„ჰოდა, მე იცით რა მგონია? ჩვენ, „რადიკალური ლიბერალები“, ევროპელებად დავიბადეთ – აი, დაბადებიდანვე ასეთები ვიყავით… ვიზრდებოდით და ღრმავდებოდა ჩვენი უფლებების დაცვის და თავისუფლების ფასის სიყვარული…. ჩვენ, მილენიალები, სამწუხაროდ, ცოტანი ვართ „ლიბერალისტები“, აი, თაობა -Z კი უმრავლესობითაა წარმოდგენილი საბედნიეროდ.
მათში ასე ადვილად ვერ ჩაკლავთ აზროვნების თავისუფლებას, შეუძლებელია!“ – წერს ბათუმელი პედაგოგი მაია ფაღავა.
მაიას ყოველ საღამოს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ნახავთ, ის ანტირუსულ აქციებს პირველი დღიდანვე შეუერთდა. პედაგოგი ამჯერად ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან უზიარებს გამოცდილებას საზოგადოებას, თუ რა არის მისთვის ევროპა და რატომ „ვართ ჩვენ ევროპა“.
„2011 -2013 წლებში კვირაში ორი დღე ხულოში დავდიოდი, 3 საათი მჭირდებოდა ხულომდე, 6-საათიან ლექციებს ვუტარებდი უფროსებს და უკან ისევ 3 საათი მჭირდებოდა დასაბრუნებლად. არ მახსოვს, გაკვეთილი გამეცდინოს ერთი შემთხვევის გარდა, როცა ისეთი დიდთოვლობა იყო, ტრანსპორტი არ გავიდა ქალაქიდან. აი, მაშინ ძალიან ბევრი მეკითხებოდა – „უი, მანდ როგორ დადიხარ გოგო? – აი, მე ვერ წარმომიდგენია“, – ამ დროს ჩემი განწყობა იყო ამაღლებული და ვიცოდი, ჩემი იქ ჩასვლა რამდენად მნიშვნელოვანი იყო და ყოველი წუთი შეუფასებელი.
ვფიქრობდი, თუ რამდენ დროს ხარჯავდნენ მეგაპოლისებში ადამიანები სამსახურში მისასვლელად და ის 3 საათი კითხვაში თუ მუსიკის მოსმენაში უცებ გადიოდა. ჩემთვის ევროპა დისციპლინაა, კანონმორჩილება და ამავდროულად უკიდეგანო შინაგანი თავისუფლებაა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, ჩვენ მაინც იქ ვართ – ევროპაში. სულერთია, თქვენ მოლაპარაკებებს შეაჩერებთ თუ დახურავთ. ჩვენთვის ეს სულიერი მდგომარეობაა. სხვათა შორის, ბებიაჩემიც ევროპელი იყო – ქალაქში დაბადებული და გაზრდილი გოგო მაღალმთიანეთში ერთი სოფლიდან მეორეში ცხენით რომ გადაადგილდებოდა, სამედიცინო დახმარება რომ გაეწია ადამიანებისთვის.
მას ეს მოსწონდა და ფიქრობდა, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა და არ აბრკოლებდა მაშინდელი სტერეოტიპები. ჰო, კიდევ 1955-ში იმიტომ გაჰყვა ცოლად 37 წლის ბაბუაჩემს, რომ კომპარტიის წიგნაკის ნაცვლად ლინგვისტის წითელი დიპლომი ჰქონდა. „რადიკალი ლიბერალები” მყავდა ორივე“. – წერს მაია.
- რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.