მთავარი,სიახლეები

სასამართლო იწყებს რუსული კანონის საქმეზე ჟურნალისტების სარჩელის განხილვას – მედიამბუდსმენი

25.04.2025
სასამართლო იწყებს რუსული კანონის საქმეზე ჟურნალისტების სარჩელის განხილვას – მედიამბუდსმენი

„მედიაომბუდსმენის“ ცნობით, 28 აპრილს, ორშაბათს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო დაიწყებს ე.წ. რუსული კანონის საქმეზე 18 ჟურნალისტის და ოპერატორის სახელით წარდგენილი სარჩელის განხილვას.

სარჩელი უკავშირდება 2023 წელს ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქებისას სამართალდამცავთა მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს. მოსარჩელები ითხოვენ პოლიციის მიერ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. საქმეს მოსამართლე ანა ჩხეტიანი უძღვება.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მოვლენებისას ჟურნალისტები და ოპერატორები გახდნენ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლნი.

სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან გამოვლენილი უკანონობა: ზეწოლა, აგრესია, ასევე სპეციალური საშუალებების — წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის — გამოყენება ადასტურებს სისტემურ პრობლემებს, რომლებიც საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება „მედიაომბუდსმენის“ მიერ წარდგენილ ფაქტებზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება დღემდე შეუსრულებელია, რაც დამატებით აღრმავებს უნდობლობას გამოძიების ეფექტიანობის მიმართ.

სასამართლო დავა წარმოადგენს კიდევ ერთ სამართლებრივ მცდელობას, რომლის მიზანია სიტყვის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირების უფლების დაცვა. აღნიშნული სარჩელის დროული და სრულფასოვანი განხილვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების განმტკიცებისთვის“ – წერს „მედიაომბუდსმენი“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: