„პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო, ზიანი მიაყენო, ეს არის ომის კანონების რღვევა, რასაც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ახლა თბილისის ქუჩებში…“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და ბრაზს არ მალავს: „ქართული ოცნება“ ომის პრინციპებსაც კი არღვევსო.
„2008 წელს რომ რუსი მფრინავი ჩამოვარდა, ვინმემ სცემა? მას უმკურნალეს და უკან ჩააბარეს ხომ? ამიტომაცაა, ჩვენ ანწუხელიძე რომ გვყავს. რუსებს ან ოსებს ანწუხელიძე არ ჰყავთ. ჩვენებს არავინ არ მოუკლავთ ცემაში დროშაზე დადგომისთვის,“ – იხსენებს გადამდგარი გენერალი და იმაზე წუხს, მოქმედი ოფიცრებიდან არავინ არაფერს რომ არ ამბობს.
„თანაც, ოფიცრების 80 %-ს დასავლეთში აქვთ განათლება მიღებული“, – დასძენს იგი.
გადამდგარი გენერალი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ელოდება, შემდეგ კი, უკრაინის გაძლიერებას და შემდეგი ფაზისთვის მომზადებას.
„ეს არაა პირველი დარტყმა ტაგანროგზე. უკრაინელები ადრე თუ დრონებს იყენებდნენ, ახლა, ნებართვის მიღების შემდეგ, უკვე რაკეტებს იყენებენ. წარმოიდგინეთ, ახლა დრონი, რომელსაც გადააქვს 30 კილოგრამი ასაფეთქებელი და რაკეტა, რომელსაც გადააქვს 100-150 კილოგრამი. მისი მიღწევადობაც განსხვავებულია,“ – გვიხსნის გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, ზელენსკი-ტრამპის შეხვედრით დავიწყოთ. რა გამოჩნდა ამ შეხვედრიდან, რა იცვლება რუსეთ-უკრაინის ომში?
იმ აზრზე ვრჩები ისევ, რომ ამ ოფიციალური განცხადებების ძირითადი მიმართულებაა გარკვეული ზეწოლა მხარეებზე, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. პირველი, რაც იქნება, ეს არის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. ისინი იქ დაფიქსირდებიან, სადაც ახლა იმყოფებიან ძალები. ლოგიკურად აქეთ მიდის პროცესი.
- რატომ იქნება მისაღები ეს უკრაინისთვის?
ეს რუსეთისთვისაც კი იქნება მისაღები, იმიტომ, რომ გარკვეული სულისმოთქმის საშუალება იქნება. დღევანდელი მოცემულობით უკრაინას არ შესწევს ძალა, ყირიმის და დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებაზე დღეს იფიქროს.
სულისმოთქმას კი აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. უარყოფითი ისაა, რომ რუსეთი შეეცდება ეს დრო – სადღაც 6-10 წელი – გამოიყენოს იმ სამხედრო პოტენციალის აღდგენისთვის, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდა. დასავლეთმა კი უკრაინას უნდა აღმოუჩინოს დახმარება, რომ იმდენად ძლიერი გახდეს, ვეღარ გაბედოს რუსეთმა ავანტიურისტული ომის წამოწყება უკრაინის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ვუბრუნდებით „კორეიზაციის“ ვარიანტს.
- ბოლო მონაცემებით, რუსეთმა უკრაინას შესაძლოა ისევ შეუტიოს ახალი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“. პენტაგონის ვარაუდი დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის და მხოლოდ მსხვერპლს და ზიანს გაზრდის. თქვენი ინფორმაციით, რის მიღწევას ცდილობს ამჯერად რუსეთი?
რაკეტა განკუთვნილია ბირთვული ქობინის გადასატანად, ან მათ ინერტული ქობინები უნდა ჰქონდეთ, რომელიც კინეტიკური დარტყმის საშუალებით ახდენს ნგრევას.
რუსეთმა შეიძლება ყველაფერი გამოიყენოს, რა თქმა უნდა, მას შეზღუდვა არ აქვს არც მორალური, არც ფსიქოლოგიური კუთხით, თუმცა მათ აქვთ ტექნიკური შეზღუდვა – ეს რაკეტები, არა მგონია, ბევრი ჰქონდეთ. ეს მაინც უფრო არის ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოსახატავად.
ასევე მნიშვნელოვანია, როგორ იმუშავებს დასავლური ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები აღნიშნული რაკეტების წინააღმდეგ.
- ფსიქოლოგიური ზეწოლა ახსენეთ. რა შედეგზე შეიძლება იყოს ეს გათვლილი?
რუსეთმა რაც არ უნდა აუწყოს დიდი გამარჯვების შესახებ თავის შიდა აუდიტორიას, ვერ გაყიდის ამას ისე, როგორც ეს მანამდე შეეძლო – იქეთ დაკარგა ტერიტორია, კურსკი დაკარგა და ვერ იბრუნებს. როგორ განაცხადებ, რომ გაიმარჯვე, როცა ტერიტორია დაკარგე?
ეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია. აღმოჩნდა, რომ უკრაინელების მხრიდან ეს გაბედული ნაბიჯი იყო სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. მოლაპარაკების მაგიდასთან თუ ლაპარაკი წავიდა ტერიტორიების გაცვლაზე, კურსკის სანაცვლოდ უკრაინას შეუძლია ისაუბროს ხერსონზე ან ზაპოროჟიეზე. ერთიც და მეორეც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის: ზაპოროჟიეს შემთხვევაში ის აზოვის ზღვაზე გადის, ხერსონის შემთხვევაში კი, უშუალოდ ყირიმს უახლოვდება.
- რა ხდება კურსკში მას შემდეგ, როცა იქ უკრაინელებმა შეჭრა მოახერხეს?
რუსებმა იქ გარკვეული შეტევები განახორციელეს, მცირე ზომის ლოკალური წარმატება აქვთ, მაგრამ რაც მთავარია: უკრაინელებს ეს ტერიტორია მყარად აქვთ დაკავებული. რუსები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ამ ტერიტორიის გათავისუფლებას, მათ შორის, კორეელების დახმარებით. უკრაინა იცავს თავის თავს, რუსებს კი, საკუთარი ტერიტორიის დაბომბვა და განადგურება უწევთ. ეს ნამდვილად ვერ აისახება დადებითად ამ ომის მხარდამჭერებზე.
საერთო კონტექსტში რუსეთმა უდიდესი დარტყმა განიცადა სირიაში, როგორც პოლიტიკური, ისე საბრძოლო თვალსაზრისით. რუსებმა კი გამოიყვანეს ტარტუსის
საზღვაო ბაზიდან ხომალდების მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ დარჩენილი ნაწილი მიწასთან გაასწორეს ისრაელის საჰაერო ძალებმა. ერთმანეთს ასწრებდნენ რუსები, ისე სხდებოდნენ თვითმფრინავებში სირიის დატოვების დროს. სირიაში რუსეთის ბევრი მოქალაქეა დარჩენილი და ვეღარ გამოჰყავთ.
ასე რომ, რუსებს სახარბიელოდ არ აქვთ საქმე. ეს ხომალდები ვერ დაემატება შავ ზღვას – ბოსფორი დაკეტილია. ისინი ან უნდა გაჩერდნენ ეგვიპტის, ან ლიბიის პორტში ადგილობრივი ნებართვის საფუძველზე, ან ევროპას უნდა შემოუარონ და ისე შეუერთდნენ ბალტიის ფლოტს.
რუსებმა 4 წელიწადში ათობით მილიარდი დოლარი დახარჯეს სირიაში და 4 დღეში დაიკარგა ეს ყველაფერი. რუსეთის პრესტიჟზე აღარაფერს ვამბობ – ცალკე თურქეთმა
გაულაწუნა და ცალკე ისრაელმა. სირიის ამბებმა ირანიც დაასუსტა, როგორც რუსეთის მოკავშირე. ასე რომ, საკმაოდ შორსმიმავალი შედეგები გამოიწვია ასადის რეჟიმის დამხობამ.
- უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ასევე დაახლოებით 150 000 ჯარისკაცი გადაისროლა პოკროვსკის, კურახოვოსა და ვრემევსკოეს მიმართულებით. ოკუპანტები ცდილობენ, ხელთ იგდონ კურახოვოსკენ დამაკავშირებელი ლოგისტიკური კვანძები. რა ხდება ამ მიმართულებით?
ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო ძირითადი დარტყმის მიმართულების გამოყოფა. ეს არის პოკროვსკის მიმართულება და იმის მცდელობა, რომ დონბასის საზღვარზე გავიდნენ, მაგრამ ამ ტემპით 5 წელი მაინც დასჭირდებათ საზღვარზე გასასვლელად. დააკვირდით, რამდენი თვეა, რაც კურახოვოზეა საუბარი? კურახოვოს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არტყამს წყალსაცავი, რომელზეც რუსები ვერ გადადიან, ახლა წყალსაცავის შემოვლა თითქმის დაასრულეს…
კურახოვოდან პოკროვსკამდე კიდევ ბევრი აქვთ გასავლელი რუსებს. აქ საუბარია კვირაში ერთი კილომეტრის გავლაზე.
ამ მიმართულებაზე ახლა კი არიან ახლა კონცენტრირებული რუსები, სამაგიეროდ აღარ არის აქტიურობა ხერსონის, ან ზაპორპოჟიეს მიმართულებებზე. ძირითადად აქტიურობა არის დონბასის მიმართულებაზე, დონბასის საზღვარზე რომ გავიდნენ, თუმცა ამისთვის რუსებმა სლავიანსკის და კრამატორსკის ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვითი რაიონები უნდა გაიარონ.
უკრაინას თავისი პრობლემები აქვს – ფრონტის ხაზი 2 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული და ამას ემატება ბელარუსის საზღვარი, რომელსაც უკრაინელები ვერ ტოვებენ. ზელენსკის ის განცხადებაც, რომ უარს ამბობს 18 წლის ახალგაზრდების გაწვევაზე, იმის მანიშნებელია, რომ უკრაინა ცდილობს ხალხი შეინარჩუნოს, ვიდრე ის მეტრები, რასაც თანდათანობით ტოვებს.
ხანგრძლივ უკანდახევას ის უპირატესობა აქვს, რომ სიღრმეში განახორციელო პოზიციების გეგმაზომიერი მომზადება – რუსები ვერ ახორციელებენ გარღვევას. ეს მუშაობს, როგორც ზამბარა – რაც უფრო მეტს აწვები, უკუცემაც მეტია.
უკრაინაში ვისაც ომში წასვლა სურდა, წასულია უკვე. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს პრობლემა ამ კუთხით რუსებისგან განსხვავებით, სადაც ომში წამსვლელს იმდენს უხდიან, თავის ცხოვრებაში რომ ვერ ნახავს, მაგალითად, რომელიმე პროვინციაში მცხოვრები ალკოჰოლიკი. სავარაუდოდ, ცოლებს მიჰყავთ ქმრები და აბარებენ, რომ ფული შევიდეს ოჯახში.
რუსეთში გაცხადდა ისიც, რომ საპატიმროებში მყოფი სასჯელმისჯილი პირების დაახლოებით 40% მობილიზებულია უკვე, ასევე მილიციას აქვს დავალება მიღებული, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააკავოს დანაშაულისთვის, რომ შემდეგ აიძულონ ომში მოხალისედ წასვლა.
- რას შეცვლის უკრაინისთვის 20 მლრდ დოლარი, რასაც აშშ უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან აძლევს? საინტერესოა ასევე, რა ინფორმაცია გაქვთ გადამდგარი გენერლის, კიტ კელოგის შესახებ. ის დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში თავის წარმომადგენლად დანიშნა.
არ მაქვს ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია, თუმცა ვიცი, რომ კელოგი ანტირუსული განწყობის პიროვნებაა. ჩვენგან განსხვავებით ამერიკაში უბრალოდ არ აძლევენ გენერლის წოდებას, მას შესაბამისი მიღწევები ჰქონდა.
რაც შეეხება დახმარებას, ეს თანხა სჭირდება უკრაინას დახარჯული მარაგების აღსადგენად. ეს არაა ის თანხა, რომ უკრაინამ ომი დაასრულოს.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე უკრაინისთვის სკანდინავიის ქვეყნების დახმარება – უკრაინამ თავად უნდა აამუშაოს საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და არ იყოს მხოლოდ დასავლეთიდან შეყვანილი ტექნიკის იმედად.
- რამდენად შემცირებულია რუსეთის რესურსი ომის დაწყებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ? წუხელ რუსეთის სამხედრო უწყებამ დაადასტურა როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინის მიერ განხორციელებული იერიშის ფაქტი და დააზუსტა, რომ უკრაინამ სამხედრო აეროდრომს ესროლა ექვსი ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS.
ეს არაა პირველი დარტყმა ტაგანროგზე. უკრაინელები ადრე თუ დრონებს იყენებდნენ, ნებართვის მიღების შემდეგ, უკვე რაკეტებს იყენებენ. წარმოიდგინეთ, ახლა დრონი, რომელსაც გადააქვს 30 კილო ასაფეთქებელი და რაკეტა, რომელსაც გადააქვს 100-150 კილო. მისი მიღწევადობაც განსხვავებულია.
რუსეთს აქვს უნარი, აწარმოოს ომი, მაგრამ ესაა ის, რასაც ვხედავთ – ვერ მოუმატებს. რუსეთს ადამიანური რესურსი ბლომად აქვს, ტექნიკურ რესურსზე რა გითხრათ, მაგრამ ჩრდილოეთ კორეისგან მიიღო იმდენივე საარტილერიო ჭურვი, რამდენიც დახარჯა პირველ ორ წელიწადში.
სხვა თემაა, რამდენად ეფექტურად იყენებენ ამ ჭურვებს: სამიდან ერთი შეიძლება აფეთქდესო, დიდი ხანია საწყობში უდევთ და ხარისხიც დაბალია. ის, რომ რაოდენობრივად ბევრი ჭურვი მიიღო რუსეთმა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არითმეტიკულად გაიზრდება სროლის შესაძლებლობა, მაგრამ ინტენსივობა გაიზრდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს იწვევს საარტილერიო სისტემის ლულების ცვეთას. ლულა არ რემონტდება, ის უნდა გადაიდნოს და ახალი ლულა ჩამოისხას. ასე არ დგას საკითხი, რომ ჭურვები მიიღო რუსეთმა და შავ დღეს აყრის უკრაინას.
- უახლოეს პერიოდში თქვენ ელოდებით ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ ისევ დასავლეთზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაძლიერდება უკრაინა, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება რომ შეძლოს?
ჩემი აზრით, გაზაფხულისთვის ჩამოყალიბდება ნათელი სურათი.
უკრაინა უნდა მოემზადოს შემდეგი ფაზისთვის, ის დაელოდება თავის მომენტს. აზერბაიჯანი, მაგალითად, 30 წელი ელოდა თავის მომენტს ყარაბაღისთვის. მანამდე კიდევ ღმერთმა უწყის, რა მოხდება კიდევ რუსეთში.
- საქართველოში მიმდინარე ბოლო პროცესებზე მინდა ასევე გკითხოთ: რას ნიშნავს, პირველ რიგში, აშშ-ს პარტნიორობის შეჩერება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის?
ეს ჩამონათვალი სამწუხაროდ გრძელდება: ბრიტანეთმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა დახმარება, გერმანიამ, სკანდინავიის ქვეყნებმა შეაჩერეს ასევე ტერიტორიულ თავდაცვასთან დაკავშირებული დახმარება.
ეს ძალიან მტკივნეულია განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი ყველაზე დაბალია მთელს ამიერკავკასიაში. დააკვირდით, სწავლების დონეს და სიხშირეს. ბოლოს როდის გაიგეთ ფართომასშტაბიანი სწავლების შესახებ?
რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. საქართველო ყურადღებით უნდა იყოს, რომ ეს ვითარება არ გამოიყენოს ისევ რუსეთმა აფხაზეთის და ოსეთის საშუალებით. აფხაზეთს ახლა არ სცალია ჩვენთვის, მაგრამ ის შეიძლება აიძულოს რუსეთმა. ასე რომ, საქართველო უნდა იყოს მზად პროვოკაციებისთვის.
- როგორ მიიღება მსგავს მოცემულობაში გადაწყვეტილებები შეიარაღებულ ძალებში? სპეცრაზმელებს ერთ-ერთ აქციაზე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მათ შეახსენა, რომ კონსტიტუციას უნდა დაემორჩილონ.
მე ის მინდა გითხრათ, რომ ოფიცრების 80 %-ს საქართველოში დასავლეთში აქვთ განათლება მიღებული. ზოგადად სამხედრო პირი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ მათ აზრის გამოხატვა ნამდვილად შეუძლიათ. იგივე აშშ-ს და ბრიტანეთის დახმარების შეჩერებაზე მე ოფიცრების აზრი არ გამიგია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო, ზიანი მიაყენო, ეს არის ომის კანონების რღვევა, რასაც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ახლა თბილისის ქუჩებში.
2008 წელს რომ რუსი მფრინავი ჩამოვარდა, ვინმემ ცემა? მას უმკურნალეს და უკან ჩააბარეს ხომ? ამიტომაცაა, ჩვენ ანწუხელიძე რომ გვყავს. რუსებს და ოსებს ანწუხელიძე არ ჰყავთ. ერთი ის, რომ ამას გმირობა სჭირდება, მეორე – ჩვენებს არავინ არ მოუკლავთ ცემაში დროშაზე დადგომისთვის.
რაც ახლა ხდება, ეს არის არაპროფესიონალიზმიც და დაბალი მორალური მდგომარეობა, გაბოროტება, დისციპლინის არარსებობა… თუ ამას აკეთებს პოლიციელი თავისი ნებით –
ეს უდისციპლინობაა, თუ ზემდგომის ბრძანებით – ეს დაბალი მორალის და შიშის მაჩვენებელია, ვინაიდან მათ აქვთ კანონიერი უფლება არ შეასრულონ ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონებს.
- ვის უნდა დაემორჩილონ ამ დროს ფორმიანები, როცა არალეგიტიმურია ხელისუფლება?
ვერ გეტყვით, რთული ვითარებაა. როცა არალეგიტიმურია ხელისუფლება, რომელიც არის ლეგიტიმური, მას უნდა დაემორჩილონ, რა თქმა უნდა. თუ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სამხედროები დადგებიან, როგორ გამოვა ეს ლეგიტიმური?
- არ უნდა დადგნენ?
ვერ გეტყვით, მოწოდება გამომივა და ვერ გავაკეთებ მოწოდებას, წასული ვარ უკვე ჯარიდან. იქ რომ ვყოფილიყავი, ვიცი, რასაც გავაკეთებდი.
- რას გააკეთებდით?
ვერ გეტყვით, არ მინდა ამაზე საუბარი საჯაროდ. არ მინდა ჰაერში მუშტების ქნევა.
- თქვენ რა გამოსავალს ხედავთ, როცა ქვეყანას არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და ამჯერად უკვე ანტიკონსტიტუციურად პრეზიდენტსაც ირჩევს?
გამოსავალი არის არჩევნები. მხოლოდ ეს დააწყნარებს ახლანდელ რთულ ვითარებას.
ხალხი უყურებს, რომ ნიღბიანები სცემენ ვიღაცას და ქაოსურად მიდიან იქამდე, რომ თავი უნდა დაიცვან. მხუთავ აირს უშვებ და ამ დროს, მაგალითად, აირწინაღის ნიღბის ტარებას კრძალავ. ეს იგივეა წყალგაუმტარი ქურთუკის ტარება აკრძალო იმიტომ, რომ წყლის ჭავლს უშვებ და სხვები ვალდებულები არიან დასველდნენ.
- მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა შეფასდა, როგორც წამება. თქვენ ამბობთ, რომ „ოცნება“ ომის კანონსაც არღვევს?
არ ვიცი, ვისი დავალებით მოქმედებენ, მაგრამ პოლიციელი, რომელიც სცემს დაკავებულს, არღვევს არამხოლოდ ომის კანონს, არამედ სამოქალაქო კოდექსს. თავის მოქმედების პროცედურაში არავის უწერია ის, რომ დაკავებული წიხლში გაიგდეო.
პარლამენტს 7 წელი ეხვეწებოდნენ პიროტექნიკის შეზღუდვას, მაგრამ სანამ პარლამენტს და პოლიციას არ ესროლეს, არაფერი გააკეთეს, ვიღაცის ბიზნესინტერესი იყო.