საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ქეთო ხომერიკი 4 დეკემბერს წიწაკის სპრეით მოიწამლა თბილისში, საპროტესტო აქციაზე. მას წიწაკის სპრეი რობოკოპმა სახეში შეასხა.
„იმის წინა ღამით, როცა ოპოზიციური პარტიების ოფისების ჩხრეკა დაიწყო პოლიციამ, ერთ-ერთ ოფისში ვიყავით და დარბევის დროს რამდენიმე ადამიანი შევიფარეთ.
აივანზე ვიდექით მე და ჩემი მეგობრები, ოფისში რომ შემოსულიყვნენ და ვინმე გაეყვანათ, ზემოდან რომ გადაგვეღო ვიდეო.
ამ დროს დაგვინახეს რობოკოპებმა და ჩამოსვლის დროს, აივანზე შემოგვასხეს წიწაკის სპრეი. საათ-ნახევარი ვეგდე. სახე დამწვარი მქონდა, ვერ ვსუნთქავდი საერთოდ და ხველების გარეშე ვერ ვლაპარაკობდი.
სახე დამწვარი მქონდა. ეთანოლის ქაფი მქონდა წაღებული და იმით ვუშველე დამწვრობას. ტუჩი, ნესტოები საშინლად მეწვოდა.
ამის შემდეგ დამეწყო გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი“ – ამბობს ქეთო ხომერიკი „ბათუმელებთან“.
წიწაკით სპეით მოწამვლას აქციებზე გაზით მოწამვლაც დაემატა.
ქეთო ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სპრეით და გაზით მოწამლეს, მას თავბრუსხვევა და თავის ძლიერი ტკივილი აქვს.
მისი თქმით, ტანსაცმელს გაზისა და სპრეის სუნი დაჰყვება. „გარეცხილი ქურთუკიც კი კისერს მწვავდა, იმდენად მომწამვლელი რაღაც შეგვასხეს. ოფისშიც კი რესპირატორები გვეკეთა, ისეთი სუნი იდგა,“ – ამბობს ქეთო.
იგი იხსენებს, რომ გაზით გაზაფხულის აქციებზეც მოიწამლა, მაგრამ ახლა სხვა სიმპტომები აქვს:
„თავბრუსხვევა, თავის ტკივილის საშინელი შეგრძნება მაქვს. ახლა უფრო მეტად იმოქმედა.
სამწუხაროდ, იმის დროც არ მაქვს, რომ ექიმთან მივსულიყავი და გამოკვლევები ჩამეტარებინა, რომ გამეგო, ვთქვათ, რა ნივთიერებებით გვწამლავენ.
ჩემი ერთი მეგობარი იმდენად ცუდად იყო, რომ სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა. ფილტვების ანთება დაემართა მეორე მეგობარს“ – გვითხრა ქეთო ხომერიკმა.
ქეთოს სახეზე დამწვრობა ჩაუცხრა, თუმცა აქვს გამონაყარი. ამბობს, რომ როცა ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდება, აპირებს სამართლებრივ დავას იმ უწყებების წინააღმდეგ, ვინც ძალას გადაამეტა და აქციის მონაწილეები გაზით და სხვა მავნე ნივთიერებებით მოწამლა.
ალერგოლოგმა გიორგი კამკამიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განმარტა, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ჯანმრთელობას ცრემლმდენი გაზისა და წიწაკის სპრეის ხანგრძლივმა შესუნთქვამ.
„ყოველდღიურად ამის გამეორება საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ წინა დღის დაბინძურებას ემატება შემდგომი და კიდევ შემდგომი დღის დაბინძურება და ყველას, ვინც იქ დგას, ფაქტობრივად ყველას აცემინებს, ახველებს, იმიტომ, რომ ამის დეკონტამინაცია (გამოყოფა, გაწმენდა) არ ხდება.
ამ ნივთიერებების შესუნთქვას შემდგომში შესაძლოა მოჰყვეს ფილტვის შეშუპება, ფილტვის პერმანენტული ან მუდმივი დაზიანება, რომელიც განუსაზღვრელი დროით რჩება, თვალის დაზიანება, გლაუკომა შეიძლება განვითარდეს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიბრმავე და ამაზე მუდმივი განმარტებები უნდა კეთდებოდეს, ჯანდაცვის სამინისტრო კი არაფერს ამბობს, ფაქტობრივად, სიჩუმეა.
ჩვენი პროფესიული პატივისცემა არ გვაძლევს უფლებას, რომ არ ამოვიღოთ ხმა.
იმ ძალოვნებსაც ვეუბნებით, უღირთ ის ხელფასი, რომ თვითონაც მოიწამლონ ამ ნივთიერებებით? აფარებული ნიღბები არ დაგიცავთ.
აქციაზე არ არიან მხოლოდ ჯან-ღონით სავსე ადამიანები, ბავშვებიc არიან, ისეთი ადამიანები არიან, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.
ამ ყველაფერს გარკვეული დროის შემდეგ მოჰყვება მძიმე სასამართლო პროცესები და ყველა დაისჯება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ახლა მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი, რომელიც პირდაპირ მიმართულია ჩვენი მოსახლეობის დაზიანებისკენ“ – თქვა გიორგი კამკამიძემ.
ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბერს დაიწყო, როცა „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აპირებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას გაწევრიანების თაობაზე.
საქართველოს ათიათასობით მოქალაქე, ყოველ დღე გამოდის ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების განცხადების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა საქართველოს არჩეულ გზას და ქვეყნის ევროპული კურსი რუსულით შეცვალა.
ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება 28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილე ათასობით ადამიანს წამლავს წიწაკიs სპრეით, ცრემლმდენი გაზით და არბევს წყლის ჭავლით, რომელშიც ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ქიმიური ნივთიერებებია შერეული.
მოქალაქეები არ აპირებენ საპროტესტო გამოსვლებისა და გაფიცვების შეწყვეტას მანამდე, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები და ქვეყანა არ დაბრუნდება ევროინტეგრაციის გზაზე.
________________
მთავარი ფოტოზე: ქეთო ხომერიკი