ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ფეისბუქზე განცხადებით ეხმიანებიან უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მამუკა ჯორბენაძისა და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტის დაკავებას.
„3 დეკემბერს უნივერსიტეტში მისულებს დაგვხვდა ჩვენი ფურცელი ახეული, რომელიც გამოხატავდა პროტესტს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
შესაბამისად, დავაპირეთ ხელახლა გაგვეკრა ჩვენი პლაკატი, რა დროსაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორი, თეა ცაგურია აგრესიულად განეწყო ამ ფაქტთან დაკავშირებით და დაგვიწყო ჩხუბი.
ამ ყველაფერს შეესწრო ბატონი მამუკა ჯორბენაძე. დაიჭირა ჩვენი, სტუდენტების მხარე და უთხრა ქ-ნ თეას, რომ სტუდენტებთან ზრდილობის ფარგლებში წარემართა დიალოგი, რასაც მოჰყვა ქ-ნ თეას გაღიზიანება და შეურაცხყოფის კორიანტელი ბატონი მამუკას და სტუდენტების მისამართით.
ამას გარდა ქალბატონი თეა ბრალს გვდებდა სტუდენტების გარკვეულ ნაწილს, დანარჩენი სტუდენტების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, რაც სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინა ქ-ნ თეას მეუღლემ, ირაკლი დევაძემ, რომელიც წარმოადგენს თანამდებობის ერთ-ერთ პირს. იგი ბატონ მამუკას უგზავნის მუქარის შემცველ ტექსტებს და იბარებს შეხვედრაზე, რასაც სქრინიდანაც ვკითხულობთ. ამის შემდეგ, ბ-ნ ირაკლი მიდის უნივერსიტეტში თანმხლებ პირთან ერთად და ფიზიკურად უსწორდება ბატონ მამუკას, რასაც ცხადია, სტუდენტების რეაგირებაც მოყვა.
ჩვენ, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონო პატიმრობაში მყოფ, ბატონ მამუკა ჯორბენაძეს და დანარჩენ 4 სტუდენტს. ვითხოვთ მათ გათავისუფლებას!“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის სატელეფონო საუბრის სქრინის ფოტო, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ ირაკლი დევაძე წერს მამუკა ჯორბენაძეს, რომ „ენას ამოაძრობს“, „უღრიალოს მისი ოჯახის წევრებს“ და „დანარჩენს პირადად ეტყვის“, რაზეც სავარაუდოდ მამუკა ჯორბენაძე პასუხობს, რომ „უნივერსიტეტშია“ და „ელოდება“.
მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი ბათუმში დღეს, 9 დეკემბერს დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის თქმით, პროფესორი და მისი სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.
მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში. ამ უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი გაფიცულია და პროევროპულ კურსს უჭერს მხარს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 9 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: „3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თეა ცაგურიამ, რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა – 1978 წელს დაბადებულმა მამუკა ჯორბენაძემ თეა ცაგურიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მამუკა ჯორბენაძე და მისი სტუდენტები მოგვიანებით თეა ცაგურიას მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ირაკლი დევაძეს და მის მეგობარს – 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ“. შს-მ გაავრცელა ფიზიკური დაპირისპირების მოკლე ვიდეოც.
ირაკლი დევაძემ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, თუმცა მან ფეისბუქზე დაწერა, რომ დეკანმა „გამოიყენა სტუდენტები“ და „ჩართო ისინი ჯგუფურ ძალადობაში“.
„ამბავი იყო მარტივად, ამ ინციდენტამდე, დღისით, დაახლოებით სამ საათზე, უნივერსიტეტში, პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს მეუღლეს, რისთვისაც მე მას საღამოს მივწერე და მივუთითე, რომ უნდა სცოდნოდა, როგორ არ უნდა იძალადოს ქალებზე. რის შემდეგაც მან დამიბარა უნივერსიტეტში. მეგობართან ერთად მივედი აკადემიურ სივრცეში! დეკანთან! პროფესორთან! (ზოლებიანი ზედაში@) სასაუბროდ! მაგრამ შესვლისთანავე, გამარჯობის თქმის საშუალებაც არ მომცა! დანარჩენს კადრებში დაინახავთ! თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე შევუვარდი უნივერსიტეტში, კუთხეში მივიმწყვდიე ის და სასტიკად გავუსწორდი!“ – წერს ირაკლი დევაძე.
მამუკა ჯორბენაძესთან ერთად დაკავებულია 4 სტუდენტი: დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გურამ მიქელაძე და გიორგი დავითაძე.
ბრალდებულების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ გამართულა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.