უცხოეთში მცხოვრები ექიმები განცხადებას ავრცელებენ და ითხოვენ ძალადობის შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს.
„ჩვენ, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი ექიმები, ერთპიროვნულად ვემიჯნებით იმ სასტიკ ძალადობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საზიანო ქმედებებს, რასაც ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა თავისი სამართალდამცავების მეშვეობით საკუთარი ხალხის თავისუფალი ნების ჩასახშობად ახორციელებს.
ასევე, ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებასა და ჩვენი ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ჩვენი ქვეყნისათვის ევროატლანტიკური გეოპოლიტიკური გეზის რადიკალურად შეცვლის პოლიტიკასა და დასავლეთის ცივილიზაციისაგან საქართველოს იზოლაციის მცდელობას.
საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები მკაფიო პროტესტს ვუცხადებთ ძალადობასა და მთავრობის მხრიდან გატარებულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ ქმედებებს!
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოვითხოვთ, შეწყდეს ძალადობა, დაგვიბრუნოთ წართმეული ხმის უფლება და ჩატარდეს ხელახალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები! არა ძალადობას! არა დიქტატურას! არა გაყალბებულ არჩევნებს! არა ჩვენი მთავრობის სახით რუსული რეჟიმის გაბატონების მცდელობას საქართველოში!
მენტალურად და ისტორიულად საქართველოს ადგილი ევროპის კავშირშია!“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს ამ დროისთვის 122, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი ექიმი აწერს.
- რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
________________________
ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში, 2024 წლის 3 დეკემბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI