პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებს ჩხრეკს. პოლიცია 14:15 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც შევიდა.
„ბავშვები აიყვანეს მძევლად. საბუთი გვაქვსო გვეუბნებიან, სად არის საბუთი, ეს კაცია საბუთი? კეპკა რომ აქვს დაფარებული და ფორმა არ აცვია. საიდან უნდა გავიგო ვინ არის. ცდილობენ ვიღაც შეაშინონ? არავის ეშინია“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი „ფორმულას“ ეთერში.
გარეთ მყოფი პოლიციელი თინა ბოკუჩავას ეუბნება, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს გადაღებით და შიგნით მყოფ პირებს წარუდგინეს ჩხრეკის ნებართვა.
„ჩემი ინფორმაციით, იყო მცდელობა „ახლების“ ოფისში შევარდნის. იქ ალბათ ჯერ ვერ გაბედეს და არ გაბედეს. პოლიციის შენობა აქვეა და შეიძლება დარბევისთვისაც ემზადებიან.
გუშინ იყო ამ ოფისში შევარდნის მცდელობა, როცა უამრავი პოლიციელი იყო აქ მობილიზებული, მაგრამ გუშინ ეს არ გააკეთეს, იმდენად ბევრი ადამიანი ჰყავდათ დასაკავებელი და დასარბევი, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ამას ახორციელებს რუსული ომონი.
ეს არის ის, რაც მოხდა ბელარუსში, რუსეთში და ჩამოყალიბდა დიქტატურა. ვხედავთ, რომ ოფისში, სახლებში გვივარდება რუსული ომონი“, – ამბობს თინა ბოკუჩავა.
ჩხრეკა მიმდინარეობს „დროას“ ოფისშიც.
„როგორც ვხედავთ, ესენი ჩაიდენენ კიდევ ერთ უკანონო აქტს“ – ამბობს ელენე ხოშტარია.
პოლიცია დღეს ჯგუფ „დაიტოვეს“ აქტივისტის, ილია ღლონტის სახლშიც შევიდა.
მისი თქმით, ანტიკონსტიტუციურ რეჟიმს სამოქალაქო აქტივისტების დაშინება უნდათ.
„მთელი ჩემი საქმიანობა არის საჯარო, ფეისბუქზე ყველა ხედავს, რაც ხდება ჯგუფშიც, ამიტომ ეს ცალსახად არის დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი. პირიქით მეგობრებო, თუ თქვენ ხმას არ ამოიღებთ, ხვალ თქვენთანაც იგივე მოხდება და ხვალ, თქვენც მოგადგებიან აზრის გამოხატვის გამო. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევშინდეთ, ბრძოლა ახლა იწყება“, – ამბობს ილია ღლონტი.






