დღეს, 5 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] საქართველოში დარჩენაზე. ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში ვერ გასაჩივრდება.
თუმცა თემურ ქათამაძის საქმეზე შესაძლოა ე.წ. დროებითი ღონისძიება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგის სასამართლომ აამოქმედოს. ბათუმელი მედროშის უფლებების დასაცავად ევროსასამართლოს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიმართავს. ეს ორგანიზაცია საიასთან ერთად იცავს თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] ინტერესებს.
ბათუმელ მედროშეს საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად ზუსტად 5 დღე აქვს – 11 ივნისის დადგომამდე მან საქართველო უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ქვეყნიდან გააძევებენ. თემურ ქათამაძე საქართველოს ნებით დატოვებს თუ ძალით, ის მაინც თურქეთში აღმოჩნდება, სადაც ფეტულა გიულენთან კავშირს ედავებიან და პატიმრობა ელის.
ბათუმელი მედროშე რომელიმე სხვა ქვეყანაში ვერ წავა, რადგან მას მხოლოდ თურქეთის მოქალაქეობა აქვს, თურქეთის მოქალაქის პასპორტი კი ვადაგასულია.
„შესაძლოა, ამ 5 დღეში მოასწროს ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიების ამოქმედება და ძალიან სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარიამ ყველაშვილმა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა. ის აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა. თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია მოთავსებული.
თემურ ქათამაძეს ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ სასამართლომ უარი უთხრა 2025 წლის 29 აპრილს, თუმცა მან სასამართლოს ხელახლა „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მიმართა, რომლის მიხედვითაც მედროშეს თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში დაპატიმრება ელოდება.
თურქეთის სხვადასხვა ოფიციალური უწყების, მათ შორის, ორდუს სახელმწიფო პროკურატურის დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, „ბათუმელ მედროშეს“ თურქეთში დაპატიმრება ელის. „ბათუმელებს“ აღნიშნული დოკუმენტები ინფორმირებულმა პირმა მოაწოდა. უფლებადამცველის, თამთა მიქელაძის შეფასებით, ეს დოკუმენტები ახალაღმოჩენილი გარემოებაა და სწორედ ამ საფუძვლით ხელახლა მიმართეს სასამართლოს.
„ეს ახლადაღმოჩენილი გარემოებები მივაწოდეთ სასამართლოს და ვითხოვდით საერთოდ გაუქმებულიყო მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხი. „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიით და ამის შემდეგ ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით პირდაპირ ჩანს, რომ თემურ ქათამაძის მიმართ დაკავების ორდერია გამოცემული.
თურქეთი ასევე ითხოვდა თემურ ქათამაძის შესახებ ინფორმაციას საქართველოდან: შიმშილობაზე, სად არის მოთავსებული და ასე შემდეგ.
ჩვენ ოფიციალური დოკუმენტები წარვუდგინეთ სასამართლოს და შუამდგომლობით მოვითხოვეთ ასევე საკითხის გადადება, რომ თავად მოსამართლე გასცნობოდა ამ მასალებს, რომ გვეთარგმნა ეს მასალები და წარგვედგინა, მაგრამ არც ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
შსს-ს მიგრაციის სამსახურსაც ხელახლა მივმართეთ „ბათუმელებში“ მიერ გამოქვეყნებული მასალის გამოქვეყნების შემდეგ, თუმცა ისევ უარი გვითხრეს. დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია.
ასევე, უცნობია სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა, მარიამ ყველაშვილმა.
იმის გამო, რომ საქართველოდან პროევროპული პროტესტის გამო აძევებენ და ლტოლვილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა.
თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.
დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
ამ თემაზე:
რა იცვლება თურქეთში მოპოვებული დოკუმენტებით ბათუმელი მედროშის საქმეში?





