„აქციის დასაშლელად ორ საშუალებას იყენებენ – ესაა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
გაზი არასწორი სახელია, ეს არის ფხვნილი, რომელიც შეიძლება გაიფრქვეს ან წყალში გაიხსნას. მცირე რაოდენობის წყალში და არა იმ ავზებში, რომლებშიც ხსნიან და შემდეგ წნევით შლიან დემონსტრანტებს.
ფაქტობრივად, შექმნეს ახალი იარაღი, რომლის პროგნოზირება, თუ რა შედეგებს გამოიწვევს, ნამდვილად არავინ არ იცის,“ – ამბობს გია კამკამიძე, ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი.
ექიმმა ეს 6 დეკემბერს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრობისას თქვა. თავის გამოსვლაში ალერგოლოგ-იმუნოლოგი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ახლა ქვეყანაში სახეზეა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისი, როცა მშრალი სტატისტიკის გარდა ინფორმაცია, ფაქტობრივად, არ არსებობს.
ექიმის თქმით, აქციებზე გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციას უნდა ავრცელებდეს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მუდმივ რეჟიმში აწვდიდეს მოქალაქეებს ინფორმაციას.
NCDC-ის ამ დრომდე [12 დეკემბერი] აქციების კონტექსტში ერთადერთი განცხადება აქვს გაკეთებული და ის პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხება. ცენტრი ამ განცხადებაში უარყოფს, რომ LinkedIn-ზე გავრცელებული ტექსტი, სადაც ეწერა – „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული“ – არ იყო NCDC-ის ოფიციალური განცხადება.
ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი გია კამკამიძე ამბობს, რომ წყლის ჭავლში გაზავებული ფხვნილით, ფაქტობრივად, ახალი იარაღი შეიქმნა, რომლის შედეგები გრძელ ვადაში არავინ იცის, რა იქნება.
„არ იციან მათ შორის არც ძალოვანმა სტრუქტურებმა. საერთოდ აზრზე არ არის არც ჯანდაცვის სამინისტრო და ხმას საერთოდ არ იღებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილება. ამიტომ ეს [წყალში შერეული ქიმიური ნივთიერება] არის არაპროგნოზირებადი, არარეგულირებადი და ეს ადამიანებიც – რობოკოპები და ძალოვნები, ვინც ამას იყენებენ, თავადაც არიან დარტყმის ქვეშ. მაგრამ იმის გამო, რომ შეიარაღებულნი არიან, მათი რისკი ნაკლებია, არიან დაცულები.
როდესაც ამას იყენებ არა ურჩი, პატარა ჯგუფის წინააღმდეგ, როგორც უნდა იყოს გამოყენებული ეს საშუალებები, არამედ იყენებ 100-200 ათასი ადამიანის წინააღმდეგ, ეს უკვე სრულიად სხვა სურათს ქმნის.
ვინაიდან არსებობს ალბათობა, რომ ამ ხალხში იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს ბრონქული ასთმა ან ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან რაღაცა გულის პათოლოგია. ასეთ დროს მაღალია ალბათობა, რომ რამე მძიმე შედეგი დადგეს,“ – ამბობს გია კამკამიძე.
ექიმის თქმით, ქიმიური საშუალებები აქციის დასაშლელად შეიძლება გამოიყენო მაშინ, როდესაც მცირე მებრძოლი ჯგუფია, რომელიც არ ემორჩილება მითითებებს და გამოიყენო მას შემდეგ, რაც ყველა სხვა საშუალება ამოიწურა.
„ასეთი მასიური გამოყენება სრულიად ცვლის სურათს. ამასთან ისეთი მეთოდების გამოყენება – დამიზნებით გამოსროლა ამ ჭურვების, რუსთაველის თეატრიდან როგორ ისროდნენ, ამას მე თვითონ შევესწარი… სად არის ამის შედეგების ანალიზი? რა შეიძლება მოჰყვეს ამას, ამის ანალიზი არ არსებობს. არაპროგნოზირებადია.
ამიტომ ჩვენი, ექიმების მოთხოვნაა, საერთოდ შეწყდეს ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, ვინაიდან ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები, ან ვერ ერკვევიან, ან სპეციალურად არღვევენ ამ წესებს. ეს ხდება ყოველ დღე და ეს არის დანაშაული.
ასევე დანაშაულია ამ საშუალებების გაფრქვევა დახშულ სივრცეებში და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს იფრქვევა სადარბაზოებში. ასევე არის მონაცემი, რომ ის გაიფრქვა იმ სამარშრუტო საშუალებებში, რომლებსაც პოლიცია ეწერა თუ არ ეწერა, ანუ სადაც ათავსებდნენ დაკავებულ ადამიანებს და პირდაპირ ასხურებდნენ შიგნით ამ საშუალებებს. იქ ისედაც დალეწილი ადამიანები არიან, მათი სასუნთქი გზები ისედაც შეშუპებულია და კიდევ ვამატებთ.
დიდი კონცენტრაციით გროვდება იქ და ნებისმიერ სახელმძღვანელოში ამ საშუალებების გამოყენების პირველივე გვერდზე წერია, რომ ძალიან მძიმე შედეგები იქნება, თუ კი ეს საშუალებები არასწორად იქნება გამოყენებული.
მათ შორის, მაგალითად, მიკროავტობუსში შესხურებული ეს ნივთიერება არის ფაქტობრივად გაზის კამერა, რომელსაც ფაშისტები იყენებდნენ. შესაბამისად, გვაქვს საქმე სიცოცხლის მოსპობის მცდელობასთან.
ეს არის დანაშაული, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ლაივშიც, ტელევიზორშიც და ამის უამრავი დასტურია,“ – თქვა ექიმმა გია კამკამიძემ.
ექიმის თქმით, არც წიწაკის სპრეის იყენებენ პროტოკოლის შესაბამისად.
„ქურთუკები, რომლებიც დასველებულია ამ წყლის ჭავლით, წითელია. ვინაიდან მასში შერეულია ე.წ. წიწაკის სპრეი. ეს მიეკუთვნება ამ ლაკრიმატორების ჯგუფს, ანუ ცრემლმდენი საშუალებების ჯგუფია და არ შეიძლება ასე იქნას გამოყენებული,“ – ამბობს გია კამკამიძე.
ექიმს კითხვები აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან.
„მე ამერიკასა და საფრანგეთში ვმუშაობდი. გაფიცვები ყველგანაა. განსაკუთრებით საფრანგეთში, მაგრამ ქიმიური საშუალებების ასეთი არაცივილური გამოყენება არ ხდება.
ამ [ნივთიერებების] გამოყენებამ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს, ეს ძალოვანი უწყებების ინსტრუქციის პირველივე გვერდზე წერია,“ – ამბობს ექიმი.
მისი თქმით, ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც რუსთაველზე იყენებენ, ადამიანზე ზემოქმედებს არამარტო იმ 15-30 წუთის განმავლობაში, როცა ჰაერში გაფრქვევა ხდება და ადამიანებს მისი ჩასუნთქვა უწევთ, არამედ მერეც, როცა თითქოს მოქმედების დრო გავიდა.
„მოგვიანებით ამას შეიძლება მოჰყვეს ფილტვის შეშუპება, ფილტვის პერმანენტული ან მუდმივი დაზიანება, რომელიც წლების განმავლობაში, განუსაზღვრელი დროით რჩება. თვალის დაზიანება, გლაუკომის განვითარება, რომელმაც სიბრმავემდე შეიძლება მიგვიყვანოს. ესენი ყველაფერი წინ გველის.
როდესაც პანდემია იყო, მე ძალიან ხშირად ვიყავი თქვენს არხზე. იმავე პრობლემის წინაშე ვიქნებით.
ჩვენი პროფესიული პატიოსნება არ გვაძლევს საშუალებას, რომ არ ამოვიღოთ ხმა. ჩვენ განა მართლა რევოლუციონერები ხომ არა ვართ, ეს ამდენი ხალხი, ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებიც ვითხოვთ უბრალოდ ევროპულ გზას. კი ბატონო, არ ეთანხმები და მიგყავს რუსეთისკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენი მოსახლეობა უნდა მოწამლო, უნდა დაამტვრიო და ძვლებში გადაამტვრიო,“ – თქვა ექიმმა გია კამკამიძემ.