სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ უცხოეთში წერილი დააგზავნა, სადაც ქართველი საზოგადოების მთავარი მოთხოვნებია გაჟღერებული. მათ შორისაა: არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება, საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელება და ახალი არჩევნების მოთხოვნა.
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა დღეს, 24 აპრილს განაცხადა ბრიფინგზე.
„ასევე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პატიმრების გათავისუფლება. ეს უკვე დიდხანს გრძელდება. მიუღებელია, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩვენ კიდევ ვთვლით ჩვენს თავს ცივილიზებულ ქვეყნად, ასე უსამართლოდ ისხდნენ ციხეში ახალგაზრდები თუ არა ახალგაზრდები.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მზია ამაღლობელის საკითხიც ასევე, დგას წინა პლანზე, როგორც ჟურნალისტის და არავის არ უნდა დავავიწყოთ მისი სახელი, ამ ძალიან რთულ პირობებში მყოფის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.






