„ვნანობ, რომ იქ არ ვდგავართ ყველანი, რუსთაველზე. ეს არის პირველი, ჩვენ რაც გვაწუხებს აქ ემიგრანტებს“- ამბობს მაია ფურცხვანიძე, ქართველი ემიგრანტი, რომელიც რვა წელია კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
მაია „ბათუმელებთან“ საუბარში ჰყვება, თუ როგორ განიცადა არჩევნების გაყალბება და როგორ განიცდის იმ ძალადობას, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობაზე ახორციელებს.
„დეკემბრამდე არ შევსულვართ სახლში. ვიდექით, ვაპროტესტებდით არჩევნების გაყალბებას. ბოლოს გავცივდი, დავკარგე ხმა, ჯანმრთელობა და ნერვებიც, რადგან აბსოლუტური მარაზმია ის, რასაც აქ „ოცნების“ მხარდამჭერებში ვხედავდი“- გვეუბნება მაია ფურცხვანიძე.
მისი თქმით, ტორონტოში საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მიმართეს საელჩოს, თუმცა მათი მოთხოვნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.
„ტორონტო არის დედაქალაქისგან მოშორებული, 5 საათის სავალი გზაა მანქანით ოტავამდე, რადგან ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი ტორონტოში ვცხოვრობთ, ამ ქალაქში ვითხოვდით უბანს.
ბოლოს იძულებული გავხდით ჩავსულიყავით ოტავაში, ამან საგრძნობლად შეამცირა არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა. მაგალითად, ჩემი ოჯახიდან ყველა ვერ წავედით.
ამ არჩევნებზეც ვიყავი კომისიის წევრი და წინა არჩევნებისგან განსხვავებით რადიკალურად გაზრდილი იყო ადამიანების მონაწილეობა, რადგან ყველა თვლიდა, რომ ძალიან კრიტიკული არჩევნები იყო. თუ წინა არჩევნებზე 30 კაცი მივიდა, 2024 წელს 270 ადამიანი გვყავდა უბანზე.
„ოცნებამ“ სადღაც 30-მდე ხმა მიიღო, დანარჩენი წაიღო ოპოზიციამ.

მაია ფურცხვანიძე და სხვა ემიგრანტები საპროტესტო აქციაზე ტორონტოში.
აქ პრობლემა არის ის, რომ „ოცნებას“ თავისი მხარდამჭერები გაერთიანებული ჰყავს აქაური ქართული ეკლესიის ირგვლივ და აქ არის თავმოყრილი პრორუსი, ანტიდასავლური განწყობის ხალხი. ამათთან ჩამოვიდნენ კონსულები და ბევრჯერ დაარეგისტრირეს ხალხი, ისინი, ვინც მათი აზრით „ოცნებას“ დაუჭერდა მხარს, თუმცა მაინც არ ჩამოვიდნენ მათი მხარდამჭერები, ამიტომ მიიღეს 30 ხმა.
ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, „ოცნების“ მხარდამჭერი ერთ-ერთი კომისიის წევრი გვემუქრებოდა ორ ადამიანს და ამის გამო ვუჩივლეთ. ბიძინას სასამართლო არ დაუდგენდა არაფერს, თუმცა დისკომფორტი მაინც შეექმნა ამით და კომისიის მუშაობაში ვეღარ მიიღო მონაწილეობა.
ბოლო ექვსი თვე გავატარეთ სრულ ტერორში. აქაური ეკლესიის მღვდელი აქეთ გვემუქრებოდა დაგიჭერთო, რადგან არ მოსწონდათ ჩვენი განწყობები და გვიწევდა კამათი იმაზე, თუ რა დიდი საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა. იქამდე მივიდა საქმე, რომ აქაურ პოლიციასაც კი მივმართეთ, რადგან ურეკავდა ჩვენს მეგობრებს და იმათაც აშანტაჟებდა.
თვითონ ეს მღვდელი, კანადის მოქალაქეა, თავისი შვილები აქ გაზარდა, ორი ქონება შეისყიდა მრევლის ხარჯზე და ძალიან კარგად ცხოვრობს. ამის მიუხედავად, აქაც კი, პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობენ.
რუსები როგორც მუშაობენ, ზუსტად ისე იქცევიან. მოძველბიჭო ელემენტები, კრიმინალები, ფულის შეწერები, ქურდები… აი, ეს ხალხია.
პრორუსული ძალები ყველგან ცდილობენ შეიტანონ დესტაბილიზაცია, რომ დაანგრიონ და ჩამოშალონ დემოკრატიები.

ქართველი ემიგრანტების აქცია ტორონტოში
ამიტომ, არჩევნების შემდეგ ვიყავი განადგურებული, არ ვაჭარბებ. მივწერეთ აქაურ მთავრობებს, რომ არ აღიარონ ეს არჩევნები, არ შეხვდნენ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვატარეთ აქციები, მივწერეთ არაერთი წერილი მიმართვის – ნუ ხვდებით „ოცნების“ ელჩებს, რომ ესენი არიან არალეგიტიმური, რუსული რეჟიმის წარმომადგენლები, რომელიც ხალხს იჭერენ. თუმცა, ერთ-ერთი ჩვენი კონსულის შვილი მაინც ჰყავთ ჰოკეის გუნდში. კანადაში ჰოკეის თამაში უნდა მის შვილს და სხვებმა რუსულ ჯარში უნდა იმსახურონ?! აი, ეს უნდათ და რა ველაპარაკოთ იმ ხალხს, ვისაც ამ ყველაფერზე არ აქვს პროტესტი?!“ – წუხს მაია ფურცხვანიძე.
ამბობს, რომ ზოგჯერ უიმედოდ გრძნობს თავს, თუმცა მაინც ეჭიდება იმედს, რომ ცუდ დღეებს, წესით, უნდა მოჰყვეს ნათელი დღეებიც.
„ვნანობ, რომ იქ არ ვდგავართ ყველანი, რუსთაველზე. ეს არის პირველი, ჩვენ რაც გვაწუხებს აქ ემიგრანტებს.
მაგრამ, აქაც კარგი პირობების გამო არ წამოვსულვარ, ხომ?! და ბევრია ჩემნაირი. გამოვექეცით უპერსპექტივობას, რადგან დიდი ხანია „ოცნებას“ არ სჭირდება თავისუფალი და მათზე არა დამოკიდებული საზოგადოება. ვგრძნობ დიდ წუხილს, რომ იქ არ ვდგავარ, რადგან ქართველი ახალგაზრდების მომავალია ახლა სასწორზე. მათი მშობლები იმიტომ უნდა იდგნენ ახლა ქუჩაში, რომ 5 წელიწადში მათი შვილები რუსულ ომში იომებენ, მარტო ციხეს არ დააჯერებენ.
ამას ვეუბნებოდი „ოცნების“ მხარდამჭერებს, რუსულ ჯარში დაასრულებენ თქვენი შვილები, მოეშვით ამ რუსული ძალების მხარდაჭერას-მეთქი.
ყველა ევროპული სისტემიდან თუ ჩაიხსნებიან, მერე რას იზამენ, როცა საქართველოში ვეღარ გაუგზავნიან ფულს ოჯახებს, რომლებსაც თვითონ არჩენენ, სოფლებში და ქალაქებში. მერე ალბათ გამოვლენ მათი ნათესავები ქუჩაში, თუკი გვიანი არ იქნება“-ამბობს მაია.

მაია ფურცხვანიძე საპროტესტო აქციაზე. კანადა
მისი თქმით, საქართველოში საზოგადოებისთვის დასავლური გრანტების გადაკეტვით კიდევ უფრო გაღარიბდება მოსახლეობა, რომელიც დიდ სიკეთეს იღებდა ამ დახმარებით:
„მე რამდენიმე წელი ვიმუშავე USAID-ის პროგრამებში და რაც შემეძლო ვავრცელებდი ხმას დასავლურ სიკეთეებზე, მაგრამ პოლიტიკური ნეტა არ იყო, რომ ადამიანებს ბოლომდე გაეცნობიერებინათ ეს.
მეორე, მე რასაც ვხედავ, არის ის, რომ რუსული გავლენა ყველგან იგრძნობა. რუსული პროპაგანდა უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე მათი ბომბები. და ამ პროპაგანდამ დაარწმუნა ძალიან ბევრი ადამიანი იმაში, რომ რუსეთი არ არის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ რა არის დასავლური სიკეთეები, მაინც ამ პროპაგანდით არიან გაჟღენთილი.
ესე იგი, ადამიანებს თავად დაჰყავთ შვილები სკოლაში, მომიბრუნდებიან და მეუბნებიან, რომ „ბავშვებს აგეებენ“. ორივე შვილი აქ გამოვზარდე, კანადის სკოლაში, ერთმა ამერიკაშიც ისწავლა, მაგრამ ორიენტაცია არ შეცვლიათ.
თუმცა მაინც აქ ცხოვრობენ და ისე იღებენ ამ სიკეთეებს, თითქოს რაიმეთი დაიმსახურეს. არანაირი ვალი არ აქვს დასავლეთს ჩვენი, პირიქით, ჩვენ გვაქვს მათი ვალი და თან ძალიან ცუდად მოვიხმარეთ ის რესურსი, რომელიც გამოგვიყვეს თავის დროზე და ეს ძალიან სამწუხაროა.
ბევრი ვერ აცნობიერებს იმას, რომ თუ სტალინს წლები დასჭირდა იმისთვის, რომ გულაგები აეშენებინა, ახლა ეს ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს. ტექნოლოგია იძლევა იმის საშუალებას, ისეთი სეგრეგაცია გაგაკეთებინოს საზოგადოების, რომ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო.
როგორც აფხაზები გაუშვეს ომში, როგორც ჩეჩნები ჰყავთ გადებული ფეხქვეშ, ისე მოუწევთ რეჟიმის მხარდამჭერებსაც. ალბათ ამის მერე მოეგება ბევრი გონს, მაგრამ ეს იქნება გვიანი.
ზოგადად, ფაშიზმი გლობალური პრობლემა ხდება უკვე. რადიკალიზაციისკენ იხრება სამყარო და აღარ სრულდება ლიბერალიზმის კრიტიკა. ლიბერალიზმმა შესაძლოა სადღაც შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამაზე უკეთესი სისტემა არ არსებობს დღეს. არ მოუგონია კაცობრიობას ლიბერალიზმზე და დემოკრატიაზე უკეთესი და ადამიანის უფლებებზე მნიშვნელოვანი რამ.
რა უნდა აუხსნა იმ ადამიანებს, ვინც თვითონ არიან ამ სისტემების გამო კარგად და მაინც ებრძვიან ამ სისტემას? ლიბერალური სისტემა რომ არის ამ ქვეყანაში და დემოკრატია, იმიტომ ცხოვრობ აქ ემიგრანტი კარგად, მაგრამ არ ესმის ეს ბევრს.
ამიტომ, თუ ვინმეს რამე შეგვიძლია კიდევ, უნდა ვიბრძოლოთ.
ვიტოვებ ძალიან მცირე იმედს იმისა, რომ უბრალოდ, კანონზომიერებაა ეგეთი, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვოს და როცა რაღაცისთვის იბრძვი, იმ რაღაცას ადრე თუ გვიან მიიღებ.
ჩვენი ისტორიული გამოცდილებაც ისეთია, რომ ცუდ დღეებს აუცილებლად მოჰყვება ნათელი დღეებიც.
საზოგადოების ყველა ნაწილი უნდა შეიკრას ერთად, რადგან ბრძოლის გარდა არაფერი დაგვრჩენია. აქედან რაც შეგვიძლია ემიგრანტებს, – იქნება ეს ფინანსური დახმარება, საპროტესტო აქციები და მუშაობა აქაურ მთავრობებთან, რომ არ ითანამშრომლონ „ოცნებასთან“, ეს უნდა გავაგრძელოთ“ – ამბობს მაია ფურცხვანიძე.