დღეს, 12 დეკემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლები მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ცვლილებები რეპრესიულია და მიმართულია ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენ.
„თვითგამოცხადებულმა და არალეგიტიმურმა პარლამენტმა და მასში შემავალმა „ქართულმა ოცნებამ“, ერთდროულად რამდენიმე კანონში დააინიციირა არადემოკრატიული და რეპრესიული შინაარსის ცვლილება, მათი განხილვა ავტორებმა გამარტივებული და დაჩქარებული წესით მოითხოვეს და პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცეს.
სავარაუდოა, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით გეგმავს ცვლილებების საბოლოოდ მიღებას“, – ამბობს ქურდოვანიძე.
- ცვლილებები იგეგმება საარჩევნო კოდექსში
ქურდოვანიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს კანონმდებლობის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მორგებას, რომლის მიზანსაც 2025 წლისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს.
„საბოლოო ჯამში, ის ცვლილებები, რომლებიც კანონმდებლობაში შედის, მხოლოდ ნაწილობრივ უბრუნდება 2017 წლის რედაქციას, რაც თავისთავად უკან გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, რეალურად საქმე გვაქვს არსებით გაუარესებასთან, რომლის შედეგადაც მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას, მნიშვნელოვნად გაზრდის, ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას, ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებლად უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უარყოფითი განწყობის მიუხედავად, დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა“, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
- ცვლილებები დაგეგმილია საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც
ქურდოვანიძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებით სუსტდება საჯარო მოხელეების დაცვის მექანიზმი და იზრდება საჯარო სამსახურის პოლარიზაციის რისკი.
„კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში, შტატების შემცირების შედეგადაც მოხელეს შეეძლო თანამდებობის ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა, ახალი ცვლილებით, ეს უფლება გაუქმებულია.
აქამდე, თანამდებობიდან გათავისუფლებისას ერთი თვით ადრე აცნობებენ ხოლმე პირს, ახალი კადრების შერჩევა კი კონკურსის გზით ხდებოდა.
სასამართლო კონტროლი კონკურსის შედეგებზე შესუსტებულია, კერძოდ სასამართლოს მოგების შემთხვევაში გათავისუფლებული პირი ვერ აღდგება თანამდებობაზე და აიღებს მხოლოდ განაცდურს, სამთვიან კომპენსაციას.
დაწესებულების ხელმძღვანელს ენიჭება უფლება შეცვალოს შეფასებები, რაც პოლარიზაციის საფრთხეს ზრდის საჯარო სამსახურში, რაც გაზრდის მოხელეებზე არსებულ წნეხს და გააძლიერებს იმ ზეწოლას, რაც საჯარო სამსახურებში დღემდე აქტიურად მიმდინარეობს, იმ გაცხადებული ხელმოწერების გამო, რაც ამ დღეებში საჯარო მოხელეებს ჰქონდათ. ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს შეასუსტოს საჯარო მოხელეების ხმა და მათ აღარ გაუჩნდეთ სურვილი, რომ საკუთარი პოზიციები საჯაროდ დააფიქსირონ“, – ამბობს ქურდოვანიძე.
- ცვლილებები შედის პოლიციის შესახებ კანონში
ეს ცვლილებები, როგორც საია ამბობს, ამარტივებს იმას, რომ საპოლიციო რიგებში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იქნებიან იმ ძალადობრივი პოლიტიკის გამტარებლები, რასაც ამ დღეებში ვხედავთ.
პოლიციის შესახებ კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს შესაძლებლობას, პირები პოლიციის რიგებში კონკურსის გავლის გარეშე დანიშნონ.
აღნიშნული დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები მიზნად ისახავს პოლიციის გასამხედროებული დანაყოფების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებას, სადაც სამხედრო წოდების მქონე პირები მსახურობენ.
2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დარჩება, რაც, განმარტების მიხედვით, ითხოვს გარკვეული პოზიციების შევსების სპეციფიკური წესების დაწესებას.
მიუხედავად ამისა, კანონპროექტი არ ზღუდავს ამ ცვლილებას მხოლოდ გასამხედროებულ დანაყოფებზე და მინისტრს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, კონკურსის გარეშე დანიშვნის წესის გავრცელებისთვის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე. ეს ქმნის რისკს, რომ ნორმა გამოყენებული იქნება პოლიციის პოლიტიზებისთვის.
აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის გამტარებელი კადრებით პოლიციის დაკომპლექტების გასაადვილებლად იყოს გამოყენებული, რადგან ბოლო დროის მოვლენებმა, მათ შორის მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციის მიერ გამოყენებულმა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკებმა, ახალ მწვერვალს მიაღწია.
- ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები პროტესტის მონაწილეებს ნიღბებისა და გარკვეული ტექნიკური საშუალებების გამოყენებას უკრძალავს. ეს ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ:
– კანონპროექტი ითვალისწინებს ნიღბის ტარების ბლანკეტურ აკრძალვას, რაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, არაპროპორციული შეზღუდვაა. კერძოდ, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, ნიღბის ტარება დემონსტრაციაზე შესაძლოა, ასევე, გამოხატვის ფორმად ჩაითვალოს და ბლანკეტური აკრძალვა არღვევს ადამიანის უფლებებს.
ნიღბის ტარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა ლეგიტიმურ მიზანთან, მაგალითად, ემსახურებოდეს შემდგომი ანგარიშსწორებისაგან თავდაცვას. დემონსტრაციაზე ნიღბის ტარება არ უნდა იყოს აკრძალული, თუ არ არსებობს მყისიერი ძალადობის აშკარა მტკიცებულება. პირს არ უნდა მოსთხოვონ, მოიხსნას ნიღაბი, თუ მისი ქცევა არ ქმნის სავარაუდო დაკავების საფუძველს.
– მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშის მიხედვით, ასეთი შეზღუდვა ხშირად გამოიყენება კონკრეტული ჯგუფების მიზანში ამოსაღებად და მათი შეკრების თავისუფლების არასათანადოდ შესაზღუდად. სპეციალური მომხსენებლის მიხედვით, არსებობს ლეგიტიმური და არაკრიმინალური მიზნები, რის გამოც დემონსტრანტები ნიღბებს ატარებენ, მათ შორის, აქციაში მონაწილეობის გამო ანგარიშსწორების შიში.
მსგავსი ბლანკეტური აკრძალვა შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთანაც. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Ibragimova v. Russia, დაადგინა მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლების) შუქზე, რადგანაც ეროვნულმა ორგანოებმა სოლო დემონსტრაციის მოწყობისას ნიღბის ტარების გამო პირს ბლანკეტურად დააკისრეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე.
შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ორგანიზებული ძალადობით ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას.
ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად მიმართავს ადამიანის უფლებების ისეთ მძიმე დარღვევებს, როგორიცაა წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
აქციის მონაწილეების მიმართ ანგარიშსწორების, კრიმინალური დაჯგუფებების მიერ მათზე შეტევის, სამართალდამცავების მხრიდან უსაფუძვლო დაკავების, მათ შორის, სახლებიდან და ოფისებიდან მათი უკანონო გადაყვანის და საჯარო სამსახურებში არსებული ზეწოლის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები აქციაზე ყოფნის დროს საკუთარი იდენტობის დაფარვას ცდილობენ, რათა თავიდან აიცილონ უკანონო, რეპრესიული ანგარიშსწორება.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციები არის მშვიდობიანი, ხოლო ის კრიმინალური, ნიღბიანი დაჯგუფებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ „კონტრაქციის მონაწილეებად“ მოიხსენია, სავარაუდოდ, სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირები არიან, რომლებიც სახელმწიფოს თანხმობით/ხელშეწყობით მოქმედებენ, რაზეც მიუთითებს მათ მიერ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციის უმოქმედობა.
აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით ცინიკურია მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო სტანდარტის საწინააღმდეგოდ, არ უზრუნველყოფს სპეციალური რაზმის წევრების მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით აღჭურვას, რაც მათ დაუსჯელობას იწვევს და ძალადობას ახალისებს.
აქედან გამომდინარე, აშკარაა რომ ხელისუფლება დაანონსებული შეზღუდვით ცდილობს ადამიანები კიდევ უფრო მოწყვლადი გახადოს ტერორის მიმართ, რომლის დამყარებასაც ლეგიტიმური და მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად ცდილობს.
გარდა სახის დაფარვისა, შეკრების მონაწილეებს ასევე აეკრძალებათ თან იქონიონ „ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას, ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას.“
მიმდინარე აქციების პარალელურად, შსს რუტინულად ატარებს უკანონო ჩხრეკებს და ადამიანებს, მათ შორის, ისეთ ლეგალურ ნივთებს ართმევს, როგორიცაა აირწინაღი და ნიღაბი.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ შეზღუდვას შსს უკანონო ჩხრეკების გასამართლებლად და არაპროპორციულად გამოიყენებს, მათ შორის, ისეთი ლაზერული ან მანათობელი ნივთების მფლობელთა წინააღმდეგ, რომელთაც არ შეუძლიათ აღნიშნული ხელსაწყოებით რეალურად შეაფერხონ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობა ან მათი ტექნიკის ფუნქციონირება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისთვის სანქცია 2000 ლარი იქნება.
- ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები ისეთ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც პოლიცია, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს. ახალი რეგულაციები ითვალისწინებს:
სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმის გაზრდას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე და მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას;
ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმის 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაზრდას და განმეორებით დარღვევისთვის 2000 ლარს;
შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმის ზრდას 500 ლარიდან 5000 ლარამდე და ორგანიზატორებისთვის 15 000 ლარის ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას;
შსს-ის უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2000-ლარიან ჯარიმას და ატრიბუტიკის კონფისკაციას.
მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას ემატება ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა). აღსანიშნავია, რომ პოლიცია, როგორც წესი, სწორედ 173-ე მუხლს იყენებს დემონსტრანტების უსაფუძვლო დაკავებისას.
ცვლილებები ასევე აფართოებს იმ საფუძვლებს, რომელთა გამო შესაძლებელია პირის დაკავება, ნივთების ან დოკუმენტების ჩამორთმევა.
აშკარაა, რომ შეკრებებთან, მანიფესტაციებთან და საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებულ ქმედებებზე სანქციების არაპროპორციული ზრდით ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.
მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენება, ხოლო სასამართლო არ ასრულებს საკუთარ ფუნქცია და პოლიციის მიერ წარმოდგენილ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, როგორც წესი, უაპელაციოდ სარწმუნოდ მიიჩნევს, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ სანქციებს სახელმწიფო არა მართლწესრიგის დასაცავად, არამედ გამოხატვის და შეკრების უფლებების წინააღმდეგ გამოიყენებს.
- ცვლილებები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებით საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელმწიფო დაცვის გაგრძელება და შენარჩუნება დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის დარღვევის დადგენასთან.
ეს ცვლილება ნათლად აჩვენებს კანონის ნორმების პერსონიფიცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნორმის ადრესატი პრეზიდენტთან ერთად სხვა პირებიც არიან. იმის ფონზე, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუდგინა 48-ე მუხლის დარღვევა, ხოლო ,,ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო პარლამენტში საკმარისი ხმების მობილიზება, მისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად, ეს სადამსჯელო მექანიზმად აღიქმება და ზღუდავს ინსტიტუტს.
საიას განცხადებით, იზრდება იმ საფუძველთა ჩამონათვალი, რომელთა გამოც დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
კოდექსში უკვე არსებულ საფუძვლებს ემატება სამართალდამრღვევის სასამართლოში დროულად წარდგენა და საქმის გაჭიანურების თავიდან აცილება, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობისთვის თავის არიდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია (მუხლი 244)“.