მთავარი,სიახლეები

„რუსი ოლიგარქის ელჩი“ – ტალინში მცხოვრები ქართველები ბოიკოტს უცხადებენ ელჩს

06.12.2024 •
„რუსი ოლიგარქის ელჩი“ – ტალინში მცხოვრები ქართველები ბოიკოტს უცხადებენ ელჩს

ესტონეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კვლავ მოითხოვენ, ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს ზურაბ ხამაშურიძემ თავისი პოზიცია, ეთანხმება თუ ემიჯნება ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2028 წლამდე „ქართული ოცნება“ აჩერებს ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

ესტონეთში მცხოვრები ემიგრანტები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ გუშინ, 5 დეკემბერს, ისინი კვლავ მივიდნენ ტალინში საქართველოს საელჩოსთან, თუმცა შენობაში არ შეუშვეს.

„გამოგვაგდეს შენობიდან. მოგვიგზავნეს დაცვა, რომელმაც გვითხრა, „აქ პოლიტიკის ადგილი არ არის“, გარეთ გააპროტესტეთო და შენობაში გაჩერების უფლება არ მოგვცეს.

ტალინში თითქმის უწყვეტად იმართება საპროტესტო აქციები და ეს პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ქვეყანა არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე“, – ამბობს ანანო იაშვილი.

მისი თქმით, ესტონეთში საქართველოს ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს წაუყენეს ულტიმატუმი, ორშაბათამდე დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, თუმცა ის დღემდე დუმს.

„რუსი ოლიგარქის ელჩი“- ამ პლაკატით მივიდნენ ემიგრანტები საქართველოს საელჩოსთან ტალინში.

„არ გამოდის მოქალაქეებთან კონტაქტზე, დუმს და ამ დუმილით გვამცნობს, რომ მხარს უჭერს კობახიძის პოზიციას, რაც არ მოდის ჩვენს ინტერესებთან თანხვედრაში და იმ მიზანთან, რისთვისაც აქ იმყოფება ელჩი.

მხოლოდ კონსულმა დატოვა თანამდებობა, ელჩი კი სამსახურშიც არ დადის, არც სახლში იმყოფება, როგორც გვითხრეს, გადასულია სასტუმროში და იმალება მოქალაქეებისგან“, – ამბობს ანანო იაშვილი.

საპროტესტო აქცია ტალინში, საქართველოს საელჩოსთან.
ფოტო: ლევან ლაგვილავა.

მისი თქმით, ესტონეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა მიიღეს გადაწყვეტილება ბოიკოტი გამოუცხადონ ელჩს და აღარ მიიღონ მონაწილეობა საელჩოს მიერ გამართულ არც ერთ ღონისძიებაში.

„ჩვენს პროტესტს ექნება უწყვეტი სახე და ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც ექნება ელჩს, მივალთ და გავაპროტესტებთ მის დუმილს“, – ამბობს ანანო.

__________

რა ხდება.

საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

პოლიცია და სპეცრაზმი სასტიკი ძალადობით არბევს აქციებს თბილისში. დაკავებულია 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით 23 მოქალაქე [5 დეკემბრის მონაცემებით]. ანტირუსული აქციის მონაწილეები სხვადასხვა მოტეხილობებით და დაზიანებებით კლინიკებში არიან მოთავსებული.

___________

მთავარი ფოტო: ქართველი ემიგრანტების აქცია ესტონეთში საქართველოს საელჩოსთან/ფოტო: ლევან ლაგვილავა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: