჩის და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა – გამოყოფილია 2 376 816 ლარი [სამუშაოები არ დაწყებულა]
- ფარნავაზ მეფის ქუჩის და ფიროსმანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა – გამოყოფილია 1 317 508 ლარი [სამუშაოები არ დაწყებულა]
შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, მერიის სამმართველოს თანხმობით „ბონდი-2009“-მ სამუშაოები 2025 წლის პირველი მაისიდან ქვეკონტრაქტით გადასცა შპს „მონო 4“-ს [ეს კომპანია 2023 წელსაა რეგისტრირებული ბათუმში. კომპანიის მესაკუთრეა თამარ ჯანგველაძე, ხოლო დირექტორია – მამუკა ჟღენტი].
2025 წლის 29 ოქტომბრის შეთანხმებით კი, ზემოთ აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ვადა გაიზარდა და განისაზღვრა 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
ანუ, ინასარიძე-კაჩინსკებისა და ფარნავაზ მეფე-ფიროსმანის ქუჩების შეერთების სამუშაოები უნდა დაიწყოს საკუთრების საკითხის მოგვარებისთანავე და 2026 წლის ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.
ამავე თემაზე:
რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები ბათუმში






