განათლება,მთავარი,სიახლეები

„ვკარგავთ ქართული დიპლომების აღიარებას, ევროპასთან ერთობლივ პროგრამებს“ – ლიკა ღლონტი

06.12.2024 •
„ვკარგავთ ქართული დიპლომების აღიარებას, ევროპასთან ერთობლივ პროგრამებს“ – ლიკა ღლონტი

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს.

წევრობის შეჩერებას ადასტურებს განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც, რომელიც წერს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე“.

რა საფრთხეებს უქმნის ქართულ განათლების სისტემას ევროპული ხარისხის განათლების სისტემებიდან დისტანცირება, ამ თემაზე „ბათუმელები“ გერმანიის გაცვლის აკადემიური სამსახურის თანამშრომელს, ერაზმუს +ის ყოფილ დირექტორს, ლიკა ღლონტს ესაუბრა.

მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ ვკარგათ წევრობას ევროპულ სტრუქტურებში, რაც ძალიან დამაზიანებელია ჩვენი რეპუტაციისთვის, რომლის აღდგენასაც წლები დასჭირდება.

„რაც მთავარია, ეს დასკვნა დაიდო პოლიტიკური მიზეზების გამო. ახლა ველოდებით ამ დასკვნის ოფიციალურად გამოქვეყნებას.

თუმცა საბჭოს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ვიცით, რომ ეს არის უარყოფითი დასკნა. ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან ჩვენი 20-წლიანი შრომა წყალშია ჩაყრილი.

წლის დასაწყისში იყო კომისია ჩამოსული და აპრილში დაიწერა დარგობრივი დასკვნა, სადაც ეწერა, რომ ცენტრი არ არის ავტონომიური, დამოუკიდებელი, იმიტომ, რომ ცენტრის დირექტორის თანამდებობას ითავსებდა განათლების მინისტრის მოადგილე და ეს მოხდა ორჯერ ზედიზედ. ერთხელ გია შარვაშიძე ასრულებდა დირექტორის მოვალეობას, მეორედ, თამარ მახარაშვილი, რომელიც ახლაც განათლების მინისტრის მოადგილეა.

მიუხედავად მრავალგზის გაფრთხლებისა და რეკომენდაციისა, რომ ცენტრი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ავტონომიური, სამინისტრომ არ გაითვალისწინა ეს რჩევები და ჩვენი 20-წლიანი მუშაობა და ჩვენი ევროპული განათლების პერსპექტივა შესწირა პოლიტიკურ კონტროლს“, – ამბობს ლიკა ღლონტი.

მას ვკითხეთ, ხომ არ არის ეს იმ პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გასულ წელს, რუსული კანონის შემოღებით დაიწყო?

„მე არ ვიცი, რამდენად მიზანდასახული იყო ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ამ ევროპული ასოციაციიდან გამოვეგდეთ, მაგრამ ამათ რომ ფეხებზე ჰკიდიათ ევროპელი კოლეგების რეკომენდაციები, ეს ფაქტია.

რატომ სჭირდებოდა სამინისტროს ერთ-ერთი მოადგილე ცენტრის დირექტორად? იმიტომ, რომ უნივერსიტეტებზე ჰქონოდა სრული კონტროლი. ეს არის არასწორი გაგება თვითონ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის. იმიტომ, რომ ამ ინსტრუმენტს იყენებს სამინისტრო, როგორც კონტროლის მექანიზმს, ურჩი უნივერსიტეტების დასასჯელად და არა ხარიხის განვითარების მექანიზმად და ეს არის პრობლემა.

ეს სისტემა ასე უცაბედად არ ჩამოიშლება, ჩვენ კი ვკარგავთ პერსპექტივას, ვკარგავთ ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს ევროპასთან, ვკარგავთ ერთობლივ სამეცნიერო პროგრამებს, ქართული დიპლომების აღიარების საკითხი ძალიან გართულდება და გაიწელება დროში, ძალიან გაგვიჭირდება უცხოელი სტუდენტების მოზიდვა საქართველოში, რადგან ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი, თუნდაც ინდოეთიდან რომ ჩამოგვყავდა მედიცინის ფაკულტეტზე სტუდენტები, სწორედ მაგას ვეუბნებოდით, რომ თქვენ ჩამოდიხართ ევროპულ ქვეყანაში და ჩვენი განათლება აღიარებულია ევროპაში. ჩვენი უმაღლესები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო, საკუთარ ბიუჯეტზე იგრძნობენ ამ გადაწყვეტოლების დამაქცეველ ეფექტს“, – ამბიობს ლიკა ღლონტი.

როგორ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება? – ვკითხეთ ლიკა ღლონტს. მისი თქმით, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ერთი წლის თავზე ცენტრს შეუძლია მიმართოს ევროპის ხარისხის განვითარების ასოციაციას ამ სტრუქტურებში თავიდან გასაწევრიანებლად.

„თუმცა ეს არის მინიმუმ ერთწლიანი პროცედურა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი იქედან გამოპანღურების მიზეზი იყო სწორედაც რომ პოლიტიკური გავლენების საკითხი, პოლიტიკური რეჟიმის არსებობა ქვეყანაში, ნაკლებ სავარაუდოა, ჩვენ განვაახლოთ ეს ურთიერთობა და მივიღოთ წევრობა“, – ამბობს ლიკა ღლონტი.

მისი თქმით, ახლა აუცილებელია უნივერსიტეტების სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და ერთობლივი ბრძოლა ამ ყველაფრის შესაჩერებლად.

„სათითაოდ რომ დარბიან ხარისხის ცენტრში და ასე ცდილობენ თავიანთი საქმეების მოგვარებას, ასე არა. უნდა იყოს აკადემიური სოლიდარობა, ერთიანი ფრონტით უნდა იბრძოლონ ხარისხისთვის.

აქ ზოგიერთი უნივერსიტეტს როგორც ბიზნესერთეულს, ისე უყურებს და არა – განათლების კერას.  თუმცა მე იმედი მაქვს, რომ 20-წლიანმა რეფორმამ თავისი შედეგი გამოიღო, ჩვენ გვყავს უკვე კრიტიკული მასა იმ ახალგაზრდების, რომლებმაც განათლება მიიღეს დასავლეთში, გვყავს ბევრი პროფესორ-მასწავლებელი, რომლებიც დგანან ძალიან სწორ ორიენტირებზე და ძალიან ფართო კონტაქტები აქვთ. ჩვენ ამას ადვილად ვერ დავთმობთ.

ჩვენ ვერ გავხდებით ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია. წარმოუდგენელია ეს, იმიტომ, რომ ამხელა შრომას ასე მარტივად არავინ დათმობს ამ ქვეყანაში“, – ამბობს ლიკა ღლონტი.

განათლების სფეროს წარმომადგენლების პროტესტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 6 დეკემბერს, წერილობით უპასუხა.

ცენტრი წერს, რომ  ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის განახლების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში შედგა 2023 წლის ოქტომბრის თვეში.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ხოლო ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში.

ENQA-ს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, ცენტრი არც ერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა, როგორც მოთხოვნებთან შეუსაბამო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 5 სტანდარტის შესრულებასთან დაკავშირებით დაუდგინდა საუკეთესო პრაქტიკა.

ENQA-ს ექსპერტების დასკვნის მიღების შემდგომ, ცენტრმა რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა EQAR-ს, რომლის გადაწყვეტილებაც ცენტრს ამ ეტაპზე არ ჩაჰბარებია.

თუმცა, წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე“, – აცხადებს განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

ამავე განცხადებაში ის წერს, რომ „აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია“.

„და ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია.

ამასთან, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ EQAR-ის კომიტეტის წევრებს, უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის მოპოვებამდეც, 2019 წლამდეც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

რაც შეეხება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ცენტრის აღიარებას, იგი არანაირად არ უკავშირდება ENQA-ს წევრობას ან EQAR-ში რეგისტრაციას, რადგან ცენტრმა WFME-ის აღიარება მოიპოვა 2018 წელს, ხოლო ENQA-ს სრული წევრის სტატუსი და EQAR-ში რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წელს.

ამასთან, WFME-ის აღიარების მქონე სააგენტოების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს არც ENQA-ს წევრ ორგანიზაციას და არც EQAR-ში არ არიან რეგისტრირებულნი“-წერს ხარისხის ცენტრი.

დღეს განათლების სფეროში არსებული კრიტიკული მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის პასუხად საპროტესტო აქცია გამართეს განათლების სფეროს წარმომადგენლებმა სამინისტროსთან.

ისინი გმობენ იმ ძალადობას, რასაც დღეს ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება ახორციელებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც აპროტესტენს ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილებას, აპროტესტებს „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის რუსუფიკაციის მცდელობას და მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.

ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: